განაჩენი

სისხლის სამართლის 11.09.2019
საქმის ნომერი
330100119003068695
თარიღი
11.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/2910-19

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 სექტემბერი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

პროკურორ _ ა------–------ის

ბრალდებულ _ მ------- დ--–----ის

ადვოკატ _ დ-------- ბ--------ის

თარჯიმან - ხ------- ს------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

_ მ------- ნ-------ის ძე დ--–----ის, დაბადებულის 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის მქონის, განათლების არმქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების: ქ------–--–--------------------------–------------------------------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, იმ დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ე” ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ”ე” ქვეპუნქტებით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ------- დ--–----მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის;

მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და არაერთგზის.

მ------- დ--–----ის მიერ დანაშაულების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 მაისის განაჩენით, მ------- დ--–----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, რაც ჩაეთვალა პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

მიუხედავად ამისა, მ------- დ--–----ი არ დაადგა გამოსწორების გზას და გააგრძელა დანაშაულებრივი საქმიანობა, კერძოდ, ა--------------ა 2007 წლიდან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში მეუღლესთან - მ------- დ--–----თან, რომელთანაც ჰყავს ორი შვილი: 2006 წელს დაბადებული ნ---- დ--–----ი და 2012 წელს დაბადებული ნ------- დ--–----ი. 2018 წლის ნოემბრიდან ისინი ერთად აღარ ცხოვრობენ, ვინაიდან მ------- დ--–----ი მუდმივად სვამდა ალკოჰოლურ სასმელს, ხდებოდა აგრესიული და ეჩხუბებოდა ა--------------ას. ეს უკანასკნელი შვილებთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა მშობლების ბინაში, მდებარე ქ.თბილისში, ვა--------–------------------------------–---------------------------ში. ოჯახში ძალადობისათვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ------- დ--–----ი პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ-2019 წლის 20 მარტიდან, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, გამოხატავდა აგრესიას თავისი ოჯახის წევრის-ყოფილი მეუღლის მიმართ, კერძოდ, იგი სისტემატურად სვამდა ალკოჰოლურ სასმელს და ძირითადად იმ მიზეზით, რომ ა--------------ა არ ურიგდებოდა მას, ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდა მასზე, აკონტროლებდა მის ყოველ ნაბიჯს როგორც თავად, ისე უფროსი შვილის მეშვეობით, მუდმივად აკითხავდა სამსახურში, უთვალთვალებდა, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა, უყვიროდა, უცენზურო სიტყვებით მიმართავდა და აგინებდა მას. მ------- დ--–----ის ქმედებების შედეგად ა--------------ა თავს გრძნობდა დამცირებულად და განიცდიდა ტანჯვას.

2019 წლის აპრილის ბოლოს, მ------- დ--–----მა კვლავ ფსიქოლოგიურად იძალადა ყოფილ მეუღლეზე - ა--------------აზე, კერძოდ, მივიდა ამ უკანასკნელის მშობლების სახლში და დაახლოებით ორი საათის განმავლობაში უკაკუნებდა ფანჯრებზე, აბრახუნებდა კარზე, რა დროსაც აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ლანძღავდა; ასევე 2019 წლის 10 მაისს, მ------- დ--–----ი მივიდა ა--------------ას სამუშაო ადგილზე. იგი დაელოდა ა--------------ას, რომელიც შესვენებაზე იყო გასული და მისი მოსვლის შემდეგ, ეჭვიანობის ნიადაგზე, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ეუბნებოდა რომ იყო მსუბუქი ყოფაქცევის ქალი, აგინებდა და ლანძღავდა. 2019 წლის 28 მაისს, მ------- დ--–----ი კვლავ მივიდა ა--------------ას სამუშაო ადგილზე და კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ანალოგიური განმეორდა ასევე 2019 წლის 29 მაისს, როცა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი მ------- დ--–----ი მივიდა ა--------------ას საცხოვრებელ სახლთან და კვლავ განახორციელა ფსიქოლოგიური ძალადობა ყოფილი მეუღლის მიმართ, კერძოდ, გამოხატავდა აგრესიას, აგინებდა დედის მისამართით, ლანძღავდა და უყვიროდა მას.

მ------- დ--–----ის ზემოაღნიშნული სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად ა--------------ა თავს გრძნობდა დამცირებულად და განიცდიდა ტანჯვას.

ე.ი. მ------- დ--–----მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ე” ქვეპუნქტით.

2019 წლის 29 მაისს, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა მ------- დ--–----მა, თავის არასრულწლოვან – 2012 წელს დაბადებულ შვილს - ნ------- დ--–----ს, იმ მიზეზით, რომ ეს უკანასკნელი მის დაუკითხავად წავიდა მ------- დ--–----ის ნათესავის სახლში, მდებარე ქ------–--–------------------------------–---------------------------ში, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, გაშლილი ხელი ერთხელ გაარტყა სახის არეში. მ------- დ--–----ის დარტყმის შედეგად არასრულწლოვანმა ნ------- დ--–----მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, რის გამოც დაიწყო ტირილი.

მ------- დ--–----ის ქმედების შედეგად არასრულწლოვანმა ნ------- დ--–----მა მიიღო დაზიანება სახეზე ნაჭდევის და მარცხენა ლოყაზე ექსკორიაციის სახით, რაც მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

ე.ი. მ------- დ--–----მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ”ე” ქვეპუნქტებით.

სასამართლოს დასკვნა მ------- დ--–----ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს, №------ შემაკავებელ ორდერს, სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნასა და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას.

აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 მაისის განაჩენით მ------- დ--–----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, იმავე დროის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის თანახმად, 2 (ორი) წლის ვადით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები. მ------- დ--–----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2019 წლის 10 თებერვლიდან 2019 წლის 20 მარტის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი. ამდენად, ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის დროს მ------- დ--–----ი იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის პირობებში.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ მ------- დ--–----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულების ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:

მოცემულ შემთხვევაში მ------- დ--–----ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ მეუღლის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა განხორციელებულია გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რაც საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის და გათვალისწინებული უნდა იქნეს მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, რომლის თანახმადაც, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის შემთხვევაში, დანიშნული სასჯელი სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ თავისუფლების აღკვეთის მინიმალურ ზღვარს.

აღსანიშნავია, რომ სასჯელი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური და ადეკვატური. ბუნებრივია, რომ დამნაშავის დასჯაცა და მის მიმართ ჰუმანური ღონისძიებების გატარებაც სახელმწიფოს პრეროგატივაა, მაგრამ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობის გამოყენებამ და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების კუთხით.

ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასჯელის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ძალადობის აღკვეთა, მსხვერპლის დაცვა, მოძალადის მიმართ ეფექტიანი იძულების ღონისძიების გამოყენება და პრევენცია. „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენციის) 45-ე მუხლი მოუწოდებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს, გაატარონ ყველა საჭირო ზომები იმისთვის, რომ ოჯახში ძალადობის დანაშაულები იყოს დასჯადი „ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე“ სანქციის მეშვეობით.

სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსიურობას, ასევე აფასებს მომავალში მისი ჩადენის რისკებს. მოცემულ შემთხვევაში, მ------- დ--–----ის მხრიდან ყოფილი მეუღლის - ა--------------ას მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და არასრულწლოვანი შვილის - ნ------- დ--–----ის მიმართ ფიზიკური ძალადობა განხორციელებულია პირობითი მსჯავრის ქვეშ, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებიდან მცირე დროში, რაც მიუთითებს ბრალდებულის პიროვნების საშიშროებასა და მისგან მომდინარე საფრთხეების რეალურობაზე, რამდენადაც დანიშნულმა არასაპატიმრო სასჯელმა ვერ უზრუნველყო მისი სათანადო ქცევა და ვერ შეაკავა მისი დანაშაულებრივი ქმედებები. აღსანიშნავია, რომ მისი მხრიდან ძალადობის პირდაპირი მსხვერპლი გახდა არასრულწლოვანი ბავშვი, რაც ნეგატიურად აისახება ბავშვის ფსიქიკასა და ნორმალურ განვითარებაზე, რამდენადაც ძალადობა სავალალო გავლენას ახდენს ბავშვის ემოციურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე და მოწყვლადს ხდის აგრესიული ქცევების ათვისებისა და შემდგომში გამოვლინების მიმართ.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ საპატიმრო სასჯელის გამოყენებით იქნება შესაძლებელი ბრალდებულისაგან მომდინარე საფრთხეების აღკვეთა, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ პირობით მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელ ვადაში ჩადენილია კვლავ განზრახი დანაშაული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის მიმართ კვლავ პირობითი მსჯავრის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და სავალდებულო წესით უნდა გაუქმდეს პირობითი მსჯავრი. სასჯელის ზომის განსაზღვრისას კი სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების მიმართ ბრალდებულის დამოკიდებულებას და საკმარისად მიაჩნია თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა მინიმალური ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ქვედა ზღვარისა და საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნის გათვალისწინებით შეადგენს 2 (ორ) წელს, ხოლო საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას გამოყენებული უნდა იქნეს სასჯელთა არა შეკრების, არამედ შთანთქმის პრინციპი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ------- დ--–----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

2. მ------- დ--–----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ”ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ე” ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, მ------- დ--–----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს მ------- დ--–----ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 მაისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულმა სასჯელმა - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ------- დ--–----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

5. მ------- დ--–----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 30 მაისიდან.

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი