განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/621-19
(№021120719003)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
09 ოქტომბერი, 2019 წელი, ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მამია ფხაკაძემ
ბადრი ოთარაშვილის მდივნობით,პროკურორ - ნუგზარ მახათაძის;
ბრალდებულ - მამედ ნასიბოვის;
ადვოკატ - ელდარ გვალიას;
თარჯიმან - ორხან რამაზანოვის;
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ:
მამედ ვალის ძე ნასიბოვის (დაბადებული 1974 წლის 05 იანვარს, პირადი ნომერი 12001036977, საქართველოს მოქალაქე, არასრული საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. გარდაბანი, ს. ვურღუნის ქუჩა N27-ში) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
გარდაბნის რაიონში მცხოვრებმა არზუ კ-----------ამ გადაწყვიტა თავისი შვილის - ტ---–--- კ-----------ას გათხოვება, რაც ცნობილი გახდა საქართველოს საზღვრებს გარეთ მყოფი მისი ძმითვის - მამედ ნასიბოვისთვის, რომელმაც თავის დას - არზუ კ-----------ას აუხსნა, რომ საქართველოში ყოფნისას სქესობრივი ურთიერთობა ჰქონდა ტ---–--- კ-----------ასთან და ამდენად თვითონ აპირებდა მის ცოლად შერთვას, შესაბამისად მოსთხოვა ნიშნობის გაუქმება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. მამედ ნასიბოვისგან მიღებული ინფორმაცია არზუ კ-----------ამ განაცხადა პოლიციაში, რის გამოც 2019 წლის 08 ივლისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება: მამედ ნასიბოვის მიმართ, გარდაბნის რაიონ სოფელ თბილწყაროში მცხოვრები არასრულწლოვანის (2004 წლის 08 ივნისს დაბადებული) ტ---–--- კ-----------ას გაუპატიურების ფაქტზე, დანაშაულის ნიშნებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით. იმ დროისათვის კვლავ საქართველოს საზღვრებს გარეთ მყოფი - მამედ ნასიბოვისთვის, გახდა რა ცნობილი, რომ დისშვილის გაუპატიურების შესახებ მისმა დამ - არზუ კ-----------ამ განაცხადა პოლიციაში, დაბრუნდა საქართველოში და აღნიშნულით განაწყენებული 2019 წლის 12 ივლისს დაახლოებით 19:00 საათზე მას შემდეგ, რაც თავისი და, არზუ კ-----------ა არ დახვდა თავის საცხოვრებელ ბინაში (გარდაბნის რაიონის სოფელ თბილწყალაში), გაემართა ქ. გარდაბანში, სამედ ვურღუნის ქ. N31-ში მდებარე თავისი მეორე დის - ჯეიხუნა მამედოვას საცხოვრებელ ბინის მიმართულებით. თავის მხრივ არზუ კ-----------ასთვის მისი არასრულწლოვანი შვილისგან გახდა რა ცნობილი მამედ ნასიბოვის მის საცხოვრებელ ბინაში დანით მისვლის შესახებ, გაუჩნდა მუქარის რეალურად განხორციელების საფუძვლიანი შიში და თავისი დის ბინიდან წავიდა პოლიციაში, სადაც განაცხადა მუქარის შესახებ. ვინაიდან, არზუ კ-----------ა არ აღმოჩნდა დის ბინაში, მამედ ნასიბოვი დანის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა სახლში მყოფ მეორე დას - ჯეხუნა მამედოვას და დედას - მახირა ნასიბოვას, თუ არ ეტყოდნენ არზუ კახრამოვას ადგილსამყოფელს, რის გამოც ჯეხუნა მამედოვას და მახირა ნასიბოვას გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარის განხორციელებისას მამედ ნასიბოვს წაასწრეს პოლიციის მუშაკებმა, წაართვეს დანა და დააკავეს შემთხვევის ადგილზე.
2. სასამართლომ დაადგინა:
სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მამედ ნასიბოვის ბრალეულობას, ბრალად შერაცხულ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
3.მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის, ფორმა N1 მიხედვით: სისხლის სამართლის N021120719003 საქმეზე გამოძიება დაიწყო 2019 წლის 12 ივლისს, გარდაბნის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელ შორენა ნაცვლიშვილის მიერ, დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ის მუხლის პირველი ნაწილით. ბარათის თანახმად, 2019 წლის 12 ივლისს შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოში საინფორმაციო ცენტრი 112-დან შესულია მოქალაქე არზუ კ-----------ას შეტყობინება (555561205) მასზედ, რომ ამ უკანასკნელს და მის შვილებს ძმა დანით ემუქრებოდა. (ტ.1 ს.ფ 1)
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N1833631 შეტყობინების თანახმად: არზუ კ-----------ას განცხადებით, 2019 წლის 12 ივლისს, ქალაქ გარდაბანში, სამედ ვურგუნის ქუჩაზე N 31 ში, არზუ კ-----------ას და მის შვილებს ძმა დაემუქრა დანით. (ტ.1 ს.ფ 2)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებული მახირა ნასიბოვა, რომელმაც განმარტა, რომ მამედ ნასიბოვი არის მისი შვილი, დაზარალებული არზუ კ-----------ა არის მისი (გერი) ქალიშვილი, ხოლო ჯეიხუნა მამედოვა არის მისი ქალიშვილი. ფაქტთან დაკავშირებით მოწმემ განმარტა, რომ 2019 წლის 12 ივლისს, მასთან მისული იყო მისი (გერი) ქალიშვილი არზუ კ-----------ა, რომელმაც უთხრა, რომ მის შვილს მამედ ნასიბოვს უნდოდა მისი (არზუ კ-----------ას) მოკვლა, რომელსაც ხელში ჰქონია დანა, რაც არზუ კ-----------ასთვის უამბნია მის არასრულწლოვან შვილს შირბალა კ-----------ს, რის გამოც განერვიულებულმა განაცხადა პოლიციაში. მოწმის განმარტებით იმავე დღეს, 2019 წლის 12 ივლისს, როდესაც მამედ ნასიბოვი სახლში მივიდა იყო განერვიულებული და ეცვა სველი ტანსაცმელი. მამედ ნასიბოვი მისი განერვიულების მიზეზად ასახელებდა, რომ არზუ კ-----------ას ასესხა ფული და აღარ უბრუნებდა. თავის მხრივ მახირა ნასიბოვამ მიუთითა, რომ დაძმა იყვნენ და სირცხვილი იყო ასეთ საკითხებზე საუბარი, მოუწოდა დამშვიდებულიყო, ამასთან დაუსხა ჩაი და მიართვა საჭმელი. შემდეგ კი გამოსაცვლელად მიუტანდა ტანსაცმელ, რაზეც მამედ ნასიბოვმა უპასუხა, რომ ტანსაცმელს თვითონ გამოიცვლიდა. მახირა ნასიბოვამ ამ დროს კარზე გაიგო კაკუნი, ხოლო როცა გააღო კარები მას კარებთან პოლიციელები დახვდნენ, რომლებმაც ჰკითხეს სახლში იყო, თუ არა მამედ ნასიბოვი. პოლიციელების ხმაზე მამედ ნასიბოვი გამოვიდა სახლის კარებთან და თან იცმევდა ტანსაცმელს. მოწმის განმარტებით პოლიციის თანამშრომლებმა მამედ ნასიბოვს განუმარტეს, რომ არზუ კ-----------ას საჩივრის საფუძველზე (მუქარის ფაქტზე), უნდა დაეკავებინათ და მოხდა მისი დაკავება. მოწმემ დამატებით, განმარტა, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით თავად არაფერი არ დაუნახავს და იცოდა მხოლოდ არზუ კ-----------ას მონაყოლიდან, ამასთან დააზუსტა, რომ მისი და ჯეიხუნა მამედოვას მიმართ მამედ ნასიბოვს მუქარა არ განუხორციელებია და არც დანა ჰქონია დაკავებისა. მოწმემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებასა და სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში არსებული განსახვავების შესახებ ვერაფერს იტყვის, ვინაიდან, რასაც სასამართლოში ჰყვება არის სიმართლე და გამოძიებასაც ანალოგიური ინფორმაცია მიაწოდა, მის გამოკითხვას ესწრებოდა თარჯიმანი, რომელიც უთარგმნიდა იმას რასაც ეკითხებოდა გამომძიებელი. მოწმემ დამატებით განმარტა რომ ტ---–---ი კ-----------ა ამჟამად არის გასათხოვარი, თუმცა მისი მშობლები აპირებდნენ მის გათხოვებას.
(ტ.2 ს.ფ 50-82)
სასამართლო სხდომაზე საპროცესო წარმომადგენლის და ფსიქოლოგის მონაწილეობით მოწმის სახით დაიკითხა არასრულწლოვანი შირბალა კ-----------ი, რომელმაც განმარტა, რომ ცხოვრობს გარდაბანში ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე დედასთან (არზუ კ-----------ასთან), მამასთან და ორ დასთან (აისენ და ტ---–--- კ-----------ებთან) ერთად. მოწმემ განმარტა, რომ ადრე მისი ბიძა - მამედ ნასიბოვი ცხოვრობდა მთთან ერთად. მოწმის განმარტებით მამედ ნასიბოვი მათ არაფერს უშავებდა, თუმცა მას შემდეგ რაც დედამ უთხრა, რომ მამედისთვის კარი არ გაეღო მისი ეშინოდა. მოწმის განმარტებით მამედ ნასიბოვმა ტელეფონით საუბრისას იჩხუბა მის დედასთან არზუ კახრამანოავსთან. მოწმის განმარტებით დედა-არზუ კ-----------ა და და-ტ---–---ი მ---------------ის გამო ტიროდნენ ხოლმე. მისთვის ცნობილი იყო, რომ დედა და ტ---–---ი მისულები იყვნენ პოლიციაში.
არასრულწლოვანი მოწმის განმარტებით მამედ ნასიბოვი წასული იყო რუსეთში სამუშაოდ, როდესაც დაბრუნდა რუსეთიდან მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა ბიძასთან (მამედ ნასიბოვთან), მიდიოდნენ ხოლმე მაღაზიაში მასთან ერთად. მოწმის განმარტებით ერთხელ, მამასთან ერთად წავიდა, ბიძასთან შ------სთან, სადაც დახვდა მამედ ნასიბოვი, რომელიც იჯდა სავარძელზე და ხელით ანიშნა მასთან მისულიყო, რა დროსაც შეეშინდა და გაიქცა. მამედ ნასიბოვს მისთვის არაფერი არ დაუშავებია, უბრალოდ ეუბნებოდა მისულიყო მასთან, რისიც შეეშინდა და გაიქცა სახლში. სახლში მისულს არავინ დახვდა, რის გამოც კიდევ უფრო შეეშინდა და ტაქსით წავიდა ბებიასთან მახირა ნასიბოვასთან. ბებიასთან მისვლისას დედას უთხრა, რომ მამედ ნასიბოვი იყო ჩამოსული და იყო შახირთან. ბებიის სახლიდან დედასთან არზუ კ-----------ასთან ერთად წავიდა პოლიციაში. მოწმემ განმარტა, რომ პოლიციის განყოფილებაში მოყვა, რომ სახლში იყო მარტო, რისიც შეეშინდა და ბებიასთან წავიდა ტაქსით.
(იმის გათვალისწინებით, რომ მოწმე არის მცირეწლოვანი, ვერ შეძლო განვითარებული მოვლენების აღწერა თარიღების მითითებით). (ტ.2 ს.ფ 155-162)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, გარდაბნის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, ლატიფ ნასიბოვი, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 12 ივლის, დაახლოებით 19:00 საათზე, ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღო შეტყობინება, მუქარის ფაქტზე და გამოძიების დაწყებისთანავე გავიდა ინფორმაციაში მითითებულ მისამართზე. მას თან ახლდნენ პოლიციის თანამშრომლები: მალხაზ თარხნიშვილი და ბესიკ დვალიძე. ადგილზე მისულებმა დაინახეს, რომ სახლი იყო ორ სართულიანი, სახლის აივანზე იდგა მამედ ნასიბოვი, რომელსაც მარჯვენა ხელში ეჭირა შავ ტარიანი დანა და აზერბაიჯანულ ენაზე მოკვლით ემუქრებოდა მახირა ნასიბოვას და ჯეიხუნა მამდევას, თუ არ ეტყოდნენ სად იყო არზუ კ-----------ა. მოწმის განმარტებით მან მამედ ნასიბოვს ხელიდან წაართვა დანა, ხოლო მისმა მეწყვილემ ბესიკ დვალიძემ ადგილზევე მოხდინა მისი დაკავება. დაკავებისას თარჯიმნის მონაწილეობით განუმარტა უფლებები და ადგილზევე შეადგინა დაკავების ოქმი. მოწმის განმარტებით დაკავებამდე მამედ ნასიბოვი იყო აგრესიული, ყვიროდა და ამბობდა რომ მოკლავდა არზუ კ-----------ას. (ტ.2 ს.ფ 94-100)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, გარდაბნის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი, ბესიკი დვალიძე, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 12 ივლისს, დაახლოებით 19:00 საათზე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღო შეტყობინება: არზუ კ-----------ას და მისი მცირეწლოვანი შვილის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება და შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, რომელშიც იყვნენ: ბესიკი დვალიძე, მ--–------------–---–ი და ლატიფ ნასიბოვი. შეტყობინების მიღებიდან მალევე ბესიკ დვალიძე მის თანამშრომლებთან ერთად გავიდა, ინფორმაციაში აღნიშნულ მისამართზე. მოწმის განმარტებით შემთხვევის ადგილზე თავიდან მისი თანამშრომელი ლატიფ ნასიბოვი შევიდა და დაინახა, რომ მამედ ნასიბოვს ხელში ეჭირა დანა და აზერბაიჯანულ ენაზე იმუქრებოდა დედინაცვლის და დის მისამართით. რის შემდეგაც ლატიფ ნასიბოვმა დაუძახა, მათ მალე შესულიყვნენ, რადგან მამედ ნასიბოვი აზერბაიჯანულ ენაზე ქალებს მოკვლით ემუქრებოდა. მოწმის განმარტებით ლატიფ ნასიბოვმა მამედ ნასიბოვს ხელიდან გამოგლიჯა დანა (შავი ტარით და ვერცხლისფერი პირით), ხოლო ბესიკ დვალიძემ და მ--–------------–---–მა შებოჭეს მამედ ნასიბოვი. ადგილზე გამოიძახეს თარჯიმანი. თარჯიმნის მისვლის შემდეგ შეავსეს დაკავების ოქმი, მამედ ნასიბოვს განუმარტეს უფლებები და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. მოწმის განმარტებით შემთხვევის დროს სახლში იყო ორი ქალბატონი და ორივე იყო შეშინებული, ხოლო მამედ ნასიბოვი იყო აგრესიული. (ტ.2 ს.ფ120-123).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, გარდაბნის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი, მ--–------------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 12 ივლის 19:00 საათზე ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღეს არზუ კ-----------ას შეტყობინება, მის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე. შეტყობინების მიღებიდან მალევე შემთხვევის ადგილზე გავიდნენ: თვითონ (მ--–------------–---–ი), ბესიკი დვალიძე და ლატიფ ნასიბოვი. ინფორმაციაში მითითებულ მისამართზე მისვლისას, შევიდნენ ეზოში და დაინახეს, რომ სახლის პირველი სართულის აივანზე იდგა მამაკაცი, რომელსაც მარჯვენა ხელში ეჭირა დანა და უტრიალებდა ორივე ქალბატონს. ქალბატონები მისგან დაშორებულები იყვნენ დაახლოებით 1,5 მეტრით. ლატიფ ნასიბოვმა მეწყვილეებს უთხრა, რომ მამაკაცი აზერბაიჯანულ ენაზე მოკვლით ემუქრებოდა ქალბატონებს, რის გამოც მივარდა მამაკაცს და ხელიდან წაართვა დანა (დანა იყო შავტარიანი, ვერცხლისფერი პირით), ხოლო ბესიკი დვალიძემ და მ-------------–---–მა ის შებოჭეს. დაკავებული მამაკაცი აღმოჩნდა მამედ ნასიბოვი, რომელიც დაკავებისას მათ უწევდა წინააღმდეგობას და იქცეოდა აგრესიულად. ბესიკ დვალიძემ გამოიძახა თარჯიმანი, რომლის დახმარებითაც მამედ ნასიბოვს განემარტა უფლებები და დააკავეს. მოწმის განმარტებით ზემოთაღნიშნული ორი ქალბატონიდან ერთი იყო დაკავებულის დედა, მეორე კი და. ორივე ქალბატონი იყო შეშინებული, მათ მოითხოვეს მამედ ნასიბოვის დაკავება. (ტ.2 ს.ფ123-126)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, გარდაბნის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი, თ----------------ი, რომელმაც განმარტა, რომ აღნიშნული საქმის ფარგლებში, ჯეიხუნა მამედოვას, არზუ კ-----------ას და მ------------------ს გააცნო დაზარალებულად ცნობის დადგენილება, განუმარტა უფლებები და მოვალეობები, ასევე აღნიშნული პირები გამოკითხა მოწმის სახით. იმავე დღეს ბრალდებულ მამედ ნასიბოვს, თარჯიმნის თანდასწრებით გააცნო დადგენილება ბრალის შესახებ და გამოიკითხა ბრალდებულის სახით. ამასთან მამედ ნასიბოვის ინტერესების დამცველ ადვოკატს აღკვეთი ღონისძიების სხდომამდე გაუცვალა მტკიცებულებები. (ტ.2 ს.ფ143-144)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, გარდაბნის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი შორენა ნაცვლიშვილი, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 12 ივლისს გარდაბნის რაიონულ სამმართველოში მიიღო არზუ კ-----------ას შეტყობინება, რომ მას და მის შვილებს ძმა დანით ემუქრებოდა, აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება. გამოძიების ფარგლებში, შორენა ნაცვლიშვილს გამოკითხული ჰყავს არზუ კ-----------ა, მახირა ნასიბოვა, აკიპ გასანოვი, არასრულწლოვანი შირბალა კ-----------ი და ნ----------------ი. გამოტანილი აქვს დადგენილება არასრულწლოვანი მოწმისთვის საპროცესო წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ. ასევე გაგზავნილი აქვს მიმართვა იურიდიული დახმარების ბიუროსთვის ადვოკატის დანიშვნის შესახებ. მოწმის განმარტებით მის მიერ არის ჩატარებული ლატიფ ნასიბოვის სამსახურეობრივი სეიფიდან, გადაუდებელი აუცილებლობით დანის ამოღება, რომელიც ლატიფ ნასიბოვმა წაართვა ბრალდებულს დაკავებისას. სასამართლო სხდომაზე მოწმემ მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება დაადასტურა. (ტ.2 ს.ფ152-153)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, გარდაბნის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, ს-----------–--ე, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 12 ივლისს, გარდაბნის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება მუქარის ფაქტზე. მოწმის განმარტებით, აღნიშნულ საქმესთან მიმართებით გამოკითხული ჰყავს ბრალდებულის და ჯეიხუნა მამედოვა და ბრალდებულის დაკავებაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლები. ასევე დაცვის მხარეს გაუცვალა საქმეში არსებული მტკიცებულებები. (ტ.2 ს.ფ153-154)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, ნ------------------ი, რომელმაც განმარტა, რომ არის ტაქსის მძღოლი, მუშაობს გამოძახებებზე. 2019 წლის ივლისის თვეში გამოძახება ჰქონდა გარდაბანიდან თბილწყაროში მგზავრის გადაყვანაზე. როდესაც მგზავრი მიიყვანა შეთანხმებულ ადგილას, კლიენტმა დალოდებოდა სთხოვა. როდესაც კლიენტი დაბრუნდა, და ჩაჯდა ავტომობილში, მანქანის უკანა კართან მივიდა პატარა ბიჭი, რომელიც ტიროდა და თხოვდა წაეყვანა ბებიასთან. ბავშვმა უთხრა, რომ ფული არ ჰქონდა და როცა მიიყვანდა ბებიასთან ის მისცემდა ფულს. ბავშვმა ასევე უთხრა ბებიის მისამართი (პოლიციის სამმართველოს მიმდებარე ტერიტორია). მოწმის განმარტებით ბავშვი იყო შეშინებული, ტიროდა, რადგან მისი გადმოცემით სახლში იყო მარტო, მისი მშობლები წასულები იყვნენ ბებიასთან და ამიტომ ითხოვდა ბებიასთან მიყვანას. მოწმის განმარტებით მართალია კლიენტი ეჯდა ავტომანქანაში, მაგრამ ჯერ წაიყვანა ბავშვი, რომელიც უცებ ჩავიდა მანქანიდან და შევიდა სახლში, საიდანაც არავინ არ გამოსულა. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ამ შემთხვევამდე ამ ბავშვს არ იცნობდა. (ტ.2 ს.ფ 108-113)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, ა-------------ი, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 12 ივლის გამოიძახა ტაქსი, რადგან უნდა წასულიყო თავის დასთან თბილწყაროში. დანიშნულების ადგილას მისვლისას, ტაქსის მძღოლს სთხოვა დალოდებოდა, რათა უკან გაჰყოლოდა. როდესაც ა/მანქანასთან დაბრუნდა წვიმდა, ჩაჯდა ავტომობილში და სანამ მანქანა დაიძვრებოდა მათ მანქანასთან მივიდა ატირებული პატარა ბიჭი, რომელმაც გააღო ავტომობილის უკანა კარი და მძღოლს სთხოვა წაეყვანა ბებიასთან სახლში. მათ კითხვაზე სად უნდა მიეყვანათ, ბავშვმა უპასუხა, რომ წაეყვანათ გარდაბნამდე. მოწმის განმარტებით ბავშვმა მათ უთხრა, რომ მისი მშობლები წასულები იყვნენ ბებიასთან და მარტო სახლში ყოფნა ეშინოდა. მოწმის განმარტებით მათ ბავშვი მიიყვანეს მის მიერ მითითებულ მისამართზე. მოწმეს ზუსტად არ ახსოვს მისამართი, რადგან კარგად არ იცის ქ. გარდაბნის ქუჩები.
(ტ.2 ს.ფ113-120)
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულებმა არზუ კ-----------ამ და ჯეიხუნა მამედოვამ ისარგებლეს მათთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს მათი ოჯახის წევრის (ძმის) მამედ ნასიბოვის დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე.
დაზარალებულების არზუ კ-----------ას და ჯეიხუნა მამედოვას სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიუცემლობის სამართლებრივ შედეგებზე მსჯელობისას საყურადღებოა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილი, რომლის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ, ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ დაზარალებულების მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია, ან ინფორმაცია, რომელიც მითითებულია ისეთ საპროცესო დოკუმენტში, როგორიც არის პირის დაზარალებულად ცნობის დადგენილება მიუხედავად იმისა, რომ მისი გაცნობის ფაქტი ხელმოწერით დადასტურებული აქვს დაზარალებულ პირს და რომლებიც დაცვის მხარის მიერ სადაოდ იქნა მიჩნეული საქმის წინასასამართლო სხდომაზე ვერ იქნება საქმეზე მტკიცებულებითი ძალის მქონე ინფორმაცია, რასაც შესაძლოა დაეყრდნოს სასამართლო პირის დამნაშავედ ცნობის საკითხის გადაწყვეტისას.
ბრალდებულ მამედ ნასიბოვის დაკავების ოქმის მიხედვით: ბრალდებულის დაკავება მოხდა ქალაქ გარდაბანში, ს------------------------–-, გარდაბნის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის მ--–------------–--–ის და ლატიფ ნასიბოვის მიერ, დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ის მუხლის პირველი ნაწილით. ბრალდებულ მამედ ნასიბოვის ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროა 2019 წლის 12 ივლისი 19:10 საათი. დაკავებაში მონაწილეობას იღებდა თარჯიმანი ა----------------ა. დაკავებისას მამედ ნასიბოვმა გაწია ფიზიკური წინააღმდეგობა. დაკავებისას მამედ ნასიბოვს აღენიშნებოდა მარჯვენა წარბზე, შუბლზე და ცხვირზე მუქი ფერის ლაქები. ორივე ქვედა კიდურის წვივზე აღენიშნებოდა მოწითალო ფერის გამონაყარი. ოქმს ხელს აწერს დაკავებაში მონაწილე ყველა პირი.
(ტ.1 ს.ფ 3-9)
დანის ამოღების ოქმის მიხედვით, 2019 წლის 13 ივლისს, ქ.გარდაბანში აღმაშენებლის ქუჩა N14-ში მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდაბნის რაიონული სამმართველოს შენობაში განთავსებული ლატიფ ნასიბოვის კუთვნილი რკინის სეიფიდან ამოღებული იქნა მამედ ნასიბოვისგან წართმეული შავტარიანი დანა, რომლის ტარი არის 10 სმ სიგრძის შავი ფერის პლასტმასის მასალისგან დამზადებული, ხოლო პირი არის ვერცხლისფერი ლითონისგან დამზადებული 12.5 სმ სიგრძის ცალ მხარეს ბასრად ალესილი. აღნიშნული დანა ამოღებისთანავე მოთავსდა თეთრი ფერის კონვერტში, რომელიც დაილუქა შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს ბეჭდიანი ლუქით და მასზე დაფიქსირდა სისხლის სამართლის საქმის ნომერი, ნივთის დასახელება, შესაბამისი ხელმოწერები და თარიღი. ამოღება ჩატარდა 2019 წლის 13 ივლისს 01:45-02:00 საათებს შორის, გარდაბნის რაიონული სამმართველოს გამომძიებლის შორენა ნაცვლიშვილის მიერ. ამოღება მიმდინარეობდა მშვიდ, წყნარ ვითარებაში. ამოღების ოქმს ერთვის გამომძიებლის ხელმოწერა. (ტ.1 ს.ფ 33-34)
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ბრალდებული მამედ ნასიბოვი, რომელმაც წარდგენილ ბრალდებაში არ ცნო თავი დამნაშავედ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა მუქარა ე.ი. სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
საზოგადოდ ცნობილია, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ შეიძლება დაეკისროს პირს თავისი იდეისა თუ აზრის გამო, რომელიც, თუნდაც საჯაროდაა გამოთქმული. მუქარის შემადგენლობა დაფუძნებულია არა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ აქ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით.
აღნიშნული დანაშაულის სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება.
ობიექტური მხრივ ეს დანაშაული გამოიხატება: ა) მოქმედებაში, კერძოდ მუქარაში, ბ) შედეგში - შიში და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ამდენად სახეზე გვაქვს მატერიალური (შედეგიანი) დანაშაული.
სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მუქარის შინაარსი დაკონკრეტებულია. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. სხვა სახის მუქარა არ გვაძლევს ამ დანაშაულის შემადგენლობას.
ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ დაზარალებულში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. თუ ასეთი შიში არ გაუჩნდა დაზარალებულს, დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს. შიშის საფუძვლიანობის დასადგენად სასამართლომ არ უნდა იხელმძღვანელოს არც მხოლოდ სუბიექტური და არც მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმით არამედ სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური კრიტერიუმებით. ეს ნიშნავს, რომ მუქარის საფუძვლიანობის შესაფასებლად წარმოდგენილ უნდა იქნეს ჩვეულებრივი ფსიქიკის მქონე ადამიანი და განისაზღვროს ჩათვლიდა, თუ არა ასეთი ადამიანი ამ მუქარას რეალურად. მხედველობაში უნდა მივიღოთ დამმუქრებლის პიროვნება (აგრესიული, ან წარსულში ნასამართლევი სხვადასხვა განზრახი დანაშაულისათვის), ურთიერთდამოკიდებულება დამნაშავესა და დაზარალებულს შორის, მუქარის გამოხატვის ხერხი, მისი არა ერთგზისობა, პირის შეიარაღება მუქარის წარმოთქმისას და ა.შ.) ხოლო სუბიექტურ კრიტერიუმთან მიმართებაში უნდა დადგინდეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში გაუჩნდა, თუ არა დაზარალებულს ასეთი შიში.
ამდენად დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ამასთანავე, არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ესე იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედებების ჩასადენად. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა.
განსახილველი დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ სასამართლოში დაკითხული დაზარალებულ მახირა ნასობოვას, ჩვენება - მამედ ნასიბოვის მიმართ შერაცხულ ბრალდებასთან მიმართებით (არზუ კ-----------ასთან მიმართებაში) არის ირიბი ჩვენება, ვინაიდან იგი არ არის უშუალოდ მუქარის ფაქტის შემსწრე და მისი ჩვენება გადმოსცემს, მხოლოდ დაზარალებულ არზუ კ-----------ისგან მიღებულ ინფორმაციას, რომელმაც სასამართლო პროცესზე ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ოჯახის წევრის (ძმის) მამედ ნასიბოვის დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე. თავად დაზარალებული მახირა ნასიბოვა, უარყოფს მის მიმართ მამედ ნასიბოვის მიერ მუქარის განხორციელების ფაქტს.
საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე გამომძიებლების ლატიფ ნასიბოვის, მ--–------------–---–ის და ბესიკი დვალიძის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებებზე, რომლებიც გადმოსცემენ მამედ ნასიბოვის ქმედებებს: დედის - მახირა ნასიბოვას და დის - ჯეიხუნა მამედოვას მიმართ, თუმცა მათი ჩვენებები ვერ იქნება პირდაპირი მტკიცებულებითი ძალის მქონე დანაშაულის ისეთ აუცილებელ შემადგენელ ელემენტთან მიმართებაში, როგორიც არის დაზარალებულის მიერ მუქარის შედეგად შიშის განცდა, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა მახირა ნასიბოვასმ სასამართლო სხდომაზე უარყო მამედ ნასიბოვის მხრიდან მის მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტი, ხოლო ჯეიხუნა მამედოვამ და არზუ კ-----------ამ ისარგებლეს მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ოჯახის წევრის (ძმის) მამედ ნასიბოვის დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე.
სასამართლოს შეფასებით, ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია არა მარტო მუქარის განხორციელების ფაქტის დადგენა, არამედ იმის დადგენაც, რომ პირს ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში, რაც დაკავშირებულია უშუალოდ იმ პირის შეფასებასთან, ვისაც ემუქრებიან, ანუ განიცადა თუ არა შიში, რომ მუქარა განხორციელდებოდა რეალურად და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შეფასდეს მისი განცდის ხარისხი სხვა ობიექტური შეფასებით, როგორც ეს ზემოთ აღინიშნა. ამდენად სასამართლოს მოსაზრებით იმ პირობებში, როცა უშუალოდ დაზარალებულად ცნობილი პირები არ ადასტურებენ მათი მხრიდან შიშის განცდაზე ეს გარემოება დადასტურებული ვერ იქნება მხოლოდ სხვა პირთა ჩვენებებით და იმ ქმედებების ანალიზით, თუ როგორ იქცეოდნენ ეს პირები მათ მიმართ მუქარის განხორციელების შემდეგ.
ირიბი ჩვენების მტკიცებულებით მნიშვნელობაზე მსჯელობისას საყურადღებოა სტრასბურგის სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული მინიმალური სტანდარტი. კერძოდ, იმისთვის, რომ ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “ Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom “ , საჩივრები: N26766/05 და N22228/06 და გადაწყვეტილება საქმეზე „ Horncastle and Others v. The United Kingdom “ საჩივარი: N4184/1 0 )
ამავე მიმართებით საყურადღებოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22ივნისის N 1/1/548 გადაწყვეტილება, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის დანაწესზე, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა მიჩნეული ამ ნორმის, ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმადაც შესაძლებელი იქნებოდა ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა და მიიჩნია, რომ ირიბი ჩვენებები ვერ ქმნის აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარისია პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
განსახილველ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას საყურადღებოა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით: გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მნიშვნელოვანია ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან (ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით) დაკავშირებული განმარტება, კერძოდ, ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი გულისხმობს „მოთხოვნას, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 22/01/2015 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №548, II-7).
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დადგენილად მიიჩნევს, რომ საქმეზე არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დააკმაყოფილებდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ ბრალდებულმა მამედ ნასიბოვმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. შესაბამისად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა არ არსებობს, რომელიც საკმარისი იქნებოდა მამედ ნასიბოვის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
4.სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „Barberà, Messegué, Jabardo v. Spain“, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე „Bulychevy v. Russia“, პუნქტი 32).
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა (სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში ) არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი. მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელსაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომელიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში, მამედ ნასიბოვის ბრალდების დამადასტურებელი არც ერთი პირდაპირ მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება, რაც დაადასტურებდა დაზარალებულად ცნობილი პირების მიერ მუქარის შედეგად შიშის განცდას, ხოლო ნაწილი მტკიცებულებები, რომლიც სასამართლო სხდომაზე იქნა გამოკვლეული წარმოადგენს ირიბ მტკიცებულებას და მათ შორის არ იკვეთება შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა მამედ ნასიბოვის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც მამედ ნასიბოვი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 225-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მამედ ნასიბოვი უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს;
2. ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
3. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი დანის ბედი, რომელიც ინახება შესაბამის საგამოძიებო ორგანოში, გადაწყდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით საქმის განხილვისას;
4. განემარტოს მამედ ნასიბოვს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე მამია ფხაკაძე