გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.10.2019
საქმის ნომერი
031210018002574966
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
18.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/466-2018/ წ (031210018002574966)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ქობულეთი

 

შესავალი ნაწილი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლო

ქობულეთის მუნიციპალიტეტში

 

მოსამართლე - კობა გოცირიძე

სხდომის მდივანი - ხათუნა ლორთქიფანიძე

 

მოსარჩელე - მ-----–----–------

წარმომადგენელი - ლ--–----–-----

 

მოპასუხე - ი----------–-----

წარმომადგენელი - მ-----–--------

 

მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის და ბათუმის რაიონული განყოფილება

წარმომადგენელი - თ------------–---

 

დავის საგანი - არასრულწლოვანი შვილისშვილის ნახვის დღეების განსაზღვრა

 

აღწერილობითი ნაწილი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოსარჩელე მ-----–----–------ მოითხოვს განესაზღვროს მის შვილიშვილთან ნ-------–------სთან (დაბადებული 2010 წლის 17 ნოემბერი) ნახვის დღეები ყოველი შაბათის 10:00 საათიდან კვირის 19:00 საათამდე, ასევე საახალწლო, სააღდგომო და საზაფხულო არდადეგებზე.

 

2. მხარეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.1. მოპასუხე - სარჩელი ცნობს ნაწილობრივ და აღნიშნა, რომ ბავშვთან ურთიერთობას არ უზღუდავს, თავად ბავშვს არ აქვს სურვილი დარჩეს ბებიასთან, ვინაიდან ყველა შეხვედრაზე ბავშვს დედის მისამართით ესმის ცუდი სიტყვები. ღამის თევით ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე მოსარჩელე უარს ამბობს სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ასევე საახალწლო, სააღდგომო და საზაფხულო არდადეგებზე წაყვანით. (იხ. სხდომის ოქმი)

 

2.2. მესამე პირის პოზიცია

 

2.2.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის და ბათუმის რაიონული განყოფილების წარმომადგენელმა განმარტა, რომ ბებიას ურთიერთობა უნდა ჰქონდეს შვილიშვილთან. მას სახლში ყველა პირობა აქვს ბავშვის ნორმალური აღზრდა განვითარებისათვის, აქვს სათანადო უნარ-ჩვევები, რომ თავის საცხოვრებელ სახლში სათანადოდ მოუაროს არასრულწლოვან შვილიშვილს ნ-------–-------- არასრულწლოვანის მიმართებაში ოჯახის წევრებზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ ბავშვს აქვს მიჯაჭვულობა დედასთან. მისი ვიზიტის დროს ბავშვმა იტირა, დედას სთხოვდა არ გაეშვა მამის ოჯახში. მიზეზად დედის მიმართ ბებიის მხრიდან ცუდ დამოკიდებულებას ასახელებს. ბებიასთან ყოფნის პერიოდში ბებია და მამა აუგად იხსენიებს ი------ და ეს ბავშვის გადმოცემით არ მოსწონს დედისადმი მათი ცუდი დამოკიდებულება-აუცილებელია ბავშვთან ურთიერთობის დროს თავი შეიკავონ ორივე მხარემ, რომ არ დაზარალდეს ბავშვის ინტერესი მშობლებთან ურთიერთობის შესახებ.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის და ბათუმის რაიონული განყოფილების მიერ წარმოდგენილია შესაბამისი დასკვნა. (იხ 2019 წლის 21 აგვისტოს #1500 და 2019 წლის 22 ივლისის #2320 დასკვნები)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ზ-------–------- და ი----------–-----ს 2010 წლის 17 ნოემბერს შეეძინათ შვილი ნ-------–-------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ნ-------–------ დაბადების მოწმობა №-------

 

3.1.2. არასრულწლოვანი შვილი ნ-------–------ ცხოვრობს დედასთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

_ მხარეთა ახსნა-განმარტებები (სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.სასამართლოს მიერ ვერ იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელე მ-----–----–------ არ დააზარალებს ბავშვის ინტერესებს, რადგან კონფლიქტები უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვების ფსიქიკაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოცემულ შემთხვევაში ი----------–-------–არმომადგენელმა მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებებიდან სასამართლოს მიუთითა 2019 წლის 21 აგვისტოს #1500 დასკვნა-რეკომენდაციაზე, რომ ოჯახის წევრებმა ბავშვის მიმართ უნდა გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა უნდა გაითვალისწინონ ბავშვის აზრი, არ უნდა დაზარალდეს ბავშვის ფსიქიკა.

 

საქმეზე წარმოდგენილი 2019 წლის 21 აგვისტოს სოციალური მუშაკის #1500 დასკვნის მიხედვით და სასამართლო სხდომაზე მიცემული მხარეთა ახსნა-განმარტებებით, ასევე მესამე პირის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის და ბათუმის რაიონული განყოფილების წარმომადგენელის განმარტებით ბებიას მ-----–----–------ს მიეცეს შვილიშვილთან ნ-------–------სთან ურთიერთობის საშუალება, შესაბამისად განესაზღვროს ნახვის დღეები, ხოლო ბავშვის სურვილის გათვალისწინებით ღამისთევით დარჩენის უფლების გარეშე.

 

სამოტივაციო ნაწილი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მ-----–----–------- სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; მ-----–----–------ს არასრულწლოვან შვილიშვილთან ნ-------–------სთან (დაბადებული 2010 წლის 17 ნოემბერს) ურთიერთობისათვის უნდა განესაზღვროს: კვირაში ორი დღე, შაბათი-კვირა, მ-----–----–------ შვილიშვილს ნ-------–------ს თავისთან წაიყვანს შაბათ დღეს დილას 10:00 საათზე და დააბრუნებს იმავე დღეს 19:00 საათზე, ასევე კვირა დღეს დილის 10:00 საათზე და დააბრუნებს 19:00 საათზე, ბავშვის საცხოვრებელ ადგილას, ი----------–-------------ში.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ,,ბავშვის უფლებათა კონვენცია”, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია“, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1201-ე, 1202-ე და 1203-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინდადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად, გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სკ-ის 1198.1 მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სკ-ის 1199-ე მუხლი). მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის /მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში.

 

სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ სასამართლოს პოზიტიურ ვალდებულებას შეეხება, სასამართლომ ყოველი ღონე უნდა იხმაროს, რათა ზედმიწევნით სწორად დაადგინოს არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესები. ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას (ბავშვის უფლებათა კონვენციის 3.1 მუხლი). ბავშვი არ უნდა განშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელთან განშორებული ბავშვის უფლებას, რეგულარულ საფუძველზე პირადი ურთიერთობა და პირდაპირი კონტაქტები იქონიოს ორივე მშობელთან, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება (ამავე კონვენციის 9.1. და 9.3. მუხლები).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1203-ე მუხლი თანახმად პაპასა და ბებიას უფლება აქვთ, ურთიერთობა იქონიონ თავიანთ არასრულწლოვან შვილიშვილებთან მაშინაც, როცა ისინი უშუალოდ არ მონაწილეობენ შვილიშვილების აღზრდაში. თუ მშობლები ან მეურვე/მზრუნველი უარს ეუბნებიან პაპასა და ბებიას შვილიშვილებთან ურთიერთობაზე, სასამართლოს შეუძლია დაავალდებულოს მშობლები ან მეურვე/მზრუნველი, საშუალება მისცენ პაპასა და ბებიას, ურთიერთობა იქონიონ შვილიშვილებთან სასამართლოს მიერ დადგენილი წესით, თუ სასამართლო დაადგენს, რომ ეს ხელს არ შეუშლის ბავშვების ნორმალურ აღზრდას და ცუდ გავლენას არ მოახდენს მათზე.

 

მოცემულ შემთხვევაში არ არის დადგენილი ის გარემოება, რომ ბავშვის წაყვანით მოსარჩელე მ-----–----–------ მიაყენებს ზიანს ბავშვის კეთილდღეობას. სოციალური მუშაკის დასკვნის თანახმად, ბავშვის წაყვანა ღამისთევის გარეშე არ არღვევს ბავშვის ინტერესებს. (იხ. 3.2.1.) შესაბამისად შექმნილ მდგომარეობაში ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია მოსარჩელის მიერ ბავშვის ნახვა, მათ შორის ღამისთევის გარეშე წაყვანის უფლებით.

 

სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ბებიას არასრულწლოვან შვილიშვილთან ურთიერთობისათვის უნდა განესაზღვროს კვირაში ორი დღე, შაბათი-კვირა, მ-----–----–------ შვილიშვილს ნ-------–------ს თავისთან წაიყვანს შაბათ დღეს დილას 10:00 საათზე და დააბრუნებს იმავე დღეს 19:00 საათზე, ასევე კვირა დღეს დილის 10:00 საათზე და დააბრუნებს 19:00 საათზე, ბავშვის საცხოვრებელ ადგილას, ი----------–-------------ში.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სარჩელზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის ;ვ; ქვეპუნქტის თანახმად განთავისუფლებულია სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ვინაიდან მოსარჩელე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოპასუხე ი----------–-----ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 39-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369_ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მ-----–----–------- სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მ-----–----–------ს არასრულწლოვან შვილიშვილთან ნ-------–------სთან (დაბადებული 2010 წლის 17 ნოემბერს) ურთიერთობისათვის განესაზღვროს: კვირაში ორი დღე, შაბათი-კვირა, მ-----–----–------ შვილიშვილს ნ-------–------ს თავისთან წაიყვანს შაბათ დღეს დილას 10:00 საათზე და დააბრუნებს იმავე დღეს 19:00 საათზე, ასევე კვირა დღეს დილის 10:00 საათზე და დააბრუნებს 19:00 საათზე, ბავშვის საცხოვრებელ ადგილას, ი----------–-------------ში.

 

3. დარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს

 

4. მოსარჩელე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

5.მოპასაუხე ი----------–-----ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მეშვეობით (ქ. ქობულეთი, თავისუფლების ქ. №21) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოში ქობულეთის მუნიციპალიტეტში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე კობა გოცირიძე