გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.06.2019
საქმის ნომერი
010210016001566129
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
19.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210016001566129

2-3341/16

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19/06/2019 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე

სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე

მოსარჩელე- ა--–-- ხ--–--–ი

წარმომადგენელი -ვ--------–-----–--ე

 

მოპასუხე-ბ---–--- დ-------ე

წარმომადგენელი -რევაზ ფუტკარაძე

 

მოპასუხე-კ-–------ გ-------ია

წარმომადგენელი -ლ--------------

 

დავის საგანი-თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1.მოსარჩელის პოზიცია:

 

ა--–-- ხ--–--–ი სასარჩელო განცხადებით მოითხოვს კ-–------ გ-------იას და ბ---–--- დ-------ეს მის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 161 600 აშშ დოლარის გადახდა.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

ბ---–--- დ-------ე და კ-–------ გ-------ია საქორწინო დარბაზს აშენებდნენ, მისამართზე ქ. ბათუმი, გ------–------------ში. მოპასუხეებმა ა--–-- ხ--–--–ს შესთავაზეს ფინანსური მონაწილეობა მიეღო საქორწინო დარბაზის მშენებლობაში და მის მიერ დახარჯული თანხების პროპორციულად შპს ,,ზ----------’’-ის საწესდებო კაპიტალში მიიღებდა 40 %-ს. თუ ა--–-- ხ--–--–ის მიერ დახარჯული თანხა გადაამეტებდა დარბაზის მშენებლობაზე დახარჯული თანხის 40 %-ს, მაშინ ზედმეტ თანხას ბ---–--- დ-------ე და კ-–------ გ-------ია დაუბრუნებდნენ უკან. შეთანხმების შემდეგ ა--–-- ხ--–--–მა 2009 წლის 13 იანვრამდე ბ---–--- დ-------ეს ეტაპობრივად გადასცა 100 000 აშშ დოლარი. თანხის მიღებაზე ბ---–--- დ-------ე აკეთებდა სათანადო ჩანაწერებს და თანხის მიღებას ადასტურებდა ხელმოწერით. 100 000 აშშ დოლარის გადახდის შემდეგ, მოპასუხეებმა დამატებით მოსთხოვეს 60 000 აშშ დოლარის გადახდა. ასევე განუმარტეს, რომ თუ 60 000 აშშ დოლარს არ დაამატებდა, მშენებლობა გაჩერდებოდა, მიიღებდა დაუსრულებელ ხასიათს და საბოლოო ჯამში გადახდილი 100 000 აშშ დოლარი დაიკარგებოდა. მოსარჩელე იძულებული გახდა ბანკიდან აეღო სესხი და მოპასუხეებისათვის გადაეცა 60 000 აშშ დოლარი. დასახელებულ თანხას დაემატა პროცენტის სახით გადახდილი 10 000 აშშ დოლარი. თანხის ნაწილი მოპასუხეებმა გადაუხადეს. ამ თანხიდან გადასახდელი დარჩა 15 000 აშშ დოლარი.

 

2010 წელში შპს ,,ზ----------’’-მ ბანკიდან გამოიტანა 120 000 აშშ დოლარი, რის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის სიმამრის კუთვნილი უძრავი ქონება. მოპასუხეებმა სესხი არ დაფარეს და ის იძულებული გახდა სესხის ძირითადი ნაწილი 85 000 აშშ დოლარი მას დაეფარა. გარდა ამისა 25 000 აშშ დოლარი და 25 000 ლარი გადაიხადა დარბაზის ინვენტარისათვის. 12 000 ლარი გადაიხადა ეზოს მოპირკეთებისათვის. მთლიანობაში ა--–-- ხ--–--–მა დახარჯა შემდეგი თანხები:

- პირველი შენატანი 2009 წლის იანვრამდე - 100 000 აშშ დოლარი;

- 60 000 აშშ დოლარის სესხიდან - 15 000 აშშ დოლარი;

-120 000 აშშ დოლარის სესხიდან - 85 000 აშშ დოლარი;

-ეზოს მოპირკეთების თანხა -12 000 ლარი

-ავეჯი 25 000 აშშ დოლარი და 25000 ლარი;

სულ 225 000 აშშ დოლარი და 37 000 ლარი.

 

შპს ,,დ------------მა‘’ საქორწინო დარბაზის მშენებლობა შეაფასა 337 000 ლარად. შპს ,,ა---–------ი აუდიტ კ------–----გის’’ შეფასებით დარბაზის მშენებლობისათვის დახარჯულია 290 334 ლარი. შპს ‘’ზ----------’’-ის საწესდებო კაპიტალის ოდენობა განისაზღვრება 375 000 ლარით, მათ შორის 150 000 ლარი არის სასაქონლო მატერიალური ფასეულობები. იმის გთვალისწინებით, რომ 375 000 ლარის 40%-ი არის 150 000 ლარი, გამოდის, რომ მას 40 % წილის შესაძენად გადახდილი აქვს 150 000 ლარი. ზედმეტად გადახდილი 161 600 აშშ დოლარი ბ---–--- დ-------ემ და კ-–------ გ-------იამ მიიღეს საფუძვლის გარეშე და ამ თანხით მისგან გამდიდრდნენ.

 

2.მოპასუხის პოზიცია:

2.1. ბ---–--- დ-------ე სარჩელს არ ცნობს. მისი წარმომადგენელი განმარტავს, რომ შპს ‘’ზ----------’’ დაფუძნდა 2--- წელში. მისი თავდაპირველი პარტნიორები არიან: კ-–------ გ-------ია 40 % წილი; ზ------ ს-------ე 35 % წილი; ბ---–--- დ-------ე 25 % წილი; ბ---–--- დ-------ემ კუთვნილი წილიდან 5 % მიყიდა ნ------- ფ-----ას. ზ------ ს-------ემ 35 % მიყიდა ნ------- ფ-----ას. აღნიშნულის შემდეგ წილები გადანაწილდა შემდეგნაირად. კ-–------ გ-------ია 40 % წილი; ნ------- ფ-----ა 40 % წილი; ბ---–--- დ-------ე 20 % წილი. შემდგომში ნ------- ფ-----ამ კუთვნილი 40 % მიყიდა ი-----–- ხ--–--–ს. ამდენად ა--–-- ხ--–--–ი არ არის კომპანიის მეწილე და მას კომპანიის წილის შესაძენად თანხები გადახდილი არ აქვს. გარდა აღნიშნულისა ბ---–--- დ-------ე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ შპს ,,ზ----------“ აშენებდა საქორწინო დარბაზს. მშენებლობის პროცესში თანხების მოზიდვის გამო პარტნიორებმა საწარმოს 20 % წილი 100 000 აშშ დოლარად მიყიდეს ა--–-- ხ--–--–ს. შემდგომში ა--–-- ხ--–--–მა დამატებით კიდევ გასწია 120 000 აშშ დოლარის ხარჯი. ამ თანხის სანაცვლოდ ის გახდა კიდევ 20 % წილის მესაკუთრე. სხვა თანხა მოსარჩელეს არ გადაუხდია და შესაბამისად არც საწარმოს და არც მოპასუხეებს არ აქვთ მისი ვალი. ფაქტობრივად მოსარჩელემ 220 000 აშშ დოლარად შეიძინა საწარმოს 40 %. ისინი არ შეთანხმებულან მასზედ, რომ თუ ა--–-- ხ--–--–ის მიერ დახარჯული თანხა გადაამეტებდა დარბაზის მშენებლობაზე დახარჯული თანხის 40 %-ს, მაშინ ზედმეტ თანხას ბ---–--- დ-------ე და კ-–------ გ-------ია დაუბრუნებდნენ უკან. სწორედ ამიტომაც სარჩელს მიიჩნევს უსაფუძვლოდ და მოითხოვს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

 

2.2. კ-–------ გ-------ია სარჩელს არ ცნობს. მისი წარმომადგენელი განმარტავს, რომ ქ. ბათუმში გ------–------------ში მდებარე მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა მის საკუთრებას. ბ---–--- დ-------ე და ზ------ ს-------ე შეუთანხმდნენ მასზედ, რომ მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე აშენდებოდა საქორწინო დარბაზი და ამ დარბაზის თანამესაკუთრე იქნებოდა თვითონაც. შეთანხმების შემდეგ მას მონაწილეობა არ მიუღია დარბაზის მშენებლობაში, არ დაუხარჯავს თანხა, საწარმოში თანხის ჩადებაზე მოსარჩელესთან საუბარი არ ქონია და არც თანხა არ მიუღია. ის სადაოდ ხდის ა--–-- ხ--–--–თან გარიგებებს. შესაბამისად მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. გარდა ამისა მიიჩნევს, რომ სარჩელი ხანდაზმულია.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. შპს „ზ------2---“ დაფუძნდა 2008 წლის 16 ივნისს. მისი თავდაპირველი დამფუძნებლები არიან კ-–------ გ-------გია, ზ------ ს-------ე და ბ---–--- დ-------ე

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- წესდება, ტომი 1.ს.ფ 44-51;

- მხარეთა განმარტებები.

 

3.1.2. 2008 წელში შპს „ზ------2---“-ს პარტნიორები შეთანხმდნენ სარიტუალო დარბაზის მშენებლობაზე. ამ მიზნით კლაუდია გ-------ია საწარმოში შეიტანდა კუთვნილ მიწის ნაკვეთს და მასზე ბ---–--- დ-------ე და ზ------ ს-------ე ააშენებდნენ სარიტუალო დარბაზს. შეთანხმების შემდეგ შპს „ზ------2---“-ს საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა 375 000 ლარით. წილები გადანაწილდა შემდეგნაირად:

- კ-–------ გ-------გია - 40 % წილი (150 000 ლარად იქნა შეფასებული კ-–------ გ-------გიას კუთვნილი ქონება 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. ბათუმი, გოგოლის ქუჩა N9-ში);

- ზ------ ს-------ე - 35 % წილი (131 250 ლარი);

- ბ---–--- დ-------ე - 25% წილი (93 750 ლარი);

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- წესდება, ტომი 1.ს.ფ 44-51;

- ამონაწერი სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან. ტ. 1. ს.ფ. 115.

 

3.1.3. შპს „ზ------2---“-ის პარტნიორთა შეთანხმებით ქ. ბათუმი, გ------–------------ში მდებარე მიწის ნაკვეთზე აშენებული საქორწინო დარბაზი უნდა ყოფილიყო შპს ,,ზ----------“-ის საკუთრება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები;

 

3.1.4. უდაო ფაქტობრივი გარემოებაა ის, რომ შპს ,,ზ----------“-ის პარტნიორები და მათი წილები რამოდენიმეჯერ შეიცვალა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-წილის ნასყიდობის ხელშეკრულება ტომი 1.ს.ფ 52-53;

-წილის ნასყიდობის ხელშეკრულება ტომი 1.ს.ფ 54-55;

 

3.1.5. 2008 წლის ბოლოს შპს ,,ზ----------“-ის პარტნიორები ა--–-- ხ--–--–ს შეუთანხმდნენ მასზედ, რომ ა--–-- ხ--–--–ი დარბაზის მშენებლობისათვის გადაიხდიდა 100 000 აშშ დოლარს და ამ გზით გახდებოდა საწარმოს 20 % წილის მესაკუთრე. მართალია სარჩელში მოსარჩელე ამტკიცებს, რომ თავდაპირველივე შეთანხმებით 40 % წილი უნდა გადასცემოდა, მაგრამ მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა და განმარტა, რომ თავდაპირველად 20 % წილის გადაცემაზე შეთანხმდნენ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარეთა განმარტებები.

 

3.1.6. ა--–-- ხ--–--–მა დარბაზის მშენებლობისათვის 2009 წელში 100 000 აშშ დოლარი გადაიხადა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები.

- ხელწერილი. ტ.1. ს.ფ. 16.

 

3.1.7. მიუხედავად იმისა, რომ წილი უნდა შეეძინა ა--–-- ხ--–--–ს, მის მიერ შეძენილი წილი ჯერ ფორმდებოდა ნ------- ფ-----ას სახელზე, შემდეგ კი ი-----–- ხ--–--–ის სახლზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- წილის ნასყიდობის ხელშეკრულება. ტ. 1. ს.ფ. 52-53; 54-55.

- ამონაწერი სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან. ტ. 1. ს.ფ. 24-25; 116;154.

 

3.1.8. საქმის განხილვის მომენტისათვის მშენებლობა დასრულებულია. იგი აღრიცხულია შპს ,,ზ----------“-ის საკუთრებად. საბოლოოდ საწარმოს პარტნიორებად რეგისტრირებულნი არიან:

- 40 % წილი - კ-–------ გ-------ია;

- 20 % წილი - ბ---–--- დ-------ე;

- 40 % წილი - ი-----–- ხ--–--–ი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ამონაწერი სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან. ტომი 1.ს.ფ 24-25;

 

3.2.9. ქ. ბათუმში გოგოლის ქ. №9-ში მდებარე შენობის მშენებლობაზე დაიხარჯა 337 000 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-აუდიტის დასკვნა ტომი 1. ს.ფ. 26-31;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მხარეებს შორის ძირითადი სადაო გარემოებია:

- მხარეთა შეთანხმება ა--–-- ხ--–--–ის ფინანსურ მონაწილეობასა და წილების განაწილებაზე;

- ა--–-- ხ--–--–ის მიერ დარბაზის მშენებლობაში და კეთილმოწყობაში გადახდილი თანხის ოდენობა;

- 161 600 აშშ დოლარით მოპასუხეთა გამდიდრება;

 

3.2.2. მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადაო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის დასახელებული გარიგების შინაარსის დადგენა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

 

3.2.3. ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს. მათ მიერ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის მიერ დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს სარჩელში ან შესაგებელში დასახელებულ ფაქტებს.

 

3.2.4. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

3.2.5. სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ს მე-4 მუხლი წარმოადგენს დისპოზიციურობის გამოვლენის პრინციპის ამსახველს. ამ პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. თავადვე არიან ვალდებულნი განსაზღვრონ რომელი ფაქტობრივი გარემოება რა მტკიცებულებებით დაამტკიცონ. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტბრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. სადაო ფაქტობრივ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საყურადღებოა ის გარემოება, რომ როდესაც მხარეები დაობენ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასეთ შემთხვევაში მათი ვალდებულებაა სადაო გარემოებებთან დაკავშირებით წარმოადგინონ მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემს ანალიზის საშუალებას და შეუქმნის ფაქტის არსებობის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მხარეებზე უნდა განაწილდეს სწორად. მხარეებს უნდა დაეკისროთ ისეთი ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. წინამდებარე შემთხვევა ისეთი შემთხვევაა, როდესაც მოსარჩელეს უნდა დაეკისროს დაამტკიცოს, როგორც დარბაზის მშენებლობისათვის გაწეული ხარჯები, ასევე წილების განაწილებაზე იმ მოდელით შეთანხმება, რაც მას მითითებული აქვს სარჩელში. მანვე უნდა დაამტკიცოს ის ფაქტი, რომ მოპასუხეები მისი თანხით გამდიდრდენ უსაფუძვლოდ. ამ ფაქტების საწინააღმდეგო მტკიცების ტვირთი მოპასუხეებს არ ეკისრებათ.

 

3.2.6. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.

 

3.2.7. სასამართლო განმარტავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის პირველ რიგში აუცილებელია დადგინდეს დარბაზის მშენებლობის პროცესში, რაზე შეთანხმდნენ ა--–-- ხ--–--–ი და მოპასუხეები. უდაოა, რომ საქორწინო დარბაზის მშენებლობის საწყის ეტაპზე ა--–-- ხ--–--–ი მშენებლობაში არ მონაწილეობდა. შესაბამისად შპს ,,ზურა 2---“-ის დაფუძნებისა და დარბაზის მშენებლობის წამოწყების დროს ა--–-- ხ--–--–ის როლზე და მისთვის წილის გადაცემაზე არ შეთანხმებულან. (იხ. მხარეთა განმარტებები).

 

3.2.8. მხარეები საქორწინო დარბაზის ერთობლივად მშენებლობაზე და წილების განაწილებაზე პირველად შეთანმდნმენ 2008 წლის ბოლოს. 100 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ ა--–-- ხ--–--–ი უნდა გამხდარიყო საწარმოს 20 % წილის მესაკუთრე. საქმეში წარმოდგენილი ხელნაწერი დოკუმენტი, რომელსაც სათაურად მითითებული აქვს:

- ,,13 დეკემბერი 2008 წ.“

დოკუმენტის მეორე ხაზზე ჩაწერილია ტექსტი:

- ,,რიტუალების სახლზე ა--–--ს დახარჯული აქვს 54 658 $“. თანხის ქვემოდან შესრულებულია ხელმოწერა.

შემდგე ხაზზე გრძელდება ტექსტი:

- ,,+ გ-----მზე აქვს მიცემული 11 000 $“. თანხის ქვემოთ შესრულებულია ხელმოწერა. შემდეგ გრძელდება ტექსტი და მასში მითითებულია

,,13 იანვარი 2009 წ.

დაემატა 15 000 $

+ 19 300 $“.

ქვემოდან გასმულია ხაზი და ხაზის შემდეგ მითითებულია ტექსტი:

,,ა--–--ი გადაიხადა 100, 000 $.

13:01.09“.

მხარეთა ურთიერთობის პირველი მტკიცებულება სწორედ აღნიშნული დოკუმენტია. დასახელებული მტკიცებულებებისა და მხარეთა განმარტებების შედეგად, სასამართლო დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ა--–-- ხ--–--–მა საქორწინო დარბაზის მშენებლობისათვის 2009 წლის 13 იანვრამდე გადაიხადა 100 000 აშშ დოლარი;

იხ. ხელწერილი. ტომი1.ს.ფ 16;

-ექსპერტიზის დასკვნა №002491818 ტომი 3.ს.ფ 35-43;

 

3.2.9. ამდენად თავდაპირველი შეთანხმების საკითხი გარკვეულია. მხარეები შეთანხმდნენ მასზედ, რომ ა--–-- ხ--–--–ი დარბაზის მშენებლობაში გადაიხდიდა 100 000 აშშ დოლარს და გახდებოდა საწარმოს 20 %-ის მესაკუთრე. რეალურად ეს შეთანხმება შესრულდა. ა--–-- ხ--–--–მა გადაიხდა 100 000 აშშ დოლარი და მის სანაცვლოდ უნდა მიეღო საწარმოს 20 % წილი. საქმეში არაა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლითაც დადგინდება, რომ გადახდილი 100 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ ა--–-- ხ--–--–ი გახდა საწარმოს 20 % წილის მესაკუთრე, მაგრამ თვითონ მოსარჩელემ სხდომაზე დაადასტურა, რომ 100 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ უნდა მიეღო საწარმოს 20% წილი. იგივე დაადასტურეს სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლებმა და იგივე განმარტებები აქვთ მათ მიცემული პოლიციაში გამოკითხვების დროს. სამეწარემო რეესტრის ამონაწერებიც ამტკიცებს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელის მიერ შერჩეული პირი გახდა საწარმოს პარტნიორი.

იხ. მხარეთა განმარტებები.

გამოძიების მასალები. ტ. 3. ს.ფ. 45-138.

 

3.2.10. წილების გადანაწილებაზე შემდგომი შეთანხმებები არ დგინდება. საბოლოო ჯამში მოსარჩელის მიერ შერჩეული პირი აღირიცხა საწარმოს 40 % წილის მესაკუთრედ. ვარაუდის დონეზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ დანახარჯების მიხედვით პარტნიორებმა კიდევ განიხილეს წილების მდგომარეობა და ა--–-- ხ--–--–ს გადასცეს კიდევ 20 % წილი. საერთო ჯამში კი მას გაუხდა 40 %. ეს რომ ასე არ იყოს, მაშინ ა--–-- ხ--–--–ი იქნებოდა 20 % წილის მესაკუთრე.

იხ. ამონაწერი სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან. ტ. 1. ს.ფ. 24-25; 116;154.

 

3.2.11. შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხია გაირკვეს ა--–-- ხ--–--–მა მოპასუხეებს 100 000 აშშ დოლარის შემდეგ, კიდევ გადასცა თუ არა 60 000 აშშ დოლარი. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ბანკიდან გამოიტანა 60 000 აშშ დოლარი და მასზე გადაიხადა სარგებელი 10 000 აშშ დოლარი. ამ თანხიდან მოსარჩელე მოითხოვს 15 000 აშშ დოლარს.

 

3.2.12. გარდა 60 000 აშშ დოლარისა გასარკვევია შპს ,,ზ----- - 2---’’-მ ბანკიდან გამოიტანა თუ არა 120 000 აშშ დოლარი და ამ სესხიდან მოსარჩელემ დაფარა თუ არა 85 000 აშშ დოლარი.

 

3.2.13. სასამართლო განმარტავს, რომ სესხად თანხის მიღება და სესხის დაფარვა ფაქტობრივი გარემოებაა. მის დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. ნებისმიერი ტიპის სესხის არსებობა უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. ასევე კონკრეტული მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს, რომ სესხის გარკვეული ნაწილი მოსარჩელემ დაფარა. მოსარჩელე ვალდებულია წარმოდგინოს მტკიცებულებები და დაამტკიცოს, რომ ბანკიდან ისესხა 60 000 აშშ დოლარი და გადასცა ბ---–--- დ-------ეს, ასევე მანვე უნდა დაამტკიცოს, რომ 60 000 აშშ დოლარის ვალის დასაფარად 10 000 აშშ დოლარი სარგებელი გადაიხადა. მანვე უნდა დაამტკიცოს, რომ შპს ,,ზ----------“-მ რომელიმე ბანკიდან იპოთეკური სესხი მიიღო და ამ სესხის ნაწილი 85 000 აშშ დოლარი მან გადაიხადა.

 

3.2.14. შპს ,,ზ----------“-ის მიზნებისათვის ალან ხ--–--–ის მიერ ბანკიდან სესხად 60 000 აშშ დოლარის მიღების მტკიცებულება მოსარჩელემ ვერ წარმოდგინა. მანვე ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომლითაც დადგინდება, რომ სესხზე სარგებელის სახით 10 000 აშშ დოლარი გადაიხადა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასეთი ფაქტი არ დგინდება.

 

3.2.15. საქმეში ასევე არაა წარმოდგენილი ბანკიდან 120 000 აშშ დოლარის სესხად მიღების მტკიცებულება. სარჩელის მეხუთე ფაქტობრივ გარემოებაში ამ ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებად მითითებულია 2010 წლის 1 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. დასახელებული ხელშეკრულების ანალიზით დგინდება, რომ კ-–------ გ-------იამ ზ------ ს-------ისაგან ისესხა 170 000 აშშ დოლარი.

იხ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ტ.1. ს.ფ. 21-23.

 

3.2.16. სასამართლო მიიჩნევს, რომ დასახელებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით არ დგინდება ის ფაქტი, რომ შპს ,,ზ----------“-მ ბანკისაგან მიიღო 120 000 აშშ დოლარი. მართალია ფული დაისესხა საწარმოს პარტნიორმა, მაგრამ გამსესხებელი არაა ბანკი და გასესხებული თანხის ოდენობაც განსხვავებულია. (იხ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ტ.1. ს.ფ. 21-23).

 

3.2.17. თუ მოსარჩელე მეხუთე ფაქტობრივ გარემოებაში მსჯელობს იმ სესხზე, რომელიც 2010 წლის 1 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს, მაშინ არანაკლებ მნიშვნელოვანია დადგინდეს ვინ არის იპოთეკის საგნის მესაკუთრე. ის რომ იპოთეკის საგნის მესაკუთრე ა--–-- ხ--–--–ის სიმამრია, საქმეში ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არაა.

 

3.2.18. ასევე მნიშვნელოვანი მოსარჩელემ დაამტკიცოს, რომ 120 000 აშშ დოლარიდან მან გადაიხადა 85 000 აშშ დოლარი. მას ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ აქვს.

 

3.2.19. ამდენად საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებს ა--–-- ხ--–--–ის მიერ შპს ,,ზ----------“-ის დარბაზის მშენებლობისათვის 60 000 აშშ დოლარის სესხად აღებას, ასევე 120 000 აშშ დოლარის სესხად აღებას და მისი ნაწილის 45 000 აშშ დოლარისა, სარგებელის სახით 10 000 აშშ დოლარის და 85 000 აშშ დოლარის დაფარვას.

 

3.2.20. სავსებით შესაძლებელია მხარეები შეთანხმებულიყვნენ დარბაზის მშენებლობისათვის დამატებით სახსრების მოძიებაზე, ამ მიზნით ა--–-- ხ--–--–ს სესხად აეღო 60 000 აშშ დოლარი და გადაეცა მოპასუხეებისათვის. ასევე შესაძლებელია შპს ,,ზ----------“-მ მართლაც აიღო იპოთეკური სესხი და მისი ძირითადი ნაწილი 85 000 აშშ დოლარი ა--–-- ხ--–--–მა გადაიხადა, მაგრამ ასეთი ფაქტების არსებობას სჭირდება დამტკიცება. მოპასუხემ ეს ფაქტები კატეგორიულად უარყო, რის გამოც აუცილებელია მოსარჩელემ მტკიცებულებებით დაამტკიცოს სესხის არსებობა და ასევე მისი გადახდის ფაქტიც. მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ასეთი ფაქტის არსებობის შესახებ. როგორც განვამრტეთ ამ ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არაა.

 

3.2.21. მოსარჩელემ საქმეში წარმოადგინა ხელნაწერი დოკუმენტი, სადაც მითითებულია:

,,34 027 $ + 2600 $ გ-----მი ბ------ი.

+ ბ------ი 29 კუბი?

9 კუბი ? + 909 $.

+ 7 კუბი ?

+14 კუბი.

გასმულია ხაზი და ხაზის ქვემოთ მითითებულია ა--–--ის დახარჯული თანხა 19.11,08. ტექსტი გრძელდება და ახალ ხაზზე მითითებულია 2788 $ მისაცემი მიხოს. გასმულია ხაზი და შეჯამებულია თანხა - 44 658 $. საქმეში ასევე წარმოდგენილია უჯრედებიანი ფურცელი სადაც მითითებულია ა--–--მა მომცა 10 000 $. + 24300 $.

აღნიშნული მტკიცებულება სარჩელში მოცემულ რომელიმე ფაქტობრივ გარემოებასთან კავშირში არაა. ის არც 60 000 აშშ დოლარის და არც 120 000 აშშ დოლარის სესხს არ ადასტურებს, ამიტომ ის არ გამოდგება სარჩელის დასაბუთებისათვის .

იხ. ჩანაწერი, ტომი1.ს.ფ 17;

 

3.2.22. სავარაუდოდ აღნიშნული მიუთითებს იმ ხარჯზე, რომელიც შესულია პირველ შეთანხმებით გადასახდელ 100 000 აშშ დოლარში. თუმცა ამ ნაწილში მოსარჩელის მიერ გაკეთებული განმარტებები ბუნდოვანია და არ შესაბამება ლოგიკურ მსჯელობას. ამიტომ მას სასამართლო ცალკე ხარჯად არ ითვალისწინებს.

იხ. ჩანაწერი. ტომი1.ს.ფ 18;

 

3.2.23. საქმეში ასევე წარმოდგენილია მტკიცებულება სადაც, მითითებულია ,,ა--–--იმ მოიტანა“ და ჩამოთვლილია შემდეგი თანხების მოძრაობა.

700 $ - 13 აგვისტო.

2500 $ - 17 აგვისტო.

3000 $-19 აგვისტო.

4000 $- რუსიკომ მოიტანა.

3000 $-26 აგვისტო მალხაზი.

2000 $ 27 აგვისტო მალხაზი.

2000 $-30 აგვისტო მალხაზი.

2000 $-31 აგვისტო მალხაზი.

1500 $-12 სექტემბერი მალხაზი.

ჯამში შეადგენს 20 700 $.

ასევე ცალკე მტკიცებულებადაა წარმოდგენილი ჩანაწერი სადაც მითითებულია :

ა--–-- მომცა

10 000 მიცა შემდეგ ტექსტი გაურკვევლად წერია და გრძელდებ + 24 300$.

იხ. ჩანაწერები ტომი1. ს.ფ 18-19;

 

3.2.24. სასამართლო მიიჩნევს, რომ დასახელებული ორი ჩანაწერი საქმესთან კავშირში არაა შესაბამისად მასზე სასამართლო ვერ იმსჯელებს.

 

3.2.25. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეებმა აუნაზღაურონ დარბაზის ინვენტარისათვის გაწეული ხარჯი 25 000 აშშ დოლარი და 25 000 ლარი, ასევე ეზოს მოპირკეთებისათვის დახარჯული 12 000 ლარი. ამ გარემოების დადასტურებისათვის მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს 2010 წლის 6 მაისით დათარიღებული დოკუმენტი, სადაც ჩამოთვლილია სხვადასხვა დასახელების ნივთები, მათ საერთო ღირებულებად მითითებულია 96 264 ლარი.

იხ. ჩანაწერი ტომი1.ს.ფ 20;

 

3.2.26. სასამართლო განმარტავს, რომ დარბაზის აშენების შემდეგ, დღის წესრიგში დადგებოდა მისი ინვენტარით აღჭურვისა და ეზოს მოწყობის საკითხი. თუ მოსარჩელემ მასში გასწია ხარჯი და სურს, რომ ეს ხარჯი აუნაზღაურდეს, აუცილებელია წარმოადგინოს ამ ხარჯის მტკიცებულებები. წარმოდგენილი ჩანაწერი არ წარმოადგენს ხარჯის ამსახველ მტკიცებულებას. ამ ტიპის მტკიცებულებას ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერ დროს შექმნის. მას არ აქვს ობიექტურობის და დამაჯერებლობის ძალა. მხარეთა სადააობისას მისი შინაარსი ზეპირ განმარტების ძალას ვერ გაცდება. ის თავად მოსარჩელის მიერაა შექმნილი, რასაც სადაოდ ხდის მოპასუხე. ამ დოკუმენტის გამოყენებით შეუძლებელია დადგენილად იქნას მიჩნეული, რომ მოსარჩელემ ეზოს მოწყობაში და ინვენტარის შეძენაში რა ხარჯი გასწია. მოსარჩელეს მართებდა უფრო მეტი წინდახედულობა. მას უნდა შეექმნა მტკიცებულებები და სათანადო ეზრუნა თავისი ინტერესების დაცვაზე.

 

3.2.27. აღსანიშნავია ისიც, რომ საქმის განხილვის პროცესში მხარეები ზეპირად საუბრობდნენ გარკვეულ ფინანსურ ანგარიშსწორებებზე, ურთიერთშეხვედრებზე და შეთანხმებებზე. მათ შორის ერთ-ერთი საკითხია ის, რომ მხარეები შეთანხმდნენ მასზედ, რომ დახარჯული თანხის სანაცვლოდ ა--–-- ხ--–--–ი უნდა გამხდარიყო საწარმოს 40 % წილის მფლობელი. აღნიშნული მსჯელობები განვითარებულია პოლიციაში გამოკითხვის დროსაც, მაგრამ მთავარი სირთულე არის ის, რომ ისინი არცერთ საკითხზე არ თანხმდებიან და ყველა შეთანხმებას სადოდ ხდიან. თუმცა არცერთ მათგანს არ აქვს კონკრეტული ანგარიშსწორებისა და შეთანხმებების ამსახველი მტკიცებულებები. სწორედ აღნიშნულის გამო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გაარკვიოს და დადგენილად მიიჩნიოს სხვა რომელიმე ფაქტობრივი გარემოებები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს. მას მიაჩნია, რომ მოპასუხეები მისი ფულადი თანხებით გამდიდრდნენ უსაფუძვლოდ.

 

6.2. მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან. დასახელებული ნორმით ,,პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. ამავე კოდექსის 987-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი, ან იგი ღირებულების გაზრდის შედეგად სხვაგვარად იღებს სარგებელს”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 976-ე და 987-ე მუხლები არეგულირებენ უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილ სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებს. უსაფუძვლო გამდიდრების გამო ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს ან შემდგომში მოიშლება. ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე. უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა ანუ გამდიდრების გათანაბრება. გამდიდრების უსაფუძვლობა კი შეიძლება ემყარებოდეს სხვადასხვა გარემოებებს, მათ შორის მართლზომიერ ქმედებებსაც. უსაფუძვლო გამდიდრების დროს კი მნიშვნელობა არა აქვს ბრალს, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ერთი პირის ქონების გადასვლის ფაქტი მეორე პირის საკუთრებაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ასეთ შემთხვევაში, დაზარალებულს აუნაზღაურდება ზიანი იმ ოდენობით, რომლითაც მიმღები გამდიდრდა (იხ. სუსგ №ას-360-342-2015, 03.06.2015). უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე ყველა მოთხოვნის უფლების საერთო წინაპირობაა ის, რომ უსაფუძვლო გამდიდრებით მოვალემ მიიღო ქონებრივი სარგებელი ამ ცნების ფართო გაგებით.

 

6.3. იმისათვის, რომ სასამართლომ იმსჯელოს უსაფუძვლო გამდიდრებით წარმოშობილი ვალდებულების არსებობის შესახებ, აუცილებელია მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა სწორედ ამ საფუძველს და შესაბამის ფაქტებს დააყრდნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით შეცვალოს სარჩელის საფუძველი. ეს დაარღვევს არა მარტო დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებს, არამედ მთლიანად შეცვლის მხარეთა პროცესუალურ მდგომარეობას. თუ ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულებისას მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აკისრია, ხოლო მოპასუხეს, მხოლოდ, ფაქტების მითითების ტვირთი აქვს, უსაფუძვლო გამდიდრებით წარმოშობილ ურთიერთობებში, ვალდებულების არსებობის მითითებისა და მისი მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრება. თუ მოსარჩელე მოთხოვნის საფუძვლად ვალდებულებას უთითებს, თავად არის ამ მითითებისა და, აქედან გამომდინარე, შესაბამისი სამართლებრივი შედეგების რისკის მატარებელი.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა კ-–------ გ-------იასათვის თანხის გადაცემის ფაქტობრივი გარემოება. შესაბამისად, არ არსებობს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

6.4. ცალკე მსჯელობის საგანია მოსარჩელის თანხით უსაფუძვლოდ გამდიდრდა თუ არა ბ---–--- დ-------ე. როგორც ზემოთ განვმარტეთ უსაფუძვლო გამდიდრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს მოპასუხის გამდიდრება. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლი ითვალისწინებს უსაფუძვლო გამდიდრების გენერალურ დათქმას, რაც გულისხმობს პირის მიერ იმ სიკეთის სხვისთვის დაბრუნებას, რომლითაც იგი უსაფუძვლოდ გამდიდრდება. ამდენად, პირის გამდიდრებას იწვევს სხვისი ქონების გამოყენება, გამდიდრებული პირი სარგებლობს სხვა პირის ქონებით, რითაც არღვევს სხვა პირის უფლებებს და კანონით დაცულ ინტერესებს. უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის არა ქონებრივი დანაკლისის შევსება, მაგ. ზიანის ანაზღაურება, ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა, ანუ გამდიდრების გათანაბრება. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა და გამდიდრების გათანაბრება არ არის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახე.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიური ხასიათისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შორის არ უნდა არსებობდეს მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი. გარდა ამისა, მითითებული საფუძვლით პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ:

1. მოპასუხის გამდიდრება;

2. მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი;

3. მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა, კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

 

დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია მივიღოთ პასუხი კითხვაზე - ბეგლრ დ-------ე გამდიდრდა თუ არა მოსარჩელის თანხით. ამ მიმართულებით მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მან ბ---–--- დ-------ეს გადასცა:

- 100 000 აშშ დოლარი;

- 60 000 აშშ დოლარი, მასზე გადაიხადა სარგებელი 10 000 აშშ დოლარი (თუმცა ამ ტანხის ნაწილს ითხოვს);

- დაფარა 120 000 აშშ დოლარის სესხის ძირითადი ნაწილი 85 000 აშშ დოლარი;

- ეზოს მოწყობაში და ავეჯის შეძენაში გადაიხადა 12 000 ლარი, 25 000 აშშ დოლარი და 25000 ლარი.

მოსარჩელის განმარტებით მის მიერ დახარჯული თანხა უნდა ყოფილიყო საქორწინო დარბაზის მშენებლობაზე დახარჯული თანხის 40 %. თუ მეტი დაიხარჯებოდა, მაშინ დანახარჯს აინაზღაურებდა საწარმოს შემოსავლიდან. დარბაზის მშენებლობაზე დაიხარჯა 337 000 ლარი. ამ ფაქტობრივ გარემოებებზე აფუძნებს მოსარჩელე თავის მოთხოვნას. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ თუ დადგინდებოდა, რომ ბ---–--- დ-------ემ ა--–-- ხ--–--–ისაგან მიიღო 220 000 აშშ დოლარი, მაგრამ მშენებლობაზე დახარჯა გაცილებით ნაკლები, ამასთან მიღებული ნამეტი თანხა თუ დაისაკუთრა, ეს შესაძლებელია გახდეს უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე მოთხოვნის საფუძველი, მაგრამ საქმის მასალებით არ დადგინდა, რომ ა--–-- ხ--–--–მა 60 000 აშშ დოლარი მიიღო ბანკიდან, გადასცა ბ---–--- დ-------ეს და მასზე გადაიხადა სარგებელი 10 000 აშშ დოლარი, ასევე დაფარა 120 000 აშშ დოლარის სესხის ძირითადი ნაწილი 85 000 აშშ დოლარი, ეზოს მოწყობაში და ავეჯის შეძენაში გადაიხადა 12 000 ლარი, 25 000 აშშ დოლარი და 25000 ლარი. ასეთი ფაქტობრივი გარემოება არ დადასტურდა. შესაბამისად არ დადგინდა უსაფუძვლო გამდიდრების შემთხვევა.

 

6.6. სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს გარკვეული მითითება გაკეთდესს სამართლებრივი საფუძვლის სწორად შერჩევაზე. უსაფუძვლო გამდიდრების საფუძვლები იმ მოცემულობაში, რის მტკიცებულებებიც იქნა წარმოდგენილი, მცდარია. უფრო ადგილი აქვს პარტნიორებს შორის დავას. ამ ტიპის დავა უნდა მოწესრიგდეს სამეწარმეო ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმებით - მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით. თუმცა მოცემული ფაქტობრივი გარემოებები, არც მისი ნორმების საშუალებით არ იძლევა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს. მართალია პარტნიორები დაობენ წილზე, საწარმოს განვითარებისათვის დახარჯულ თანხებზე, შენატანებზე და სხვა საკითხებზე, მაგრამ სარჩელი არაა სათანადოდ მომზადებული და გაჯერებული მტკიცებულებებით.

 

6.7. მთავარი პრობლემა დგას მტკიცების საგანში. მოსარჩელემ ვერ დაძლია მტკიცების პრობლემა. სსკ-ის 102-ე მუხლით 1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. (8.05.2012. N6145) 3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის ვალდებულებაა არამარტო უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობას, არამედ მისივე ვალდებულებაა თვითონვე წარმოადგინოს ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები. უსაფუძვლო გამდიდრების დასამტკიცებლად მან უნდა წარმოადგინოს მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნა, რომლითაც დამტკიცდება, რომ რომელიმე მოპასუხე მოსარჩელის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსარჩელემ ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება და სარჩელის დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. შესაბამისად არარსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც, ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სახ. ბაჟის ოდენობა გაიანგარიშება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. დასახელებული ნორმის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა.

 

წინამდებარე საქმეზე სახ. ბაჟის ოდენობა გაანგარიშებული უნდა იქნას საქ. სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტისა და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის ,,ა” პუნქტის მოთხოვნათა დაცვით. სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა შეადგენს 3000 ლარს. სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რის გამოც ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს მოსარჩელეს. მას ბაჟი წინასწარ აქვს გადახდილი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

საქ. სსკ–ის 1991–ე მუხლით სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

საქმის მასალებით დგინდება, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც, ა--–-- ხ--–--–ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო ბ---–--- დ-------ის (პ/ნ 6----------) 20%-იან წილს შპს „ზ------2---„-ში (ს/კ 2--------) და კ-–------ გ-------იას (პ/ნ 6----------) 40 %-იან წილს შპს ზ------2---„-ში (ს/კ- 2--------); სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება საქ. სსკ–ის 1991–ე მუხლის საფუძველზე უნდა გაუქმდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ა--–-- ხ--–--–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. საქმეზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდეს და ბ---–--- დ-------ის (პ/ნ 6----------) 20%-იანი წილი შპს „ზ------2---„-ში (ს/კ 2--------) და კ-–------ გ-------იას (პ/ნ 6----------) 40 %-იანი წილი შპს ზ------2---„-ში (ს/კ- 2--------) გათავისუფლდეს ყადაღისაგან.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქ.№30) მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქ№30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე