გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 160210119003076533
№ 2/506-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17 ოქტომბერი, 2--- წელი ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე პაატა ფხალაძე
სხდომის მდივანი ცაცა ებრალიძე
მოსარჩელე - შპს ,,G------“
წარმომადგენელი - ილ-–-----–----ო, ზუ------–------ე
მოპასუხე - ას-–-----------ე
წარმომადგენელი - ჯუ---------------–-–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ას-–-----------ეს მოსარჩელე შპს ,,G------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების 15 40- ლარის გადახდა;
1.2. მოპასუხე ას-–-----------ეს მოსარჩელე შპს ,,G------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით 4154.16 ლარის ოდენობით;
1.3. მოპასუხე ას-–-----------ეს მოსარჩელე შპს ,,G------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით მასზე დაკისრებული თანხის ყოველთვიური 1.72%-ის ოდენობით, სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სარჩელის საფუძვლები:
შპს ,,G------“ -ის საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენს ინტენსიური ვაშლის ბაღის გაშენება. ბაღი გაშენებულია ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარიზში არსებულ 42.1 ჰა ფართობის მქონე ტერიტორიაზე და იგი უკვე რამდენიმე წელია იძლევა მოსავალს, რომლის რეალიზაცია ხორციელდება როგორც სოფელ ფარიზში მდებარე საზოგადოების საკუთარი ბაღის ტერიტორიიდან, ასევე ბაზრების მეშვეობით, როგორც ფიზიკურ , ასევე იურიდიულ პირებზე, უმეტესად ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე, შესაბამისი სასაქონლო ზედნადების გაფორმებით. რეალიზებული პროდუქციის ღირებულების გადახდა მყიდველების მიერ ხდება წინასწარ, ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორებით. იშვიათ შემთხვევებში, როდესაც პროდუქციის შემძენთან უკვე არსებობს ხანგრძლივი საქმიანი ურთიერთობის დადებითი გამოცდილება, პროდუქციის მიწოდება შეიძლება განხორციელდეს მთლიანი ღირებულების წინასწარი გადახდის გარეშე. ასეთ პირს განეკუთვნებოდა მოპასუხე ას-–-----------ე, რომელთანაც მოსარჩელეს უკვე ჰქონდა გასულ წლებში საქმიანი ურთიერთობის დადებითი გამოცდილება და რის გამოც იგი საზოგადოების ხელმძღვანელობის ნდობით სარგებლობდა. 2017 წლის აგვისტო-სექტემბერში, შპს ,,G------“-მა სოფელ ფარიზში მდებარე საკუთარი ბაღის ტერიტორიდან 6 ერთეული სასაქონლო ზედნადების საფუძველზე (ს.ზ. ელ 0-------------.0-.2----–----------–------------------------–----------–-------------------------–---------–-----------------------–----------–------------------------–----------–----------------------7წ) მიჰყიდა მოპასუხეს 65 340.68 ლარის ღირებულების 29.764 ტონა სხვადასხვა ჯიშის ვაშლი. გამყიდველის მიერ მყიდველს კეთილსინდისიერად მიეწოდა ნაყიდი ვაშლი და გამოიწერა 6 სასაქონლო ზედნადები, სადაც მითითებულია როგორც გამყიდველის, ასევე მყიდველის მონაცემები, სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, მძღოლის ვინაობა, პირადი ნომერი, მიწოდებული საქონლის დასახელება, რაოდენობა, ერთეულის ფასი და საერთო ფასი. მოპასუხემ დათქმულ დროში 2017 წლის 31 დეკემბრამდე სრულად არ გადაიხადა შეთანხმებული ფასი. მოპასუხემ გადაიხადა მხოლოდ ნაწილი, სულ 51.940.68 ლარი, ხოლო 13400.52 ლარი დღემდე არ გადაუხდია.
იმის გამო, რომ მოპასუხემ ჯეროვნად არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, მოსარჩელეს მიადგა ზიანი: მიწოდებული ვაშლის გადაუხდელი ღირებულების 1-----.52 ლარის სახით, რაც 26.12.2017 წლიდან (1 აშშ დოლარი = 2.5372 ლარს) 26.07.2--- წლამდე დროის პერიოდში (1 აშშ დოლარი = 2.9171 ლარს) აშშ დოლართან მიმართებაში ლარის კურსის ცვლილების გათვალისწინებით, დღეის მდგომარეობით შეადგენს 15 40- ლარს. მიუღებელი შემოსავლის სახით, რასაც საზოგადოება მიიღებდა აღნიშნული თანხის სესხად გაცემის გზით(იურიდიულ პირებზე საშუალო წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთის გათვალისწინებით, რამაც 2018 წელს შეადგინა 8.2833 %, თანახმად სსკ-ის 625-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი გაანგარიშების წესისა, ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 1.72%-ს), რაც 2017 წლის 31 დეკემბრიდან დღემდე, გასულ 18 თვეზე გაანგარიშებით შეადგენს 31%-ს, ანუ 4154.16 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნო სასარჩელო მოთხოვნა და განმარტა, რომ მის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობაა 9--- ლარი და არა 1-----. 52 ლარი. მხარეები არ შეთანხმებულან თანხის გადახდის თარიღზე. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საბანკო გადარიცხვების ამსახველ დოკუმენტში მოცემული თანხების გარდა, გადახდილი აქვს სხვა თანხებიც, როგორც ბანკში, ასევე ხელზე მისცა ერთ-ერთ პარტნიორს სალეხ მამედოვს 6000 ლარი წაღებული ვაშლის საფასური, სალეხ მამედოვმა განუმარტა, რომ ჩარიცხავდა საბანკო ანგარიშზე. ამასთან მიწოდებული საქონელი იყო გაფუჭებული, რაზეც აცნობა მოსარჩელეს, რომელმაც შეატყობინა, რომ დაუკლებდა ფასს. მოპასუხე არ ეთანხმება ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრებას და განმარტავს, რომ მოსარჩელეს არ მიდგომია ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით, ის არ წარმოადგენს საბანკო-საფინანსო დაწესებულებას და არ გასცემს სესხს. ასევე მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება ზიანის მიყენების შესახებ.
3.ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს ,,G------“ ახორციელებს სხვადასხვა ჯიშის ვაშლის რეალიზაციას. მოპასუხე ას-–-----------ესთან მოსარჩელეს წლების განმავლობაში ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი)
3.1.2. 2017 წლის აგვისტო-სექტემბერში, შპს ,,G------“-მა სოფელ ფარიზში მდებარე საკუთარი ბაღის ტერიტორიიდან მიჰყიდა ას-–-----------ეს სხვადასხვა ჯიშის ვაშლი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სასაქონლო ზედნადებები (ს.ფ. 22-27);
-მხარეთა ახსნა-განმარტებები ( სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოპასუხე ას-–-----------ემ მოსარჩელე შპს ,,G------“-გან 2017 წლის აგვისტო-სექტემბრის თვეში იყიდა 65 340.68 ლარის ღირებულების, 29.764 ტონა სხვადასხვა ჯიშის ვაშლი. ას-–-----------ის მიერ გადახდილი იქნა 51 940.68 ლარი. ხოლო 1-----.52 ლარი ანაზღაურებული არ არის.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
მოსარჩელის მიერ სასამართლოში მტკიცებულების სახით წარმოდგენილია, სასაქონლო ზედნადებები, რომელიც ადასტურებს შპს ,,G------“ - ს და ას-–-----------ეს შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობას 2017 წლის აგვიტო-სექტემბრის თვის პერიოდში. წარმოდგენილი მტკიცებულებით დასტურდება, რომ 2017 წლის აგვისტო-სექტემბრის პერიოდში ას-–-----------ის მიერ შპს ,,G------“-გან მიღებულია 65 340.68 ლარის სხვადასხვა ჯიშის 29 764 კგ. ვაშლი. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი, რომელშიც ასახულია შპს ,,G------“-ის ანგარიშზე ას-–-----------ის მიერ განხორციელებული საბანკო გადარიცხვები. მოპასუხე ას-–-----------ის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, გარდა ზეპირი ახსნა-განმარტებისა, რომლითაც დადასტურდებოდა მისი პოზიცია, რომ მის მიერ გადაუხდელი თანხის ოდენობა შეადგენს მხოლოდ 9--- ლარს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ,,G------“-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 383-ე, 389-ე, 411-412-ე, 477-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 20--ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 793-/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ვალდებულების საფუძველს კი წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულება.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
დადგენილია, რომ 2017 წლის აგვისტო-სექტემბრის თვეში ას-–-----------ემ შპს ,,G------“ -გან იყიდა 65 340.68 ლარის ღირებულების, 29.764 ტონა სხვადასხვა ჯიშის ვაშლი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
ზემოთ დასახელებული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ საქმის განხილვაში მონაწილე პირებს - მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები და ამ უფლებათა დაცვის საშუალებები. მოსარჩელის უფლებაა აღძრას საქმე, განსაზღვროს სარჩელის საგანი, საფუძველი და ა.შ. ანალოგიურად ვრცელდება პროცესის დისპოზიციურობის პრინციპი მოპასუხეზე, რომელსაც დასახელებული პრინციპის ფარგლებში შეუძლია ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 20--ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ცნო სასარჩელო მოთხოვნა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 9--- ლარის დაკისრების ნაწილში.
ამდენად მოპასუხის მიერ 9--- ლარის დაკისრების ნაწილში სარჩელის ცნობა, ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია. ამასთანავე დადგენილია, რომ ას-–-----------ის მიერ გადახდილი არ არის ვაშლის ღირებულების თანხა, ჯამში 1-----.52 ლარი. საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა.
ამდენად მოპასუხე ას-–-----------ეს მოსარჩელე შპს ,,G------”-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 1-----.52 ლარის ანაზღაურება.
6.3. მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს ნასყიდობის საგნის გადაუხდელი ღირებულების თანხა, ფულადი ერთეულის კურსის შეცვლის გათვალისწინებით. მოსარჩელე უთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლზე. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის თანახმად, თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულის ერთეული (კურსი), ან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია გადაიხადოს იმ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს. ვალუტის შეცვლისას გადაცვლით ურთიერთობებს საფუძვლად უნდა დაედოს ის კურსი, რომელიც ვალუტის შეცვლის დღეს არსებობდა ფულის ამ ერთეულებს შორის. სასამართლო განმარტავს, რომ ეს ნორმა ეფუძნება ნომინალიზმის პრინციპს, რომლის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ვალდებული პირი კრედიტორს ფულს იმავე რაოდენობით უბრუნებს, რაც ვალდებულების წარმოშობის დროს შეესაბამება. ფულის მსყიდველობაუნარიანობა მხედველობაში არ მიიღება. თუმცა, დასახელებული ნორმა თავისი სიტყვასიტყვითი დანიშნულებით ნომინალიზმის პრინციპისაგან განსხვავებულ წესს ადგენს და უთითებს, რომ თუ ფულის ერთეული (კურსი) შეიცვალა, ფულადი ვალდებულება იგივე რაოდენობის ნომინალით კი არ უნდა დაბრუნდეს, არამედ მისი მსყიდველობაუნარიანობის გათვალისწინებით, ანუ იმ კურსით, რომელიც ვალდებულების წარმოშობის დროს არსებობდა. ამასთან, ნორმის ამგვარი სიტყვა-სიტყვითი განმარტება ეწინააღმდეგებოდა ნომინალიზმის პრინციპის არსს და მის დანიშნულებას, როგორც ეკონომიკური, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით. სწორედ ნორმის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგების თავიდან აცილებამ განაპირობა ის ფაქტი, რომ სასამართლო პრაქტიკაში სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის შინაარსი განსხვავებული პრეცედენტის წყარო გახდა. სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს დენომინაციას, ანუ ფულის ერთეულის (კურსის) გაზრდას ან შემცირებას. ასევე ვალუტის შეცვლას და ეროვნული ვალუტის ჰიპერინფლაციას. აღნიშნული ნორმის კონტექსტში, ნომინალიზმის პრინციპის გათვალისწინებით, განმარტებას საჭიროებს, თუ რა იგულისხმება ვალდებულების შესრულების დროში. სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის კონტექსტის გათვალისწინებით, ვალდებულების შესრულების დროში იგულისხმება დრო, როცა ვალდებულება უნდა შესრულდეს, ანუ დრო როცა ვალდებულება ვადამოსულია ან არსებობს კრედიტორის მოთხოვნა, და შესაბამისად, მოვალე ვალდებულია, შეასრულოს ვალდებულება. შესაბამისად, მოვალემ სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის მიხედვით, ფულადი ერთეულის (კურსის) შეცვლისას ვალდებულება იმ ფულადი ერთეულით (კურსით) უნდა შეასრულოს, რომელიც ვადა მოსული ვალდებულების წარმოშობის დროს არსებობდა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 383-ე მუხლის თანახმად, ფულადი ვალდებულება გამოიხატება ეროვნულ ვალუტაში. მხარეებს შეუძლიათ ფულადი ვალდებულება დაადგინონ უცხოურ ვალუტაშიც, თუ კანონით ეს აკრძალული არ არის. ვალუტა არის ამა თუ იმ ქვეყნის ფულადი ერთეული, რომელიც საფუძვლად უდევს ქვეყნის ფულად სისტემას. ფულადი ვალდებულება შეიძლება იყოს როგორც უპროცენტო, ისე პროცენტიანი, რომლის მოცულობაც შესაძლებელია დადგენილი იყოს ხელშეკრულებით (სახელშეკრულებო პროცენტი) ან კანონით (კანონისმიერი პროცენტი). (იხ.დამატებით: ბ.ზოიძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მე-3, მუხლი 383, თბ., 2001, 330; აგრეთვე: Draft Common Frame of Reference – DCFR-ის 1:104-ე პრინციპი. Clive/Schulte_Nölke, Principles, definitions and model rules of European Private Law: Draft Common Frame of Reference (DCFR), 2009. Jansen/Zimmermann, Was ist und wozu der DCFR NJW, 2009, 3401).
ამდენად, მოვალე ვალდებულია ვალი დააბრუნოს ფულადი ნიშნების იმავე რაოდენობით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს. ფულადი ვალდებულების შესრულების ამ პრინციპს „ნომინალიზმის” პრინციპი ეწოდება და იგი აღიარებულია ყველა განვითარებული ქვეყნის კანონმდებლობითა და სასამართლო პრაქტიკით.
„ნომინალი“ გულისხმობს ფულზე აღნიშნული ფულადი ერთეულის რაოდენობას (10 ლარი, 50 ლარი და ა.შ.). და, ამდენად, ვალიც ამ ერთეულით უნდა დაბრუნდეს. მაშასადამე, ვალდებულების საგანია ფულადი ერთეულის ესა თუ ის რაოდენობა და არა ამ ერთეულთა მსყიდველობითუნარიანობა. „ფულის მსყიდველობითუნარიანი ცვალებადობა არ ცვლის ვალის თანხას და არ წარმოადგენს გადასახდელი თანხის გადაფასების საფუძველს. აღნიშნული ცვლილების მიუხედავად, ფულის მსყიდველობითიუნარიანობა ნომინალის მიხედვით განისაზღვრება“. (შდრ.სუსგ №ას-217-207-2016, 20 მაისი, 2016) ფულადი ვალდებულების საგანს წარმოადგენს ფულადი ნიშნების გარკვეული ოდენობა, შესაბამისად, ფულის მსყიდველობითუნარიანობის ცვალებადობა არ ცვლის ვალის თანხას და არ წარმოადგენს გადასახდელი თანხის გადაფასების საფუძველს. ვალდებულება ნაკისრ თანხაში უნდა დაიფაროს, ვინაიდან ფულადი ვალდებულების საგანს წარმოადგენს ფულადი ნიშნების გარკვეული თანხა. (შდრ. სუსგ №ას-762-730-2016, 16 იანვარი, 2017, სუსგ №ას-347-3-3-2010, 19 ივლისი, 2010.)
ამდენად, ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის მოთხოვნა აშშ დოლართან მიმართებაში ლარის კურსის ცვალებადობის გათვალისწინებით თანხის დაკისრების მოთხოვნით არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.4. მოსარჩელე მხარე ითხოვს 4154,16 ლარის დაკისრებას მოპასუხისათვის, 2017 წლის 31 დეკემბრიდან სარჩელის აღძვრამდე პერიოდში მიუღებელი შემოსავლის სახით. ამასთანავე ითხოვს მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის 1.72%-ის ოდენობით თანხის დაკისრებას სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის კონტექსტის გათვალისწინებით, ვალდებულების შესრულების დროში იგულისხმება დრო, როცა ვალდებულება უნდა შესრულდეს, ანუ დრო როცა ვალდებულება ვადამოსულია ან არსებობს კრედიტორის მოთხოვნა, და შესაბამისად, მოვალე ვალდებულია, შეასრულოს ვალდებულება.
მოსარჩელე ითხოვს მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრებას 2017 წლის 31 დეკემბრიდან. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მყიდველმა დათქმულ დროში - 2017 წლის 31 დეკემბრამდე არ გადაიხადა შეთანხმებული ფასი. მოპასუხე სადავოდ ხდის ვალდებულების შესრულების დროს და განმარტავს, რომ მხარეები აღნიშნულ თარიღზე არ შეთანხმებულან. მათ შორის არსებობდა ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა და საფასურის გადახდაზე პრობლემა არასდროს არ შექმნია.
მოსარჩელეს არ აქვს წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის მიერ მითითებულ გარემოებებს, რომ ვალდებულების შესრულების დროზე მხარეები შეთანხმდნენ ან კრედიტორმა მოთხოვნა წარუდგინა მოვალეს მითითებულ დროს. მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი მოპასუხის წინააღმდეგ აღძრა 2--- წლის 2 ივლისს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
კანონმდებელი დაზარალებულს (კრედიტორს) უფლებას აძლევს, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს არა მხოლოდ ფაქტობრივი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ იმ ანაცდენი სარგებლისათვის, რომელსაც დაზარალებული მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად.
სასამართლო განმარტავს, რომ მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის, როგორც არაპირდაპირი ზიანის, დაკმაყოფილებისთვის საჭირო წინაპიროებები განმტკიცებულია უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა: „ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს“ (შდრ: სუსგ-ები №ას-459-438-2015წ; №ას-54-54-2018წ).
სასამართლო აღნიშნავს, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ზიანის, როგორც მიუღებელი შემოსავლის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება, თუმცა მიდგომა ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით განსხვავებულია, რაც განპიროპობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით, კერძოდ, სყიდვითიუნარიანობის მაღალი ხარისხით, რაც ყველა შემთხვევაში, ფულს სარგებლის მოტანის უნარს ანიჭებს. ფული ყოველთვის შემოსავლის წყაროა, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი საბანკო პროცენტის სახით. საკასაციო სასამართლო ერთ-ერთ საქმეში განმარტავს, რომ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობა კრედიტორს ყოველთვის აყენებს ზიანს და, სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტისა და არც მისი ოდენობის დადგენას (იხ. სუსგ№ას-992-950-2013, 4 მარტი, 2014 წელი).
როგორც ზემოთ აღინიშნა, ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობა კრედიტორს ყოველთვის აყენებს ზიანს და, სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტისა და არც მისი ოდენობის დადგენას. ამდენად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება საბანკო ანაბარზე თანხის განთავსებით მისაღები შემოსავლის ოდენობის გათვალისწინებით. (საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული საბანკო დაწესებულებებისათვის დადგენილი საპროცენტო განაკვეთი ანაბრებზე ()).
ამასთანავე, ვინაიდან მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა ვალდებულების შესრულების თაობაზე მხარეთა შეთანხმების არსებობა, ასევე არ დასტურდება, რომ სარჩელის აღძვრამდე მოსარჩელემ მოთხოვნა წარუდგინა მოპასუხეს ვალდებულების შესრულების შესახებ, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება სარჩელის აღძვრის დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდზე, დაკისრებული თანხის 1-----.52 ლარის 0.7-- ყოველთვიურად, გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე ურს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები სრულად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხე ას-–-----------ემ სარჩელი მოსამზადებელ ეტაპზე ცნო ნაწილობრივ 9--- ლარის დაკისრების ნაწილში. ამდენად ამ ნაწილში მოპასუხე უნდა განთავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟს გადახდისაგან, შესაბამისად მოსარჩელეს უნდა დაბრუნდეს მის მირ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 2-- ლარი. ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 233.3- ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, ძალაში უნდა დარჩეს მოცემულ საზმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს ,,G------“-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე ას-–-----------ეს მოსარჩელე შპს ,,G------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 1-----.52 (ცამეტი ათას ოთხასი ლარი, ორმოცდათორმეტი თეთრი) ლარის გადახდა;
3. მოპასუხე ას-–-----------ეს შპს ,,G------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით დაკისრებული თანხის (1-----.52 ლარი) 0.7---ის გადახდა ყოველთვიურად, სარჩელის აღძვრის დღიდან (2--- წლის 2 ივლისიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
4. მოსარჩელე შპს ,,G------“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილი 2-- ლარი (გადახდის თარიღი: 02.07.2--- წელი, საგადახდო დავალება N 8---------, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 3--------);
5. მოპასუხე ას-–-----------ეს მოსარჩელე შპს ,,G------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 233.3- ლარის და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის დანარჩენი ნაწილი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს (მის: ქ. ბოლნისი, სულხან საბა ორბელიანის ქ. №113) მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე პაატა ფხალაძე