გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 07.11.2019
საქმის ნომერი
010310118002371959
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა აქტები
თარიღი
07.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/150-18(010310118002371959)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12.11. 2019 წელი ქ. ბათუმი

 

შესავალი ნაწილი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე კობა გოცირიძე

სხდომის მდივანი ქეთევან თურმანიძე

 

მოსარჩელე - თ-----------–-----

 

მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო; ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

 

წარმომადგენელი - გ---------------–---–-

 

დავის საგანი: ქმედების განხორციელების დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაევალოს მოპასუხეს ქმედების განხორცილება - გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე თ-----------–------ სახელზე არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის თაობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს და მხარი დაუჭირა შესაგებელს. (იხ შესაგებელი)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილია, რომ მოსარჩელის სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მოქმედების ვადა ამოიწურა. მოსარჩელე ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, განცხადებით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვეს ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემა.

 

3.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა 2018 წლის 12 თებერვლის #68/48638 წერილით მოსარჩელეს უარი უთხრა არაელექტრონული პირადობის გაცემის თაობაზე. მოსარჩელემ აღნიშნული პასუხი გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში. სააგენტომ 2018 წლის 27 თებერვლის #01/68156 წერილით მოსარჩელს განუმარტა, რომ ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 12 თებერვლის #68/48638 წერილი არის ინფორმაციული ხასიათის, რომლითაც განმცხადებელს განემარტა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემის საფუძვლები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მოსარჩელის წერილობითი მომართა არ განიხილა როგორც ადმინისტრაციული საჩივარი და არ იმსჯელა მის ბათილად ცნობაზე. მოცემული წერილით მოსარჩელეს ასევე განემარტა, ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის გაცემის სამათლებრივი საფუძვლები. ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ 25-ე მუხლით გათვალისწინებული ობიექტური გარემოება, რომელთა საფუძველზედაც შესაძლებელი იქნებოდა აღნიშნული დოკუმენტის გაცემა, მოსარჩელებ განცხადებაში არ ჰქონდა მითითებული.

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

2018 წლის 12 თებერვლის #68/48638 და 2018 წლის 27 თებერვლის #01/68156 სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წერილები;

3.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის (დროებითი) განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა თ------------–-----ს სახელზე გასცეს არაელექტრონული პირადობის მოწმობა დავის დასრულებამდე. აღნიშნული (დროებითი) განჩინება გასაჩივრდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში. 2018 წლის 04 ივლისის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

(იხ. განჩინებები)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს კანონი ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო მიუთითებს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს.

 

ამავე კანონის მე-7 მუხლი ადგენს ნორმატიულ აქტთა ურთიერთმიმართებას, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ნორმატიული აქტები იყოფა საქართველოს საკანონმდებლო და საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებად, რომლებიც ქმნის საქართველოს კანონმდებლობას. საქართველოს ნორმატიულ აქტებს განეკუთვნება აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის მიხედვით, საქართველოს მინისტრის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. საქართველოს მინისტრის ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოში ელექტრონული პირადობის მოწმობა 2011 წლის ივლისიდან შემოვიდა და მათი სავალდებულო მოქმედების ძალა კანონითა და კანონქვემდებარე აქტით განისაზღვრა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“ მიღებულია საკანონმდებლო აქტის - ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მისი ამოქმედების შემდეგ და მის შესასრულებლად, რაც დადასტურებულია კანონის პრეამბულაში. მოცემულ შემთხვევაში, კანონქვემდებარე აქტი ავსებს იმ დებულებებს, რომელიც გათვალისწინებულია იერარქიულად ზემდგომი, დროში წინმსწრები საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე აქტის შესაბამისი ნორმა (მოსარჩელის მითითებით წესის 25-ე მუხლი) წინააღმდეგობაში არ მოდის საკანონმდებლო აქტის ნორმებთან და საქართველოს იუსტიციის მინისტრის N98 ბრძანების გამოცემა გამოწვეული იყო შესაბამისი ურთიერთობის მოწესრიგების მიზნებიდან გამომდინარე. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას ნორმატიული აქტების იერარქიით დადგენილი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების ურთიერთქმედებით სამართლებრივი განსაზღვრულობის დარღვევის შესახებ და მიიჩნევს, რომ კანონი და მის შესასრულებლად გამოცემული ბრძანება არ მოდის ურთიერთწინააღმდეგობაში, არამედ ავსებს და აკონკრეტებს ცალკეულ დებულებებს და სადავო ურთიერთობაც განხილული იქნება მითითებული ნორმატიულ აქტებზე დაყრდნობით.

 

6.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის თანახმად, 1. საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო. 2. სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან.3. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით. 4. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ფარგლებში. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების მიღებისა და გამოცემის ზოგადი წესი და მათი იერარქია განისაზღვრება ორგანული კანონით. 5. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, 1. საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება: ა) კანონმდებლობა ადამიანის უფლებების, საქართველოს მოქალაქეობის, მიგრაციის, ქვეყანაში შემოსვლისა და ქვეყნიდან გასვლის, საქართველოში სხვა სახელმწიფოს მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დროებით ან მუდმივად ყოფნის შესახებ;

 

,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. ამავე ორგანული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობა არის საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირი.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს, რომ მოქალაქისა და სახელმწიფოს სამართლებრივი კავშირი, განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორებით, ეს კავშირი ამ ფაქტორების კომპლექსური ნაზავია და არის ორის სუბიექტის - სახელმწიფოს, როგორც უმაღლესი სუვერენის, ძალაუფლების მპყრობელისა და მოქალაქის, როგორც ,,სახალხო სუვერენიტეტის“ სახელმწიფო ხელისუფლების წყაროს ურთიერთობა. აღნიშნული ურთიერთობა შედგება პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული, რელიგიური და ზნეობრივი უფლებებით და რაც მთავარია, ამ სუბიექტებს შორის, უფლებების გარდა, არსებობს ურთიერთვალდებულებები.

 

მოცემული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია, ამ ორი სუბიექტის - მოქალაქის (მოსარჩელე) და სახელმწიფოს (მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო) შორის წარმოქმნილი პრობლემის არსის გაანალიზება-გარკვევა და შესაბამისად, წინამდებარე დავის საგნის შინაარსიდან გამომდინარე, კონკრეტული ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების დებულებების განმარტება უნდა მოხდეს თითოეული მხარის როგორც უფლებების, ისე ვალდებულებების ჭრილში.

 

,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანისა და მოქალაქის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტების შესაბამისად ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, გარანტირებული აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება. ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო – უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.

 

ამავე კანონის III თავით განსაზღვრულია საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურების წესი. კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქისა პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია: საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, რომელიც ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს (მე-12.1 მუხლი).

 

ამავე საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემასა და შეცვლას ახორციელებს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისა და შეცვლის მოთხოვნით განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ორგვერდიანია, იბეჭდება და ივსება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე. ამავე ნორმის მე-10 პუნქტით კი დადგენილია, რომ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან გასცენ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელის სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მოქმედების ვადა ამოიწურა. მოსარჩელე ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, განცხადებით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემა.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა 2018 წლის 12 თებერვლის #68/48638 წერილით მოსარჩელეს უარი უთხრა არაელექტრონული პირადობის გაცემის თაობაზე. მოსარჩელემ აღნიშნული პასუხი გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში. სააგენტომ 2018 წლის 27 თებერვლის #01/68156 წერილით მოსარჩელს განუმარტა, რომ ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 12 თებერვლის #68/48638 წერილი არის ინფორმაციული ხასიათის, რომლითაც განმცხადებელს განემარტა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემის საფუძვლები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მოსარჩელის წერილობითი მომართა არ განიხილა როგორც ადმინისტრაციული საჩივარი და არ იმსჯელა მის ბათილად ცნობაზე. მოცემული წერილით მოსარჩელეს ასევე განემარტა, ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის გაცემის სამათლებრივი საფუძვლები. ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ 25-ე მუხლით გათვალისწინებული ობიექტური გარემოება, რომელთა საფუძველზედაც შესაძლებელი იქნებოდა აღნიშნული დოკუმენტის გაცემა, მოსარჩელებ განცხადებაში არ ჰქონდა მითითებული.

მოსარჩელე არ იზიარებს აღნიშნულ განმარტებას და მიუთითებს, რომ კანონი მას აძლევს საშუალებას მიიღოს არაელექტრონული პირადობის მოწმობა თუ მას ამის სურვილი აქვს. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ იუსტიციის მინისტრის ბრძანება N98-ით დამტკიცებულ წესზე, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ უარი უთხრა მოსარჩელეს - არის კანონქვემდებარე აქტი და მას ვერ ექნება უპირატესი იურიდიული ძალა ორგანულ კანონზე „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ პირველი მუხლის თანახმად, ეს წესი არეგულირებს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის (შემდგომში – რეგისტრაცია) და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის (შემდგომში – პასპორტი), საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო პასპორტის (შემდგომში – სამგზავრო პასპორტი) და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის (შემდგომში – სამგზავრო დოკუმენტი) გაცემის საკითხებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

 

წესის III თავით განსაზღვრულია პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის წესი. 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის, საქართველოში მცხოვრები უცხოელის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია: პირადობის მოწმობა.

 

ამავე წესის 25-ე მუხლით განსაზღვრულია პირადობის (ბინადრობის) მოწმობის სახეები. მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს უფლებამოსილმა ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეიძლება გასცენ მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილმა სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გასცენ შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე ნების გამოხატვა შეუძლებელია იმ პირის მძიმე ავადმყოფობის გამო, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი. ნების გამოხატვის შეუძლებლობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი ცნობით/დოკუმენტით; ბ) სააგენტოსგან დამოუკიდებელი მიზეზით (მეტეოროლოგიური პირობები, ფორსმაჟორული გარემოებები და სხვ.) შეუძლებელია დამზადებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მიწოდება/გადაცემა მისი გამცემი ტერიტორიული სამსახურისათვის ან/და დაინტერესებული პირისათვის; გ) თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია იმ პირის გადაადგილება (ტერიტორიულ სამსახურში გამოცხადება), რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი); დ) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, ფსიქიატრიული დახმარების მიღების მიზნით იმყოფება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი); ე) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, იმყოფება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს ისეთ პირობას, რომლითაც მოსარჩელეს შესაძლებლობა ექნებოდა აეღოთ არაელექტრონული პირადობის მოწმობა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ობიექტური, კანონით დადგენილი კონკრეტული მიზეზების ჩამონათვალს, რომელიც იძლევა შესაძლებლობას დროებით მოქმედების (6 თვის ვადით) ძალის მქონე არაელექტრონული პირადობის მოწმობა იქნეს აღებული, მოცემულია წესის 25-ე მუხლში. მითითებული მუხლი ადგენს იმ საგამონაკლისო შემთხვევებს, როდესაც მოქალაქეს ფიზიკური, ფსიქიკური შეზღუდული შესაძლებლობების, ბუნებრივი მოვლენებისა თუ სხვა, ამავე მუხლში მითითებული გარემოების გამო, არ შესწევს უნარი მიიღოს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა. ობიექტური გარმოება არ მოიცავს პირის სუბიექტურ განწყობას და სურვილს, არამედ, იგი დამყარებულია კონკრეტულ გარემოებებზე. ამასთან, ამავე წესის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი განმარტავს, რომ 2. ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირადობის მოწმობა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფროსის დასაბუთებული გადაწყვეტილების შესაბამისად გაიცემა არაუმეტეს 6 თვის ვადით. ასეთი საგამონაკლისო შემთხვევების გათვალისწინების აუცილებლობა გამომდინარეობს სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულებიდან, რომ მისი მოქალაქე არ დარჩეს სამართლებრივი ურთიერთობის მიღმა მისგან დამოუკიდებელი ან მისი ნების საწინააღმდეგოდ შექმნილი ვითარების გამო. იმ დროს, როდესაც, მოსარჩელე ითხოვდა არალექტრონული პირადობის მოწმობების გაცემას, სახეზე არ იყო წესის 25-ე მუხლით დადგენილი ობიექტური გარემოება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს მისცემდა შესაძლებლობას განმცხადებელზე გაეცა პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე. სხვა შემთხვევებს, რომლებიც იძლევიან იმის დაშვების უფლებას, რომ გაცემული იქნეს არალექტრონული პირადობის მოწმობა, მოქმედი კანონმდებლობა არ ცნობს. ამდენად, ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტები ითვალისწინებს მხოლოდ ინფორმაციის მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობის გაცემის სავალდებულოობას იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რაც თავად ამავე ნორმებში არის მითითებული.

 

6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ საკანონმდებლო რეგულაციით, სავალდებულო სახით დაადგინა ელექტრონული პირადობის მოწმობის არსებობა, თუმცა გონივრული მიდგომის შედეგად განსაზღვრა, მოქალაქეების მიერ მათი აღებისა და გამოყენების დრო. იმ პირების მიმართ, რომლებსაც 2011 წლისათვის ჯერ კიდევ ჰქონდათ ძალაში მყოფი პირადობის მოწმობა, დაწესდა მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ ელექტრონული პირადობის მოწმობის აღების სავალდებულოობა. შესაბამისად, მოსარჩელის, რომლის პირადობის მოწმობას მოქმედების ვადა გაუვიდა შესასრულებლად სავალდებულოდ განისაზღვრა ინფორმაციის მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობის აღება. კანონმა არ გაითვალისწინა პირის სუბიექტური სურვილის პირობებში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, რამეთუ სახელმწიფო გარკვეული სახის რეგულაციების მიღებისას, ითვალისწინებს კაცობრიობის განვითარების ეტაპზე ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენების უპირატესობასა და აუცილებლობას, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას იღებს უმრავლესობის სასარგებლოდ. სახელმწიფოს მიერ მოქალაქეებისათვის შემოთავაზებული პირადობის ელექტრონული მოწმობა წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ დოკუმენტს, რომელიც სახელმწიფოსა და მოქალაქის საერთო სამართლებრივი მიზნების გაერთიანების შედეგად არის მიღებული, რათა დაცული იქნეს მოქალაქეთა ინტერესები მათი პირადი დოკუმენტაციისა გაყალბებისა და ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების თვალსაზრისით.

 

მოსარჩელე, არაელექტრონული პირადობის მოწმობის აღების სურვილს უკავშირებს საკუთარი, როგორც მოქალაქის არჩევანის უფლების მქონე სუბიექტის უფლებას. მოსარჩელის არგუმენტაციას თავის სურვილთან დაკავშირებით, ის არაელექტრონული პირადობის მოწმობის აღებას უკავშირებს სუბიექტური ნების, სურვილის არსებობას და ითხოვს კანონის ნორმის თავისი ნების შესაბამისად განმარტებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონის განმარტებისას, მართლმსაჯულება ვერ დაეყრდნობა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებას და სურვილს, თუნდაც მისი არგუმენტაცია დასაბუთებულობის მაღალი ხარისხის მქონეს წარმოადგენდეს. მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს კანონმდებლობიდან და უნდა იყოს ლეგიტიმური. მოთხოვნა კანონიერია, თუ მსგავსი მდგომარეობა ასახულია კანონში, ხოლო მოთხოვნა ლეგიტიმურია, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო არღვევს კანონში ასახულ და განმტკიცებულ დებულებებს, რომლის გამოც ილახება მოქალაქის უფლება და ინტერესი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ გამომდინარეობს კანონის განმარტებიდან, რაც ნიშნავს, რომ ვერ იქნება გაზიარებული არგუმენტაცია მისი სამოქალაქო უფლებების შეზღუდვისა და დარღვევის თაობაზე. მოსარჩელის ინტერესი მხოლოდ მაშინ არის დაცვის ღირსი, როდესაც ეს ინტერესი პატივსადებია და შესაბამისად, კანონით არის დაცული. ხოლო ინტერესი, რომელიც სცდილდება კანონით დადგენილ წესებს, ვერ იქნება სასამართლოს მსჯელობის საგანი. დავის გადაწყვეტის მიზნით გამოსაყენებელი ნორმატიული აქტების დებულებების გათვალისწინებით, არ იკვეთება დასაბუთებული წინაპირობა იმისა, რომ სასამართლომ უნდა დაავალდებულოს ადმინისტრაციული ორგანო მოსარჩელეზე გასცეს არაელექტრონული პირადობის მოწმობა. აღნიშნული ქმედების განხორციელების დავალდებულება წინააღმდეგობაში მოდის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის კანონით დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებასთან, მატერიალურ სამართალთან და კანონის მიზნებთან.

 

6.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის დაკმაყოფილების პირობებს, ამავე კოდექსის 331-ე მუხლი შეიცავს, რომელიც სარჩელის დაკმაყოფილებას უკავშირებს სარჩელის დასაშვებობის რამოდენიმე პირობას, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე კანონს უნდა ეწინააღმდეგებოდეს, ამასთანავე ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს უნდა აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნებს. შესაბამისად, არ არსებობს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ - სამართლებრივი საფუძვლები. მოსარჩელის მოთხოვნა, როგორც უსაფუძვლო, არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სახეზე არ არის ადმინისტრაციული ორგანოს უარი მოქმედების განხორციელებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს და ამასთანავე ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის საფუძველზე მიღებული ბათუმის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის დროებითი განჩინება ძალას კარგავს მოცემულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას.

სარეზოლუციო ნაწილი;

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, 24-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.თ-----------–------ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.მოსარჩელის თ-----------–------ მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), გადაწყვეტილების ასლის მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30) მეშვეობით. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;

 

მოსამართლე კობა გოცირიძე