გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #170210019003064582
საქმე #2/109-2019
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თეთრიწყარო
შესავალი ნაწილი
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო
მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი
სხდომის მდივანი ინგა გონჯილაშვილი
მოსარჩელე - შპ-----------–------------",მოსარჩელის წარმომადგენელი - ნ-------–--------–---–-, თ--------------–-–---–-, ბ----–-----–--,მოპასუხე - გ----------------,აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გ----------------ს შპ-----------–------------ს" სასარგებლოდ დაეკისროს მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მიყენებული ზიანის 3062 ლარის ანაზღაურება.
1.2. გ----------------ს შპ-----------–------------ს" სასარგებლოდ დაეკისროს ავტო საჯარიმო სადგომზე გადახდილი 143 ლარის, ექსპერტიზის დასკვნისათვის გაღებული ხარჯის 367 ლარის და იურიდიული მომახურებისათვის გაწეული ხარჯის 500 ლარის ანაზღაურება.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს პირველი სახაზო-სამმართველოს კრწანისის მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორის თანამშრომლის მიერ 2019 წლის 27 მაისს შედგენილი პატაკის თანახმად, ქ. თბილისში გულუას ქუჩაზე, ავტოსადგურის მიმდებარედ, მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, ავტომანქანების შეჯახების მხარეებია მოპასუხე გ----------------, რომელიც მართავდა ფორდის მარკის ავტომანქანას სახელმწიფო ნომერი K------, შ------------, რომელიც მართავდა რენაულტის მარკის ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით-------------ა თურქეთის მოქალაქე Y-----------------------------------, რომელიც მართავდა W----------------- მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით---------. გ----------------მ ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება და მოახდინა წინ მიმავალი ავტომანქანის შეჯახება და აღნიშნულის გამო საპატრულო პოლიციის მიერ დაჯარიმებული იქნა 250 ლარით. ავტომანქანა „----------------- ს------------- მძღოლის მოთხოვნით მოპასუხე და მოსარჩელე მხარეების ავტომობილები გადაყვანილი იქნა სპეციალურად დაცულ (საჯარიმო) ავტოსადგომზე. მოპასუხე მხარის ბრალეული ქმედების შედეგად მოსარჩელე მხარეს დაუზიანდა ავტომანქანა. მოსარჩელე მხარემ ჩაატარა სპეციალური ექსპერტიზა მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობის განსასაზღვრად. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა შეადგენს 3062 ლარს. მოსარჩელე მხარემ 2019 წლის 13 ივნისს მოახდინა მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანის სპეციალურად დაცულ (საჯარიმო) ავტოსადგომიდან გამოყვანა, რისთვისაც მოუხდა ჯარიმის თანხის 143 ლარის გადახდა. ჯამში მოსარჩელე მხარეს მოპასუხე მხარის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მიადგა 3572 ლარის ოდენობის ზარალი, რომელიც მოიცავს ექსპერტიზის ჩატარების და ავტომობილის სპეციალურად დაცულ (საჯარიმო) ავტოსადგომიდან გამოყვანის ხარჯებს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე გ----------------მ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ ის თავს არ არიდებს პასუხისმგებლობას და ის თანახმა იყო შეეკეთებინა მოსარჩელის ავტომანქანა. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ხარჯები არის არარეალური, თვით მოსარჩელე მხარის მიერ მოყვანილმა ხელოსანმა ავტომანქანის შეკეთებაში ავტონაწილებიანად მოითხოვა 1000 ლარი, რაზეც მოსარჩელე მხარემ თავიდან განაცხადა თანხმობა, ხოლო შემდეგ განაცხადა უარი. სასამართლო სხდომაზე გ----------------ს არ დაუსახელებია თანხა, რომლის ოდენობასაც აღიარებს დავის საგანთან დაკავშირებით, მან სადავო გახადა მიყენებული ზიანის ოდენობა. მის მიერ წარმოდგენილი იქნა დასკვნა, რომლის თანახმად 2019 წლის 27 მაისის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოსარჩელის კუთვნილ ავტომანქანაზე მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 1010 ლარს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2019 წლის 27 ივნისს ქ. თბილისი, გულუას ქუჩაზე, ავტოსადგურის მიმდებარედ მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, გ----------------მ ვერ უზრუნველყო თავისი მართვის ქვეშ მყოფი ფორდის მარკის ავტომანქანით სახელმწიფო ნომერი K------ მოძრაობის უსაფრთხოება და მოახდინა წინ მიმავალი ავტომანქანის შეჯახება. გ---------------- დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის 250 ლარი და ამოწერილ იქნა ელექტრონული საჯარიმო ქვითარი.
მოპასუხე გ----------------ს ელექტრონული საჯარიმო ქვითარი არ გაუსაჩივრებია.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს პირველი სახაზო-სამმართველოს კრწანისის მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორის თანამშრომლის 2019 წლის 27 მაისის პატაკი, ს.ფ. 20.
- ელექტრონული საჯარიმო ქვითარი, ს.ფ. 26.
3.1.2. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტის სასაქონლო ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტ-------–------–---–-ს მიერ 2019 წლის 11 ივნისს გაცემული #--------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად-ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ, 2013 წელს დამზადებულ მსუბუქ ავტომობილ „------------------ზე, სახელმწიფო ნომრით---------- საიდენტიფიკაციო ნომრით------------------ მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, დღევანდელი საბაზრო ფასებისა და გაუთვალისწინებელი ხარჯების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ შეადგენს 3062 (სამიათას სამოცდაორი) ლარს.
მოსარჩელის მიერ ექსპერტიზის ჩატარებისათვის გადახდილია მომსახურების საფასური 367 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 11 ივნისის #--------- ექსპერტიზის დასკვნა, ს.ფ. 27-35;
- 2019 წლის 13 ივნისის #939 საგადასახადო დავალება, ს.ფ. 37.
3.1.3. ქონების შემფასებელ შ-------------------------- სახელით ს----–---------- მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, 2019 წლის 17 ივლისის მდგომარეობით „------------------ზე, სახელმწიფო ნომრით----------ვარიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა შეფასებული იქნა და შეადგენს 1010 ლარს: საქარე მინის ღირებულება 150 ლარი, საქარე მინის მონტაჟი 90 ლარი, მძღოლის და მგზავრის აირბაგი 300 ლარი, აირბაგების მონტაჟი 100 ლარი, წინა და უკანა ბამპერების გასწორება 150 ლარი, შეღებვა 120 ლარი, ჯამი 910 ლარი, ზედნადები ხარჯები 100 ლარი სულ ღირებულება 1010 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქონების შემფასებელ შ-------------------------- ქონების შეფასების დასკვნა,ს.ფ. 106-113.
3.1.4. 2019 წლის 16 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, შ----------------- განახორციელა ავტომანქანა "------------------ს სახელმწიფო ნომერი---------- სარემონტო სამუშაოები 3710 ლარის ღირებულების.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2019 წლის 16 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტი, ს.ფ. 147-148;
- სასაქონლო ზედნადები #ელ-0466916597, ს.ფ. 149-151.
3.1.5. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 18 სექტემბერის #5006036919 წერილით სასამართლოს ეცნობა, რომ განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარება ვერ მოხდა, რადგან ავტომობილზე უკვე ჩატარებულია აღდგენითი სამუშაოები, რის გამოც დაზიანებების ვიზუალური დათვალიერება და შესაცვლელი დეტალების აღწერა შეუძლებელია.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 18 სექტემბერის #5006036919 წერილი, ს.ფ. 134.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოსარჩელე შ------------–------------- მოპასუხე გ----------------ს ქმედებით მიადგა 2620 ლარის მატერიალური ზიანი.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერ მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, კანონმდებელმა ერთის მხრივ განსაზღვრა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტი, ხოლო მეორეს მხრივ დაადგინა მტკიცებულებათა დასაშვებობის კრიტერიუმები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას მტკიცების საგანაში შემავალი ფაქტის დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომელთა საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტების არსებობის ვარაუდის შესახებ, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთ ვარაუდს გააქარწყლებენ - დაკისრებული აქვს მოპასუხეს. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე. ფაქტები, რომლებიც ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, უნდა დაამტკიცოს მოპასუხემ, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელე თავისუფალია ამ ფაქტების დამტკიცებისაგან. მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ მსუბუქ ავტომობილ „------------------ზე, სახელმწიფო ნომრით--------- საიდენტიფიკაციო ნომრით------------------ მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, საბაზრო ფასებისა და გაუთვალისწინებელი ხარჯების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ შეადგენს 3062 (სამიათასსამოცდაორი) ლარს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით და სასაქონლო ზედნადებით დასტურდება, რომ გ-----------------ს ქმედების შედეგად, მოსარჩელე შ------------–------------- მიადგა 2620 ლარის ზიანი.
მოპასუხე მხარე სადავოს ხდის ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ მონაცემებს, თანხების ოდენობას.
სასამართლოს მიერ სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი ა-----–------–---–-, რომელმაც დაადასტურა, რომ 2019 წლის 11 ივნისს გაცემული #--------- ექსპერტიზის დასკვნის მონაცემები შეესაბამება საბაზრო ფასებს და ისე იქნა მითითებული დასკვნაში. მან ინფორმაცია მოიძია ინტერნეტ საიტზე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში გასული იყო მეორადი ნაწილების ბაზრობაზეც. მან განმარტა, რომ 200 ლარი არის მეორადი ორიგინალი საქარე მინის რეალური, საბაზრო ფასი. ფარი ცალკე ნაწილებად არ იყიდება და საჭირო იყო მისი შეძენა, დაზიანებული იყო უკანა ამრეკლი, საჭის აირბალიში, რომელიც ცალკე არ იცვლება და უნდა შეიცვალოს მთლიანად საჭე, რაც ღირს 300 ლარი, აირბალიშებიც ცალკე არ იცვლება, უნდა შეიცვალოს მთლიანად ტორპედო - 500 ლარი, ორივე ღვედი იყო გაჭედილი, აირბალიშის კაფსულები იყო გახსნილი, წინა სანომრე ნიშანი იყო გაღუნული, დეფორმირებული, პლასტმასი გატეხილი, ჩასატარებელი იყო სათუნუქე და სამღებრო სამუშაოები, წინა და უკანა საბარგული იყო შესაკეთებელი, ესაჭიროებოდა ღიობებში გასწორება, შესაღები იყო მთლიანად წინა ბამპერი, უკანა ბამპერი მოხსნა-დაყენებას საჭიროებდა, ასევე საჭიროებდა პლასტმასის სამუშაოების ჩატარებას, საჭიროებდა საქარე მინის მოხსნა-დაყენებას, ღვედების მოხსნა დაყენებას. მხოლოდ ბამპერის მოხსნა დაყენება 100 ლარი ღირს, ფარის მოხსნა დაყენება 20-30 ლარი, ღვედების დაყენება 10-10 ლარი, ტორპედოს დაყენება 150-200 ლარი.
ა-----–------–---–-ა განმარტა, რომ მას არ შეუმოწმებია პარკირების 3 სენსორი ტექნიკურად მუშაობდა თუ არა, მან დაინახა მათზე ზემოქმდების კვალი და მხოლოდ ამის გამო მიუთითა დასკვნაში. დასკვნაში მითითებულ სხვა მონაცემებთან მიმართებით მის მიერ გაცემულ იქნა ამომწურავი პასუხი, რასთან დაკავშირებითაც მოპასუხე გ----------------ს შეკითხვები არ ჰქონია.
მოსარჩელის წარმომადგენელის ბ----–-----–--ს მიერ სხდომაზე განმარტებულ იქნა, რომ წინა განივი ძელი გაასწორეს, თუმცა მისი ღირებულება 150 ლარი მითითებულია ექსპერტიზის დასკვნაში, მაგრამ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მის მიერ გაღებულ იქნა ხარჯები მის შესასყიდად წარმოდგენილი არ არის. აღნიშნულს ადასტურებს ასევე მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტი და სასაქონლო ზედნადები, მიღება ჩაბარების აქტში მითითებულია წინა განივი ძელის ღირებულება 250 ლარი, მაგრამ აღნიშნული წინა განივი ძელის შეძენის ფაქტი არ დასტურდება ანგარიშფაქტურით. მოსარჩელე მხარის მიერ ასევე განმარტებული იქნა, რომ მათ არ გამოუცვლიათ სანომრე ნიშანი.
შესაბამისად დასტურდება, რომ 2019 წლის 11 ივნისს გაცემული #--------- ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული მონაცემები, კერძოდ წინა განივი ძელის ღირებულების 250 ლარის, პარკირების 3 სენსორის ღირებულების 100 ლარის, სანომრე ნიშნის ღირებულების 46 ლარის გამოკლებით შეესაბამება საბაზრო ფასებს და შეადგენს 2620 ლარს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ დელიქტური ვალდებულების არსებობისას ზიანის არსებობა გამოიანგირიშება მართლსაწინააღმდეგო ქმედების დროს დაზიანებული სიკეთის ხელყოფის ხარისხით და ხელყოფის აღმოფხვრისათვის გაწეული მატერიალური რესურსის დანაკარგებით. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებისას მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გასაქარწყლებლად აუცილებელია მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგო, გამაბათილებელი, განსხვავებული ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა.
მოპასუხის მიერ მარტოოდენ მითითება იმ გარემოებაზე, რომ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ოდენობის ზიანი არ მიუყენებია, საკმარისი არ არის. სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს, რომლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლოს ხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ დასკვნაზე ხელმომწერი პირი------–---------, მას სასამართლო სხდომის თარიღი ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით და გაეგზავნა უწყება პირადად მის მიერ მითითებულ მისამართზე, რომელიც ვერ ჩაბარდა არასრული მისამართის გამო.
მოპასუხე მიუთითებს, რომ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა უფრო ნაკლებია, ვიდრე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნითაა დადგენილი. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შეფასების დასკვნის თანახმად, 2019 წლის 17 ივლისის მდგომარეობით „------------------ზე, სახელმწიფო ნომრით--------- ავარიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა შეფასებულ იქნა და შეადგენს 1010 ლარს: საქარე მინის ღირებულება 150 ლარი, საქარე მინის მონტაჟი 90 ლარი, მძღოლის და მგზავრის აირბაგი 300 ლარი, აირბაგების მონტაჟი 100 ლარი, წინა და უკანა ბამპერების გასწორება 150 ლარი, შეღებვა 120 ლარი, ჯამი 910 ლარი, ზედნადები ხარჯები 100 ლარი სულ ღირებულება 1010 ლარი.
სასამართლოს ხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი შეფასების დასკვნის გამცემი პირი------–---------. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში მითითებული ხარჯის მონაცემები მოიცავს მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შეფასების დასკვნაში მითითებულ მონაცემებს, თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილია დასკვნა დეტალური და სრული მონაცემების მითითებით, ხოლო მოპასუხის მიერ წარმოდგენილია დასკვნა, რომელშიც მითითებული არ არის ის სამუშაოები და დეტალები, რომელიც გამოკვლეულ იქნა სასამართლოს მიერ, რასაც დაეთანხმა მოპასუხე მხარე. მოპასუხე მხარის მიერ სადავო არ გამხდარა ავტომანქანის კონკრეტული დეტალების (საქარე მინა, ბამპერი, აირბაგი, ტორპედოს) დაზიანების ფაქტი, მის მიერ სადავოა მხოლოდ ნაწილების ღირებულებისა და მათი შეკეთების ხარჯების ოდენობა, თუმცა მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა მის მოსაზრებას წარმოდგენილი არ იქნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 11 ივნისის #--------- ექსპერტიზის დასკვნა, ს.ფ. 27-35;
- ქონების შემფასებელ შ-------------------------- სახელით ს----–---------- ქონების შეფასების დასკვნა,ს.ფ. 106-113;
- ექსპერტ-------–------–---–-ს განმარტება, იხ. 17.10.2019 სხდომის ოქმი.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხე გ----------------ს, მოსარჩელე შპ-----------–------------ს" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მიყენებული ზიანის 2620 ლარის გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 408-ე, 409-ე,414-ე, 992-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიიჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი დავა გამომდინარეობს ზიანის მიყენების შესახებ სამართლებრივი ურთიერთობიდან (დელიქტიდან) და, შესაბამისად, უნდა განისაზღვროს, თუ რამდენად არსებობს ზიანის ანაზღაურების შესახებ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგელობის დაკისრებისათვის კანონით გათვალისწინებული საფუძველი. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. ზემოაღნიშნულიდან ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. დელიქტის დროს ერთ-ერთი მნიშვენელოვანი საკითხია ზიანის ოდენობის დადგენა. განსახილველ შემთხვევაში მხარეები არ დავობენ ზიანის არსებობაზე, მოპასუხე მხარის მიერ სადავოა ზიანის ოდენობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. მოცემულ შემთხვევაში, სასამართოს მიერ დადგენილ იქნა ფაქტობრივი გარემოება, რომ 2019 წლის 27 მაისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მოსარჩელე შ------------–------------- მოპასუხე გ----------------ს ქმედებით მიადგა 2620 ლარის მატერიალური ზიანი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არის ნორმის შემადგენლობის ყველა ის პირობა, რაც აუცილებელია ზიანის დაკისრებისათვის. სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველი ნორმის თანახმად, აუცილებელია, მხედველობაში იყოს მიღებული მოსარჩელის ის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება დაზიანებული ავტომანქანის აღდგენას. ამდენად, მიყენებული ზიანის ოდენობა უნდა განისაზღვროს დაზიანებამდე ავტომანქანის მდგომარეობასა და მის აღდგენაზე რეალურად გაწეული ხარჯების ოდენობით, რაც მოცემულ შემთხვევაში შეადგენს 2620 ლარს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შპს ,,შპ-----------–------------ს" სარჩელი მოპასუხე გ----------------ს მიმართ მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. 7. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა 85%-ით, შესაბამისად მოპასუხე გ----------------ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ წინასწარ გადახდილი სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი ბაჟის 50 ლარის და სახელწიფო ბაჟის 106,95 ლარის გადახდა დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად. რაც შეეხება სასამართლოს გარეშე ხარჯებს, მოპასუხე გ----------------ს, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ადვოკატის მომსახურების ხარჯის, 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, ასევე სასაქონლო ექსპერტიზის ჩატარებისათვის გაღებული საფასურის - 314 (სამას თოთხმეტი) ლარის ანაზღაურება დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. სასამართლო, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოთხოვნას იმ ხარჯის ანაზღაურების ნაწილში, რაც დაკავშირებულია ავტომანქანის საჯარიმო სადგომზე გადაყვანასა და დგომასთან, რამეთუ აღნიშნული არ განეკუთვნება სასამართლოს გარეშე ხარჯს, მათ შორის არც სხვა აუცილებელ საპროცესო ხარჯს, შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს. 8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების და საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია. აღნიშნულ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილებით კი მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად, არ არსებობს 2019 წლის 26 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპ-----------–------------ს" სარჩელი გ----------------ს მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე გ----------------ს (---------------- შპ-----------–------------ს" (ს/კ----------) სასარგებლოდ დაეკისროს მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 2620 ლარის ოდენობით;
3. მოპასუხე გ----------------ს (---------------- შპ-----------–------------ს" (ს/კ----------) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ წინასწარ სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი ბაჟის 50 ლარის და სახელმწიფო ბაჟის 106,95 ლარის გადახდა;
4. მოპასუხე გ----------------ს (---------------- შპ-----------–------------ს" (სკ----------) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გაღებული ექსპერტიზის ჩატარებისათვის გადახდილი 314 (სამასთოთხმეტი) ლარის და იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 500 (ხუთასი) ლარის გადახდა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი