განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 820100119003187540
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
საქმის # 1/211-2019 წ
25 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი
მოსამართლე დავით გელაშვილი
სხდომის მდივანი სოფია კობახიძე
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე _ პროკურორი რო--------–----ე
დაცვის მხარე - ადვოკატი მა------------ე
ბრალდებული - რო-–----------ე (დაბადებული 19---–-–----------------ს, პ/ნ 61---------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული ბათუმი, თა----------ს ქუჩა #------ და ფაქტობრივად მცხოვრები ქედა, სოფელი ცხ-------ი).
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილი - ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ;
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
რო-–----------ემ, რომელიც ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 ნოემბრის დადგენილებით ცნობილი იქნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირად და ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარი, 2018 წლის ნოემბრის თვის ბოლოს, ქედის სატყეო ადმინისტრაციის, ცხმორისის სატყეოს N03 სამცველოს, კვარტალ N49-ის, ტერიტორიაზე, კვლავ უკანონოდ გაჩეხა 08 (რვა) ძირი თხმელის ჯიშის, საერთო მოცულობით 3.54 კბ/მ მეორე ხარისხის ხეები. აღნიშნული ქმედებით ქედის სატყეო ადმინისტრაციას მიადგა 106,20 (ას ექვსი ლარი და ოცი თეთრი) ლარის ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ;
ბრალდებულმა რო-–----------ემ, როგორც გამოძიებისას, ასევე სასამართლოს წინაშე სრულად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას. სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან, მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის რეგიონული სამმართველოს წერილი თან დართული მასალებით, რა-----------ის, ამ---------–--ის, რო-–----------ის, რო--------ის, გამოკითხვის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, დათვალიერების ოქმი, გადახდის ქვითარი, აჭარის პრობაციის ბიუროს წერილი, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის განაჩენი, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს წერილი.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის, საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე №46 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით ხე-ტყით მოსარგებლეა – პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს ხე-ტყის მოპოვების უფლება ან ხე-ტყის მესაკუთრე, ასევე სახელმწიფო, თვითმმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში მყოფ ტერიტორიაზე არსებული ხე-მცენარეების მესაკუთრე.
მე-3 მუხლის პირველი ნაწილით კი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ხე-ტყის კანონიერ წარმოშობას, დადგენილი წესით ივსება ხე-ტყის დამზადების ან ხე-ტყის დატვირთვის ადგილზე ხე-ტყის ტრანსპორტირებამდე.
ტყის კოდექსის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ნ” პუნქტით - ხის უკანონო ჭრაა - ხეების ნებართვის გარეშე მოჭრა;
რო-–----------ე არ იყო ხე-ტყით ისეთი მოსარგებლე, რომელსაც მინიჭებული ჰქონდა კანონმდებლობით დადგენილი წესით ხე-ტყის მოპოვების უფლება, იგი ასევე არ წარმოადგენდა ხე-ტყის მესაკუთრეს, ასევე არ გააჩნდა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი და ნებართვა, შესაბამისად მის მიერ ხის გაჩეხვა იყო უკანონო.
2018 წლის 16 ნოემბრის ქედის მაგისტრატი სასამართლოს დადგენილებით რო-–----------ე ცნობილი იქნა დამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ადმინისტრაციული სახდელის სახედ დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა რო-–----------ემ, როგორც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებულმა პირმა უკანონოდ გაჩეხა ხე.
სამართლებრივი შეფასება:
ბრალდებულმა რო-–----------ემ, როგორც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებულმა პირმა, მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - ხის უკანონო გაჩეხვით - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებები გარკვეულ წილად საშიშ ქმედებას წარმოადგენს, ვინაიდან ზიანდება გარემო და ბუნება, ხე-მცენარის გაზრდას წლები სჭირდება, ხის გაჩეხვა კი იწვევს სხვა მნიშვნელოვან უარყოფით ცვლილებებს ბუნებაში და გარესამყაროში, რის გამოც ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია (როგორც კერძო, ასევე ზოგადი) საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის მიდგომებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომავალში, როგორც ბრალდებულის, ასევე სხვა პირთა მიერ ანალოგიური დანაშაულის ჩადენა.
სასჯელის პრევენციის მიზნების გარდა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების მიზანია სამართლიანობის აღდგენა ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი და ადეკვატური სასჯელის დანიშვნის გზით, რომლითაც ასევე მიღწეული უნდა იქნეს დამნაშავე პირის რესოციალიზაცია და მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად დაბრუნება.
თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ ქმედების ჩადენა განაპირობა მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებმა. სახეზეა პირდაპირი განზრახვით ჩადენილი, ნაკლებად მძიმე კატეგორიის არაძალადობრივი დანაშაული. რო-–----------ე დაოჯახებულია და ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი, მის მიერ უკანონოდ გაჩეხილი იქნა მეორე ხარისხის ხე-ტყე, რომლის ზიანმა შეადგინა 106.2 ლარი, რაც რო-–----------ის მიერ ანაზღაურებულია, მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიან ბაზაში.
ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ რო-–----------ე აღიარებს ჩადენილს, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმის შესაფასებლად, რომ მან გაიაზრა მის მიერ ჩადენილი ქმედება და შედარებით იოლია მისი რესოციალიზაცია, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ აუცილებელი არაა მისი იზოლაცია და სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სანქციით გათვალისწინებული პირობით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნით, შესაბამისი გამოსაცდელი ვადით, რაც სასამართლოს აზრით საკმარისია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას.
სასჯელის ზომის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია საქართველოს სსკ-ის მე-17 და 58-ე მუხლებით დადგენილი წესი, ვინაიდან სახეზეა დანაშაულის რეციდივი.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის განაჩენით რო-–----------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათის ოდენობით, რაც მის მიერ შესრულებული იქნა 2018 წლის 26 მარტის მდგომარეობით.
საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის თანახმად მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ნასამართლობა გაქარწყლდება თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ;
შესაბამისად დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს 2018 წლის ნოემბრის თვის ბოლოს რო-–----------ე ითვლებოდა ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევ პირად.
სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული განეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, რომლის ჩადენის დროს რო-–----------ე ნასამართლევი იყო საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც განეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს.
ამდენად, რო-–----------ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის და 06 თვის ვადით, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით და შესაბამისად საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად უნდა განესაზღვროს 01 (ერთი) წელი და 06 თვე.
ნივთმტკიცების, ყადაღის და სხვა საკითხები:
ნივთმტკიცება წარმოდგენილი არ ყოფილა.
ასევე უნდა გაუქმდეს რო-–----------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება გირაო. იმის გათვალისწინებით, რომ არაა წარმოდგენილი ინფორმაცია უზრუნველყო თუ არა რო-–----------ემ გირაო ფულადი თანხით, ან უძრავი ქონებით სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ამ საკითხზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-3-ე მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რო-–----------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვით გამოსაცდელი ვადით.
რო-–----------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
გაუქმდეს რო-–----------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება გირაო.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო.
მოსამართლე დავით გელაშვილი