გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2-369-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17 ოქტომბერი 2019 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მამუკა ნოზაძე
სხდომის მდივანი გვანცა ბერუაშვილი
მოსარჩელე - თ-----ი ნ----–---–ი
მოსარჩელის წარმომადგენელი - ა-–---------ე ქ-----–---–ი
მოპასუხე - ზ------ა მ-----–---ძე
მოპასუხის წარმომადგენელი- მ----ა ჯ-------–---–-
დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ზ------ა მ-----–---ძის (პ/ნ 1----------) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას თ-----ი ნ----–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: რაიონი გ----------, ს------–- ახალს------–-, საკადასტრო კოდი: 8-.1-.0-.0-- და იგი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელე თ-----ი ნ----–---–ს. 1.2. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები: სარჩელში მითითებულია, რომ თ----- ნ----–---–მა 2019 წლის 07 მაისს შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე: რაიონი გ----------, ს------–- ახალს------–-, საკადასტრო კოდი: 8-.1-.0-.0--, მიუხედავად ამისა, აღნიშნულ ქონებას უკანონოდ ფლობს ზ------ა მ-----–---ძე და არაერთი მოთხოვნის მიუხედავად არ ათავისუფლებს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა მოთხოვნა, კერძოდ, მოითხოვა, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. 2.მოპასუხის პოზიცია მოპასუხე ზ------ა მ-----–---ძემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ უძრავ ქონებაში ცხოვრობენ მისი მეუღლე, შვილები, შვილიშვილები და დედა, აღნიშნული ქონება წარმოადგენს მათ ერთადერთ საცხოვრებელ ადგილს, შესაბამისად, ცდილობს მოიძიოს ფულადი სახსრები, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გასტუმრების სანაცვლოდ უძრავი ქონება ისევ მის საკუთრებაში აღირიცხოს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
33.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები 3.1.1. უძრავი ქონება, მდებარე: რაიონი გ----------, ს------–- ახალს------–-, საკადასტრო კოდი: 8-.1-.0-.0--, საკუთრების უფლებით აღრიცხულია თ-----ი ნ----–---–ის სახელზე. მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 15-16). 3.1.2. ზ------ა მ-----–---ძეს თანხმლებ პირებთან ერთად სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, თვითნებურად, მართლსაწინააღმდეგოდ დაკავებული აქვს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მთლიანი მოცულობა, რაც შეუძლებელს ხდის და მთლიანად გამორიცხავს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე მოსარჩელის მართლზომიერი მფლობელობის შესაძლებლობას, ხოლო მოპასუხის მოქმედებას აქვს დენადი უწყვეტი ხასიათი და გრძელდება დღემდე. სადავო უძრავ ქონებას მოპასუხე არ ათავისუფლებს, მიუხედავად იმისა, რომ მისი უკანონო მფლობელობა მართლზომიერი მოსარგებლის/მფლობელის ნებას ეწინააღმდეგება. მოპასუხე არ წარმოადგენს უძრავი ნივთის მართლზომიერ მფლობელს. მოსარჩელის მხრიდან მოპასუხის მიმართ არაერთგზის დაყენებულმა მოთხოვნამ ნებაყოფლობით გამოეთავისუფლებინა უკანონოდ დაკავებული მოსარჩელის უძრავი ქონება, შედეგი არ გამოიღო. მტკიცებულება: ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელეტრონული წიგნიდან; მოსარჩელის ახსნა-განმარტება. 3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები: 3.2.1. თ-----ი ნ----–---–ის საკუთრება უძრავ ნივთზე, მდებარე: რაიონი გ----------, ს------–- ახალს------–-, საკადასტრო კოდი: 8-.1-.0-.0-- შეცილებული არ არის და მასზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უძრავი ნივთების ელექტრონულ რეესტრში რეგისტრირებული ჩანაწერი ძალაშია დღემდე. მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ნივთის ერთადერთ მესაკუთრეს სახელშეკრულებო ბოჭვის გარეშე, რაც გამორიცხავს სხვა პირების სამართლებრივ შესაძლებლობას ფლობდნენ და სარგებლობდნენ ხსენებული ნივთით. მესაკუთრის მხრიდან ხსენებული ნივთი მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო ან ვალდებულებით-სამართლებრივი საფუძვლებით (უფლებრივად და ვალდებულებრივად) არ არის დატვირთული სხვა პირთა სასარგებლოდ და მასზე არაა რეგისტრირებული არცერთი პირის მოთხოვნის უფლება. სადავო უძრავ ნივთზე, როგორც სახელშეკრულებო სანივთო საგანზე, მოსარჩელეს არცერთ პირთან არ აქვს დადებული სარგებლობის ტიპის ხელშეკრულებები და ის არც უფლებამონაცვლეობით (სამართალმემკვიდრეობით) გამხდარა ამ ტიპის სამართალურთიერთობის მონაწილე. ხსენებულის გამო, მოსარჩელეს უპირობოდ უნდა გააჩნდეს საკუთრებაში არსებული უძრავ ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის უფლება. მტკიცებულება: ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნიდან; მოსარჩელის ახსნა-განმარტება. 3.2.2. მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის საკუთრების უკანონო ფლობას არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც აღკვეთილ უნდა იქნას მისი უკანონო მფლობელობა. მტკიცებულება: ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნიდან. 3.2.3. მოპასუხის მართლზომიერ ფლობას მხოლოდ და მხოლოდ საფუძვლად შესაძლოა ედოს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სარგებლობის უფლება, ხოლო ასეთი უფლება მოპასუხეს არ გააჩნია, რის გამოც მისი მფლობელობა მართლსაწინააღმდეგოდ უნდა შეფასდეს. მტკიცებულება: მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი: 4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა მხარეთა მოსაზრებებს და მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის და ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაზე ეთქვას უარი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლი საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 170-ე, 172-ე, 183-ე, 31--312-ე მუხლები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე, 269-ე მუხლები ;
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრების და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. კონსტიტუცია ასევე დასაშვებად მიიჩნევს საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების უფლების შეზღუდვას კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. თუმცა საკუთრების უფლების შეზღუდვა უნდა მოხდეს იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმით, საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კანონმდებლობით აღიარებული და დაცულია საკუთრების უფლება. საკუთრება წარმოადგენს პირის უფლებას თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს მას, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება კანონსა და ზნეობის ნორმებს. დაუშვებელია პირს ფორმალურად ჰქონდეს საკუთრების უფლება და ფაქტობრივად ვერ სარგებლობდეს მისით. სასამართლო განმარტავს, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით აღძრული სარჩელი წარმოადგენს ვინდიკაციურ სარჩელს, რომლის საფუძველზეც მესაკუთრე უფლებამოსილია სხვისი უკანონო მფლობელობიდან გამოითხოვოს საკუთრება. ვინდიკაციური სარჩელის აღძვრა დასაშვებია მაშინ, როდესაც ილახება მესაკუთრის ნივთზე მფლობელობითი უფლება, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის სარგებლობაშია. ამგვარი სარჩელების განხილვისათვის აუცილებელია სამი ფაქტობრივი გარემოების ერთობლივად არსებობა. 1.მოსარჩელე უნდა იყოს სადაო ქონების მესაკუთრე; 2.მოპასუხის მფლობელობაში უნდა იყოს სადაო ქონება; 3.მოპასუხე მოსარჩელის ქონებას უნდა ფლობდეს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. აღნიშნულ პირობათაგან რომელიმეს არარსებობა (დაუდასტურებლობა) გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელია მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, მესაკუთრეს იმ შემთხვევაში არ შეუძლია მოითხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, თუ მფლობელს გააჩნია ამ ნივთის ფლობის უფლება. ფლობის უფლებაში იგულისხმება მხოლოდ ნივთის მართლზომიერი ფლობა, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 162-ე მუხლის შესაბამისად დაუშვებელია მართლზომიერ მფლობელს მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება. ამ ნორმის საფუძველზე მესაკუთრე უფლებამოსილია მოითხოვოს ნივთის დაბრუნება იმ პირისაგან ვინც ამ ნივთს არამართლზომიერად ფლობს, ხოლო მართლზომიერი მფლობელობა ემყარება გარიგებას ან კანონს. შესაბამისად, პირი მართლზომიერ მფლობელად მიიჩნევა იმ შემთხვევაში, როცა მფლობელობის უფლება მინიჭებული აქვს კანონით, ნორმატიული აქტის საფუძველზე ან მოპოვებული აქვს მესაკუთრესთან შეთანხმებით. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეშლის დროს მესაკუთრეს ეზღუდება თავისი საკუთრების უფლების სრულფასოვნად განხორციელება და ამის საფუძველი ხელშემშლელს არ გააჩნია. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. ფაქტის არსებობა კი დადასტურებული უნდა იქნეს სათანადო მტკიცებულებებით. კონკრეტულ შემთხვევაში, კი საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულია ის ფაქტი, რომ სადავო ქონება ეკუთვნის მოსარჩელეს და მას არ ეძლევა მისი საკუთრების განკარგვის უფლება და მისგან სარგებლის მიღება. სარჩელის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია იმის დადგენა, მოპასუხე ქონებას ფლობს თუ არა მართლზომიერად, რადგან აქედან გამომდინარე უნდა შეფასდეს მესაკუთრის პრეტენზია მფლობელობის შეწყვეტის შესახებ მართლზომიერია თუ არა. სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. საქართველოს კოდექსის 159-ე მუხლის მიხედვით, კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე. სასამართლო კეთილსინდისიერი ფლობის საკითხის უფრო გასაგებად წარმოჩენისათვის, მოიშველიებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებებს, რომლის მიხედვით, „სსკ-ის 162-ე მუხლით მართლზომიერ მფლობელად მიიჩნევა პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას, განსხვავებით კეთილსინდისიერი მფლობელისაგან, რომელსაც არ გააჩნია ნივთის ფლობის კანონისმიერი საფუძველი. კეთილსინდისიერება და არაკეთილსინდისიერება მიუთითებს სუბიექტურ კრიტერიუმებზე, რაც განისაზღვრება პირის დამოკიდებულებით ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძვლების მიმართ. მართლზომიერი და არამართლზომიერი მფლობელობა მიგვითითებს ობიექტურად არსებულ ფაქტორებზე, რაც ვლინდება მფლობელობის სამართლებრივი საფუძვლის არსებობაში. ამრიგად, მართლზომიერი მფლობელია მესაკუთრე და ის პირები, რომელთა მფლობელობაც მესაკუთრის მფლობელობიდან გამომდინარეობს. ნივთის მართლზომიერი მფლობელობა ვრცელდება მანამ, სანამ არსებობს მართლზომიერი ფლობის საფუძველი. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, დიფერენცირებულია მფლობელობა ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორების მიხედვით (160-ე-164-ე მუხლები). კანონი გამიჯნავს კეთილსინდისიერი მფლობელის მოთხოვნას (160-ე-161-ე მუხლები) და მართლზომიერი მფლობელის მოთხოვნას (162-ე მუხლი). ასევე, არაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი მფლობელის ვალდებულებებს (163-ე მუხლი) და არაკეთილსინდისიერი მფლობელის ვალდებულებებს (164-ე მუხლი) (შდრ. სუსგ-ები: №ას-524-493-2012, 04.10.2012; №ას-21--196-2014, 25.01.2017)“. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონება რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებაში. საკუთრების რეგისტრაციის კანონიერების საკითხი მოპასუხეს, სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სადავოდ არ გაუხდია და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის შესაბამისად, ვიდრე საწინააღმდეგო არ დადასტურდება, მიიჩნევა ნამდვილად. ამასთან, დადგენილია, რომ ქონება იმყოფება მოპასუხის უკანონო მფლობელობაში. ამდენად, მოსარჩელის საკუთრების უფლება წარმოშობილია ნამდვილი უფლების საფუძველზე. შესაბამისად, თ-----ი ნ----–---–ის მოთხოვნა მოპასუხის მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე სამართლებრივად დასაბუთებულია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე: რაიონი გ----------, ს------–- ახალს------–-, საკადასტრო კოდი: 8-.1-.0-.0-- რეგისტრირებულია თ-----ი ნ----–---–ის საკუთრებად. შესაბამისად, დადასტურებულია და უდავოა, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო ქონების მესაკუთრეს, ხოლო მოპასუხეს რაიმე სახის მტკიცებულება, რითაც დაადასტურებდა სადავო ქონების კანონიერ ფლობას არ წარმოუდგენია. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე არ არის მის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელი, შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით მინიჭებული უფლებები და მოითხოვოს სადავო ნივთის გამოთავისუფლება და მისთვის გადაცემა. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის პრეტენზია დასაბუთებულია, რაც სადაო უძრავ ქონებაზე მოპასუხის მფლობელობის შეწყვეტის საფუძველია. 6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიექცევა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე. აღნიშნული კი დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში, ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს კონკრეტული დავების ჩამონათვალს, როდესაც კანონიერ ძალაში შესვლამდე დასაშვებია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა. შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხი სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული და როგორც წესი, სასამართლო საკითხს წყვეტს საქმის გარემოებების ყოველმხრივი ანალიზის და იმ შესაძლო რისკების გონივრულ ფარგლებში შეფასებით, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებას ან დაკმაყოფილებაზე უარს შეიძლება მოჰყვეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას. სასამართლო განმარტავს, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი, კანონმდებელმა სამართლიანად დაუკავშირა სასამართლოს უფლებამოსილებას და არ შეზღუდა მისი იმპერატიულობით, რაც იმას ნიშნავს, რომ ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილების ავტომატურ რეჟიმში დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა დაუშვებელია და სასამართლოს ამ უფლებამოსილების გამოყენება ხდება ყოველ კონკრეტულ, ინდივიდუალურ შემთხვევებში, როცა მის აუცილებლობას შუამდგომლობის ავტორი დასაბუთებულად წარმოაჩენს; შეძლებს იმგვარი გარემოებების დადასტურებას, რომელიც გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის მართებულობას და აუცილებლობას უპირობოდ წარმოაჩენს. მხარე, რომელიც ითხოვს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, დამაჯერებლად უნდა ასაბუთებდეს და ადასტურებდეს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების აუცილებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შედეგის მოცემულ ეტაპზე მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას. ის გარემოება, რომ კანონი დასაშვებად მიიჩნევს გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობას, არ არის აბსოლუტური და მისი გამოყენება ხდება მაშინ, როდესაც სასამართლო მხარის მიერ დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე მივა დასკვნამდე, რომ გამოიყენოს საგამონაკლისო ნორმა. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს საპროცესო ნორმაზე, რომელშიც აღნიშნულია სასამართლოს უფლებამოსილებაზე, რომ სასამართლოს შეუძლია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მიერ სათანადოდ არ არის დასაბუთებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობა. სასამართლოს არ შექმნია შინაგანი რწმენა იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მოსარჩელისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა სადავო ქონებით საკუთრების უფლებით სარგებლობა და მისგან შემოსავალის მიღება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობის გამო. 7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სარჩელის ფასი ამ საქმეზე შეადგენს 4000 ლარს, რომლის 3% არის 120 ლარი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 14-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავა მაგისტრატი მოსამართლის განსჯადია, რის გამოც ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟი ნახევრდება და შეადგენს 60 ლარს. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, ვინაიდან მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, ზ------ა მ-----–---ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 60 ლარის გადახდა, ხოლო თ-----ი ნ----–---–ს უკან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 40 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 2591-ე, 268-270-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს მოსარჩელე თ-----ი ნ----–---–ის (პ/ნ 1----------) სარჩელი ზ------ა მ-----–---ძის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით.
2. მოპასუხის - ზ------ა მ-----–---ძეს (პ/ნ 1----------) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას თ-----ი ნ----–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე: რაიონი გ----------, ს------–- ახალს------–-, საკადასტრო კოდი: 8-.1-.0-.0-- და იგი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელე თ-----ი ნ----–---–ს;
3. მოპასუხე: ზ------ა მ-----–---ძეს დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 60 ლარის გადახდა მოსარჩელე თ-----ი ნ----–---–ის სასარგებლოდ.
4. მოსარჩელე თ-----ი ნ----–---–ს უკან დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 1- ივნისს საგადასახადო დავალება N20588184 გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარიდან 40 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში, მიმღების ბანკი/ხაზინა: სახაზინო კოდი: 300113150, ბანკის კოდი: TRESGE22
5. მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს
6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს ან რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქაიძის გამზ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს ან რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოს ან რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მამუკა ნოზაძე