განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/2036-19
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე გიორგი ებანოიძე
სხდომის მდივანი თეონა აბულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორები - თ------------------–---
დაცვის მხარე:
ბრალდებული ო---------------–------------------------------------–-------–-–-----------------------------–----------–----------------–---- მცხოვრები: ქ------–---------------------------------------------
ადვოკატი - თ------------–---–--
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „გ“ პუნქტები - ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ დაადგინა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 0-------- განაჩენით ო---------------–--- გასამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მ--- ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
2019 წლის 2-----------–-- განაჩენით ო---------------–---- საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მ--- ნაწილის „ა“ პუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ,,ბ" პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელად განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 4 წლის ვადით, მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 საათის ვადით.
სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევი ო---------------–---, 2019 წლის 02 აპრილს, დაახლოებით 05:40 საათზე, თბილისში, გ-–----------------------- 1-ლი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, შეეცადა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა ნ------------–--- კუთვნილი, "ბმვ-X5" მარკის ავტომანქანის გვერდითა ხედვის სარკეებს, რა დროსაც ადგილზე დაკავებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ. ო---------------–---- დანაშაულებრივი ქმედებით ნ------------–--- შესაძლოა მისდგომოდა 60 ლარის ქონებრივი ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ა) სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა,მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით,ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ
შეტყობინების რეგისტრაციის №------ ბარათის თანახმად, 2019 წლის 02 აპრილს, 05:43 სთ-ზე ა---------–------–-----–-----------–------- სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილებას ელ-სმენით შეატყობინა, რომ მან და უბნის უფროსმა დეტექტივმა, პ---------------–-–---–--, დააკავეს ო---------------–---, რომელიც გ-–----------------------- 1-ლი კორპუსის მიმდებარედ გაჩერებულ „ბმვ X5“ მარკის ა/მანქანის, სახ. ნომრით S------ გვერდითი ხედვის სარკის მოპარვას ცდილობდა.
მოწმე პ---------------–-–---–--, შსს გ-–-----------–------- სამმართველოს მ--- განყოფილების უფროსმა დეტექტივმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 02 აპრილს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და სამოქმედო ტერიტორიაზე ა---------–------–---- ერთად ახორციელებდა შემოვლას. დაახლოებით 05:30 საათზე, გ-–----------------------- პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ქვეითად გადაადგილებისას, ეზოში გაჩერებულ შავი ფერის „ბმვ X5" მარკის ავტომანქანის მარჯვენა კართან შეამჩნიეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ერთი სარკე ხელში ეჭირა, მეორეს კი ბუდიდან იღებდა. იგი წელში მოხრილი იდგა მანქანის მარჯვენა კართან და ეტყობოდა, რომ იმალებოდა. როცა დაუძახეს, რომ პოლიციის თანამშრომლები იყვნენ, მამაკაცი დაიბნა, მარჯვენა კარზე დამაგრებული გვერდითი ხედვის ბუდიდან ამოღებული სარკე მოგლიჯა და გაქცევა დააპირა, მაგრამ მასთან ახლოს მყოფებმა ამის საშუალება აღარ მისცეს და ბრალდებულის სახით დააკავეს. დაკავებულმა განაცხადა, რომ იყო ო---------------–---. მას განუმარტეს უფლებები და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა ა/მანქანის ორი ცალი გვერდითა ხედვის სარკე, რომლებიც ხელში ეჭირა და შავი ფერის ტყავის ხელთათმანები, რომლებიც ო---------------–---- ხელზე ეკეთა. ამოღებული ნივთები მის პირად ნივთებთან ერთად ადგილზევე დაილუქა. დაკავებულმა ო---------------–---- მისი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს ხელი მოაწერა და რაიმე პრეტენზიაც არ გამოუთქვამს. ფაქტის შესახებ შეატყობინეს სამორიგეო ნაწილს, მორიგესთან გადაამოწმეს ავტომანქანის მეპატრონის ვინაობა და გაარკვიეს, რომ იგი ეკუთვნოდა იმავე კორპუსში მცხოვრებ ს------–--–------.
მოწმე ა---------–------–--, შსს გ-–-----------–------- სამმართველოს მ--- განყოფილების უფროსმა დეტექტივმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 02 აპრილს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და სამოქმედო ტერიტორიაზე, გ-–---------------------–-, პ---------------–-–---–---- ერთად ახორციელებდა შემოვლას. დილის 06:00 საათი ხდებოდა, არ იქნებოდა, პირველი კორპუსთან ქვეითად მოძრაობისას, ეზოში გაჩერებულ „ბმვ X5" მარკის ავტომანქანის მარჯვენა კართან შეამჩნიეს პირი, რომელსაც ხელთათმანები ეკეთა და ერთი სარკე ეჭირა ხელში, მეორეს კი ბუდიდან ხსნიდა. დაუძახეს, რომ პოლიციის თანამშრომლები იყვნენ, რამაც ზემოაღნიშნული პირი დააბნია და გაქცევა დააპირა, მაგრამ მასთან უკვე ახლოს იმყოფებოდნენ და დააკავეს. დაკავებულმა განაცხადა, რომ იყო ო---------------–--- და აღიარა, რომ სარკეების მოპარვა ჰქონდა განზრახული. ფაქტის შესახებ შეატყობინეს სამორიგეო ნაწილს, სადაც, ასევე გადაამოწმეს ავტომანქანის მეპატრონის ვინაობა და გაარკვიეს, რომ იგი ეკუთვნოდა იმავე კორპუსში მცხოვრებ ს------–--–------. პ---------------–-–---–-- ო---------------–---- განუმარტა უფლებები და ჩაუტარა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა ა/მანქანის გვერდითა ხედვის ორი სარკე, რომლებიც დაკავებულს ხელში ეჭირა, ასევე - შავი ტყავის ხელთათმანები. ამოღებული ნივთები ბრალდებულის პირად ნივთებთან ერთად დაილუქა. დაკავებულმა ო---------------–---- მისი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს ხელი მოაწერა და რაიმე შენიშვნაც არ გამოუთქვამს. შემთხვევის ადგილი გამომძიებლის მოსვლისთანავე დატოვეს. მოწმემ ასევე განმარტა, რომ შემთხვევამდე ო---------------–---- იცნობდა, სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, შემთხვევამდე, მისი პიროვნების გადამოწმების მიზნით, ორჯერ ჰყავს პირადად შეჩერებული.
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ 2019 წლის 02 აპრილს, 05:45 სთ-ზე, ქ. თბილისში, გ-–----------------------- 1-ლი კორპუსის მიმდებარედ, ინსპექტორ-გამომძიებლების - პ---------------–-–---–-- და ა---------–------–-- მიერ, საქართველოს სსკ 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ო---------------–---, რომელსაც დაკავებისას ხელში ავტომანქანის გვერდითი ხედვის ორი სარკე ეკავა. ავტომანქანის ზემოაღნიშნული დეტალების გარდა, ო---------------–---- პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა შავი ტყავის ხელთათმანები, რომლებიც მას დაკავებისას ეკეთა. ამოღებული ნივთები ო---------------–---- სხვა პირად ნივთებთან ერთად ადგილზევე დაილუქა. საგამოძიებო მოქმედების ოქმი, გარდა სამართალდამცველებისა, ხელმოწერილია დაკავებული პირის - ო---------------–---- მიერ. ოქმზე ო---------------–---- სახელით დატანილია შენიშვნა - „პირადად გავეცანი ჩემს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს. გადმომეცა ოქმის ასლი. ასევე განმემარტა ბრალდებულის უფლებები სრულად. აღნიშნულთან დაკავშირები პრეტენზია არ გამაჩნია“.
ავტომანქანის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ 2019 წლის 02 აპრილს, 08:15-08:55 სთ. პერიოდში, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–------- სამმართველოს მ--- განყოფილების გამომძიებელ რ--------------–---–-- მიერ, ავტომანქანის მფლობელი პირის - ნ------------–--- და ექსპერტების - ლ-–------------ და დ--------–--------–---–-- მონაწილეობით, ქ. თბილისში, გ-–----------------------- 1-ლი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, დათვალიერდა „ბმვ X5“ მარკის, შავი ფერის ავტომანქანა, სახ. ნომრით S------, რა დროსაც დადგინდა, რომ ავტომანქანის გვერდითი ხედვის სარკეების ბუდეებში არ იყო მინები.
მოწმეთა სახით დაკითხულმა პირებმა - ს------–--–------ და ნ------------–--- სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს, რომ ცხოვრობენ ქ. თბილისი, გ-–----------------------- 1-ლ კორპუსში და წლების მანძილზე მათი ოჯახის საკუთრებაში იმყოფებოდა შავი ფერის „ბმვ X5“ მარკის ა/მანქანა, სახ. ნომრით S------. 2019 წლის 02 აპრილს, დილით, მათ დაუკავშირდა პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც შეატყობინა, რომ მათ მანქანას გვერდითა ხედვის სარკეები მოხსნილი ჰქონდა. ავტომანქანასთან ჩასულები დარწმუნდნენ, რომ ავტომანქანას, - რომელიც წინა საღამოს კორპუსიდან ოდნავ მოშორებით, ნაძვების ძირში გააჩერეს, - გვერდითა ხედვის ორივე სარკე მართლაც მოხსნილი ჰქონდა. შემთხვევის ადგილზე დახვდნენ პოლიციის თანამშრომლები, ის პიროვნება კი, რომელმაც მათი ა/მანქანის სარკეების მოპარვა სცადა, სამართალდამცავებს უკვე წაყვანილი ჰყავდათ. მოგვიანებით ს------–--–------ სარკეები შეიძინა, თითოეულის ღირებულება 30 ლარს შეადგენდა, თუმცა, მათი შეძენა 50 ლარად შეძლო.
ქიმიური ექსპერტიზის N-------- დასკვნით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ტყავის ხელთათმანებსა და ავტომანქანის სარკეებზე აღინიშნება ნავთობპროდუქტების მძიმე ფრაქციებისათვის დამახასიათებელი (მსგავსი) კვალი.
ექსპერტმა ა-–----------------------- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული ზემოაღნიშნული დასკვნის სისწორე და დაკითხვისას განმარტა, რომ ჩატარებული გამოკვლევისას ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ტყავის ხელთათმანებსა და ავტომანქანის სარკეებზე (არა სარკის ზედაპირის, არამედ - უკანა, მექანიზმის მხარეს) შეინიშნებოდა თვალით ხილული, მოყვითალო, მექანიზმებზე საპოხად გამოსაყენებელი ტაოტის დანაშრევი. სარკეებიდან და ხელთათმანებიდან მომზადებული ანაწმენდების გამონაწვილების გამოკვლევისა და დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ ხელთათმანებსა და სარკეებზე არსებული კვლები იყო მსგავსი, ნავთობპროდუქტების მძიმე ფრაქციებისთვის დამახასიათებელი.
ბრალდებულმა ო---------------–---- წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დაკითხვისას განაცხადა, რომ 2019 წლის 02 აპრილს შემთხვევის ადგილზე ან მიმდებარედ არ ყოფილა და ბრალადშერაცხული დანაშაულიც არ ჩაუდენია. მანვე განმარტა, რომ ზემოაღნიშნულ დღეს იმყოფებოდა მეგობარ გოგონასთან და ბრუნდებოდა სახლში, რა დროსაც გზად გააჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა, რომელთაც სურათის გადაღების და ჯიბეების შემოწმების შემდეგ მალევე მისცეს გზის გაგრძელების ნება. შემოწმებისას თან მხოლოდ საფულე და ტყავის ხელთათმანები ჰქონდა. დაახლოებით 15-20 წუთში, იგი კვლავ გააჩერა ავჭალის პოლიციის უფროსმა, რომელსაც იცნობდა, რადგან, იმ დანაშაულის გამო მიმდინარე გამოძიებაში მონაწილეობდა, რომლისთვისაც პირობითი მსჯავრი აქვს მისჯილი. პოლიციის უფროსმა მანქანაში ჩაისვა, სადაც სამი პირი იჯდა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. გზად ეუბნებოდნენ, რომ სათამაშო იარაღით მაღაზიის დაყაჩაღება უნდა ეღიარებინა, რასაც უარობდა. შემდეგ სხვა მანქანაშიც გადასვეს და მიიყვანეს პოლიციის გ-–------ განყოფილებაში, სადაც ავტომანქანის სარკეების მოპარვა დააბრალეს. ბრალდებულმა აღნიშნა, რომ ის სამართალდამცველები, რომლებიც მის დაკავებას იბრალებენ სასამართლოში პირველად ნახა.
სასამართლომ შეაფასა რა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ ო---------------–---- მიერ ბრალადშერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურდა სრულად.
დაცვის მხარის პოზიციის საპასუხოდ, რომელიც უარყოფს შემთხვევის დროს შემთხვევის ადგილზე ბრალდებულის ყოფნისა და მის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს, ამასთან, ეჭვქვეშ აყენებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, დანაშაულში ო---------------–---- მამხილებელი მტკიცებულებების უტყუარობას, სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილებას, იმის თაობაზე ჩაიდინა თუ არა პირმა ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი და დამნაშავეა თუ არა იგი, იღებს ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დადგენისა და მათი სათანადო შეფასების შედეგად, რა დროსაც ეყრდნობა მხოლოდ მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომელთა საფუძველზეც ისინი სასამართლოში ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს და სამართლებრივად აფასებენ მათ.
საქართველოს სსსკ 82-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასება წარმოადგენს ლოგიკურ მსჯელობას, შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად, საქმეში არსებული თითოეული მტკიცებულების რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ასევე - მათი ერთობლიობის შესახებ.
საქმის არსებითი განხილვისას, დაცვის მხარე, რომელიც წარდგენილ ბრალდებაში ო---------------–---- უდანაშაულოდ ცნობასა და გამართლებას ითხოვს, ძირითადად აპელირებდა პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებების სიცრუესა (უტყუარობის ტესტი) და სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი, დანაშაულში ო---------------–---- მამხილებელი მტკიცებულებების არასაკმარისობაზე (საკმარისობის ტესტი). სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ ძირითადი გარემოებების შეფასებაზე, რომლებიც დაცვის მხარის მიერ სადავოდ იქნა მიჩნეული.
უტყუარობის ტესტი
უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი გულისხმობს „მოთხოვნას, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე N548, II-7); ამდენად, ბრალდების ძირითადი მტკიცებულებების, პ---------------–-–---–-- და ა---------–------–-- ჩვენებათა უტყუარობის შეფასებისას, - რომელთა თანახმადაც, ო---------------–---------- ბრალადშერაცხული დანაშაული სწორედ მან ჩაიდინა, - სასამართლომ, ძირითადად, ყურადღება გაამახვილა შემდეგ გარემოებებზე:
მტკიცებულების წყაროს სანდოობა. მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის პროცესში არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა და ყველა მათგანი ექვემდებარება თანაბარ შემოწმებას, მიუხედავად იმისა, ამ მტკიცებულების წყარო სამართალდამცველია თუ ბრალდებული (სსსკ მე-13 მუხლის 1-ლი ნაწილი, 82-ე მუხლის 1-ლი და მ--- ნაწილები). სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ადგენს მტკიცებულებათა მყარ იერარქიას და იერარქიის განსაზღვრის წინასწარდადგენილ კრიტერიუმებს, რადგან მათი განსაზღვრა დამოკიდებულია მრავალ ფაქტობრივ გარემოებაზე. ნებისმიერი მოწმის ჩვენების უტყუარობა შესაძლებელია ეჭვქვეშ დადგეს მის მიერ შეუსაბამო, წინააღმდეგობრივი და არათანმიმდევრული ჩვენებების მიცემის გამო ან იმგვარი ფაქტორის დადგენისას, რომელიც შეიძლება გავლენას ახდენდეს მის მიუკერძოებლობაზე.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ არ არსებობს პ---------------–-–---–-- და ა---------–------–--, როგორც ინფორმაციის წყაროს სანდოობაში ეჭვის შეტანის რაიმე საფუძველი. დაცვის მხარის მინიშნება, იმაზე, რომ ზემოაღნიშნული პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ადგილი აქვს დანაშაულებრივ ქმედებათა ჩადენას - ო---------------–---------- დანაშაულის დაბრალებას და ამ მიზნით მტკიცებულებათა ფაბრიკაციას, საფუძველს მოკლებულია, რადგან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ზემოაღნიშნულ პირთა მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის არც ფაქტი და არც მოტივი არ დადგენილა. სასამართლო მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის ზემოაღნიშნული პოზიცია, რომელიც, ფაქტობრივად, სრულიად უსაფუძვლოდ, ემყარება პოლიციის თანამშრომელთა არაკეთილსინდისიერების პრეზუმფციას, არ არის გამყარებული არათუ მტკიცებულებით, არამედ, არც რაიმე ანგარიშგასაწევი არგუმენტით, რომელიც სამართალდამცველთა საქმიანობის კანონიერებას დააყენებდა ეჭვქვეშ (ბრალდებულის განმარტება, რომ შესაძლოა პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან მის მიმართ არსებული ნეგატიური ინტერესი განპირობებული იყოს მისი ნასამართლობით, სასამართლოსთვის დამაჯერებელი არ არის).
გარდა იმისა, რომ საქმის არსებითი განხილვისას არ დადგინდა რაიმე მოტივი, რომელიც პ---------------–-–---–- და ა---------–------–- უბიძგებდა ო---------------–---------- დაებრალებინათ დანაშაული, - ამ პირთა ჩვენებების უტყუარობას მოწმობს ის გარემოებებიც, რომ დაკითხვისას მათ დამაჯერებლად და დეტალურად აღწერეს ფაქტები, რომელთა თვითმხილველნიც თავად იყვნენ და მხარეთა მიერ გამოკვლეულ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით მათი განმარტებები თანმხვედრია.
ზემოაღნიშნულის გარდა, რწმენას იმისა, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული პოლიციის თანამშრომლების მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია უტყუარია, სასამართლოს უმყარებს ის გარემოება, რომ მათ მიერ შედგენილი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის სისწორე, - რომელშიც დაფიქსირებულია, რომ ო---------------–--- დაკავებული იქნა შემთხვევის ადგილზე, დანაშაულის ჩადენისას და მისგან ამოღებული იქნა ავტომანქანის საარკეები, - საგამოძიებო მოქმედების დასრულებისთანავე ხელმოწერით დადასტურებული აქვს თავად ბრალდებულ ო---------------–---- (მეტიც, ო---------------–---- მიერ ოქმზე დატანილი იქნა შენიშვნა, სადაც იგი განმარტავს, რომ მის მიმართ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია არ გააჩნია).
გარემოებები, რომლებშიც განხორციელდა მტკიცებულების ფორმირება. სასამართლოს მიერ ასევე შეფასებული იქნა ის გარემო პირობები და ვითარება, რომელშიც პ---------------–-–---–-- და ა---------–------–-- აღიქვეს სასამართლოსთვის მათ მიერ გადმოცემული ინფორმაცია და რომელსაც შეეძლო გავლენა მოეხდინა მათი აღქმის ხარისხსა და შესაძლებლობაზე. გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ო---------------–---- მიერ ავტომანქანიდან გვერდითა ხედვის სარკის მოხსნის მცდელობის ფაქტს, ბრალდებულთან ახლო მანძილზე მყოფი პოლიციის თანამშრომლები შეესწრნენ დილის საათებში, დაახლოებით 05:40 საათზე, არამხოლოდ ბუნებრივი, არამედ ხელოვნური განათების პირობებში. პოლიციის თანამშრომელთა ეჭვი, რომ მათ მიერ დანახული პირი ავტომანქანას ხსნიდა და იპარავდა გვერდითა ხედვის სარკეებს, სრულად დადასტურდა შემთხვევის ადგილზე მისი დაკავების, ავტომანქანის დათვალიერების და სატრანსპორტო საშუალების მფლობელ პირებთან გასაუბრების დროს. კერძოდ, პოლიციის თანამშრომელთა მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილზე მდგარი ავტომანქანის გვერდითა ხედვის ორივე სარკის ბუდეები იყო ცარიელი, მაშინ, როცა შემთხვევამდე ეს დეტალები ავტომანქანას არ აკლდა; ავტომანქანასთან დაკავებულ ო---------------–---- კი ხელთ ჰქონდა ავტომანქანის გვერდითა ხედვის სარკეთა ორი მინა, ბუდის გარეშე.
მტკიცებულებაში მოყვანილი ინფორმაციის დადასტურება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების ძირითად მოწმეთა - პ---------------–-–---–-- და ა---------–------–-- ჩვენებებში მოცემული ინფორმაციის უტყუარობა დასტურდება იმ გარემოებითაც, რომ იგი თანხვედრაშია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სხვა, სანდოობის მაღალი ხარისხის მტკიცებულებებთან. კერძოდ, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტ ა-–----------------------- ჩვენებით ირკვევა, რომ ხელთათმანებზე, რომლებიც დაკავების მომენტში ო---------------–---- ეკეთა (იმ გარემოებას, რომ ხელათმანები მართლაც მისგან იქნა ამოღებული ბრალდებული არ უარყოფს) აღინიშნებოდა ნავთობპროდუქტის კვალი და იგი მსგავსი იყო ავტომანქანიდან მოპარულ სარკეებზე არსებული კვალისა. სასამართლო მიიჩნევს, რომ ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ზემოაღნიშნული გარემოება ნათელი დასტურია იმისა, რომ გაქურდული ავტომანქანის გვარდითა ხედვის სარკეები მართლაც ო---------------–-------- იქნა ამოღებული, რასაც დღეის მდგომარეობით ეს უკანასკნელი უარყოფს.
საკმარისობის ტესტი
მტკიცებულებათა საკმარისობა გულისხმობს იმ რაოდენობის მტკიცებულებათა არსებობას, რომელიც დანაშაულის ყველა გარემოების დადგენის და საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისათვისაა აუცილებელი. მტკიცებულებათა საკმარისობა წარმოადგენს მტკიცებულებათა მთელი ერთობლიობის ხარისხის შეფასებას, თუ რამდენად არის შესაძლებელი მის საფუძველზე შესაბამისი დასკვნის გაკეთება.
მტკიცებულების საკმარისობის ტესტი პირდაპირ კავშირშია საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ, „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტთან, რომელიც სისხლის სამართლის საქმეში მოითხოვს არა მტკიცებულებათა სიუხვეს, არამედ დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობას, რომელთა ურთიერთშეჯერება და ანალიზი გონიერ და ობიექტურ ადამიანს არ გაუჩენს ლოგიკურ და დასაბუთებულ კითხვებს პირის ბრალეულობასთან მიმართებით. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არ გამორიცხავს ყოველგვარი ეჭვის არსებობას და ითვალისწინებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას მათ შორის გარკვეული/მცირე მნიშვნელობის „არაგონივრული“ ეჭვის არსებობის შემთხვევაშიც (მაგალითად, ეჭვი რომელიც ემყარება ვარაუდს). გამამტყუნებელი გადაწყვეტილების მიღებისას ყველა გონივრული ეჭვი, რომელიც დაკავშირებულია პირის ბრალეულობასთან, დანაშაულებრივი შემთხვევის არსებობასა თუ სხვა უმნიშვნელოვანეს საკითხთან, სასამართლოს მიერ გაქარწყლებული უნდა იქნეს.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეში არსებული, უტყუარი, ურთიერთშეთანხმებული და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა (მოწმეთა - პ---------------–-–---–--, ა---------–------–--, ს------–--–------, ნ------------–--- და ა-–----------------------- ჩვენებები, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ავტომანქანის დათვალიერების ოქმი, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, შეტყობინების რეგისტრაციის ბარათი) გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს 2019 წლის 02 აპრილს, დაახლოებით 05:40 საათზე, შემთხვევის ადგილზე ო---------------–---- ყოფნისა და მის მიერ ბრალადშრაცხული დანაშაულის - ნ------------–--- კუთვნილი, "ბმვ-X5" მარკის ავტომანქანის გვერდითა ხედვის სარკეების ფარულად დაუფლების მცდელობის ფაქტს. აღსანიშნავია, რომ ამ მტკიცებულებათა ერთობლიობის დისკრედიტაციას ბრალდებული ო---------------–---- ჩვენება ვერ ახდენს, როგორც ზემოგანხილულ მტკიცებულებათა სიმყარის, ისე ბრალდებულის ჩვენების მხარდამჭერი რაიმე მტკიცებულებით მის მიერ გაცხადებული ფაქტობრივი გარემოებების დაუდასტურებლობის გამო.
ბ) ქურდობის მცდელობა, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ არის ნასამართლევი
სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 0------------------- განაჩენით ო---------------–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მ--- ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სსკ 55-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 (ორი) წელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2-----------–----------- განაჩენით ო---------------–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მ--- ნაწილის „ა“ პუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ,,ბ" პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით; მასვე, საქართველოს სსკ 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით. ასევე, საქართველოს სსკ 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა წინა, 2018 წლის 0-------- განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სასჯელის მოუხდელი ნაწილი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შეუსრულებლობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 0---------- განჩინებით განსაზღვრული ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით - შთანთქა ახლადდანიშნულმა სასჯელმა. საბოლოოდ ო---------------–----, განაჩენთა ერთობლიობით, სასაჯელად განესაზღვრა 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით 04 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით, მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით.
ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ო---------------–--- 2019 წლის 02 აპრილს, ბრალადშერაცხული დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის იყო ნასამართლევი და იხდიდა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 0-------- და 2019 წლის 2-----------–-- განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრულ პირობით სასჯელს.
ამდენად, ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალადშერაცხული, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის ო---------------–--- ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით კრიმინალიზებულია ქურდობა - სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ქურდობის ობიექტური შემადგენლობის განხორციელება გულისხმობს სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლებას ქონების მესაკუთრისა და სხვა პირთაგან ფარულად; სუბიექტური შემადგენლობა კი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანში გამოიხატება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლი დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებებად მიიჩნევს ქურდობის ჩადენას სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ (მე-3 ნაწილის „დ“ პუნქტი) და იმის მიერ, ვინც ორჯერ არის ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის (მე-4 ნაწილის „გ“ პუნქტი).
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად, ,,დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი”. შესაბამისად, დანაშაულის მცდელობას ადგილი აქვს მაშინ, როცა პირმა თავისი ქმედება უშუალოდ დანაშაულის განსახორციელებლად მიმართა და ამგვარად შედეგის დადგომის, ანუ სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის კონკრეტული საფრთხე შექმნა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ო---------------–---- ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „გ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნები (ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის). შესაბამისად, ო---------------–--- დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი მისთვის ბრალადშერაცხული, ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი.
სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სსკ 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის სანქციით დადგენილ ფარგლებში (თავისუფლების აღკვეთა ექვსიდან ათ წლამდე ვადით) ო---------------–---- მიმართ სასჯელის ზომის განსაზღვრისას, საქართველოს სსკ 53-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებებთან ერთად, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ო---------------–---- მიმართ არაერთხელ იქნა გამოყენებული კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათი (წინა ორი განაჩენით დადგენილი სასჯელები მას ჩათვლილი ჰქონდა პირობით), რამაც ვერ უზრუნველყო მისი სათანადო ქცევა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ვადით გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას და იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება, რომელიც ხელს ვერ შეუწყობს ო---------------–---- გამოსწორებას და დანაშაულებრივი ქმედების პრევენციას.
ამასთან, საქართველოს სსკ 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ის გარემოება, რომ ო---------------–---- მიერ განზრახი დანაშაული ჩადენილია პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში, წარმოადგენს მის მიმართ გამოყენებული პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და სასჯელის საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესით, განაჩენთა ერთობლიობით, განსაზღვრის საფუძველს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ო---------------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „გ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2-----------–-- განაჩენით ო---------------–---- მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი - 04 (ოთხი) წლის ვადით. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, ო---------------–----, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელად 07 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ო---------------–---- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 02 აპრილიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები: 1. მანქანის გვერდითა ხედვის სარკეები - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს. 2. ხელთათმანი და ნერწყვის ნიმუშები - განადგურდეს. 3. ლაზერული დისკი - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი ებანოიძე