განაჩენი

სისხლის სამართლის 21.10.2019
საქმის ნომერი
330100118002606978
თარიღი
21.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/3884-18

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე გიორგი ებანოიძე

სხდომის მდივანი თეონა აბულაძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორები - ა------------------------------------–-----–----–---–-------------------------–---–--

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული ნ-----–-----------------------------------------------–-------–-–-----------------------------–----------–---- მცხოვრები: ქ-------–-------------------------–--

ადვოკატი - ი-----–--------

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტები - ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ჩადენილი არაერთგზის.

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2------------ განაჩენით ნ-----–-------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 04 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 01 წლისა და 06 თვის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 02 წელი და 06 თვე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პ------–- ადგილობრივი საბჭოს 2015 წლის 3------------ გადაწყვეტილების საფუძველზე, ნ-----–-------------- იმავე დღეს გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან პირობით, ვადამდე ადრე.

2018 წლის 02 მაისს, ღამის დაახლოებით 03:20 საათზე, ქ. თბილისში, ო---------–---–---------–- მდებარე ინდივიდუალური მეწარმე კ------------------ საცხობთან განთავსებული ნაყინის შესანახი მაცივრიდან, ქურდობის მცდელობისათვის ნასამართლევი ნ-----–-------------- ცდილობდა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვადასხვა დასახელების ნაყინების ფარულად დაუფლებას, რა დროსაც მისი ქმედება შეამჩნიეს პოლიციის თანამშრომლებმა და შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.

ზემოაღნიშნული ქმედებით კ------------------ შესაძლოა მისდგომოდა 179 (ას სამოცდაცხრამეტი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 02 მაისს, ღამის დაახლოებით 03:20 საათზე, ქ. თბილისში, ო---------–---–---------–- მდებარე ინდივიდუალური მეწარმე კ------------------ საცხობთან განთავსებული ნაყინის შესანახი მაცივრიდან, ქურდობის მცდელობისათვის ნასამართლევი ნ-----–--------------- სცადა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა სხვადასხვა დასახელების, 5 ლარისა და 10 თეთრის ღირებულების ნაყინების ფარულად დაუფლებას, რა დროსაც მისი ქმედება შეამჩნიეს პოლიციის თანამშრომლებმა და შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.

ნ-----–--------------- ზემოაღნიშნულ ქმედებას, მცირე მნიშვნელობის გამო, არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (არც ასეთი ზიანის საფრთხე შეუქმნია), რის გამოც ნ-----–-------------- დანაშაულის ჩადენაში უნდა გამართლდეს.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

შეტყობინების რეგისტრაციის №------- ბარათის თანახმად, 2019 წლის 02 მაისს, 03:21 სთ-ზე საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს - „112“-ს დაუკავშირდა კ------------------ რომელმაც განაცხადა, რომ ო------------–---–---------–- მდებარე საცხობთან არსებული ლომბარდიდან შეატყობინეს, რომ უცნობი პირი ამტვრევდა საცხობის მაცივარს.

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ 2019 წლის 02 მაისს, 03:25 სთ-ზე, ქ. თბილისში, გლდანში, ო---------–---–----------- მიმდებარედ, ინსპექტორ-გამომძიებლების - ვ---------–-------–---–-- და ო-------------–---- მიერ, ო---------–---–----------- მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს სსკ 19,177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ნ-----–--------------, რომელსაც დაკავებისას ხელში ეჭირა თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკი, მასში მოთავსებული სამი ჭიქის ნაყინით.

 

მოწმეებმა - ვ--------–-------–---–-- და ო-------------–----, შსს გ-–-----------–------- სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლებმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტეს, რომ 2018 წლის 02 მაისს სამოქმედო ტერიტორიაზე ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მორიგისგან მიიღეს შეტყობინება, რომ ხ------–---–-- ქ. №--ის მიმადებარედ მამაკაცი ამტვრევდა ნაყინის მაცივარს. შეტყობინების მიღებისთანავე მივიდნენ მითითებულ მისამართზე, სადაც მართლაც ნახეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ჭამდა ნაყინს და გადაყირავებული მაცივრიდან აღებულ ნაყინებს აწყობდა პარკში. მივიდნენ მასთან, წარუდგნენ, განუმარტეს უფლებები და ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე ბრალდებულის სახით დააკავეს იგი. დაკავებული აღმოჩნდა ნ-----–--------------, რომელიც იყო არაფხიზელ მდგომარეობაში. მას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოიღეს პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო რამდენიმე ნაყინი. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ ნ-----–-------------- მათ მიერ წარდგენილი იქნა პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ 2019 წლის 02 მაისს, 04:50-05:45 სთ. პერიოდში, შსს გ-–-----------–------- სამმართველოს პოლიციის პ------–- განყოფილების გამომძიებელ ლ-–--–----------- მიერ, კ------------------ და ექსპერტების - მ-----–-----------–-- და გ--------------------- მონაწილეობით, დათვალიერდა ქ. თბილისში, გლდანის რაიონში, ხ------–---–---------–- მდებარე საცხობის მიმდებარე ტერიტორია, რა დროსაც ნანახი იქნა საცხობის წინ, ბეტონის ფილების ზედაპირზე დაგდებული საშუალო ზომის მაცივარი, რომელიც ელექტროსადენით მიერთებული იყო საცხობში არსებულ დენის წყაროს. მაცივრის ზედა მინა იყო დაზიანებული და შიგნიდან გადმოყრილი იყო სხვადასხვა სახეობის ნაყინი. დაზიანებული მაცივრის ზედა მხარეს მოთავსებული იყო სამი ცალი ჭიქა ნაყინი, ასევე - მოვარდისფრო შეფერილობის პარკში მოთავსებული ნაყინი, წარწერით „გურჯაანი, ჯოკერი“. საგამოძიებო მოქმედების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობდა ლომბარდთან, რომელიც აღჭურვილი იყო სამეთვალყურეო ვიდეოკამერით.

ზემოაღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებმა - ლ-–--–------------ მ-----–-----------–-- და კ------------------ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურეს ოქმში ასახული ფაქტობრივი გარემოებების სიზუსტე.

 

დაზარალებულმა კ------------------ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ გლდანში, ო---------–---–---------–- აქვს ფუნთუშეულის საცხობი, სადაც ასევე აქვს ნაყინის შესანახი მაცივარი, რომელიც, საცხობში საკმარისი ფართის არარსებობის გამო განთავსებული ჰქონდა გარეთ, საცხობის კართან. 2018 წლის 02 მაისს, დაახლოებით 03:00 საათზე, დაუკავშირდნენ იმავე მისამართზე მდებარე ლომბარდიდან და შეატყობინეს, რომ ნაყინის მაცივარს ვიღაც ამტვრევდა. შეტყობინების მიღებისთანავე გაემართა საცხობისკენ. ობიექტზე მისულს ნაყინის მაცივარი - წაქცეული, მისი მინის გამჭვირვალე მოძრავი თავსახური კი გატეხილი დახვდა. მაცივარში არსებული ნაყინების ნაწილი მიმობნეული იყო ასფალტზე, მათგან რამდენიმე გაფუჭებული იყო. იქ მყოფ პოლიციის თანამშრომლებს დაკავებული ჰყავდათ ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ნაყინს მიირთმევდა და ხელში ეჭირა პარკი, მასში მოთავსებული რამდენიმე ნაყინით. საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შემდეგ, ბრალდებულისთვის ჩამორთმეული და დანაშაულებრივ ქმედებას გადარჩენილი სხვა ნაყინები დაუბრუნდა, რომლებიც გადასცა კომპანიას, რადგან მაცივრის არქონის გამო მათი რეალიზაციის შესაძლებლობა აღარ ჰქონდა. ბრალდებულისათვის ჩამორთმეული და გაფუჭებული ნაყინების საერთო ღირებულებამ შეადგინა 5,10 ლარი, მაცივარში არსებული ნაყინების ქურდობის შედეგად კი მთლიანობაში შესაძლო იყო მისდგომოდა 180 ლარამდე ზიანი.

 

მოწმე ე-----------–------ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მოლარე ოპერატორად მუშაობდა ქ. თბილისში, ხ------–---–-- ქუჩაზე მდებარე, 24-საათიან რეჟიმში მომუშავე ლომბარდში. აღნიშნულ ლომბარდში დამონტაჟებული იყო სამეთვალყურეო კამერები, რომლებიც აფიქსირებდა როგორც ლომბარდის შიდა, ასევე გარე პერიმეტრს. ლომბარდის გვერდით მდებარეობდა ფუნთუშეულის საცხობი. 2018 წლის 02 მაისს, ღამით, ქუჩიდან შემოესმა რაღაცის დაცემის ხმა. ვიდეოკამერების მონიტორზე დაინახა, რომ სუსტი აღნაგობის მამაკაცს გადაყირავებული ჰქონდა კ------------------ საცხობის სანაყინე მაცივარი და ტრიალებდა მასთან. მაშინვე დაურეკა საცხობის მეპატრონეს და შეატყობინა, რომ მის მაცივარს, სავარაუდოდ, ვიღაც ქურდავდა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ, როგორც ახსოვს, შემთხვევის დღესვე ვიდეოკამერების ჩანაწერებთან დაკავშირებით მასთან ლომბარდში მისული იყო ან კ----------------- ან პოლიციის თანამშრომელი (ზუსტად არ ახსოვს) და ჩანაწერები, მათი შენახვისა და შემდგომში მტკიცებულების სახით ამოღების მიზნით, გადატანილი იქნა კომპიუტერში.

 

მოწმე რ---------------------- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ შემთხვევის დღეს, დილის საათებში მასთან მისული იყო გამომძიებელი. გამომძიებელმა უთხრა, რომ მისი მეუღლის კუთვნილი ლომბარდის გარე სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები სჭირდებოდა, რომლებიც ღამით კ------------------ ნაყინის მაცივრის დაზიანებისა და ნაყინების ქურდობის შემთხვევას ასახავდა. ვიდეოჩანაწერში მოძიებული იქნა გამოძიებისთვის საინტერესო ჩანაწერი, რომელიც სამართალდამცველის შემდეგი ვიზიტისას სასამართლოს შესაბამისი განჩინებით ამოღებამდე, ინახებოდა კომპიუტერში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 ივლისის №-------- განჩინებით, შსს გ-–-----------–------- სამმართველოს პოლიციის პ------–- განყოფილების გამომძიებელ გ------------------–---–- ნება დაერთო ინდ.მეწარმე „--–-------------------- კუთვნილი ლომბარდიდან (მისამართი: ქ. თბილისი, გლდანი, ხ------–---–--------- გამოეთხოვა სათვალთვალო კამერების მიერ 2018 წლის 02 მაისის 02:57 საათიდან 03:21 საათამდე პერიოდში განხორციელებული, ამავე ლომბარდში განთავსებულ კომპიუტერში შენახული ვიდეოჩანაწერი.

 

ოქმით ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ დგინდება, რომ 2018 წლის 06 ივლისს, შსს გ-–-----------–------- სამმართველოს პოლიციის პ------–- განყოფილების გამომძიებელ გ------------------–---–-- მიერ, ქ. თბილისი, გლდანი, ხ------–---–---------–- მდებარე, ინდ.მეწარმე „--–-------------------- კუთვნილი ლომბარდიდან გამოთხოვილი იქნა სათვალთვალო კამერების მიერ 2018 წლის 02 მაისის 02:57 საათიდან 03:21 საათამდე პერიოდში განხორციელებული, ამავე ლომბარდში განთავსებულ კომპიუტერში შენახული ვიდეო-ჩანაწერები.

 

2018 წლის 26 აგვისტოს ოქმით ნივთიერი მტკიცებულების დათვალიერების შესახებ და ინდმეწარმე „--–-------------------- კუთვნილი ლომბარდიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერით დგინდება შემდეგი:

 

ვიდეოჩანაწერში აღბეჭდილია ხ------–---–-------------- მიმდებარე ტერიტორია. ვიდეოკამერის ხედვის არეალში მოხვედრილია საავტომობილო გზა - ხ------–---–ი ქუჩა, ასევე, - ლომბარდის შესასვლელი, სარკმელი და საცხობი, რომლის წინაც განთავსებულია ცელოფანგადაფარებული სანაყინე მაცივარი.

 

02:58 საათზე ჩანაწერში ფიქსირდება ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც გადმოდის გზაზე და მიდის სანაყინე მაცივართან. მამაკაცი მაცივარს ჯერ აშორებს ცელოფანს, შემდეგ ცდილობს სანაყინე მაცივრის თავსახურის გახსნას, რასაც ვერ ახერხებს და არეული ნაბიჯებით ოდნავ შორდება მას. 02:59 საათზე მამაკაცი ისევ მიდის მაცივართან და ჯერ მისი თავსახურის გახსნას ცდილობს, შემდეგ კი ადგილიდან აგორებს მას. 03:01 საათზე მამაკაცი უკან აგორებს მაცივარს, ცდილობს მის გახსნას, თან მაცივარს ზედა მინაზე და გვერდებზე უსვამს ტილოს. 03:02 საათზე იგი კვლავ ძრავს მაცივარს, ამავე დროს ხელში იღებს ქვას, თუმცა, ისევ დებს ძირს. 03:06 საათზე მამაკაცთან მიდის ასევე ახალგაზრდა მამაკაცი და ესაუბრება მას, 03:09 საათზე კი აღნიშნული მამაკაცი მიდის.

 

03:09 საათზე მამაკაცი, რომელიც პირველად მივიდა მაცივართან, კვლავ აგორებს მაცივარს, რომელსაც 03:10 საათზე ცალი მხრიდან წევს და აყიარვებს. ამ დროს მაცივრის მინა მთელია. მამაკაცი გადაყირავებულ მაცივარს ატრიალებს საცხობის მხარეს.

03:12 საათზე იგი მაცივარს მაღლა სწევს და უშვებს ხელს, 03:15 საათზე კი ესვრის რაღაც საგანს, რა დროსაც მაცივრის მინა იმსხვრევა.

 

03:17 საათზე მამაკაცი მაცივრის გადასაფარებელ პარკს იღებს ხელში, შემდეგ ისევ აგდებს ძირს. იგი იმყოფება მაცივართან და ხანდახან იხრება ძირს.

03:19 საათზე მამაკაცი გადადის გზაზე და ქრება ვიდეოკამერის ხედვის არეალიდან, შემდეგ ისევ გამოჩნდება, მიდის აპარატთან, იქვე ტრიალებს და, სავარაუდოდ, ჭამს ნაყინს.

03:21 საათზე მასთან მიდიან პოლიციის თანამშრომლები.

ალკოტესტით შემოწმების 2018 წლის 02 მაისის ოქმის თანახმად, ნ-----–--------------- შემოწმების შედეგად დაფიქსირდა ალკოჰოლური თრობა 1,991% პრომილე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2---------------------- განაჩენით ნ-----–-------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა 04 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 01 წელი და 06 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 02 წელი და 06 თვე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პ------–- ადგილობრივი საბჭოს 2015 წლის 3------------------------- გადაწყვეტილების თანახმად, ნ-----–-------------- პენიტენციური დაწესებულებიდან იმავე დღეს გათავისუფლდა პირობით, ვადამდე 04 (ოთხი) თვით ადრე.

სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის №--------- დასკვნით, ნ-----–-------------- დაავადებულია შიზოტიპური აშლილობით. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს, ნ-----–-------------- დაავადებული იყო შიზოტიპური აშლილობით და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებაში. ნ-----–--------------- აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. იგი იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. მისი ფსიქიკური აშლილობა ატარებს ქრონიკულ ხასიათს. მას აქვს ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას. იგი თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იძულებით მკურნალობას, ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ნ-----–-------------- შეიძლება წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალად შერაცხული ქმედებისათვის.

ბრალდებულმა ნ-----–--------------- წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომლის თანახმადაც კ------------------ მაცივრის დაზიანება ჩაიდინა სხვამ და ბრალდებულ ნ-----–--------------- ნაყინების ფარულად დაუფლების მცდელობა არ ჰქონია. ზემოგანხილული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით ცალსახად დადგინდა, რომ ბრალდებული ნ-----–-------------- პოლიციის თანამშრომლების მიერ მხილებული იქნა კ------------------ კუთვნილი მაცივრის მინის დაზიანებასა და ნაყინების დაუფლების მცდელობაში, კერძოდ:

პოლიციის თანამშრომლების - ვ--------–-------–---–-- და ო-------------–---- ჩვენებების და შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერის ერთობლიობით ცალსახად დგინდება, რომ 2019 წლის 02 მაისს, ღამის საათებში, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფმა ნ-----–--------------- დაამსხვრია ქ. თბილისში, ო---------–---–---------–- მდებარე საცხობთან განთავსებული ნაყინის შესანახი მაცივრის მინის თავსახური და ეუფლებოდა მასში არსებულ ნაყინებს, რა დროსაც დაკავებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ.

სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარეს ბრალდების მხარის ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით მიღებული ინფორმაციის უტყუარობის შეფასებაში. დაცვის მხარის საპასუხოდ სასამართლო განმარტავს, რომ უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი გულისხმობს „მოთხოვნას, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე №548, II-7); ამასათან, - მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის პროცესში არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა და ყველა მათგანი ექვემდებარება თანაბარ შემოწმებას, მიუხედავად იმისა, ამ მტკიცებულების წყარო სამართალდამცველია თუ ბრალდებული (სსსკ მე-13 მუხლის 1-ლი ნაწილი, 82-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები). სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ადგენს მტკიცებულებათა მყარ იერარქიას და იერარქიის განსაზღვრის წინასწარდადგენილ კრიტერიუმებს, რადგან მათი განსაზღვრა დამოკიდებულია მრავალ ფაქტობრივ გარემოებაზე. ნებისმიერი მოწმის ჩვენების უტყუარობა შესაძლებელია ეჭვქვეშ დადგეს მის მიერ შეუსაბამო, წინააღმდეგობრივი და არათანმიმდევრული ჩვენებების მიცემის გამო ან იმგვარი ფაქტორის დადგენისას, რომელიც შეიძლება გავლენას ახდენდეს მის მიუკერძოებლობაზე.

დაცვის მხარის მიერ მითითებულ გადაწყვეტილებაში (Ochelkov v. Russia, განაცხადი no. 17828/05, 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ზოგადად, არ უგულვებელჰყოფს პოლიციის თანამშრომლის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაციის მტკიცებულებით მნიშვნელობას. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით, ევროპული სასამართლოსთვის მიუღებელი აღმოჩნდა ეროვნული სასამართლოს მხრიდან არასათანადო მოპყრობასთან და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევასთან დაკავშირებით მომჩივანთა მონათხრობისადმი უნდობლობის, ხოლო პოლიციელების ჩვენებებისადმი ყოველგვარი მიზეზის გარეშე, განსაკუთრებული ნდობის გამოცხადება (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Ochelkov v. Russia, პუნქტი 90).

 

სასამართლომ სხვა მტკიცებულებათა მსგავსად, ყოველგვარი პრივილეგირების გარეშე, შეაფასა ვ--------–-------–---–-- და ო-------------–---- ჩვენებები და მივიდა დასკვნამდე, რომ ამ მტკიცებულებათა სანდოობა ეჭვს არ იწვევს. დაცვის მხარის მინიშნება, იმაზე, რომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ადგილი აქვს ნ-----–-------------------- დანაშაულის დაბრალებას, საფუძველს მოკლებულია, რადგან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ზემოაღნიშნულ პირთა მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის არც ფაქტი და არც მოტივი არ დადგენილა. სასამართლო თვლის, რომ დაცვის მხარის პოზიცია, რომელიც, ფაქტობრივად, სრულიად უსაფუძვლოდ, ემყარება პოლიციის თანამშრომელთა არაკეთილსინდისიერების პრეზუმფციას, არ არის გამყარებული არათუ მტკიცებულებით, არამედ, არც რაიმე ანგარიშგასაწევი არგუმენტით, რომელიც სამართალდამცველთა საქმიანობის კანონიერებას დააყენებდა ეჭვქვეშ.

 

გარდა იმისა, რომ საქმის არსებითი განხილვისას არ დადგინდა რაიმე მოტივი, რომელიც ვ--------–-------–---–ს და ო-------------–--ს უბიძგებდა ნ----–-------------------- დაებრალებინათ დანაშაული, - ამ პირთა, როგორც ინფორმაციის პირველწყაროთა, სანდოობის თვალსაზრისით, სასამართლოსთვის ნიშანდობლივია ის გარემოებები, რომ დაკითხვისას მათ დამაჯერებლად და დეტალურად აღწერეს ფაქტები, რომელთა თვითმხილველნიც თავად იყვნენ და მხარეთა მიერ გამოკვლეულ თითოეულ, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტთან დაკავშირებით, მათი განმარტებები თანმხვედრია.

 

ამასთან, ვ--------–-------–---–-- და ო-------------–---- ჩვენებათა უტყუარობა დასტურდება სხვა, სანდოობის მაღალი ხარისხის მქონე მტკიცებულებით - შემთხვევის ადგილთან ახლოს მდებარე ლომბარდის ვიდეოკამერის ჩანაწერით. აღსანიშნავია, რომ მასში ასახული შემთხვევის ფაქტობრივი გარემოებები სრულად ემთხვევა-------–--------------------- ბრალადშერაცხული ქმედების თაობაზე ვ--------–-------–---–-- და ო-------------–---- მიერ სასამართლოსთვის მიწოდებულ ინფორმაციას. კერძოდ, ვიდეოჩანაწერით დგინდება, რომ კ------------------ საცხობთან განთავსებულ ნაყინის შესანახ მაცივართან მივიდა ახალგაზრდა, არეული ნაბიჯებით მოსიარულე (არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი) მამაკაცი, რომელმაც, მას შემდეგ, რაც ვერ შეძლო სანაყინე მაცივრის თავსახურის გახსნა, გადააყირავა მაცივარი, ესროლა რაღაც საგანი და ჩაამსხვრია მისი თავსახურის მინა. პოლიციის თანამშრომლების მიერ ახალგაზრდა მამაკაცის დაკავებამდე, ეს უკანასკნელი რამდენიმე წუთის განმავლობაში იმყოფებოდა მაცივართან, რა დროსაც, სავარაუდოდ, ჭამდა ნაყინს და მაცივართან დახრილი გარკვეულ მოქმედებებს ახორციელებდა.

სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, იმასთან დაკავშირებით, რომ ზემოაღნიშნული ვიდეოჩანაწერი ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კანონით დადგენილ სტანდარტს, რადგან უარყოფილი არ არის მისი გამოცვლის თუ ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის შესახებ გონივრული ეჭვი. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ ვიდეოჩანაწერი, რომელიც ინახავს სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, გამომძიებლის მიერ მოპოვებული და საქმეზე დამაგრებული იქნა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, კერძოდ, საქართველოს სსსკ 136-ე, 1432-14310 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით, სასამართლოს ნებართვითა და შესაბამის საგამოძიებო ოქმში ამ მოქმედების სრული ასახვით. შესაბამისად, ამ საგამოძიებო მოქმედების კანონიერება ეჭვს არ იწვევს.

რაც შეეხება დაცვის მხარის განმარტებას, იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს, თუნდაც, კანონით დადგენილი წესის დაცვით მოპოვებული ზემოაღნიშნული მტკიცებულება, ვინაიდან საეჭვოა კომპიუტერული სისტემიდან პერსონალურ კომპიუტერში მისი გადამწერის კომპეტენცია და ისიც, თუ რამდენად წარმოადგენს ჩანაწერში ასახული შემთხვევა სწორედ იმ ფაქტს, რომელიც ნ-----–--------------- ბრალად აქვს შერაცხული, - სასამართლო კვლავ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ვიდეოჩანაწერში ასახული შემთხვევა სრულ თანხვედრაშია ბრალდების მოწმეთა მიერ აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებთან, რაც უტყუარი დასტურია იმისა, რომ ვიდეოჩანაწერი სწორედ იმ შემთხვევას ასახავს, რომლის თვითმხილველნიც ბრალდების მოწმეები გახდნენ; ხოლო კ------------------ კუთვნილი მაცივრიდან ნაყინების ფარული დაუფლების სხვა ფაქტის არსებობა (მითუფრო, თვითმხილველი მოწმეების მიერ აღწერილ ვითარებაში) გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადგინდა. რაც შეეხება შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერის კომპიუტერში გადმომწერი პირის კომპეტენციას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო თვლის, რომ ვიდეოჩანაწერთან კონტაქტში მყოფი ნებისმიერი პირის არაკომპეტენტურობა ვერაფრით დააკნინებს ამ მტკიცებულების შინაარსობრივ მხარეს. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის მითითება მტკიცებულების გამოცვლის შესახებ გონივრული ეჭვის არსებობის თაობაზე, საფუძველს მოკლებულია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 02 მაისს ნ-----–--------------- სცადა კ------------------ კუთვნილი მაცივრიდან ნაყინების დაუფლება, რაც ვერ მოახერხა პოლიციის თანამშრომლების მიერ მისი დაკავების გამო. ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას სასამართლომ იხელმძღვანელა საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი, „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით, რომელიც სისხლის სამართლის საქმეში მოითხოვს არა მტკიცებულებათა სიუხვეს, არამედ დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობას, რომელთა ურთიერთშეჯერება და ანალიზი გონიერ და ობიექტურ ადამიანს არ გაუჩენს ლოგიკურ და დასაბუთებულ კითხვებს პირის მიერ ბრალადშერაცხული ქმედების ჩადენასთან მიმართებით.

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით კრიმინალიზებულია ქურდობა - სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ქურდობის ობიექტური შემადგენლობის განხორციელება გულისხმობს სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლებას ქონების მესაკუთრისა და სხვა პირთაგან ფარულად; სუბიექტური შემადგენლობა კი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანში გამოიხატება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლი დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებებად მიიჩნევს ქურდობის ჩადენას არაერთგზის (მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტი), ასევე, დამამძიმებელ გარემოებად აცხადებს დაზარალებულისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას (მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტი).

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შემთხვევაში, „მნიშვნელოვან ზიანად“ მიიჩნევა ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით; ხოლო საქართველოს სსკ მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად, ,,დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი”. შესაბამისად, დანაშაულის მცდელობას ადგილი აქვს მაშინ, როცა პირმა თავისი ქმედება უშუალოდ დანაშაულის განსახორციელებლად მიმართა და ამგვარად შედეგის დადგომის, ანუ სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის კონკრეტული საფრთხე შექმნა.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ-----–-------------- დაეუფლა კ------------------ კუთვნილი მაცივრიდან ერთ ნაყინს, რომელიც შემთხვევის ადგილზევე მიირთვა, მანვე პოლიეთილენის პარკში მოათავსა სამი ე.წ. „ჭიქის“ ნაყინი და დააზიანა სხვა რამდენიმე. დაზარალებულის ჩვენების თანახმად, ზემოაღნიშნული ნაყინების საერთო ღირებულებამ 5,10 ლარი შეადგინა. ნაყინების საბოლოო დაუფლება ნ-----–--------------- ვერ შეძლო, რადგან დაკავებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ქურდობის მცდელობისთვის ნასამართლევი ნ----–--------------- ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნები (ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის), რაც შეეხება დაზარალებულისათვის მნიშვნელოვანი ზიანის შესაძლო მიყენების ფაქტს (საქართველოს სსკ 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით), იგი გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადგინდა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ნ-----–--------------- მიერ რამდენიმე ნაყინის ფარული დაუფლების მცდელობა ფორმალურად შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, სასამართლო მიიჩნევს, რომ მცირე მნიშვნელობის გამო მას არ გამოუწვევია ისეთი ზიანი (დანაშაულის საგნის, ნაყინების, ღირებულება შეადგენს 5,10 ლარს), რომელიც აუცილებელს გახდიდა-------–--------------------- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას, მას არც ასეთი ზიანის საფრთხე შეუქმნია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ნ-----–-------------- ბრალადშერაცხულ დანაშაულში უნდა გამართლდეს, რადგან მის მიერ ჩადენილი ქმედება არ წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს, თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილისა, რომლის მიხედვითაც „დანაშაულს არ წარმოადგენს ისეთი ქმედება, რომელიც თუმცა ფორმალურად შეიცავს ამ კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ნიშნებს, მაგრამ მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ან არ შეუქმნია ასეთი ზიანის საფრთხე“.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-276-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ნ-----–-------------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ” პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

გაუქმდეს ნ-----–--------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

 

ნ-----–--------------- აქვს უფლება მოითხოვოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურება.

ნივთიერი მტკიცებულებები: 1. ლაზერული დისკები და სამედიცინო დოკუმენტაცია - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით. 2. სამი ცალი ნაყინი - განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი ებანოიძე