განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/721-19 (№057260519001)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 ოქტომბერი 2019 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი დავით აბაშიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ------- გ-----------
დაცვის მხარე:
ბრალდებული: კ------------- ჩ-----
მამის სახელი: ბ--------
დაბადებული: 0--------- წელი
პირადი ნომერი: N0----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლეობა: მქონე
მცხოვრები: ბაღდათი, სოფელი დ---
ადვოკატი - მ----- წ---–---
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, არაერთგზის.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
2019 წლის 26 მაისს, დაახლოებით 16:30 საათზე, ბაღდათის რაიონის სოფელ დ--–- მდებარე სახლში, მუქარისათვის ნასამართლევი კ------------- ჩ----- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს დ-------- ჩ---------, ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. სასამართლომ დაადგინა:
სასამართლოს მიაჩნია, რომ სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით ვერ ჰპოვა დადასტურება კ------------- ჩ------ მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენამ; ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა კ------------- ჩ------ ბრალეულობას.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, არაერთგზის.
დაზარალებულმა დ-------- ჩ--------- არ მისცა ჩვენება მეუღლის, კ------------- ჩ------ წინააღმდეგ. ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლო ნათესავად ითვლება მეუღლე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებით სხდომაზე, გარდა დაზარალებულ დ-------- ჩ--------- ჩვენებისა, რომელმაც ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული უფლებით და არ მისცა მეუღლის წინააღმდეგ ჩვენება, სხვა მტკიცებულებები - მოწმეების: მ----- გ-----–----, ლ---- ჭ----------- გამოკითხვის ოქმები, კ------------- ჩ------ დაკავების ოქმი, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 მაისის განაჩენი, ამბულატორიულ სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნა - მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
4. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განაჩენის დადგენისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტია - სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს პირის ბრალეულობას.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული “.
სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია, ასევე, ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია ა) სიცოცხლის მოსპობის ან ბ) ჯანმრთელობის დაზიანების ანდა გ) ქონების განადგურების მუქარამ, ადრესატში გამოიწვიოს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ დანაშაულის კვალიფიკაციისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ დაზარალებულის ჩვენებას (ამასთან დაკავშირებით იხ.: უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება N251აპ-18 საქმეზე; უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება N276აპ-17 საქმეზე).
რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლს, იგი მიუთითებს ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ოჯახის წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ჩადენას. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე.
სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების, მათ შორის უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საფუძველზე, ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო უდავოდ ცნობილ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა კ------------- ჩ------ მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტს, კერძოდ:
იმ ფონზე როდესაც განსახილველი დანაშაულის კვალიფიკაციისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს დაზარალებულის ჩვენებას, დაზარალებულმა ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. უდავოდ ცნობილი ბაღდათის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ მ----- გ-----–---- გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 26 მაისს ბაღდათის რაიონულ სამმართველოში 112-დან შევიდა შეტყობინება, მასზედ რომ ბაღდათის რაიონის სოფელ დ--–- მცხოვრებმა კ------------- ჩ-----მ საკუთარ საცხოვრებელ სახლში ძალადობა განახორციელა მეუღლის დ-------- ჩ--------- მიმართ. აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე მისამართზე გამოცხდდა მ----- გ-----–--- უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ლ---- ჭ-----------თან ერთად, მოწმის განმარტებით ადგილზე მისვლისას მათ სახლში დახვდათ კ------------- ჩ----- და დ-------- ჩ--------, თუმცა მათ შორის კამათს ან საუბარს ადგილი არ ჰქონია, არც რაიმე სახის არეულობა შეინიშნებოდა საცხოვრებელ სახლში. დ-------- ჩ--------- განმარტა, რომ მეუღლე მას სისტემატურად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ კ------------- ჩ----- იმ მომენტისათვის იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში. უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ლ---- ჭ----------- მიერ მოხდა კ------------- ჩ------ ბრალდებულის სახით დაკავება. ბაღდათის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ლ---- ჭ----------- გამოკითხვისას ანალოგიურად აღწერა ფაქტობრივი გარემოებები.
სასამართლო განმარტავს, რომ მოწმეები: მ----- გ-----–--- და ლ---- ჭ---------- გადმოსცემენ იმ დაზარალებულისაგან მიღებულ ინფორმაციას, რომელმაც საქმის განხილვისას ჩვენება არ მისცა, არცერთი მათგანი არ არის ფაქტის თვითმხილველი და აღნიშნული მოწმეების ჩვენებები საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს.
სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომას, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს (იხილეთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015; №1/1/548; §52). შესაბამისად, მოწმეების მ----- გ-----–----ა და ლ---- ჭ----------- ჩვენებების სამართლებრივი ღირებულება, მაშინ როდესაც მათ მიერ, სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია არ დადასტურებულა სასამართლოში წარმოდგენილი არც ერთი პირდაპირი მტკიცებულებით, მათ შორის არც თავად დაზარალებულის ჩვენებით, სასამართლო ვერ დაეყრდნობა.
ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არასაკმარის მტკიცებულებებზე დაყრდნობით, იმ ვითარებაში, როდესაც ბუნებაში არ არსებობს დაზარალებულ დ-------- ჩ--------- ჩვენება, შეუძლებელია იმ ფაქტის უტყუარად დადგენა, ჰქონდა თუ არა ადგილი მუქარის ფაქტს და მით უფრო, იმის ვარაუდი, დაუდასტურებელი მუქარა რეალურად აღიქვა თუ არა დაზარალებულმა და გაუჩნდა თუ არა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს შიშის რეალურობის შეფასების ისეთ სუბიექტურ კრიტერიუმს, როგორიც არის დაზარალებულების აღქმა და განმარტავს, რომ დანაშაულის (მუქარის) არსებობისათვის აუცილებელია სწორედ იმის უტყუარად დადგენა, გაუჩნდა თუ არა დაზარალებულს მუქარის განხორციელების რეალური შიში. თუ დაზარალებულს ასეთი შიში არ გასჩენია, მუქარა, ზოგადად შიშის მომგვრელიც რომ ყოფილიყო, სახეზე არ გვაქვს დანაშაულის შემადგენლობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომელიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. გამოკვლეული მტკიცებულებებით კი სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდება უსაფუძვლოა და არ არსებობს კ------------- ჩ------ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეთა უშუალო მონაწილეობით საქმის განხილვის შემდეგ, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა კ------------- ჩ------ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რის გამოც კ------------- ჩ----- წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კ------------- ჩ----- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.
კ------------- ჩ------ მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს.
კ------------- ჩ----- დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.
გამართლებულ კ------------- ჩ-----ს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური