განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110100119003205371
N1/266-2019
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე
სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ------ ჩ--------;
დაცვის მხარე:
ადვოკატი - გ------- დ---–-–---–-;
ბრალდებული - ლ-–- წ-----, დაბადებული 1----–-–----------, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), უ-----–-----------–-----------, დაოჯახებული, ნასამართლეობის არმქონე, მცხოვრები: ზესტაფონი რაიონი, ს------–-----–--------;
კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი); 2) საქართველოს სსკ 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (თავისუფლების უკანონო აღკვეთა); 3) საქართველოს სსკ 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში);
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2018 წელს, ზუსტი დრო დაუდგენელია, ქალაქ ზესტაფონში არსებული სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვალის დაბრუნებასთან დაკავშირებული ურთიერთშელაპარაკებისას, ლ-–- წ-----მ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ს------ შ-------–-ილს, კერძოდ: ორივე ხელის მუშტი რამდენჯერმე დაარტყა სახისა და თავის არეში, რის გამოც ს------ შ-------–-ილი წაიქცა. განაგრძობდა რა ძალადობას, ლ-–- წ-----მ, წაქცეულ ს------ შ-------–-ილს, სხეულის სხვადასხვა ადგილზე რამდენჯერმე დაარტყა ხელი და ფეხი. ლ-–- წ----ის მხრიდან განხორციელებული თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად, ს------ შ-------–-ილმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. 2019 წლის 7 ივნისს, დაახლოებით 13:00 საათზე, ზესტაფონში აღმაშენებლის ქუჩაზე ფეხით გადაადგილებისას, ს------ შ-------–-ილს დაუძახა ლ-–- წ-----მ, რომელიც იჯდა, იქვე პარკირებული, მის მართვის ქვეშ მყოფი, შავი ფერის „სუბარუს“ მარკის, სახელმწიფო ნომერი B-------- ავტომანქანაში. ვალის დაბრუნებასთან დაკავშირებული ურთიერთშელაპარაკებისას, ლ-–- წ-----მ, ს------ შ-------–-ილს მოსთხოვა მანქანაში დაჯდომა, რაზედაც მან უარი მიიღო. აღნიშნულის შემდეგ, ლ-–- წ----- სწრაფად ჩამოვიდა ავტომანქანიდან, ს------ შ-------–-ილს ხელი მოკიდა მარჯვენა მკლავზე და ძლიერად მოუჭირა, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ტკივილი. ძალის გამოყენებით მიიყვანა ავტომანქანის უკანა, მარჯვენა მხარეს არსებულ კარებთან, ამავდროულად ცალი ხელით იჭერდა ს------ შ-------–-ილს, ხოლო მეორე ხელით გააღო ავტომანქანის უკანა, მარჯვენა კარები, რის შემდეგაც ორივე ხელი ძლიერად უბიძგა და მიუხედავად ს------ შ-------–-ილის წინააღმდეგობისა, იძულებით ჩასვა ავტომანქანაში და ჩაუკეტა კარები. ს------ შ-------–-ილი ცდილობდა ავტომანქანიდან გადმოსვლას, რისი საშუალებაც კარების ჩაკეტვისა და მინის ამოწევის გზით, არ მისცა ლ-–- წ-----მ, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი მიიყვანა ზესტაფონის რაიონის სოფელ პ------–--------ს ტერიტორიაზე და მისი ნების საწინააღმდეგოდ, არ აძლევდა საშუალებას დაეტოვებინა ავტომანქანა.
3. 2019 წლის 7 ივნისს, დაახლოებით 13:00 საათზე, ზესტაფონში, აღმაშენებლის ქუჩაზე ფეხით გადაადგილებისას, ს------ შ-------–-ილს, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება ლ-–- წ-----მ, ჩასვა მის კუთვნილ „სუბარუს“ მარკის, სახელმწიფო ნომერი B-------- ავტომანქანაში და გადაიყვანა ზესტაფონის რაიონის სოფელ პ------–--------ს ტერიტორიაზე. ვალის დაბრუნებასთან დაკავშირებით მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ლ-–- წ-----, სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა ს------ შ-------–-ილს. ლ-–- წ----ის მიერ განხორციელებული ქმედება, ს------ შ-------–-ილმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის - სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ლ-–- წ-----მ წარდგენილ ბრალდებებში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა.
5. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებულ არცერთ მტკიცებულებას სადავოდ არ ხდიდნენ და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ წინასასამართლო სხდომაზე საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულება მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
6. სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
7. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (2014 წლის 24 აპრილი, განაცხადი No. 9043/05, პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006 XII).
8. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
9. სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ-–- წ----ის მიერ დანაშაულების ჩადენას, გარდა მისი აღიარებისა, უტყუარად ადასტურებს შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: დაზარალებულ ს------ შ-------–-ილის გამოკითხვის ოქმები; მოწმეების გ------- ჯ----–---–--, თ------- კ-----------, ე----- შ-------–-ილს, დ----- წ----ის და მ--- ქ-----–---–-- გამოკითხვის ოქმები; ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი; ჩხრეკისა და ამოღების ოქმები; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ფოტოსურათები; დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N------ დასკვნა; ინფორმაციის გამოთხოვის ოქმები; კომპიუტერული ექსპერტიზის N--------- დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები და მასალები.
10. სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნულ ეჭვის გამომრიცხავ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია ლ-–- წ----ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
სამართლებრივი შეფასება:
11. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ ცემა გამოიხატება ძალადობით მოქმედებაში, შედეგში (ფიზიკური ტკივილი) და მიზეზობრივ კავშირში მოქმედებასა და შედეგს შორის. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულს ფიზიკურ ტკივილს აყენებს. ცემა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღნეთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ, ცემის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე, საქმის სხვა გარემოებებს. დანაშაულის ჩადენის ხერხსა და საშუალებას კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით. დანაშაულის ამსრულებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი შერაცხადი პირი, რომელიც მიღწეულია 14 წელს. სუბიექტური მხრივ დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. ბრალის ფორმის მიხედვით იგი განზრახვაში გამოიხატება. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე რამდენიმე დარტყმა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.
12. საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით კრიმინალიზებულია თავისუფლების უკანონო აღკვეთა. საქართველოს კონსტიტუციით ადამიანებს აქვთ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება. კონსტიტუციით, ასევე, ხელშეუვალია ადამიანის თავისუფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ არავის არა აქვს უფლება თავისუფლება აღუკვეთოს ან სხვაგვარად შეუზღუდოს იგი პირს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. ძირითადად ადამიანის პირად თავისუფლებას ეხება 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და 1966 წლის 16 დეკემბრის საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ. განსახილველი დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ძირითადი ობიექტია ადამიანის ხელშეუხებლობა და მისი თავისუფალი გადაადგილების უფლება, ხოლო ფაკულტატურ ობიექტს წარმოადგენს სხვა პირის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ღირსება. ობიექტური მხრივ თავისუფლების უკანონო აღკვეთა შეიძლება გამოიხატოს როგორც მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში. უმოქმედობითაა ჩადენილი ეს დანაშაული, როცა მანქანაში მყოფ პირს არ უღებენ კარებს და არ აძლევენ თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობას, რის გამოც იგი იძულებულია დარჩეს ამ მანქანაში. დანაშაული დამთავრებულია სხვა პირის თავისუფლების უკანონო აღკვეთის მომენტიდან. თავისუფლების უკანონო აღკვეთა შეიძლება მოხდეს ამა თუ იმ შენობა-ნაგებობაში მყოფი პირისათვის კარების ჩაკეტვით. ამრიგად, თავისუფლების უკანონო აღკვეთა დაკავშირებულია პირის იძულებით დაკავებასთან, როცა მას ფაქტობრივად (ობიექტურად), წართმეული აქვს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, რომლის ხანგრძლივობას ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს. თავისუფლების უკანონო აღკვეთა დენადი დანაშაულია. მისი ჩადენა იწყება, როცა პირს ფაქტობრივად წაართმევენ თავისუფალი გადაადგილების უფლებას და შემდეგ უწყვეტლივ მიედინება. მისი ხანგრძლივობა მხედველობაში მიიღება სასჯელის დანიშვნის დროს - ვინაიდან, ეს დანაშაული დენადია, მისი დაწყებიდან (მაგალითად, ადამიანის მანქანაში ჩაკეტვიდან) ქმედების შეწყვეტის მომენტამდე (ამ ადამიანის გათავისუფლებამდე). თავისუფლების უკანონო აღკვეთის ამსრულებელი არის ნებისმიერი შერაცხადი 14 წელს მიღწეული პირი. სუბიექტური მხრივ მოტივსა და მიზანს ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს. თავისუფლების უკანონო აღკვეთის მოტივი და მიზანი შეიძლება იყოს ანგარება, ხულიგნური ქვენაგრძნობა, ეჭვიანობა, შურისძიება და სხვა, რაც მხედველობაში იქნება მიღებული სასჯელის დანიშვნისას. ბრალის ფორმის მიხედვით ეს დანაშაული განზრახია. კერძოდ, მისი ჩადენა ხდება პირდაპირი განზრახვით. პირს გაცნობიერებული აქვს, რომ სხვას უკანონოდ აღუკვეთს თავისუფლებას და სურს ეს.
13. დანაშაულისაგან (სსკ 151-ე მუხლი) სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება: ა) მოქმედებაში (კერძოდ მუქარა); ბ) შედეგში (შიში) და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. მუქარა შეიძლება განხორციელდეს სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით, იარაღის (მათ შორის დანის) დემონსტრირებით. მუქარის შინაარსი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობაში, ქონების განადგურებაში და სხვა. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით (პირის შეიარაღება მუქარის წარმოთქმისას), ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ (ურთიერთდამოკიდებულება დამნაშავესა და მსხვერპლს შორის) უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ამასთანავე, არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ესე იგი, იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედების ჩასადენად. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. განსახილველი დანაშაულის შემადგენლობა დაფუძნებულია არა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ აქ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, თანაც მუქარა გარეგნულად ისეთ ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. შედეგად კი ვღებულობთ იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, კარგავს სიმშვიდეს, რადგან ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. სწორედ ამაში მდგომარეობს მუქარის საზოგადოებრივი საშიშროება. დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. ბრალის ფორმის მიხედვით კი მუქარა არის განზრახი დანაშაული. მისი ამსრულებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი შერაცხადი 14 წლის პირი.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ განხორციელებული ქმედებებით ლ-–- წ-----მ ჩაიდინა: ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით); 2) თავისუფლების უკანონო აღკვეთა (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით); 3) სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით);
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
15. ლ-–- წ----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
16. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
17. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. განსაკუთრებით მის მისწრაფებას - აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ლ-–- წ-----ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით ბრალდებულის პიროვნებას, აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებებს, არ არის ნასამართლევი, არ არის შემჩნეული ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში და აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან. ოჯახში ცხოვრობს მეუღლესთან, ორ შვილთან და მშობლებთან ერთად. დასაქმებული მხოლოდ თვითონაა კერძო ბიზნესით, ხასიათდება დადებითად. დაზარალებულთან შერიგებულია და პრეტენზია არ გააჩნია. საქმეზე არსებული მტკიცებულებები მიიჩნია უდავოდ, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. შესაბამისად, ბრალდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის გათვალისწინებით, ლ-–- წ-----ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს: საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით; საქართველოს სსკ 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით; საქართველოს სსკ 42-ე მუხლის საფუძველზე, ლ-–- წ-----ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით; საქართველოს სსკ 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. საბოლოოდ ლ-–- წ-----ს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპით. იმის გათვალისწინებით, რომ მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, საბოლოოდ დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობითად. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონმდებლობა არ უნდა იძლეოდეს ე.წ. „სანიმუშო“ სასჯელების გამოყენების შესაძლებლობას, რადგან სასჯელი მისივე მიზნებისგან ობიექტურად აცდენილი ხდება. ასეთი მიდგომა არღვევს პროპორციულობის პრინციპს, შედეგად იწვევს პირის არაპროპორციულ დასჯას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, საქმეზე ბ--- წ------–---–-, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პარაგრაფი 102). სწორედ „სანიმუშოდ დასჯის“ თავიდან აცილების მიზნით, სასამართლოს პროპორციულ ღონისძიებად მიაჩნია ლ-–- წ----ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენება და არ არის მიზანშეწონილი მის მიერ 2 (ორი) წლის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდა, რაც პირიქით, შეიძლება კონპროდუქტიული იყოს.
18. საქართველოს სსკ 65-ე მუხლის თანახმად, პირობითი მსჯავრის დროს, თუ არსებობს საამისო საფუძველი, სასამართლოს შეუძლია დააკისროს მსჯავრდებულს განსაზღვრული მოვალეობის შესრულება: პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში, არ მოინახულოს განსაზღვრული ადგილი, მატერიალურად დაეხმაროს ოჯახს, გაიაროს ალკოჰოლიზმის, ნარკომანიის, ტოქსიკომანიის ან ვენერიული სენის მკურნალობის კურსი, ხოლო თუ მსჯავრდებული ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირია − ასევე ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი. სასამართლოს შეუძლია დააკისროს მსჯავრდებულს სხვა მოვალეობაც, რომელიც ხელს შეუწყობს მის გამოსწორებას. შესაბამისად, პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში მსჯავრდებულის ყოფა-ქცევის ეფექტურად კონტროლის მიზნით, საქართველოს სსკ 65-ე მუხლის თანახმად, ლ-–- წ-----ს უნდა დაეკისროს მოვალეობა, პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
ნივთიერი მტკიცებულებები:
19. საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებითა და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ-–- წ----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ 42-ე მუხლის საფუძველზე, ლ-–- წ-----ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ლ-–- წ-----ს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 (ორი) წელი და დამატებითი სასჯელი ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით;
ლ-–- წ----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. შესაბამისად, გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 ივნისის N12/13-2019 განჩინებით ლ-–- წ----ის (პ/ნ 1----------) თანასაკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა (მდებარე: ზესტაფონის რაიონი სოფელი პ------–--------, ს---------------)
ლ-–- წ-----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო - 2019 წლის 8 ივნისიდან, 2019 წლის 10 ივნისის ჩათვლით;
საქართველოს სსკ 65-ე მუხლის საფუძველზე, პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში, ლ-–- წ-----ს დაეკისროს მოვალეობა პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო სსკ 66-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობითი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
საქმეზე დართული ნივთები და საგნები: ფოტოსურათები და ოთხი ცალი დისკი, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
,,სამსუნგის’’ ფირმის ოქროსფერი მობილური ტელეფონი, ,,სამსუნგის’’ ფირმის შავკორპუსიანი მობილური ტელეფონი, ავტომანქანიდან ამოღებული ,,სამსუნგის’’ ფირმის ტელეფონი, მართვის მოწმობა, ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა ,,სუბარუს’’ მარკის სახ. ნომერი B-------- ავტომანქანა და პასპორტი, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ავტომანქანიდან ამოღებული მიკრონაწილაკები, ავტომანქანიდან ამოღებული ანაწმენდები, ნერწყვის ნიმუში, შალითის ორი ნიმუში, ხელის კვალის 3 დაქტილობარათი, ხელის 2 კვალი, სუნის ნიმუში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ს------ შ-------–-ილის მაისური და ჯინსის შარვალი - დაუბრუნდეს ს------ შ-------–-ილს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
თ---------- კ----------- შავი ფერის შარვალი, შავი ფერის მაისური - დაუბრუნდეს თ---------- კ-----------, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ლ-–- წ----ის მაისური და სპორტული შორტი - დაუბრუნდეს ლ-–- წ-----ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძე