განაჩენი

სისხლის სამართლის 23.09.2019
საქმის ნომერი
330100119003168833
თარიღი
23.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/4017-19

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

23 სექტემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ა---------

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - დ----- გ--–-- ძე ვ--–-–---–ი, - საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: #0----------, დაბადებული 1--- წლის 9-----ს, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თბილისი, ს--------–---–-- ქ.#--–-

 

კვალიფიკაცია:

1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ).

 

2.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

 

ადვოკატი - გ------- ბ----–----

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 19 ივლისს, დაახლოებით 00:30 საათზე, თ---–--–-- ს--------–---–-- ქუჩა #--–- მდებარე საცხოვრებელ სახლში დ----- ვ--–-–---–მა მეუღლეს - მ------- ბ-----ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში, ხოლო კისრის არეში მოუჭირა ხელი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტს ესწრებოდა მ------- ბ-----ის არასრულწლოვანი შვილი - ა--------- ვ--–-–---–ი.

 

1.2.2019 წლის 30 აპრილს, დაახლოებით 23:30 საათზე, თ---–--–-- ს--------–---–-- ქუჩა #--–- მდებარე საცხოვრებელ სახლში დ----- ვ--–-–---–მა მეუღლეს - მ------- ბ-----ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხელი რამდენიმეჯერ დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.

 

2.2.სასამართლოს დასკვნა დ----- ვ--–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ მ------- ბ-----ის და მოწმეების - მ--------------ის, დ----- ქ----–---–ის, ნ-----–--------–---–ის, გ-------– მ-------–---–ის გამოკითხვის ოქმებს, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, შემაკავებელი ორდერის ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია დ----- ვ--–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტად მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულმა 2019 წლის 19 ივლისს და 30 აპრილს ფიზიკურად იძალადა ოჯახის წევრზე - მეუღლეზე მ------- ბ-----ეზე. ძალადობის შედეგად მსხვერპლმა ორივე შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი. ძალადობის ფაქტს მოწმობს სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნა, რომლის მიხედვითაც 19/07/1019 წ. მოქ. მ------- ბ-----ეს პირადი შემოწმებისას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებანი სისხლნაჟღენთების სახით, რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. სასამართლომ დადგენილ ფაქტად მიიღო ის გარემოებაც, რომ ბრალდებულმა დ----- ვ--–-–---–მა 2019 წლის 19 ივლისს ფიზიკური ძალადობა განახორციელა დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით. მოძალადის ქმედება არის ბრალეული, შესაბამისად მან პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე.

 

3.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.4. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა დ----- ვ--–-–---–ის ბრალეულობა.

 

3.5. სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და დაასკვნა, რომ ბრალდებულმა დ----- ვ--–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებული დანაშაულები, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. დ----- ვ--–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება.

 

4.2. დ----- ვ--–-–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა: დანაშაულის სიმრავლე (ჩადენილია დანაშაულის 2 ეპიზოდი), ინტენსივობა, ხერხი, ქმედების ჩადენა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

5.3. სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს, როგორიცაა:

 

5.3.1. დანაშაულის სიმრავლე - ჩადენილია დანაშაულის 2 ეპიზოდი;

 

5.3.2. ინტენსივობა, დ. ვ--–-–---–ი ეჭვიანობის მოტივით სისტემატურად ავლენდა აგრესიას ოჯახის წევრის - მეუღლის მიმართ, ამონარიდი დაზარალებულ მ------- ბ-----ის გამოკითხვის ოქმიდან, ,,..ბოლო ოთხი წელია ჩემს მეუღლესთან მაქვს კონფლიქტური ურთიერთობა, ის არის ალკოჰოლზე დამოკიდებული, აქვს პათოლოგიური სიმთვრალე, რა დროსაც მეჩხუბება, მაყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. მისი მხრიდან ჩემს მიმართ განხორციელებულ ძალადობას აქვს სისტემატური ხასიათი...’’;

 

5.3.3. დამნაშავე პირის დამოკიდებულება ალკოჰოლზე, რაც ოჯახში ძალადობის ჩადენის მაპროვოცირებელი ფაქტორი იყო, თითოეული განსახილველი ეპიზოდი (2019 წლის 19 ივლისი, 2019 წლის 30 აპრილი) ჩადენილი იყო ალკოჰოლური თრობის ქვეშ;

 

5.3.4. ძალადობის ხერხი - ინტენსიური და მრავალჯერადი დარტყმები სახის არეში;

 

5.3.5. 2019 წლის 19 ივლისის ეპიზოდი ჩადენილ იქნა დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით. ძალადობის ჩადენამ კი არასრულწლოვნის თანდასწრებით შესაძლოა, სავალალო ზემოქმედება იქონიოს არასრულწლოვნის ფსიქიკასა და შემდგომ განვითარებაზე, ვინაიდან ოჯახში ძალადობა ნეგატიურ გავლენას ახდენს ბავშვზე, უნგრევს მას სტაბილურობისა და უსაფრთხოების განცდას.

 

5.4.სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა პირობითი მსჯავრის გამოყენების თაობაზე, ადვოკატის მოთხოვნაში მითითება დამნაშავის მხრიდან დანაშაულის აღიარებაზე, მტკიცებულებების უდავოობაზე და იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოძალადეს ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, დამამძიმებელი გარემოებების და სამომავლო რისკების შეფასების გარეშე ვერ გახდება სასჯელის ისეთი სახის და ზომის გამოყენების საფუძველი, რაც არ არის დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან. რაც შეეხება სამომავლოდ დანაშაულის განმეორების რისკებს - აქ სასამართლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს - დ----- ვ--–-–---–ი მეუღლეზე ძალადობდა ეჭვიანობის მოტივით, რაც შესაძლოა მომავალშიც გაგრძელდეს, ასევე სასამართლო მხედველობაში იღებს მსხვერპლის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, მ. ბ-----ე გამოკითხვის ოქმში უთითებს, რომ მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობის გამო განიცადა როგორც ფიზიკური, ასევე მორალური ზიანი და აქედან გამომდინარე იგი ითხოვს დამნაშავე პირის მკაცრად დასჯას.

 

5.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: ,,სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას“. პასუხისმგებლობის დამამძიმებელმა გარემოებებმა მნიშვნელოვნად გადაწონა შემამსუბუქებელი გარემოებები, შესაბამისად, ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ის, რომ ბრალდებულს ჰყავს არასრულწლოვანი შვილი ვერ გახდება უპირობოდ მსუბუქი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი. სწორედ ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის აუცილებელია მოძალადის დროებითი იზოლაცია და განრიდება ოჯახისგან, რათა ბავშვმა იცხოვროს მშვიდ ოჯახურ გარემოში. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მიზნები მოითხოვს მოძალადე ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის სერიოზულობის გათვალისწინებით. სასამართლოს შეფასებით, სწორედ დანაშაულის ხერხის, სიმძიმის და მასშტაბის მხედველობაში მიღებით დანიშნულმა ზომიერად მკაცრმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს მომავალში დ----- ვ--–-–---–ის სათანადო ქცევას, რათა მსჯავრდებულმა მოახდინოს ახალი სოციალური ღირებულებების გათავისება, მისი ქცევების კორექტირება და თვითშეგნების ამაღლება.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად, 1(ერთი) ცალი კომპიუტერული დისკი - შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დ----- ვ--–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით.

 

2. დ----- ვ--–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დ----- ვ--–-–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით.

 

4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 ივლისის განჩინებით დ----- ვ--–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 25 ივლისიდან.

 

5. ნივთიერი მტკიცებულება:

 

1(ერთი) ცალი კომპიუტერული დისკი - შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე

 

7. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა