გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.10.2019
საქმის ნომერი
130210019002848553
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
31.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

130210019002848553

2-89-19

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

31 ოქტომბერი, 2019 წ. ქ. ხაშური

ხ-–------ რაიონული სასამართლო

მოსამართლე ზაზა რამიშვილი

სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი

მოსარჩელე გ---------–---–--იძე

წარმომადგენელი ქ--------------–-ძე

მოპასუხე შ-- ჩ------------------------------------------ი

წარმომადგენლები ო-–---------–----------------------ძე

დავის საგანი ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხეს დაეკისროს გ---------–---–--იძის სასარგებლოდ 91 815 (ოთხმოცდათერთმეტი ათას რვაას თხუთმეტი) ლარი და 10 (ათი) თეთრის გადახდა. სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელის საკუთრებაშია უძრავი ქონება - საცხოვრებელი სახლი - ხ-–------ მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----–-, სადაც მოპასუხე - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ------------------------------------------ი'' აწარმოებს სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას. მშენებლობის დროს განხორციელებულმა მრავალჯერადმა აფეთქებებმა გამოიწვია მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის დაზიანება; სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული აფეთქებითი სამუშაოების შედეგად; მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მოქმედებით მიყენებული ზიანია 91 815 (ოთხმოცდათერთმეტი ათას რვაას თხუთმეტი) ლარი და 10 (ათი) თეთრი მოსარჩელის სახლის დემონტაჟისა და მსგავსი სახლის აშენებისათვის საჭირო თანხა.

2. მოპასუხის პოზიცია მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ------------------------------------------ი'' სარჩელს არ ცნობს შემდეგ გარემოებებზე მითითებით: მოსარჩელის სახლის დაზიანება არ არის გამოწვეული მოპასუხის ბრალით: - მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები დაუსაბუთებელია;

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელის საკუთრების უფლებაა დარეგისტრირებული ხ-–------ მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----–- მდებარე უძრავ ნივთზე 1521.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა ნაგებობაზე საკადასტრო კოდით 6----------- (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს.ფ.16);

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელის კუთვნილი სახლი დაზიანებულია და ის გამოწვეულია მოპასუხის მიერ განხორციელებული აფეთქებითი სამუშაოებით.

მოსარჩელემ წარმოადგინა საჯარო სამართლის იურიდიული პირი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ.17-30), რომლის თანახმად, გ---------–---–--იძის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, ვერ უზრუნველყოფს მობინადრეების უსაფრთხოებას, მისი შემდგომი ექსპლუატაცია დაუშვებელია და ექვემდებარება დემონტაჟს ამ მიზნით სპეციალურად დამუშავებული დემონტაჟის პროექტის მიხედვით. დაზიანებები და სახლის უკანა მარცხენა კუთხის (ფასადის მხრიდან) ჩამონგრევა გამოწვეულია სოფელ ქ--–----–- რკინიგზის გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოების შედეგად;

მოპასუხე მხარემ წარმოადგინა აფეთქებების მონიტორინგის საერთაშორისო კომპანია ,,ექსორიქსის" და შ-- ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნები. ,,ექსორიქსის" დასკვნის თანახმად, მოსარჩელის სახლი აფეთქების ზემოქმედების ზონაში არ მდებარეობს და შესაბამისად, მისი დაზიანება არ არის გამოწვეული მოპასუხის მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად;

3.2.2. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სახლის დემონტაჟისა და მსგავსი სახლის აშენებისათვის საჭირო თანხაა 91 815 (ოთხმოცდათერთმეტი ათას რვაას თხუთმეტი) ლარი და 10 (ათი) თეთრი;

მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შ-- ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნაში აღნიშნულია, რომ მსგავსი სახლის თეთრი კარკასის აშენებისათვის საჭიროა 49 000 ლარი და ნებისმიერ რხევებს შეიძლება გამოეწვია ზიანი, რაც 49 000 ლარის 10%-ზე - 4 900 ლარზე მეტი არ იქნებოდა;

 

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა დადგენილია მოპასუხე მხარის ბრალეულობა მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანში. სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ექსპერტის დასკვნაში აღნიშნული 91 815 ლარის და 10 (ათი) თეთრის გადახდა;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი

6. სამართლებრივი შეფასება

 

სარჩელის დაკმაყოფილების დასაბუთება 6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ წინაპირობებს, რომლებიც აუცილებელია დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციასთან. აქედან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტის დასკვნაში მითითებული მიზეზით. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სახლის დემონტაჟისა და მსგავსი სახლის აშენებისათვის საჭირო თანხაა 91 815 (ოთხმოცდათერთმეტი ათას რვაას თხუთმეტი) ლარი და 10 (ათი) თეთრი; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს; ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით; საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით; შედეგად; ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად გ---------–---–--იძის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, ვერ უზრუნველყოფს მობინადრეების უსაფრთხოებას, მისი შემდგომი ექსპლუატაცია დაუშვებელია და ექვემდებარება დემონტაჟს ამ მიზნით სპეციალურად დამუშავებული დემონტაჟის პროექტის მიხედვით. დაზიანებები და სახლის უკანა მარცხენა კუთხის (ფასადის მხრიდან) ჩამონგრევა გამოწვეულია სოფელ ქ--–----–- რკინიგზის გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოების შედეგად; მოპასუხემ, ამ დასკვნის საწინააღმდეგოდ, წარმოადგინა აფეთქებების მონიტორინგის საერთაშორისო კომპანია ,,ექსორიქსის" და შ-- ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნები. ,,ექსორიქსის" დასკვნის თანახმად, მოსარჩელის სახლი აფეთქების ზემოქმედების ზონაში არ მდებარეობს და შესაბამისად, მისი დაზიანება არ არის გამოწვეული მოპასუხის მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად; მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნით, სახლის დემონტაჟისა და აშენებისათვის საჭიროა 91 815 ლარის და 10 (ათი) თეთრი. მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნაში აღნიშნულია, რომ მსგავსი სახლის თეთრი კარკასის აშენებისათვის საჭიროა 49 000 ლარი და ნებისმიერ რხევებს შეიძლება გამოეწვია ზიანი, რაც 49 000 ლარის 10%-ზე - 4 900 ლარზე მეტი არ იქნებოდა; მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დასკვნა, როგორც მასშია აღნიშნული, შედგენილია სამთო-სამონტაჟო-აფეთქებადი საქმის საკონსულტაციო და საინჟინრო მომსახურების კომპანია ,,ექსორიქსის" 2017 წლის ივლისში შედგენილ დასკვნის ანგარიშებზე დაყრდნობით. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 17 ოქტომბრის დასკვნა ემყარება გამოსაკვლევი ობიექტის ვიზუალურად შესწავლას. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში აღნიშნულია, ზუსტი მოდელი, რომელიც უტყუარად შეაფასებს აფეთქებით გამოწვეულ ზიანს მიმდებარედ არსებულ გარემოზე, შემუშავებული არ არის, აფეთქების ზონასთან შორს მდებარე შენობა შეიძლება ახლო მდებარე შენობაზე მეტად დაზიანდეს; მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შ-- ,,აუდიტ-სევის-ცენტრის“ მიერ გაცემული ექსპერტის დასკვნისაგან განსხვავებით, რომელიც ასევე ადასტურებს, რომ მოსარჩელის სახლი საცხოვრებლად უვარგისია და უძრავი ნივთის დაზიანების რამოდენიმე სავარაუდო მიზეზზე მიუთითებს, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე შედგენილ დასკვნაში კატეგორიულად არის მითითებული სახლის დაზიანების ერთადერთ მიზეზზე - მოპასუხის მიერ გვირაბის მშენებლობისას წარმოებულ სამუშაოებზე; აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანების მიზეზის შესახებ, - მიუთითებს რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე და 105-ე მუხლებზე, რომელთა თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში. ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნიდან ჩანს, რომ ექსპერტიზა ჩატარდა მოსარჩელის სახლის დაზიანებების შესწავლის, მათი წარმოშობის მიზეზების და შესაძლო სეისმური მოვლენების შედეგად მიყენებული ზიანის აღდგენითი ღირებულების განსაზღვრის მიზნით. შინაარსის მიხედვით, ამ დასკვნით რევიზია გაუკეთდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას და მასში აღნიშნულია, რომ სახლზე დაზიანებები ძირითადად გამოწვეულია სიძველის, უხარისხო მასალების, მშენებლობის ნორმების დარღვევის, ბუნებრივი მოვლენების შედეგად, ტექნიკური მოუვლელობით, ექსპლუატაციის მანძილზე გადატანილი მიწისძვრებით, მეწყრული მოვლენებით. ნებისმიერ ამ მოვლენას შეეძლო მსგავსი დაზიანებების გამოწვევა; ამდენად, ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნა მიუთითებს უძრავი ნივთის დაზიანების რამოდენიმე სავარაუდო მიზეზზე და ზუსტად არ ასახავს მოსარჩელის სახლის დემონტაჟისა და მსგავსი შენობის აგებისათვის საჭირო ხარჯებს. გარდა აღნიშნულისა, სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57-ე დადგენილების 34-35 ე მუხლების თანახმად ყველა ორგანიზაციას, რომელიც მსგავსი მასშტაბური ხასიათის მშენებლობებს დაიწყებდა, უნდა გამოეკვლია რისკის ზონაში მყოფი მოსახლეობის სახლების მდგომარეობა, რათა შემდგომ მარტივად ყოფილიყო აღქმადი, თუ რა დაზიანებები გამოიწვია წარმოებულმა მშენებლობამ, ან საერთოდ გამოიწვია, თუ არა ის, საქმის მასალებით კი მსგავსი კვლევის ჩატარება არ დასტურდება, აღნიშნული გარემოება მოპასუხის მტკიცების ტვირთზე ნეგატიურ გავლენას ახდენს - როგორც იმავე ტიპის საქმეებზე ზემდგომი სასამართლოების არაერთ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული; სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტის დასკვნას, რომლის თანახმად, სახლზე არსებული დაზიანებები, მოპასუხის მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად არის გამოწვეული. სასამართლო, ზაინის ოდენობაზე მსჯელობისას, მხედველობაში იღებს, რომ მოსარჩელემ წარმოადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 16 ივლისის დასკვნა, რომელიც ითვალისწინებს არა მხოლოდ კარკასის აშენებას - როგორც შ-- ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის“ დასკვნაშია აღნიშნული, არამედ - სახლის დემონტაჟს და მსგავსი სახლის აშენებას რაც, როგორც, მხარეთა მიერ წარმოდგენილი დასკვნებით დგინდება, აუცილებელია, რადგან სახლი საცხოვრებლად უვარგისია და მობინადრეთათვის უსაფრთხო არ არის; გარდა ამისა, არაფრით დადასტურებული არ არის მოპასუხის განმარტება იმის შესახებ, რომ სახლის დემონტაჟის შემდგომ სამშენებლო მასალა ვარგისი იქნება. ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მას არ წარმოუდგენია;

მოსარჩელე მოითხოვს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემას, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, მისი შემდგომი ექსპლუატაცია დაუშვებელია და ექვემდებარება დემონტაჟს, რასაც მოპასუხე არ ეთანხმება იმ გარემოებებზე მითითებით, რომ ასეთ შემთხვევაში აზრს დაკარგავს გადაწყვეტილების გასაჩივრება, მიადგება გამოუსწორებელი ზიანი. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის მოთხოვნის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, - გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაეცეს შემდეგი გარემოებების გამო: მხარეების მიერ წარმოდგენილი დასკვნების თანახმად მოსარჩელის სახლი საცხოვრებლად უვარგისია, სსიპ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, მისი შემდგომი ექსპლუატაცია დაუშვებელია, ვერ უზრუნველყოფს მობინადრეთა უსაფრთხოებას და ექვემდებარება დემონტაჟს. არ არსებობს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის გამომრიცხავი გარემოებები. სასამართლო ითვალისწინებს დავის ფაქტობრივ გარემოებებს, - თვითონ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დასკვნის თანახმად, სახლი საცხოვრებლად უვარგისია. მსგავსი სახლის მხოლოდ თეთრი კარკასის აშენებისათვის (დემონტაჟის თანხების გათვალისწინების გარეშე) საჭიროა 49 000 ლარი, მიაჩნია, გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფის მოთხოვნის აუცილებლობა არ არსებობს; სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ზიანისა და ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ შეიტყო ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, რომელიც 2018 წლის 17 ოქტომბერს არის შედგენილი და განსახილველი სარჩელით სასამართლოს მიმართა 2019 წლის თებერვალში - დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლით დადგენილ სამი წლის ვადაში და მოთხოვნა ხანდაზმული არ არის - როგორც მოპასუხემ საქმის განხილვისას მიუთითა;

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოსარჩელეს გადახდილი აქვს: სახელმწიფო ბაჟი - 2 756 (ორი ათას შვიდას ორმოცდათექვსმეტი) ლარი, ექსპერტიზის ხარჯი - 2 719 (ორი ათას შვიდას ცხრამეტი) ლარი და 93 (ოთხმოცდაცამეტი) თეთრი, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის გაწეული ხარჯი 1 200 ლარი და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი 300 ლარი; სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოპასუხეს სრულად უნდა გადახდეს აღნიშნული ხარჯი მოსარჩელის სასარგებლოდ გარდა საპროექტ-სახარჯტღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის გაღებული 1200 ლარისა, რადგან მოსარჩელემ, საბოლოოდ, ზიანის განსაზღვრის მიზნით, წარმოადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა და მოპასუხეს უნდა დაეკისროს მისი შედგენისათვის გაწეული ხარჯი 2019.93 ლარი;

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ------------------------------------------ს" გ---------–---–--იძის სასარგებლოდ გადახდეს 91 815 (ოთხმოცდათერთმეტი ათას რვაას თხუთმეტი) ლარი და 10 (ათი) თეთრი.

გადაწყვეტილება გადაეცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

2. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ------------------------------------------ს" გ---------–---–--იძის სასარგებლოდ გადახდეს 2 756 (ორი ათას შვიდას ორმოცდათექვსმეტი) ლარი - სახელმწიფო ბაჟის თანხა, ექსპერტიზის ხარჯი - 2 719 (ორი ათას შვიდას ცხრამეტი) ლარი და 93 (ოთხმოცდაცამეტი) თეთრი და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი 300 (სამასი) ლარი;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხ-–------ რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხ-–------ რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ზაზა რამიშვილი