გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.10.2019
საქმის ნომერი
070219518002491084
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
15.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/70-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ლელა ცანავა

სხდომის მდივანი ელენე მასხარაშვილი

მოსარჩელე რ------------ა

წარმომადგენელი ა-------------–ი

მოპასუხე ლ-------------–--ა

მოპასუხის წარმომადგენელი ლ-----------ე

დავის საგანი ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 ლ-------------–--ას (პ/ნ 6----------) არასრულწლოვანი შვილების, 2004 წლის 2--------–ს დაბადებული ლ-------------ს (პ/ნ 6---------0) და 2011 წლის 2-----------ს დაბადებული ლ-----------ას (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა, თითოეულისათვის ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 22 მაისიდან ბავშვების სრულწლოვნებამდე.

 

მოსარჩელის პოზიცია:

 

რ------------ა და ლ-------------–--ა 2004 წლის 27 აპრილიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. ჰყავთ ორი საერთო შვილი 2004 წლის 2--------–ს დაბადებული ლ------------- (პ/ნ 6---------0) და 2011 წლის 2-----------ს დაბადებული ლ-----------ა (პ/ნ 0----------). მოსარჩელის განმარტებით ბავშვები იზრდებოდნენ მშვიდ და წყნარ გარემოში. 2018 წლის აპრილიდან შეიცვალა ლ-------------–--ას მიდგომა, როგორც მეუღლის, ისე შვილების მიმართ. ერთ-ერთი უსიამოვნო საუბრის შემდეგ ლ-------------–--ა უმცროს შვილთან ერთან წავიდა ქალაქ ფოთში. მოსარჩელე მხარე ჩავიდა ქალაქ ფოთში, ლ-------------–--ას მშობლების ოჯახში და წამოიყვანა მეუღლე და შვილი. რამდენიმე დღის შემდეგ, ლ-------------–--ა წავიდა უმცროსი შვილის სკოლიდან გამოსაყვანად, თუმცა იგი სახლში აღარ დაბრუნებულა. იგი უმცროს შვილთან ერთად დაბრუნდა ქალაქ ფოთში, ხოლო მოსარჩელე მხარეს განუცხადა, რომ იგი აღარ დაბრუნდებოდა, ვინაიდან გათხოვდა. უფროსი შვილი ამ ამბის შემდეგ ჩაიკეტა საკუთარ თავში და აღარ სურდა სკოლაში სიარული. მოსარჩელე მხარემ უმცროსი შვილი ლუკა დააბრუნა თავისთან, რის შემდეგაც შვილები ცხოვრობენ მამასთან. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით ალიმენტის ოდენობა თითოეული ბავშვისთივს 150 (ას ორმოცდაათი) ლარი ძალიან მცირედია, თუმცა მოსარჩელე მხარე ითვალისწინებს იმ მდგომარეობას, რომ მოპასუხე არ მუშაობს და სწორედ აქედან გამომდინარე, ითხოვს მოპასუხისთვის დასახელებული ოდენობით ალიმენტის დაკისრებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ლ-------------–--ას წარმომადგენელმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ნაწილობრივ (თითოეული ბავშვისთვის 50 ლარის გადახდის ნაწილში) ცნო სარჩელი. მისი განცხადებით, მოპასუხეს არ აქვს შემოსავალი, იღებს დევნილის შემწეობას, ყოველთვიურად 45 (ორმოცდახუთი) ლარის ოდენობით, შესაბამისად არ შეუძლია მოსარჩელის მიერ დასახელებული ოდენობით საალიმენტო ვალდებულების შესრულება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დაბადების მოწმობის №1------ის (სააქტო ჩანაწერი - №0------) თანახმად, ლ------------- (პ/ნ 6---------0) დაიბადა 2004 წლის 2--------–ს, ქალაქ ფოთში, მისი მშობლები არიან რ------------ა (პ/ნ 6----------) და ლ-------------–--ა (პ/ნ 6----------);

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაბადების მოწმობა. (იხ.ს.ფ.15,ტ.1)

3.1.2. დაბადების მოწმობის №2------ის (სააქტო ჩანაწერი - №0----------) თანახმად, ლ-----------ა (პ/ნ 0----------) დაიბადა 2011 წლის 2-----------ს, ქალაქ თბილისში, მისი მშობლები არიან რ------------ა (პ/ნ 6----------) და ლ-------------–--ა (პ/ნ 6----------);

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაბადების მოწმობა. (იხ.ს.ფ.16, ტ.1)

3.1.3. რ------------ა (პ/ნ6----------) და ლ-------------–--ა (პ/ნ6----------) დაქორწინდნენ 2004 წლის 27 აპრილს ქორწინების მოწმობა N03----, აქტის ჩანაწერი Nმ---------;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქორწინების მოწმობა. (იხ.ს.ფ.14, ტ.1)

3.2 დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. რ------------ას ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ოჯახების ერთიან ბაზაში და იღებს შემწეობას ყოველთვიურად 260 (ორას სამოცი) ლარის ოდენობით;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (იხ.ს.ფ.17)

3.2.2 სსიპ შემოსავლების სამსახურის 13.08.2018 წლის ინფორმაციის თანახმად, რ------------ას (პ/ნ 6----------) 2017 წლის იანვრის თვიდან - 2018 წლის 10 აგვისტომდე, შემოსავალი არ უფიქსირდება;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის ინფორმაცია (იხ.ს.ფ.77, ტ.1)

3.2.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის 24.08.2018 წლის ინფორმაციის თანახმად, ლ-------------–--ას (პ/ნ 6----------) 2017 წლის იანვრის თვიდან - 2018 წლის 23 აგვისტომდე, შემოსავალი არ უფიქსირდება

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის ინფორმაცია(იხ.ს.ფ.83, ტ.1)

3.2.3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიერ 2018 წლის 2-----------ს გაცემული ცნობის თანახმად, რ------------ას (პ/ნ 6----------) 2018 წლის აგვისტოს თვის მდგომარეობით ერიცხება სოციალური პაკეტი 100 ლარის ოდენობით, როგორც მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს უვადოდ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო სამართლის იურიდიული პირი სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 2-----------ს ცნობა (იხ.ს.ფ.173, ტ.1)

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვების ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვნების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობის, ასევე შვილების საჭიროებების გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1222-ე, 1234-ე, "ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-18, 27-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელემ ალიმენტის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები, 2004 წლის 2--------–ს დაბადებული ლ------------- (პ/ნ 6---------0) და 2011 წლის 2-----------ს დაბადებული ლ-----------ა (პ/ნ 0----------), რომლებიც მეორე მშობლისაგან ასევე, მატერიალურ დახმარებას საჭიროებენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად: მშობლები უფლებამოსილნი არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ რ------------ა და ლ-------------–--ა ცხოვრობენ ცალ-ცალკე. ბავშვების საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს მამის საცხოვრებელი ადგილი. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, ორივე მშობელი ვალდებულია არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანხმად: თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში №14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.

 

„ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

 

“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება _ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.

 

ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილის უფლება მიიღოს მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ის სამართლებრივი დანაწესი, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული იზრუნოს არასრულწლოვან შვილზე.

 

საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამასთან, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.

 

განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანების 2004 წლის 2--------–ს დაბადებული ლ-------------სა (პ/ნ 6---------0) და 2011 წლის 2-----------ს დაბადებული ლ-----------ას (პ/ნ0----------) უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილები უზრუნველყოფილი იყვნენ ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც იგი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ის ფაქტობრივი გარემოება, მოპასუხე დასაქმებული არ არის. არასრულწლოვნები 2004 წლის 2--------–ს დაბადებული ლ------------- (პ/ნ 6---------0) და 2011 წლის 2-----------ს დაბადებული ლ-----------ა (პ/ნ0----------) არიან სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც აღზრდა-განვითარების, ემოციური და სულიერი განვითარების გათვალისწინებით ესაჭიროებათ ორივე მშობლის დახმარება.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ მხარეთა საერთო შვილები ცხოვრობენ მამასთან, ისინი არიან სკოლის მოსწავლეები, მათ ესაჭიროებათ კვება, ტანსაცმელი, რაც შესაბამის ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამდენად, ბავშვები საჭიროებენ მშობლების დახმარებას, მათი აღზრდა-განვითარების, განათლების მიღების, და ყოველდღიური საჭიროებებიდან გამომდინარე, მხოლოდ მამის დახმარება არ არის საკმარისი. მშობლებმა უპირველესად უნდა გაითვალისწინონ შვილების საჭიროებები. დედა ასევე ვალდებულია ჩაერთოს შვილების რჩენა-აღზრდის საკითხებში, რათა უზრუნველყოფილი იქნას ბავშვების საარსებო მოთხოვნილებები.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ არასრულწლოვანები 2004 წლის 2--------–ს დაბადებული ლ-------------სა (პ/ნ 6---------0) და 2011 წლის 2-----------ს დაბადებული ლ-----------ას (პ/ნ0----------) მოთხოვნილებები, მათი ასაკიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე სპეციფიურია, ხოლო არასრულწლოვანი შვილების აღზრდა და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს, რაც გამოიხატება ბავშვებისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნაში, რომელიც შეესაბამება მათ საუკეთესო ინტერესებს. ალიმენტის ოდენობის დადგენისას არასრულწლოვანების საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს მათი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. არასრულწლოვანების აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ მათი ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ არასრულწლოვანების უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც მათ ასაკის ზრდასთან ერთად მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას, სხავადასხვა სოციალურ, სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო თუ გასართობ აქტივობებში მონაწილეობის გზით. ასაკის მატებასთან ერთად გაზრდილია არასრულწლოვანების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.

 

შვილების აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას, ვალდებულება უპირობოა და არ არის დამოკიდებულია რაიმე სხვა წინაპირობაზე. მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი. სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები, სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობაც (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (), რაც საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2019 წლის სექტემბრის თვისათვის - 189.9 ლარს. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, სახელმწიფო დადგენილი საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვების ასაკის, ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, თითოეულისთვის თვეში 80 (ოთხმოცი) ლარია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეს სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2018 წლის 22 მაისიდან უნდა დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტის სახით არასრულწლოვანების 2004 წლის 2--------–ს დაბადებული ლ-------------სა (პ/ნ 6---------0) და 2011 წლის 2-----------ს დაბადებული ლ-----------ას (პ/ნ0----------) სასარგებლოდ თითოეულისათვის თვეში 80 (ოთხმოცი) ლარის გადახდა მათ სრულწლოვანებამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე რ------------ა ალიმენტთან დაკავშირებით სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოსარჩელე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო გამომდინარე იქედან, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრვ ცნო მოპასუხე ლ-------------–--ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 21.60 (ოცდაერთი ლარი და 60 თეთრი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 41-ე, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე რ------------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

1.1. მოპასუხე ლ-------------–--ას (პ/ნ 6----------) არასრულწლოვანი შვილების 2004 წლის 2--------–ს დაბადებული ლ-------------სა (პ/ნ 6---------0) და 2011 წლის 2-----------ს დაბადებული ლ-----------ას (პ/ნ0----------) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის სახით თითოეულისთვის 80 (ოთხმოცი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან 2018 წლის 22 მაისიდან მათ სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე;

 

2. მოპასუხე ლ-------------–--ას (პ/ნ 6----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 21.60 (ოცდაერთი ლარი და 60 თეთრი) ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულ სასამართლოში (მდებარე: ანა კალანდაძის ქუჩა №7ა) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლელა ცანავა