გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/1715-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
02 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მაკა ჭედია
სხდომის მდივანი კახა კომლაძე
მოსარჩელე შპს “კ-----------–-------------“
წარმომადგენელი სო-----------–---–-- ალ-------------------–---–-
მოპასუხე შპს „ე----“
წარმომადგენელი ნი----------–-–---–-
დავის საგანი ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე
ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს „ე----სათვის“ მოსარჩელე შპს „------------–--------------- სასარგებლოდ 81 760.38 ლარის გადახდის დაკისრება.
შპს „------------–--------------- და შპს „ე----ს“ შორის 2016 წელს გაფორმდა ხელშეკრულებები იჯარის, ასფალტის ბეტონის ნასყიდობისა და მომსახურების მიწოდების შესახებ.
მოსარჩელემ ამ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულა, რაზეც გაიცა საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რაც დაადასტურა მოპასუხემ. შემდგომში მოპასუხემ სრულად არ გადაიხადა შესყიდული საქონლისა და მომსახურების ღირებულება.
2016 წლის იანვრის მდგომარეობით, მოპასუხის გადაუხდელი დავალიანება შეადგენდა 151 731.67 ლარს. შემდგომ პერიოდში, 2016 წლის მარტიდან საქონლის ბრუნვამ, რომელიც მოიცავდა იჯარა, მომსახურებისა და საქონლის სხვადასხვა სახის მასალის მიწოდების ოპერაციებს, მათმა ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 429,020.08 ლარი. მთლიან საანგარიშო პერიოდზე არსებული დავალიანების ნაშთის გათვალისწინებით, მოპასუხის მიერ მიღებული საქონლის მომსახურების ღირებულება შეადგენდა 580 751.75 ლარს. შემდგომში შპს „ე----ს“ მიერ ჩარიცხული თანხის 495 446.65 ლარისა და შემსყიდული საქონლის/მომსახურების ღირებულების 3544.72 ლარის გათვალისწინებით, შპს „ე----ს“ ნარჩენი დავალიანება შეადგენს 81 760.38 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა, მოსარჩელის მიერ მითითებული დავალიანება არ შეესაბამება სინამდვილეს. გაწეულ მომსახურებაზე და საქონლის მიწოდებაზე, თანხების ჩარიცხვა ხორციელდებოდა საქონლის მიწოდებამდე ან მომსახურების გაწევამდე წინასწარ, ავანსის სახით. იჯარის ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.3. პუნქტის თანახმად, განსაზღვრულია, რომ გადახდა უნდა განხორციელდეს მიღება-ჩაბარების აქტისა და საგადასახადო ანგარიშფაქტურის მიხედვით. ანალოგიური შინაარსისაა სხვა ხელშეკრულებების მე-2 მუხლები. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მიღება-ჩაბარების აქტები და სასაქონლო ზედნადებები. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დასტურდება, მყიდველის მიერ საქონლის მიღების ფაქტი. მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 18 მარტს შპს „------------–--------------- და შპს „ე----ს“ შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელემ მოიჯარე შპს „ე----ს“ 6 თვის ვადით, სარგებლობაში გადასცა მის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება. საიჯარო ქირა ერთი თვის განმავლობაში შეადგენს 2500 ლარს. მოიჯარე იხდის იჯარის ქირას საიჯარო თვის დასრულებიდან, ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვამდე, მიღება-ჩაბარების აქტის და ანგარიშფაქტურის საფუძველზე.
იჯარის ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1. პუნქტის 2.1.1. ქვეპუნქტის მიხედვით, მეიჯარე ვალდებულია მიღება-ჩაბარების აქტით გადასცეს მოიჯარეს საიჯარო საგანი დროებით სარგებლობაში, ვარგის მდგომარეობაში, ყველა აუცილებელი დოკუმენტით. ამავე მუხლის 2.3. პუნქტის 2.3.2. ქვეპუნქტის მიხედვით, მოიჯარე ვალდებულია მიღება-ჩაბარების აქტით დაუბრუნოს მეიჯარეს საიჯარო საგანი პირვანდელ მდგომარეობაში, ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით. ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.4. პუნქტის მიხედვით, თუ სახელშეკრულებო ვადის გასვლის შემდეგ, საიჯარო ურთიერთობა მხარეთა შორის გრძელდება ისე, რომ მოიჯარე ფაქტიურად მაინც აგრძელებს საიჯარო საგნით სარგებლობას. იგი მოიჯარეს უხდის ფაქტიურად სარგებლობის პერიოდში წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ საიჯარო ქირას.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
ხელშეკრულება.
3.1.2. 2016 წლის 04 ივნისს იმავე მხარეებს შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მენარდე შპს „კ-----------–--------------“ იკისრა ვალდებულება შემკვეთის შპს „ე----ს“ სასარგებლოდ შეესრულებინა ასფალტობეტონის საფარის ფრეზირების სამუშაოები, ხოლო შემკვეთი უზრუნველყოფდა სამუშაოების ღირებულების გადახდას ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით. სამუშაოთ დასრულების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 08 ივნისი.
ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 6300 ლარით.(ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.2. პუნქტი).
ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1. პუნქტის მიხედვით, სამუშაოები ან მათი ნაწილი ჩაითვლება მენარდის მიერ შესრულებულად და შემკვეთის მიერ მიღებულად მხარეთა შორის სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტის (ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობის მიღების აქტი) ხელმოწერის საფუძველზე.
ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.4. პუნქტის თანახმად, შემკვეთი ახორციელებს ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულების გადახდას მხარეთა მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში, მენარდის მიერ შემკვეთისათვის წარდგენილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
ნარდობის ხელშეკრულება.
3.1.3. 2016 წლის 01 ნოემბერს იმავე მხარეებს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გამყიდველმა შპს „კ-----------–--------------“ იკისრა ვალდებულება 2016 წლის 01 ნოემბრიდან 2016 წლის 1 აპრილამდე, პერიოდზე ეტაპობრივად მიწოდებინა შპს „ე----სათვის“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი. (ასფალტ-ბეტონის ზედა ფენა,(წვრილმარცვლოვანი) ასფალტ-ბეტონის ქვედა ფენა (მსხვილმარცვლოვანი), ასფალტ-ბეტონის ტროტუარის ფენა).
ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.2. პუნქტის მიხედვით, საქონელი ითვლება გამყიდველის მიერ გადაცემულად და მყიდველის მიერ მიღებულად გამყიდველის მიერ გამოწერილი ზედნადების საფუძველზე.
ამავე ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.3. პუნქტის მიხედვით, მყიდველი ახორციელებს საქონლის ღირებულების გადახდას წინასწარ, საქონლის მიწოდებამდე, კონკრეტული მისაწოდებელი საქონლის ღირებულების ოდენობით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
ნასყიდობის ხელშეკრულება.
3.1.4. მხარეებს შორის 2016 წლის 25 ნოემბერს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელეს შპს „ე----ს“ სასარგებლოდ თავის საკუთრებაში/კანონიერ მფლობელობაში არსებული F-----------ს მარკის სპეციალიზირებული ემულსიის გადამზიდით ს/ნ B------, უნდა განეხორციელებინა ბიტუმის ემულსიის ტრანსპორტირება, ქ. თბილისში, ლ--–-------------–--------ზე, ხოლო შემკვეთი უზრუნველყოფდა მომსახურების ღირებულების გადახდას ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით. მომსახურების გაწევის ვადები განისაზღვრა 2016 წლის 25-30 ნოემბერი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
ხელშეკრულება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შპს „ე----ს“ მოსარჩელისათვის გადასახდელი აქვს 81 760.38 ლარი.
სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
მტკიცების ტვირთზე მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.
მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
მოპასუხე სადავოდ ხდის მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი დავალიანების ოდენობას, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ 2016 წლის იანვრის მდგომარეობით, მას დავალიანება არ გააჩნდა, ხოლო 2016 წლის მანძილზე მიღებული საქონლის, გაწეული მომსახურებისა და შესრულებული სამუშაოს ჯამური ღირებულება შეადგენს 429 020.08 ლარს, მათ მიერ გადახდილი თანხა 498 991.37 ლარი, აღემატება არსებული ვალდებულების მოცულობას. ამასთან, მოპასუხე სადავოდ ხდის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საქონლის მიღების, მომსახურების გაწევისა და იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების შესრულების ფაქტებს და აპელირებს, იმ გარემოებაზე, რომ წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშფაქტურები არ ადასტურებს ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებას.
საქმეში წარმოდგენილი ანგარიშის ბარათიდან და მოსარჩელის უფლებამოსილი პირების მიერ 2019 წლის 30 იანვარს გაცემული ცნობიდან, დგინდება, რომ 2016 წლის იანვრის მდგომარეობით, შპს „ე----ს“ დავალიანება მოსარჩელის წინაშე ამ პერიოდამდე მათ შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე შეადგენდა 151 731.67 ლარს.
სასამართლო მიუთითებს, რომ ბუღალტრული აღრიცხვა სამეურნეო სუბიექტის ფინანსური ინფორმაციის შეგროვების, გაზომვის, დამუშავებისა და გადაცემის სისტემას წარმოადგენს. ბუღალტრული აღრიცხვის თავისებურებაა, რომ იგი სამეურნეო საქმიანობაში მომხდარ ცვლილებებს განსაკუთრებული წესით გაფორმებული დოკუმენტების, ანუ საბუთების საფუძველზე ასახავს. ამდენად, ბუღალტრული აღრიცხვა დოკუმენტური აღრიცხვაა. იგი უწყვეტია დროში. ინფორმაციის ასახვა ხორციელდება თანმიმდევრულად, ანუ ქრონოლოგიური წესით. სამეწარმეო პროცესში მომხდარი ყველა ცვლილება ურთიერთკავშირშია. შესაბამისად, მონაცემები უტყუარი, დროული და სრულია. მოპასუხის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ანგარიშის ბარათში ასახული მონაცემები უსწოროა და არ ასახავს რეალობას. სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო დოკუმენტში, იგივე მონაცემებია ასახული, 2016 წლის განმავლობაში განხორციელებულ ოპერაციებთან დაკავშირებით, რა მონაცემებიც დაფიქსირებულია საქმეში წარმოდგენილ ანგარიშფაქტურებში. მასში სრულად არის ასევე ასახული ინფორმაცია, საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო დავალებებით შპს „ე----ს“ მიერ ჩარიცხული თანხების შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხის მხოლოდ განმარტება, შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, ვერ აქარწყლებს ანგარიშის ბარათში დაფიქსირებული მონაცემების უტყუარობის პრეზუმფციას. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება სარჩელში მითითებული გარემოება, იმის თაობაზე, რომ 2016 წლის იანვრის მდგომარეობით, მოპასუხის დავალიანება, მხარეებს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე, შეადგენს 151 731.67 ლარს.
საქმეში წარმოდგენილია შპს „------------–--------------- მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომლებიც დადასტურებულია შპს „ე----ს“ მიერ. ამდენად, მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისთვის სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს საგადასახადო ანგარიშფაქტურის სამართლებრივ ბუნებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით,საგადასახადო ანგარიშფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა, რომლის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ამავე მუხლის 11 ნაწილის მიხედვით საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ შემთხვევებში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა შეიძლება გამოიწეროს და წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით (ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა), რომელიც არ არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი უფლებამოსილია ანგარიშ-ფაქტურა გამოწეროს და მიწოდებულ/მისაწოდებელი საქონლის ან გაწეული/გასაწევი მომსახურების მიმღებს წარუდგინოს მხოლოდ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია (გარდა საქონლის/მომსახურების გაცვლის(ბარტერული) ოპერაციის შემთხვევისა, როდესაც თითოეული ოპერაცია იბეგრება დღგ-ით) საქონლის/მომსახურების მიღების მოთხოვნისას მოთხოვნიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა გამოწეროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და წარუდგინოს იგი საქონლის/მომსახურების მიმღებს ამ მუხლის მე-2 ნაწილის პირობების დაცვით.
სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სერვისი მოიცავს საქონლის და მომსახურების მიწოდების რთულ პროცესების ერთობლიობას, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ლოგიკური ჯაჭვით. აღნიშნულ პროცესებში მონაწილეობას იღებს, როგორც სასაქონლო ზედნადების, საგადასახადო ანგარიშ/ფაქტურის გამომწერი (გამყიდველი), ასევე მიმღები (მყიდველი) და შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი. ანგარიშ-ფაქტურის მყიდველის მიერ დადასტურებისას, უტყუარად ივარაუდება, რომ მან მიწოდებული საქონელი შეიძინა, მომსახურება მიიღო, ვინაიდან ანგარიშ-ფაქტურა იგზავნება უშუალოდ მყიდველთან და მის დადასტურებაზე ხელი არ მიუწვდება სხვა მესამე პირს. ანგარიშფაქტურის გამოწერისა და დადასტურებისას, მხარეები განსაზღვრავენ საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს. აღიარებენ საქონლის მიწოდებას/მომსახურებას და მის მიღებას.
ყოველივე ზემოაღნიშნული, სასამართლოს აძლევს იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ შპს „ე----ს“ მიერ ანგარიშფაქტურის დადასტურება გულისხმობს, რომ მოპასუხემ მიიღო 400 990.98 ლარის ღირებულების საქონელი, 6300 ლარის ღირებულების მომსახურება და იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადაცემული მოძრავი ქონებით (იჯარის საგანი) სარგებლობდა ხელშეკრულების 6 თვის ვადაში და მისი გასვლის შემდეგადაც. მოსარჩელის მიერ იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, საგადასახადო ანგარიშფაქტურა გამოწერილია 21 729.1 ლარზე. (იხ. საგადასახადო ანგარიშფაქტურები).
ამდენად, საქმეში წარმოდგენილი შპს „------------–--------------- ანგარიშფაქტურებით, რომელიც დადასტურებულია შპს „ე----ს“ მიერ, დგინდება, რომ მოპასუხეს მოსარჩელის წინაშე 2016 წლის განმავლობაში გადასახდელი ჰქონდა დავალიანება 429 020.08 ლარის ოდენობით.
საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო დავალებებით დგინდება, რომ შპს „ე----მ“ შპს „კ-----------–-------------“ 2016 წლის განმავლობაში მიწოდებული საქონლის ღირებულების, გაწეული მომსახურების ანგარიშში გადაურიცხა ჯამში, 495 446.65 ლარი. მოსარჩელის მიერ შპს „ე----საგან“ შესყიდული საქონლის/მომსახურების ღირებულება შეადგენს 3544.72 ლარს, რაც მხარეთა შეთანხმებით ჩაეთვალა დავალიანების ნაწილის გადახდაში.
ამდენად, მოსარჩელის გადაუხდელი დავალიანება შეადგენს 81 760.38 ლარს. გადაუხდელ თანხას 580 751,75 ლარს (151 731.67 +429 020.08 ლარი) გამოკლებული გადახდილი დავალიანება 498 991.37 ლარი (გადარიცხული თანხას - 495 446.65 ლარს დამატებული შპს „ე----ს“ მიერ მოსარჩელისაგან შესყიდული 3544.72ლარი).
სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის პირობებში, რადგან საქმე ეხება ფულადი ვალდებულების შესრულებას, რომლის განხორციელების შემდეგაც წყდება ვალდებულებითი ურთიერთობა (სკ მ. 427), სადავოობის შემთხვევაში ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებდა თანხის გადახდის ფაქტზე, მაგალითად, როგორიცაა თანხის გადარიცხვის ამსახველი დოკუმენტი ან სხვა. აღნიშნული გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან, რომლის მიხედვითაც, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილ ურთიერთობათა დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას. ამ მტკიცებულების წარდგენის ვალდებულება კი ცალსახად მოვალეს ეკისრება.
მოპასუხეს, არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, სადავო დავალიანების გადახდის ფაქტს. შესაბამისად, მოპასუხის აპელირებას დავალიანების არარსებობის თაობაზე, სასამართლო არ იზიარებს.
3.2.2.მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.
სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. სამართალწარმოების ეს ზოგადი და, ამავდროულად, ფუნდამენტური პრინციპი სხვადასხვა საპროცესო ნორმაში სხვადასხვა სახით ვლინდება, მათ შორისაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ემუხლი, რომლის მე-4 და მე-5 ნაწილების შესაბამისად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს; მოპასუხე ვალდებულია პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები. მოპასუხე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა.
ამავე კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო გაცხადებული.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 219-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის მხრიდან მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლის წარდგენა, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითება, ეწინააღმდეგება პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპს.
ამდენად, სასარჩელო ხანდაზმულობაზე მოპასუხემ მიუთითა საპროცესო წესების დარღვევით _ სასამართლოს მთავარ სხდომაზე განმარტებისას, რის გამოც, არ არსებობს ამ შედავების მიღების წინაპირობა;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ მოპასუხე შპს „ე----ს“ ჯეროვნად არა აქვს შესრულებული ნასყიდობის, მომსახურებისა და იჯარის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ვალდებულება, რის გამოც მას უნდა დაეკისროს 81 760.38 ლარის გადახდა.
5. კანონები , რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე, 629-ე, 477-ე, 361-ე, მე-400, 427-ე, 316-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც. იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, ?? 581 – 606-? მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
მეიჯარის უფლებას, მიიღოს ხელშეკრულებით შეთანხმებული საიჯარო ქირა, შეესაბამება მოიჯარის ვალდებულება, გადაუხადოს ეს ფულადი თანხა ან ნატურით მიღებული პროდუქტი მეიჯარეს (581 I).
6.2. სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
აღნიშნული ნორმის ანალიზით ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა, შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ, ეს პირები არიან. იგივე დანაწესია ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებშიც (სამოქალაქო კოდექსის 629-656-ე მუხლები), რომლითაც ამ ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობანი სწორედ ამ მხარეებს - მენარდესა და შემკვეთს გააჩნიათ. ნარდობის ხელშეკრულება დადებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც მხარეები მის ყველა არსებით პირობებზე შეთანხმდებიან კანონით გათვალისწინებული ფორმით. ნარდობის ხელშეკრულებით მენარდის ძირითადი ვალდებულებაა, შეასრულოს მისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური (სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი).
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად, ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობები ყოველთვის გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ამგვარი ურთიერთობის მონაწილეთათვის არსებით მნიშვნელობას იძენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დროული და ჯეროვანი შესრულება. ვალდებულების დარღვევად მიიჩნევა ის მდგომარეობა, როდესაც კრედიტორი ვალდებულების შესრულებას დროის მკაცრად განსაზღვრულ მონაკვეთს უკავშირებს, ხოლო მოვალე ვალდებულებას ვადაში არ ასრულებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
განსახილველ შემთხვევაში, შპს „------------–--------------- და შპს „ე----ს“ შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა ნასყიდობის, იჯარისა და მომსახურების ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელთა შესაბამისად, მოსარჩელის მიერ შესრულდა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები, ხოლო მოპასუხეს არ გადაუხდია მოსარჩელის მიერ მიწოდებული საქონლის ღირებულების ნაწილის, ქირისა და გაწეული მომსახურების ღირებულებიდან ჯამში, 81 760.38 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელე შპს „------------–--------------- წინაშე ვალდებულება არა აქვს შესრულებული ჯეროვნად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს შპს „ე----ს“ ხელშეკრულებებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება არა აქვს შესრულებული ჯეროვნად, კერძოდ მას გადასახდელი აქვს დავალიანება 81 760.38 ლარი და მას უნდა დაეკისროს აღნიშნული თანხის გადახდა კრედიტორის სასარგებლოდ.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. დასახელებული ნორმის მესამე ნაწილის მიხედვით კი, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ამ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა, რის გამოც მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2452.81 ლარის ოდენობით ანაზღაურების ვალდებულება უნდა დაეკისროს მოპასუხეს, მასვე უნდა დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარისა და იურიდიული მომსახურების ხარჯის ასანაზღაურებლად 3000 ლარის გადახდა. მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 04 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მოსარჩელის განცხადების საფუძველზე გაუქმდა, ამავე სასამართლოს 2019 წლის 15 აპრილის განჩინებით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 2591-ე 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. შპს „------------–--------------- სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. დაეკისროს მოპასუხე შპს „ე----ს“ მოსარჩელე შპს „------------–--------------- სასარგებლოდ 81 760.38 ლარის გადახდა.
2. დაეკისროს მოპასუხე შპს „ე----ს“ მოსარჩელე შპს „------------–--------------- სასარგებლოდ 2452.81 გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად და 50 ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
2.1. დაეკისროს მოპასუხე შპს „ე----ს“ მოსარჩელე შპს „------------–--------------- სასარგებლოდ 3000 ლარის გადახდა იურიდიული მომსახურების ხარჯის ასანაზღაურებლად.
2.2. დაუბრუნდეს მოსარჩელე შპს „კ-----------–-------------“ 2019 წლის 30 იანვრის N1--------- საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 150 ლარიდან 100 ლარი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაკა ჭედია