გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.10.2019
საქმის ნომერი
130210018002702171
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
31.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

130210018002702171

2-1190-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

1 ნოემბერი, 2019 წელი, ქ. ხაშური

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ზაზა რამიშვილი

სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი

მოსარჩელე სააქციო საზოგადოება ,,ს----------–---------“

წარმომადგენელი ანდრო მაღრაძე

მოპასუხეები ბ--------------–------------–---–--------------------------–--------ი

წარმომადგენელი სპარტაკ ვარძელაშვილი

დავის საგანი თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ნივთის

რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბ--------------–----–--------- სოლიდარულად გადახდეთ სააქციო საზოგადოება ,,ს----------–---------ს“ სასარგებლოდ 70 800 ლარი და 74 თეთრი, საიდანაც 64 440 ლარი და 58 თეთრი ძირი თანხაა, 6 360 ლარი და 16 თეთრი - პირგასამტეხლო;

1.2. ბ--------------–----–--------- სოლიდარულად გადახდეთ სააქციო საზოგადოება ,,ს----------–---------ს“ სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავალი დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან - 2018 წლის 30 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დღეში 22 ლარი და 95 თეთრი და ასევე - პირგასამტეხლო - 12 ლარი და 88 თეთრი ყოველდღიურად - ვალდებულების სრულად შესრულებამდე;

1.3. დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს სს ,,ს----------–---------ს“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი რომელზეც უძრავი ნივთი, რომელზეც მოპასუხეების საკუთრების უფლებაა რეგისტრირებული და უძრავი ნივთი, რომელზეც მხოლოდ გ-------–------- საკუთრების უფლებაა რეგისტრირებული.

თუ იპოთეკის საგნების რეალიზაციით ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს არსებული დავალიანების დაფარვას, სარეალიზაციოდ მიექცეს ბე--, გ-----------–----–--------ის სხვა უძრავ-მოძრავი ქონება;

გადაწყვეტილება გადაეცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე მხარემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო - ძირი თანხის - 60 000 ლარის გადახდის ნაწილში.

მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ მხარეების მიერ შეთანხმებული 13% პროცენტი და პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, ბანკმა მიიღო შემოსავალი, სარჩელს ნაწილობრივ ცნობს, შესაბამისად, მიუღებელი შემოსავლის დაკისრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ისევე როგორც მოპასუხეთა სხვა ქონებაზე აღსრულების მოთხოვნა და გადაწყვეტილება არ უნდა გადაეცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, რადგან ამისათვის განსაკუთრებული გარემოება არ არსებობს - მოპასუხეების პოზიციის გათვალისწინებით;

 

,3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 31 აგვისტოს, სს ,,საქართველოს ბანკსა" და ბ------–------ს შორის დადებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, იმავე დღეს, მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით, იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით 6------------ რომელზეც მოპასუხეების საკუთრების უფლებაა რეგისტრირებული და უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით, 6-----------, რომელზეც მხოლოდ გ-------–------- საკუთრების უფლებაა რეგისტრირებული.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ.21-29);

- იპოთეკის ხელშეკრულებები (ს.ფ.30-46);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

3.1.2. გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2018 წლის 27 მარტს დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით, ბ------–------მ მოსარჩელისაგან მიიღო სესხი 84 000 ლარი. 48 თვით, წლიური 13%-ით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადასახდელი თანხის 0.5%;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ.47-54);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

3.1.3. 2018 წლის 27 მარტს დადებული თავდებობის ხელშეკრულებებით, გ-----------–----–--------მა, კრედიტორის წინაშე, სოლიდარული ვალდებულება იკისრეს ბ------–-----ის ვალდებულების შესრულებაზე. თითოეულის პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხაა 168 000 ლარი;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ.55-66);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

3.1.4. მოპასუხე მხარემ დაარღვია სესხის დაფარვის შეთანხმებული გრაფიკი, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, გადახდები არ უწარმოებია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ.67-68);

- შეტყობინებები, მათი ჩაბარების დასტური (ს.ფ.70-90)

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხე მხარეს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია;

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ, შეაფასა რა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს - ძირი თანხის, პროცენტის, პირგასამტეხლოს - 6 360.16 ლარის, მიუღებელი შემოსავლის - დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დღეში 22 ლარის და 95 თეთრის მოთხოვნის ნაწილში. მოპასუხე მხარეს არ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო - დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 12 ლარი და 88 თეთრი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის: 301-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილები, 316-ე მუხლის პირველი ნაწილი, 317- ე მუხლის პირველი ნაწილი; 411-ე, 417-ე, 420-ე, 626-ე, 891-ე მუხლები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, მე-4 მუხლის პირველი ნაწილი, 102-ე, 131-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების დასაბუთება.

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც;

317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;

626-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის წინაშე წარმოიშვა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე. მოპასუხე მხარე აღიარებს, რომ ვალდებულება არ შეასრულა - ვალი არ დააბრუნა. შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მოპასუხეებისაგან სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება;

891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის;

მოცემულ შემთხვევაში ბ------–------სა და ბანკს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლითაც გათვალისწინებული იყო პროცენტი. მოპასუხეს ვალი უნდა დაებრუნებინა შეთანხმებული გრაფიკით. მან დაარღვია გრაფიკი და თანხა საერთოდ აღარ გადაიხადა, რაც უფლებას აძლევს კრედიტორს მოითხოვოს ვალდებულების შესრულება გ-----------–----–-------------ნ , რომლებმაც ბანკის წინაშე სოლიდარული ვალდებულება იკისრეს ბ------–-----ის ვალდებულების შესრულებაზე;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის და მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი;

სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;

102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით;

131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას;

მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს - ძირი თანხის მოთხოვნის ნაწილში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის, 131-ე მუხლის შესაბამისად, ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია. მათ ძირითადი თანხის ოდენობა და ვალდებულების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები სადავოდ არ გაუხდიათ.

მოპასუხე მხარეს მიაჩნია, რომ შეთანხმებული, წლიური 13 პროცენტი, ისევე როგორც პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო;

იმ გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ მოპასუხემ ისესხა 84 000 ლარი 48 თვით, რომლის ოდენობაც, განხორციელებული გადახდების შედეგად, შემცირებულია 64 440.58 ლარამდე, მოთხოვნილი პირგასამტეხლო 6 360.16 ლარი არის ძირი თანხის 9.87%, რაც გონივრულ შესაბამისობაშია ძირი თანხის ოდენობასთან, ვალდებულების მოცულობასთან, დარღვევის ვადასთან და პირგასამტეხლოს სახით კიდევ 2018 წლის 30 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 12.88 ლარი არ უნდა დაეკისროს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით სესხისთვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი, ხოლო მეორე ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100 პროცენტს. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის 2018 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით სარგებლის ოდენობად წლიური 13% პროცენტი შეთანხმდა.

ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, მხარეები თავად განსაზღვრავენ ხელშეკრულების პირობებს. ამასთან, ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი არ არის შეუზღუდავი უფლება და გარკვეული იმპერატიული დანაწესებით იგი შეიძლება შეიზღუდოს კიდეც. მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებული ნორმა დისპოზიციურია და მხარეებს აძლევს შესაძლებლობას თავად განსაზღვრონ სესხის პირობები, მათ შორის, თავად დაადგინონ სესხის ხელშეკრულების პირობა სარგებლის თაობაზე, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა სპეციალურ შეთანხმებაზეა დამოკიდებული სარგებლის გათვალისწინება სესხის ხელშეკრულებაში. სხვა შემთხვევაში სესხი არის სარგებლის გარეშე.

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ კრედიტორი ბანკია, ესე იგი სესხის გაცემა ის ძირითადი საქმიანობაა საიდანაც კომპანია შემოსავალს იღებს.

მოპასუხე მხარე მხოლოდ ზოგადად აღნიშნავს, რომ სესხს მხოლოდ ძირითადი თანხის ნაწილში ცნობს.ამგვარი ზოგადი მითითებები სარგებლის დარიცხვის სამართლებრივ საფუძვლებზე გავლენას ვერ იქონიებს. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა დაადასტურონ. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომლებიც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს ადგენს, მოსარჩელეს სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება ევალება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, ისეთი მტკიცებულებები წარადგინოს, რომლებიც მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს გააქარწყლებს.მტკიცებას ექვემდებარება, როგორც სარჩელის ასევე, შესაგებლის საფუძვლებიც.შესაბამისად, მოპასუხეს ევალება სესხის პროცენტის ამორალურობა დაამტკიცოს, რაც არ განუხორციელებია. მხოლოდ ზოგადად მიუთითა, რომ შეთანხმებული პროცენტი მაღალია, რაც საპროცენტო სარგებლის შემცირების საფუძველი არ არის.

ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ წლიური 13 % პროცენტი არ არის ისეთი საპროცენტო სარგებელი, რომელიც მომხმარებელს განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში აყენებს და ამორალურობის კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეების მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას დარიცხული პირგასამტეხლოს შეუსაბამობა და სესხზე დარიცხული პროცენტის კაბალური ხასიათის დამტკიცება წარმოადგენს. მათ ვერ დაამტკიცეს, რომ წლიური 13% პროცენტი კაბალური და ბაზარზე არსებული სტანდარტების შეუსაბამოა,უხეშად არღვევს მომხმარებელთა უფლებას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო;

სადავო არ არის, რომ მოპასუხეებმა არ შეასრულეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება - არ გადაიხადეს ხელშეკრულებით ნაკისრის თანხა, რამაც ბანკს მიაყენა ზიანი და შესაბამისად, მოპასუხეები ვალდებული არიან აანაზღაურონ ის;

მოსარჩელე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლზე მითითებით, მოითხოვს მოპასუხეებისათვის, დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, სარგებლის, წლიური 13%-ის დაკისრებას, რაც, ყოველდღიურად, 22 ლარი და 95 თეთრია.

სარგებლის, 13%-ის გადახდა გათვალისწინებულია მხარეთა შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულების 4.8 პუნქტით (ს.ფ.48);

მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ოდენობაზე მსჯელობისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების წარმოშობის დროისათვის ეროვნული ბანკის მიერ სესხებზე დადგენილი წლიური საპროცენტო განაკვეთის ოდენობას, მიაჩნია, რომ მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ასანაზღაურებლად ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველდღიურად 22.95 მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს;

სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი 11 ნაწილების თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

მოცემულ შემთხვევაში, რადგან მოპასუხე მხარემ (მოვალემ) მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციის შესახებ;

მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია, რომ მხარეთა შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს არსებული დავალიანების დაფარვას, ვალდებულების სრულად დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხეების სხვა უძრავ-მოძრავი ქონება, თუმცა, საქმის განხილვისას, განმარტა, რომ სხვა ქონებაზე გადახდევინება არ უნდა მიექცეს, რადგან ,,ქონების ღირებულება აღემატება მოთხოვნას”, მაგრამ ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. თუნდაც დადგენილი იყოს ეს გარემოება, არ გამორიცხავს, სასამართლო გადაწყვეტილებაში აღსრულების წესის მითითებას - რაზეც მხარეები შეთანხმდნენ;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.

გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების 5.2. პუნქტით (ს.ფ.23-24), იპოთეკის ხელშეკრულებების 15.2. პუნქტით (ს.ფ.34,43), სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების 11.2. პუნქტით (ს.ფ.59,65), მხარეები შეთანხმდნენ, რომ დავაზე მიღებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

გაზიარებული ვერ იქნება მოპასუხე მხარის არგუმენტი იმის შესახებ, ეს ჩანაწერი ხელშეკრულებებში არ უნდა იყოს, რადგან მოპასუხეები მოატყუეს - მოწერინეს რა ხელი ხელშეკრულებაზე - მათ არ იცოდნენ ამ ჩანაწერის არსებობის შესახებ, თუმცა, ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოდგენილა. შესაბამისად, სასამართლო მოპასუხის ამ განმარტებას, რომელიც არაფრით დადასტურებული არ არის და რასაც მოწინააღმდეგე მხარე არ ეთანხმება, არ იზიარებს და გადაწყვეტილება უნდა გადაეცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა:

49-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელი ცნო სასამართლოს მთავარ სხდომამდე 60 000 ლარის მოთხოვნის ნაწილში და შესაბამისი სახელმწიფო ბაჟი 1800 ლარი უდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს ისევე როგორც 1017 ლარი და 35 თეთრი - სულ - 2817 ლარი და 35 თეთრი, რადგან, მთავარ სხდომამდე მან შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და სარჩელის ფასი განისაზღვრა 110 045 ლარით და 4 თეთრით (შესაბამისი სახელმწიფო ბაჟი - 3 301 ლარი და 35 თეთრი); სახელმწიფო ბაჟი კი გადახდილია სარჩელის პირვანდელი ფასის 143 956.74 ლარის შესაბამისი - 4 318 ლარი და 70 თეთრი;

გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილიდან 1501.35 ლარიდან ნაწილი 1078 ლარი და 35 თეთრი სოლიდარულად უნდა გადახდეთ მოპასუხეებს, რადგან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ( 12.88 ლარის მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. შესაბამისი სახელმწიფო ბაჟი - 423 ლარი)

 

8. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 243-244-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

1.1. ბ--------------–----–--------- სოლიდარულად გადახდეთ სააქციო საზოგადოება ,,ს----------–---------ს“ სასარგებლოდ 70 800 (სამოცდაათი ათას რვაასი) ლარი და 74 (სამოცდათოთხმეტი) თეთრი, საიდანაც 64 440 ლარი და 58 თეთრი ძირი თანხაა, 6 360 ლარი და 16 თეთრი - პირგასამტეხლო;

1.2. ბ--------------–----–--------- სოლიდარულად გადახდეთ სააქციო საზოგადოება ,,ს----------–---------ს“ სასარგებლოდ 2018 წლის 30 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დღეში 22 ლარი და 95 თეთრი;

1.3. დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს სს ,,ს----------–---------ს“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით 6----------- რომელზეც გ-------–------- (პირადი ნომერი 4----------) საკუთრების უფლებაა რეგისტრირებული და უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით 6------------ რომელზეც ბ------–-----ის (პირადი ნომერი 4----------), გ-------–------- (პირადი ნომერი 4----------), ვ-–----–------- (პირადი ნომერი 4----------), ლ---–----–------- (პირადი ნომერი 4-----------, ნ--------–---------------------------------------- ნ-----------–--------------------------------------) და ო-------–--------------------------------------- საკუთრების უფლებაა რეგისტრირებული.

თუ იპოთეკის საგნების რეალიზაციით ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს არსებული დავალიანების დაფარვას, სარეალიზაციოდ მიექცეს ბე--, გ-----------–----–--------ის სხვა უძრავ-მოძრავი ქონება;

2. გადაწყვეტილება გადაეცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

3. სს ,,საქართველოს ბანკს" დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 2817 ლარი და 35 თეთრი;

ბ--------------–------------–---–--------------------------–--------ს სოლიდარულად გადახდეთ ,,ს----------–---------ს" სასარგებლოდ 1078 ლარი და 35 თეთრი - მოსარჩელის მიერ შეტანილი სახელმწიფო ბაჟის თანხა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ზაზა რამიშვილი