გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 31.10.2019
საქმის ნომერი
140310519003143104
კატეგორია
დავის ტიპი
ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები
თარიღი
31.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310519003143104

საქმე № 3/204-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

 

სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი

 

მოსარჩელე: ლ-–- დ---–--–---–ი

წარმომადგენელი: ზ---- მ-----–---–ი

 

მესამე პირები (სასკ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით მოსარჩელის მხარეს): ვ----, ნ----, ხ-------, ი-----, მ------ დ---–--–---–ები

 

მოპასუხე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისი

წარმომადგენელი: თ----- ი------–---–-

 

მესამე პირები (სასკ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით მოპასუხის მხარეს): ი----- და ა---- კ--------ები

წარმომადგენელი: თ-- თ----–--–---–-

 

მესამე პირი (სასკ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით): გორის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი: ნ--- ფ---–---–---–-

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვ------ში მდებარე 5123 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების ა---- და ი----- კ--------ების სახელზე № 6--4--0--3-- საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2015 წლის 6 აგვისტოს № 882015431820-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა საერთო სარგებლობის საუბნო გზის ნაწილში.

 

სარჩელის თანახმად, ერთი მხრივ, ლ-–- (პირ. № 5----------), ვ---- (პირ. № 5----------), ი----- (პირ. № 5----------), მ------ (პირ. № 5----------), ნ---- (პირ. № 5----------), ხ------- (პირ. № 5----------) დ---–--–---–ებსა და, მეორე მხრივ, მესამე პირებს - ა---- (პირ. № 5----------) და ი----- (პირ. № 5----------) კ--------ებს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვ------ში, ერთმანეთის მეზობლად, საკუთრებაში გააჩნიათ სახლები და საკარმიდამო მიწის ნაკვეთები; ი----- და ა---- კ--------ებმა უძრავი ქონების რეგისტრაციის მიზნით რეესტრის სამსახურში 2015 წელს წარადგინეს საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რაც არ შეესაბამება რეალურ მდგომარეობას; ამგვარი რეგისტრაციით მათ საკუთრებაში მოექცა როგორც მიწის გარკვეული მონაკვეთი, რაც ოდითგან იყო საერთო სარგებლობის საუბნო გზა, ასევე მოსარჩელის კუთვნილი მიწის მცირე ფართიც.

 

2. მოპასუხეებისა და მესამე პირთა პოზიცია

მოპასუხემ და მესამე პირებმა - ი----- და ა---- კ--------ებმა სარჩელი არ სცნეს, მიუთითეს და განმარტეს, რომ სადავო რეგისტრაცია სრულად შეესაბამება ამ პირთა საკუთრებაში არსებულ ფართსა და კონფიგურაციას; სადავო მონაკვეთის რეგისტრაციით მესამე პირების საკუთრებაში საერთო სარგებლობის გზა არ მოქცეულა; დ---–--–---–ებს გააჩნიათ თავის საკუთრებამდე მისასვლელი ორი გზა; ი----- და ა---- კ--------ები იმ ადგილზე დასახლდნენ 1992 წლიდან და ამ დროსაც სადავო მონაკვეთი იყო მათ მართლზომიერ მფლობელობაში; მხოლოდ სამეზობლო ურთიერთპატივისცემის გათვალისწინებით აძლევდნენ დ---–--–---–ებს საშუალებას, სადავო მონაკვეთში შეეყვანათ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა (ტრაქტორი). საერთო სარგებლობის გზაზე პრეტენზიის გაცხადების და შესაბამისად, სარჩელის აღძვრის უფლება აქვს მხოლოდ ადგილობრივ თვითმმართველობას. ამავე დროს, დ---–--–---–ების სარჩელი ხანდაზმულია, რადგან სხდომაზე განმარტეს, რომ ი----- და ა---- კ--------ები რამოდენიმე წლით ადრე ეუბნებოდნენ, რომ სადავო მონაკვეთი მათ საკუთრებას წარმოადგენდა, სარჩელი კი მხოლოდ 2019 წელს აღძრეს. ამას ადასტურებს გორის მუნიციპალიტეტის მერიის შუამავლობით 2015 წლის 21 ოქტომბერს მხარეთა შორის შედგენილი შეთანხმების აქტიც.

 

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ და ლ-–- დ---–--–---–ის ოჯახის წევრებმა (მესამე პირებმა - ვ----, ნ----, ხ-------, ი-----, მ------ დ---–--–---–ებმა) სარჩელს მხარი დაუჭირეს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ კ--------ებმა მართლაც მოახდინეს საერთო სარგებლობის საუბნო გზის თავის სახელზე რეგისტრაცია და ეს ფაქტი დგინდება გორის მუნიციპალიტეტის მერიის შუამავლობით 2015 წლის 21 ოქტომბერს მხარეთა შორის შედგენილი შეთანხმების აქტითაც. ამავე დროს, სადავო მონაკვეთში განთავსებულია ელექტროგადამცემი ბოძები, რაზეც დამონტაჟებულია ელექტრომრიცხველები, რაც ასევე ადასტურებს ამ ფართის საერთო სარგებლობაში არსებობის ფაქტს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეებს შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. საჯარო რეესტრში სისტემური აღწერის მონაცემებით № 6--0--0--3-- საკადასტრო კოდით თ--- კ--------ის სახელზე აღრიცხულია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვ------ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2226 მ2 მიწის ნაკვეთი;

 

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 26 ივლისს მომზადებული სისტემური აღწერის ყვითელი ფერის გრაფიკული მონაცემები (ს. ფ. 32).

 

3.2.2. გორის რაიონის სოფელ ვ------ის 1986-1995 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია თ--- კ--------ი; კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან ა---- (ვაჟიშვილი), გ------- (შვილიშვილი; გადახაზულია, სხვა ინფორმაცია არ ფიქსირდება) და ი----- (შვილიშვილი) კ--------ები; კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 75 მ2 საცხოვრებელი სახლი და 0,40 ჰა მიწის ფართობი; 1996-2007 წლების ჩანაწერებით კომლის უფროსად ჩაწერილია თ--- კ--------ი, ხოლო კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან ა---- (ვაჟიშვილი) და ი----- (შვილიშვილი) კ--------ები; სოფელ ვ------ის მიწის განაწილების სიებში 1992-1998 წლების მდგომარეობით თ--- კ--------ის სახელზე ირიცხება 1,03 ჰა მიწის ფართობი (მეორე კატეგორია);

 

მტკიცებულება: გორის არქივის 2015 წლის 30 ივლისის № AA2015051135-05 საარქივო ცნობა (ს. ფ. 83-84).

 

3.2.3. საჯარო რეესტრში სისტემური აღწერის მონაცემებით № 6--0--0--3-- საკადასტრო კოდით თ--- კ--------ის სამხრეთით ი----- დ---–--–---–ის სახელზე აღრიცხულია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვ------ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2503 მ2 მიწის ნაკვეთი;

 

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 26 ივლისს მომზადებული სისტემური აღწერის ყვითელი ფერის გრაფიკული მონაცემები (ს. ფ. 32).

 

3.2.4. გორის რაიონის სოფელ ვ------ის 1986-1995 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ი----- დ---–--–---–ი; კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან ხ------- (მეუღლე), ვ----, ნ---- და მ------ (ქალიშვილები) დ---–--–---–ები; კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 60 მ2 საცხოვრებელი სახლი, 1986 წელს 0,20 ჰა, ხოლო 1987-1990 წლებში - 0,30 ჰა მიწის ფართობი; 1996-2007 წლების ჩანაწერებით ი----- დ---–--–---–ის კომლში, ამ პირებთან ერთად, ირიცხება ლ-–- დ---–--–---–იც (ვაჟიშვილი); სოფელ ვ------ის მიწის განაწილების სიებში 1992-1998 წლების მდგომარეობით ი----- დ---–--–---–ის სახელზე ირიცხება 1,29 ჰა მიწის ფართობი (პირველი კატეგორია);

 

მტკიცებულება: გორის არქივის 2014 წლის 13 აგვისტოს № AA2014044193-04 საარქივო ცნობა (ს. ფ. 106-107).

 

3.2.5. საჯარო რეესტრში სისტემური აღწერის მონაცემებით № 6--0--0--3-- საკადასტრო კოდით ი----- დ---–--–---–ის აღმოსავლეთით, გ------- ფ-----ის სამხრეთით, თ---- უ---------–-–---–ის სახელზე აღრიცხულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2034 მ2 მიწის ნაკვეთი;

 

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 26 ივლისს მომზადებული სისტემური აღწერის ყვითელი ფერის გრაფიკული მონაცემები (ს. ფ. 32).

 

3.2.6. საჯარო რეესტრში სისტემური აღწერის მონაცემებით № 6--0--0--3-- საკადასტრო კოდით თ--- კ--------ის აღმოსავლეთით გ------- ფ-----ის სახელზე აღრიცხულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3008 მ2 მიწის ნაკვეთი;

 

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 26 ივლისს მომზადებული სისტემური აღწერის ყვითელი ფერის გრაფიკული მონაცემები (ს. ფ. 32).

 

3.2.7. ზემოთ მითითებულ ტერიტორიაზე განხორციელებული სისტემური აღწერა წარმოადგენს დაუზუსტებელ, დაურეგისტრირებელ საკადასტრო გრაფიკულ მონაცემებს, რომლის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივში დაცული არ არის;

 

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 6 აგვისტოს № 275069 მიმართვა (ს. ფ. 31).

 

3.2.8. სისტემური აღწერის მიხედვით, ერთი მხრივ, თ--- კ--------ისა და გ------- ფ-----ის მიწის ნაკვეთებსა (სამხრეთით) და, მეორე მხრივ, ი----- დ---–--–---–ისა და თ---- უ---------–-–---–ის მიწის ნაკვეთებს (ჩრდილოეთით) შორის გადის საერთო სარგებლობის შიდა საუბნო გზა;

 

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 26 ივლისს მომზადებული სისტემური აღწერის ყვითელი ფერის გრაფიკული მონაცემები (ს. ფ. 32).

 

3.2.9. ი----- დ---–--–---–ის განცხადების საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვ------ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2169 მ2 მიწა № 6--4--0--2-- საკადასტრო კოდით 2014 წლის 24 სექტემბერს დაზუსტებული რეგისტრაციით აღირიცხა ვ----, ნ----, ხ-------, ი-----, ლ-–- და მ------ დ---–--–---–ების სახელზე, რომლის დროსაც მათ სახელზე აღირიცხა სისტემური აღწერის მონაცემებით აღრიცხული ი----- დ---–--–---–ის ნაკვეთი; ნაკვეთის ადგილმდებარეობა ჩრდილოეთიდან (ყვითელი ფერით აღნიშნული საზღვრიდან) ჩამოწეულია სამხრეთით, ასევე სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან შეწეულია შიდა მხარეს, თუმცა მთლიანად ექცევა ი----- დ---–--–---–ის სისტემური აღწერის (ყვითელი ფენის) საზღვრებში;

 

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2014 წლის 24 სექტემბრის № 882014496582-03 გადაწყვეტილება (ს. ფ. 19), ამონაწერი საჯარო რეესტრიდან თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზით (ს. ფ. 20-22), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 26 ივლისს მომზადებული სისტემური აღწერის გრაფიკული მონაცემები (ყვითელი და წითელი ფერის გრაფიკული აღნიშვნები, ს. ფ. 33).

 

3.2.10. ა---- კ--------ის განცხადების საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვ------ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 5123 მ2 მიწა № 6--4--0--3-- საკადასტრო კოდით 2015 წლის 6 აგვისტოს დაზუსტებული რეგისტრაციით აღირიცხა ა---- და ი----- კ--------ების სახელზე, რა დროსაც განმცხადებლის მიერ წარდგენილი იქნა სისტემური აღწერიისაგან განსხვავებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი: დაზუსტებული რეგისტრაციით მათ საკუთრებაში მოექცა სისტემური აღწერით როგორც თ--- კ--------ის, ასევე გ------- ფ-----ის ნაკვეთები; ნაკვეთის ადგილმდებარეობა ჩრდილოეთიდან (ყვითელი ფერით აღნიშნული საზღვრიდან) ჩამოწეულია სამხრეთით და სამხრეთით სცდება საკუთრების საზღვრებს.

 

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2015 წლის 6 აგვისტოს № 882015431820-03 გადაწყვეტილება (ს. ფ. 25), ამონაწერი საჯარო რეესტრიდან თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზით (ს. ფ. 26-28), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 26 ივლისს მომზადებული სისტემური აღწერის გრაფიკული მონაცემები (ყვითელი და წითელი ფერის გრაფიკული აღნიშვნები, ს. ფ. 33).

 

3.2.11. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 26 ივლისს მომზადებული სისტემური აღწერის გრაფიკული მონაცემების მიხედვით, კ--------ების საკუთრების (წითელი ფერის გრაფიკული აღნიშვნები) რეგისტრაციისას მთლიანად მათ საკუთრებაში მოექცა სისტემური აღწერის მიხედვით (ყვითელი ფერის აღნიშვნები) კერძო საკუთრებაში არმყოფი, საერთო სარგებლობის შიდა საუბნო გზა მათგან სამხრეთით (აგრეთვე ი----- დ---–--–---–ის სისტემური აღწერით არსებული საკუთრების მცირე ნაწილი).

 

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 26 ივლისს მომზადებული სისტემური აღწერის გრაფიკული მონაცემები (ყვითელი და წითელი ფერის გრაფიკული აღნიშვნები, ს. ფ. 33).

 

3.2.12. 2015 წლის 21 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის შუამავლობით, ი----- დ---–--–---–სა და ა---- კ--------ს შორის შედგა მორიგების აქტი: ა---- კ--------ი მოაწყობდა გზაზე რკინის ხეივანს ისე, რომ ხელი არ შეეშალა ი----- დ---–--–---–ისათვის გზით სარგებლობაში, ხოლო ეს უკანასკნელი ისარგებლებდა გზით ისე, რომ არ შეუქმნიდა პრობლემას ა---- კ--------ს.

 

მტკიცებულება: გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 27 ოქტომბრის № კ-472 მიმართვაზე თანდართული შეთანხმების აქტი (ს. ფ. 140-141).

 

3.2.13. ვ------ის ადმინისტრაციულ ერთეულში გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის 2019 წლის 20 სექტემბრის მოხსენებითი ბარათის თანახმად, ადგილზე დათვალიერების შედეგად სადავო მონაკვეთზე გზის არსებობა იმ ეტაპისათვის არ იკვეთება, ხოლო მხარეებს განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ.

 

მტკიცებულება: ვ------ის ადმინისტრაციულ ერთეულში გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის 2019 წლის 20 სექტემბრის № 11305/04 მოხსენებითი ბარათი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტებები, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილია, რომ კ--------ების სახელზე განხორციელებული სადავო რეგისტრაციით მათ საკუთრებაში მოექცა სისტემური აღწერით კერძო საკუთრებაში არმყოფი, მათი სამხრეთით მდებარე საერთო სარგებლობის შიდა საუბნო გზა.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის № 327-ე ბრძანებულება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი, ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი, „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 30 აპრილის. №206 ბრძანებულება, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, ,,ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების განსაზღვრის წესი”.

 

6. სამართლებრივი შეფასება

სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერი წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” და ,,ვ” ქვეპუნქტებით რეგლამენტირებულ აღმჭურველი სახის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების თანახმად, რეგისტრაცია ბათილად ან არარად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; ბ) წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ადასტურებს რეგისტრაციის ბათილად ან არარად ცნობის ფაქტს; გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები; რეგისტრაციის გაუქმება შეიძლება, გასაჩივრდეს მხოლოდ ამ გაუქმების საფუძველთან ერთად.

 

მოცემულ შემთხვევაში, პირველ რიგში, უნდა გაირკვეს, კ--------ების სახელზე 2015 წლის 6 აგვისტოს განხორციელებული რეგისტრაციით მათ საკუთრებაში მოექცა თუ არა საერთო სარგებლობის გზა, ასევე ეზღუდება თუ არა რაიმე ფორმით უფლებები ლ-–- დ---–--–---–ს ამ რეგისტრაციით.

 

,,ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების განსაზღვრის წესის” (დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 ოქტომბრის № 220-ე დადგენილებით) 1-ლი მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ”, ,,გ” და ,,დ” ქვეპუნქტების მიხედვით, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებად ითვლება თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტებში არსებული საავტომობილო გზები, დასახლებული პუნქტების საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებთან დამაკავშირებელი გზები, მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზები.

 

სარჩელი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელესა და კ--------ებს ერთმანეთის მეზობლად საკუთრებაში გააჩნიათ სახლები და საკარმიდამო მიწის ნაკვეთები; მათ შორის (ანუ კ--------ების ნაკვეთის სამხრეთით და ი----- დ---–--–---–ის ნაკვეთის ჩრდილოეთით) არსებობს საერთო სარგებლობის გზა; კ--------ებმა კი უძრავი ქონების რეგისტრაციისას რეესტრის სამსახურში წარადგინეს საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რაც არ შეესაბამება იურიდიულ და ფაქტობრივ მდგომარეობას; ამგვარი რეგისტრაციით კი მოსარჩელეს შეეზღუდა საერთო სარგებლობის შიდა საუბნო გზის გამოყენების შესაძლებლობა.

 

ამ საკითხის გარკვევის მიზნით უნდა განისაზღვროს ისეთი მტკიცებულება(ები) რომელიც შეიცავს მოდავე მხარეთა საკუთრების შესახებ საკადასტრო აზომვით მონაცემებს და ამავე დროს გააჩნია უტყუარობისა და სიზუსტის, შესაბამისად, სანდოობის მაღალი ხარისხი.

 

საჯარო რეესტრის სამსახურის მითითებით, მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი სისტემური აღწერა წარმოადგენს დაუზუსტებელ, დაურეგისტრირებელ საკადასტრო გრაფიკულ მონაცემებს, რომლის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივში დაცული არ არის, რის გამოც ეს მონაცემები არ უნდა იქნეს გაზიარებული და სარწმუნოდ მიჩნეული.

 

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის № 327-ე ბრძანებულების (ძალადაკარგულია საქართველოს 2007 წლის 11 მაისის № 4741 კანონით) მე-4 პუნქტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის დაჩქარების მიზნით რეგისტრატორმა უნდა მიიღოს მიწის საკუთრებაში გაფორმების მსურველის განცხადება და გამოიყენოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ერთ-ერთი: ა) მიწის მიღება-ჩაბარების აქტი; ბ) მე-4 პუნქტის „ა” ქვეპუნქტში დასახელებული დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში გამოიყენება „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის № 48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია. აღნიშნულ სიას უნდა დაერთოს მიწის გამოყოფის გეგმა;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1514-1515-ე მუხლებით დადგინდა, რომ საჯარო რეესტრის სამსახურის ჩამოყალიბებამდე მიწის ნაკვეთების ყოველი ახალი შეძენის რეგისტრაცია 1997 წლის 25 ნოემბრიდან უნდა მომხდარიყო მიწის რეგისტრაციის სამსახურის სისტემაში არსებული საადგილმამულო წიგნის (საჯარო რეესტრის) სამსახურში. საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტს უნდა უზრუნველეყო სათანადო სამსახურის ჩამოყალიბება, საჯარო რეესტრის ფორმულარების მომზადება და ყველა იმ ორგანიზაციული საკითხის მოგვარება, რომლებიც დაკავშირებული იყო სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან წარმოშობილი უძრავი ნივთების მესაკუთრეების რეგისტრაციასთან; საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებამდე სამოქალაქო კოდექსით ამ სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელება დაევალა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებს, ხოლო საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსა და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტს უნდა უზრუნველეყოთ საჯარო რეესტრის მონაცემების საჯაროობა და ხელმისაწვდომობა დაინტერესებულ პირთათვის.

 

,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, შენობები, მონაცემთა საინფორმაციო ბანკი და სხვა ქონება გადაეცა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

 

როგორც აღინიშნა, მოსარჩელესა და მესამე პირებს ერთმანეთის მეზობლად მითითებული კანონმდებლობის საფუძველზე - სისტემური აღწერის მონაცემებით საკუთრებაში გააჩნიათ სახლები და საკარმიდამო მიწის ნაკვეთები;

 

სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია მხარეთა პოზიცია, რომ სისტემური აღწერის მონაცემები, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, არ წარმოადგენს გასაზიარებელ ჩანაწერებს, რადგან ამ მონაცემებით დგინდება, რომ მხარეებს საკუთრებაში გადაეცათ კონკრეტული ოდენობის, კონკრეტულ ადგილზე გამოყოფილი მიწის ნაკვეთები, შესაბამისი კონფიგურაციებითა და პარამეტრებით.

 

საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის № 327-ე ბრძანებულების მე-8-მე-9 პუნქტების თანახმად, ამ ბრძანებულების 5-7 პუნქტებში აღნიშნული სამუშაოები განეკუთვნებოდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის საჭირო ღონისძიებებს და მიწის მფლობელთათვის ხორციელდებოდა უსასყიდლოდ; მიწის რეგისტრაციის განხორციელების მიზნით, ზონის რეგისტრატორებს შეეძლოთ, ესარგებლათ ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ შესრულებული აგეგმვითი სამუშაოების შედეგებით და დოკუმენტებით (სარეგისტრაციო ბარათები, სარეგისტრაციო მოწმობები, მიწის ნაკვეთის გეგმები და საკადასტრო რუკები), აგრეთვე გამოეყენებინათ შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. დოკუმენტების განხილვისა და მოწონების შემდეგ ზონის რეგისტრატორი რეგისტრაციას ახორციელებდა აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით. ინფორმაციის სიზუსტისა და საიმედოობისათვის პასუხისმგებელი იყო მისი შემსრულებელი, ხოლო მე-4 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით, იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობდა მე-4 პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებში დასახელებული დოკუმენტები, გამოიყენებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, აგრეთვე მიწების განაწილების სია, რომელსაც არ ახლდა მიწის გამოყოფის გრაფიკული დადასტურება. ვინაიდან ასეთ მონაცემებზე დაყრდნობით გაცემულ სარეგისტრაციო მოწმობას არ ერთვოდა ნაკვეთის გეგმა, სარეგისტრაციო მოწმობასა და სარეგისტრაციო ბარათში კეთდებოდა ჩანაწერი რეგისტრატორის „პასუხისმგებლობის აცილების” შესახებ;

 

მართალია, მოცემულ სადავო ტერიტორიაზე არსებული სისტემური აღრიცხვის მონაცემები დაუზუსტებელ, დაურეგისტრირებელ საკადასტრო გრაფიკულ მონაცემებს წარმოადგენს, რომლის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივში დაცული არ არის, თუმცა ამ ტერიტორიის მიწის ნაკვეთების მართლზომიერ მფლობელების მიერ განხორციელებული რეგისტრაციები (,,წითელი ფენა") უმრავლეს და დიდ ნაწილში ზუსტად ემთხვევა სისტემური აღწერის მონაცემებს (,,ყვითელი ფენა"), რაც მასში მოყვანილი აღრიცხვის მონაცემების სიზუსტეზე მიუთითებს (იხ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 26 ივლისს მომზადებული სისტემური აღწერის გრაფიკული მონაცემები (ყვითელი და წითელი ფერის გრაფიკული აღნიშვნები, ს. ფ. 33).

 

იმავე ბრძანებულების მე-5 პუნქტის მიხედვით, მე-4 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტები საკმარისია სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის, საკუთრების უფლების დამადასტურებელი სარეგისტრაციო მოწმობის მომზადებისა და გაცემისათვის, მაგრამ რეგისტრირებული მონაცემები ექვემდებარება შემდგომ აუცილებელ დაზუსტებას მიწის აგეგმვის შედეგად შედგენილი საგეგმო-კარტოგრაფიული მასალების საფუძველზე.

 

ამ პუნქტში მითითებული აუცილებელი დაზუსტება გულისხმობდა მიწის აგეგმვის შედეგად შედგენილი საგეგმო-კარტოგრაფიული მასალების საფუძველზე მონაცემების დაზუსტების და არა მიწაზე საკუთრების უფლების არსებობა-არარსებობის თვალსაზრისით.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში დაცული სისტემური აღრიცხვის მონაცემებით დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ უფლებამოსილი პირის მიერ სისტემური აღწერა მოხდა მოსარჩელისა და მესამე პირების მიწის ნაკვეთებისა და ადგილზე არსებული ფაქტობრივი და იურიდიული მდგომარეობის გათვალისწინებით;

 

სისტემური აღწერის დროს მოქმედი ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრატორი უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა დამატებითი ინფორმაცია ნაკვეთის შესახებ, დამატებითი დოკუმენტაცია; დაინტერესებული მხარე კი ვალდებული იყო, დაუყოვნებლივ შეესრულებინა რეგისტრატორის მოთხოვნა.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ სისტემური აღწერის განხორციელებისას წარდგენილი მონაცემები საკმარისად ჩაითვალა როგორც ერთი, ასევე მეორე მხარის საკუთრებების (მართლზომიერი მფლობელობების) ფიქსაციისათვის.

 

„მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებდა რეესტრში ფიქსირებული და მიახლოებითი საზღვრების აღრიცხვას, თუ ადგილი არ ჰქონდა მოსაზღვრე მხარეებს შორის შეთანხმებას და სათანადო წესით შესრულებული კადასტრული სამუშაოების მონაცემების რეესტრში შეტანას, ყველა სხვა სახის საზღვარი მიახლოებით საზღვრად ითვლებოდა (მე-13.1 მუხ.).

 

„უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი ასევე ითვალისწინებდა უძრავი ნივთის სააღრიცხვო ბარათში დაზუსტებული ან დაუზუსტებელი ფართობის მითითებას (8.3. მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი).

 

მითითებული კანონის 33.4 მუხლის თანახმად, „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ კანონის შესაბამისად, ყოფილი მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ზონის რეგისტრატურაში რეგისტრირებული უფლებები მიიჩნეოდა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულად.

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის” 8.7, 31.4 მუხლები ასევე ითვალისწინებენ დაუზუსტებელ რეგისტრაციას.

 

სასამართლო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ მიწა შეიძლება, არსებობდეს საკუთრებაში როგორც დაზუსტებული, ასევე დაუზუსტებელი მონაცემებით; კანონმდებლობა არ შეიცავს დაუზუსტებელი მონაცემებით მიწის ნაკვეთის სუბიექტზე აღრიცხვის გამომრიცხავ დანაწესს. ამასთანავე, პირველად დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა და უმართებულოა მისი დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე, რომელიც აღრიცხვის ობიექტის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია, სარეგისტრაციო აღრიცხვის ოფიციალობა უზრუნველყოფილია საჯარო რეესტრით (იხ. სუს 2013 წლის 28 თებერვლის № ბს-367-363 (კ-12) განჩინება).

 

სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტის გაცემა, რომელიც ადასტურებს იურიდიული ფაქტების კანონიერებას. რეგისტრაციას პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს, ის არის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალიზაციის პირობა, რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი, რითაც რეგისტრაციის განმახორციელებელი კისრულობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობათა კომპლექსის დაცვის ვალდებულებას, სახელმწიფო რეგისტრაცია მოწოდებულია მთლიანობაში სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა განამტკიცოს, ის არის ტიტულის, პირის უფლებების სახელმწიფო დაცვის ფორმალური პირობა (იხ. სუს 2013 წლის 28 თებერვლის № ბს-367-363 (კ-12) განჩინება).

 

საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 30 აპრილის №206 ბრძანებულებით განისაზღვრა, რომ ახალი გეოდეზიური ქსელით შექმნილი ტოპოგრაფიული რუკებით თანდათანობით დაფარვამდე პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენებული უნდა ყოფილიყო მანამდე არსებული გეოდეზიური ქსელები და ტოპოგრაფიული რუკები. ხსენებული ბრძანებულების შემდგომ გამოცემული „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქისათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის № 327 ბრძანებულება, არ ითვალისწინებდა საკადასტრო აზომვითი ნახაზის შედგენას ელექტრონულ კოორდინატთა სისტემაში.

 

სასამართლო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ ახლად შემოღებული კოორდინატთა ელექტრონული სისტემით მიწის ნაკვეთის საზღვრების დაუზუსტებლობა, არ ნიშნავს მიწის ნაკვეთზე უკვე წარმოშობილი საკუთრების უფლების ჩამორთმევას; ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის № 4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 26-ე მუხლის თანახმად საკადასტრო აღწერის ტექნიკური პირობაა (იხ. სუს იგივე განჩინება).

 

გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემის შეცვლა ტექნიკური საკითხია და მას არ უნდა ეწირებოდეს რეესტრში ასახული უფლებები, რეგისტრაციის ახალი სისტემის დანიშნულება სანივთო უფლებების უკეთესი დაცვაა და არა საკუთრების უფლების შეზღუდვა. ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება შედეგად არ უნდა იწვევდეს ფორმალურ-სამართლებრივი პროცედურების შესრულებით მესაკუთრეზე უკვე რეგისტრირებული ნაკვეთის მესამე პირის მიერ დაუფლებას, არ უნდა ხელყოფდეს სამართლებრივ უსაფრთხოებას, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას, მანამდე წარმოებული რეგისტრაციების იურიდიული ძალის დაკარგვას, მარეგისტრირებელი ორგანოს, როგორც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და საჯარო წესრიგის გარანტის დანიშნულების შეცვლას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა სახელზე განხორციელებული სისტემური აღწერა, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, წარმოადგენს საკუთრების უფლების ობიექტის ადგილმდებარეობის, კონფიგურაციისა და სხვა პარამეტრების დამადასტურებელ ერთადერთ დოკუმენტს და გაზიარებულიც უნდა იქნეს.

 

მოსარჩელისა და მესამე პირების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების იურიდიულ საზღვრებსა და ადგილმდებარეობასთან მიმართებაში საქმეზე წარმოდგენილია საკადასტრო აზომვითი მონაცემების შემცველი მხოლოდ ეს მტკიცებულება (სისტემური აღწერის გრაფიკული მონაცემები).

 

მოცემული დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს თვით რეგისტრაციის კანონიერებას და არა ფაქტობრივი მდგომარეობისა თუ მიჯნების შესაბამისობას რეგისტრირებულ მონაცემებთან; სადავოა იურიდიული თვალსაზრისით იქ საერთო სარგებლობის გზის არსებობა-არარსებობა.

 

სასამართლო ამ გარემოებებს ყურადღებას აქცევს იქიდან გამომდინარე, რომ მხარეებს შორის დავის საგანს წარმოადგენს სწორედ მათ საკუთრებებთან არსებული საზღვრების რეგისტრაციის სიზუსტის კანონიერება.

 

დადგენილია და სადავო არაა, რომ საჯარო რეესტრში კ--------ების სახელზე საკუთრების რეგისტრაციისას მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, კონფიგურაციისა და საზღვრების დადგენა მოხდა მხოლოდ ამ პირთა მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მეშვეობით, ანუ მხოლოდ მათ მითითებაზე დაყრდნობით, და მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობისა და საზღვრების შესახებ ეს მონაცემები სხვა რაიმე დოკუმენტსა თუ საჯარო რეესტრში დაცულ რაიმე სხვა ინფორმაციას არ ეყრდნობოდა.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ მათ მიერ ელექტრონული რეგისტრაციისას წარდგენილი მონაცემები არსებითად განსხვავდება მათ სახელზე სისტემური აღწერის არსებული მონაცემებისაგან - დაზუსტებული რეგისტრაციით მათ საკუთრებაში მოექცა სისტემური აღწერით როგორც თ--- კ--------ის, ასევე გ------- ფ-----ის ნაკვეთები; ნაკვეთის ადგილმდებარეობა ჩრდილოეთიდან (ყვითელი ფერით აღნიშნული საზღვრიდან) ჩამოწეულია სამხრეთით და სამხრეთით სცდება საკუთრების საზღვრებს; კ--------ების საკუთრების (წითელი ფერის გრაფიკული აღნიშვნები) რეგისტრაციისას მთლიანად მათ საკუთრებაში მოექცა სისტემური აღწერის მიხედვით (ყვითელი ფერის აღნიშვნები) კერძო საკუთრებაში არმყოფი, საერთო სარგებლობის შიდა საუბნო გზა მათგან სამხრეთით (აგრეთვე ი----- დ---–--–---–ის სისტემური აღწერით არსებული საკუთრების მცირე ნაწილი).

 

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 107-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კანონით მუნიციპალიტეტისთვის მიკუთვნებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შემდეგი ქონება: ადგილობრივი მნიშვნელობის გზები და მათი ნაწილები, ქუჩები, მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელები, ტროტუარები, შუქნიშნები, გარე განათების კონსტრუქციები, მოედნები, სკვერები, ბულვარები, შადრევნები, პარკები, მწვანე ნარგავები და ნაპირსამაგრი ნაგებობები.

 

აღსანიშნავია, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიაც ცალსახად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სადავოდ გამხდარი მიწის ნაკვეთის საზღვრებში მოქცეულია საერთო სარგებლობის საუბნო გზა.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემების და მასთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე (იხ. სუს 2013 წლის 28 თებერვლის №ბს-367-363 (კ-12) განჩინება); საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია, დაინტერესებული პირების სახელზე უძრავი ქონების საკუთრებაში რეგისტრაციამდე, გამოიკვლიოს ამავე მიწაზე სხვა პირთა უფლების არსებობა, სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია შეადაროს ტექბიუროს არქივსა თუ თვით რეესტრის სამსახურში დაცულ საკადასტრო მონაცემებთან, სააღრიცხვო ბარათებსა და ამონაწერებთან, დაადგინოს სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები (მოსარგებლეები), გეოგრაფიული მდებარეობა, საზღვრები, რათა სარწმუნოდ დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები, და მხოლოდ ამ მიწაზე სხვა პირთა თანასაკუთრებისა თუ სხვა უფლების არარსებობის დადგენის შემთხვევაში მოახდინოს მათ სახელზე საკუთრების უფლებით ქონების რეგისტრაცია.

 

სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ, მართალია, მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი სისტემური აღრიცხვის მონაცემები არ ითვლება რეგისტრირებულ მონაცემად, მაგრამ ეს მონაცემები დაცულია საჯარო რეესტრის სამსახურში, და მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში წარმოადგენს ზუსტი მონაცემების ამსახველ მტკიცებულებას.

 

ისეთ ვითარებაში, როდესაც არ არსებობს სხვა უტყუარი და უფრო ზუსტი საკადასტრო აზომვითი მონაცემები, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, მხედველობაში მიეღო ეს მონაცემები, მით უფრო, რომ, როგორც აღინიშნა, სხვა პირების დაზუსტებული რეგისტრაცია უმრავლეს შემთხვევაში მთლიანად ემთხვევა სისტემური აღწერის მონაცემებს.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდნარე, საჯარო რეესტრში დაცული სისტემური აღწერის მონაცემებზე დაყრდნობით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ კ--------ებისა და დ---–--–---–ების ნაკვეთებს შორის არსებობდა საერთო სარგებლობის გზა, რომელიც დაზუსტებული რეგისტრაციით მთლიანად მოექცა კ--------ების პირად, კერძო საკუთრებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის სამსახური ვალდებული იყო, სრულყოფილად გამოეკვლია და დაედგინა საქმის გარემოებები, თუნდაც სისტემური აღწერის მონაცემებთან შედარების გზით, და ისე მიეღო გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ რეესტრის სამსახურის მიერ სადავო რეგისტრაციის განხორციელებისას არასწორად იქნა საქმის ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი (საერთო სარგებლობის გზის ნაწილში), რასაც არასწორი სამართლებრივი შეფასება მოჰყვა, სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონს სასამართლოს მიერ მითითებულ საერთო სარგებლობის გზის ნაწილში და შესაბამისად, ამ ნაწილში ექვემდებარება ბათილად ცნობას.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხისა და კ--------ების პოზიციას, რომ ადგილობრივი მნიშვნელობის გზაზე სარჩელის აღძვრის უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ ადგილობრივ თვითმმართველობას, როგორც ამ ქონების მესაკუთრეს.

 

ამ საკითხზე დავის აღძვრის უფლებამოსილება გააჩნია ყველა პირს, როგორც საჯარო გზებით მოსარგებლეებს. საერთო სარგებლობის გზების უკანონო რეგისტრაციით სხვა პირებს ეზღუდებათ გადაადგილებისა და თავის საკუთრებასთან მისვლის შესაძლებლობა, და თუკი ადგილობრივი თვითმმართველობა არ იჩენს ინიციატივას, იდავოს ამ საკითხზე, ეს არ უსპობს უფლებას დაინტერესებულ პირს, სადავო გახადოს საჯარო, საერთო სარგებლობის გზების სხვა პირების სახელზე რეგისტრაციის კანონიერება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით, პირს უფლება აქვს, მოითხოვოს მის საკუთრებამდე მისასველი გზა მაშინაც კი, როდესაც მის მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან.

 

ასევე ვერ გაზიარებული კ--------ების პოზიცია სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, რადგან ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს მისი ოფიციალურად გაცნობიდან, ხოლო გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემთხვევაში – გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას.

 

დადგენილია და სადავო არაა, რომ ლ-–- დ---–--–---–ისათვის სადავო 2015 წლის 6 აგვისტოს № 882015431820-03 გადაწყვეტილება ცნობილი გახდა მხოლოდ სარჩელის აღძვრამდე პერიოდში და მანამდე მას ეს გადაწყვეტილება არ ჩაბარებია.

 

აქედან გამომდინარე, გასაჩივრების 1 თვიანი ვადის დარღვევა არ დასტურდება, ხოლო ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ჩანაწერი, რაც გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემთხვევაში გასაჩივრების 30 კალენდარულ დღეს აწესებს, ეხება მხოლოდ იმ პირს, ვინც რაიმე საკითხზე უშუალოდ მიმართა განცხადებით მარეგისტრირებელ ორგანოს (ამ შემთხვევაში კ--------ებს) და ამ საკითხზე გადაწყვეტილება ოფიციალურად გამოქვეყნდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-39-ე მუხლების შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 100 ლარს.

 

მოცემულ სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს უძრავ ქონებაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის კანონიერება; შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობად უნდა განისაზღვროს 100 ლარი.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრის ეტაპზე გადახდილია 100 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

იმავე კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოსარჩელის მიერ საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილია 800 ლარი, რაც დავის სირთულისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე, გონივრულია.

 

ასევე წარმოდგენილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან 2019 წლის 26 ივლისს მომზადებული სისტემური აღწერის გრაფიკული მონაცემების მიღებისათვის გადახდილი ხარჯის - 10 ლარის ქვითარი.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ლ-–- დ---–--–---–ის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს გაწეული ხარჯი სრულად მოპასუხისაგან.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვ------ში მდებარე 5123 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის ა---- და ი----- კ--------ების სახელზე № 6--4--0--3-- საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2015 წლის 6 აგვისტოს № 882015431820-03 გადაწყვეტილება სისტემური რეგისტრაციის მონაცემებით აღნიშნულ საერთო სარგებლობის გზის ნაწილში.

 

2. ზ---- მ-----–---–ის მიერ 2019 წლის 12 აგვისტოს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად (საგადახდო დავალება № 8293156758).

 

3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს ლ-–- დ---–--–---–ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის, საჯარო რეესტრიდან ინფორმაციის მოძიების - 10 ლარის და საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი ხარჯის - 800 ლარის ანგარიშში, სულ - 910 (ცხრაასათი) ლარი.

 

4. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი