გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 31.10.2019
საქმის ნომერი
080310118002296133
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა დავები
თარიღი
31.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080310118002296133

#3/103-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ლელა მილდენბერგერი

სხდომის მდივანი ნინო გიორგაძე, ანა გაბრიჭიძე, ალექსანდრე ხაჭაპურიძე

მოსარჩელე - ი---–-- ლ-----ა;

წარმომადგენელი - რ---------------–--–--ა;

მოპასუხე - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია;

წარმომადგენელი - ე-----------–-–---–---------–-----------ე;

მესამე პირი (ასკ-ის მე-16.2 მუხლი) - ვ----–-- მ---------–ი;

დავის საგანი - ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;

აღწერილობითი ნაწილი:

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა (იხ. ტომი 2, ს.ფ. 32);

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 22 სექტემბრის Nბ.10.01172651 ბრძანება.

 

1.2. ბათილად იქნას ცნობილი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 22 დეკემბრის Nბ.01.01173566 ბრძანება.

 

მოსარჩელის განმარტებით, იგი ცხოვრობს ქ. ქუთაისში, წ-------–ის ქ. N62-ში, მისი საცხოვრებელი სახლის გვერდით ქუთაისის მერიის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვის მიხედვით ხდება სასტუმროს მშენებლობა. მშენებლობა მიმდინარეობს უშუალოდ მდინარე რიონის პირას, ხდება რიონის ნაპირის მოჭრა და არსებობს მდინარე რიონის მის ეზოში შევარდნის საშიშროება. ამასთან, სასტუმროს მშენებლობა მოსარჩელის სახლიდან ხდება დაახლოებით ერთ მეტრამდე, მაშინ როცა პროექტის მიხედვით მისი საცხოვრებელი სახლის მხარეს სასტუმროს აქვს ღიობები და ასეთ შემთხვევაში დაცილება უნდა იყოს არანაკლებ სამი მეტრისა, თუმცა აღნიშნული არ იქნა გათვალისწინებული მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს. ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გასცა მშენებლობის ნებართვა არ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, წინააღმდეგ შემთხვევაში დადგინდებოდა, რომ მოცემულ ტერიტორიაზე დაუშვებელია სასტუმროს მშენებლობა.

 

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მშენებლობის ნებართვის გაცემამდე არ არსებობდა და ადმინისტრაციული ორგანოს არ შეუსწავლია შემდეგი დასკვნები: 1) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული დასკვნა ტერიტორიის სამშენებლო უბნად გამოყენების შესახებ; 2) გენერალური გეგმა წითელი ხაზების ჩვენებით, სამეზობლო შენობა-ნაგებობებთან და გზებთან მანძილების დატანით; 3) გეოლოგიური დასკვნა; 4) საექსპერტო დასკვნა ფუძე-საძირკვლებზე და კონსტრუქციებზე; 5) მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი.

 

ასევე, არ ყოფილა გამოქვეყნებული საინფორმაციო დაფა, რადგან მისი არარსებობის გამო დაინტერსებულ პირებს არ მიეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო ადმინისტრაციულ წარმოებაში და გამოეხატა საკუთარი მოსაზრება მშენებლობის გაცემასთან დაკავშირებით, რომლის განთავსების ვალდებულებაც დამკვეთს აქვს. კერძოდ იგი ვალდებულია მშენებლობის დაწყებამდე თვალსაჩინო ადგილას საზოგადოებრივი სივრციდან აღქმად ფასადზე უზრუნველყოს საინფორმაციო დაფის (ე.წ. ბანერის) განთავსება. საინფორმაციო დაფის განთავსების შემდეგ ხდება ტერიტორიის ფოტოფიქსაცია, ვინაიდან მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენისათვის შესაბამის სამსახურში წარსადგენ ერთ-ერთ დოკუმენტს წარმოადგენს ფოტოსურათი (სადაც ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განთავსებულია ბანერი), იმ შემთხვევაში, როდესაც მშენებლობის მაძიებელი მშენებლობის ნებართვას იღებს დადგენილების შესაბამისად სამი სტადიით, იგი ვალდებულია საინფორმაციო დაფაზე დამატებით განათავსოს არქიტექტურული პროექტის შეთანხმების თაობაზე განცხადების შეტანისა და არქიტექტურული პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ხოლო მას შემდგომ რაც დამკვეთი მიიღებს ნებართვას, საინფორმაციო დაფაზე უნდა აისახოს და მიეთითოს ნებართვის შესაბამისი რეკვიზიტები, ხოლო საინფორმაციო დაფა უნდა არსებობდეს სამშენებლო სამუშაოთა წარმოების მთელ პერიოდში და მოიხსნას შენობა-ნაგებობის მშენებლობის დასრულების ან/და ვარგისად აღიარების (ექსპლოატაციაში მიღების) შემდეგ. სამშენებლო დოკუმენტში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ცვლის საინფორმაციო დაფაზე განთავსებული ინფორმაციის არსს, დაუყოვნებლივ უნდა აისახოს საინფორმაციო დაფაზე.

 

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გაცემული მშენებლობის ნებართვა არის უკანონო და იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დარღვეულია ორი საფუძველი, კერძოდ არ არსებობდა საინფორმაციო დაფა, რის გამოც არ მიეცა დაინტერესებულ პირებს მოსაზრებების წარდგენის საშუალება, წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რადგან ღიობების არსებობის გამო დაცილება უნდა იყოს არანაკლებ სამი მეტრი, რაც მთავარია არ არსებობს გეოლოგიური დასკვნა, რომლის მიხედვითაც დადასტურდებოდა, რომ იმ ტერიტორიაზე რამდენიმე სართულიანი სასტუმროს მშენებლობა არის დაუშვებელი. ხოლო მეორე საფუძველთან მიმართებაში აღნიშნავს, რომ იგი ეწინააღმდეგება: 1) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის N1-1/1254 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებას - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებებს, 2) საქართველოს მთავრობის N59 დადგენილებას 2014 წლის 15 იანვრის - ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე; 3) საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებას მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ; 4) საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 თებერვლის N63 დადგენილებას მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ; 5) საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N440 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი წყალდაცვითი ზოლის შესახებ; 6) საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის N41 დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტს შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების შესახებ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია, სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადაო ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირმა ვ----–-- მ---------–მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.

 

4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. ქუთაისში, წ-------–ის ქ. N60-ში მდებარე უძრავი ნივთი, შენობა-ნაგებობა ფართი N2 სასარგებლო ფართი: 80,00კვ.მ, სამურნეო ფართი: 39,79 კვ.მ, უნებართვო მშენებლობა 2,31კვ.მ. საკუთრების უფლებით ირიცხება ი---–-- ლ-----ას სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ტომი 1, ს.ფ. 73-74);

 

4.1.2. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. ქუთაისში, წ-------–ის ქ. N58-ში მდებარე უძრავი ნივთი, მიწის ნაკვეთი 609.00 კვ.მ., შენობა N1 – 283,57 კვ.მ. საკუთრების უფლებით ირიცხება ვ----–-- მ---------–ის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ტომი 1, ს.ფ. 264-265);

 

4.1.3. დადგენილია, რომ 2016 წლის 30 დეკემბერს ვ----–-- მ---------–მა განცხადებით მიმართა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას და ითხოვა სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების შეთანხმება. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესახებ განაცხადის შესაბამისად (განაცხადის შემადგენლობა მე-9 გრაფა) - საჭიროების შემთხვევაში ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური მომზადება (მაგ: გრუნტის ზედაპირის ცვლილება, ზედაპირული ან/და გრუნტის წყლის გადაყვანა/მოცილება, დამცავი ნაგებობები) – ფაქტიური მდგომარეობა ან/და ნებართვის მაძიებლის მიერ მოთხოვნილი პირობები: საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის შესაბამისად განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით.

 

ასევე, საქმეში წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ განაცხადით ირკვევა, შემდეგი:

 

ინფორმაცია მიწის ნაკვეთის შესახებ - ს/კ 0-----------.

 

მიწის ნაკვეთის სახეობა გამოყენების შესაძლებლობის მიხედვით. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57-ე დადგენილების მე-3 თავის მე-6 მუხლის შესაბამისად - სზ-1;

 

მითითება მიწის ნაკვეთის ზოგად ან/და კონკრეტულ ფუნქციურ ზონაში მდებარეობის შესახებ - დასახლებათა საზოგადოებრივ-საქმიანი და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონა;

 

მიწის ნაკვეთის (ან ნაწილის) კეთილმოწყობა (მაგ: შემოღობვა, საბავშვო სათამაშო მოედნები, გამწვანება) - ტერიტორიის კეთილმოწყობის გეგმის მიხედვით;

 

სამშენებლო მიწის ნაკვეთის საზღვრები (საკადასტრო საზღვრები): დასავლეთით - მდინარე რიონი, ჩრდილოეთით - ა. წ-------–ის ქუჩა, სამხრეთით და აღმოსავლეთით - სამეზობლო საზღვარი;

 

შენობების მაქსიმალური სიმაღლის განსაზღვრის ფორმულა H=L/Y: მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობათა განთავსების პირობები, მათი მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრა და მათი მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრა და მათი ნაწილების საზოგადოებრივ სივრცეში შეჭრა განისაზღვროს ,,ტექნიკური რეგლამენტის’’ დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N59-ე დადგენილების მიხედვით;

 

მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტი K-1 - დადგენილი - 0,8, მოთხოვნილი - 0,4;

 

მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი K-2 - დადგენილი - 3,5; მოთხოვნილი - 1,5;

 

მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი K-3 - დადგენილი -0,1; მოთხოვნილი - 0,1;

შენობა-ნაგებობის სართულიანობა გაბარიტები: სართულიანობა: 3 მიწისზედა სიმაღლე - 10,0მ; მიწისქვეშა სიმაღლე: რელიეფის მიხედვით გაბარიტული ზომები:......

 

საზოგადოებრივი სივრცის/ტერიტორიის გამოყენების შემთხვევაში სამშენებლო მოედნის მოწყობის სქემა შესაბამის სამსახურთან შეთანხმებით - საჭიროების შემთხვევაში მშენებლობის დაწყებამდე შეთანხმდეს შესაბამის სამსახურებთან;

 

საინფორმაციო მასალა, რომელიც უზრუნველყოფს მშენებლობის საჯაროობას - ნებართვის გაცემის თითოეულ სტადიაზე უზრუნველყოფილ იქნეს ობიექტზე თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის განთავსება. საინფორმაციო დაფის მინიმალური გაბარიტია A2 ზომის ფორმატი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ვ----–-- მ---------–ის განცხადება, 2017 წლის 4 იანვრის N01/113 წერილი (იხ. ტომი 2, ს.ფ. 204, ს.ფ. 205, ს.ფ. 206-208);

- მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ განაცხადი (იხ. ტომი 2, ს.ფ. 62-65);

 

4.1.4. საქმეში წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ განაცხადით ირკვევა, შემდეგი:

 

ინფორმაცია მიწის ნაკვეთის შესახებ - ს/კ 0-----------;

 

მიწის ნაკვეთის სახეობა გამოყენების შესაძლებლობის მიხედვით. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57-ე დადგენილების მე-3 თავის მე-6 მუხლის შესაბამისად - სზ-1;

 

მითითება მიწის ნაკვეთის ზოგად ან/და კონკრეტულ ფუნქციურ ზონაში მდებარეობის შესახებ - დასახლებათა საზოგადოებრივ-საქმიანი და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონა;

 

მითითება მიწის ნაკვეთის კულტურული მემკვიდრეობის ან/და გარემოს დაცვის ზონაში მდებარეობის შესახებ - საპროექტო ტერიტორია იმყოფება კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების სტატუსის მქონე შენობების ფიზიკური დაცვის ზონის 50 მეტრიან არეალში;

 

მიწის ნაკვეთის (ან ნაწილის) კეთილმოწყობა (მაგ: შემოღობვა, საბავშვო სათამაშო მოედნები, გამწვანება) - ტერიტორიის კეთილმოწყობის გეგმის მიხედვით;

 

საჭიროების შემთხვევაში ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური მომზადება (მაგ: გრუნტის ზედაპირის ცვლილება, ან/და გრუნტის წყლის გადაყვანა მოცილება, დამცავი ნაგებობები) - ჩატარდება საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის შესაბამისად განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით;

 

ავტომანქანის სადგომი ადგილების რაოდენობა - კ-2 საანგარიშო ფართობის 100მ2 - ერთი ადგილი (მოეწყოს მიწისქვეშა ავტოსადგომი);

 

საზოგადოებრივი საზღვრები: ჩრდილოეთით და სამხრეთით - კერძო დასახლება, აღმოსავლეთით - ა. წ-------–ის ქუჩა და დასავლეთით - მდ. რიონი.

 

შენობების მაქსიმალური სიმაღლის განსაზღვრის ფორმულა H=L/Y: მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობათა განთავსების პირობები, მათი მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრა და მათი მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრა და მათი ნაწილების საზოგადოებრივ სივრცეში შეჭრა განისაზღვროს ,,ტექნიკური რეგლამენტის’’ დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N59-ე დადგენილების მიხედვით.

 

მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტი K-1 - დადგენილი - 0,8;

 

მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი K-2 - დადგენილი - 3,5;

 

მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი K-3 - დადგენილი -0,1;

 

შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება: სასტუმრო;

 

შენობა-ნაგებობის სართულიანობა გაბარიტები: სართულიანობა: მიწისზედა სიმაღლე; მიწისქვეშა სიმაღლე; გაბარიტული ზომები.

 

საზოგადოებრივი სივრცის/ტერიტორიის გამოყენების შემთხვევაში სამშენებლო მოედნის მოწყობის სქემა შესაბამის სამსახურთან შეთანხმებით - საჭიროების შემთხვევაში მშენებლობის დაწყებამდე შეთანხმდეს შესაბამის სამსახურებთან;

 

საინფორმაციო მასალა, რომელიც უზრუნველყოფს მშენებლობის საჯაროობას - ნებართვის გაცემის თითოეულ სტადიაზე უზრუნველყოფილ იქნეს ობიექტზე თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის განთავსება. საინფორმაციო დაფის მინიმალური გაბარიტია A2 ზომის ფორმატი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქმეში წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების განაცხადი (იხ. ტომი 2, ს.ფ. 67-69);

 

4.1.5. საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის თებერვლის საინჟინრო გეოლოგიური დასკვნით ირკვევა, რომ გამოსაკვლევ უბანზე და მის ახლოს მიმდებარედ საშიში გეოდინამიკური პროცესების ჩასახვა - განვითარების კვალი არ შეიმჩნევა, უბანი მდგრადია და მშენებლობისათვის ხელსაყრელ საინჟინრო-გეოლოგიურ პირობებში იმყოფება. საინჟინრო-გეოლოგიური პირობების სირთულის მიხედვით, თანახმად ს.ნ. და წ. 1.02.07.87 სავალდებულო მე-10 დანართისა მიეკუთვნება I (მარტივ) კატეგორიას.

 

გეომორფოლოგიურად უბანი წარმოადგენს კოლხეთის დაბლობის ჩრდილოეთ მონაკვეთს, მდ. რიონის მარცხენა ნაპირის უშუალო ტერასული საფეხურის ნაწილს თითქმის ჰორიზონტალური რელიეფით.

 

დაძიებულ სიღრმეებამდე მიწისქვეშა წყლის გამოსავალი გადაიკვეთა ზედაპირიდან 2:20-2.50 მ-ში. მრავალგზის ჩატარებული ლაბორატორიული კვლევებით დამტკიცებულია ქუთაისის პირობებში გრუნტის წყლების არააგრესიულობა ბეტონის ნაკეთობათა მიმართ.

 

საპროექტო უბნის გეოლოგიური აგებულებიდან და შენობის ტექნიკური მახასიათებლიდან გამომდინარე, დასაპროექტებელი შენობის ფუძე გრუნტად რეკომენდირებულია მიღებულ იქნას სგე-III ხრეშოვანი ფენი.

 

დამუშავების სიძნელის მიხედვით უბანზე გავრცელებული გრუნტები ს.ნ. და წ. IV-2-82-ის 1-1 ცხრილის თანახმად მიეკუთვნებიან: ნაყარი (სგე I) და თიხა (სგე-II) და - III ჯგუფს. საშუალო მოცულობითი წონით 1900 კგ.მ3, ხოლო სგე - III ხრეში - II ჯგუფს საშ. მოცულობითი წონით 2100 კგ.მ3.

 

ცხრილში მოყვანილია გამოვლენილი ძირითადი ფენის (ხრეში) სავარაუდოდ, რომელზედაც მოხდება შენობის დაფუძნება. ფიზიკური და მექანიკური მაჩვენებლები, ლაბორატორიული მონაცემებისა და ს.ნ. და წ. ,,შენობების და ნაგებობების ფუძეები’’ ((პ.ნ. 02-01-08) დანართი 2 (ცხ.1-2-3) დანართი 3 (ცხ. 3)) თანახმად.

გრუნტის მახასიათებელი: 1. სიმკვრივე, საანგარიშო მაჩვენებლები სგე III (ფენი N3): - 2,25;

გრუნტის მახასიათებელი: 2. ხვედრითი შეჭიდულობა C, საანგარიშო მაჩვენებლები სგე III (ფენი N3): - 0.02;

გრუნტის მახასიათებელი: 3. შინაგანი ხახუნის კუთხე ф 0, საანგარიშო მაჩვენებლები სგე III (ფენი N3): - 38;

გრუნტის მახასიათებელი: 4. პირობითი საანგარიშო წინაღობა R0, საანგარიშო მაჩვენებლები სგე III (ფენი N3): - 4,00;

გრუნტის მახასიათებელი: 5. დეფორმაციის მოდული E კგ.ძ/სმ2 , საანგარიშო მაჩვენებლები სგე III (ფენი N3): - 400;

 

ს.ნ. და წ. სეისმომედეგი მშენებლობა (პ.ნ. 01.01.09) სეისმური საშიშროების რუკის მიხედვით უბანი მდებარეობს 8 ბალიანი სეისმურობის ზონაში. იმავე ნორმატიული დოკუმენტის ცხრილი I-ის თანახმად, სეისმური თვისებების მიხედვით, საამშენებლო ფართში გავრცელებული გრუნტები მიეკუთვნებიან: სგე I- ნაყარი და სგე II თიხა - III კატეგორიას, სგე III ხრეში - II კატეგორიას, სგე IV- I კატეგორიას.

 

ქვაბულის დამუშავებისას ფერდობის დასაშვები დახრა მიღებული იქნას ს.ნ. და წ. 3.02.01-87-პპ 3.11; 3.12;.3.15-ისა და წ. III -4-80 მე-9 თავის მიხედვით.

 

გრუნტის სეზონური ჩაყინვის ნორმატიული სიღრმე - 0,00მ.

 

თოვლის საფარის წონა 0,50 კპა;

 

ქარის წნევის ნორმატიული მნიშვნელობა (5წ. ერთხელ) – 0,48 კპა.

 

ასევე, წარმოდგენილი 2018 წლის 10 ოქტომბრის საინჟინრო გეოლოგიური დასკვნით ირკვევა, რომ 2018 წლის 10 ოქტომბერს ჩატარდა დამატებითი კვლევითი სამუშაოები, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 18 ივნისის N5003730018 ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნული ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ამავე დასკვნაში მითითებულია, რომ საპროექტო შენობა პასუხისმგებლობის კლასიფიკაციის თანახმად, განეკუთვნება III კლასს. დასკვნის სარეზოლუციო ნაწილის თანახმად: 1. გამოსაკვლევ უბანზე და მის ახლოს მიმდებარედ საშიში გეოდინამიკური პროცესების ჩასახვა - განვითარების კვალი არ შეიმჩნევა, უბანი მდგრადია და მშენებლობისათვის ხელსაყრელ საინჟინრო-გეოლოგიურ პირობებში იმყოფება. საინჟინრო-გეოლოგიური პირობების სირთულის მიხედვით, თანახმად ს.ნ. და წ. 1.02.07.87 სავალდებულო მე-10 დანართისა მიეკუთვნება I (მარტივ) კატეგორიას. 2. გეომორფოლოგიურად უბანი წარმოადგენს კოლხეთის დაბლობის ჩრდილოეთ მონაკვეთს, მდ. რიონის მარცხენა ნაპირის უშუალო ტერასული საფეხურის ნაწილს თითქმის ჰორიზონტალური რელიეფით. 3. დაძიებულ სიღრმეებამდე მიწისქვეშა წყლის გამოსავალი გადაიკვეთა ზედაპირიდან 2.20-2.50 მ-ში. ჩატარებული ლაბორატორიული კვლევებით დამტკიცებულია წყლების არააგრესიულობა ბეტონის ნაკეთობათა მიმართ...

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საინჟინრო გეოლოგიური დასკვნა (იხ, ტომი 1, ს.ფ. 347-358);

- 2018 წლის საინჟინრო გეოლოგიური დასკვნა (იხ, ტომი 2, ს.ფ. 130-149);

 

4.1.6. ქ. ქუთაისში, წ-------–ის ქ. N58-ში ვ----–-- მ---------–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს მშენებლობის შესახებ საპროექტო ობიექტისა და ტერიტორიის ისტორიულ-არქიტექტურული კვლევით ირკვევა, რომ საპროექტო ობიექტის ლოკალური ტერიტორიის ფარგლებში განთავსებულია არქიტექტურული ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლები - წ-------–ის ქ. 52,55, 57, 59. ეს სახლები საპროექტო ობიექტთან ვიზუალურ კონტექსტში არ იკითხებიან. საპროექტო ტერიტორია წარმოადგენს წ-------–ის ქუჩიდან რიონისპირისკენ სიღრმეში განლაგებულ კერძო საცხოვრებელი სახლის ეზოს მიწის ნაკვეთს, რომელსაც სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრება მდინარე რიონის ესთეტიკურად მოუწესრიგებელი სანაპირო ზოლი, ჩრდილოეთით - სამეზობლო ორსართულიანი სახლი ეზოს ვიწრო ნაკვეთით და ეზოში შესასვლელი გზა, სამხრეთით ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი, ხოლო აღმოსავლეთით წ-------–ის ქუჩის წითელ ხაზზე განთავსებული უახლოეს პერიოდში დასრულებული სასტუმროს ორსართულიანი შენობა, რომელშიც უშუალო სიახლოვეშია საპროექტო ობიექტთან, მაშასადამდე საპროექტო ტერიტორია - დახშული სივრცეა, აღქმის შეზღუდული ზონებით.

 

ზემოხსენებული სასტუმროს შენობა - ახალი ობიექტის ძველ განაშენიანებაში შეტანის მთლიანობაში წარმატებული მაგალითია. განაშენიანების ძირითად სიმაღლესთან მორგებულად გატოლებული ორსართულიანი ნაგებობა კლასიკური სისადავისა და სიმკაცრის მაგალითია, რაც მას საზოგადოებრივი დატვირთვისთვის შენობისათვის საჭირო იმპოზანტურობას აძლევს და გამართლებულია მისი ძირითადი დანიშნულებით.

 

მაშასადამე, საპროექტო ობიექტის განთავსება ნავარაუდევია ქალაქი ისტორიულ-სამუზეუმო ზონაში, წ-------–ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუჩაზე, რომელსაც ქალაქ გეგმარებით ბადეში აქვს აქტიური ურბანული და ისტორიული მნიშვნელობა. ქალაქის სხვა უბნებს შორის იგი გამოირჩევა სტრუქტურული და მორფოლოგიური ნიშნების სიმყარით, თავისი ისტორიულად ჩამოყალიბებული ინფორმაციული და ფსიქოლოგიური ველით.

 

საპროექტო ტერიტორიის შეზღუდული სივრცე ქმნის მყუდრო, კამერულ გარემოს, აუცილებელს სასტუმროს მომავალი მობინადრეების ცხოვრება-დასვენებისათვის. მას გააჩნია დამაკმაყოფილებელი პირობები საპროექტო ობიექტის ფუნქციური, ტექნოლოგიური და ესტეთიკური მოთხოვნილებების ნორმალური რეალიზაციისათვის.

 

აქედან გამომდინარე, ახალი არქიტექტურული ობიექტის განთავსება არსებულ გარემოში შესაძლებელია. სასურველი იქნებოდა შემდეგი მოთხოვნილებების გაზიარება: პირველი და აუცილებელი მოთხოვნა საპროექტო ობიექტისადმი, როგორც ჩამოყალიბებულ გარემოში განთავსებული ახალი არქიტექტურული ორგანიზაციისადმი, არის მისი მასშტაბური და გაბარიტული თანაფარდობა, როგორც უშუალოდ საპროექტო ტერიტორიის, ასევე ლოკალური უბნის განაშენიანების მიმართ. არსებული განაშენიანების ხასიათი კარნახობს ახალი შენობის სიმაღლეს არაუმეტეს 5 სართულისა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საპროექტო ობიექტისა და ტერიტორიის ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 43-53);

 

4.1.7. დადგენილია, რომ 2017 წლის 1 თებერვალს N234 ბრძანებით დამტკიცდა ქ. ქუთაისში, ა. წ-------–ის ქუჩა N58-ში (ნაკვეთი N1) მდებარე ვ----–-- მ---------–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთში სასტუმროს მშენებლობის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები.

 

დადგენილია, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 22 სექტემბრის Nბ.10.01172651 ბრძანებით შეტანილი იქნა ცვლილება ქ. ქუთაისში, ა. წ-------–ის ქუჩა N58-ში (ნაკვეთი N1) მდებარე, ვ----–-- მ---------–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთში სასტუმროს მშენებლობის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 1 თებერვლის N234 ბრძანებაში და ბრძანების პირველი და მეორე მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: 1. დამტკიცდა ქალაქ ქუთაისში, ა. წ-------–ის ქუჩა N58-ში (ნაკვეთ N1) მდებარე, ვ----–-- მ---------–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთში სასტუმროს მშენებლობის მიწის ნაკვეთს სამშენებლოდ გამოყენების ახალი პირობები. 2. განემარტა დამკვეთს, რომ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება წარმოადგენს საფუძველს კონკრეტულ სამშენებლო მიწის ნაკვეთზე სამშენებლო საქმიანობის განსახორციელებლად (მათ საფუძველზე დგება მშენებლობის განხორციელების დოკუმენტები) და იგი ძალაშია მისი გაცემის თარიღიდან 5 წლის განმავლობაში. 2. მშენებლობის ნებართვის გაცემის II სტადიაზე არქიტექტურული პროექტი დამუშავდეს ქალაქმშენებლობითი პრინციპების მოთხოვნების გათვალისწინებით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საჭიროების შემთხვევაში საპროექტო დოკუმენტაცია შეთანხმდეს შესაბამის უწყებებთან (სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო’’, საქართველოს ინფრასტრუქტურის მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო’’, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო’’ და სხვა).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 1 თებერვალს N234 ბრძანება (იხ. ტომი 2, ს.ფ. 66; 67-69);

- 2017 წლის 22 სექტემბრის Nბ.10.01172651 ბრძანება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 191-193);

 

4.1.8. საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათის ასლით ირკვევა, რომ ვ----–-- მ---------–ის მიერ განთავსებულია საინფორმაციო დაფა შემდეგი აღნიშვნით: დამკვეთი: ვ----–-- მ---------–ი; ობიექტის ფუნქციური დანიშნულება: სასტუმრო; ნებართვის გამცემი ორგანო: ქ. ქუთაისი მერია; განხილვის სავარუდო ვადა: 10/08/2017-10/09/2017; შენობის გაბარიტული ზომები: რთული კონფიგურაცია 5 სართულიანი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საინფორმაციო დაფა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 136);

 

4.1.9. 2017 წლის 29 სექტემბრის საექსპერტო დასკვნით ირკვევა, რომ ვ----–-- მ---------–ის მიმართვის საფუძველზე შპს ,,ARTX’’-ის მიერ დამუშავდა ქ. ქუთაისში, წ-------–ის ქ. N58-ში ნაკვეთი 1 სამსართულიანი შენობის არქიტექტურული პროექტის საპროექტო შეფასება, რისთვისაც მოხდა შპს მნ. ჯგუფის’’ მიერ დამუშავებული არქიტექტურული პროექტის შესწავლა და ,,ტექნიკური რეგლამენტის შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის N41 დადგენილებასთან შესაბამისობის დადგენა.

 

დასკვნის თანახმად, წარდგენილი ქ. ქუთაისში, წ-------–ის ქუჩა N58 სრულად შეესაბამება ,,ტექნიკური რეგლამენტის - შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების მოთხოვნებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საექსპერტო დასკვნა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 55-67);

 

4.1.10. დადგენილია, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, 2017 წლის 1 ნოემბერს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურს აცნობა, რომ სააგენტოს დამცავი ზონებისა და ურბანული მემკვიდრეობის სექციის სხდომაზე განხილული იქნა ქ. ქუთაისში, ა. წ-------–ის N58-ში (ნაკვეთი N1) მდებარე მიწის ნაკვეთში სასტუმროს განთავსების პროექტი (ვებ გვერდზე my.kutaisi.gov.ge, განცხადების რეგისტრაციის N2017304001). განხილვის შედეგად პროექტი დადებითად შეფასდა.

 

დადგენილია, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 22 დეკემბრის Nბ.01.01173566 ბრძანებით შეთანხმდა ქ. ქუთაისში, ა. წ-------–ის ქუჩა N58-ში (ნაკვეთი N1) მდებარე ვ----–-- მ---------–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთში სასტუმროს მშენებლობის სამშენებლო დოკუმენტის პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრა: 2017 წლის 22 დეკემბრიდან - 2018 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 10-01173048 წერილი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 239);

- N12/1755 წერილი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 238);

- 2017 წლის 22 დეკემბრის Nბ.01.01173566 ბრძანება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 70-72);

 

4.1.11. დადგენილია, რომ 2018 წლის 2 თებერვალს ი---–-- ლ-----ამ საჩივრით მიმართა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს და 2017 წლის 22 დეკემბრის Nბ.01.01173566 ბრძანების გაცემის კანონიერების შესწავლა მოითხოვა; აღნიშნულის პასუხად მხარეს ეცნობა, რომ სამსახურის სპეციალისტის მიერ შემოწმებული იქნა ქ. ქუთასში, ა. წ-------–ის ქ. N58-ში ნაკ.N1-ში ვ----–-- მ---------–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთში სასტუმროს მშენებლობა. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მშენებლობა მიმდინარეობდა შეთანხმებული პროექტის მიხედვით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-N3077/01 წერილი (იხ. ტომი 2, ს.ფ. 11);

- 01/3576 წერილი (იხ. ტომი 2, ს.ფ. 12);

 

4.1.12. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 30 მაისის N5003069318 დასკვნით ირკვევა, რომ ქ. ქუთაისში, წ-------–ის ქ. N62-ში მდებარე ი---–-- ლ-----ას საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. შენობის ხანდაზმულობიდან გამომდინარე მას განცდილი აქვს ასაკობრივი ფიზიკური ცვეთა და საჭიროა მას ჩაუტარდეს სარეაბილიტაციო სამუშაოები დეტალური გამოკვლევის შედეგების საფუძველზე დამუშავებული კონსტრუქციული პროექტის მიხედვით.

 

საკვლევ შენობაზე მშენებარე ობიექტის დასრულების შემდეგ ექსპლოატაციის პირობებში შესაძლო ზეგავლენის სრულფასოვანი განსაზღვრა შესაძლებელია მხოლოდ მშენებარე ობიექტის პროექტის კონსტრუქციული ნაწილისა და ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის შედეგებით, რასაც არ შეიცავს ექსპერტიზაზე წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 30 მაისის N5003069318 ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 242-252);

 

4.1.13. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 18 ივნისის N004139918 დასკვნით ირკვევა, რომ შპს ,,მნ ჯგუფის’’ დასკვნით ინდ.მეწარმე ,,თეიმურაზ ციხელიშვილის’’ მიერ ქ. ქუთაისში, წ-------–ის ქ. N58-ში (ნაკვეთი N1) მესაკუთრე ვ----–-- მ---------–ის მიწის ნაკვეთში მრავალბინიანი 6 სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ტექნიკური დოკუმენტაცია შეიცავს ხარვეზებს და სრულად ვერ პასუხობს მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებს. საჭიროა გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინება და საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის დასკვნაში შესაბამისი კორექტირების შეტანა.

 

ამავე დასკვნის თანახმად, გამოკვლეულ უბანზე საშიში გეოლოგიური მოვლენების კვალი დაფიქსირებული არ არის, უბანი შეფასებულია როგორც მდგრადი და მშენებლობისათვის ხელსაყრელ საინჟინრო-გეოლოგიურ პირობებში მყოფი.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 10 ოქტომბრის ინჟინერ-გეოლოგის თეიმურაზ ციხელაშვილის მიერ ჩატარდა დამატებითი კვლევითი სამუშაოები, რა დროსაც გათვალისწინებული და აღმოფხვრილი იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 18 ივნისის N5003730018 ექსპერტიზის დასკვნაში დაფიქსირებული ხარვეზები. საქმეზე წარმოდგენილია პასუხები შენიშვნებზე და საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის მასალები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 18 ივნისის N004139918 ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 271-278);

- პასუხები შენიშვნებზე, 2018 წლის საინჟინრო-გეოლოგიური გამოკვლევა (იხ. ტომი 2, ს.ფ. 118-149);

 

4.1.14. დადგენილია, რომ 2018 წლის 31 ივლისის Nბ 10.02182122 ბრძანებით ვ----–-- მ---------–ი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 43-ე მუხლის ,,ბ’’ პუნქტის საფუძველზე დაჯარიმდა 1000 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- Nბ 10.02182122 ბრძანება (იხ. ტომი 2, სფ. 268-269)

- 01/18800 წერილი (იხ. ს.ფ. 279-280);

 

4.1.15. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 11 სექტემბრის N1002388518 დასკვნის თანახმად, ქ. ქუთაისში, წ-------–ის ქ. N58-ში მდებარე მშენებარე შენობა-ნაგებობის აზომვების შედეგად მიღებული მონაცემებისა და რეგისტრირებული მონაცემების ურთიერთშედარებისას დგინდება, რომ მშენებარე შენობა-ნაგებობის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში მდებარე ფანჯარა არღვევს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N59 დადგენილების მუხლი 26, პუნქტი 15-ის მოთხოვნებს. ვინაიდან მანძილი საანგარიშო ზედაპირიდან მიწის ნაკვეთის საზღვრამდე შეადგენს 2,78 მეტრს, ხოლო ობიექტის აზომვისა და გამოსახვის სიზუსტის (0,15მ) გათვალისწინებით მანძილი შესაძლებელია ჩაითვალოს 2,78+0,15=2,93 მეტრით, რაც ნაკლებია 3,0 მეტრზე, შესაბამისად შენობა-ნაგებობის აღნიშნული მონაკვეთ განთავსებულია მიჯნის ზონაში, სადაც დაუშვებელია ფანჯრის მოწყობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 11 სექტემბრის N1002388518 ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 253-263);

 

4.1.16. დადგენილია, რომ 2019 წლის 7 მაისის N201912711 წერილით ვ----–-- მ---------–ს განცხადების პასუხად, რომლითაც ითხოვდა ქ. ქუთაისში, ა. წ-------–ის ქუჩა N58-ში (ნაკვეთი N1) მდებარე, კუთვნილ მიწის ნაკვეთში სასტუმროს მშენებლობის კორექტირებული სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შეთანხმებასა და მშენებლობის ნებართვის გაცემას, ეცნობა, რომ წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაცია ატვირთული იყო ხარვეზით, კერძოდ: წარდგენილ გენგეგმაზე დასატანია ღერძებს შორის მომხდარი ცვლილება და განთავსებული შენობის მანძილები საკადასტრო საზღვრებამდე. განმარტებითი ბარათის ტექსტური ნაწილი გასამართია, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საზაფხულო ფართში შესატანია ცვლილება, კერძოდ ბრტყელ სახურავს არ შეიძლება ეწოდოს ტერასა და არ უნდა შევიდეს საზაფხულო ფართში; გეგმებზე და ფასადებზე დასატანია შესაბამისი ცვლილებები; წარმოსადგენია ცვლილების შედეგად გამოწვეული ჭრილები; ასევე წარსადგენია შეთანხმებული და კორექტირებული პროექტის ფოტომონტაჟი და აქსონომეტრიული ხედები. ხარვეზის გასწორების ვადა განესაზღვრა 12 დღე.

 

2019 წლის 27 მაისს ვ----–-- მ---------–ს გაეგზავნა შუალედური წერილი N201914711, ხოლო 2019 წლის 12 ივნისს N201916310 შუალედური წერილი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- N201912711 წერილი (იხ. ტომი 2, ს.ფ. 227-228);

 

4.1.17. დადგენილია, რომ 2019 წლის 17 ივლისის Nბ11.02191985 ბრძანებით შეთანხმდა ქ. ქუთაისში, ა. წ-------–ის ქუჩა N58-ში (ნაკვეთი N1) (ს/კ 0-----------) მდებარე ვ----–-- მ---------–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთში, სასტუმროს მშენებლობის კორექტირებული სამშენებლო დოკუმენტის პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა სამშენებლო დოკუმენტის პროექტი. მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრა ბრძანების ძალაში შესვლიდან 3 თვით. წარდგენილ სამშენებლო დოკუმენტის პროექტის მიხედვით, შენობის (სასტუმრო) სამხრეთ ფასადზე, ,,ა’’ - ,,გ’’ ღერძებში განთავსებული ღიობების (ფანჯრები) შევსება განხორციელდა იმავე სამშენებლო მასალით რა მასალითაცაა განხორციელებული სამხრეთ ფასადის მშენებლობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- N201912711 წერილი (იხ. ტომი 2, ს.ფ. 227-228);

- N11-021919214 წერილი (იხ. ტომი 2, ს.ფ. 266);

- Nბ11.02191985 ბრძანება (იხ. ტომი 2, ს.ფ. 276-277);

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

4.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. მითითებული კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მართალია როდესაც დავის საგანი შეეხება ადმინისტრაციულ აქტს მტკიცების მოვალეობა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ეკისრება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელმაც გამოსცა ეს აქტი ანუ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ამტკიცოს თავის მიერ გამოცემული აქტის კანონიერება და წარუდგინოს სასამართლოს ამის დამადასტურებელი ყველა მტკიცებულება. კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას მოთხოვნის დასაბუთებისაგან და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან. მოთხოვნა მხარემ უნდა დაასაბუთოს, ხოლო შემდგომ ამ მოთხოვნათა უარყოფისა და საპირისპიროს დამტკიცების ვალდებულება ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება.

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ ქ. ქუთაისში, წ-------–ის ქ. N58-ში ვ----–-- მ---------–ის მიერ უკანონოდ წარმოებული მშენებლობის შედეგად დაზიანდა მისი საცხოვრებელი სახლი და აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მტკიცებულებად წარმოდგენილი აქვს ექსპერტიზის დასკვნა. მოსარჩელისვე განმარტებით დარღვეულია მშენებლობის ნებართვის გაცემის წესები კერძოდ, მშენებლობის დაწყებამდე არ იყო ჩატარებული კვლევა და არ იყო წარდგენილი საინჟინრო გეოლოგიური დასკვნა, ასევე შენობის კონსტრუქციული გეგმა არ შეესაბამება კანონით დადგენილ ნორმებს და მოსაზღვრე ნაკვეთებს შორის დარღვეულია მიჯნის 3 მეტრიანი დაცილება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში.

 

განსახილველ შემთხვევაში 2018 წლის 30 მაისის N003402018 ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით ირკვევა, რომ ქ. ქუთაისში, წ-------–ის ქ. N62-ში მდებარე ი---–-- ლ-----ას საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. შენობის ხანდაზმულობიდან გამომდინარე მას განცდილი აქვს ასაკობრივი ფიზიკური ცვეთა და საჭიროა მას ჩაუტარდეს სარეაბილიტაციო სამუშაოები დეტალური გამოკვლევის შედეგების საფუძველზე დამუშავებული კონსტრუქციული პროექტის მიხედვით.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს არ იზიარებს მოსარჩელის არგუმენტაციას, რომ ვ----–-- მ---------–ის მიერ წარმოებული მშენებლობით დაზიანდა მისი საცხოვრებელი სახლი, აღნიშნულის დადასტურება მოსარჩელემ ვერ შეძლო უტყუარი მტკიცებულებებით.

 

4.2.2. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ისეთი სახის მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას გაეზიარებინა მოსარჩელის პოზიცია სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე და, რომელიც დაადასტურებდა, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 22 სექტემბრის Nბ.10.01172651 ბრძანების და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 22 დეკემბრის Nბ.01.01173566 ბრძანების გაცემის დროს დარღვეული იქნა საკანონმდებლო მოთხოვნები.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

- ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება;

- ,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 08 ივლისის №1-1/1254 ბრძანება;

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

- ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონი;

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

(სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქციით) ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია: ა) გამგებლის/მერის ბრძანება; ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულება; გ) საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება; დ) გამგებლის/მერის პირველი მოადგილის ბრძანება, გამგებლის/მერის მოადგილის ბრძანება; ე) გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ბრძანება; ვ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებლის ბრძანება.

 

განსახილველ საქმეში დავის საგანს წარმოადგენს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 22 სექტემბრის Nბ.10.01172651 ბრძანება და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 22 დეკემბრის Nბ.01.01173566 ბრძანება.

 

მითითებული ბრძანებები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს წარმოადგენს, ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

მოსარჩელე სადავო აქტების კანონიერებას ეჭვქვეშ აყენებს შემდეგი გარემოებებზე მითითებით: ქ. ქუთაისში, წ-------–ის ქ. N58-ში ვ----–-- მ---------–ის მიერ მშენებლობის დაწყებამდე არ იყო ჩატარებული კვლევა და არ იყო წარდგენილი საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა; გამოიჭრა რიონის ნაპირი, რაც მოსარჩელის ეზოში მდინარის შეჭრის საშიშროებას წარმოადგენს; შენობის კონსტრუქციული გეგმა არ შეესაბამება კანონით დადგენილ ნორმებს; მოსაზღვრე ნაკვეთებს შორის დარღვეულია ღიობების განთავსებისათვის დადგენილი მიჯნის 3 მეტრიანი დაცილება; მშენებლობის მიმდინარეობისას არ იყო განთავსებული ბანერი; უკანონოდ წარმოებული მშენებლობის შედეგად დაზიანდა მისი საცხოვრებელი სახლი.

 

7.2. ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 30-ე მუხლის თანახმად, ადგილობრივ დონეზე მშენებლობის ნებართვის რეგულირებას ახორციელებენ შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” შესაბამისად. ამდენად, რაიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე არქიტექტურულ-ქალაქმშენებლობითი პროცესების მართვას, დადგენილი წესით სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენას, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებას და მშენებლობის ნებართვის გაცემას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.

 

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა;

 

ამავე მუხლის 54-ე პუნქტის შესაბამისად, სამშენებლო დოკუმენტი არის ამ დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად შემუშავებული და დამტკიცებული დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს ტექსტურ და გრაფიკულ ინფორმაციას და წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის გაცემისა და მშენებლობის განხორციელების საფუძველს;

 

ამავე დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალი მშენებლობა არის მშენებლობის სახეობა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. ქუთაისში, ა. წ-------–ის ქუჩა N58-ში (ნაკვეთი N1) (ს/კ 0-----------) ვ----–-- მ---------–მა მის კუთვნილ მიწის ნაკვეთში აწარმოა სასტუმროს მშენებლობა, რომლის თაობაზეც ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი იქნა სამშენებლო დოკუმენტის პროექტი - სამშენებლო მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობები, გრაფიკული მასალები, საინჟინრო გეოლოგიური დასკვნა და სხვა დოკუმენტაცია.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების VIII თავით რეგულირებულია მშენებლობის ნებართვისა და სტადიების, აგრეთვე საჯაროობის ნორმები. მითითებული ნორმატიული აქტის 37-ე მუხლი განსაზღვრავს ნებართვის გაცემის ზოგად წესს, კერძოდ მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად, გარდა 38-ე და 39-ე მუხლებით დადგენილი შემთხვევებისა, რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს მოითხოვოს შემდგომი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (შემდგომში – მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (შემდგომში – არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება), III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. ნებართვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების სამივე სტადიას აწარმოებს მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც გამოსცემს შემდეგი სახის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს: ა) I სტადია – მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს; ბ) II სტადია – არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს; გ) III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (37.2 მუხლი).

 

ამდენად, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება ხორციელდება მშენებლობის ნებართვის გაცემის I სტადიაზე, რა დროსაც დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს განაცხადი, რომელიც მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესახებ ამ დადგენილების შესაბამისად მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველი სტადიისათვის აუცილებელ (ნებართვის მაძიებლის მიერ მოთხოვნილ) პირობებს (43.1 მუხლი).

 

დადგენილების 44.1 მუხლის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვის გაცემის I სტადიაზე დამკვეთი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი მშენებლობის ნებართვის გამცემ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგენს კანონმდებლობის, მათ შორის ამ დადგენილების საფუძველზე შედგენილ განაცხადს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დასამტკიცებლად.

 

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების მე-3 მუხლის 36-ე პუნქტის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები არის პირობები, რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია სამშენებლო საქმიანობის განსახორციელებლად კონკრეტულ სამშენებლო მიწის ნაკვეთზე. ამ პირობათა საფუძველზე დგება მშენებლობის განხორციელების დოკუმენტები.

 

თავის მხრივ, მითითებული დადგენილების IX თავი განმარტავს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების წესებს. დადგენილების 42.1-ე მუხლის თანახმად, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში უნდა აისახოს კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით განსაზღვრული ის სავალდებულო მოთხოვნები, რომლებიც აუცილებელია მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების პროექტების შემუშავებისათვის. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ისეთი მოთხოვნების ჩართვა, რაც კანონმდებლობით არ არის დადგენილი.

 

ამავე დადგენილების 43.9 მუხლის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვის გამცემი შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო ამოწმებს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესახებ განაცხადის კანონმდებლობასთან შესაბამისობას და კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების საფუძველზე მშენებლობის ნებართვის გაცემის I სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით ამტკიცებს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებს.

 

მოსარჩელის ერთ-ერთი არგუმენტაცია მისი სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნის თაობაზე ეხება მშენებლობის დროს საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის არარსებობას, შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს არსებობდა თუ არა მესამე პირის მიერ მშენებლობის განხორციელებისას, ნორმატიული აქტით დადგენილი პირობა - მე-3 კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის სავალდებულოდ წარდგენის თაობაზე.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 22 სექტემბრის Nბ.10.01172651 ბრძანებით შეტანილი იქნა ცვლილება ქ. ქუთაისში, ა. წ-------–ის ქუჩა N58-ში (ნაკვეთი N1) მდებარე, ვ----–-- მ---------–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთში სასტუმროს მშენებლობის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 1 თებერვლის N234 ბრძანებაში და დამტკიცდა ქალაქ ქუთაისში, ა. წ-------–ის ქუჩა N58-ში (ნაკვეთ N1) მდებარე, ვ----–-- მ---------–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთში სასტუმროს მშენებლობის მიწის ნაკვეთს სამშენებლოდ გამოყენების ახალი პირობები.

 

დადგენილია, რომ ვ----–-- მ---------–ის მიერ ნაწარმოები მშენებლობა, ცვლილებების განხორციელების შემდეგ, განეკუთვნება III კლასის მშენებლობას, რაც ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 22 დეკემბრის Nბ.01.01173566 ბრძანებაშია ასახული.

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაში საექსპერტო შეფასების მიზანია მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების და შენობა-ნაგებობების მშენებლობის განხორციელების ეტაპების შეფასება საქართველოს ტერიტორიაზე უსაფრთხო და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი გარემოს უზრუნველყოფისათვის.

 

ამავე დადგენილების 35-ე მუხლის თანახმად, მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის კვლევა უნდა განხორციელდეს შენობა-ნაგებობების მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების მომზადებამდე, ზოგიერთ შემთხვევაში – შენობა-ნაგებობების დაპროექტების, მშენებლობის და გამოყენების დროს (შენობა-ნაგებობის მშენებლობის პროცესში ან გამოყენების დროს კვლევისათვის აუცილებელი გარემოებების წარმოქმნის შემთხვევაში).

 

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კვლევების მიზანია მიწის ნაკვეთის ბუნებრივი და ფიზიკური პირობებისა და მახასიათებლების გარემოზე ზემოქმედების ფაქტორების განსაზღვრა და მათი ცვლილებების პროგნოზირება.

 

დადგენილების 33-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია: ა) ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა; ბ) ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი დოკუმენტაცია, რომელიც ცალსახად მიუთითებს მშენებლობის შესაძლებლობაზე; გ) კანონმდებლობა, მათ შორის, ეს დადგენილება, სამშენებლო რეგლამენტი და ტერიტორიების სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების მოთხოვნები.

 

ამავე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მშენებლობის დაწყებამდე დამკვეთმა უნდა მოიპოვოს სამშენებლო მიწის ნაკვეთის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა.

 

ამავე დადგენილების 26-ე მუხლი ადგენს სავალდებულო საექსპერტო შეფასებას დაქვემდებარებული სამშენებლო დოკუმენტის ნაწილების და მათი საექსპერტო შეფასების ჩატარების პროცედურას. მითითებული მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დამკვეთისათვის სავალდებულო საექსპერტო შეფასებას ექვემდებარება ამ დადგენილებით განსაზღვრული: III კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების პროექტების არქიტექტურული ნაწილების შესაბამისობა „ტექნიკური რეგლამენტის – შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებით დამტკიცებულ რეგლამენტთან.

 

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ.ა“ და ,,გ.ა“ ქვეპუნქტების თანახმად, დამკვეთისათვის სავალდებულო საექსპერტო შეფასებას ექვემდებარება ამ დადგენილებით განსაზღვრული IV და V კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების პროექტების ერთ-ერთი ნაწილი: საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის საექსპერტო შეფასება.

 

ამდენად, მითითებული ნორმატიული აქტი მხოლოდ IV და V კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის ადგენს საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის საექსპერტო შეფასების სავალდებულოობას და იმ პირობებში, როდესაც ვ----–-- მ---------–ის მიერ ნაწარმოები მშენებლობა განეკუთვნებოდა III კლასის შენობას, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის საექსპერტო შეფასების არსებობას კანონმდებელი არ ითვალისწინებს.

 

ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 22 სექტემბრის Nბ.10.01172651 ბრძანებით IV კლასი შენობა-ნაგებობის მშენებლობა ითვალისწინებდა საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის შედგენას, დაინტერესებული პირის ვ----–-- მეტრევლის მიერ ადმინისტრაციული წარმოების დროს წარდგენილი იქნა სამშენებლო მიწის ნაკვეთის საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა, რომლის თანახმად, გამოკვლეულ უბანზე საშიში გეოლოგიური მოვლენების კვალი დაფიქსირებული არ არის, უბანი შეფასებულია როგორც მდგრადი და მშენებლობისათვის ხელსაყრელ საინჟინრო-გეოლოგიურ პირობებში მყოფი.

 

საქმეში წარმოდგენილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 18 ივნისის N5003730018 დასკვნა, რომლის თანახმად, შპს ,,მნ ჯგუფის“ დაკვეთით ი.მ თეიმურაზ ციხელაშვილის მიერ ქ. ქუთაისში, წ-------–ის ქ.N58-ში ვ----–-- მ---------–ის მიწის ნაკვეთში მრავალბინიანი 6 სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ტექნიკურ დოკუმენტაცია შეიცავს ხარვეზებს და სრულად ვერ პასუხობს მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებს. საჭიროა გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინება და საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის დასკვნაში შესაბამისი კორექტირების შეტანა (ტ.1; ს.ფ.273).

 

სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ აღნიშნული N5003730018 დასკვნა შედგენილია იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ვ----–-- მ---------–ის მიერ თავდაპირველი დოკუმენტაციის თანახმად განზრახული მშენებლობა წარმოადგენდა IV კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობას, რომელიც შედგებოდა 6 სართულისაგან, ხოლო შემდგომ, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 22 დეკემბრის Nბ.01.01173566 ბრძანებით განისაზღვრა III კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობის მშენებლობა და შემცირებული სართულებით.

 

ასევე აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 10 ოქტომბრის საინჟინრო გეოლოგიური დასკვნის თანახმად, ინჟინერ-გეოლოგის თეიმურაზ ციხელაშვილის მიერ ჩატარდა დამატებითი კვლევითი სამუშაოები, რა დროსაც გათვალისწინებული და აღმოფხვრილი იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 18 ივნისის N5003730018 ექსპერტიზის დასკვნაში დაფიქსირებული შენიშვნები და საქმეზე წარმოდგენილია პასუხები შენიშვნებზე და საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის მასალები.

 

აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით სასამართლო განმარტავს, რომ ვ----–-- მ---------–ის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსადმი წარდგენილი იქნა საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა იმის მიუხედავად, რომ მიმდინარე (III კლასის შენობა-ნაგებობა) მშენებლობა არ ითვალისწინებდა დასკვნის შედგენის ვალდებულებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის არგუმენტაციას მშენებლობისათვის სავალდებულო დოკუმენტის - საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის წარუდგენლობის გამო მშენებლობაზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლების არსებობის თაობაზე.

 

7.3. რაც შეეხება სადავო - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძვლად იმ გარემოებებზე მითითებას, რომ ვ----–-- მ---------–ის მიერ მშენებლობის წარმოებისას დარღვეული იქნა 3 მეტრიანი სამეზობლო მიჯნის ზონა, სასამართლო მიუთითებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 11 სექტემბრის N5005742918 დასკვნის შეფასებაზე, სადაც განმარტებულია, რომ ქ. ქუთაისში, წ-------–ის ქ. N58-ში მდებარე მშენებარე შენობა-ნაგებობის აზომვების შედეგად მიღებული მონაცემებისა და რეგისტრირებული მონაცემების ურთიერთშედარებისას დგინდება, რომ მშენებარე შენობა-ნაგებობის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში მდებარე ფანჯარა არღვევს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N59 დადგენილების მუხლი 26, პუნქტი 15-ის მოთხოვნებს. ვინაიდან მანძილი საანგარიშო ზედაპირიდან მიწის ნაკვეთის საზღვრამდე შეადგენს 2,78 მეტრს, ხოლო ობიექტის აზომვისა და გამოსახვის სიზუსტის (0,15მ) გათვალისწინებით მანძილი შესაძლებელია ჩაითვალოს 2,78+0,15=2,93 მეტრით, რაც ნაკლებია 3,0 მეტრზე, შესაბამისად შენობა-ნაგებობის აღნიშნული მონაკვეთი განთავსებულია მიჯნის ზონაში, სადაც დაუშვებელია ფანჯრის მოწყობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 08 ივლისის №1-1/1254 ბრძანებაში კონკრეტულად არის მითითებული, თუ რა მოთხოვნები უნდა იქნეს დაცული მიწის ნაკვეთ(ებ)ზე შენობათა განთავსებისას, რადგან აღნიშნული ბრძანება შედგენილია „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოადგენს რა ქალაქთმშენებლობითი რეგულირების სისტემის ნაწილს, არეგულირებს ტერიტორიებისათვის ქალაქთმშენებლობის სპეციფიკურ სამართლებრივ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ამ სამართალურთიერთობის მონაწილეთა და მესამე პირთა უფლება-მოვალეობებს.

 

მითითებული ნორმატიული აქტის 26-ე მუხლი ადგენს სამშენებლო მიწის ნაკვეთზე შენობათა განთავსების წესებს. კერძოდ, პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ თავის მიზნებისათვის სამშენებლო მიწის ნაკვეთის საზღვარი (საკადასტრო საზღვარი) არის 2 სახის: ა) სამშენებლო მიწის ნაკვეთის საზოგადოებრივი საზღვარი – როდესაც სამშენებლო მიწის ნაკვეთი ესაზღვრება ქუჩას ან/და სხვა საზოგადოებრივ სივრცეს (გარდა ჩიხისა); ბ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის სამეზობლო საზღვარი – როდესაც სამშენებლო მიწის ნაკვეთი ესაზღვრება სამშენებლო მიწის ნაკვეთს, ან ისეთ არასამშენებლო მიწის ნაკვეთს, რომელიც არ წარმოადგენს საზოგადოებრივ სივრცეს.

 

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიჯნის ზონა წარმოადგენს სამშენებლო მიწის ნაკვეთის იმ ნაწილს, რომელიც მიწის ნაკვეთის სამეზობლო საზღვრებიდან დაშორებულია 3,0 მეტრ მანძილზე ნაკლებით. ამავე მუხლის მე-151 პუნქტის თანახმად, ნაკვეთების საზღვრიდან 3,0 მეტრზე ნაკლებ მანძილზე, მეზობლის მხარეს შეიძლება მოწყობილ იქნეს ღიობები, თუ ამაზე მიღებულ იქნება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა.

 

საქმეში წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციისა და მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტების თანახმად, მშენებლობის დამტკიცებული პროექტი არ ითვალისწინებდა მიჯნის ზონაში (ღიობების) ფანჯრების მოწყობას, არამედ სამეზობლო მიჯნის ზონაში ღიობები თავად მშენებლის მიერ იქნა გამოჭრილი. აღსანიშნავია, რომ საქმის განხილვის ეტაპზე მესამე პირის ვ----–-- მ---------–ის მიერ გათვალისწინებული იქნა ზემოაღნიშნული გარემოება და თვითმმართველ ორგანოში წარდგენილი იქნა კორექტირებული პროექტი, კერძოდ საქმეში წარმოდგენილია 2019 წლის 17 ივლისის Nბ11.02191985 ბრძანება, რომლითაც შეთანხმდა ქ. ქუთაისში, ა. წ-------–ის ქუჩა N58-ში (ნაკვეთი N1) (ს/კ 0-----------) მდებარე ვ----–-- მ---------–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთში, სასტუმროს მშენებლობის კორექტირებული სამშენებლო დოკუმენტის პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა სამშენებლო დოკუმენტის პროექტი. მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრა ბრძანების ძალაში შესვლიდან 3 თვით. წარდგენილ სამშენებლო დოკუმენტის პროექტის მიხედვით, შენობის (სასტუმრო) სამხრეთ ფასადზე, ,,ა’’ - ,,გ’’ ღერძებში განთავსებული ღიობების (ფანჯრები) შევსება განხორციელდა იმავე სამშენებლო მასალით რა მასალითაცაა განხორციელებული სამხრეთ ფასადის მშენებლობა.

 

ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ვ----–-- მ---------–ის მიერ გაუქმებული იქნა სამეზობლო მიჯნის ზონაში არსებული ღიობი, შესაბამისად, 3 მეტრიანი მიჯნის ზონის დარღვევას ადგილი არ აქვს (რაც 2,93 მეტრის ანგარიშით შეიძლება მიჩნეული იქნეს, რომ მიჯნის ზონის დარღვევა შეადგენდა 7 სანტიმეტრს), რაც ასევე ვერ გახდება გასაჩივრებული აქტების ბათილობის საფუძველი.

 

7.4. ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 46-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის მეორე სტადიას ამ დადგენილების შესაბამისად წარმოადგენს არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება. არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებისათვის ნებართვის მაძიებელმა უნდა წარადგინოს არქიტექტურული პროექტი ან/და საჭიროების შემთხვევაში კონსტრუქციული სქემა ან/და ტექნოლოგიური სქემა. დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში, ასევე მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მოთხოვნით, ნებართვის მაძიებელი მშენებლობის ნებართვის გაცემის მეორე სტადიაზე შესათანხმებლად წარადგენს კონსტრუქციულ სქემას ან/და ტექნოლოგიურ სქემას.

 

ამავე დადგენილების 33-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ე.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამსიად, მშენებლობის დაწყებამდე დამკვეთმა უნდა მოიპოვოს შემდეგი დოკუმენტები: (საჭიროების შემთხვევაში შენობა-ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთ(ებ)ის კვლევა ამ დადგენილების 35-ე მუხლის შესაბამისად) III და IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას – კონსტრუქციული პროექტი, რომელიც შედგება შენობა-ნაგებობის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის დეტალური პროექტისაგან, მათ შორის, ფუძე-საძირკვლისაგან.

 

მოსარჩელემ სარჩელის აღძვრის დროს სადავო გახადა შენობა-ნაგებობის კონსტრუქციულ პროექტის არარსებობა, რაც საქმის განხილვის დროს ვერ იქნა დადასტურებული იმ მიზეზის გამო, რომ მესამე პირის მიერ წარმოდგენილი იქნა მის მიერ ნაწარმოები მშენებლობისათვის შედგენილი კონსტრუქციული გეგმა/პროექტი. ამასთან, სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ კონსტრუქციული პროექტი წარმოადგენს სამუშაოთა მწარმოებელის სახელმძღვანელო დოკუმენტს, რომლითაც იგი მშენებლობის დროს სარგებლობს და მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული დოკუმენტის უკანონობაზე, ან ამ დოკუმენტში გადმოცემული რაიმე მნიშვნელობის გამო მოსარჩელის მიმართ პირდაპირი და ინდივიდუალური ზიანის ან/და მისი კანონიერი უფლების შეზღუდვის თაობაზე დასაბუთებული პრეტენზია და შესაბამისი მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

7.5. 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დამკვეთი ვალდებულია: ა) კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად უზრუნველყოს მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების შედგენა; ბ) უზრუნველყოს შესაბამის ტერიტორიაზე/შენობა-ნაგებობაზე თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის განთავსება ამ დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად; გ) მოიპოვოს მშენებლობის ნებართვა კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით; დ) უზრუნველყოს სანებართვო პირობების შესრულება; ე) ორგანიზება გაუწიოს დადგენილი წესით დასრულებული შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღებისათვის შესაბამისი პროცედურების გავლას; ვ) სამშენებლო სამუშაოების შეჩერებისას მოახდინოს მშენებარე ობიექტის კონსერვაცია ამ დადგენილების 90-ე მუხლის შესაბამისად. ზ) სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე სამშენებლო მოედანზე იქონიოს სამშენებლო დოკუმენტის სათანადოდ დამოწმებული ეგზემპლარი და ამ დადგენილების 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით; თ) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს ან/და თანამდებობის პირის მოთხოვნისთანავე უზრუნველყოს ამ დადგენილების 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გაცნობა.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, ვ----–-- მ---------–მა მშენებლობის განხორციელების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში წარადგინა მშენებლობის შესაბამისი დოკუმენტაცია.

 

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ვ----–-- მ---------–მა, შესაბამის ტერიტორიაზე თვალსაჩინო ადგილას არ განათავსა საინფორმაციო დაფა, თუმცა საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათის ასლით ირკვევა, რომ ვ----–-- მ---------–ის მიერ განთავსებული იქნა საინფორმაციო დაფა შემდეგი აღნიშვნით: დამკვეთი: ვ----–-- მ---------–ი; ობიექტის ფუნქციური დანიშნულება: სასტუმრო; ნებართვის გამცემი ორგანო: ქ. ქუთაისი მერია; განხილვის სავარუდო ვადა: 10/08/2017-10/09/2017; შენობის გაბარიტული ზომები: რთული კონფიგურაცია 5 სართულიანი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 136); ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მითითებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

მოსარჩელე მოითხოვს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 22 სექტემბრის Nბ.10.01172651 ბრძანების და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 22 დეკემბრის Nბ.01.01173566 ბრძანების ბათილად ცნობას და ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ წარმოებული მშენებლობით დაზიანდა მისი საცხოვრებელი სახლი და აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად წარმოდგენილია მის მიერ ნაწარმოები ვიდეოგადაღება და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 30 მაისის N5003069318 დასკვნა.

 

მითითებული დასკვნის თანახმად, ქ. ქუთაისში, წ-------–ის ქ. N62-ში მდებარე ი---–-- ლ-----ას საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. შენობის ხანდაზმულობიდან გამომდინარე მას განცდილი აქვს ასაკობრივი ფიზიკური ცვეთა და საჭიროა მას ჩაუტარდეს სარეაბილიტაციო სამუშაოები დეტალური გამოკვლევის შედეგების საფუძველზე დამუშავებული კონსტრუქციული პროექტის მიხედვით. საკვლევ შენობაზე მშენებარე ობიექტის დასრულების შემდეგ ექსპლოატაციის პირობებში შესაძლო ზეგავლენის სრულფასოვანი განსაზღვრა შესაძლებელია მხოლოდ მშენებარე ობიექტის პროექტის კონსტრუქციული ნაწილისა და ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის შედეგებით, რასაც არ შეიცავს ექსპერტიზაზე წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია.

 

სასამართლო მიუთითებს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 35-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანხამად, ახალი მშენებლობისა და არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციისას უნდა მოხდეს იმ არსებულ შენობა-ნაგებობაზე ზემოქმედების შეფასება, რომლის მომიჯნავედაც დაგეგმილია მშენებლობა. იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილმა სამშენებლო სამუშაოებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს მათ მდგრადობაზე, მაშინ უნდა მოხდეს ამ შენობა-ნაგებობის მდგრადობის გამოკვლევა.

 

ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ჩამოყალიბებული განაშენიანებით შეზღუდულ პირობებში მშენებლობის განხორციელებისას დამკვეთმა, დამპროექტებელმა და მშენებელმა უნდა უზრუნველყონ ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება, რათა გამოირიცხოს მათი მიზეზით მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე შენობა-ნაგებობების კონსტრუქციების დეფორმაცია და დაზიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, დამკვეთი ვალდებულია ასეთი ფაქტის დადასტურებისას: ა) საკუთარი ხარჯებით გამოასწოროს მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე შენობა-ნაგებობების კონსტრუქციების დეფორმაცია და დაზიანება; ბ) იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე შენობა-ნაგებობების კონსტრუქციების დეფორმაციისა და დაზიანების გამოსწორება, მაშინ მოახდინოს შესაბამისი კომპენსირება მოსაზღვრე დაზიანებული შენობა-ნაგებობის მესაკუთრესთან შეთანხმების საფუძველზე.

 

მითითებული ნორმების ანალიზის შესაბამისად, სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოებული მშენებლობის შედეგად მის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის დაზიანებისა თუ გაუვარგისების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება მოსარჩელის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი. აღნიშნულ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული ი---–-- ლ-----ას მიერ წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერი და ექსპერტიზის დასკვნა. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი N5003069318 დასკვნა არ შეიცვას ცალსახა მითითებას იმის თაობაზე, რომ საკვლევ შენობაზე და მის მდგომარეობაზე გავლენა მოახდინა მშენებარე ობიექტმა. ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურდება, რომ საამშენებლოდ გამოყენებული მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე შენობა-ნაგებობების კონსტრუქციების დეფორმაცია და დაზიანება გამოიწვია წარმოებულმა მშენებლობამ, ასეთ შემთხვევაში უნდა განხორციელდეს არა დასრულებული მშენებლობის შესახებ გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, არამედ დაზიანების გამოსწორება, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მხარეს უფლება აქვს აღდგენილი იქნეს დარღვეულ უფლებაში მიყენებული ზიანის თაობაზე მოთხოვნის წარდგენით, რომელიც დადასტურებული უნდა იქნეს შესაბამისი მტკიცებულებებით.

 

7.6. 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 54-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვის გაცემა წარმოებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოებითა და ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

 

დასახელებული საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ როდესაც ადმინისტრაციული წარმოების შედეგად ერთმნიშვნელოვნად იკვეთება ისეთი ვითარება, რომ მიღებული გადაწყვეტილება შეეხება სხვა პირს, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. განსახილველ შემთხვევაში ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი თვითმართველობის ორგანო განიხილავდა რა ვ----–-- მ---------–ის მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხს, ცხადია ვერ დაადგენდა იმ პირთა წრეს ვისაც შეიძლება ინტერესი გასჩენოდა განსახილველი საკითხის მიმართ. აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით, მოსარჩელეს შეეძლო გამოეხატა ინტერესი და მიემართა ადმინისტრაციული ორგანოსათვის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმის მოთხოვნით იმ დროიდან, როდესაც მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ დაიწყო მშენებლობა. ის გარემოება, რომ მისი სახლის მომიჯნავედ იგეგმებოდა მშენებლობა აღნიშნული მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო ასევე, სამშენებლო ადგილზე განთავსებული ინფორმაციით მოსალოდნელი მშენებლობის შესახებ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას მასში მონაწილეობის უფლების მქონე პირი ამ უკანასკნელის წერილობითი თხოვნის საფუძველზე.

 

მითითებული საკანონმდებლო დანაწესი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს დაინტერესებული პირი ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას მისი წერილობითი განცხადების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში კი ასეთი განცხადებით ი---–-- ლ-----ას ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის არ მიუმართავს. ამდენად, სასამართლოს ასევე დაუსაბუთებლად მიაჩნია მოსარჩელის აპელირება ადმინისტრაციული წარმოების წესების დარღვევის თაობაზე.

 

7.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. სასამართლო განმარტავს, რომ აღმჭურველი აქტით დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებები ენიჭება. აღნიშნულიდან გამომდინარე საჭიროა მათი უფლებების დაცვის განსაკუთრებული გარანტიების შექმნა. ასეთი აქტის ბათილად ცნობისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, დაინტერესებულ პირს ჰქონდეს აღნიშნული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა, რაც მოცემულ შემთხვევაში, მხარეს უდავოდ აქვს. კანონიერი ნდობის გარდა, კანონი ასეთი აქტის ბათილად ცნობის შესაძლებლობას უშვებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული აქტი არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამასთან, აუცილებელია ეს დარღვევა იყოს არსებითი ხასიათის, ანუ სხვა პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა შეუძლებელი უნდა იყოს მოცემული ადმინისტრაციული აქტის გაუქმების გარეშე.

 

კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც უტყუარად დაადასტურებდა, რომ სადავო აქტებით არსებითად ირღვევა და რეალური ზიანი ადგება მოსარჩელის კანონიერ ინტერესს.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ბს-746-730(კ-12) საქმეზე განმარტა შემდეგი: სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 31.08.2011წ. გაცემული მშენებლობის ნებართვა წარმოადგენს აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება, ხოლო მინიჭებული უფლების დაცვის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს კანონიერი ნდობა. აღმჭურველი აქტის ბათილად გამოცხადების საფუძველია მმართველობის კანონიერება, მმართველობის კანონიერების პრინციპი მოითხოვს კანონიერების აღდგენის მიზნით უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას. მმართველობის ორგანოს მიერ დაშვებული შეცდომის გამოსწორება და ამ მიზნით ადრესატისათვის აღმჭურველი გადაწყვეტილების გაუქმება საჭიროებს კანონიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების შეპირისპირების შედეგად თანაზომიერი გადაწყვეტილების მიღებას. ....................... სამართლებრივი სახელმწიფოს არსებითი ელემენტია სამართლებრივი სტაბილურობა, სამართლებრივი უსაფრთხოება, რომელიც უპირველეს ყოვლისა ნიშნავს ნდობის დაცვას. კანონიერი ნდობა დაცვის ღირსია, უკეთუ დაინტერესებულმა მხარემ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება, განხორციელებული ღონისძიებებით დაინტერესებულმა მხარემ მიიღო სარგებელი და აქტის ბათილად გამოცხადებით მას მიადგება ზიანი. .......... კანონიერი ნდობის დაცვა არ ხდება, უკეთუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, ამ საფუძვლით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში დაინტერესებულ მხარეს უნდა აუნაზღაურდეს აქტის ბათილად გამოცხადებით მიყენებული ქონებრივი ზიანი. მმართველობის კანონიერების პრინციპისა და დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის პრინციპის სამართლიანი ბალანსის დაცვისთვის თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მოხდეს აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით ადრესატისადმი მიყენებული ზიანისა და ამ აქტის ბათილად გამოუცხადებლობით მესამე პირებისა და საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანის შეპირისპირება.

 

7.8. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლში, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სადაო აქტების გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 100 (ასი) ლარი.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება მოპასუხეს არ დაეკისრება.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გადაწყვიტა:

 

1. ი---–-- ლ-----ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), 14 დღის ვადაში, მოტივირებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დღიდან, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).

 

მოსამართლე: ლელა მილდენბერგერი