გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.10.2019
საქმის ნომერი
330210017002187395
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
04.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/32593-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

04 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლილი ტყემალაძე

სხდომის მდივანი ანა მეშველიანი

მოსარჩელე - შ-- „ს-----“

წარმომადგენლები - ა-–---------ე ქ----–--ე, შ--–-- ც-----ა

მოპასუხე - შ-- „ნ--- მ–-----–---ა“

წარმომადგენელი - დ----- ხ------ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნები:

 

1.1. მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მიყენებული ზიანის 43 074,47 ლარის გადახდის დაკისრება;

 

1.2. მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს 50 000,00 ლარის გადახდის დაკისრება.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს მხარეებს შორის 2017 წლის 17 მარტს გაფორმებულ ნარდობის ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმად მშენებელს შ-- „ნ--- მ–-----–---ას“ შემკვეთის შ-- „ს-----სათვის“ უნდა გადაეცა თბილისში, გ--------–ის ქუჩის მიმდებარედ აშენებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი არაუგვიანეს 2017 წლის 30 სექტემბრისა. მოპასუხემ ვალდებულება ვადაში არ შეასრულა. 2017 წლის 30 ოქტომბერს შემკვეთმა ცალმხრივად და სრულად შეწყვიტა არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა.

მოპასუხეს უნდა დაეკისროს მესამე ეტაპის შეუსრულებელი სამუშაოების ფულადი ანაზღაურება - 43 074,47 ლარი, რაც მოიცავს გარე ბლოკის, შიდა ტიხრების, ლითონის კარისა და კარ-ფანჯრების მონტაჟის სამუშაოებს.

 

ნარდობის ხელშეკრულების 11.3 პუნქტით მხარეებმა შეათანხმეს პირობა პირგასამტეხლოს შესახებ, რომლის თანახმად შემსრულებელს სამუშაოების დასრულების ვადის გადაცილებისას დაეკისრებოდა პირგასამტეხლო 1000 ლარი, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამავე ხელშეკრულების 11.5 პუნქტით მხარეებმა განსაზღვრეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა გადააჭარბებდა 15 კალენდარულ დღეს, მოსარჩელეს უფლება ექნებოდა ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება და მოპასუხისათვის ვადაგადაცილებული დღეების ჯარიმასთან ერთად, დამატებით დაეკისრებინა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით.

 

მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, შეამცირა მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა (153 375 ლარი) 50 000 ლარამდე, საიდანაც 15 000 ლარი არის ვადაგადაცილებით დარიცხული პირგასამტეხლო (30 დღეზე), ხოლო 35 000 ლარი - ერთჯერადი ჯარიმა (იხ. 2019 წლის 21 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი, 16:30:06).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი.

 

შესაგებელში განმარტებულია, რომ სამუშაოების შესრულებისას აუცილებელი გახდა თავდაპირველ ხარჯთაღრიცხვაში და გეგმა-გრაფიკში ცვლილებების შეტანა, რაც განაპირობა სამუშაოების სპეციფიკამ, ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოწვეულმა შეფერხებებმა და მეზობლების საჩივრებმა შესაბამის ორგანოებში. სამუშაოების ვადის გაზრდა გამოიწვია ასევე დამჭერი დგარის მწყობრიდან გამოსვლამ, რამაც, თავის მხრივ, გამოიწვია ბეტონის რღვევა, ხოლო მოპასუხის მოთხოვნით აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა არა გამაგრებისათვის აუცილებელ ფართობზე, არამედ ხელახლა მთლიან მოცულობაზე, რამაც გამოიწვია 42 დღით სამუშაოების გახანგრძლივება, რასაც ეთანხმებოდა მოსარჩელეც. შემსრულებელმა შეასრულა მეოთხე ეტაპის ნაწილი სამუშაოებიც.

 

მოპასუხემ შეასრულა 44 000 ლარით მეტი ღირებულების სამუშაოები, ვიდრე მოსარჩელის მიერ გადარიცხული თანხით უნდა შეესრულებინა, შესაბამისად, შემკვეთის მითითება 43 074 ლარის ღირებულების სამუშაოების შეუსრულებლობის შესახებ, უსაფუძვლოა. მოპასუხემ დაასრულა მესამე ეტაპისა და მეოთხე ეტაპის ნაწილები.

 

მოსარჩელის მიერ ხელმოწერილია მიღება-ჩაბარების აქტები, რომელთა თანახმად, მას რაიმე პრეტენზია არ გააჩნდა. ამასთან, 2017 წლის 27 ოქტომბრის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით, მხარემ კვლავ დაადასტურა, რომ მას პრეტენზია არ გააჩნდა.

 

მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, ხელშეკრულების 11.3 პუნქტით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი; ამასთან, არამართებულია გეგმა-გრაფიკისა და ხელშეკრულების საერთო ვადის გამიჯვნა.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 17 მარტს შ-- „ს-----სა“ (შემკვეთი) და შ-- „ნ--- მ–-----–---ას“ (მშენებელი) შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მშენებელმა აიღო ვალდებულება საკუთარი მასალებითა და ძალებით საპროექტო დოკუმენტაციის (დანართი №1), ხარჯთაღრიცხვის (დანართი №2) და სამშენებლო სამუშაოების გეგმა-გრაფიკის (დანართი №3) შესაბამისად, შემკვეთის სასარგებლოდ შეესრულებინა სამშენებლო სამუშაოები, კერძოდ, სრულად განეხორციელებინა თბილისში, გ--------–ის ქუჩა №---ის მიმდებარედ (მიწის საკადასტრო კოდი: 0---------------) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაო გრაფიკით დადგენილ ვადებში, ხოლო შემკვეთმა აიღო ვალდებულება მიეღო ამ ხელშეკრულების საფუძველზე ჯეროვნად შესრულებული სამუშაო და გადაეხადა მშენებლისათვის ხელშეკრულების ღირებულება ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და პირობებით (3.1 ქვეპუნქტი).

 

ხელშეკრულების 4.1 ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება განისაზღვრა 767 500 ლარით.

 

სამუშაოები მოიცავდა 6 ეტაპს, რაც მთლიანად უნდა დასრულებულიყო 2017 წლის 30 სექტემბერს.

 

ხელშეკრულების 9.1 ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო შემკვეთთან შეთანხმებული სამშენებლო სამუშაოების წარმოების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად (დანართი №3); ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების შესრულება მშენებელს უნდა დაეწყო პირველი გადახდიდან 5 დღის განმავლობაში და დაესრულებინა არა უგვიანეს 2017 წლის 30 სექტემბრისა (დანართი №3). ამავე დროს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამუშაოების დასრულების ვადა არ მოიცავს სამუშაოების დასრულებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მშენებლის მიერ წარდგენისა და მხარეების მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმების ვადას (9.2 ქვეპუნქტი).

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-8).

2017 წლის 17 მარტის ნარდობის ხელშეკრულება და დანართები (ს.ფ. 18-38).

 

3.1.2. 2017 წლის 17 მარტის ნარდობის ხელშეკრულების 7.8 ქვეპუნქტის თანახმად, თუ შემკვეთი მიიჩნევდა, რომ მისთვის წარდგენილ მიღება-ჩაბარების აქტში აღნიშნული სამშენებლო სამუშაოების მოცულობა, ან ხარისხი არ შეესაბამებოდა ამ ხელშეკრულებით, მისი დანართებითა და შესაბამისი სტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ან შესრულებული სამუშაოს ფაქტობრივ მდგომარეობას, მაშინ შემკვეთი არ მოაწერდა ხელს მიღება-ჩაბარების აქტს და წარუდგენდა მოტივირებულ უარს მშენებელს და განუსაზღვრავდა გონივრულ ვადას ნაკლის აღმოსაფხვრელად. იმ შემთხვევაში თუ ნაკლი დროულად არ იქნებოდა გამოსწორებული, შემკვეთი უფლებამოსილი იყო აემოქმედებინა ხელშეკრულებით მისთვის მინიჭებული უფლებები თავისი ინტერესების დასაცავად და ზიანის თავიდან ასაცილებლად, მათ შორის, ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება და მოეთხოვა მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-8).

2017 წლის 17 მარტის ნარდობის ხელშეკრულება და დანართები (ს.ფ. 18-38).

 

3.1.3. 2017 წლის 17 მარტის ნარდობის ხელშეკრულებითა და გეგმა-გრაფიკით (დანართი №3) გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადის დაგვიანების შემთხვევაში მშენებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1000.00 ლარის ოდენობით (11.3 ქვეპუნქტი); გეგმა-გრაფიკზე ვადაგადაცილების გამო შემკვეთისათვის ან მესამე პირზე მიყენებულ ყველანაირ ზიანზე პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა მშენებელს (11.4 ქვეპუნატი); იმ შემთხვევაში თუ ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა გადააჭარბებდა 15 კალენდარულ დღეს შემკვეთს უფლება ჰქონდა ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება და მშენებელს ვადაგადაცილებული დღეების ჯარიმასთან ერთად დამატებით დაეკისრებოდა პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 5%-ის ოდენობით (11.5 ქვეპუნქტი); პირგასამტეხლოს დაკისრება და გადახდა არ ათავისუფლებდა მშენებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისაგან (11.6 ქვეპუნქტი).

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-8).

2017 წლის 17 მარტის ნარდობის ხელშეკრულება და დანართები (ს.ფ. 18-38).

 

3.1.4. 2017 წლის 25 მაისს შ-- „ს-----სა“ (შემკვეთი) და შ-- „ნ--- მ–-----–---ას“ (შემსრულებელი) შორის გაფორმდა „შეთანხმება №1 ნარდობის ხელშეკრულება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მ–-----–---ის მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“, რომლის თანახმად დაირღვა გეგმა გრაფიკი, რისი გამომწვევი მიზეზებიც იყო მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ სამუშაოების შეჩერება, დამატებითი სამუშაოების (მიწის) შესრულება, მეზობლად მცხოვრები პირების მიერ ხელის შემშლელი პირობების შექმნა.

 

შეთანხმებით არ შეცვლილა გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვადა, შეიცვალა ხარჯთაღრიცხვა, კერძოდ, შემცირდა 3597 ლარით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-8).

2017 წლის 25 მაისის შეთანხმება (ს.ფ. 117).

 

3.1.5. 2017 წლის 30 ოქტომბრის წერილით დგინდება, რომ შ-- „ს-----მ“ ცალმხრივად შეწყვიტა 2017 წლის 17 მარტის ნარდობის ხელშეკრულება.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-8).

2017 წლის 30 ოქტომბრის წერილი (ს.ფ. 42).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება შ-- „ს-----სათვის“ 2017 წლის 17 მარტის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 43 074,47 ლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ზემოდასახელებული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით - ,,მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი – კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი).

 

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება (იხ. სუსგ #ას -1322-2018, 04 აპრილი, 2019 წელი)’’.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ზიანის დასადასტურებლად მიუთითებს გარემოებაზე, რომ მოპასუხემ არ შეასრულა მესამე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები სრულად, რითაც შემკვეთს მიადგა ზიანი შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების - 43 074,47 ლარის ოდენობით, რაც მოიცავს გარე ბლოკის, შიდა ტიხრების, ლითონის კარისა და კარ-ფანჯრების მონტაჟის სამუშაოების ღირებულებას.

 

მოსარჩელე მხარეს 2017 წლის 17 მარტის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემსრულებლის მიერ 43 074,47 ლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტის დასადასტურებლად წარმოდგენილი აქვს ე.წ. „შემოწმების აქტი“ (ს.ფ. 44), რომელიც შედგენილია თვით მოსარჩელე კომპანიაში დასაქმებული პირის - მ–-----–---ის ზედამხედველის მიერ. აღნიშნული აქტის თანახმად „კონტრაქტორმა კომპანიამ ვერ მოახდინა სამშენებლო სამუშაოების დასრულება დათქმულ ვადებში, კერძოდ მე-3 ეტაპით გათვალისწინებული ვადა იყო 30 კალენდარული დღე რომელშიც შედიოდა: 1. კონსტრუქციების დასრულება (16,50 .ნიშნ.) მანქანა მექანიზმები, არმატურა, ბეტონი, დამხმარე სამონტაჟო მასალები, საყალიბე ფარი, დგრები, კოჭები, შრომითი ხარჯი. 2. გარე კედლების ამოშენება (13,20 ნიშნ.) იზო ბლოკით, ქვიშა, ცემენტი, დამხმარე სამონტაჟო მასალები, ტრანსპორტირება, შრომითი ხარჯი. 3. შიდა კედლების ამოშენება (13,20 ნიშ6.) ბლოკით, ქვიშა, ცემენტი, დამხმარე სამონტაჟო მასალები, ტრანსპორტირება, შრომითი ხარჯი. 4. კარ-ფანჯრების მონტაჟი (6,60 ნიშნ. ჩათვლით). 5. ცენტრალური და ავტოფარეხის კარის მონტაჟი.

 

მე-3 ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები გაგრძელდა 90 დღეზე მეტი, სადაც კონტრაქტორმა კომპანიამ მხოლოდ შეასრულა:

 

1. კონსტრუქციების დასრულება (16,50 ნიშ5); 2. 6,60 ნიშნულზე გაზობლოკის მოწყობა ფასადზე (არასრული); 3. 6,60 ნიშნულზე ტიხრის ბლოკის მოწყობა (არასრული);

 

შესაბამისად, დავადგინე, რომ ხელშეკრულების მესამე ეტაპით გათვალისწინებული შეუსრულებელი სამუშაოების მოცულობა და მათი ფასი შეადგენს: 1. ბედეგის გარე ბლოკი - 8,870.40 ლარი; 2. შიდა ტიხრების ბლოკი - 3,589,07 ლარი; 3. ლითონის კარის მოწყობა - 3,958 ლარი;. კარ-ფანჯრების მოწყობა - 26,657 ლარი“.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული აქტის შემდგენელი პირი დ----- ჯ---–---–ი დაიკითხა მოცემულ საქმეზე მოწმის სახით (იხ. 2019 წლის 14 მაისის სხდომის ოქმი). მოწმემ დაადასტურა, რომ ამ ეტაპზეც მუშაობს შ-- ,,ს-----ში’’ პროექტის მენეჯერის პოზიციაზე. ზემოაღნიშნულ აქტთან დაკავშირებით მოწმემ განმარტა, რომ მან აღწერა სამშენებლო ობიექტზე არსებული მდგომარეობა, მისი განმარტებით ამ აღწერას ესწრებოდა სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელიც, თუმცა ზუსტად ვერ იხსენებს, აქტი ხელმოწერილია მხოლოდ მის მიერ, რადგან ვერ გაითვალისწინა მეორე მხარის ხელმოწერაც. აქტში გადმოცემულ თანხებთან დაკავშირებით მოწმემ განმარტა, რომ ეს თანხები აიღო ხარჯთაღრიცხვიდან და მიუთითა.

 

მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე მოწმის სახით დაიკითხა გ------- მ------ა (იხ. 2019 წლის 14 ივნისის სხდომის ოქმი), რომელიც იყო შ-- ,,ნ--- მ–-----–---ის’’ ქვეკონტრაქტორი და პროექტირებისა და მ–-----–---ის უშუალო მწარმოებელი. მოწმის განმარტებით, არასწორმა გეგმა-გრაფიკმა გამოიწვია სხვადასხვა ეტაპზე შესასრულებელი სამუშაოების გადანაცვლება, პირველი და მეორე ეტაპის სამუშაოების შესრულებისას ნაწილობრივ შესრულდა მესამე ეტაპის სამუშაოები, ხოლო მესამე ეტაპზე ნაწილობრივ მეოთხე ეტაპის სამუშაოები, რაზედაც თავიდანვე ინფორმირებული იყო შ-- ,,ს-----ს’’ წარმომადგენლები და თავდაპირველ ეტაპზე ამ საკითხზე მათი მხრიდან პრობლემა არ ყოფილა. მოწმის განმარტებით მ–-----–---ის შეფერხება გამოიწვია ე.წ. დგარების დაზიანებამ, რასაც მოჰყვა ბეტონის რღვევა და 42 დღით შეფერხდა მ–-----–---ა, რაც გახდა მიზეზი შ-- ,,ს-----ს’’ მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის. მოწმემ ასევე განმარტა, რომ სამუშაოების გადანაცვლება არ იწვევდა თანხის გაზრდას, რა თანხებიც იქნა გადმორიცხული მოხმარდა მ–-----–---ას სრულად და არამიზნობრივად არ დახარჯულა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება - ე.წ. „შემოწმების აქტი“ არ წარმოადგენს განკუთვნად მტკიცებულებას ზიანის ოდენობის დასადასტურებლად. სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობის საგანს წარმოადგენდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მ–-----–---ა. ის გარემოება, თუ რა სამუშაოები იქნა მენარდის მიერ შესრულებული 2017 წლის 17 მარტის ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში და რა ღირებულების, წარმოადგენს სპეციალური ცოდნის მქონე დამოუკიდებელი პირის შეფასების საგანს. მოსარჩელის მიერ თავისივე თანამშრომლის მიერ ცალმხრივად ხელმოწერილი აქტი მტკიცებითი თვალსაზრისით უთანაბრდება მხარის ახსნა-განმარტებას, რაც სადავოობის პირობებში არ წარმოადგენს სათანადო და საკმარის მტკიცებულებას ზიანის ოდენობის დასადასტურებლად.

 

2017 წლის 30 ოქტომბრის წერილით შ-- „ს-----მ“ მესამე ეტაპის სამუშაოების დასრულების ვადის გადაცილების გამო ცალმხრივად შეწყვიტა 2017 წლის 17 მარტის ნარდობის ხელშეკრულება და შემსრულებელს მოსთხოვა მესამე ეტაპის შეუსრულებელი სამუშაოების სრულად ანაზღაურება (ბლოკების სამუშაოები, გარე კარ-ფანჯრების მონტაჟი, ცენტრალური და ავტოფარეხის კარების მონტაჟი). თუმცა, ამ წერილშიც არ არის აღწერილი ის, თუ კონკრეტულად რომელი სამუშაოები არ შესრულდა მესამე ეტაპზე შესასრულებელი სამუშაოებიდან, რითიც შეიძლებოდა ზიანის შინაარსისა და ოდენობის განსაზღვრა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე შ-- ,,ნ--- მ–-----–---ის’’ მიერ დარღვეული იქნა 2017 წლის 17 მარტის ნარდობის ხელშეკრულების პირობები, კერძოდ მენარდემ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ვერ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, რის გამოც სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლი მოსარჩელეს ანიჭებს ზიანის მოთხოვნის უფლებას, მაგრამ ეს უფლება მოსარჩელის მიერ რეალიზებული უნდა იყოს საპროცესო ნორმებით დადგენილი რეგულაციით. კერძოდ, მოსარჩელეს ეკისრება მის მიერ მითითებული გარემოებების მტკიცების ტვირთი, ამასთან მტკიცება უნდა განხორციელდეს სსსკ 102-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითებით - ,,საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში განმარტავს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული. საპროცესო კანონმდებლობა, უფლებებთან ერთად, მხარეებს მოვალეობებსაც აკისრებს, მათი შეუსრულებლობა კი, იწვევს მხარისათვის არასასურველ სამართლებრივ შედეგს. საპროცესო ვალდებულებების არსებობა შეჯიბრებით პროცესში სწორედ მხარეთა უფლებების დაცვის, საპროცესო ეკონომიის პრინციპისა და, საბოლოოდ, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის გარანტიაა. მხარეები, რომლებიც არ ასრულებენ საპროცესო ვალდებულებებს თვითონვე ხდებიან იმ სამართლებრივი რისკების მატარებელი, რაც სასამართლოს მიერ მხარეთა თანასწორობისა და დისპოზიციურობის საფუძველზე შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით წარდგენილი მტკიცებულებების შეჯერება-გაანალიზების შედეგად სადავო სამართალურთიერთობის გადაწყვეტას უკავშირდება.

 

ამავე განჩინებაში საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და სამოქალაქო საპროცესო სამართალში დადგენილი მტკიცების ტვირთის ფარგლებში, მხარეებს მოეთხოვებათ საკუთარი მტკიცების ტვირთის იმგვარად რეალიზება, რომ თითოეულმა მათგანმა სამართლებრივად ვარგისი, სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულება წარადგინოს მისთვის ხელსაყრელ გარემოებებთან დაკავშირებით, ამასთან, მხარეს არ შეიძლება მტკიცების ტვირთი გადაეკისროს იმ პირობებში, როდესაც წარდგენილი აქვს დასაშვები და განკუთვნადი მტკიცებულება - ამ შემთხვევაში ექსპერტიზის დასკვნა, ხოლო მის საპირწონედ პროცესუალური მოწინააღმდეგე თავს იცავს ზეპირსიტყვიერი განმარტებით, საკუთარი გაანგარიშებითა და შემკვეთის მიერ მესამე პირებთან (სხვა მენარდეებთან) დადებული ხელშეკრულებებით (იხ.სუსგ №ას-717-670-2017, 26 აპრილი, 2018 წელი).

 

შესაბამისად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში, სასამართლო სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოკლებულია შესაძლებლობას განსაზღვროს მიყენებული ზიანის ოდენობა.

 

ამასთან, სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ იმ პირობებში როდესაც, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოთხოვნის გამამართლებელი ფაქტობრივი გარემოებები და ვერ უზრუნველყო მისთვის დაკისრებული პროცესუალური მტკიცების ტვირთის ზიდვა, სასამართლოს არ მიაჩნია მიზანშეწონილად დამატებით იმსჯელოს მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე (2017 წლის 27 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტი), რისი საჭიროებაც იარსებებდა იმ შემთხვევაში, თუკი მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები დაადასტურებდა მის მიერ მითითებულ ფაქტობრივი გარემოებებს, რაც, თავის მხრივ, წარმოშობდა მოპასუხის მხრიდან საპირწონე ტვირთის ზიდვის შეფასების საჭიროებას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და ვერ წარმოადგინა სსსკ 102-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით განკუთვნადი მტკიცებულება ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ოდენობის დასადასტურებლად.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველო სამოქალაქო კოდექსის 420-ე, 629-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია ნარდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით შემსრულებელმა შ-- „ნ-----–------–--“ შემკვეთის შ-- „ს-----ს“ წინაშე იკისრა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენების ვალდებულება, შემკვეთის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ.

 

დადგენილია, რომ შემსრულებელს სამუშაოები უნდა შეესრულებინა ექვს ეტაპად, სამშენებლო სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო შემკვეთთან შეთანხმებული სამუშაოების წარმოების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად 2017 წლის 30 სექტემბრამდე. მოპასუხემ შეასრულა პირველ ორ ეტაპზე შესასრულებელი სამუშაოები, ხოლო მესამე ეტაპის სამუშაოები მას სრულად არ შეუსრულებია. შემკვეთმა ხელშეკრულება შეწყვიტა 2017 წლის 30 ოქტომბერს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. ამავე კოდექსის 395-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიყენებული ზიანისათვის, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და ვალდებულების არსიდანაც სხვა რამ არ გამომდინარეობს.

 

ამავე კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით კი, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის მიხედვით, პირს დაეკისრება ერთდროულად შემდეგი პირობების არსებობის შემთხვევაში: უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, სახეზე უნდა იყოს ზიანი, უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის, ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.

 

სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის, 395-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 412-ე მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარე მხოლოდ იმ რისკის მატარებელი შეიძლება იყოს, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შეუსრულებლობასთან და ამდენად, ხელშემკვრელი მხარისაგან შეიძლება მოთხოვნილი იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგს წარმოადგენს და რომლის გათვალისწინებაც ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, ხელშეკრულების დამრღვევ მხარეს შეეძლო ევარაუდა. სწორედ ეს აზრია გატარებული სსკ-ის 412-ე მუხლის სამართლებრივ მიზანში, რომელიც მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურების მოვალეობას ითვალისწინებს, რომლის მოსალოდნელობაც გონივრული წინდახედულობის ფარგლებში სავარაუდო იქნებოდა და რომლის დადგომაც ხელშეკრულების დამრღვევი მხარის მოქმედების ან უმოქმედობის პირდაპირი შედეგია (იხ, სუსგ, საქმე №ას-167-163-2016, 01 ივლისი, 2016 წელი).

 

განსახილველ შემთხვევაში, დგინდება, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში მ–-----–---ის წარმოება, ასევე არ მომხდარა მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების ვადის გაზრდაზე, რის გამოც ხელშეკრულება შეწყდა მოსარჩელის მიერ. შესაბამისად, მართალია დგინდება მოპასუხის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი, მაგრამ მოსარჩელის მიერ ვერ დადასტურდა მიყენებული ზიანის ოდენობა (იხ. 3.2.1. პუნქტი).

 

რამდენადაც მოსარჩელემ ვერ ზიდა სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურა სკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის შემადგენლობისათვის აუცილებელი კომპონენტების არსებობა, სასამართლოს მიაჩნია რომ პირველი სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია, მოკლებულია სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებს და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. როგორც აღინიშნა, მოსარჩელემ მოითხოვა პირგასამტეხლო 30 ვადაგადაცილებული დღისათვის, 50 000 ლარის ოდენობით, საიდანაც მოსარჩელის განმარტებით 15 000 ლარი არის ვადაგადაცილებით დარიცხული პირგასამტეხლო, ხოლო 35 000 ლარი - ერთჯერადი ჯარიმა (5%).

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგინდა, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში მ–-----–---ის წარმოება. შესაბამისად, სახეზეა პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა.

 

ნარდობის ხელშეკრულებითა და გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადის დაგვიანების შემთხვევაში მშენებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1000.00 ლარის ოდენობით; იმ შემთხვევაში თუ ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა გადააჭარბებდა 15 კალენდარულ დღეს შემკვეთს უფლება ჰქონდა ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება და მშენებელს ვადაგადაცილებული დღეების ჯარიმასთან ერთად დამატებით დაეკისრებოდა პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 5%-ის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით, პირგასამტეხლო დამრღვევ მხარეს უპირობოდ ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადაგადაცილება. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ შეუსაბამოდ მაღალია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1000.00 ლარი და 15 კალენდარულ დღეზე მეტად ვადაგადაცილებისას სახელშეკრულებო ღირებულების 5% - ვალდებულების დარღვევის შედეგად მოსალოდნელ სავარაუდო ზიანთან მიმართებით. დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხის, დარღვევის სიმძიმისა და დარღვევის შედეგებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდეს და განისაზღვროს მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების (767 500 ლარი) 0,05%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე პირგასამტეხლოს ითხოვს 30 კალენდარულ დღეზე გაანგარიშებით შესაბამისად პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს ჯამურად 11 512,5 ლარით (383,75X30).

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლობისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.

 

მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებელი მოთხოვნის შესაბამისად 345,37 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება; ასევე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯის 460,5 ლარის ანაზღაურება; ხოლო სასარჩელო მოთხოვნის შემცირების გამო მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 2207,78 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 268-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შ-- „ს-----ს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე შ-- „ნ--- მ–-----–---ას“ მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 11 512,5 ლარის ანაზღაურება.

 

3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

4. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯის 460,5 ლარის ანაზღაურება.

 

5. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისროს დაკმაყოფილებელი მოთხოვნის შესაბამისად 345,37 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.

 

6. მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 21/11/2017 წელს, საგადახდო დავალება #0 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 5000 ლარიდან, სასარჩელო მოთხოვნის შემცირების გამო 2207,78 ლარი.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე