გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 07.06.2019
საქმის ნომერი
330310018002332011
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
07.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/1337-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

7 ივნისი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე

 

სხდომის მდივანი ციალა გახელაძე

 

მოსარჩელე - ა----------------ი

წარმომადგენელი - დ-----------–--–-–---–ი

 

მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - ლ-–-----–------ი

 

მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

წარმომადგენელი - თ----------–----ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 19 აგვისტოს №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

 

1.2. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 3 ოქტომბრის №2---- ბრძანება;

 

1.3. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება №4---------- საჩივარზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

2.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 19 აგვისტოს 13:46 საათზე შედგა №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, 2017 წლის 19 აგვისტოს სგპ „ლაგოდეხის“ ტერიტორიაზე აზერბაიჯანის მხრიდან შევიდა ა----------------ის მართვის ქვეშ მყოფი მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომობილი (აზერბაიჯანის სახელმწიფო ნომრით 9------). ავტომობილის დათვალიერების შემდეგ, ავტომობილში განთავსებულ მძღოლის ხელჩანთაში აღმოჩნდა არადეკლარირებული 50000 (ორმოცდაათიათასი) აშშ დოლარი, რომელმაც ეროვნული კურსით შეადგინა 119475 ლარი. ა----------------ი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის 131 ნაწილის შესაბამისად, დაჯარიმდა 11947.5 (თერთმეტიათასცხრაასორმოცდაშვილი ლარი და 50 თეთრი) ლარით. ოქმს ხელი მოაწერეს ოქმის შემდგენელმა პირმა და სამმართალდამრღევმა. ა----------------მა 2017 წლის 19 აგვისტოს №1------- საგადახდო დავალებით გადაიხადა დაკისრებული ჯარიმა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 19 აგვისტოს №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ.11);

- 2017 წლის 19 აგვისტოს №1------- საგადახდო დავალება (ს.ფ.62).

 

3.2. ა----------------მა საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 19 აგვისტოს №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 3 ოქტომბრის №2---- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

ბრძანების თანახმად, დავების განხილვის საბჭომ მიუთითა საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 21 სექტემბრის №116211-21-10 სამსახურებრივ ბარათზე, რომლის მიხედვით, 2017 წლის 19 აგვისტოს, საბაჟო გამშვები პუნქტი „ლაგოდეხის“ საბაჟო კონტროლის ზონაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან შევიდა ამავე რესპუბლიკაში რეგისტრირებული, „MERCEDESBENZ“-ის მარკის მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება (სახ. ნომრით 9------), რომელსაც მართავდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ა----------------ი. ინტერვიუირებისას აღნიშნულმა პირმა განაცხადა, რომ სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს (მათ შორის, ნაღდ ფულს) არ გადააადგილებდა. ეჭვის საფუძველზე, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილმა პირმა განახორციელა ა----------------ის მფლობელობაში არსებული ავტომობილის დათვალიერება, რა დროსაც მძღოლის სავარძლის გვერდზე, ხელჩანთაში აღმოჩენილ იქნა 50000 აშშ დოლარის ოდენობის ნაღდი ფული. საგადასახადო სამართალდარღვევის აღნიშნულ ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტი „ლაგოდეხის“ უფლებამოსილი პირის მიერ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც აზერბაიჯანის მოქალაქე ა----------------ს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის 131 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა – 11947.5 ლარის ოდენობით. ამდენად, დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 3 ოქტომბრის №2---- ბრძანება (ს.ფ.12-13);

- საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 21 სექტემბრის №116211-21-10 სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ.56-58).

 

3.3. ა----------------მა 2017 წლის 23 ოქტომბერს საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 19 აგვისტოს №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 3 ოქტომბრის №2---- ბრძანების გაუქმება.

 

საჩივრის თანახმად, ა----------------ი, მის მეუღლესთან და ორ თანმხლებ პირთან ერთად სავაჭროდ, კერძოდ, ავტომობილის საყიდლად მიდიოდნენ საქართველოში, ავტომობილით მერსედესი (სახელმწიფო ნომრით 9------). სგპ „ლაგოდეხის“ კონტროლის ზონაში ავტომანქანიდან გადავიდნენ ნ-----------------ი, ნ-----–-------------ა და ჰ-------–---------ა. ა----------------ი, როგორც მძღოლი, დარჩა მანქანასთან. საჩივრის მიხედვით, მებაჟე ოფიცრების კითხვაზე, ჰქონდა თუ არა რაიმე დასადეკლარირებელი, ა----------------მა უპასუხა, ჰქონდა 50000 აშშ დოლარი წელზე გაკეთებულ საფულეში. აღნიშნული თანხა გადასცა მებაჟე ოფიცერს, რომელმაც ჯერ შეამოწმა და დაუბრუნა მოცემული თანხა, ხოლო შემდეგ ჩამოართვა და განუცხადა, რომ იგი დეკლარაციის წარუდგენლობის გამო დაჯარიმდა 5000აშშ დოლარით. საჩივრის მიხედვით, ა----------------ის განმარტებით, იგი რადგან საჭესთან იჯდა, ამიტომ ვერ განახორციელა დეკლარირება და მზად იყო ოფიცერთან საუბრისას დაედეკლარირებინა აღნიშნული თანხა, რაზეც მებაჟე ოფიცრებმა უთხრეს უარი და შეადგინეს ოქმი. აღნიშნული ოქმი ა----------------ს არ გაცნობია მისთვის გასაგებ ენაზე. საჩივარში აღნიშნულია, რომ ა----------------მა თავად განაცხადა მოცემული თანხის შესახებ და აჩვენა იგი მებაჟე ოფიცერს, აღნიშნულს დადასტურება შეუძლია, როგორც მის თანმხლებ პრებს, ისე საზღვარზე არსებული ვიდეო კამერასაც. ა----------------ი საჩივარში მიუთითებდა, რომ ადგილი არ ჰქონია ფულის მალულად გადატანას. ა----------------ი საჩივარში მიუთითებდა იმ გარემოებაზეც, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მისი მონაწილეობის გარეშე განიხილეს მისი საჩივარი და მიიღეს უკანონო გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

გადაწყვეტილების თანახმად, დავების განხილვის საბჭომ მიუთითა საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 21 სექტემბრის №116211-21-10 სამსახურებრივი ბარათზე, ასევე, საბჭომ მიუთითა განსახილველ საქმესთან დაკავშირებით მებაჟე-ოფიცრის ახსნა-განმარტებაზე, რომლის მიხედვით, ინტერვიუირების პროცესში ა----------------მა განმარტა, რომ მისი მეუღლე დარბაზის გავლით შედიოდა საქართველოში და თან ჰქონდა 5000 ლარი რომელიც სურდათ, „ლოპოტაზე“ დასვენების და გართობის მიზნით დაეხარჯათ. ოფიცრის განმარტებით მან აღნიშნული მიიჩნია საეჭვოდ და განიზრახა ავტომობილის დათვალიერება, რა დროსაც მძღოლის სავარძლის გვერდზე ხელჩანთით აღმოაჩინა 50000 (ორმოცდაათიათასი) აშშ დოლარი, ა----------------მა აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თანხა ეკუთვნოდა მის თანმხლებ კიდევ 3 პირს თანაბრად. თითოეული ადამიანის კუთვნილი თანხის ოდენობა შეადგენდა 12500 (თორმეტიათასხუთას) დოლარს, რაც არ საჭიროებდა დეკლარირებას. მებაჟე-ოფიცერმა განმარტა, რომ ა----------------მა მისი თანმხლები პირებიდან შეძლო დაესახელებინა მხოლოდ მის მეუღლედ მოხსენიებული პირის სახელი და გვარი. როგორც ოფიცრის ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, ამის შემდეგ განხორციელდა ნ-----–-------------ას გამოკითხვა, რომელმაც განმარტა, რომ აქვთ მაღაზია და მიემგზავრებოდნენ ლილოში საქონლის შესაძენად, ხოლო მისი ორი ნაცნობი წამოიყვანა იმისთვის, რომ აზერბაიჯანიდან აკრძალულია 10000 ევროზე მეტის გატანა და გატანის შემთხვევაში გადასახდელია გამოტანილი ვალუტის 2 პროცენტი. კითხვაზე, თუ რა გზით აპირებდნენ შეძენილი საქონლის აზერბაიჯანში შეტანას, განმარტეს, რომ შეიძლება წასულიყვნენ ლილოში და თურქეთში სავაჭროდ და იქიდან გამოეგზავნათ ტვირთი ან გადაეცათ სხვა პირისთვის. ოფიცრის განმარტებით, ჰუსეინოვმა განაცხადა, რომ ეგონა საქართველოში დეკლარაციის შევსება ფასიანი იქნებოდა და ასევე 2% საკომისიო გადასახადი. საბაჟო დეპარტამენტის მიერ წარდგენილია აღნიშნული პროცედურის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, ასევე, საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით აღნიშნულ პიროვნებას საქართველოს ტერიტორიაზე გარკვეული დეკლარირებას დაქვემდებარებული თანხა ადრეც ჰქონდა შემოტანილი. ამასთან, საბჭოსთვის წარმოდგენილ საჩივარში ა----------------ი აღნიშნავს, რომ მას ეს თანხა სჭირდებოდა საქართველოში ავტომობილის შესაძენად. ზემოაღნიშნული გარემოებების განხილვის შემდგომ, საბჭომ სარწმუნოდ არ მიიჩნია ა----------------ის არგუმენტაცია იმის თაობაზე, რომ ის აპირებდა თანხის დეკლარირებას ან/და სამართალდარღვევის ფაქტი განპირობებული იყო შეცდომით/არცოდნით და მიიღო გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურის 05.10.2017 წლის №26920 ბრძანების ძალაში დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ა----------------ის 2017 წლის 23 ოქტომბრის საჩივარი (ს.ფ.52);

- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება (ს.ფ.14-19);

- სგპ „ლაგოდეხის“ მთავარი მებაჟე-ოფიცერის 2017 წლის 12 სექტემბრის №112925-21-10-06 ახსნა-განმარტებითი ბარათი (ს.ფ.121-122).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ანუშ მარკოსიანის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი, 43-ე, 207-ე, 2071, 209-ე, 215-ე, 269-ე და 289-ე მუხლები, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-6 მუხლები, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქცია“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანება.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 19 აგვისტოს №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 3 ოქტომბრის №2---- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენენ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. მოსარჩელის მოთხოვნას, ასევე, წარმოადგენს, ნება დაერთოს, იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოაქციოს ჩამორთმეული საქონელი.

 

6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 207-ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტის მიხედვით, საბაჟო ზედამხედველობა არის შემოსავლების სამსახურის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების დაცვა, ხოლო „ტ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო კონტროლი არის შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ცალკეული მოქმედებები, რომელთა მიზანია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფა.

 

ამავე კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდამრღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

 

მითითებული კოდექსის 289-ე მუხლის 131 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით გადატანილი ან გადმოტანილი ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით ან ამ საქონლის ჩამორთმევას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 19 აგვისტოს 13:46 საათზე შედგა №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, 2017 წლის 19 აგვისტოს სგპ „ლაგოდეხის“ ტერიტორიაზე აზრებაიჯანის მხრიდან შევიდა ა----------------ის მართვის ქვეშ მყოფი მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომობილი (აზერბაიჯანი სახელმწიფო ნომრით 9------. ავტომობილის დათვალიერების შემდეგ, ავტომობილში განთავსებულ მძღოლის ხელშანთაში აღომჩნდა არადეკლარირებული 50000 (ორმოცდაათიათასი) აშშ დოლარი, რომელმაც ეროვნული კურსით შეადგინა 119475 ლარი. ა----------------ი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის 131 ნაწილის შესაბამისად, დაჯარიმდა 11947.5 (თერთმეტიათასცხრაასორმოცდაშვილი ლარი და 50 თეთრი) ლარით. ოქმს ხელი მოწერეს ოქმის შემდგენელმა პირმა და სამმართალდამრღევმა პირმა. ა----------------მა 2017 წლის 19 აგვისტოს №1------- საგადახდო დავალებით გადაიხადა დაკისრებული ჯარიმა.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო თანხა თანაბრად, 12500აშშ დოლარის ოდენობით, ეკუთვნოდა როგორც ა----------------ს, ისე მის მეუღლეს და ორ პირს, რომლებთან ერთადაც იგი მგზავრობდა და რომლებთან ერთადაც იგი ახორციელებდა ეკონომიკურ საქმიანობას.

 

სარჩელის დასაბუთებულობის შემოწმების მიზნით სასამართლო მოიხმობს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მონიტორინგს ექვემდებარება 30000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა.

 

ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, შემოსავლების სამსახური ვალდებულია განახორციელოს საზღვარზე გადაადგილებული 30000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი ნაღდი ფულის – ეროვნული და უცხოური ვალუტების, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების − გადამაადგილებელი ან/და გამგზავნი/მიმღები პირების იდენტიფიკაცია.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 209-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის მიზნებისათვის საქონელი არის მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდები, ელექტრო და თბოენერგია, გაზი და წყალი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 215-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ხორციელდება საბაჟო გამშვები პუნქტის ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა ადგილის გავლით და, შესაბამისად, სავალდებულოა მისი წარდგენა. ეს ვალდებულება არ ვრცელდება მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით, საზღვაო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საჰაერო სივრცის გავლით გადაადგილებულ საქონელზე.

 

ამავე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საქონლის წარდგენისა და გაფორმების ვალდებულება ეკისრება დეკლარანტს ან/და საქონლის მფლობელს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 207-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დეკლარანტი არის პირი, რომელიც საქონლის დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით ან რომლის სახელითაც ხორციელდება დეკლარირება ამ კარით დადგენილი წესით.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონელი, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის მომენტიდან, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი გაფორმების დასრულების მომენტიდან, ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და, შესაბამისად, სავალდებულოა მისი წარდგენა ამ მუხლით დადგენილი წესით. ეს ვალდებულება არ ვრცელდება მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით, საზღვაო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საჰაერო სივრცის გავლით გადაადგილებულ საქონელზე.

 

მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის წარდგენა ხდება სახმელეთო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში – სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის განთავსებით.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის“ მე-19 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქონლის წარდგენისა და გაფორმების ვალდებულება ეკისრება დეკლარანტს/საქონლის მფლობელს.

 

მითითებული ბრძანების 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, საქონლის დეკლარირება შესაძლებელია საბაჟო დეკლარაციის წარდგენით, ზეპირად ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საშუალებით. საბაჟო დეკლარაციის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ან წერილობითი ფორმით. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა - საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებსა ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსი განეკუთვნება საჯარო სამართლის ნორმატიულ აქტს, რომლის მეათე კარი არეგულირებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილების შესახებ წარმოშობილ სამართლებრივი ურთიერთობებს, რომელიც თავისი ბუნებით განეკუთნება სახელმწიფო მმართველობის სფეროში წარმოშობილ სამართალურთიერთობებს. მისი ერთ-ერთი სუბიექტი უცილობლად არის სახელმწიფო მმართველობის განმხორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო, შესაბამისად, საბაჟო საქმიანობა წარმოადგენს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლებრივი ფუნქციის განხორციელებას. სამართლებრივი ურთიერთობა საბაჟო სფეროში არის სახელმწიფოს შესაბამისი ინსტიტუტების, ფიზიკური და იურიდიული პირების (სამართლის სუბიექტების) სამართლებრივი ნორმებით განსაზღვრული უფლებებისა და მოვალეობების შესრულება, რომლებიც წარმოიშობა საბაჟო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით, ხოლო სამართალურთიერთობის მონაწილეებს საბაჟო სფეროში ერთმანეთის მიმართ გააჩნიათ სამართლის ნორმით დადგენილი უფლებანი და მოვალეობანი, რომელთა შესრულება უზრუნველყოფილია დარწმუნებით, ანუ კანონმორჩილებით და მისი დარღვევის შემთხვევაში – სახელმწიფო იძულებით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა თუ გატანა უნდა მოხდეს კანონმდებლობის სრული დაცვით. პირმა უნდა უზრუნველყოს საბაჟო დეპარტამენტისათვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა, რაც მიზნად ისახავს საბაჟო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. აღნიშნული მოთხოვნების დარღვევა იწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას. თუმცა ამასთანავე, საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრულისა საგადასახადო ორგანოების საქმიანობის შეზღუდვები, რომელიც თავისი არსით მნიშვნელოვანი ხარისხით ხელს უწყობს გადასახადის გადამხდელისა და საგადასახადო წარმოების სხვა მონაწილე პირების სამართლებრივ დაცვას.

 

სასამართლო მიუთითებს საქმეში არსებულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერზე, რომლის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ა----------------მა მებაჟე-ოფიცერს თავად გადასცა ფული. სასამართლო ყურადღებას ამახვილებ, ასევე, სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხულ მებაჟე-ოფიცერის ახსნა-განმარტებაზე, რომ ა----------------ი მიუთითებდა იმ ფაქტზე, რომ სადავო თანხა ეკუთვნოდა მასთან ერთად სამ ადამიანს. მებაჟე- ოფიცერმა დაადასტურა ის გარემოება, რომ ა----------------თან გასაუბრებისას მათთან მივიდა ნ-----–-------------ა, რის შემდგომ სწორედ ნ-----–-------------ასთან მიმდინარეობდა გასაუბრება. სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხულმა როგორც მებაჟე-ოფიცერმა, ისე ნ-----–-------------ამ დაადასტურა, რომ მებაჟე-ოფიცერთან გასაუბრებისას მიიყვანა მან ნ-----------------ი და ჰ-------–---------ა, რათა მებაჟე-ოფიცრისათვის განემარტათ, რომ 50000აშშ დოლარი ოთხივეს ეკუთვნოდა თანაბრად, 12500აშშ დოლარის ოდენობით.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

მითითებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად დაადგინოს და შეისწავლოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. მხოლოდ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულად შესწავლისა და დადგენის შემდეგ არის შესაძლებელი კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

 

ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინება საქმეზე №ბს-246-243(კ-14)).

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-463-451(კ-13), სადაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა, მაშინ როცა ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ არც საგადასახადო ორგანოს და არც დავების განმხილველი ორგანოების მიერ არ მომხდარა მოსარჩელის მიერ დაფიქსირებული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მებაჟე-ოფიცერთან მოხდა დანარჩენი პირების წარდგენა, მითითებული იყო მათი კუთვნილი თანხების ოდენობა. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო გამოეკვლია საქმისათვის მნიშნელოვანი აღნიშნული გარემოებები და მხოლოდ ამის შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება ა----------------ის სამართალდამრღვევ პირად მიჩნევის შესახებ.

 

სასამართლო ვერ გაითვალისწინებს მოსარჩელის წარმომადგენლის არგუმენტაციას, რომ ა----------------ს მისთვის გასაგებ ენაზე არ განემარტა ოქმის შინაარსი, არ ყოფილა მოწვეული თარჯიმანი, რაც აღნიშნული ოქმის ბათილად ცნობის საფუძველია.

 

სასამართლო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 2071 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომელთა მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული პროცედურები ხორციელდება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთში − აგრეთვე აფხაზურ ენაზე. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება ან/და საგადასახადო ორგანოში წარსადგენი დოკუმენტების შედგენა შეიძლება უცხოურ ენაზედაც.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსი არ შეიცავს მითითებას თარჯიმნის მოწვევის შესაძლებლობის შესახებ იმის გათვალისწინებით, რომ საგადასახადო სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა რიგს განეკუთვნება, საგადასახადო სამართალდარღვევებთან დაკავშირებული იმ საკითხების მოსაწესრიგებლად, რომლის თაობაზედაც საქართველოს საგადასახადო კოდექსი მითითებას არ შეიცავს, გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დებულებანი. კერძოდ, ხსენებული კოდექსის 252-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებები და მოვალეობები, რომლის პირველი ნაწილი სხვა უფლებებთან ერთად ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებას, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მწარმოებელი ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, უზრუნველყოს საქმეში მონაწილე წარმოების ენის არმცოდნე მხარის თარჯიმნით აღჭურვა, არამედ აღნიშნული თავად საგადასახადო პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებას წარმოადგენს, რომლის რეალიზებაც, ასევე, მის ნებაზეა დამოკიდებული. ამდენად, თუკი მოსარჩელე საჭიროებდა თარჯიმანს, მას გააჩნდა უფლება მიეთითებინა თარჯიმნის მოწვევის საჭიროებაზე, ხოლო ასეთი მოთხოვნის არარსებობის პირობებში ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნდა ვალდებულება, დამატებით, პასუხისგებაში მიცემული პირის ნების გამოვლენისაგან დამოუკიდებლად უზრუნველეყო საქმის განხილვაში თარჯიმნის მოწვევა.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოსარჩელეს არ მოუთხოვია თარჯიმანი, ამასთან, სასამართლო სხდომაზე ა----------------ის განმარტებით, იგი თავდაპირველად მებაჟე-ოფიცერთან კომუნიკაციას რუსულ ენასა და ჟესტიკულაციურ ენაზე ახორციელებდა, ხოლო შემდგომ ნ-----–-------------ას დახმარებით, აღნიშნული თავად ნ-----–-------------ამ დაადასტურა სასამართლო სხდომაზე. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით ჩატარებული წარმოება შესაბამისობაშია მოქმედ კანონმებლობასთან.

 

6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობა ან მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად კი, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 19 აგვისტოს №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 3 ოქტომბრის №2---- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება და სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში მოსარჩელის მიმართ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 359 (სამასორმოცდაცხრამეტი) ლარი, რომლის გადახდა სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12, მე-13, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ა----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 19 აგვისტოს №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 3 ოქტომბრის №2---- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება №4---------- საჩივარზე.

 

3. სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში მოსარჩელის მიმართ.

 

4. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

5. სსიპ შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 359 (სამასორმოცდაცხრამეტი) ლარის ანაზღაურება.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ, №6) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.

 

მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე