გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 01.09.2019
საქმის ნომერი
180310019002983121
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
01.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/127-19 (180310019002983121)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

02 სექტემბერი, 2019 წელი ქ. მცხეთა

 

შესავალი ნაწილი

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა

სხდომის მდივანი - ნინო ჯანხოთელი

 

მოსარჩელე - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენლები: მა-----------–---–-, თა-----------–-–---–ი

 

მოპასუხეები: შპს ,,ე---’’, შპს ,,თ---’’

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.მოპასუხე შპს ,,ე---სათვის’’ მოსარჩელის სასარგებლოდ 1216,18 ლარის გადახდის დაკისრება;

 

1.2.მოპასუხე შპს ,,თ---სათვის’’ მოსარჩელის სასარგებლოდ 1140 ლარის გადახდის დაკისრება (დაზუსტებული მოთხოვნა, იხ. 02.09.2019 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.მოპასუხეებს სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენიათ და ისინი არც სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებულან. შესაბამისად, მათი პოზიცია სასამართლოსათვის უცნობია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოება საქმეზე არ არის

 

3.2.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოება შპს ,,ე---’’-ს მიმართ

 

3.2.1. 05.07.2018 წელს მცხეთის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,ე---’’-ს შორის გაფორმდა N2-- ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხის კუთვნილი ობიექტის მიერ წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, გატანის და ნარჩენების საბოლოო ადგილზე განთავსების თაობაზე მომსახურების სანაცვლოდ, მოპასუხეს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა ყოველთვიურად 120 ლარი.

 

მხარეები ხელშეკრულების მე-3 მუხლით შეთანხმებულები არიან მასზედ, რომ თანხის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, ობიექტს დაერიცხება საურავი გადასახდელი თანხის 0,01 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-დაზუსტებული სარჩელი (ს.ფ. 58);

-განცხადება (ს.ფ. 15);

-ხელშეკრულებები (ს.ფ. 16-19);

-ტექნიკური მაჩვენებლები (ს.ფ. 20-23);

-მხარის ახსნა-განმარტება (იხ. 02.09.2019 წლის სხდომის ოქმი).

 

3.2.2.შპს ,,ე---მ’’ სრულყოფილად არ შეასრულა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება მომსახურების საფასურის - დასუფთავების მოსაკრებლის გადახდევინების თაობაზე, რის გამოც მისი დავალიანება მოსარჩელე მერიის წინაშე შეადგენს 1216,18 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 1203,69 ლარი, ხოლო 12,49 ლარი არის საურავი (პირგასამტეხლო).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-დაზუსტებული სარჩელი (ს.ფ. 58);

-ხელშეკრულებები (ს.ფ. 16-19);

-ტექნიკური მაჩვენებლები (ს.ფ. 20-23);

-ქვითარი (ს.ფ. 70);

-მხარის ახსნა-განმარტება (იხ. 02.09.2019 წლის სხდომის ოქმი).

 

3.3.დადგენილი ფაქტობრივი გარემოება შპს ,,თ---’’-ს მიმართ

 

3.3.1.მოსარჩელემ 02.08.2018 წელს მოპასუხე შპს ,,თ---სთან’’ გააფორმა N2-- ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხის კუთვნილი ობიექტის მიერ წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, გატანის და ნარჩენების საბოლოო ადგილზე განთავსების თაობაზე მომსახურების სანაცვლოდ, მოპასუხეს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა ყოველთვიურად გადასახადი - 280 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-დაზუსტებული სარჩელი (ს.ფ. 58);

-განცხადება (ს.ფ. 30);

-ხელშეკრულებები (ს.ფ. 33);

-ტექნიკური მაჩვენებლები (ს.ფ. 35-37);

-მხარის ახსნა-განმარტება (იხ. 02.09.2019 წლის სხდომის ოქმი).

 

3.3.2.შპს ,,თ---მ’’ სრულყოფილად არ შეასრულა ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულება მომსახურების საფასურის - დასუფთავების მოსაკრებლის გადახდევინების თაობაზე, რის გამოც მისი დავალიანება მოსარჩელე მერიის წინაშე შეადგენს 1140 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-დაზუსტებული სარჩელი (ს.ფ. 58);

-ხელშეკრულება (ს.ფ. 32);

-ტექნიკური მაჩვენებლები (ს.ფ. 35-37);

-მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. );

-მხარის ახსნა-განმარტება (იხ. 02.09.2019 წლის სხდომის ოქმი).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“; ,,ნარჩენების მართვის კოდექსი’’; ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონი; ,,მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონი’’; ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; სამოქალაქო კოდექსი; სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1.საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებას განეკუთვნება ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება კანონით დადგენილი წესით, მათი განაკვეთების დადგენა კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობების ფარგლებში; ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღება.

 

სასამართლო მიუთითებს ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის პრეამბულაზე, რომლის შესაბამისად, ეს კანონი, საქართველოს კონსტიტუციისა და "მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, განსაზღვრავს ადგილობრივი მოსაკრებლების სახეს, ოდენობას, შემოღების წესსა და მოსაკრებლების გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.

 

,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ადგილობრივი მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადით ან უამისოდ, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის.

 

,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათზე შეღავათების დაწესების უფლება აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათზე შეღავათების დაწესების შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება მოქმედებს მხოლოდ მისდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე და ვრცელდება ყველა იქ მცხოვრებ ფიზიკურ და განლაგებულ იურიდიულ პირზე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

დასახელებული მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის ადგილობრივი მოსაკრებელი გადაიხდევინება მომსახურების მთლიანად ან მისი ნაწილის მიღების შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესით.

 

,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სახეების მიხედვით ადგილობრივი მოსაკრებლების დიფერენცირებულ ოდენობას, გადახდის პერიოდულობასა და ვადას ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო შესაბამისი გადაწყვეტილებით. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი მოსაკრებლები გადაიხდევინება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული ინსტრუქციების შესაბამისად. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებელია - მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის.

 

,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-121 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას და ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად მართვას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომლებიც თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს.

 

დასახელებული მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნარჩენების წარმომქმნელმა შეიძლება მოახდინოს მოსაკრებლის ოდენობის დიფერენცირება დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე თავისი შემოსავლის, ქონების, მის მიერ დასაქმებული პერსონალის რაოდენობის ან/და საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც.

 

,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო, მე-15 მუხლის თანახმად, ადგილობრივ მოსაკრებლებთან დაკავშირებულ დავას წყვეტს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სასამართლოში სარჩელის შეტანა არ ათავისუფლებს გადამხდელს ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდისაგან.

 

,,ნარჩენების მართვის კოდექსის“ მე-3 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალური ნარჩენები არის საყოფაცხოვრებო ნარჩენები, აგრეთვე სხვა ნარჩენები, რომლებიც თავიანთი მახასიათებლებითა და შემადგენლობით საყოფაცხოვრებო ნარჩენების მსგავსია. ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ კოდექსისა და „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, ნარჩენების მართვის სფეროში მუნიციპალიტეტის კომპეტენციას განეკუთვნება მუნიციპალური ნარჩენების მართვა (მათ შორის, მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავება) ამ კოდექსის მე-16 მუხლის შესაბამისად (გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილებისა). ამავე კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვება და ამ მიზნით მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების სისტემის დანერგვა და გამართული ფუნქციონირება.

 

,,მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლი ადგენს, რომ მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები და ამხანაგობები იხდიან სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მათთვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის.

 

იმავე ნორმატიული აქტის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოსაკრებლების გადამხდელი ფიზიკური და იურიდიული პირები და ამხანაგობები ვალდებული არიან გადაიხადონ კანონით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მოსაკრებლები, იმავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტით, ადგილობრივი მოსაკრებელია დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი.

 

დადგენილია, რომ მოპასუხეებთან მითითებული ნორმებიდან გამომდინარე გაფორმდა ხელშეკრულებები მოპასუხეების კუთვნილი ობიექტისაგან წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, გატანის და ნარჩენების საბოლოო ადგილზე განთავსების თაობაზე, რისთვისაც მოპასუხეებს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადათ მოსაკრებელი.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო სამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება.

 

ზემოთ აღნიშნული ნორმების შინაარსი მიუთითებს მასზედ, რომ მხარეთა შორის გაფორმებულია ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რამეთუ მოსარჩელე კანონმდებლობიდან გამომდინარე ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას და სწორედ ამ მიზნით არის დადებული ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე ითხოვს სადავო თანხის გადახდევინების დავალდებულებას.

 

6.2.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

იმავე კოდექსის მიხედვით, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საერთო წესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს, რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს ვალდებულ პირს. თუ მოვალეს ვალდებულების შესრულება გაურთულდა ან მან დაკარგა ხელშეკრულების შესრულების ინტერესი, ეს მას არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოვალეობისაგან. მან თავად იკისრა ვალდებულების შესრულება და თავადვე უნდა ატაროს მისი შეუსრულებლობის რისკი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №ას-888-834-2012). აღნიშნული მსჯელობა გამომდინარეობს სახელშეკრულებო სამართალში დამკვიდრებული ძირითადი პრინციპიდან - Pakta suntan servanda (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს).

 

მოცემულ ვითარებაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება მომსახურების გაწევის თაობაზე შესრულებულია, რასაც ვერ ვიტყვით მოპასუხეებზე, რადგან მოსარჩელის წინაშე შპს ,,ე---’’-ს დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანება შეადგენს 1216,18 ლარს, ხოლო შპს ,,თ---“-ს დავალიანებაა - 1140 ლარი.

 

6.3.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და სამართლებრივი მსჯელობიდან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7.საპროცესო ხარჯები

 

7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ამასთან, სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს ინდივიდუალურად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

1.1.მოპასუხე შპს ,,ე---’’-ს მოსარჩელე მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 1216,18 ლარის გადახდა;

 

1.2.მოპასუხე შპს ,,თ---“-ს მოსარჩელე მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 1140 ლარის გადახდა;

 

2.მოპასუხე შპს ,,ე---’’-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გადახდა;

 

3.მოპასუხე შპს ,,თ---“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გადახდა;

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის ქ. №7ა) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარების დღიდან, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №17).

 

მოსამართლე მანუჩარ ცაცუა