გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.11.2019
საქმის ნომერი
130210019003140742
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე, ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
04.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

130210019003140742

2-665-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ხაშური

შესავალი ნაწილი

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ზაზა რამიშვილი

სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი

მოსარჩელე ნ-----------ძე

წარმომადგენელი გ--------------შვილი

მოპასუხე მ--------------–-შვილი

წარმომადგენელი ლ---------------ლი

დავის საგანი ალიმენტის გადახდევინება, საერთო ქონების გაყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მ--------------–-შვილს გადახდეს ალიმენტი 2013 წლის 7 მარტს დაბადებული ა----------–-შვილის და 2015 წლის 13 აგვისტოს დაბადებული მა-------------–-შვილის სარჩოდ, თვეში თითოეული ბავშვისათვის 300 ლარის ოდენობით;

1.2. ნ-----------ძე აღიარებული იქნეს მეუღლეთა საერთო ქონების - საცხოვრებელი სახლის 3/4 წილის მესაკუთრედ;

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მხარეები არიან 2013 წლის 7 მარტს დაბადებული ა----------–-შვილის და 2015 წლის 13 აგვისტოს დაბადებული მა-------------–-შვილის მშობლები, ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მასთან იმყოფებიან შვილები, რომელთა რჩენისათვის თანხის გადახდაზე მოპასუხე უარს აცხადებს. თითოეულ ბავშვს, კვების, ჰიგიენური საშუალებებისა და ტანსაცმლისათვის ესაჭიროება თვეში 300 ლარი;

მოსარჩელე მოითხოვს მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფას და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არასრულწლოვანი შვილები დედასთან ცხოვრობენ, სასამართლომ გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს, მას მიაკუთვნოს საცხოვრებელი სახლის 3/4 ნაცვლად ნახევრისა;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელი ცნო ალიმენტის - თითოეული ბავშვისათვის თვეში 50 ლარის გადახდევინების მოთხოვნის ნაწილში. ასევე ცნო მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო ქონების ნახევარზე და აღნიშნა, რომ მეტი ოდენობით ალიმენტის გადახდის შესაძლებლობა არ აქვს, რადგან შემოსავალი, ფაქტობრივად, არ გააჩნია, მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისისათვის გადახვევის საფუძველი არ არსებობს;

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1 მხარეები არიან 2013 წლის 7 მარტს დაბადებული ა----------–-შვილის და 2015 წლის 13 აგვისტოს დაბადებული მა-------------–-შვილის მშობლები და ცალ-ცალკე ცხოვრობენ, ბავშვები დედასთან იმყოფებიან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ანა და მა-------------–-შვილების დაბადების მოწმობები (ს.ფ.16-17);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

3.1.2. ქორწინების განმავლობაში მხარეებმა შეიძინეს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ო-------ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომელზეც მ--------------–-შვილის საკუთრების უფლებაა დარეგისტრირებული.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ქორწინების მოწმობა (ს.ფ.15);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.18-19);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს - სასამართლოს, მოპასუხის მიერ არასრულწლოვანი შვილების სარჩოდ გადასახდელი ალიმენტის გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიაჩნია თვეში 80 ლარი თითოეული ბავშვისათვის.

მოსარჩელე აღიარებული უნდა იქნეს სადავო ქონების ნახევრის მესაკუთრედ;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის: 1212-ე, 1214-ე, 1158-ე, 1168-ე მუხლები; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-4 მუხლის პირველი ნაწილი, 102-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

სამოქალაქო კოდექსის: 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ;

1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მოპასუხის შემოსავლების და სამსახურის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლო, აღნიშნულის გარდა, ითვალისწინებს ბავშვების საჭიროებას, მოპასუხის განმარტებას იმის შესახებ, რომ შემოსავალი, ფაქტობრივად, არ გააჩნია, ზოგჯერ, სამ დღეში ერთხელ, 30 ლარს იღებს. მტკიცებულება მისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ წარმოდგენილი არ არის.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს, ალიმენტის გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიაჩნია თვეში 80 ლარი თითოეული ბავშვისათვის;

სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.

მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში არიან 2013 წლიდან. სადავო ქონება შეიძინეს ქორწინების განმავლობაში. შესაბამისად, ის მეუღლეთა თანასაკუთრებაა, მიუხედავად იმისა, რომ მასზე მ--------------–-შვილის საკუთრების უფლებაა რეგისტრირებული;

1168-ე მუხლის თანახმად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით; კერძოდ, ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გადიდდეს იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ანდა - თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ.

აღნიშნული საფუძვლით სასამართლოს შეუძლია თითოეული მეუღლის საკუთრებად ცნოს ის ქონება, რომელიც შეძენილია თითოეული მათგანის მიერ ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის ან მათი ცალ-ცალკე ცხოვრების დროს.

სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის საერთო ქონების გაყოფისას მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს არ უნდა გადაუხვიოს - მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელესთან ცხოვრობს ორი არასრულწლოვანი შვილი მოსარჩელის წილის გადიდების საფუძველი არ არის. სასამართლო მხედველობაში იღებს ასევე, რომ, სადავო სახლის საერთო ფართია 95.9 კვ.მ. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოპასუხეს დარჩება მხოლოდ 24 კვ.მ. სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი გარემოებისას, უსაფუძვლოდ შეილახება მ--------------–-შვილის საკუთრების (ბინის) უფლება;

მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხე ,,ხშირად თამაშობს ტოტალიზატორში“. სასამართლოს მიჩნია, თუნდაც დადასტურების შემთხვევაში, მხოლოდ ეს გარემოება მოპასუხის მიერ ოჯახის ინტერესების საზიანოდ საერთო ქონების ხარჯვის დამადასტურებელი და ამ საფუძვლით მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისისათვის გადახვევის საფუძველი არ არის;

სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა საფუძველზე სარჩელში აღნიშნული არ არის.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ აქვს, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე;

ამდენად, მოპასუხეს უნდა გადახდეს სახელმწიფო ბაჟი იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მთავარ სხდომამდე სარჩელი ნაწილობრივ ცნო - თითოეული ბავშვისათვის თვეში 50 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში და მესაკუთრედ აღიარების მოთხოვნა - 1/2 ნაწილში - რაც სასამართლომ დააკმაყოფილა;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

მოპასუხეს სახელმწიფო ბაჟი უნდა გადახდეს თანხის იმ ნაწილს, რაშიც სარჩელი ცნო (1200 ლარი) და დაკისრებულ თანხას შორის (1920 ლარი) სხვაობიდან (720 ლარი) გამომდინარე, - 21.60 ლარი.

უძრავი ნივთის მესაკუთრედ აღიარების მოთხოვნაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 60 ლარი უნდა დაუბრუნდეს ნ-----------ძის სახელით თანხის შემტანს, რადგან სარჩელი დაკმაყოფილდა იმ ნაწილში, რაშიც მოპასუხემ მთავარ სხდომამდე ცნო;

 

8. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ღონისძიებები

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 ივლისის განჩინებით, ამ საქმეზე, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, უძრავ ნივთს საკადასტრო კოდით 6------------ რომელზეც მ--------------–-შვილის (პირადი ნოემრი 5----------) საკუთრების უფლებაა რეგისტრირებული, დაედო ყადაღა. დაკმაყოფილდა რა სარჩელი, უზრუნველყოფის ღონისძიება არ უნდა გაუქმდეს;

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

მ--------------–-შვილს დაეკისროს ნ-----------ძის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა 2013 წლის 7 მარტს დაბადებული ა----------–-შვილის და 2015 წლის 13 აგვისტოს დაბადებული მა-------------–-შვილის სარჩოდ, თვეში თითოეული ბავშვისათვის 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობით 2019 წლის 9 აგვისტოდან;

2. ნ-----------ძე აღიარებული იქნეს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ო-------ში მდებარე უძრავი ნივთის, საკადასტრო კოდით 6----------- ნახევრის მესაკუთრედ;

3. სახელმწიფო ბაჟის შემტან ლ------------ეს დაუბრუნდეს 2019 წლის 9 აგვისტოს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 60 (სამოცი) ლარი;

მ--------------–-შვილს გადახდეს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი 21 (ოცდაერთი) ლარი და 60 (სამოცი) თეთრი;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (გრ.რობაქიძის ქ.№7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (კოსტავას ქ.№15).

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ზაზა რამიშვილი