გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.10.2019
საქმის ნომერი
160310019003122073
კატეგორია
დავის ტიპი
ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები
თარიღი
23.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 160310019003122073

№3/122-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

23 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე პაატა ფხალაძე

სხდომის მდივანი ელენე თაგაური

 

მოსარჩელე - აფთ------–----------ვი

წარმომადგენელი - ელ-------------–-ძე

მოპასუხე - მა-------–ის მუნიციპალიტეტია მერია

წარმომადგენელი - ბე-------–-ლი

თარჯიმანი - ნა--–----------ოვა

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი მა-------–ის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 9 ივლისის N1472 ბრძანება.

მოსარჩელის განმარტებით, მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდი 83.06.12.7-8, მიმდინარე წლის დასაწყისში ააგო მსუბუქი კონსტრუქციის ფარდული რკინის და მოთუთიებული თუნუქის ფურცლების გამოყენებით. მისთვის ცნობილი არ იყო, რომ მსგავსი ნაგებობების მშენებლობას მსუბუქი კონსტრუქციებით ესაჭიროებოდა ნებართვა. მა-------–ის მუნიციპალიტეტის მერის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2019 წლის 5 ივნისს მიეცა მითითება, რომ გამოესწორებინა დარღვევები 20 დღის ვადაში. აღნიშნულ ვადაში მის მიერ ვერ იქნა მითითება შესრულებული, რის გამოც მა-------–ის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე დაჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ბრძანება არის უკანონო და სამართლებრივად დაუსაბუთებელი, რადგან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოყენებული იქნა კანონი, რომელიც არ უნდა გამოყენებულიყო, კერძოდ, მის დაჯარიმებას საფუძვლად დაედო საქართველოს კანონის ,,საქართველოს სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 123-ე, 124-ე 125-ე და 130-ე მუხლების დანაწესები, რომლებიც ძალაში შევიდა 2019 წლის 3 ივნისიდან, გამომდინარე აქედან, აღნიშნული კანონი გამოიყენება იმ ქმედებებზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდა მისი ძალაში შესვლამდე, რამდენადაც კანონს არ აქვს უკუძალა, მითუმეტეს თუკი იგი აუარესებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მა-------–ის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ აფთ------–----------ვმა სოფელ ქე–--–--ში, მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ააშენა მსუბუქი კონსტრუქციის შენობა, მას აღნიშნული მშენებლობის განხორციელების ნებართვა არ ჰქონდა. მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მის მიმართ 2019 წლის 5 ივნისს შედგა N 49 მითითება, რომლითაც დამრღვევს მიეცა 20 დღიანი ვადა დარღვევის გამოსასწორებლად. მან დარღვევა არ გამოასწორა. 2019 წლის 2 ივლისს ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა მის მიმართ შეადგინა N 104 შემოწმების აქტი. 2019 წლის 9 ივლისს მა-------–ის მუნიციპალიტეტის მერის N 1472 ბრძანებით, უნებართვო მშენებლობის წარმოებისათვის აფთ------–----------ვი დაჯარიმდა 1000 ლარით. უნებართვო მშენებლობა გამოვლენილი იქნა 2019 წლის 5 ივნისს, მოსარჩელეს მიეცა ვადა დარღვევის გამოსასწორებლად, რაც მან არ გამოასწორა. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმეში წარმოდგენილი 2019 წლის 24 ივლისს მომზადებული, საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: მარნეულის რაიონი სოფელი ქე–--–--, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №83.06.12.7-8 საკუთრების უფლებით აღრიცხულია აფთ------–----------ვის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 24/07/2019 (ს.ფ. 15-16)

 

3.1.2. მა-------–ის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის მიერ აფთ------–----------ვის მიმართ 2019 წლის 5 ივნისს შედგენილი იქნა მითითება №49, რომლითაც დადგენილია, რომ მა-------–ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქე–--–--ში აფთ------–----------ვმა უნებართვოდ განახორციელა მშენებლობა. დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა წარედგინა აღნიშნული სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში გატარდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო დარღვევის გამოსწორების ვადად განესაზღვრა 20 კალენდარული დღე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მა-------–ის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის N49 მითითება. (ს.ფ.11 )

3.1.3. მა-------–ის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2019 წლის 2 ივლისს შედგა შემოწმების აქტი N104, რომლითაც დადგინდა, რომ აფთ------–----------ვის მიერ არ იქნა შესრულებული 2019 წლის 5 ივნისის №49 მითითების პირობები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მა-------–ის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის N104 შემოწმების აქტი (ს.ფ.51-52 )

 

3.1.4. მა-------–ის მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2019 წლის 9 ივლისს მიღებული იქნა ბრძანება N1472 უნებართვო მშენებლობის წარმოებისათვის აფთ------–----------ვის დაჯარიმების შესახებ, რომლის თანახმადაც აფთ------–----------ვი დაჯარიმდა 1000 ლარით, მა-------–ის რაიონის სოფელ ქე–--–--ში N83.06.12.7-8 საკადასტრო კოდზე, მშენებარე ობიექტის უნებართვო მშენებლობის წარმოებისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მა-------–ის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 9 ივლისის ბრძანება N1472 (ს.ფ.12 )

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

მხარეებს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, რის გამოც აფთ------–----------ვის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

საქართველოს კანონი ,,საქართველოს სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 32-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - მა-------–ის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 9 ივლისის N1472 ბრძანება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე აფთ------–----------ვის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს მა-------–ის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 9 ივლისის N1472 ბრძანების ბათილად ცნობა, რომლის თანახმადაც აფთ------–----------ვი დაჯარიმდა 1000 ლარით, მა-------–ის რაიონის სოფელ ქესალოში, N83.06.12.7-8 საკადასტრო კოდზე, უნებართვო მშენებლობის წარმოებისათვის. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მას მა-------–ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიეცა მითითება 2019 წლის 5 ივნისს და დაუდგინდა 20 დღის ვადა დარღვევის გამოსასწორებლად. აღნიშნულ ვადაში მის მიერ დარღვევა არ გამოსწორებულა. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მან მშენებლობა აწარმოა უნებართვოდ, მაგრამ მშენებლობა განახორციელა 2019 წლის 3 ივნისამდე, აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეს არ უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს კანონით ,,საქართველოს სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის" ნორმებით, ვინაიდან აღნიშნული კანონი ამოქმედდა 2019 წლის 5 ივნისიდან.

 

საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ნ“ პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განხორციელება, მიწის ნაკვეთისთვის ან/და შენობა-ნაგებობისთვის სამშენებლო განვითარების მიზნებისთვის შეუსაბამო მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის სტატუსის მინიჭება, მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზისა და სერვიტუტის დადგენა, ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე ამ მიზნით იურიდიული პირების დაფუძნება საქართველოს საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში;

 

საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-54 მუხლის პირველი ნაწილის ,,ე.ე“ და ,,ე.ვ“ პუნქტის თანახმად, მერი - თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად ქმნის სათათბირო ორგანოებს − საბჭოებს და სამუშაო ჯგუფებს;

 

დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე ნათელია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მა-------–ის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახური წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა პროექტის დარღვევით მშენებლობის, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება.

 

6.3. საქართველოს კანონი ,,საქართველოს სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 123-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისას სამართალდარღვევის ფაქტზე დამრღვევის მიმართ გასცემს მითითებას, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზედამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნას, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შეასრულოს მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მა-------–ის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის მიერ აფთ------–----------ვის მიმართ 2019 წლის 5 ივნისს შედგენილი იქნა მითითება №49, რომლითაც დადგენილია, რომ მა-------–ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქე–--–--ში აფთ------–----------ვმა უნებართვოდ განახორციელა მშენებლობა. დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა წარედგინა აღნიშნული სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში გატარდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო დარღვევის გამოსწორების ვადად განესაზღვრა 20 კალენდარული დღე.

 

საქართველოს კანონი ,,საქართველოს სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 124-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გასცეს მითითება: მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში ამოწმებს მითითების შესრულებას, ადგენს შემოწმების აქტს და მასში ასახავს ინფორმაციას მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ.

 

დადგენილია ასევე, რომ მა-------–ის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2019 წლის 2 ივლისს შედგა შემოწმების აქტი N104, რომლითაც დადგინდა, რომ აფთ------–----------ვის მიერ არ იქნა შესრულებული 2019 წლის 5 ივნისის №49 მითითების პირობები.

 

6.4. საქართველოს კანონი ,,საქართველოს სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 125-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა (გარდა ამ კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) გამოიწვევს დაჯარიმებას: დაბაში ან სოფელში − 1 000 ლარის ოდენობით.

 

დადგენილია, რომ მა-------–ის მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2019 წლის 9 ივლისს მიღებული იქნა ბრძანება N1472, რომლის თანახმადაც აფთ------–----------ვი დაჯარიმდა 1000 ლარით, მა-------–ის რაიონი სოფელ ქე–--–--ში N83.06.12.7-8 საკადასტრო კოდზე, უნებართვო მშენებლობის წარმოებისათვის.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის აპელირებას იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა ვინაიდან მოსარჩელის აფთ------–----------ვის მხრიდან ადგილი ჰქონდა ქმედებას აღნიშნული კანონის ძალაში შესვლამდე, სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებთ განმარტავს, რომ საქართველოს კანონი ,,საქართველოს სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ XVIII თავი მოცავს კანონის გარდამავალ და დასკვნით დებულებებს, რომლის 144-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, ეს კოდექსი, გარდა ამ კოდექსის პირველი −141-ე მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ამ კოდექსის პირველი −მე -13, მე -15−21-ე, 23-ე −139-ე და 141-ე მუხლები ამოქმედდეს 2019 წლის 3 ივნისიდან.

 

დადგენილია, რომ 2019 წლის 5 ივლისს აფთ------–----------ვის მიმართ გამოვლინდა სამართალდარღვევის ფაქტი, რის გამოც შედგა შემოწმების აქტი N104. მას განესაზღვრა დარღვევის აღნმოსაფხვრელად ვადა, რაც მან არ გამოასწორა. ამასთანავე სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ განმარტა, რომ მშენებლობის წარმოება შეწყვიტა მის მიმართ მითითების გაცემის შემდეგ. სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითების მიღების შემდეგ მოსარჩელეს უნდა განეხორციელებინა ქმედება, რაც მან არ განახორციელა. შესაბამისად, აფთ------–----------ვის მიმართ კანონის წესების დაცვით გავრცელდა ზემოაღნიშნული საქართველოს კანონის ნორმები.

 

6.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, აფთ------–----------ვის სარჩელი უსაფუძვლოა, გასაჩივრებული სადავო აქტი მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და შესაბამისად არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად- 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, აფთ------–----------ვის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. აფთ------–----------ვის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. აფთ------–----------ვის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ბოლნისის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა N113) მეშვეობით.

 

მოსამართლე პაატა ფხალაძე