გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 2/751-19
130210019003180375
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
02.03. 2020 წელი ქ.ხაშური
შესავალი ნაწილი
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნაირა გიგიტაშვილი
სხდომის მდივანი ანნა მოსიაშვილი
მოსარჩელე -ლა–-------------- (მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე), სი---------------- მე------------------
წარმომადგენელი - კუ----------–-------
მოპასუხე -თა----------------- (მოსარჩელე შეგებებულ სარჩელზე).
წარმომადგენელი - გოჩ-----------–---–-
დავის საგანი: ქორწინების შეწყვეტა, არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის დღეების განსაზღვრა, პირადი ნივთების დაბრუნება
დავის საგანი შეგებებულ სარჩელზე -ალიმენტის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შეწყდეს მოსარჩელე ლა–-------------- და მოპასუხე თა-----------------ს შორის 2010 წლის 20 დეკემბერს რეგისტრირებული ქორწინება.
1.2. არასრულწლოვან შვილებთან: -2011 წლის 09 იანვარს დაბადებულ თა----------------თან და 2015 წლის 29 იანვარს დაბადებულ შო------------------თან ურთიერთობის დღეების განსაზღვრა.
1.3 პირადი ნივთების დაბრუნება.
სარჩელის მიხედვით
ლა–------------ 2010 წლის 20 დეკემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოპასუხე თა-----------------სთან და ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ მოსარჩელის მშობლებთან ერთად ხაშურის რაიონის სოფელ იტრიაში. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2011 წლის 09 იანვარს დაბადებული თა--------------ე და 2015 წლის 29 იანვარს დაბადებული შოთიკო ტაბატაძე. ცხრა წლის მანძილზე თანაცხოვრების მიუხედავად მათი ოჯახი ვერ შედგა. ხასიათის შეუთავსებლობის გამო ხშირად მოსდიოდათ კონფლიქტები. ერთერთი ასეთი კონფლიქტის დროს 2019 წლის ივლისის ბოლოს თა----------------- მოსარჩელეს დაემუქრა დაჭერით, უჩივლა პოლიციაში და შვილებთან ერთად წავიდა სახლიდან თავისი მშობლების სახლში, სადაც ცხოვრობს დღემდე. მათი ოჯახის აღდგენა შეუძლებელია. თა----------------- ყველანაირად უშლის ხელს ბავშვებს მამასთან ურთიერთობაში, რისი უფლებაც მას არ აქვს. აღნიშნულის გამო მოსარჩელე ითხოვს შვილებთან ურთიერთობის დღეების განსაზღვრას იმგვარად, რომ ყოველი თვის შაბათ- კვირას 11-12 საათიდან კვირის 12 საათამდე ბავშვები იმყოფებოდნენ მამასთან, ღამით სახლში დარჩენის უფლებით. ასევე საშობაო და საზაფხულო არდადეგების დროს მამას მიეცეს უფლება ბავშვები წაიყვანოს თავისთან 10 დღის ვადით, ღამით სახლში დარჩენის უფლებით.
ანალოგიური სასარჩელო მოთხოვნა (იხ.შეგებებული სარჩელი) აქვთ ლა–------------- მშობლებს: ბავშვების პაპას სი--------------ეს და ბებიას მ------- ტ--------- შვილიშვილებთან: თა----------------თან და შო------------------თან ურთიერთობის დღეების განსაზღვრასთან დაკავშირებით.
შეგებებული სარჩელის მიხდვით ლა–------------ ითხოვს მოპასუხემ დაუბრუნოს მისი ოჯახიდან თავისი მზითვის სახლიდან წაღების დროს, ოჯახიდან თვითნებურად წაღებული მ------- ტაბატაძის კუთვნილი 7 გრამიანი ოქროს ჯაჭვი, ღირებული 1000 ლარად, ლა–------------- ნათლობის ჯვარი თავისი ძეწკვით ღირებული 600 ლარად. ლა–------------- ნიშნობის ბაჯაღლო ოქროს 7 გრამიანი ბეჭედი- ღირებული 700 ლარად. შეგებებულ სარჩელში მითითბული სხვა ნივთების დაბრუნებაზე საქმის მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ უარი განაცხადა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე თა-----------------მ ნაწილობრივ ცნო სარჩელი და განმარტა თანახმაა შეწყდეს მასსა და მოსარჩელე ლა–------------ს შორის ქორწინება, ვინაიდან მოსარჩელის მხრიდან მისი და ბავშვების მიმართ მიმდინარეობდა სისტემატური ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა, რის გამოც იძულებული გახდა თავის შვილებთან ერთად წამოსულიყო მოსარჩელის ოჯახიდან. მათი ოჯახის შენაჩუნება შეუძლებელია.
2.2. მოპასუხე თანახმაა განისაზღვროს ბავშვებთან ურთიერთობის დღეები მამასთან, შაბათ-კვირას 11:00 დან 17:00 საათამდე ღამით მათ სახლში დარჩენის გარეშე, რადგან მოსარჩელე ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ბავშვებზე, განაწყობს მათ დედის საწინააღმდეგოდ. ამასთან, ბავშვებს თავად არ შეუძლიათ და არც სურთ ღამით დედის გარეშე სხვაგან დარჩენა და ამით უფრო მეტ ფსიქოლოგიურ ტრავმას მიიღებენ.
2.3. თა-----------------მ არ ცნო ლა–------------- სასარჩელო მოთხოვნა პირადი ნივთების დაბრუნებასთან დაკავშირებით, იმ მოტივით, რომ მეუღლის ოჯახიდან მას თავისი მზითვის მეტი არანაირი სხვა ნივთი არ წაუღია. ამის მტკიცებულება არ არსებობს. მოსარჩელე სრულიად უსაფუძვლოდ სდებს მას ბრალს თავიანთი ნივთების მითვისებაში, რაც აბსურდია.
3. თა------------------ მოთხოვნა შეგებებლი სარჩელის მიხედვით: ლა–------------ს დაეკისროს ალიმენტი მათი არასრულწლოვანი შვილების: 2011 წლის 09 იანვარს დაბადებულ თა--------------ის და 2015 წლის 29 იანვარს დაბადებულ შო-----------------ს რჩენისათვის თითოეულისათვის 150-150 ლარის ოდენობით, მთლიანად 300 ლარის გადახდა. ლა–------------ს აქვს სამსახური, ხელფასი და ვალდებულია იზრუნოს თავისი არასრულწლოვანი შვილების აღზრდა-განვითარებაზე. რაც შეეხება შეგებებულ სარჩელში მოთხოვნილ პირადი ნივთების დაბრუნებას, თა-----------------მ აღნიშნულზე საქმის მოსამზადებელ ეტაპზე გაიხმო სარჩელი. (იხ.განჩინება).
4. მოპასუხე ლა–------------- პოზიცია თა------------------ შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით:
შვილების რჩენისათვის თანახმაა გადაიხადოს თითოეულ ბავშვზე 60-60 ლარი, მთლიანად 120 ლარი, რადგამ მისი მწირი ხელფასით, რაც შეადგენს 475 ლარს, ვერ უზრუნველყოფს მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტის გადახდასაც და თავისი ოჯახის რჩენააც.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ლა–----------ე და თა----------------- 2010 წლის 20 დეკემბრიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა განმარტება
-სარჩელი, შესაგებელი
-ქორწინების მოწმობა N 65191000382 გაცემული 2010 წლის 5 სექტემბერს სსგს ხაშურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ.
ლა–------------ს და თა-----------------ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2011 წლის 9 იანვარს დაბადებული თა--------------ე და 2015 წლის 28 იანვარს დაბადებული შოთიკო ტაბატაძე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- თა--------------ის და შოთიკო თაბატაძის დაბადების მოწმობები. (ს.ფ 15-16)
3.1.3 2019 წლის ივლისიდან მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და შვილები იზრდებიან თა------------------ მშობლების საცხოვრებელ მისამართზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს3.
_ მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. ლა–------------ მუშაობს შპს"ლოჭინი"-ში მეხანძრის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიურად დარიცხული ხელფასი შეადგენს 475 ლარს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს
_ მხარეთა ახსნა-განმარტება
-ცნობა ხელფასის შესახებ.
3.2. დადგენილი სადაო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.2. თა-----------------მ ლა–------------- სახლიდან თავისი მზითვის წაღების დროს წაიღო ასევე ოჯახის კუთვნილი 7 გრამიანი ოქროს ჯაჭვი, ღირებული 1000 ლარად, ლა–------------- ნათლობის ჯვარი თავისი ძეწკვით ღირებული 600 ლარად. ლა–------------- ნიშნობის ბაჯაღლო ოქროს 7 გრამიანი ბეჭედი- ღირებული 700 ლარად.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეგებებული სარჩელი.
- მხარის განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლომ განიხილა რა საქმე, მიიჩნევს რომ ლა–------------- სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. ასევე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს თა------------------ შეგებებული სარჩელი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე, 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1230-ე, 1234-ე და სხვ. მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლების თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.
საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, იქნება თვეში 100-100 ლარი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.
6.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1127-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: “განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით”. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად “განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა”.
სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია, ვინაიდან მხარეები ცალ-ცალკე ცხოვრობენ აღნიშნულისა და საქმის სხვა ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ლა–-------------- და მოპასუხე თა-----------------ს შორის ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.
6.4 .საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1132-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად “განქორწინების შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება აღსრულდება ერთ-ერთი ან ორივე მეუღლის მოთხოვნით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან არა უგვიანეს 3 წლისა, სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში რეგისტრაციის საშუალებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1138-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად “სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე განქორწინების რეგისტრაციას ახდენს სააგენტოს ტერიტორიული სამსახური ორივე ან ერთ-ერთი მეუღლის განცხადებით”.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ლა–-------------- და მოპასუხე თა-----------------ს შორის უნდა შეწყდეს 2010 წლის 20 დეკემბერს რეგისტრირებული ქორწინება.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. 1198.1-ე მუხლით მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილით მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან. დავას არ იწვევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეები არიან არასრულწლოვნების თამთა და შოთიკო ტაბატაძეების მშობლები. ასევე უდაოა, რომ მხარეები ერთად არ ცხოვრობენ. დასაქმებულია მხოლოდ ლა–------------. არსრულწლოვნები ცხოვრობენ დედსათან ერთად. ასევე უდაოა, რომ თამთა 9 წლისაა, შოთიკო - 5 წლის. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ თამთა დადის სკოლაში, შოთიკო ბაგა-ბაღში, ხოლო დასვენებისა და უქმე დღეებში არიან სახლში. ბავშვებს უფლება აქვთ ურთიერთობა იქონიონ, როგორც დედასთან ისე მამასთან. არასრულწლოვან შვილებთან მამის ურთიერთობის განსაზღვრის დროს სასამართლო უპირველეს ყოვლისა ითვალისწინებს ბავშვების ინტერესებს. ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოს ხაშურის რაიონული განყოფილების 2020 წლის 10 თებერვლის N07-20-1-487 დასკვნას, რომლის მიხედვით ყოფილ მეუღლეებს შორის წარმოქმნილი უთანხმოების უმტკივნეულოდ მოგვარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესებისათვის. ბავშვებს უყვართ ორივე მშობელი, სურთ მამის ოჯახთან ურთიერთობა. აქედან გამომდინარე ბავშვების მამას უნდა მიეცეს შვილებთან ურთიერთობის უფლება რათა არ დაირღვეს მათ შორის მიჯაჭვულობა.
6.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1203-ე მუხლის მიხედვით პაპასა და ბებიას უფლება აქვთ ურთიერთობა იქონიონ თავიანთ არასრულწლოვან შვილიშვილებთან, მაშინაც როდესაც ისინი უშუალოდ არ მონაწილეობენ შვილიშვილების აღზრდაში. თუ მშობლები უარს ეუბნებიან პაპასა და ბებიას შვილიშვილებთან ურთიერთობაზე, სასამართლოს შეუძლია დაავალდებულოს მშობლები საშუალება მისცენ პაპასა და ბებიას ურთიერთობა იქონიონ შვილიშვილებთან სასამართლოს მიერ დადგენილი წესით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2019 წლის ივლისამდე , ვიდრე მოსარჩელე და მოპასუხე ერთმანეთს დაშორდებოდნენ, მათი არასრულწლოვანი შვილები იზრდებოდნენ პაპისა და ბებიის, მ------- და სი--------------ეების ოჯახში, მათი მზრუნველობის და მეთვალყურეობის ქვეშ. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ მცირეწლოვან ბავშვებთან ურთიერთობის განსაზღვრის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა სრულად უნდა დაკმაყოფილდეს. მამას, ლა–------------ს, პაპას და ბებიას სიმონ და მ------- ტაბატაძეებს უნდა განესაზღვროს შვილებთან (შვილიშვილებთან) - თამთა და შოთიკო ტაბატაძეებთან ურთიერთობის დღეები, ყოველი თვის შაბათი-კვირა, შაბათის 11:00 - 12:00 საათიდან, კვირის 12:00 საათამდე პერიოდის განმავლობაში, სახლში წაყვანის და ღამე დარჩენის უფლებით. საშობაო და საზაფხულო დასვენებების დროს ლა–------------ს, სი--------------ეს და მ------- ტ---------, არასრულწლოვან თა----------------თან და შო------------------თან განესაზღვროთ 10(ათი) დღით ურთიერთობა, სახლში წაყვანის და ღამე დარჩენის უფლებით.
6.7. საქმის განხილვის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს ლა–------------- მოთხოვნა, მისი ოჯახის კუთვნილი 1000 ლარად ღირებული 7 გრამიანი ოქროს ჯაჭვის, 600 ლარად ღირებული მისი ნათლობის ჯვრის (ძეწკვით) და 700 ლარად ღირებული ნიშნობის ბაჯაღლო ოქროს რგოლის მოპასუხისაგან დაბრუნების თაობაზე, რადგან სასამართლო სხდომაზე დადასტურება ვერ ჰპოვა მოსარჩელის ოჯახიდან მოპასუხის მიერ აღნიშნული ნივთების წაღების და მითვისების ფაქტმა. თა-----------------მ კატეგორიულად უარყო მოსარჩელის ოჯახიდან მათი კუთვნილი ნივთების დაუფლების შესახებ. გარდა ლა–------------- განმარტებისა აღნიშნულის სამტკიცებლად საქმეში რაიმე უტყუარი მტკიცებულება არ მოიპოვება, რის გამოც ამ მიმართებით სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად: `სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.~
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: ,,იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრვ, მაშინ მოსარჩელს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა’’.
იმის მხედველობაში მიღებით, რომ მოპასუხემ განქორწინების ნაწილში საქმის მოსამზადებელ სხდომაზევე ცნო სარჩელი, მას არ უნდა დაეკისროს სარჩელის ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო kodeqsis 1127-ე, 1212-ე, 1214-ე, 1230-ე, 1234-ე მუხლებით, samoqalaqo საპროცესო კოდექსის, 248-249-ე, 257-ე, 352-ე 356-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1 .ლა–------------- სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს მოსარჩელე ლა–-------------- (პ/ნ 5----------) და მოპასუხე თა-----------------ს (პ/ნ 5----------) შორის 2010 წლის 20 დეკემბერს რეგისტრირებული ქორწინება და გაუქმდეს ქორწინების შესახებ სააქტო ჩანაწერი №6-----------
3.ლა–------------ს (პ/ნ 5----------), სი--------------ეს (------------ და მ------- ტ--------- (პ/ნ 5----------), არასრულწლოვან ბავშვებთან: - 2011 წლის 09 იანვარს დაბადებულ თა----------------თან (პ/ნ 6----------) და 2015 წლის 28 იანვარს დაბადებულ შო------------------თან (პ/ნ 6----------) ურთიერთობისათვის განესაზღვროთ ყოველი თვის შაბათი-კვირა, შაბათის 11:00 - 12:00 საათიდან, კვირის 12:00 საათამდე პერიოდის განმავლობაში, სახლში წაყვანის და ღამე დარჩენის უფლებით. საშობაო და საზაფხულო დასვენებების დროს ლა–------------ს, სი--------------ეს და მ------- ტ---------, არასრულწლოვან თა----------------თან და შო------------------თან განესაზღვროთ 10(ათი) დღით ურთიერთობა, სახლში წაყვანის და ღამე დარჩენის უფლებით.
4. ლა–------------- შეგებებული სარჩელი პირადი ნივთების დაბრუნების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
5. თა------------------ შეგებებული სარჩელი ლა–------------- მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
6. ლა–------------ს (პ/ნ 5----------) თავისი არასრულწლოვანი შვილების: 2011 წლის 09 იანვარს დაბადებულ თა--------------ის (პ/ნ 6----------) და 2015 წლის 28 იანვარს დაბადებულ შო-----------------ს (პ/ნ 6----------) რჩენისათვის დაეკისროს თითოეული შვილისათვის ყოველთვიურად 100-100 ლარის, მთლიანად 200 (ორსი) ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2019 წლის 13 თებერვლიდან, სრულწლოვანების ასაკს მიღწევამდე, ან მდგომარეობის არსებითად შეცვლამდე.
7. ლა–------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 72 ლარის გადახდა.
8 ლა–------------ს დაუბრუნდეს 2019 წლის 10 სექტემბერს N 21516296 საგადასახადო დავალებით სახელმწიფო ხაზინაში ჩარიცხული თანხიდან, 100 ლარიდან 50 ლარი. დანარჩენი თანხა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
9.მოპასუხე თა-----------------ს ლა–------------- სასარგებლოდ დაეკისროს 50 ლარის გადახდა.
10.გადაწყვეტილების გასაჩივრება შეიძლება თბილისის სააპელაციო სასამართლოში(მის.რობაქიძის ქ.#7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ხაშურის რაიონული სასამართლოს (მის: კოსტავას ქ.#15) მეშვეობით.
11 გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე
ნაირა გიგიტაშვილი