გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.11.2019
საქმის ნომერი
180310019003116656
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
05.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/447-18 (180310019003116656)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. მცხეთა

 

შესავალი ნაწილი

 

მცხეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა

სხდომის მდივანი - ნინო ჯანხოთელი

 

მოსარჩელე - ,,ელ-------–-----–------------–------დ’’

წარმომადგენლები: გი----------–---–ი, ხა---------------–---ი

 

მოპასუხეები: საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ,,საქპატენტი’’

წარმომადგენლები: თა--------------ძე, გი-----------–---–--ა

 

დავის საგანი: ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1.სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.29.05.2018 წლის არსობრივი ექსპერტიზის დასკვნის და მის საფუძველზე გამოცემული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საქპატენტის 29.05.2018 წლის N2---/03 ბრძანების ბათილად ცნობა;

 

1.2.სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქპატენტის სააპელაციო პალატის 17.10.2018 წლის N8---/2018 გადაწყვეტილების და მის საფუძველზე გამოცემული 16.11.2018 წლის N4--/12 ბრძანების ბათილად ცნობა;

 

1.3.საქპატენტის დავალდებულება გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი N9----/3 განაცხადით წარდგენილი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ.

 

2.მოპასუხის პოზიცია

 

2.1.მოპასუხე მხარემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი და ითხოვა მოსარჩელეს უარი ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

3.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოება

 

3.1.1. 19.05.2017 წელს ელ-------–-----–------------–------დმა საქპატენტში წარადგინა N9----/3 განაცხადი, რომლითაც მოითხოვა გამოსახულებითი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია.

 

მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი გამოსახულებითი სასაქონლო ნიშანი განეკუთვნება ნიცის კლასიფიკაციის 3--ე კლასის საქონლის შემდეგ ჩამონათვალს: ,,სიგარეტი, თამბაქო, თამბაქოს ნაწარმი, მწეველთა საკუთნო, სანთებელა, ასანთი’’.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-განაცხადი (ს.ფ. 13);

-არსობრივი ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ 14);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 29.10.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 29.05.2018 წელს საქპატენტში ჩატარდა არსობრივი ექსპერტიზა, რომლის დასკვნით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი გამოსახულებითი სასაქონლო ნიშანი ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, არ ექვემდებარება რეგისტრაციას, რადგან შედგება მხოლოდ გამოსახულებითი ნაწილისაგან და წარმოადგენს სიგარეტის ფილტრის გამოსახულებას, კერძოდ, ცილინდრული ფიგურის გამოსახულებას, რომლის გარე ზედაპირი წარმოადგენს ნარინჯისფერს, ხოლო შიდა მხარე თეთრ ფერს, რაც ტრადიციულად გამოიყენება თამბაქოს ინდუსტრიაში.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ექსპერტიზის დასკვნით მიჩნეულ იქნა, რომ სარეგისტრაციოდ განცხადებული გამოსახულებითი სასაქონლო ნიშანი არაგანმასხვავებელუნარიანია იმ საქონლის მიმართ, რომლისთვისაც მოითხოვება მისი რეგისტრაცია და არ შესწევს უნარი შეასრულოს სასაქონლო ნიშნის ძირითადი ფუნქცია - განასხვავოს ერთი საწარმოს საქონელი მეორე საწარმოს საქონლისაგან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-განაცხადი (ს.ფ. 13);

-არსობრივი ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 14);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 29.10.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.2. 29.05.2018 წლის არსობრივი ექსპერტიზის დასკვნა საფუძვლად დაედო საქპატენტის მიერ 29.05.2018 წლის N2---/03 ბრძანების გამოცემას, რომლითაც უარი ეთქვა რეგისტრაციაზე მოსარჩელის მიერ წარდგენილ სასაქონლო ნიშანს (საიდ. N9----/3) საქონლისა და მომსახურების განცხადებული ჩამონათვალის მიმართ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-განაცხადი (ს.ფ. 13);

-არსობრივი ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 14);

-ბრძანება (ს.ფ. 16);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 29.10.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.3.მოსარჩელე ელ-------–-----–------------–------დმა სააპელაციო საჩივრით მიმართა საქპატენტის სააპელაციო პალატას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ 29.05.2018 წლის N2---/03 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

სააპელაციო პალატამ იმსჯელა მითითებული ბრძანების კანონიერებაზე და 17.10.2018 წლის გადაწყვეტილებით საფუძვლიანად უთხრა უარი მოსარჩელეს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რადგან სარეგისტრაციოდ განცხადებული სასაქონლო ნიშნის მიმართ არსებობს ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

17.10.2018 წლის გადაწყვეტილება დამტკიცებულია სააპელაციო პალატის 16.11.2018 წლის N4--/12 ბრძანებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-განაცხადი (ს.ფ. 13);

-არსობრივი ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 14);

-ბრძანება (ს.ფ. 16);

-გადაწყვეტილება (ს.ფ. 30);

-ბრძანება (ს.ფ. 29);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 29.10.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის მასალების გაცნობის, პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5.ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია; ,,ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის დამფუძნებელი კონვენცია’’; ,,სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია’’; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონი.

 

6.სამართლებრივი შეფასება

 

6.1.სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

ვინაიდან, მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული დასკვნა, ბრძანებები და გადაწყვეტილება ერთობლიობაში წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2.ვინაიდან განსახილველი დავის საგანი პირდაპირ კავშირშია საკუთრების უფლებასთან, უპირველესად სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მიუთითოს, რომ საკუთრების უფლება დაცული და უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციით, რომლის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

 

ასევე, ყურადსაღებია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმი, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების ძირითადი უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია ასევე პირის მოთხოვნის უფლება, რომელიც კანონმდებლობით წარმოეშობა მას და იგი ისეთივე დაცვის ღირსი ობიექტია, როგორც მთლიანად საკუთრების უფლება.

 

ამრიგად, საქართველოს კანონმდებლობით განმტკიცებულია საკუთრება, როგორც ძირითადი უფლება, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს ამ უფლების რეალურ განხორციელებას. ამისთვის საჭიროა, რომ იგი დაცული იყოს, როგორც ეფექტური სასამართლო სისტემით, ასევე სახელმწიფო ორგანოთა მხრიდან კანონიერი, სამართლიანი და კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლითაც კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება სწორედ ასეა განმარტებული (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება №1/------,228 საქმეზე სააქციო საზოგადოებები - „საქ----------------------ი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, გვ.5), კერძოდ, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლება (კონსტიტუციის ძველი რედაქცია) პირველ რიგში გულისხმობს საკუთრების უფლების ყველასათვის თანაბრად აღიარებასა უზრუნველყოფას, იმისაგან დამოუკიდებლად, თუ რა სახით ვლინდება საკუთრების უფლება - ფიზიკურ ნივთებზე უშუალო საკუთრების უფლებით, თუ მოთხოვნის უფლებაზე საკუთრებით. იქვე, საკონსტიტუციო სასამართლო უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც მოთხოვნის უფლება, ასევე შეიძლება განხილულ იქნეს როგორც საკუთრების უფლება.

 

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართლის მიხედვით, საკუთრების ცნება, ასევე მოიცავს მოთხოვნის უფლებას და იგი კონვენციის პირველი დამატებითი ოქმით გარანტირებული საკუთრების უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია (იხ. თუნდაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ საჩივრის №7975/06 გვ. 16). აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ამ მხრივ საჭიროა იმის შეხსენება, რომ მოცემულ სფეროში ჩამოყალიბებული პრეცედენტული სამართლის მიხედვით, „ქონების“ ცნება შეიძლება მოცავდეს, როგორც „ამჟამინდელ ქონებას“, ისე ქონებრივ ღირებულებებს, მათ შორის, ვალებს, რომლებზე დაყრდნობითაც მომჩივანს შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს სულ ცოტა „ლეგიტიმური მოლოდინის“ ქონაზე, მიიღოს სარგებელი საკუთრების უფლებიდან.

 

მცხეთის რაიონული სასამართლო განმარტავს, რომ არსებობს საკუთრების სხვადასხვა სახე, რომელთა შორისაა ინტელექტუალური საკუთრება. საკუთრების ნებისმიერი სხვა უფლების მსგავსად, ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებები პატენტის, სასაქონლო ნიშნის, დიზაინის, საავტორო უფლების მფლობელს, სელექციონერს შესაძლებლობას აძლევს, მიიღოს სარგებელი საკუთარი ნაშრომიდან ან ინვესტიციიდან.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველო 1991 წლიდან ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის დამფუძნებელი კონვენციის წევრი სახელმწიფოა და მითითებული კონვენციის თანახმად, ინტელექტუალური საკუთრება მოიცავს უფლებებს, რომლებიც ეხება ლიტერატურის, ხელოვნებისა და სამეცნიერო ნაწარმოებებს; მსახიობ-შემსრულებელთა გამოსვლებს, ფონოგრამებსა და საეთერო მაუწყებლობის პროგრამებს; გამოგონებებს ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში; მეცნიერულ აღმოჩენებს; სამრეწველო ნიმუშებს; სასაქონლო ნიშნებს, მომსახურების ნიშნებს, საფირმო სახელწოდებებსა და კომერციულ აღნიშვნებს; არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთას და ყველა სხვა უფლებას, რომლებიც გამომდინარეობს ინტელექტუალური საქმიანობიდან მრეწველობის, მეცნიერების, ლიტერატურის ან ხელოვნების სფეროებში.

ინტელექტუალურ საკუთრება გულისხმობს სამრეწველო საკუთრებას, რის შესახებაც ყურადღების მიღმა ვერ დარჩება აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შემადგენელ ნაწილად ქცეული ,,სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია’’, რომლის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, სამრეწველო საკუთრების დაცვის ობიექტებია პატენტები, სასარგებლო მოდელები, სამრეწველო დიზაინები, სასაქონლო ნიშნები, მომსახურების ნიშნები, საფირმო სახელწოდებები, წარმოშობის აღნიშვნები და ადგილწარმოშობის დასახელებები, აგრეთვე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთა; სამრეწველო საკუთრება ფართო მნიშვნელობით არის გაგებული და ეხება არა მხოლოდ უშუალოდ მრეწველობასა და კომერციას, არამედ სოფლის მეურნეობას, მოპოვებით მრეწველობას და ყველა სამრეწველო და ბუნებრივ პროდუქტს, მაგალითად, ღვინოს, მარცვლეულს, თამბაქოს ფოთოლს, ხილს, მსხვილფეხა რქოსან საქონელს, სასარგებლო წიაღისეულს, მინერალურ წყალს, ლუდს, ყვავილებსა და ფქვილს.

 

ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს მასზედ, რომ ინტელექტუალური საკუთრება არის გონებრივი შემოქმედების შედეგი, რაც გამოიხატება ხსენებული დაცვის ობიექტებში და გააჩნია სიახლის თვისება.

 

„ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ“ შეთანხმების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წინამდებარე შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი ,,ინტელექტუალური საკუთრება” მოიცავს სასაქონლო ნიშანსაც. ამავე შეთანხმების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნებისმიერი ნიშანი, ან ნიშანთა ერთობლიობა, რომელსაც უნარი შესწევს ერთი საწარმოს საქონელი ან მომსახურება განასხვაოს სხვა საწარმოთა საქონლის ან მომსახურებისაგან, შეიძლება წარმოადგენდეს სასაქონლო ნიშანს.

 

,,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართლით, სასაქონლო ნიშანი, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად მისი რეგისტრაციის მომენტიდან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით დაცულ ,,ქონებას“ წარმოადგენს, შესაბამისად, რეგისტრაციის პროცედურების დასრულების შემდგომ, სასაქონლო ნიშანი ხდება საკუთრების ობიექტი და მასზე ვრცელდება დაცვის ყველა სამართლებრივი რეგულაცია (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება Anheuser-Busch Inc. v. Portugal [GC], no. 73049/01, §§ 66-72, ECHR2007-I/.)" (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილება, საქმე #ას-1285-1223-2014).

 

მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული აქტები, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა განცხადებული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე. ამ საკითხს კი არეგულირებს სპეციალური ნორმატიული აქტი - საქართველოს კანონი ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’. კერძოდ, კანონის მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან (შემდგომში – საქონელი); სიმბოლო შეიძლება იყოს: სიტყვა ან სიტყვები, აგრეთვე ადამიანის სახელი; ასოები; ციფრები; ბგერები; გამოსახულება; სამგანზომილებიანი ფიგურა, მათ შორის, საქონლის ფორმა ან შეფუთვა ისევე, როგორც საქონლის სხვა გარეგნული გაფორმება ფერის ან ფერთა კომბინაციის გამოყენებით; სასაქონლო ნიშანი დაცულია „საქპატენტში“ მისი რეგისტრაციის ან საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე.

 

აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ სასაქონლო ნიშანი, როგორც სიმბოლო, შესაძლებელია გამოხატული იქნეს სხვადასხვა ფორმით, მათ შორის იყოს უბრალოდ გამოსახულებითი, თუმცა იმისათვის, რომ მოხდეს მისი საქპატენტში რეგისტრაციით დაცვა, რაც ნიშნავს რეგისტრაციით აღიარებული მესაკუთრისათვის სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მინიჭებას და მისი მხრიდან ამ უფლების გამოყენებით სხვა პირთა მიმართ სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვას, აუცილებელია დასარეგისტრირებელი სასაქონლო ნიშანი განსხვავდებოდეს სხვა სასაქონლო ნიშნისაგან ან იმ საქონლისაგან, რომლის მიმართაც მოთხოვნილია მისი რეგისტრაცია. ამ იდეას ასახავს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტი, როგორც სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის აბსოლუტური საფუძველი, რომლითაც უპირობოდ, სხვა პირის საკუთრების უფლების ყოველგავრი შესწავლის, დაინტერესებული პირის მიერ საქპატენტში წარდგენილი სასაქონლო ნიშნის სხვა რეგისტრირებული პირის კუთვნილ სასაქონლო ნიშანთან შედარების გარეშე, სასაქონლო ნიშნად არ რეგისტრირდება სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც არაგანმასხვავებელუნარიანია შესაბამისი საქონლის მიმართ. სწორედ ეს ნორმა დაედო საფუძვლად სადავო აქტების გამოცემას, შესაბამისად, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართებულად გამოიყენა იგი მოპასუხემ.

 

სასამართლო მხარეთა ყურადღებას ასევე შეაჩერებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ განჩინებაზე, რომლითაც განმარტა შემდეგი: ,,თავად საკითხიდან გამომდინარე, ვინაიდან მსგავსება-განსხვავების შესწავლა საშუალო მომხმარებლის მხრიდან ორ პროდუქციას შორის გარჩევის საკითხს შეეხება, საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული სწორედ პროდუქციის ერთიანი იერ-სახისა და არა მისი ინდივიდუალური ნიშნების ურთიერთშედარებით უნდა განხორციელდეს, რადგანაც საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთების შემთხვევაში, რომელთაც ყოველდღიურად იძენს მომხმარებელი, რა თქმა უნდა არ არის აღრევის საშიშროება თუკი სახეზე იმდენად მკვეთრი განმასხვავებელი ნიშნებია, რომლებიც მინიმუმ მომხმარებლის დაინტერესებას გამოიწვევს‘’ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის განჩინება, საქმე #ას-936-901-2016).

 

სასამართლო თვლის, რომ მოპასუხის პოზიცია მართებულია, რამდენადაც საქპატენტში წარდგენილ სასაქონლო ნიშანს (N9----/3) ნამდვილად არ გააჩნია განმასხვავებელუნარიანობა ნიცის კლასიფიკაციის ჩამონათვალის 3--ე კლასის საქონლის შემდეგმ მოთხოვნილი ჩამონათვალის მიმართ: ,,სიგარეტი, თამბაქო, თამბაქოს ნაწარმი, მწეველთა საკუთნო, სანთებელა, ასანთი’’, რამდენადაც სასაქონლო ნიშანი შედგება მხოლოდ გამოსახულებითი ნაწილისაგან და წარმოადგენს სიგარეტის ფილტრის, კერძოდ, ცილინდრული ფიგურის გამოსახულებას, რომლის გარე ზედაპირი არის ნარინჯისფერი, ხოლო შიდა მხარე თეთრ ფერი, რაც ტრადიციულად გამოიყენება თამბაქოს ინდუსტრიაში.

 

6.3.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 3--ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს არ მიუთითებია, თუ სადავო აქტების მიღების დროს კანონით დადგენილი რომელი მოთხოვნა დაირღვა მოპასუხის მიერ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის შესაბამისად მხარეები თვითონ არიან ვალდებულნი წარუდგინონ მტკიცებულებები სასამართლოს.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან.

 

7.საპროცესო ხარჯები

 

7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ელ-------–-----–------------–------დის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. N7ა) მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. მცხეთა, სამხედროს ქუჩა N17) 14 დღის ვადაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე: მანუჩარ ცაცუა