გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
130210019003141176
2-666-19
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
12 ნოემბერი, 2019 წ. ქ. ხაშური
ხ-–------ რაიონული სასამართლო
მოსამართლე ზაზა რამიშვილი
სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი
მოსარჩელე დ--–--------–ვილი
წარმომადგენელი ქეთევან გონგლაძე
მოპასუხე შ-----------------------------------------------
წარმომადგენლები ოლეგ გრძელიძე და მარიამ რუსაძე
დავის საგანი ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხეს დაეკისროს დ--–--------–ვილის სასარგებლოდ 24 463 ლარის და 54 თეთრის გადახდა. სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელის საკუთრებაშია უძრავი ქონება - საცხოვრებელი სახლი - ხ-–------ მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----–ი, სადაც მოპასუხე - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ--------------------------------------------' აწარმოებს სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას. მშენებლობის დროს განხორციელებულმა მრავალჯერადმა აფეთქებებმა გამოიწვია მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის დაზიანება; სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული აფეთქებითი სამუშაოების შედეგად; მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მოქმედებით მიყენებული ზიანია 24 463 ლარი და 54 თეთრი - ინდმეწარმე ზვიად გოგოლაძის მიერ შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით - სახლის გამაგრებისა და ექსპლუატაციისათვის ვარგის მდგომარეობაში მოყვანისათვის საჭირო თანხა;
2. მოპასუხის პოზიცია მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ--------------------------------------------' სარჩელს არ ცნობს იმ გარემოებებზე მითითებით, რომ მოსარჩელის სახლის დაზიანება არ არის გამოწვეული მოპასუხის ბრალით: - მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა დაუსაბუთებელია;
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელის საკუთრების უფლებაა დარეგისტრირებული ხ-–------ მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----–ი მდებარე უძრავ ნივთზე 1234.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა ნაგებობებზე საკადასტრო კოდით 6----------- (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს.ფ.16);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელის კუთვნილი სახლი დაზიანებულია და ის გამოწვეულია მოპასუხის მიერ განხორციელებული აფეთქებითი სამუშაოებით.
მოსარჩელემ წარმოადგინა საჯარო სამართლის იურიდიული პირი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ.17-29), რომლის თანახმად, დ--–--------–ვილის საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია საძირკვლების ჯდენითი დეფორმაციებით და ექსპლუატაციის მანძილზე გადატანილი სახვადასხვა ინტენსიობის მიწისძვრებით. შენობის კედლებზე არსებული ბზარების მდებარეობა, სხვადასხვა მიმართულება მიუთითებს იმაზე, რომ ისინი გამოწვეულია სოფელ ქ--–----–ი რკინიგზის N9 გვირაბის მშენებლობის პროცესში მრავალჯერადი აფეთქებების შედეგად წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით, რამაც სუსტ გრუნტებში განავითარა ჯდენითი დეფორმაციები, რასაც შედეგად მოჰყვა შენობაში ბზარების გაჩენა. დაზიანებათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით, საცხოვრებელ სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები მესამე ხარისხისაა, რომლის საექსპლუატაციო მედეგობა საგრძნობლად დაქვეითებულია. მისი ტექნიკური მდგომარეობა ფასდება არადამაკმაყოფილებლად და ექვემდებარება კაპიტალურ გამაგრებას დეტალური გამოკვლევის საფუძველზე დამუშავებული პროექტით.
მოპასუხე მხარემ წარმოადგინა აფეთქებების მონიტორინგის საერთაშორისო კომპანია ,,ექსორიქსის" და შპს ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნები. ,,ექსორიქსის" დასკვნის თანახმად, მოსარჩელის სახლი აფეთქების ზემოქმედების ზონაში არ მდებარეობს და შესაბამისად, მისი დაზიანება არ არის გამოწვეული მოპასუხის მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად;
3.2.2. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სახლის რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხაა 24 463 ლარი და 54 თეთრი;
მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შპს ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნაში აღნიშნულია, რომ სახლზე არსებული დაზიანებების აღდგენითი-სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებაა 4 557 ლარი;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა დადგენილია მოპასუხე მხარის ბრალეულობა მოსარჩელისათვის ზიანის მიყენებაში. ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნული დაზიანებების და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში მითითებული სამუშაოების ღირებულების ურთიერთშედარების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს 20 000 ლარის გადახდა;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი
6. სამართლებრივი შეფასება
სარჩელის დაკმაყოფილების დასაბუთება 6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ წინაპირობებს, რომლებიც აუცილებელია დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციასთან. აქედან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტის დასკვნაში მითითებული მიზეზით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს; ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით; საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით; შედეგად; ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად დ--–--------–ვილის საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია საძირკვლების ჯდენითი დეფორმაციებით და ექსპლუატაციის მანძილზე გადატანილი სახვადასხვა ინტენსიობის მიწისძვრებით. შენობის კედლებზე არსებული ბზარების მდებარეობა, სხვადასხვა მიმართულება მიუთითებს იმაზე, რომ ისინი გამოწვეულია სოფელ ქ--–----–ი რკინიგზის N9 გვირაბის მშენებლობის პროცესში მრავალჯერადი აფეთქებების შედეგად წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით, რამაც სუსტ გრუნტებში განავითარა ჯდენითი დეფორმაციები, რასაც შედეგად მოჰყვა შენობაში ბზარების გაჩენა. დაზიანებათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით, საცხოვრებელ სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები მესამე ხარისხისაა, რომლის საექსპლუატაციო მედეგობა საგრძნობლად დაქვეითებულია. მისი ტექნიკური მდგომარეობა ფასდება არადამაკმაყოფილებლად და ექვემდებარება კაპიტალურ გამაგრებას დეტალური გამოკვლევის საფუძველზე დამუშავებული პროექტით. მოპასუხემ, ამ დასკვნის საწინააღმდეგოდ, წარმოადგინა აფეთქებების მონიტორინგის საერთაშორისო კომპანია ,,ექსორიქსის" და შპს ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნები. ,,ექსორიქსის" დასკვნის თანახმად, მოსარჩელის სახლი აფეთქების ზემოქმედების ზონაში არ მდებარეობს და შესაბამისად, მისი დაზიანება არ არის გამოწვეული მოპასუხის მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად; მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, სახლის რეაბილიტაციისათვის საჭიროა 24 463.54 ლარი მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის სახლის დაზიენებების აღდგენითი-სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებაა 4 557 ლარი; მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დასკვნა, როგორც მასშია აღნიშნული, შედგენილია სამთო-სამონტაჟო-აფეთქებადი საქმის საკონსულტაციო და საინჟინრო მომსახურების კომპანია ,,ექსორიქსის" 2017 წლის ივლისში შედგენილ დასკვნის ანგარიშებზე დაყრდნობით. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 14 თებერვლის დასკვნა ემყარება გამოსაკვლევი ობიექტის 2019 წლის 11 იანვრის ვიზუალურად შესწავლას. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შპს ,,აუდიტ-სევის-ცენტრის“ მიერ გაცემული ექსპერტის დასკვნისაგან განსხვავებით, რომელიც უძრავი ნივთის დაზიანების რამოდენიმე სავარაუდო მიზეზზე მიუთითებს, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე შედგენილ დასკვნაში კატეგორიულად არის მითითებული სახლის დაზიანების ერთადერთ მიზეზზე - მოპასუხის მიერ გვირაბის მშენებლობისას წარმოებულ სამუშაოებზე; აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანების მიზეზის შესახებ, - მიუთითებს რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე და 105-ე მუხლებზე, რომელთა თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში. ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნიდან ჩანს, რომ ექსპერტიზა ჩატარდა მოსარჩელის სახლის დაზიანებების შესწავლის, მათი წარმოშობის მიზეზების და შესაძლო სეისმური მოვლენების შედეგად მიყენებული ზიანის აღდგენითი ღირებულების განსაზღვრის მიზნით. შინაარსის მიხედვით, ამ დასკვნით რევიზია გაუკეთდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას და მასში აღნიშნულია, რომ სახლზე დაზიანებები ძირითადად გამოწვეულია ატმოსფერული ნალექებით, ასაკობრივი ცვეთით, საძირკვლის ჯდენითი დეფორმაციებით და ექსპლუატაციის მანძილზე გადატანილი სახვადასხვა ინტენსიობის მიწისძვრებით, მაგრამ პროცენტული მაჩვენებლის განსაზღვრა, თუ რომელი დაზიანება რა მოვლენის შედეგად არის გამოწვეული, შეუძლებელია. ამდენად, ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნა მიუთითებს უძრავი ნივთის დაზიანების რამოდენიმე სავარაუდო მიზეზზე და ზუსტად არ ასახავს მოსარჩელის სახლის რეაბილიტაციისათვის საჭირო ხარჯებს. გარდა აღნიშნულისა, სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57-ე დადგენილების 34-35 ე მუხლების თანახმად ყველა ორგანიზაციას, რომელიც მსგავსი მასშტაბური ხასიათის მშენებლობებს დაიწყებდა, უნდა გამოეკვლია რისკის ზონაში მყოფი მოსახლეობის სახლების მდგომარეობა, რათა შემდგომ მარტივად ყოფილიყო აღქმადი, თუ რა დაზიანებები გამოიწვია წარმოებულმა მშენებლობამ, ან საერთოდ გამოიწვია, თუ არა ის, საქმის მასალებით კი მსგავსი კვლევის ჩატარება არ დასტურდება, აღნიშნული გარემოება მოპასუხის მტკიცების ტვირთზე ნეგატიურ გავლენას ახდენს - როგორც იმავე ტიპის საქმეებზე ზემდგომი სასამართლოების არაერთ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული; სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტის დასკვნას, რომლის თანახმად, სახლზე არსებული დაზიანებები, მოპასუხის მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად არის გამოწვეული. ზიანის ოდენობაზე მსჯელობისას, სასამართლო ადარებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილ დაზიანებებს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში მითითებული დაზიანებებს და მიაჩნია, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით სახლის რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხა, რაც მოსარჩელეს უნდა მიეკუთვნოს, უნდა შემცირდეს 20 000 ლარამდე; სარჩელის დაკმაყოფილებას არ გამორიცხავს ის გარემოება, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (ს.ფ.16) სარჩელში აღნიშნული უძრავი ნივთის მესაკუთრეა დ--–--------–ვილი და მითითებული არიან თანამესაკუთრეები, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულ თანამესაკუთრეს შეუძლია მოთხდოვნები წარუდგინოს მესამე პირებს საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გამო.
მოსარჩელე მოითხოვს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემას, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, რასაც მოპასუხე არ ეთანხმება იმ გარემოებებზე მითითებით, რომ ასეთ შემთხვევაში აზრს დაკარგავს გადაწყვეტილების გასაჩივრება, მიადგება გამოუსწორებელი ზიანი. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა გადაწყვეტილების დაყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის მოთხოვნის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მართალია, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა, არადამაკმაყოფილებელია, მაგრამ დასკვნიდან არ ჩანს და არც სხვა მტკიცებულებაა წარმოდგენილი, რაც დაადასტურებდა, რომ არსებობს განსაკუთრებული გარემოებები, რომელთა გამო აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება მოსარჩელეს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ან გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოსარჩელეს გადახდილი აქვს: სახელმწიფო ბაჟი - 734 ლარი (ს.ფ.15), ექსპერტიზის ხარჯი - 500 ლარი (ს.ფ.30-31), საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის გაწეული ხარჯი 700 ლარი (ს.ფ.51) და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი 300 ლარი; სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა გადახდეს აღნიშნული ხარჯი მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად- სახელმწიფო ბაჟის თანხა - 600 ლარი, ექსპერტიზის ხარჯი - 408 ლარი და 50 თეთრი, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის გაწეული ხარჯი -572 ლარი, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი - 245 ლარი;
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, მუხლებით და
გადაწყვიტა
1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ-------------------------------------------" დ--–--------–ვილის სასარგებლოდ გადახდეს 20 000 (ოცი ათასი) ლარი.
2. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ-------------------------------------------" დ--–--------–ვილის სასარგებლოდ გადახდეს სახელმწიფო ბაჟის თანხა - 600 (ექვსასი) ლარი, ექსპერტიზის ხარჯი - 408 (ოთხას რვა) ლარი და 50 (ორმოცდაათი) თეთრი, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის გაწეული ხარჯი - 572 (ხუთას სამოცდათორმეტი) ლარი, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი - 245 (ორას ორმოცდახუთი) ლარი;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხ-–------ რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხ-–------ რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ზაზა რამიშვილი