გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 06.11.2019
საქმის ნომერი
190310019003110197
კატეგორია
დავის ტიპი
შეღავათები და დახმარებები
თარიღი
06.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3-----19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

06.11.2019 წელი ქ. რუსთავი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ნინო ონიანი

სხდომის მდივანი - გუნა მოსიაშვილი

 

მოსარჩელე - ა-–----–--------ე

 

მოპასუხე - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახური

წარმომადგენელი - ლ--------–-–---–ი

 

დავის საგანი: ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1 ბათილად იქნეს ცნობილი ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახურის 2019 წლის 24 ივნისის N------- აქტი.

 

1.2 დაევალოს მოპასუხე მხარეს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი.

 

მოსარჩელის განმარტებით, იგი არის მრავალშვილიანი დედა და ოჯახი ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. მოსარჩელეს არ აქვს საკუთარი საცხოვრებელი სახლი, რის გამოც 2015 წლის აპრილის თვიდან ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქალაქ რ-------–-----------------–---------------------------ს შენობაში. მოსარჩელე, ექვს თვეში ერთხელ ახორციელებს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ფაქტიური მისამართის განახლებას. მუნიციპალიტეტი ყოველთვიურ დახმარებას მოქალაქეებს ურიცხავს მიმდინარე თვის 9-11 რიცხვებში. განსახილველ შემთხვევაში ა-–----–--------ის მიერ რეგისტრაციის განახლება განხორციელდა 2019 წლის 7 ივნისს, თუმცა ვადაში ყოფნის მიუხედავად მოპასუხის მიერ არ ჩარიცხულა პროგრამით გათვალისწინებული თანხა, რაც მოსარჩელეს მიაჩნია უსამართლოდ და ითხოვს დახმარების დარიცხვას.

 

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მატერიალური დახმარების გაცემის შეუძლებლობის თაობაზე უკანონოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1 მოპასუხე ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახურის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა შესაგებელს, სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ სადავო გადაწყვეტილება მიღებულია მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით, შესაბამისად არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

მოპასუხის წარმომადგენლმა განმარტა, რომ მათ იხელმძღვანელეს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 30 მაისის N0-------- მიმართვით გადაგზავნილი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ელექტრონული ბაზის მიხედვით, რომლის თანახმად ა-–----–--------ე არ ფიქსირდებოდა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქედ.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1 მოსარჩელე ა-–----–--------ე, 2015 წლის აპრილის თვიდან, ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქალაქ რ-------–-----------------–---------------------------ს შენობაში, რომლის მესაკუთრეს წარმოადგენს თვითმართველი ქალაქი რუსთავი. მოსარჩელე, ექვს თვეში ერთხელ ახორციელებს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ფაქტიური მისამართის განახლებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი რეესტრიდან (ს.ფ. 28-29)

- სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათები (ს.ფ. 40-51)

 

3.1.2. 2019 წლის 15 ივლისს მომზადებული ამონაწერით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, დგინდება, რომ მოსარჩელე ა-–----–--------ის ოჯახს მინიჭებული აქვს 1---- სარეიტინგო ქულა.

ოჯახი შედგება შვიდი წევრისგან - მშობლები: გ-------------–-----ია და ა-–----–--------ე, ხოლო შვილები - ნ------–--------------------------–----------–--------ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ს.ფ. 30)

-სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2019 წლის 16 ივლისის N0--------- ცნობა (ს.ფ. 31)

 

3.1.3. საქმეში წარმოდგენილი ანგარიშის ამონაწერით დგინდება, რომ 2019 წლის თებერვლის თვიდან მაისის თვის ჩათვლით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელდა 150 ლარის ჩარიცხვა, მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალური დახმარების მიზნით. 2019 წლის ივნისის თვეში მითითებული დახმარება არ ფიქსირდება. შემდგომი დახმარება ჩარიცხულ იქნა მიმდინარე წლის ივლისის თვეში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ანგარიშის ამონაწერი (ს.ფ. 32-38)

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის 2019 წლის 17 ივლისს გაცემული საინფორმაციო ბარათით დგინდება, რომ ა-–----–--------ეს ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი განახლებული აქვს 2019 წლის 07 ივნისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის საინფორმაციო ბარათი (ს.ფ. 50-51)

 

3.2.2. 2019 წლის ივნისის თვეში მოსარჩელეს არ დაერიცხა ,,მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების“ - პროგრამით გათვალისწინებული თანხა, 150 ლარის ოდენობით. აღნიშნულის თაობაზე განცხადებით მიმართა მოსარჩელე ა-–----–--------ემ მოპასუხეს და მოითხოვა დახმარების თანხის ჩარიცხვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ანგარიშის ამონაწერი (ს.ფ. 32-38)

-ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახურის 2019 წლის 24 ივნისის N------- მიმართვა (ს.ფ 21).

 

3.2.3. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახურის 2019 წლის 24 ივნისის N------- მიმართვით მოსარჩელე ა-–----–--------ეს განემარტა, რომ 2019 წლის მაისის თვის ბაზასთან მოსარგებლე პირების დადარების შემდგომ აღმოჩნდა, რომ მოსარჩელეს შეწყვეტილი ჰქონდა რეგისტრაცია, რაც გამორიცხავდა მოქმედი წესის შესაბამისად მატერიალური დახმარების გაცემის სამართლებრივ შესაძლებლობას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახურის 2019 წლის 24 ივნისის N------- მიმართვა (ს.ფ 21).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ილ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებულ მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა-–----–--------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ №85 დადგენილება.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოს ან დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. ამავე მუხლის “კ“ ქვეპუნქტის თანახმად კი ადმინისტრაციული წარმოება გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების, ან გაუქმების მიზნით.

 

6.2 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმართველობისა და მმართველობის ორგანოების და დაწესებულებების, აგრეთვე იმ პირების საქმიანობაზე, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად ითვლებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად.

 

6.3 სასამართლო მიუთითებს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 01 თებერვლის „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ N19 დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმადაც სამსახური წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მის კომპეტენციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს. ხოლო მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, მოპასუხის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის წესი დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და იმ დროისათვის მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობით.

 

6.4 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლით სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ხსენებული კოდექსის 103-ე მუხლის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

6.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხოლო მე-2 ნაწილით დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლი 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას”. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ,,ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს”.

 

6.7 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 01 თებერვლის „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ N19 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახურის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების ერთიანი სახელმწიფო და მუნიციპალური პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა; ხოლო ამავე დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სოციალური მომსახურების განყოფილება უზრუნველყოფს მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლებისთვის სოციალური დახმარებების ორგანიზებას.

 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ №85 დადგენილების მე-9 დანართით, განსაზღვრულია მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა, რომლის თანახმადაც, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები და რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახებისათვის (4 და მეტი შვილი) ყოველთვიურად მატერიალური დახმარების გაწევის მიზნით ერიცხება ყოველთვიური დახმარება.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოსარჩელე ა-–----–--------ე, 2015 წლის აპრილის თვიდან, ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქალაქ რ-------–-----------------–---------------------------ს შენობაში, რომლის მესაკუთრეს წარმოადგენს თვითმართველი ქალაქი რუსთავი. მოსარჩელე, ექვს თვეში ერთხელ ახორციელებს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ფაქტიური მისამართის განახლებას.

 

მოსარჩელე ა-–----–--------ის ოჯახი წარმოადგენს მრავალშვილიან ოჯახს, ოჯახი შედგება შვიდი წევრისგან - მშობლები: გ-------------–-----ია და ა-–----–--------ე, ხოლო შვილები - ნ------–--------------------------–----------–--------ი, შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული დადგენილებით მოთხოვნილ წინაპირობებს.

 

საქმეში წარმოდგენილი 2019 წლის 15 ივლისს მომზადებული ამონაწერით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, დგინდება, რომ მოსარჩელე ა-–----–--------ის ოჯახს მინიჭებული აქვს 1---- სარეიტინგო ქულა.

 

სასამართლო მიუთითებს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ №85 დადგენილების მე-9 დანართის მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად ქვეპროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 1 (ერთი) წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 150 000-ს, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი შვილი. ამ წესით დადგენილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არანაკლებ 1 წლიანი რეგისტრაცია მოეთხოვება მშობელს (განმცხადებელს), ხოლო პროგრამის ბენეფიციარებს (მათ შვილებს) მხოლოდ აქტიური რეგისტრაციის სტატუსი. მატერიალური დახმარება გაიცემა 18 (თვრამეტი) წელს მიუღწეველი შვილების რაოდენობის გათვალისწინებით.

 

საქმეში წარმოდგენილი ანგარიშის ამონაწერით დგინდება, რომ 2019 წლის თებერვლის თვიდან მაისის თვის ჩათვლით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელდა 150 ლარის ჩარიცხვა, მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალური დახმარების მიზნით. 2019 წლის ივნისის თვეში მითითებული დახმარება არ ფიქსირდება. შემდგომი დახმარება ჩარიცხულ იქნა მიმდინარე წლის ივლისის თვეში.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ 2019 წლის ივნისის თვეში მოსარჩელეს არ დაერიცხა ,,მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების“ - პროგრამით გათვალისწინებული თანხა, 150 ლარის ოდენობით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილი, ფაქრობრივი გარემოებაა, რომ მოსარჩელის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართს წარმოადგენს ქალაქ რ-------–-----------------–---------------------------ს შენობა. ხოლო, სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის 2019 წლის 17 ივლისს გაცემული საინფორმაციო ბარათით დგინდება, რომ ა-–----–--------ეს ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი განახლებული აქვს 2019 წლის 07 ივნისს, მანამ, სანამ მოპასუხე მხარე განახორციელებდა შესაბამისი თანხების ჩარიცხვას პროგრამით მოსარგებლეებისათვის.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახურის 2019 წლის 24 ივნისის N------- მიმართვით, რომლითაც მოსარჩელე ა-–----–--------ეს განემარტა, რომ რეგისტრაციის შეწყვეტა გამორიცხავდა მოქმედი წესის შესაბამისად მატერიალური დახმარების გაცემის სამართლებრივ შესაძლებლობას, კანონშეუსაბამოა, ვინაიდან დადგენილია, რომ ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი მოსარჩელის მიერ განახლებულ იქნა თანხის ჩარიცხვამდე, შესაბამისად მოპასუხე მხარეს, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულება ჰქონდა გადაემოწმებინა და შეესწავლა საკითხი სრულად.

 

6.8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარეს არც კი უმსჯელია და შეუსწავლია საკითხი ზემოაღნიშნულ გარემოებებთან მიმართებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, სადავო აქტების მიღებისას დარღვეულ იქნა კანონმდებლობის მოთხოვნები, შესაბამისად სახეზეა მისი ბათილობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

6.9. მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია და საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, იმის შესახებ, რომ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ _ სამართლებრივ აქტის მიღების დროს შესწავლილი იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, არგუმენტებზე, რომლებიც არ არის სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი. ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციული აქტი.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი მე-5 მუხლის პირველ პუნქტში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მის მიერ არ განხორციელებულა; შესაბამისად, საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და მტკიცებულებათა შეგროვება განახორციელოს კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით, ხოლო უკვე არსებულ მტკიცებულებებს მისცეს სწორი და კანონშესაბამისი შეფასება.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, რადგან გამოცემული ადმინისტრაციული აქტით არ დასაბუთდა მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის მართლზომიერება და მიზანშეწონილობა, რამაც გამოიწვია მოსარჩელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

6.10. სასამართლო ადმინისტრაციულ ორგანოს უტოვებს საბოლოო გადაწყვეტილების _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პრეროგატივას. სასამართლო, ასევე, იმ შემთხვევაში, როდესაც დაადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის უკანონობასა და მოსარჩელის სუბიექტური უფლების ხელყოფას, ავალებს ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რამდენადაც სასამართლო არ არის უფლებამოსილი თვითონ განახორციელოს ადმინისტრაციული ორგანოსადმი კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება.

 

6.11. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ადგილი არ ჰქონია საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლას, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახურის 2019 წლის 24 ივნისის N------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაევალოს მოპასუხე მხარეს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე. აღნიშნულიდან გამომდინარე მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, 12-ე, 22-ე, 32-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა-–----–--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახურის 2019 წლის 24 ივნისის N------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაევალოს მოპასუხე მხარეს არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

3. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის #7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. #6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნინო ონიანი