გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.10.2019
საქმის ნომერი
111210019003091194
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
30.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 111210019003091194

N2/46-2019

ხარაგაულის მაგისტრატი სასამართლო

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ზესტაფონი

შესავალი ნაწილი:

ხარაგაულის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე - შოთა ნიკურაძე

სხდომის მდივანი- ზურაბ ფოცხვერაშვილი

მოსარჩელე - ა-------–-----;

წარმომადგენელი -ე---------------;

მოპასუხე - რ------–-----;

წარმომადგენელი- ნ-----–-------;

საპროცესო წარმომადგენელი - ზ------------–---;

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხე რ------–----- (პ/ნ 5----------) გამოსახლებულ იქნას მოსარჩელე ა-------–------ (პ/ნ 5----------) კუთვნილი ხ---------–-- რაიონის სოფელ ს----------–- მდებარე N3----------- საკადასტრო კოდის მქონე საცხოვრებელი სახლიდან და აღნიშნული სახლი მოსარჩელეს გადაეცეს მოპასუხისაგან გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში;

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

მოსარჩელე ა-------–------ საკუთრებაში არის ხ---------–-- რაიონის სოფელ ს----------–- მდებარე N3----------- საკადასტრო კოდის მქონე საცხოვრებელი სახლი. მოპასუხე იყო მისი შვილის მეუღლე, თუმცა ორი წელია ერთად არ ცხოვრობენ და განქორწინდნენ. მისი ვაჟი ძირითადად იმყოფება თბილისში და რ------–-----სთან კონფლიქტის გამო თავს არიდებს სახლში მისვლას. მოპასუხეს ასევე კონფლიქტი აქვს მოსარჩელესთან და მოსარჩელის სხვა ოჯახის წევრებთანაც. მხარეებს შორის არის მეტად დაძაბული დამოკიდებულება და რომ არ დადგეს რაიმე მძიმე შედეგი, აუცილებელია რ------–------ გამოსახლება მისი სახლიდან, მით უფრო, რომ ამჟამად მოპასუხეს არ გააჩნია აღნიშნული სახლის (ნაწილის) ფლობის კანონიერი საფუძველი. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დამატებით განმარტა, რომ რაც შეეხება როზა შავიძის ორ მცირეწლოვან შვილს, ისინი მისი შვილიშვილები არიან და მათ მიმართ რაიმე მოთხოვნა არ აქვს, მათ ძირითადად თვითონ და მისი მეუღლე ზრდიან, ვინაიდან მოპასუხეს არ აქვს სათანადო უნარი, ამიტომ დარჩებიან მასთან.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე რ------–-----მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას საცხოვრებელი სახლის ნაწილი უკანონოდ დაკავებული არ აქვს. აღნიშნული ფართით სარგებლობს მას შემდეგ, რაც რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ფ---------–----------- ამჟამად არიან განქორწინებულები, თუმცა აღნიშნული სახლის გარემონტებაში მონაწილება აქვს მიღებული. არის ინვალიდი, სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია, რის გამოც მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სადავო ქონება არ წარმოადგენს მხოლოდ მოსარჩელის საკუთრებას. საჯარო რეესტრის ამონაწერიდან დგინდება, რომ მესაკუთრის გრაფა არის ღია, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ ქონებას ჰყავს სხვა თანამესაკუთრეებიც და საჭიროა მათი მხრიდან ნების გამოვლენა, რომ დარეგისტრირდნენ ქონების თანამესაკუთრეებად. შესაბამისად ა-------–----- არ წარმოადგენს ამ ქონების ერთადერთ მესაკუთრეს და არ აქვს უფლება მოითხოვოს მოპასუხის გამოსახლება, მაშინ როდესაც უცნობია სხვა თანამესაკუთრეების ნება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უძრავი ქონება (საცხოვრებელი სახლი) მდებარე - ხ---------–-- რაიონის სოფელ ს----------–- ს/კ 3----------- წარმოადგენს მოსარჩელე ა-------–-----ს საკუთრებას;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; მხარეთა ახსნა-განმარტებები

 

3.2. უძრავი ქონების ა-------–------ საკუთრებაში რეგისტრაციის საფუძველს-უფლების დამდგენ საბუთს წარმოადგენს 2--- წლის 0-----------–-- N3------- საარქივო ცნობა, რომლის მიხედვითაც 1986-1995 წლებში, მათ შორის 1992-1993 წლებში კომლის გაუქმების მომენტისათვის კომლის წევრებს ა-------–-----სთან ერთად, ასევე წარმოადგენდნენ ლ---–--–----- და ა------–-----, რომლებიც მოსარჩელესთან ერთად გახდნენ კომლის ქონების თანამესაკუთრეები, თუმცა მათი საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში აღრიცხული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2--- წლის 0-----------–-- N3------- საარქივო ცნობა;

 

3.3. მოსარჩელის შვილი ფ--------–----- და მოპასუხე რ------–----- 2--- წლის 1----------------- იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2----–-–------------ მეუღლეთა შორის ქორწინება შეწყდა განქორწინებით;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განქორწინების მოწმობა;

-სარჩელი, მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.4. მოპასუხე რ------–-----ს დაკავებული აქვს საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის ერთი საძინებელი ოთახი და ასევე სარგებლობს სახლის სხვა ნაწილებით: მისაღები, სამზარეულო, სველი წერტილები და ასე შემდეგ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-სარჩელი, მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.5. მხარეებს შორის, ასევე მოსარჩელის ოჯახის წევრებს (მეუღლე, შვილი,და) და რ------–-----ს შორის არის კონფლიქტი და დაძაბული ურთიერთდამოკიდებულება;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.6. მოპასუხე რ------–-----ს ჰყავს ახლო ნათესავები, კერძოდ, მამა - რ-------------–---, რომელიც საკუთარ საცხოვრებელ სახლში ცხოვრობს ჭ---------- მუნიციპალიტეტის სოფელ ზ----–-, ასევე და - ზ------------–---, რომელიც ცხოვრობს ქ. ჭ---------–--

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-მოპასუხის ახსნა-განმარტება;

 

3.7. მოპასუხე რ------–----- მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს, რაც მოსარჩელის ნებას ეწინააღმდეგება. მოპასუხე მხარე არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას, თუმცა ქონების მართლზომიერად ფლობის დადასტურება სათანადო მტკიცებულებების საშუალებით, საქმის განხილვის ეტაპზე ვერ შეძლო.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის, საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე, 170-ე, 172-ე, 183-ე, 312-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან შემდეგ გარემოებებზე:

 

სასარჩელო განცხადების მოთხოვნას წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ქონების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და მისთვის თავისუფალ მდგომარეობაში დაბრუნება. ამდენად, დავის საგანია მესაკუთრის პრეტენზია არამართლზომიერი მფლობელის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის, პირველი მუხლი იცავს საკუთრების უფლებას, კერძოდ, ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით. არავის არ შეიძლება წაერთვას ქონება, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას საზოგადოების ინტერესები მოითხოვს და იმ პირობით, რაც გათვალისწინებულია კანონით და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით.

 

აღნიშნული მუხლის პირველი წინადადებიდან ჩანს, რომ საკუთრების უფლება დაცულია როგორც კერძო, ასევე იურიდიული პირებისათვის. ამასთან, საკუთრების უფლების დარღვევის შემთხვევების განხილვისათვის ევროპის სასამართლომ აღნიშნული მუხლი გაყო სამ ნაწილად. საქმეში ,,სპორონგი და ლონროთი შვედეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა: „აღნიშნული დებულება მოიცავს სამ განსხვავებულ ნორმას: პირველი ნორმა, რომელიც მუხლის პირველ წინადადებაშია ჩამოყალიბებული, არის საერთო ხასიათის და იცავს საკუთრებით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლებას. მეორე ნორმა, რომელსაც მუხლის მეორე წინადადება ეხება, ითვალისწინებს საკუთრების ჩამორთმევის უფლებას და ამას უკავშირებს კონკრეტულ გარემოებებს. მესამე ნორმა, რომელიც მოცემულია მუხლის მეორე ნაწილში, აცხადებს, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ აკონტროლონ საკუთრებით სარგებლობის უფლება საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ,,მარქსი ბელგიის’’ წინააღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამატებით ოქმის პირველი მუხლი, არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება''. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, CASE OF MARCKX v. BELGIUM, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება; განაცხადი =6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ან/და, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს საკუთრების კანონისმიერ და სახელშეკრულებო ბოჭვას, რომელსაც გააჩნია თავისი ფარგლები, კერძოდ, არ შეიძლება, რომ საკუთრების ბოჭვამ, შეზღუდვამ მოსპოს საკუთრება.

 

საკუთრების სუბსტანცია, რომელშიც იგულისხმება საკუთრების ინსტიტუტით გათვალისწინებული შინაარსის რეალიზაცია, უნდა შენარჩუნდეს, ე.ი. კერძო საკუთრების შეზღუდვა არ უნდა ნიშნავდეს საკუთრების უფლების რეალიზაციის მოსპობას. არ შეიძლება, რომ პირს ფორმალურად გააჩნდეს საკუთრების უფლება, ხოლო ფაქტობრივად არა, ანუ ვერ სარგებლობდეს საკუთრების უფლებით.

 

იმავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის (მფლობელთა) ხელთაა. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ანუ, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სახელზე სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული ჩანაწერი საკუთრების უფლების შესახებ გაუქმებული არ არის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ეკისრება, საჯარო რეესტრის ამონაწერზე დაყრდნობით დაამტკიცოს ნივთზე საკუთრების უფლების არსებობა (რაც მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა), ასევე, ნივთის მოპასუხის მიერ ფლობის ფაქტი, რაც შეეხება მფლობელს, ამავე ნორმიდან გამომდინარე, მისი შესაგებელი შეიძლება, ემყარებოდეს, როგორც ფლობის ნამდვილი, მართლზომიერი უფლების არსებობას, ისე _ საკუთრების უფლების ნამდვილობას და, როგორც ერთი, ისე _ მეორე ფაქტის სათანადო მტკიცებულებით დადასტურება მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენს.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე არის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად. მხოლოდ მოპასუხე რ------–------ მითითება, რომ სადავო უძრავი ქონება წარმოადგენს მის ერთადერთ საცხოვრებელს, ვერ გახდება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. მით უფრო, რომ სასამართლო სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ მოპასუხის მამა ცხოვრობს ჭ---------- მუნიციპალიტეტის სოფელ ზ----–-, სადაც ცხოვრობდა დაქორწინებამდე თავად მოპასუხეც და გარკვეულ დროს ატარებდა აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები. მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად.

 

ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით დადგენილი საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე არის სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე, რომელიც აღძრული სარჩელის ფარგლებში, ფაქტიურად ითხოვს მოპასუხის გამოსახლებას და ნივთის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემას. ამ შემთხვევაში, მოთხოვნა ვინდიკაციური ხასიათისა და არსებობს სავინდიკაციო სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებები, გამომდინარე აღნიშნულიდან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა იქნეს სადავო უძრავი ქონება.

 

6.4.რაც შეეხება მოპასუხის მხარის განმარტებას, რომ სადავო ქონება არ წარმოადგენს მხოლოდ მოსარჩელის საკუთრებას და აღნიშნულ ქონებას ჰყავს სხვა თანამესაკუთრეებიც და ა-------–-----ს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოპასუხის გამოსახლება, საფუძველს მოკლებულია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოძრავი ან უძრავი ნივთი შეიძლება წარმოადგენდეს ერთი ან რამდენიმე პირის საერთო საკუთრებას. ნორმის მიხედვით, საერთო საკუთრების ორი ფორმაა მოცემული: საზიარო და წილადი საკუთრება. წილადი საკუთრების თანამესაკუთრეს ეკუთვნის განსაზღვრული წილი საერთო საკუთრებაში. საკუთრების წილი თვითონ არის საკუთრება სამართლებრივი გაგებით. როგორც წესი, წილად თანასაკუთრებაზე გამოიყენება სამოქალაქო კოდექსით დადგენილი საკუთრების წესები. თანასაკუთრება არის სამოქალაქო კოდექსით აღიარებული ერთადერთი შესაძლებლობა, დაყოფილ იქნეს საკუთრების განკარგვის უფლებამოსილება ერთ ნივთზე. თანაზიარი საკუთრება არსებობს მაშინ, როცა თითოეული თანამესაკუთრის წილი საერთო ქონებაში მოცემულია იდეალური წილის სახით და, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი, ივარაუდება, რომ თითოეულ თანამესაკუთრეს ეკუთვნის თანაბარი წილი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. თითოეულ თანამესაკუთრეს შეუძლია მოთხოვნები წარუდგინოს მესამე პირებს საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გამო. ყოველ თანამესაკუთრეს აქვს ნივთის გამოთხოვის უფლება მხოლოდ ყველა თანამესაკუთრის სასარგებლოდ.

 

ნორმის მიხედვით, თითოეულ თანამესაკუთრეს შეუძლია მოთხოვნები წარუდგინოს მესამე პირებს საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გამო. ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მოთხოვნის წაყენებისათვის თანამესაკუთრე არ საჭიროებს დანარჩენი თანამესაკუთრეების მიერ სპეციალური უფლებამოსილების მინიჭებას. ამ მუხლის თანახმად, მოთხოვნის უფლება უნდა შეეხებოდეს საერთო საკუთრებაში არსებულ ქონებას და არა თანამესაკუთრის წილს მხოლოდ.

 

აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრის ამონაწერში თანამესაკუთრეების მითითება თუ არ მითითება, არ ართმევს უფლებას ერთ-ერთ თამესაკუთრეს სარჩელით მიმართოს სასამართლოს ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით.

 

განსახილველ შემთხვევაში აღძრულია ვინდიკაციური სარჩელი, რაც მოსარჩელის მიერ მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ფაქტობრივი მფლობელობის მოპოვებას გულისხმობს. მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლი წარმოადგენს, რომლის მიხედვით, მოსარჩელეს ევალება უძრავი ქონების მესაკუთრეობის და მოპასუხის მიერ უძრავი ნივთის არამართლზომიერი ფლობის დადასტურება. კანონით გათვალისწინებული და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით აღნიშნული ფაქტები დადასტურებულია.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა-------–------ (პ/ნ 5----------) სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე რ------–----- (პ/ნ 5----------) გამოსახლებულ იქნას მოსარჩელე ა-------–------ (პ/ნ 5---------- ) კუთვნილი ხ---------–-- რაიონის სოფელ ს----------–- მდებარე N3----------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონებიდან და საცხოვრებელი სახლი მოსარჩელეს გადაეცეს მოპასუხისაგან გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.

 

3.მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ხარაგაულის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.

 

5.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

6.პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ ხარაგაულის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: შოთა ნიკურაძე