განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/238-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
7 ნოემბერი 2019 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლუიზა თოდუა
სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე
ბრალდების მხარე: პროკურორი – გ--–-----------
დაცვის მხარე: ბრალდებული – ნ----------------- (დაბ. 1---------წ., პ/ნ 0----------- საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტ. მცხოვრები ა-------- რაიონი, სოფელი კ--------)
ადვოკატი - შ--–----------–---
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და მე-111, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. წარდგენილი ბრალდების არსი
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნ-----------------ს ბრალი ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ასევე ნ-----------------ს ბრალი ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
დადგენილების თანახმად, 2019 წლის 11 აგვისტოს, დილით ა-------- მუნიციპალიტეტის ე.წ. ჭ---–-- მთაში არსებულ საზაფხულო საძოვრებზე მდებარე ნ------------------ კუთვნილ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სადგოში, ყოფითი უთანხმოების ნიადაგზე, ნ-----------------მ მეუღლეს ჟ--–-------------- მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ყელში მოუჭირა ორივე ხელი, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, იმის გამო, რომ მეუღლემ მასზედ ჩადენილი ძალადობის შესახებ ტელეფონით აცნობა პოლიციას, ნ-----------------მ, ა-------- მუნიციპალიტეტის ე.წ. ჭ---–-- მთაში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში მეუღლეს ჟ--–-------------- თავში ჩაარტყა მობილური ტელეფონი, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ნ------------------ ძალადობის შედეგად ჟ--–-------------- სხეულზე მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
ასევე, 2019 წლის 1 აგვისტოს, დილით ა-------- მუნიციპალიტეტის ე.წ. ჭ---–-- მთაში არსებულ საზაფხულო საძოვრებზე მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ნ-----------------, იმ მოტივით, რომ მეუღლემ ჟ--–-------------- მასზედ განხორციელებული ძალადობის შესახებ შეატყობინა პოლიციას, დაემუქრა მას მოკვლით, კერძოდ, ნაჯახით თავის მოჭრით, რითაც ჟ--–-------------- გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-111, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
2. სასამართლომ დაადგინა
2.1. ბრალდებული ნ----------------- წარდგენილ ბრალდებებში უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, დაცვის მხარის ინიციატივითა და მხარეთა შეთანხმებით ყველა მტკიცებულება, გარდა დაზარალებულ ჟ--–--------------, მოწმე ჟ--–-------------- და ბრალდებულ ნ------------------ ჩვენებებისა, ცნობილი იქნა უდავოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება [...] ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ზემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ბრალდებულის მიერ სასამართლოზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ მისი მხრიდან მეუღლის მიმართ ძალადობას და მუქარას ადგილია არ ჰქონია, შემთხვევის დღეს 2019 წლის 11 აგვისტოს იმყოფებოდა სოფელ ჭ---–-- მთაში და აკეთებდა ავტომანქანას, რა დროსაც მეუღლემ უთხრა, რომ მიეხედა საქონლისთვის, აღნიშნულზე შელაპარაკდნენ, რა დროსაც ნ-----------------მ მეუღლეს უთხრა, რომ ნათესავებთან თავს მოჭრიდა, ანუ შეარცხვენდა.
რაც შეეხება დაზარალებულს ჟ--–-----–------------–----------- და მოწმე ჟ--–------------------–----------, მათ გამოიყენეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მათთვის მინიჭებული უფლება და უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის - მეუღლის და შვილის - ნ------------------ მიმართ.
ფაქტის დადგენის თვალსაზრისით სასამართლო ასევე ვერ დაეყრდნობა ჟ--–--------------თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, ვინაიდან მისი შინაარსი სრულად ეფუძნება მოწმის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და იმ პირობებში, როდესაც მან უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, დაუშვებელია, ის განვიხილოთ სათანადო მტკიცებულებებად. მაშინ, როდესაც მოწმის მიერ გამოძიებაში მიცემული ინფორმაციის (გამოკითხვის ოქმი) გამოქვეყნებაც კი არ ხდება მსგავს ვითარებაში (სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი გამოკითხვის ოქმის ან მის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება), რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, მაგრამ ჩვენებას არ იძლევა, ეს წესი არ მოქმედებს), წარმოუდგენელია სხვა მსგავსი შინაარსის მტკიცებულებები აღნიშნულის საწინააღმდეგოდ განიმარტოს და ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა ასეთ მტკიცებულებას გამოკითხვის ოქმი ერქმევა, თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის. სასამართლო მოცემული განმარტების ფარგლებში მოიაზრებს საგამოძიებო მოქმედების ოქმს იმ ნაწილში, რაც ეხება მოწმის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რაც ფაქტობრივად წარმოადგენს ჩვენებას, რომლის მიცემაზეც მოწმე უარს ამბობს მისი უფლებიდან გამომდინარე არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ. სასამართლოს შეფასებით, ასეთ ვითარებაში, თუ მოხდება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება, როგორც გადამწყვეტი მტკიცებულება, დაირღვევა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, ვინაიდან დაცვის მხარეს არ მისცემია საშუალება შეკითხვები დაესვა იმ პირისთვის, ვის ინფორმაციასაც ეფუძნება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რითაც უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების ეჭვქვეშ დაყენების რეალური შესაძლებლობა მოესპობოდა და ურთულეს სიტუაციაში აღმოჩნდებოდა დაცვის მხარე. და ბოლოს, სასამართლო განმარტავს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების მიზანი არ არის გამოკითხვის ოქმის ჩანაცვლება და ამით პარალელური რეალობის შექმნა, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების მიზანია მიღებული ინფორმაციის (ამ შემთხვევაში ჩვენების) შემოწმება.
საქმეში ასევე წარმოდგენილია 2019 წლის 12 აგვისტოს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N5--------- დასკვნა, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ ჟ--–-------------- მარცხენა საფეთქლის არეში არსებული სისხლნაჟღენთი მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
ძალადობის ფაქტის დადგენის თვალსაზრისით სასამართლო ასევე ვერ დაეყრდნობა აღნიშნულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასაც, რადგან იგი უშუალოდ ამ მტკიცებულების შინაარსიდან არ გამომდინარეობს - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ზოგადად შესაძლებელია დადგინდეს დაზიანებების არსებობა, მათი სიმძიმე, ლოკალიზაცია, რაოდენობა, თუმცა ობიექტურად შეუძლებელია ექსპერტიზის დასკვნით განისაზღვროს დაზიანების მიმყენებელი პირის ვინაობა.
რაც შეეხება მ---------------, გ-------–--------------, ე-–------------------, თ----------------–---–-, ს-----–-----------–---–ს და ზ---------–---–---–- ისინი არიან სხვადასხვა საგამოძიები/საპროცესო მოქმედებებში მონაწილე პირები, შესაბამისად გამოძიებისას უშუალოდ გამოკითხულები არ ყოფილან.
საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობა, რომელიც საფუძვლად დაედებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
მტკიცებულების საკმარისობის საკითხზე არაერთი განმარტება აქვს გაკეთებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, კერძოდ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29, 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით) არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).
ამასთან, აღსანიშნავია, რომ სასამართლო სრულად ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის პრევენცია, ქმედითად დაიცვას ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი და დასაჯოს მოძალადეები, ანუ სრულად განახორციელოს ევროპის საბჭოს 2011 წლის სტამბულის კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სხვადასხვა საქმეებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, თუმცა, მიუხედავად ამ საქმეთა უდავოდ დიდი მნიშვნელობისა, ის ვერ გაამართლებს ბრალდებულის მსჯავრდებას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე – სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეში არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულის ბრალეულობას. მხოლოდ იმის გამო, რომ პირს ბრალად ედება სენსიტიური დანაშაულის ჩადენა, მისთვის სამართლიანი სამართალწარმოების გარანტიების უგულებელყოფა არ უნდა მოხდეს.
ამდენად, პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა (მინიმუმ ორი), რაც დაადასტურებდა ნ------------------ მიერ ჟ--–---------------- ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტს, ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია და შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული ნ----------------- წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
5. ქმედების სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც დაემუქრა, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში: ა) სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბ) ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში გ) ქონების განადგურების მუქარაში. მუქარა შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტს გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი (რეალური) შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ დაზარალებულს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. დანაშაულის შემადგენლობისთვის გადამწყვეტია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის აღძვრა. აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ქმედებას (მუქარა) და დამდგარ შედეგს (შიში) შორის. მუქარა შეიძლება განხორციელდეს კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით, წერილობითი ან ზეპირი ფორმით, პირისპირ ან სატელეფონო საუბრით, იარაღის ან ძალის დემონსტრირებით და სხვა, რაც განსახილველ შემთხვევაში უტყუარად ვერ დადასტურდა.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება, იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი და ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. მსხვერპლიც უნდა იყოს ოჯახის წევრი და არა სხვა პირი. ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, სისტემატურ შეურაცხყოფასა, დამცირებაში ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში - ფიზიკურ ტკივილში (რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური იძულებით. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი, რაც მოცემულ შემთხვევაში, ასევე, უტყუარად დადასტურებული ვერ იქნა - დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, ხოლო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით ვერ დგინდება დაზიანების მიმყენებელი პირის ვინაობა, ასევე არ არის საკმარისი მტკიცებულება ჟ--–-------------- მიერ ტკივილის განცდის ფაქტის დასადგენად.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით.
სასამართლო განმარტავს, რომ წარდგენილ ბრალდებაში პირის მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა. შემდეგ ეს მტკიცებულებები უნდა შეფასდეს უტყუარობის თვალსაზრისით, - რამდენად დადასტურებულია ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
კონკრეტულ შემთხვევაში ნ------------------ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელი იყო ბრალდების მხარეს სასამართლოში წარმოედგინა ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც პირველ რიგში დაადასტურებდა ფაქტს, რომ ნ-----------------მ მისი ოჯახის წევრის, კონკრეტულ შემთხვევაში მეუღლის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ასევე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. თავად დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, შესაბამისად, ერთადერთი მთავარი მტკიცებულება, რომლითაც უნდა დადგენილიყო შესაძლო დანაშაულის შემადგენლობა, სახეზე არ არის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ნ------------------ მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის მე-111, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და უნდა გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 272-ე, 275-276-ე, 277-ე, 279-280-ე, 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ----------------- (პ/ნ 0----------) საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის მე-111, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;
2. ნ------------------ (პ/ნ 0----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას 6000 ლარის ფარგლებში დაყადაღებულ ა----------------- (პ/ნ 0----------), თ---------------- (პ/ნ 0----------), მ---------------- (პ/ნ 0----------), ნ----------------- (პ/ნ 0----------), ნ------------------ (პ/ნ 0----------) და ჟ--–-------------- (პ/ნ 0----------- თანასაკუთრებაში არსებულ 9200 ლარის ღირებულების უძრავ ქონებას, მდებარე: ა-------- რაიონი სოფელი კ--------, ს.კ. 6-----------;
3. სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება აუდიოჩანაწერი CD დისკზე, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
4. განემარტოს ნ-----------------ს რომ მას აქვს უფლება მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება;
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით;
მოსამართლე ლუიზა თოდუა