გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 100210019003160364
2/261-19წ
გა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21.10.2019 წელი ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე
მოსარჩელე: ი--- ც----–---–ი
მოპასუხე: ც------ შ-------ე
დავის საგანი: თანხის დაკისრების თაობაზე
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. საჩხერის რაიონულ სასამართლოს 2019 წლის 26 აგვისტოს სარჩელით მომართა ი--- ც----–---–მა (პ/ნ.5----------) მოპასუხე - ც------ შ-------ის (პ/ნ. 3----------) მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.
1.2. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხემ 2017 წლის 22 ივნისს მისგან ისესხა 600 ლარი, რომელიც უნდა დაებრუნებია ეტაპობრივად თვეში 120 ლარის გადახდით. აღნიშნული თანხიდან მოპასუხემ დააბრუნა მხოლოდ 400 ლარი, დანარჩენი 200 ლარი არ დაუბრუნებია. 2017 წლის 3 დეკემბერს მოპასუხემ ისევ ისესხა მოსარჩელისაგან 450 ლარი, რომელიც მოსარჩელის განმარტებით ისევ დასაბრუნებელი აქვს მოპასუხეს.
1.3. მოსარჩელე სარჩელის მიხედვით ითხოვდა მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 650 ლარის გადახდის დაკისრებას. საქმის განხილვის მიმდინარეობისას მოსარჩელემ განმარტა, რომ იგი ითხოვს მოპასუხეზე 550 ლარის ოდენობით თანხის დაკისრებას.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
2.1. მოპასუხე - სარჩელს ცნობს ნაწილობრივ და განმარტავს, რომ მას ი--- ც----–---–ისათვის დასაბრუნებელი აქვს 300 ლარი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .
3.1.1. მხარები მოცემული დავის დასარეგულირებლად გამოიყენეს სასამართლოს მიერ მორიგებისათვის დადგენილი ვადები თუმცა ვერ შეთანხმდნენ
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ მოსარჩელე ი--- ც----–---–ი და მოპასუხე ც------ შ-------ე 2017 წლის 22 ივნისს შეთანხმდნენ სესხის თაობაზე. ხელწერილით ც------ შ-------ე ადასტურებს 450 ლარის სესხების ფაქტს. ასევე იგი თვლის , რომ დასაბრუნებელი აქვს მხოლოდ 300 ლარი. აღნიშნული ხელწერილით ც------ შ-------ე აღიარებს 450 ლარის გადახდის ვალდებულებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელწერილი სესხის თაობაზე (ს.ფ.15;16)
- მხარეთა განმარტებები. (იხ.ოქმი)
3.2.2. საქმის მასალებით, ასევე მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ კრედიტორისათვის სესხის თანხის სრულად დაბრუნება არ მომხდარა. სასამართლო თვლის, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის დასაბრუნებელი აქვს 450 ლარი. მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული თანხის დაბრუნებას მოსარჩელისათვის, საქმეში არ არსებობს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ოქმი (ს.ფ. 60)
- ხელწერილი სესხის თაობაზე (ს.ფ.15;16)
- მხარეთა განმარტებები. (იხ.ოქმი)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მასალების და მხარეთა ახსნა-განმარტებების შეფასების საფუძველზე სასამართლო თვლის, რომ ი--- ც----–---–ის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 286-ე, 292-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 623-ე, 624-ე.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას“ (იხ. სუსგ ას-1529-1443-2012, ას-973-1208-04; ას 664-635-2016).
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად „ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.“
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
6.4. დადგენილია, რომ მოსარჩელე ი--- ც----–---–ი და მოპასუხე ც------ შ-------ე 2017 წლის 22 ივნისს შეთანხმდნენ სესხის თაობაზე. შეთანხმების თანახმად სესხი შეადგენდა 600 ლარს, რაც გადასცა ი--- ც----–---–მა ც------ შ-------ეს, რომელიც უნდა გადაეხადა მოპასუხეს ეტაპობრივად ყოველთვიურად 120 ლარის გადახდით. აღნიშნული შეთანხმების შემდგომ ი--- ც----–---–მა ც------ შ-------ეს დამატებით გადასცა სესხის სახით 450 ლარი.
6.5.სასამართლო ხაზს უსვამს სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმით გათვალისწინებულ მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგად წესს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად თანხის გადაცემის მტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება ანუ, გამსესხებლის ვალდებულება შემოიფარგლება თანხის გადაცემისა და გადაცემული თანხის ოდენობის მტკიცებით, ხოლო მსესხებლის მტკიცების ტვირთი შემოიფარგლება სესხის თანხის დაფარვით ან თანხის სხვა სამართლებრივ საფუძველზე მიღებით.
6.6. საქმის მასალებით, ასევე მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ კრედიტორისათვის სესხის თანხის სრულად დაბრუნება არ მომხდარა. სასამართლო თვლის, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის დასაბრუნებელი აქვს 450 ლარი. მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული თანხის დაბრუნებას მოსარჩელისათვის, საქმეში არ არსებობს.
ამდენად სასამართლო თვლის, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.7. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
8. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
დადგენილია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, „თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.“ ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად „თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.“
დადგენილია, რომ მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ი--- ც----–---–ის სარჩელი ც------ შ-------ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ც------ შ-------ეს დაეკისროს ი--- ც----–---–ის სასარგებლოდ 450 (ოთხასორმოცდაათი) ლარის გადახდა.
2. ი--- ც----–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 27 (ოცდაშვიდი) ლარი და 27 (ოცდაშვიდი) თეთრი (საგადახდო დავალება N50, გადახდის თარიღი: 26.08.2019 წელი, გადამხდელის დასახელება: ი--- ც----–---–ი, გადამხდელის ბანკი: სს „საქართველოს ბანკი“, გადასახადის გადამხდელის დასახელება: ი--- ც----–---–ი პ.ნ.5----------, სახაზინო კოდი: 300223150 მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა TRESGE22, თანხა - 50 ლარი) კანონით დადგენილი წესით.
3. ც------ შ-------ეს დაეკისროს ი--- ც----–---–ის სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 13 (ცამეტი) ლარის და 63 (სამოცდასამი) თეთრის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი