გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.03.2019
საქმის ნომერი
330310018002579541
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
27.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №------------------

საქმე №---------

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი

სხდომის მდივანი - ანა მგელაძე

 

მოსარჩელე - ი------–-------

წარმომადგენელი - მ---------------–---

 

მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - თ--------–---

 

მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

წარმომადგენელი - გ---------------------

 

მესამე პირები (16.1) - დ------------–---–-, ა---------–---–-

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 19 მაისის №------ დადგენილება „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 29 ივნისის №--- ბრძანება „ი------–------ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“.

 

(დაზუსტებული სარჩელი, იხ. ტომი 1, ს.ფ. 48-57).

 

მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 23 ივნისს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მის სახელზე გაიცა საკუთრების მოწმობა №-----, რომლის თანახმად ი------–-------ს საკუთრებაში გადაეცა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 645 კვ.მ. მდებარე ქ-------–-------–------------------------------ და მასზე მდებარე №1, №2 და №3 შენობა-ნაგებობა საკადასტრო კოდით: №----------------. მისივე განმარტებით, აღნიშნული შენობა-ნაგებობებიდან ერთ-ერთში, კერძოდ №2 შენობაში ცხოვრობს დ------------–---–- თავის ცოლთან - ა---------–---–---ნ ერთად მოსარჩელის ნებართვის გარეშე. მათ შორის არსებობს მუდმივი კონფლიქტი, რასაც ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი რეაგირების ოქმები. მოსარჩელე ასევე უთითებს, რომ დ--------------------–---–--- არაერთი მოთხოვნის მიუხედავად არ ტოვებენ მის საკუთრებას, რის გამოც ი------–------- ვერ შედის შენობა №2-ში, ამასთან, მოსარჩელე ვერ ახორციელებს ვერანაირ საქმიანობას ეზოში, არათუ რაიმეს სახის მშენებლობას.

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ დ--------------------–---–--მა, როგორც მისი, ასევე არქიტექტურის სამსახურის ნებართვის გარეშე განახორციელეს ფუნდამენტის მიშენება შენობა №2-ზე. მან კი ზედამხედველობის სამსახურის გაფრთხილების მიუხედავად, ვერ შეძლო გაეკეთებინა აღნიშნული მიშენების დემონტაჟი, ვინაიდან ამ შენობასთან მიკარების საშუალებასაც კი არავინ აძლევს. უფრო მეტიც, ი------–------- აღნიშნავს, რომ მერიაში გამოცხადდა არაერთხელ და აუხსნა შექმნილი სიტუაციის შესახებ, ისიც კი აღნიშნა, რომ თანახმა იყო მოსულიყვნენ მერიის წარმომადგენლები და თვითონ მოენგრიათ ეს მიშენება, რომელიც არ იყო მისი გაკეთებული, თუმცა მერიამ არ გაითვალისწინა მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მისი მდგომარეობა და 2018 წლის 29 ივნისს გასცა ბრძანება №---, რომლის თანახმად არ დაკმაყოფილდა ი------–------ის 2017 წლის 16 ივნისის საჩივარი და ძალაში დარჩა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 19 მაისის დადგენილება №------, რომლის თანახმად მას დაეკისრა ჯარიმა 10000 ლარის ოდენობით და დაევალა უკანონოდ მიშენებული ფართის დემონტაჟი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონის შესაბამისად არის გამოცემული და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

2.2. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 29 ივნისის №--- ბრძანება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირებმა - დ------------–---–მა და ა---------–---–მა სარჩელი არ ცნეს, მხარი დაუჭირეს საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტეს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. ქ-------–--–-----–-------------------------------ის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №----------------, 23.06.2016 წლის №----- საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, 2016 წლის 03 ივლისიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია ი------–------ის სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 645.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 1, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1, №2, №3.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 23 ივნისის №----- საკუთრების უფლების მოწმობა (ტომი 1, ს.ფ. 279);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 17.01.2018 (ტომი 1, ს.ფ. 12-13).

 

4.1.2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ი------–------ის მიმართ 2017 წლის 14 თებერვალს შედგენილ იქნა მითითება №------, რომლის თანახმად ირკვევა, რომ ქ-------–--–-----–-------------------------------ზე არსებულ კაპიტალურ ნაგებობაზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებულია მიშენებები, ასევე, ტერიტორიაზე განთავსებულია 1 კაპიტალური შენობა, 1 მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობა და მსუბუქი კონსტრუქციის ღობე, რომლის ნაწილიც გადადის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე. ამავე მითითებით, დარღვევის გამოსწორების მიზნით, ი------–-------ს დაევალა აღნიშნული ობიექტების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა ან ობიექტის დემონტაჟის განხორციელება, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 14 თებერვლის მითითება №------ (ტომი 1, ს.ფ. 123-124).

 

4.1.3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 20 მარტს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №------, რომლითაც დადგინდა, რომ ი------–------ის მიერ არ იქნა შესრულებული 2017 წლის 14 თებერვლის №------ მითითების პირობები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 14 თებერვლის შემოწმების აქტი №------ (ტომი 1, ს.ფ. 120-121).

 

4.1.4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 19 მაისს მიღებული იქნა დადგენილება №------ ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმად ი------–------- დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით ქ-------–--–-----–------------------------------, №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისათვის, კერძოდ, არსებულ კაპიტალურ ნაგებობაზე მიშენების განხორციელებისათვის, ასევე, ტერიტორიაზე 1 კაპიტალური ნაგებობის, 1 მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობის და მსუბუქი კონსტრუქციის ღობის, რომლის ნაწილიც გადადის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, განთავსებისათვის. ამავე დადგენილებით ი------–-------ს დაევალა ქ-------–--–-----–------------------------------, №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, არსებულ კაპიტალურ ნაგებობაზე განხორციელებული მიშენებების, ასევე, ტერიტორიაზე უნებართვოდ განთავსებული 1 კაპიტალური ნაგებობის, 1 მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობის და მსუბუქი კონსტრუქციის ღობის დემონტაჟი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 19 მაისის №------ დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ (ტომი 1, ს.ფ. 40-42).

 

4.1.5. 2017 წლის 16 ივნისს ი------–-------მ №----------------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 19 მაისის №------ დადგენილების ბათილად ცნობა.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 29 ივნისის №--- ბრძანებით ი------–------ის 2017 წლის 16 ივნისის №----------------- ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 19 მაისის №------ დადგენილება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ი------–------ის 2017 წლის 16 ივნისის №----------------- ადმინისტრაციული საჩივარი (ტომი 1, ს.ფ. 94-97);

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 29 ივნისის №--- ბრძანება ,,ი------–------ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’ (ტომი 1, ს.ფ. 14-20).

 

4.1.6. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 16 ივნისის №--- განკარგულებით, დ------------–---–ს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ-------–-------–------------------------------) საკუთრების უფლების აღიარებაზე.

 

აღნიშნული განკარგულება მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით (საქმე №---------), დ------------–---–-ს სარჩელი მოპასუხეების - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, მესამე პირების- ი------–------ის, ნ----------–---–---–ის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. (სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოში და არ არის შესული კანონიერ ძალაში).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 16 ივნისის №--- განკარგულება (ტომი 1, ს.ფ. 280-281);

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება (საქმე №---------) (ტომი 1, ს.ფ. 282-306).

 

4.1.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით (საქმე №---------), ი------–------ის სარჩელი დაკმაყოფილდა და დ------------–---–-სა და ა---------–---–-ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება, მდებარე: ქ-------–-------–------------------------------, შენობა-ნაგებობა №2, საკადასტრო კოდი: №---------------- და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე ი------–-------ს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 აპრილის განჩინებით (საქმე №2---------) დ------------–---–-სა და ა---------–---–-ს სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 აპრილის განჩინება (საქმე №2---------) (ტომი 1, ს.ფ. 307-310).

 

4.1.8. საქმეში ასევე წარმოდგენილია ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 20 ნოემბრის დადგენილება №------ ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმად ი------–------- დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით ქ. თბილისში, გ-–------------------------------- და პ------------- ქუჩის მიმდებარედ, კაპიტალური შენობა-ნაგებობის უნებართვოდ მშენებლობისთვის. ამავე დადგენილებით ი------–-------ს დაევალა ქ. თბილისში, გ-–------------------------------- და პ------------- ქუჩის მიმდებარედ უნებართვოდ აშენებული კაპიტალური შენობა-ნაგებობის დემონტაჟი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 20 ნოემბრის დადგენილება №------ ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ (ტომი 2, ს.ფ. 2-4).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ი------–------ის მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსი’’, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება’’, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამ კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მოთხოვნის, ანუ დავის საგნის განსაზღვრა წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან და პრინციპული ხასიათის მოთხოვნას, გამომდინარე იქედანაც, რომ სასამართლო იხილავს სარჩელს და გამოაქვს გადაწყვეტილება სწორედ ამ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხოლოდ მოსარჩელეს აქვს უფლება განსაზღვროს სარჩელის საგანი, შეცვალოს, გაზარდოს, შეამციროს იგი და ა.შ.

 

საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ’’ საქართველოს კანონისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე. კონვენციის ეს ნორმა რეგლამენტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 42-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ყოველი პირის უნდა განსაჯოს იმ მხოლოდ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე.

 

7.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 19 მაისის №------ დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 29 ივნისის №--- ბრძანება ,,ი------–------ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

7.3. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ი------–------ის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 19 მაისის №------ დადგენილების ბათილად ცნობა, რომლითაც იგი დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით ქ-------–--–-----–------------------------------, №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისათვის, კერძოდ, არსებულ კაპიტალურ ნაგებობაზე მიშენების განხორციელებისათვის, ასევე, ტერიტორიაზე 1 კაპიტალური ნაგებობის, 1 მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობის და მსუბუქი კონსტრუქციის ღობის, რომლის ნაწილიც გადადის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, განთავსებისათვის. ამავე დადგენილებით ი------–-------ს დაევალა ქ-------–--–-----–------------------------------, №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, არსებულ კაპიტალურ ნაგებობაზე განხორციელებული მიშენებების, ასევე, ტერიტორიაზე უნებართვოდ განთავსებული 1 კაპიტალური ნაგებობის, 1 მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობის და მსუბუქი კონსტრუქციის ღობის დემონტაჟი.

 

საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ამავე კანონის 15-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა, კერძოდ ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად- მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი (შემდგომ – ობიექტი) არის - ტექნიკური ნაკეთობა, დანადგარი, მოწყობილობა, მათი ნებისმიერი კომბინაცია, შენობა-ნაგებობა, მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, შეზღუდულად ბრუნვადი ნივთიერება ან ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი და პროცესი, რომელიც შეიცავს პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და რომელსაც ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს. ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად კი სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არიან – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები.

 

დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე ნათელია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური(ამჟამად ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია) წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა პროექტის დარღვევით მშენებლობის, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება.

 

7.4. ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა, ბ) მითითება არ შესრულდა და გ) მითითება არადროულად სრულდება.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ი------–------ის მიმართ 2017 წლის 14 თებერვალს შედგენილ იქნა მითითება №------, რომლის თანახმად ირკვევა, რომ ქ-------–--–-----–-------------------------------ზე არსებულ კაპიტალურ ნაგებობაზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებულია მიშენებები, ასევე, ტერიტორიაზე განთავსებულია 1 კაპიტალური შენობა, 1 მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობა და მსუბუქი კონსტრუქციის ღობე, რომლის ნაწილიც გადადის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე. ამავე მითითებით, დარღვევის გამოსწორების მიზნით, ი------–-------ს დაევალა აღნიშნული ობიექტების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა ან ობიექტის დემონტაჟის განხორციელება, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადა.

 

დადგენილია ასევე, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 20 მარტს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №------, რომლითაც დადგინდა, რომ ი------–------ის მიერ არ იქნა შესრულებული 2017 წლის 14 თებერვლის №------ მითითების პირობები.

 

7.5. საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ. გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

 

საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ 44-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - 10 000 ლარით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 19 მაისს მიღებული იქნა დადგენილება №------ ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმად ი------–------- დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით ქ-------–--–-----–------------------------------, №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისათვის, კერძოდ, არსებულ კაპიტალურ ნაგებობაზე მიშენების განხორციელებისათვის, ასევე, ტერიტორიაზე 1 კაპიტალური ნაგებობის, 1 მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობის და მსუბუქი კონსტრუქციის ღობის, რომლის ნაწილიც გადადის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, განთავსებისათვის. ამავე დადგენილებით ი------–-------ს დაევალა ქ-------–--–-----–------------------------------, №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, არსებულ კაპიტალურ ნაგებობაზე განხორციელებული მიშენებების, ასევე, ტერიტორიაზე უნებართვოდ განთავსებული 1 კაპიტალური ნაგებობის, 1 მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობის და მსუბუქი კონსტრუქციის ღობის დემონტაჟი.

 

7.6. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 14.2 მუხლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ)დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ)სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ)შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.

 

აღნიშნული მუხლის ნორმის ანალიზიდან გამომდინარე სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეკისრება უშუალოდ იმ პირს, ვინც აწარმოა უნებართვო მშენებლობა, ხოლო ასეთი პირის დაუდგენლობის შემთხვევაში კი პასუხისმგებლობა ეკისრება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან მოსარგებლეს.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს, ი------–------ის მიერ ჩადენილი (სავარაუდოდ ჩადენილი) სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვისას, სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობებიდან ერთ-ერთში, კერძოდ №2 შენობაში ცხოვრობენ დ--------------------–---–--- მოსარჩელის ნებართვის გარეშე. მათ შორის არსებობს მუდმივი კონფლიქტი, რასაც ადასტურებს საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი რეაგირების ოქმებიც (იხ. ტომი 1, ს.ფ. 98-102). მოსარჩელე ასევე უთითებს, რომ დ--------------------–---–--- არაერთი მოთხოვნის მიუხედავად არ ტოვებენ მის საკუთრებას, რის გამოც ი------–------- ვერ შედის შენობა №2-ში. აღნიშნულ გარემოებას კი ადასტურებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება (საქმე №---------), რომლითაც ი------–------ის სარჩელი დაკმაყოფილდა და დ------------–---–-სა და ა---------–---–-ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება, მდებარე: ქ-------–-------–------------------------------, შენობა-ნაგებობა №2, საკადასტრო კოდი: №---------------- და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე ი------–-------ს. მოპასუხე მხარეს არც ის გარემოება გამოუკვლევია, რომ მოსარჩელე საერთოდ ვერ ახორციელებს ვერანაირ საქმიანობას ეზოში, არათუ რაიმეს სახის მშენებლობას. ამასთან, მოსარჩელე განმარტავს, რომ დ--------------------–---–--მა, როგორც მისი, ასევე არქიტექტურის სამსახურის ნებართვის გარეშე განახორციელეს მიშენება შენობა №2-ზე, რასაც ასევე ადასტურებენ თავად მესამე პირებიც. უფრო მეტიც, ი------–------- აღნიშნავს, რომ მერიაში გამოცხადდა არაერთხელ და აუხსნა შექმნილი სიტუაციის შესახებ, ისიც კი აღნიშნა, რომ თანახმა იყო მოსულიყვნენ მერიის წარმომადგენლები და თვითონ მოენგრიათ ის მიშენება, რომელიც არ იყო მისი გაკეთებული, ვინაიდან თავად ამ შენობასთან მიკარების საშუალებასაც კი არ აძლევდნენ. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ცალსახად დგინდება, რომ კაპიტალურ ნაგებობაზე განხორციელებული მიშენების მწარმოებელ პირს არ წარმოადგენს ი------–------- და სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი პირი სხვა არის, ამ ნაწილში ი------–------ის მიჩნევა სამართალდამრღვევ სუბიექტად მხოლოდ იმის გამო, რომ შენობა-ნაგებობები მის საკუთრებას წარმოადგენს, ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე სრულიად გაუმართლებელია. რაც შეეხება დანარჩენ სამშენებლო სამუშაოებს (კაპიტალური ნაგებობის, მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობისა და მსუბუქი კონსტრუქციის ღობის მოწყობას), აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელე უთითებს, მათი მშენებლობა განხორციელდა 2006 წლამდე. ამასთან, სასამართლო ასევე მიუთითებს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 20 ნოემბრის №------ დადგენილებაზე, რომლის თანახმად ი------–------- დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით ქ. თბილისში, გ-–------------------------------- და პ------------- ქუჩის მიმდებარედ, კაპიტალური შენობა-ნაგებობის უნებართვოდ მშენებლობისთვის. ამავე დადგენილებით ი------–-------ს დაევალა ქ. თბილისში, გ-–------------------------------- და პ------------- ქუჩის მიმდებარედ უნებართვოდ აშენებული კაპიტალური შენობა-ნაგებობის დემონტაჟი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის დადგენილი მშენებლობის მწარმოებელი პირი, კერძოდ კი ის, თუ ვინ, რომელ წელს, რომელი შენობა ააშენა, უნებართვო მშენებლობის დადასტურების შემთხვევაში, რატომ ვერ ხდება ობიექტების დემონტაჟი, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 20 ნოემბრის №------ დადგენილებით ი------–------- იგივე ობიექტის უნებართვო მშენებლობისთვის იქნა დაჯარიმებული თუ არა, ასევე, იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, არც კი უკითხავს მესამე პირებისთვის განხორციელებული სადავო მშენებლობების შესახებ (იხილეთ მესამე პირის განმარტება) და იმის გათვალისწინებით, რომ გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ არის შესაბამისი დასაბუთება იმისა, თუ რატომ არ იქნა დადგენილი უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი პირი, გაუგებარია რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით იქნა მიჩნეული ი------–------- სამშენებლო სამუშაოების განმახორციელებელ პირად და ამასთან მის მიერ კონკრეტულად რა სახის სამუშაოები იქნა განხორციელებული. მითითებული გარემოებები კი ადასტურებს იმას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადგილი ჰქონდა ფაქტების არასრულფასოვან გამოკვლევას, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სადავო აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველს წარმოადგენს.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 19 მაისის №------ დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, მიღებულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რაც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელეს, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 19 მაისის №------ დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას უნდა დაევალოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საქმის ხელახალი განხილვისას კი ადმინისტრაციულმა ორგანომ, საკითხის ობიექტურად გადაწყვეტის მიზნით უნდა მოახდინოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა, დაინტერესებულ მხარეთა მოსმენა, მტკიცებულებათა შეგროვება ან სხვა ნებისმიერი კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარება კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამასთან სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევასა და მასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტა განეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დისკრეციული უფლებამოსილების სფეროს.

 

7.7. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 29 ივნისის №--- ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც ი------–-------ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 19 მაისის №------ დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, შესაბამისად გასაჩივრებული - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 29 ივნისის №--- ბრძანების კანონშეუსაბამობა სახეზეა, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლო მიუთითებს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

მოცემულ შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე, რომ ი------–------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციას, მოსარჩელე ი------–------ის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 100 (ასი) ლარის გადახდა მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ი------–------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 19 მაისის №------ დადგენილება „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას დაევალოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

3. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 29 ივნისის №--- ბრძანება „ი------–------ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“.

 

4. მოპასუხეებს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას მოსარჩელე - ი------–------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 100 (ასი) ლარის გადახდა მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი N64) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლეილა გოგიშვილი