გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310118002520487
საქმე №---------
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი
სხდომის მდივანი - ანა მგელაძე
მოსარჩელე - შ-------------
წარმომადგენელი - ა---------–----------
მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - მ--------------–-–---–-
მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია
წარმომადგენელი - ლ-–---------–---
მესამე პირი (16.1) - ს------–-–----
წარმომადგენელი (დირექტორი) - ნ-----–-----–--------
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 16 მაისის №------ დადგენილება „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 23 იანვრის №-- ბრძანება შ-------------- წარმომადგენლის ა---------–---------ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
მოსარჩელის განმარტებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 16 მაისის №------ დადგენილებით შპს ,,ბ-------’’ ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და დაეკისრა ჯარიმა 10000 ლარის ოდენობით, აგრეთვე დაევალა შენობა-ნაგებობების დემონტაჟი. საუბარია მდინარე მტკვარის აკვატორიაში არსებულ ჩასასვლელზე, რომლითაც მოსარჩელე უკავშირდება მის საკუთრებაში არსებულ ბ------ს. მისივე განმარტებით, დადგენილების მიღების საფუძვლად მითითებულია უნებართვო მშენებლობა და ის, რომ მათ არ აქვთ უფლება მდინარე მტკვარზე გააჩერონ გასაჩერებელ პლატფორმაზე ბ------- მდებარე ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მტკვრის აკვატორიაში. დადგენილების მიხედვით აღნიშნულის უფლება მოსარჩელეს გააჩნია მხოლოდ გამოყოფილი ბაქნის მდებარე მდინარე წავკისის შესართავთან. მოსარჩელე განმარტავს, რომ აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 25 ივლისის №1-------- დადგენილებით გაცემულია ნებართვა მათ წინამორბედზე ინჟმშენზე, რომლისგანაც, როგორც ბ-------, ისე მასთან დაკავშირებული უფლება განეხორციელებინათ ბ------თან დაკავშირებული ყველა უფლება, შეიძინეს 2013 წლის 2 აგვისტოს. მათი სახსრებით მოეწყო პლატფორმა მდებარე, ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზეც მტკვრის აკვატორიაში, რაც განხორციელდა 1996 წელსვე კანონის სრული დაცვით ქალაქის მუნიციპალიტეტის კაბინეტის დაქვემდებარებაში არსებული სამსახურების ზედამხედველობის ქვეშ და 1996 წლიდან დღემდე დგას და ფუნქციონირებს ბ-------. არავის პრეტენზია არ გასჩენია, რადგან სწორედ ის ადგილია გაჩერებისათვის, რაზედაც არსებობს სათანადო ნებართვა. მოსარჩელე უთითებს, რომ ნებართვა გაცემულია ს------–-–----- სახელზე, გასაჩივრებულ დადგენილებაში მითითებულ ადგილზე, რომელიც კანონიერადაა ცნობილი, 2018 წლის 16 მაისის №------ დადგენილებით საუბარია მდინარე წავკისის შესართავთან არსებულ ბაქანზე.
მითითებული სადავო დადგენილება მოსარჩელემ გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, თუმცა მოპასუხის 2019 წლის 23 იანვრის №-- ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამასთან, ზედამხედველობის სამსახურმა 2018 წლის 21 მაისს გამოსცა სააღსრულებო ფურცელი შენობა-ნაგებობის დემონტაჟის თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონის შესაბამისად არის გამოცემული და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
2.2. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 23 იანვრის №-- ბრძანება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირს - ს------–-–---- წერილობითი ფორმით შესაგებელი შ--------------- სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მესამე პირის წარმომადგენელმა (დირექტორმა) კი განმარტა, რომ სამშენებლო სამუშაოები აწარმოა სს „--–-–----- ზუსტად ისეთი სახით, როგორი სახითაც დღეს არსებობს და სწორედ ასე მიჰყიდა შ-------------.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 25 ივლისის №1-------- დადგენილებით, მიღებული იქნა ქ. თბილისის მერიის მუნიციპალური საწარმო ფირმა „--–-–----- წინადადება და ნება დაერთო თავისივე სახსრებით აეგო მდინარე მტკვარზე მ---------–------–--------------- კომერციული საქმიანობისთვის. ხოლო მოძრავი წისქვილის გასაჩერებელი პლატფორმა უნდა მოწყობილიყო ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვრის აკვატორიაში.
თბილისის კრწანისის რაიონის გამგეობის 1996 წლის 18 დეკემბრის №------- გადაწყვეტილებით გამგეობამ გადაწყვიტა მიეღო საუწყებათაშორისო ტექნიკური კომისიის წინადადება, ქ. თბილისის მერიის ფირმა ,,ი-–-–---ს“ დირექციას ნება დაერთო ტივის გასაჩერებლად გამოყოფილი ბაქანის (მდ. წავკისის შესართავთან) მოპირკეთებაზე, გასუფთავებაზე, ბალასტით მოსწორებაზე, ბაზალტის ფილების დაგებაზე, ჩასასვლელი კიბის აღდგენასა და ლითონის მოაჯირის მოწყობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 25 ივლისის №1-------- დადგენილება (ს.ფ. 172);
- თბილისის კრწანისის რაიონის გამგეობის 1996 წლის 18 დეკემბრის №------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 174).
4.1.2. 2013 წლის 02 აგვისტოს, შ-------–-–---- (გამყიდველი) და შ-------------- (მყიდველი) შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შ---------------იყიდა შ-------–-–----- საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთი - ბ-------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2013 წლის 02 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 178).
4.1.3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შ--------------- მიმართ 2018 წლის 12 იანვარს შედგენილ იქნა მითითება №------, რომლითაც ირკვევა, რომ ქ. თბილისში, რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარზე, მოწყობილია დროებითი შენობა-ნაგებობა. ამავე მითითებით, დარღვევის გამოსწორების მიზნით, შ-------------- დაევალა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა ან განეხორციელებინა აღნიშნული დროებითი შენობა-ნაგებობის დემონტაჟი, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 10 (ათი) კალენდარული დღის ვადა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 12 იანვრის მითითება №------ (ს.ფ. 146-147).
4.1.4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 29 იანვარს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №------, რომლითაც დადგინდა, რომ შ--------------- მიერ არ იქნა შესრულებული 2018 წლის 12 იანვრის №------ მითითების პირობები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 29 იანვრის შემოწმების აქტი №------ (ს.ფ. 143-144).
4.1.5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 16 მაისს მიღებული იქნა დადგენილება №------ „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“, რომლის თანახმად, შ-------------- დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით ქ. თბილისში, რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორია, მდინარე მტკვარზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, დროებითი შენობა-ნაგებობის მოწყობისათვის. ამავე დადგენილებით შ-------------- დაევალა ქ. თბილისში, რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარზე, უნებართვოდ განთავსებული დროებითი შენობა-ნაგებობის დემონტაჟი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 16 მაისის №------ დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ (ს.ფ. 18-21).
4.1.6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 21 მაისს გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი №----------------, რომლის თანახმად, შ-------------- დაევალა ქ. თბილისში, რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარზე, უნებართვოდ მოწყობილი დროებითი შენობა-ნაგებობის დემონტაჟი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 21 მაისის №---------------- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 16-17).
4.1.7. შ--------------- წარმომადგენელმა ა---------–----------მ 2018 წლის 28 მაისს №2---------------- ადმინისტრაციული საჩივრით, ხოლო 2018 წლის 06 ივნისს №1---------------- დაზუსტებული ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 16 მაისის №------ დადგენილებისა და 2018 წლის 21 მაისის №---------------- სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 23 იანვრის №-- ბრძანებით შ--------------- წარმომადგენლის ა---------–---------ის 2018 წლის 28 მაისის №2---------------- და 2018 წლის 06 ივნისის №1---------------- ადმინისტრაციული საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 16 მაისის №------ დადგენილება და 2018 წლის 21 მაისის №---------------- სააღსრულებო ფურცლის გაცემით განხორციელებული ქმედება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შ---------------- წარმომადგენლის ა---------–---------ის 2018 წლის 28 მაისის №2---------------- ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 111-113);
- შ---------------- წარმომადგენლის ა---------–---------ის 2018 წლის 06 ივნისის №1---------------- ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 126-128);
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 23 იანვრის №-- ბრძანება შ---------------- წარმომადგენლის ა---------–---------ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე (ს.ფ. 97-108).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შ--------------- მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსი“, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება“, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამ კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მოთხოვნის, ანუ დავის საგნის განსაზღვრა წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან და პრინციპული ხასიათის მოთხოვნას, გამომდინარე იქიდანაც, რომ სასამართლო იხილავს სარჩელს და გამოაქვს გადაწყვეტილება სწორედ ამ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხოლოდ მოსარჩელეს აქვს უფლება განსაზღვროს სარჩელის საგანი, შეცვალოს, გაზარდოს, შეამციროს იგი და ა.შ.
საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე. კონვენციის ეს ნორმა რეგლამეტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 42-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ყოველი პირის უნდა განსაჯოს იმ მხოლოდ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე.
7.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამდენად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება გულისხმობს, აქტის ფორმალურ და მატერიალურ კანონიერებას. აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ იგი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, მისი გამოცემისათვის კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით იქნეს გამოცემული, მატერიალური კანონიერება კი დაკავშირებულია აქტის შინაარსთან და მოითხოვს, რომ ადმინისტრაციულ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდეს მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და არ ეწინააღმდეგებოდეს ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე კოდექსის 97-ე მუხლით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან ჩანს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე - შ-------------- მოთხოვნას წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 16 მაისის №------ დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 23 იანვრის №-- ბრძანების ბათილად ცნობა, რომელთა კანონიერების შეფასებისას მნიშვნელოვანია დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაცული იქნა თუ არა აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
7.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლზე, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან. ამავე კოდექსის მე-8 მუხლის თანახმად, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ამავე ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ კანონიერების მკაცრი დაცვის საფუძველზე. საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები და თანამდებობის პირნი ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომებს შეუფარდებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის ზუსტი შესაბამისობით. სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილი კი მოითხოვს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პირს სახდელი დაედოს იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. ამდენად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგადი მუხლები ადგენენ ადმინისტრაციული გადაცდომისათვის კანონით გათვალისწინებული სანქციის გამოყენების საერთო წესს.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა, ბ) მითითება არ შესრულდა, გ) მითითება არადროულად სრულდება.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ. გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 44-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - 10 000 ლარით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შ-------------- მიმართ 2018 წლის 12 იანვარს შედგენილ იქნა მითითება №------, რომლითაც ირკვევა, რომ ქ. თბილისში, რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარზე, მოწყობილია დროებითი შენობა-ნაგებობა. ამავე მითითებით, დარღვევის გამოსწორების მიზნით, შ--------------- დაევალა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა ან განეხორციელებინა აღნიშნული დროებითი შენობა-ნაგებობის დემონტაჟი, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 10 (ათი) კალენდარული დღის ვადა.
დადგენილია ასევე, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 29 იანვარს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №------, რომლითაც დადგინდა, რომ შ-------------- მიერ არ იქნა შესრულებული 2018 წლის 12 იანვრის №------ მითითების პირობები. შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 16 მაისს მიღებული იქნა დადგენილება №------ ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმად, შ-------------- დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით ქ. თბილისში, რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორია, მდინარე მტკვარზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, დროებითი შენობა-ნაგებობის მოწყობისათვის. ამავე დადგენილებით შ-------------- დაევალა ქ. თბილისში, რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორია, მდინარე მტკვარზე, უნებართვოდ განთავსებული დროებითი შენობა-ნაგებობის დემონტაჟი.
მოსარჩელე არაკანონიერად მიიჩნევს მის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიღებულ დადგენილებას დაჯარიმების შესახებ და განმარტავს, რომ მდინარე მტკვარზე მდებარე ბ------- მოწყობილია კანონიერად, ვინაიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 25 ივლისის №1-------- დადგენილებით გაცემული იყო ნებართვა ს------–-–------, რომლისგანაც შეიძინეს როგორც ბ-------, ისე მასთან დაკავშირებული ყველა უფლება 2013 წლის 2 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას მდინარე მტკვარზე განთავსებული დროებითი შენობა-ნაგებობის კანონიერების ნაწილში და მიუთითებს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე, რომლის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის სახეებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება არის ახალი მშენებლობა. დადგენილების მე-3 მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად კი, დროებითი შენობა და ნაგებობა არის ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან ან/და წყალთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები (გარდა წყლის ტრანსპორტისა);
ამავე დადგენილების 65-ე მუხლის თანახმად I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), თუმცა ამავე დადგენილების 66-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის გამცემ ორგანოს, რომელიც ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, განცხადების წარდგენიდან 5 დღის ვადაში ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობის/მონტაჟის ქალაქთმშენებლობის დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას, მე-10 პუნქტის თანახმად კი, აღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა. თავის მხრივ, უნებართვო მშენებლობის დეფინიციას იძლევა ხსენებული დადგენილების მე-3 მუხლის 74-ე პუნქტი, რომლის თანახმად, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადავო 2018 წლის 16 მაისის №------ დადგენილებით, შ-------------- დაჯარიმდა დროებითი შენობა-ნაგებობის შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებისთვის, თუმცა მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნაგებობის განთავსების უფლება მათ გააჩნდათ სწორედ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 25 ივლისის №1-------- დადგენილებით გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე, ხოლო 2017 წლის დეკემბერში №57 დადგენილებაში ცვლილების განხორციელებამდე წყლის ზედაპირზე განთავსებული ობიექტი არ განიხილებოდა დროებით შენობა-ნაგებობად (აღნიშნული არც მითითებულ დადგენილებაში იყო ნახსენები), რის გამოც, მისი მოწყობა არ საჭიროებდა №57 დადგენილებით გათვალისწინებული სანებართვო დოკუმენტაციის მოპოვებას.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას და განმარტავს, რომ გასაჩივრებული დადგენილების კანონიერების შეფასებისას უნდა ვიხელმძღვანელოთ სამართალდარღვევის გამოვლენის დროს მოქმედი კანონმდებლობით. კერძოდ, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 დეკემბრის №567 დადგენილების პირველი მუხლით ცვლილება შევიდა №57 დადგენილების მე-3 მუხლის მე-15 პუნქტში და იგი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ,,დროებითი შენობა და ნაგებობა - ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან ან/და წყალთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები (გარდა წყლის ტრანსპორტისა)’’. აღნიშნული ცვლილება ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე, ანუ 2017 წლის 28 დეკემბერს, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაიწყო 2018 წლის 12 იანვარს №6003278 მითითების შედგენით. ამდენად, სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის დროს მოქმედი რედაქციის №57 დადგენილების მე-3 მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული დროებითი შენობა-ნაგებობის დეფინიცია პირდაპირ განიხილავდა წყლის ზედაპირზე მოწყობილ ობიექტებს დროებით შენობა ნაგებობად და შესაბამისად, მდინარე მტკვარზე სამართალდარღვევის ობიექტის მოწყობა საჭიროებდა ზემოაღნიშნული დადგენილებით გათვალისწინებული სამშენებლო დოკუმენტაციის მოპოვებას.
რაც შეეხება სამართალდამრღვევ სუბიექტს, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ მე-14 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ) შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.
აღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეკისრება უშუალოდ იმ პირს, ვინც აწარმოა უნებართვო მშენებლობა, ხოლო ასეთი პირის დაუდგენლობის შემთხვევაში კი პასუხისმგებლობა ეკისრება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან მოსარგებლეს.
მოცემულ შემთხვევაში უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 25 ივლისის №1-------- დადგენილებით, მიღებულ იქნა ქ. თბილისის მერიის მუნიციპალური საწარმო ფ----------–-–------ წინადადება და ნება დაერთო თავისივე სახსრებით აეგო მდინარე მტკვარზე მ---------–------–--------------- კომერციული საქმიანობისთვის. ხოლო მოძრავი წისქვილის გასაჩერებელი პლატფორმა უნდა მოწყობილიყო ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვრის აკვატორიაში, ხოლო თბილისის კრწანისის რაიონის გამგეობის 1996 წლის 18 დეკემბრის №------- გადაწყვეტილებით გამგეობამ გადაწყვიტა მიეღო საუწყებათაშორისო ტექნიკური კომისიის წინადადება, ქ. თბილისის მერიის ფ----------–-–------ დირექციას ნება დაერთო ტივის გასაჩერებლად გამოყოფილი ბაქნის (მდ. წავკისის შესართავთან) მოპირკეთებაზე, გასუფთავებაზე, ბალასტით მოსწორებაზე, ბაზალტის ფილების დაგებაზე, ჩასასვლელი კიბის აღდგენასა და ლითონის მოაჯირის მოწყობაზე.
საქმის მასალებით დასტურდება ისიც, რომ 2013 წლის 02 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შ---------------- იყიდა ს------–-–------ საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთი - ბ-------.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე შ--------------- წინამორბედის, საქმეში მესამე პირად ჩაბმული პირის - ს------–-–----- დირექტორის ნ-----–-----–------ძის პოზიციაზე, რომელმაც 2019 წლის 03 აპრილს გამართულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე განმარტა, რომ სამშენებლო სამუშაოები აწარმოა სს „--–-–----- და ზუსტად ისეთი სახით მიჰყიდა შ-------------, როგორი სახითაც დღეს არსებობს, ამ უკანასკნელს კი დამატებით არავითარი სამშენებლო სამუშაოები არ განუხორციელებია. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ცალსახად დგინდება, რომ უნებართვო სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ პირს წარმოადგენს სს „ი-–-–---“, შ--------------- მიჩნევა სამართალდამრღვევ სუბიექტად მხოლოდ იმის გამო, რომ დროებითი შენობა-ნაგებობა დღეის მდგომარეობით მის საკუთრებას წარმოადგენს, სრულიად გაუმართლებელია, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 16 მაისის №------ დადგენილება, ქ. თბილისში, რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორია, მდინარე მტკვარზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, დროებითი შენობა-ნაგებობის მოწყობისათვის შ--------------- დაჯარიმების ნაწილში, უკანონოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
რაც შეეხება სადავო დადგენილების იმ ნაწილს, რომლითაც შ-------------- დაევალა ქ. თბილისში, რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორია, მდინარე მტკვარზე, უნებართვოდ განთავსებული დროებითი შენობა-ნაგებობის დემონტაჟი, სასამართლო მიიჩნევს, რომ ასევე არ არსებობდა მოსარჩელისათვის დემონტაჟის დავალების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ ვერ დგინდება უნებართვო მშენებლობის მწარმოებელი პირი და მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან/და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა, უფლებამოსილი ორგანო მითითების გაცემის გარეშე იღებს დადგენილებას უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის შესახებ, რომლის გასაჩივრებაც არ აჩერებს აღნიშნული დადგენილების მოქმედებას. ამავე მუხლის მე-4 პუქტი კი ადგენს, რომ თუ უნებართვო მშენებლობის მწარმოებელი პირი დადგენილია და მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან/და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა, უფლებამოსილი ორგანო მითითების გაცემისა და შემოწმების აქტის შედგენის საფუძველზე იღებს დადგენილებას უნებართვო მშენებლობის დემონტაჟისა და დამრღვევისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, რომლის გასაჩივრებაც არ აჩერებს აღნიშნული დადგენილების მოქმედებას დემონტაჟის ნაწილში.
მითითებულ ნორმათა საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში თუ მშენებლობა ნაწარმოებია სახელმწიფოს ან თვითმმართველის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე და უცნობია მშენებლობის მწარმოებელი პირი, შესაბამისი ორგანო მითითების გაცემის გარეშე იღებს დადგენილებას უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ უფლებამოსილი ორგანო არ იკვლევს, არ ინტერესდება შენობა-ნაგებობის მფლობელის/მოსარგებლის ვინაობით, არ უსაზღვრავს დროს სამართალდარღვევის გამოსწორებისთვის. იმ შემთხვევაში კი თუ ცნობილია მშენებლობის მწარმოებელი პირი, მითითებისა და შემოწმების აქტების გაცემის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის და დამრღვევის ანუ უკანონო მშენებლობის განმახორციელებელი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. ამდენად, მითითებულ ნორმათა ურთიერთშეჯერებით შეიძლება დავასკვნათ, რომ იმ შემთხვევაში თუ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს სახელმწიფო ან/და თვითმმართველი ერთეული, დემონტაჟს ახორციელებს მესაკუთრე, მშენებლობის განმახორციელებელს, თუ მისი ვინაობა ცნობილია, ეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, შენობა-ნაგებობის მფლობელისათვის (მოსარგებლისთვის) კი პასუხისმგებლობის რაიმე ზომა დადგენილი არ არის, ამასთან არც რაიმე ქმედების განხორციელების დავალების შესაძლებლობას ადგენს კანონი, რის გამოც დაუშვებელია მისთვის მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ვალდებულების (დემონტაჟის) გადაკისრება და უფრო მეტიც, აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის მისი დაჯარიმება.
ამდენად, იმ პირობებში, როდესაც უნებართვო მშენებლობის მწარმოებელ პირს წარმოადგენდა ს------–-–----, ხოლო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას, სასამართლო მიიჩნევს, რომ უკანონო შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის უნდა დაჯარიმებულიყო შ-----–-–---- თუ მის მიერ არ იქნებოდა შესრულებული მითითება, დემონტაჟი კი უნდა განეხორციელებინა თვითმმართველ ერთეულს და არა შ-------------.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 16 მაისის №------ დადგენილების გამოცემა მოხდა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
7.4. მოსარჩელე მხარის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 23 იანვრის №-- ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც შ---------------- წარმომადგენელს ა---------–----------ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში იმდენად, რამდენადაც დადგენილი იქნა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 16 მაისის №------ დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული და მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს, აღნიშნული გარემოება თავის მხრივ მითითებულ ნაწილში გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს. შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 23 იანვრის №-- ბრძანება შ---------------- წარმომადგენლის ა---------–---------ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შ---------------- წარმომადგენლის ა---------–---------ის ადმინისტრაციული საჩივარი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 16 მაისის №------ დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლო მიუთითებს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს გადაწყვეტილების მიღებას საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის საფუძველზე. რაც შეეხება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 23 იანვრის №-- ბრძანების ბათილად ცნობას იმ ნაწილში, რომელითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა 2018 წლის 21 მაისის N4-5/ს.ფ.-328-18 სააღსრულებო ფურცლის გაცემით განხორციელებული ქმედების უკანონოდ ცნობის თაობაზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში არ არსებობს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე არ ითხოვს 2018 წლის 21 მაისის N4-5/ს.ფ.-328-18 სააღსრულებო ფურცლის გაცემით განხორციელებული ქმედების უკანონოდ ცნობას.
8. საპროცესო ხარჯები
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინიტრაციულ სამართლაწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს- სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების გამო, მოპასუხეებს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას მოსარჩელე შ--------------- სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 100 (ასი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შ--------------- სარჩელი, ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 16 მაისის №------ დადგენილება „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“;
3. ბათილად იქნეს ცნობილი 2019 წლის 23 იანვრის №-- ბრძანება შ--------------- წარმომადგენლის ა---------–---------ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შ--------------- წარმომადგენლის ა---------–---------ის ადმინისტრაციული საჩივარი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 16 მაისის №------ დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე;
4. მოპასუხეებს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას მოსარჩელე - შ--------------- სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი N64) მეშვეობით.
მოსამართლე: ლეილა გოგიშვილი