გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.11.2019
საქმის ნომერი
351210019003010717
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
05.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

# 351210019003010717

საქმე №2-213-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი:

05 ნოემბერი, 2019 წელი ქ. გარდაბანი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე

გარდაბნის მუნიციპალიტეტში - ირინე ტყეშელაშვილი

სხდომის მდივანი - გიორგი ნოზაძე

მოსარჩელე - სს ,,ლ-------- ბანკი’’

წარმომადგენელი - თ----- ზ------–---–ი

მოპასუხე - ე-–------ ი-------–---–ი

დავის საგანი - ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე - ე-–------ ი-------–---–ს მოსარჩელე - სს ,,ლ-------- ბანკის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 3802.80 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2013.17 ლარი, პროცენტი - 1325.68 ლარი, ჯარიმა - 463.95 ლარი;

 

1.2. მოპასუხე - ე-–------ ი-------–---–ს მოსარჩელე - სს ,,ლ-------- ბანკის’’ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი ბაჟის ანაზღაურება 57.04 ლარის ოდენობით.

 

სარჩელის მიხედვით, 2017 წლის 14 დეკემბერს ე-–------ ი-------–---–ის მიერ ბანკის ელექტრონული არხის საშუალებით შეივსო განაცხადი, რომლის საფუძველზეც მასზე დამტკიცდა Liberty Express-ის (სწრაფი სესხის) ტიპის სესხი, გაცემულმა კრედიტის თანხამ შეადგინა 2500 ლარი, ვადად განისაზღვრა 12 თვე. კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი 66% (პროცენტის ოდენობა წარმომადგენელმა დააზუსტა სხდომაზე), ხოლო მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, მსესხებელი ვალდებულია გადაუხადოს კრედიტორს ვადაგადაცილების პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილებული თანხის 0.40 %-ის ოდენობით. სს ,,ლ-------- ბანკმა“ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და გასცა საბანკო კრედიტი, რის შემდეგაც წარმოეშვა აღნიშნული თანხის შეთანხმებული პირობებით მოთხოვნის უფლება. მოპასუხემ კი დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 2018 წლის 16 აპრილს და დღემდე არ ასრულებს მას. აქედან გამომდინარე, 2019 წლის 13 მაისის მდგომარეობით, მოპასუხეს სს ,,ლ-------- ბანკის’’ მიმართ, სესხზე N1-------, ერიცხება დავალიანება 3802.80 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ე-–------ ი-------–---–მა სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ იგი აღიარებს ვალდებულებას ძირითადი თანხის ნაწილში, თუმცა არ ეთანხმა მოთხოვნას სესხზე არსებული პროცენტისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 14 დეკემბერს ე-–------ ი-------–---–ის მიერ ბანკის ელექტრონული არხის საშუალებით შეივსო განაცხადი, რომლის საფუძველზეც მასზე დამტკიცდა Liberty Express-ის (სწრაფი სესხის) ტიპის სესხი, გაცემულმა კრედიტის თანხამ შეადგინა 2500 ლარი, ვადად განისაზღვრა 12 თვე.

 

ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი 66 %, ხოლო მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, განისაზღვრა, რომ მსესხებელი ვალდებული იქნებოდა გადაეხადა კრედიტორითვის ვადაგადაცილების პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილებული თანხის 0.40%-ის ოდენობით.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2017 წლის 14 დეკემბრის განაცხადი (ს.ფ. 17);

- 2017 წლის 14 დეკემბრის სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 18);

- მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებები (სხდომის ოქმი);

 

3.1.2. სს ,,ლ-------- ბანკის’’ მიერ ვალდებულება შესრულებულ იქნა სრულად - მსესხებელზე გაიცა საბანკო კრედიტი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 41-42);

 

3.1.3. ე-–------ ი-------–---–ის მიერ სს ,,ლ-------- ბანკის“ ანგარიშზე 15.01.2018 წელს შეტანილი იქნა თანხა 290 ლარის ოდენობით, 15.02.2018 წელს - 300 ლარის ოდენობით, 30.03.2018 წელს 350 ლარის ოდენობით, ხოლო 16.04.2018 წელს ე-–------ ი-------–---–ის მიერ დაირღვა ხელშეკრულება.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 18);

- ამონაწერი ანგარიშიდან GE35LB0288870270232152 (ს.ფ. 41-42).

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

მხარეებს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადაოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია, რის გამოც შემცირებული პირგასამტეხლოს გათვალისწინებით, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. უდავოა, რომ მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული იქნა სრულად, მოპასუხემ მიიღო თანხა, მაგრამ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები - არ დაფარა კრედიტი.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 14 დეკემბერს ე-–------ ი-------–---–მა მიმართა სს,ლ-------- ბანკს“ ელექტრონული არხის საშუალებით და შეავსო განაცხადი, რომლის საფუძველზეც, მასზე დამტკიცდა Liberty Express-ის (სწრაფი სესხის) ტიპის სესხი და გაიცა 14.12.2017 წელს კრედიტი 2500 ლარის ოდენობით, სესხი გაიცა 12 თვის ვადით, კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 66 %-ით, მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, განისაზღვრა ვადაგადაცილების პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილებული თანხის 0.40 %-ის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია და მოპასუხეც არ ხდის სადავოდ რომ კრედიტის თანხა - 2500 ლარი, მან მიიღო სრულად 14.12.2017 წელს, რომელმაც დაიწყო გრაფიკით გათვალისწინებული თანხის შეტანა 15.01.2018 წელს, ხოლო დაარღვია 16.04.2018 წელს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მოპასუხე მხარემ საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ შევსებული განაცხადითა და სს ,,ლ-------- ბანკთან’’ გაფორმებული ხელშეკრულებით იკისრა სესხის როგორც ძირი თანხის, ასევე პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია სრულად.

 

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სესხის ძირი თანხის - 2013.17 ლარისა და პროცენტის - 1325,68 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი მხარეებს ანიჭებს თავისუფლებას პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, მაგრამ აღნიშნული არ უნდა იქნეს განხილული, როგორც სრული თავისუფალი ნება. ამ დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ის შესაძლო ზიანი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ვალდებულების შეუსრულებლობას ან არაჯეროვან შესრულებას და არ უნდა დაირღვეს სამოქალაქო ბრუნვის სამართლიანობა.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსესხებლის/მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ფიქსირებული ჯარიმის/პირგასამტეხლოს ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით - 50,15 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სარჩელის ფასია 3802,80 ლარი, რისი 3 %-ს ნახევარი - 57,04 ლარი გადაიხადა მოსარჩელემ სარჩელზე წინასწარ.

 

რადგან მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხემ ცნო სასარჩელო მოთხოვნა სესხის ძირი თანხის - 2013,17 ლარის ნაწილში, ხოლო არ ცნო მოთხოვნა 1789,63 ლარის ნაწილში და სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეს ეკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ 3389 ლარის გადახდა, ბაჟის გადახდის საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდილი ბაჟის ნაწილის ანაზღაურება 20,63 ლარის ოდენობით, რაც არის მოთხოვნილი თანხის 36,17 %, ხოლო მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 30,19 ლარი, რაც შეადგენს მოთხოვნილი თანხის 52,93 %.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-14, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-251-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ,,ლ-------- ბანკის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხე - ე-–------ ი-------–---–ს მოსარჩელე - სს ,,ლ-------- ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს 3389 (სამიათას სამას ოთმოცდაცხრა) ლარის გადახდა (საიდანაც 2013,17 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 1325,68 ლარი არის პროცენტი, 50,15 ლარი არის პირგასამტეხლო);

 

3. მოპასუხე - ე-–------ ი-------–---–ს მოსარჩელე - სს ,,ლ-------- ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟის ნაწილის ანაზღაურება 20 (ოცი) ლარის და 63 (სამოცდასამი) თეთრის ოდენობით;

 

4. მოსარჩელე - სს ,,ლ-------- ბანკს’’ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 30 (ოცდაათი) ლარი და 19 (ცხრამეტი) თეთრი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: თარიღი: 22.05.2019 წელი; გადამხდელი: სს ,,ლ-------- ბანკი’’; საგადახდო დავალება # 5---------; მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 3000113150; მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა; ბანკი კოდი: TRESGE22;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს (გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. №6) მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში (გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. №6) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ირინე ტყეშელაშვილი