გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310018002294649
საქმე №--------
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი
სხდომის მდივანი - ანა მგელაძე
მოსარჩელე - ა----------–--–---–-
წარმომადგენელი - თ-----------–--–---–-
მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ბ----------------
მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია წარმომადგენელი - ლ-–-------–---
მესამე პირები (16.1) - მ------------, ია----------–--–---–-
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 04 ნოემბრის №------ დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 19 სექტემბრის №------ ბრძანება ,,ა----------–--–---–-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’.
მოსარჩელის განმარტებით, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 04.11.2016 წლის №------ დადგენილებით მოსარჩელე დაჯარიმდა 4000 ლარით. მითითებული დადგენილება მის მიერ გასაჩივრებულ იქნა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, თუმცა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 19.09.2017 წლის №------ ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დაჯარიმების შესახებ დადგენილება ძალაში დარჩა.
მოსარჩელე უთითებს, რომ ქ.თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის გამო დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო შემდეგ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ წარმოებაში არასწორად იქნა მიჩნეული სამშენებლო სამართალდარღვევის სუბიექტად და მისთვის სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტზე პასუხისმგებლობის დაკისრება სრულიად უსაფუძვლოა. მოსარჩელე განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით ის ი-----------–--–---–თან ერთად აღრიცხულია იდეალურ წილში თანამესაკუთრედ ქ------–---------–----–---–----------–- მდებარე სახლთმფლობელობის გარკვეული ნაწილისა. თუმცა განსახილველ შემთხვევაში ეზოში არსებულ ბაქანზე (მე-2 სართულის დონეზე) კაპიტალური კედლებისა და მსუბუქი (ხის ფაქტურის) კონსტრუქციის მოწყობა განხორციელდა ია----------–--–---–-სა და მ-----------ის მიერ მათ შორის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული მითითებული უძრვი ქონების გამიჯვნის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, თვით სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელთა მეშვეობით. აღნიშნული ბაქანი მთლიანად ამოშენებული იყო აგურის კედლებით და შემდეგში მ-----------ისა და ია----------–--–---–-ს მოთხოვნითა და მონაწილეობით მოხდა გამიჯვნის შესაბამისად, ბაქანზე კაპიტალური კედლებისა და მსუბუქი (ხის ფაქტურის) კონსტრუქციის მოწყობა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ის ვერ ჩაითვლება მითითებული სამშენებლო სამუშაოების განმახორციელებელ პირად და სამშენებლო-სამართალდარღვევის სუბიექტად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ითხოვს მათ ბათილად ცნობას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელში არ არის კონკრეტული მსჯელობა იმ გარემოებაზე, თუ რატომ ეწინააღმდეგება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას მიღებული გადაწყვეტილება კანონს, ასევე არ არის მითითებული კონკრეტულად რა გარემოება არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამდენად, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის შესაბამისად არის გამოცემული და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
2.2. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
3. მესამე პირების პოზიცია
3.1. მესამე პირმა - მ------------მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელს მხარი არ დაუჭირა და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
3.2. მესამე პირს - ი-----------–--–---–ს წერილობითი ფორმით შესაგებელი ა----------–--–---–ს სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მესამე პირმა კი სარჩელს მხარი დაუჭირა.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ 2016 წლის 08 ივნისის მდგომარეობით ქ-------–--–-------–----–---–--------------–- მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №0----------------------, 2016 წლის 08 ივნისიდან, არასაცხოვრებელი ფართი 15.00 კვ.მ. თანასაკუთრების უფლებით აღრიცხულია ა----------–--–---–-ს (1/2 ნაწილი) და მ-------------–---–ის (1/2 ნაწილი) სახელზე, ნაკვეთის საკუთრების ტიპი - თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 325.00კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 12; შენობა-ნაგებობები: №1-დან №12-ის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 08.06.2016 (ტომი 1, ს.ფ. 174-175).
4.1.2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ა----------–--–---–-ს მიმართ 2016 წლის 23 აგვისტოს შედგენილ იქნა მითითება №------, რომლითაც ირკვევა, რომ ქ-------–--–-------–----–---–--------------–- განხორციელებულია რეკონსტრუქცია, კერძოდ: ეზოში არსებულ ბაქანზე (მე-2 სართულის დონეზე) კაპიტალური კედლებისა და მსუბუქი (ხის ფაქტურის) კონსტრუქციის მოწყობა. ამავე მითითებით, დარღვევის გამოსწორების მიზნით, ა----------–--–---–ს დაევალა კონსტრუქციის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა ან მათი დემონტაჟი, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 10 (ათი) კალენდარული დღის ვადა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 23 აგვისტოს მითითება №------ (ტომი 1, ს.ფ. 158-159).
4.1.3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 05 სექტემბერს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №------, რომლითაც დადგინდა, რომ ა----------–--–---–-ს მიერ არ იქნა შესრულებული 2016 წლის 23 აგვისტოს №------ მითითების პირობები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 23 აგვისტოს შემოწმების აქტი №------ (ტომი 1, ს.ფ. 161-162).
4.1.4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის 2016 წლის 04 ნოემბრის №638 მოხსენებითი ბარათის თანახმად, 2016 წლის 04 ნოემბერს ზემოაღნიშნული ობიექტი ხელმეორედ იქნა გადამოწმებული, რის შედეგადაც არ დადგინდა, რომ დემონტირებულია მხოლოდ კაპიტალური კედელი, რომლითაც გამოყოფილი იყო ბაქანი, ხოლო სხვა კონსტრუქციები დარჩენილია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის 2016 წლის 04 ნოემბრის №638 მოხსენებითი ბარათი (ტომი 1, ს.ფ. 142).
4.1.5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 04 ნოემბერს მიღებული იქნა დადგენილება №------ ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“, რომლის თანახმად, ა----------–--–---–- დაჯარიმდა 4 000 (ოთხი ათასი) ლარით ქ-------–--–-------–----–---–------------–- (ს/კ: №0----------------------) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებისთვის (კაპიტალური კედელი და მსუბუქი კონსტრუქციები (ხის ფაქტურის). ამავე დადგენილებით ა----------–--–---–ს დაევალა ქ-------–--–-------–----–---–------------–- (ს/კ: №0----------------------) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების (კაპიტალური კედელი და მსუბუქი კონსტრუქციები (ხის ფაქტურის) დემონტაჟი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 04 ნოემბრის №------ დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ (ტომი 1, ს.ფ. 18-20).
4.1.6. 2016 წლის 23 დეკემბერს ა----------–--–---–მა №4-------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 04 ნოემბრის №------ დადგენილების ბათილად ცნობა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 19 სექტემბრის №------ ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ა----------–--–---–-ს 2016 წლის 23 დეკემბრის №4-------- ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 04 ნოემბრის №------ დადგენილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ა----------–--–---–-ს 2016 წლის 23 დეკემბრის №4-------- ადმინისტრაციული საჩივარი (ტომი 1, ს.ფ 102-106);
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 19 სექტემბრის №------ ბრძანება ,,ა----------–--–---–-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’ (ტომი 1, ს.ფ. 13-17).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის საფუძველზე, რის გამოც ა----------–--–---–-ს სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსი’’, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე, 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად დადგენილია, რომ სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის გამოცხადების მოთხოვნით დასაბუთებულია, თუ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი კანონსაწინააღმდეგოა და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. ამასთან, ნებისმიერი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება მის ფორმალურ და მატერიალურ კანონიერებას უკავშირდება, რომელთაგან ერთ-ერთის არარსებობა ზემოაღნიშნულ სამართლებრივი შედეგის წინაპირობაა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის მატერიალური და ფორმალური კანონიერება წარმოადგენს.
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ ის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისი გამოცემისათვის კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით იქნეს გამოცემული. ადმინისტრაციული წარმოება, ეს არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა, რომელიც მიმართულია ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულებისაკენ. ადმინისტრაციული კოდექსი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით - თუ კანონი კონკრეტულ შემთხვევაში არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების აუცილებლობას. საქმიანობის ამ პროცესში აუცილებელია მთელი რიგი ნორმების დაცვა, რომელიც თავმოყრილია ადმინისტრაციული კოდექსის V თავში. მატერიალური კანონიერება კი აქტის შინაარსს უკავშირდება და მასში ასახული კონკრეტული ურთიერთობების მოწესრიგების, მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძველთან და ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებთან შესაბამისობის არსებობას მოითხოვს. კერძოდ, ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, როგორც სამართლის ნორმის კონკრეტიზაციის და ინდივიდუალიზაციის აქტი, სამართლის იმ ნორმებს უნდა შეესაბამებოდეს რომელთა აღსრულებასაც ის ახდენს. ასევე, ის არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ქვეყანაში მოქმედი სამართლის სხვა ნორმებსა და კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს. ამასთან, ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლებამოსილება, რამდენადაც ის საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოიცემა, უნდა გამომდინარეობდეს თვით ამ სამართლებრივი აქტიდან, ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ აქტის მატერიალურ კანონიერებას ზემოაღნიშნულ გარემოებათა ერთობლიობა ქმნის, ხოლო ასეთის არარსებობა მისი გაუქმების (ბათილად ცნობა, ძალადაკარგულად გამოცხადება) საფუძველია. მატერიალური კანონიერება ასევე მოიაზრებს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მართლზომიერებას, თანაზომიერებისა და კონკრეტულობის პრინციპებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 04 ნოემბრის №------ დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 19 სექტემბრის №------ ბრძანება ,,ა----------–--–---–-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’, წარმოადგენენ რა ადმინისტრაციულ აქტებს, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.2. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ა----------–--–---–-ს ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 04 ნოემბრის №------ დადგენილების ბათილად ცნობა, რომლითაც ა----------–--–---–- დაჯარიმდა 4 000 (ოთხი ათასი) ლარით ქ-------–--–-------–----–---–------------–- (ს/კ: №0----------------------) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებისთვის (კაპიტალური კედელი და მსუბუქი კონსტრუქციები (ხის ფაქტურის). ამავე დადგენილებით ა----------–--–---–ს დაევალა ქ-------–--–-------–----–---–------------–- (ს/კ: №0----------------------) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების (კაპიტალური კედელი და მსუბუქი კონსტრუქციები (ხის ფაქტურის) დემონტაჟი.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ამავე კანონის 15-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა, კერძოდ „ა“ ქვეპუნქტის თანახმად- მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი (შემდგომ – ობიექტი) არის – ტექნიკური ნაკეთობა, დანადგარი, მოწყობილობა, მათი ნებისმიერი კომბინაცია, შენობა-ნაგებობა, მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, შეზღუდულად ბრუნვადი ნივთიერება ან ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი და პროცესი, რომელიც შეიცავს პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და რომელსაც ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს. ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად კი სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არიან – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები.
დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე ნათელია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა პროექტის დარღვევით მშენებლობის, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება.
7.3. ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა, ბ) მითითება არ შესრულდა და გ) მითითება არადროულად სრულდება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ა----------–--–---–-ს მიმართ 2016 წლის 23 აგვისტოს შედგენილ იქნა მითითება №------, რომლითაც ირკვევა, რომ ქ-------–--–-------–----–---–--------------–- განხორციელებულია რეკონსტრუქცია, კერძოდ: ეზოში არსებულ ბაქანზე (მე-2 სართულის დონეზე) კაპიტალური კედლებისა და მსუბუქი (ხის ფაქტურის) კონსტრუქციის მოწყობა. ამავე მითითებით, დარღვევის გამოსწორების მიზნით, ა----------–--–---–ს დაევალა კონსტრუქციის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა ან მათი დემონტაჟი, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 10 (ათი) კალენდარული დღის ვადა.
დადგენილია ასევე, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 05 სექტემბერს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №------, რომლითაც დადგინდა, რომ ა----------–--–---–-ს მიერ არ იქნა შესრულებული 2016 წლის 23 აგვისტოს №------ მითითების პირობები.
საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 44.2 მუხლის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეუცვლელად, ან საინჟინრო-კომუნალური ქსელების უნებართვო რეკონსტრუქცია - გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარით.
მითითებული მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტის თანახმად, გაბარიტების ცვლილებად განიხილება ისეთი სამშენებლო საქმიანობა, რომლის დროსაც იცვლება შენობა-ნაგებობის საძირკვლის, გარე შემომზღუდავი კონსტრუქციების ან/და სახურავის პარამეტრები(მიშენება, დაშენება, შენობა-ნაგებობის სიმაღლის გაზრდა და ა. შ.), ხოლო მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი ობიექტი არის შენობა-ნაგებობის არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევება შეუძლებელია მთლიანი შენობა-ნაგებობის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მარიამ მაზანაშვილის მიერ განხორციელებული სამუშაოები არ ცვლის შენობა-ნაგებობის საძირკვლის, გარე შემომზღუდავი კონსტრუქციების ან/და სახურავის პარამეტრებს და იგი განხორციელებულია შენობის შიდა ნაწილზე, ადგილი არ აქვს გაბარიტების ცვლილებას, რაც იძლევა ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 44.2 მუხლით გათვალისწინებულ სამშენებლო სამართალდარღვევის შემადგენლობას.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 04 ნოემბერს მიღებული იქნა დადგენილება №------ ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმად, ა----------–--–---–- დაჯარიმდა 4 000 (ოთხი ათასი) ლარით ქ-------–--–-------–----–---–------------–- (ს/კ: №0----------------------) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებისთვის (კაპიტალური კედელი და მსუბუქი კონსტრუქციები (ხის ფაქტურის). ამავე დადგენილებით ა----------–--–---–ს დაევალა ქ-------–--–-------–----–---–------------–- (ს/კ: №0----------------------) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების (კაპიტალური კედელი და მსუბუქი კონსტრუქციები (ხის ფაქტურის) დემონტაჟი.
7.4. სასამართლო მიუთითებს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე, რომლის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.
ამავე დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის სახეებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ექსტერიერის რეკონსტრუქცია არის ექსტერიერის (შენობის ფასადის, სახურავის) არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების გაბარიტების შეცვლა 2%-ზე და 0.1 მეტრზე მეტად ან/და არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება, რაც არსებითად ცვლის შენობის ექსტერიერს. მითითებული დადგენილების მე-3 მუხლის 50-ე პუნქტის მიხედვით კი რეკონსტრუქცია არის არსებული შენობა-ნაგებობის ან/და მისი ნაწილ(ებ)ის არსობრივად შეცვლა, მათი ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისობრივი განახლების მიზნით.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული ქ-------–--–-------–----–---–------------–- მდებარე შენობის არსებული მდგომარეობის ამსახველი სართულებრივი გეგმა, ასევე ფოტოსურათები, რომლებიც ცალსახად ადასტურებს, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულმა ქონებამ განიცადა სხვადასხვა სახის ცვლილებები, კერძოდ: ეზოში არსებულ ბაქანზე (მე-2 სართულის დონეზე) მოწყობილია კაპიტალური კედლები და მსუბუქი (ხის ფაქტურის) კონსტრუქციები. აღნიშნულ სამშენებლო სამუშაოებს კი ესაჭიროებოდა სანებართვო დოკუმენტაცია, თუმცა მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მის მიერ სამშენებლო სამუშაოები განხორციელებული იყო შესაბამისი ნებართვების საფუძველზე, რაც მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენდა.
რაც შეეხება მოსარჩელე მხარის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ ეზოში არსებულ ბაქანზე (მე-2 სართულის დონეზე) კაპიტალური კედლებისა და მსუბუქი (ხის ფაქტურის) კონსტრუქციის მოწყობა განხორციელდა ია----------–--–---–-სა და მ-----------ის მიერ და მას არ უნდა დაკისრებოდა პასუხისმგებლობა, სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ) შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. მითითებული სამართლებრივი ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, სამართალდარღვევის ფაქტზე პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება იმ პირს, რომლის ქმედებამაც უშუალოდ გამოიწვია სამშენებლო სამართალდარღვევა.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ა----------–--–---–ს, როგორც სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ პირს, სწორად დაეკისრა პასუხისმგებლობა. აღნიშნულს ადასტურებს ასევე საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 18 ოქტომბრის ოქმიც, სადაც მითითებულია, რომ მოსარჩელემ დაადასტურა მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარება და მანვე აღნიშნა, რომ მითითებაში აღნიშნული სამუშაოები მის მიერ განხორციელდა 2016 წელს (იხ. ტომი 1, ს.ფ. 143). სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე მოსარჩელის 2017 წლის 04 აპრილის განცხადებაზე, სადაც მოსარჩელე ასევე ადასტურებს მის მიერ სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ფაქტს (იხ. ტომი 1, ს.ფ. 225-226).
რაც შეეხება საქმეში მესამე პირად ჩაბმული პირის - ია----------–--–---–-ს ახსნა-განმარტებას იმის თაობაზე, რომ სადავოდ გამხდარი სამშენებლო სამუშაოები ა----------–--–---–ს არ უწარმოებია, ხოლო მითითება და შემოწმების აქტი მან ჩაიბარა და ასევე ადმინისტრაციული საჩივარიც თავად დაწერა, აღნიშნული ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, ვინაიდან მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არის წარმოდგენილი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად კი, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამასთან თუ მესამე პირის პოზიცია იქნება გაზიარებული, მაშინ საინტერესოა მითითების და შემოწმების აქტების ჩაბარებისას ან ადმინისტრაციულ საჩივარის წარდგენისას, რატომ არ მიუთითა, რომ მშენებლობის მწარმოებელ პირს წარმოადგენდა თავად და არა ა----------–--–---–-.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური უფლებამოსილი იყო საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით’’ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიეღო გადაწყვეტილება სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ა----------–--–---–-ს დაჯარიმების თაობაზე, შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 04 ნოემბრის №------ დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“, კანონიერია და მოთხოვნის ამ ნაწილში არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
7.5. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 19 სექტემბრის №------ ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც ა----------–--–---–ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. სასამართლო მიუთითებს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და შესაბამისად, არ არსებობს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 19 სექტემბრის №------ ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, სასამართლო დამატებით ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდგომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება.
7.6. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სადავო აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად არ არსებობს ა----------–--–---–-ს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, ა----------–--–---–-ს მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა----------–--–---–-ს სარჩელი, არ დაკმაყოფილდეს.
2. ა----------–--–---–-ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე: ლეილა გოგიშვილი