გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/9682-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - გვანცა გიორგაძე
მოსარჩელე - სს „თ----------ი“
წარმომადგენელი - ე------------------
მოპასუხეები: ნ--–----------–---–ი, ნ-----–-------------–---–ი
წარმომადგენელი - გ----------------–---–ი, გ-----------
დავის საგანი - თანხის დაკისრება და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ნ--–----------–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის" სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 19 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა - 4217,41 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 3575.58 ლარი, პროცენტი - 309.86 ლარი, ჯარიმა - 323.45 ლარი და დაზღვევა - 8.52 ლარი;
1.2. მოპასუხე ნ--–----------–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის" სასარგებლოდ დაეკისროს 2019 წლის 19 აპრილიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 3575.58 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 15% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 44.69 ლარს;
1.3. მოპასუხე ნ--–----------–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის" სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 24 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა - 151.41 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 86.66 ლარი და ჯარიმა - 64.75 ლარი;
1.4. მოპასუხე ნ--–----------–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის" სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 30 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა - 2371.98 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 1419.95 ლარი და ჯარიმა - 952.03 ლარი;
1.5. მოპასუხე ნ--–----------–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის" სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 30 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა - 711.65 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 426.21 ლარი, პროცენტი 50.28 ლარი და ჯარიმა - 235.16 ლარი;
1.6. მოპასუხე ნ--–----------–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის" სასარგებლოდ დაეკისროს 2019 წლის 19 აპრილიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 426.21 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 12.78 ლარს;
1.7. ბათილად იქნეს ცნობილი 2018 წლის 21 ივნისის ნ--–----------–---–სა და ნ-----–-------------–---–ს შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება და გასხვისებულ ქონების წილზე, მდებარე: თბილისი, ხ---------------------, საკადასტრო კოდი: 0--------------- აღდგეს ნ--–----------–---–ის საკუთრების უფლება.
სარჩელის საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
სს ”თ----------სა” და ნ--–----------–---–ს შორის 2018 წლის 19 ივნისს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 3700 ლარის ოდენობით, წლიური 15% სარგებლის, ხოლო ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ფიქსირებული პირგასამტეხლოს - 20 ლარის და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ის დარიცხვით. კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2023 წლის 20 ივნისამდე და კრედიტის დაფარვა მოპასუხეს უნდა განეხორციელებინა ყოველი თვის 20 რიცხვში. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.
აღნიშნულის გარდა იმავე მხარეებს შორის 2018 წლის 24 ივლისს გაფორმდა სწრაფი განვადების ხელშეკრულება და მსესხებელზე გაიცა კრედიტი 130 ლარი, 176 დღის ვადით.
იმავე მხარეებს შორის 2018 წლის 30 ივლისს - სწრაფი განვადების ფარგლებში გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და ნ--–----------–---–ის სასარგებლოდ გაიცა სესხი 1703,93 ლარი, 362 დღის ვადით.
იმავე რიცხვში მხარეებს შორის დაიდო ასევე საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება და გაიცა საკრედიტო ბარათი ერთგული 450 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით.
ნ--–----------–---–ს არ შეუსრულებია აღნიშნული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულება და გააჩნია დავალიანება.
2018 წლის 21 ივნისს, ნ--–----------–---–სა და ნ-----–-------------–---–ს შორის დაიდო ჩუქების ხელშეკრულება, რომლის თანახმად ნ--–----------–---–მა უძრავი ქონება მამას აჩუქა. აღნიშნული ხელშეკრულება არ შეესაბამება მხარეთა ნამდვილ ნებას და არის მოჩვენებითი გარიგება. ნ--–----------–---–მა შეწყვიტა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და მისთვის ცნობილი იყო, რომ ბანკი აუცილებლად მიმართავდა სასამართლოს დარღვეული უფლების დასაცავად. სწორედ ამ ვალდებულებისაგან თავის არიდების მიზნით გაასხვისა მან ზემოაღნიშნული უძრავი ქონება. ამ გარიგებას აქვს კანონსაწინააღმდეგო მიზანი და არ შეესაბამება გარეგნულად გამოხატულ ნებას.
2. მოპასუხის პოზიცია
წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხე ნ-----–-------------–---–მა კატეგორიულად გამორიცხა სადავო გარიგების მოჩვენებითობა, რომ მიზანს საბანკო კრედიტის გადახდისაგან თავის არიდება წარმოადგენდა. სადავო ჩუქების ხელშეკრულება დაიდო 2018 წლის 21 ივნისს, ანუ პირველი საკრედიტო ხელშეკრულების დადებიდან 2 დღეში. ჩუქების დადების შემდგომ მსესხებელმა სამჯერ განახორციელა გადახდები და ობიექტური მიზეზით ვეღარ შეძლო გადახდა. ფაქტია, მსესხებელს არ ჰქონდა განზრახვა ქონების გადამალვისა და ამ გზით თავის არიდებისა, რადგან წინააღდეგ შემთხვევაში იგი აღარ განახორციელებდა არცერთ გადახდას. ამასთან, ყველა დანარჩენი სესხი დადებული იყო სადავო გარიგების შემდგომ.
მეორე მოპასუხის წარმომადგენელი დაეთანხმა აღნიშნულ შედავებას და დამატებით მიუთითა, რომ საკრედიტო დავალიანების ნაწილში მოთხოვნას ცნობდა ნაწილობრივ და ითხოვდა საჯარიმო სანქციების კორექტირებას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს ”თ----------სა” და ნ--–----------–---–ს შორის 2018 წლის 19 ივნისს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 3700 ლარი, წლიური 15% სარგებლის დარიცხვით, ხოლო ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში - ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%. კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2023 წლის 20 ივნისამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 20 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით.
ხელშეკრულების საფუძველზე სს ”თ----------ის” მიერ გაცემული კრედიტის თანხა ნ--–----------–---–მა სრულად აითვისა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 19.06.2018 წლის საკრედიტო ხელშეკრულება;
- სესხის გრაფიკი;
- ინფორმაცი სიცოცხლის დაზღვევის შესახებ (დანართი #1);
- ამონაწერი ანგარიშიდან (გადახდების ისტორია).
3.1.2. სს ”თ----------სა” და ნ--–----------–---–ს შორის 2018 წლის 24 ივლისს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 130 ლარი, 176 დღის ვადით. კრედიტი მსესხებელს უნდა დაეფარა 6 გადახდით, ყოველი თვის 16 რიცხვში 23,57 ლარის დაფარვით. ხელშეკრულება ითვალისწინებდა ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ფიქსირებული პირგასამტეხლოს - ვადაგადაცილებაზე 2 ლარს და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1,5%-ს.
ხელშეკრულების საფუძველზე სს ”თ----------ის” მიერ გაცემული კრედიტის თანხა ნ--–----------–---–მა სრულად აითვისა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 24.07.2018 წლის საკრედიტო ხელშეკრულება;
- ამონაწერი ანგარიშიდან (გადახდების ისტორია).
3.1.3. სს ”თ----------სა” და ნ--–----------–---–ს შორის 2018 წლის 30 ივლისს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 1703,93 ლარი, 362 დღის ვადით. კრედიტი მსესხებელს უნდა დაეფარა ყოველი თვის 27 რიცხვში, 143,94 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში - ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 2 ლარი და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1,5%. კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2023 წლის 20 ივნისამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 20 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით.
ხელშეკრულების საფუძველზე სს ”თ----------ის” მიერ გაცემული კრედიტის თანხა ნ--–----------–---–მა სრულად აითვისა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 30.07.2018 წლის საკრედიტო ხელშეკრულება;
- ამონაწერი ანგარიშიდან (გადახდების ისტორია).
3.1.4. სს ”თ----------სა” და ნ--–----------–---–ს შორის 2018 წლის 30 ივლისს გაფორმდა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი ერთგული 450 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. საპროცენტო განაკვეთი განსიაზღვრა 18%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის სს „თ----------ის“ ბანკომატით ათვისებისა და ერთი წლის განმავლობაში დაფარვსი შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში - ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 1 ლარი და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1%.
კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით, ხოლო დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 27 რიცხვი.
ხელშეკრულების საფუძველზე სს ”თ----------ის” მიერ ლიმიტის თანხა ნ--–----------–---–მა სრულად აითვისა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 30.07.2018 წლის ხელშეკრულება საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ;
- ამონაწერი ანგარიშიდან (გადახდების ისტორია).
3.1.5. მოპასუხეებს ნ--–----------–---–სა და ნ-----–-------------–---–ს შორის 2018 წლის 21 ივნისს გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, ნ--–----------–---–მა ნ-----–-------------–---–ს აჩუქა თბილისში, ხ---------------------ში მდებარე 220.00 კვ.მ. უძრავი ქონებიდან კუთვნილი წილი. უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N0---------------.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებეს:
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;
- 21.06.2018 წლის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება.
3.1.6. ნ--–----------–---–ი არის დასაჩუქრებულის - ნ-----–-------------–---–ის შვილი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- შესაგებლები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სს „თ----------ის“ მიმართ ოთხივე საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოპასუხე ნ--–----------–---–ს ვალდებულება ჯეროვნად არ აქვს შესრულებული და დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის დროისთვის (22.04.2019 წელი) ერიცხება შემდეგი დავალიანება:
ა) 2018 წლის 19 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 4217,41 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 3575.58 ლარი, პროცენტი - 309.86 ლარი, ჯარიმა - 323.45 ლარი და დაზღვევა - 8.52 ლარი;
ბ) 2018 წლის 24 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 151.41 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 86.66 ლარი და ჯარიმა - 64.75 ლარი;
გ) 2018 წლის 30 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2371.98 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 1419.95 ლარი და ჯარიმა - 952.03 ლარი;
დ) 2018 წლის 30 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 711.65 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 426.21 ლარი, პროცენტი 50.28 ლარი და ჯარიმა - 235.16 ლარი;
სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს. შესაბამისად, კონკრეტულ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე მითითება მათივე მოვალეობაა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
აღნიშნული თანხებიდან მოპასუხემ ცნო ბანკის მოთხოვნა ოთხივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის, მათ შორის ვალდებულების სრულად შესრულებამდე მოთხოვნილი პროცენტის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში არ დაეთანხმა ბანკის მოთხოვნას, თუმცა მისი დაფარვის შესახებ რაიმე მტკიცებულება მის მიერ წარმოდგენილი არ არის.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- ახსნა-განმარტება;
- სესხის დაფარვის გრაფიკი;
- ამონაწერები ანგარიშიდან (გადახდების ისტორია).
3.2.2. მოპასუხეებს შორის 2018 წლის 21 ივნისს დადებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება არის მოჩვენებით და ბათილია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მიხედვით, გარიგების მოჩვენებით ხასიათს განაპირობებს მხარეთა განზრახვა, გარიგების დადებით მიაღწიონ მიზანს, რომელიც არ შეესაბამება ამ გარიგების შინაარსიდან გამომდინარე იურიდიულ შედეგს. ამდენად, მოჩვენებითი გარიგების დადებით ორივე მხარე მოქმედებს საერთო მიზნით და ურთიერთშეთანხმებით. უმთავრესად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან, მათი მოტყუების, მათ მიმართ არსებული პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებისა თუ სხვა მიზნით. იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ ურთიერთშეთანხმებაზე, მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ ნ--–----------–---–მა იცოდა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკი აუცილებლად მიმართავდა სასამართლოს დარღვეული უფლების დასაცავად. სწორედ ფინანსური ვალდებულებისაგან თავის არიდების მიზნით მან გაასხვისა უძრავი ქონება და გადასცა მამას, ნ-----–-------------–---–ს.
მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები იძლევა დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ ჩუქების ხელშეკრულების დადებით მოპასუხეები მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებით, მესამე პირის (სს „თ----------ის“) მიმართ არსებული პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 56-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 411-ე, 417-ე, 418-ე, 867-ე, 873-ე, 868-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ოთხივე საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნ--–----------–---–ისთვის დავალიანების ძირითადი თანხების, დაზღვევის თანხისა და პროცენტის დაკისრება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
დადგენილია რომ მხარეებს სს ”თ----------სა”-სა და ნ--–----------–---–ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქმის მასალებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ოთხივე საკრედიტო ხელშეკრულებაზე კრედიტის ძირითადი თანხის, პროცენტის, დაზღვევის თანხის, დავალიანების ოდენობას. საქმის მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხემ სარჩელი სრულად ცნო ძირითადი თანხის ჯამში - 5508,4 ლარის, პროცენტის ჯამში - 360,14 ლარის და დაზღვევის თანხის - 8,52 ლარის ნაწილში. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას სასამართლო საკმარისს საფუძველს წარმოადგენს ოთხივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელის სრულად დაკმაყოფილებისთვის.
6.2. სს „თ----------ის“ მოთხოვნა 19.06.2018 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან და 30.07.2018 წლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის სახით გადაწყვეტილების აღსრულებამდე წლიური პროცენტის დაკისრება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს, რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და, რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისთვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (სუსგ ას-459-438-2015, 07.10.2015წ).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
მოვალის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო სს ”თ----------მა” ვერ მიიღო სარგებელი, რომლის ოდენობა თითოეულ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს ხელშეკრულებით შეთანხმებული წლიური პროცენტით.
საქმის განხილვის მოსამზადებელ ეტაპზე ნ--–----------–---–მა ცნო ბანკის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით 19.06.2018 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე წლიური 15 %-ის ნაწილში, რაც სამი წლის პერიოდზე შეადგენს ჯამში 1608,84 ლარს და 30.07.2018 წლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე წლიური 36%-ის ნაწილში, რაც სამი წლის პერიოდზე შეადგენს ჯამში 460,08 ლარს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სს „თ----------ის“ მოთხოვნა წლიური სარგებლის დაკისრების ნაწილში სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. სს „თ----------ის“ მოთხოვნა ოთხივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეებს სს ”თ----------სა” ნ--–----------–---–ს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულებებით შეთანხმებულია პირგასამტეხლოს ოდენობა და შესაბამისად მისი გადახდის ვალდებულება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. პირგასამტეხლოს დაკისრების დროს სასამართლო ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესს, ასევე ყურადღებას მიაქცევს დარღვევის შინაარსს და დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულ ფარგლებს.
მიუხედავად იმისა, რომ მხარეები ნების თავისუფლების ფარგლებში თავად განსაზღვრავენ პირგასამტეხლოს ოდენობას, სასამართლო კანონის საფუძველზე უფლებამოსილია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში კონკრეტულ გარემოებებ, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. იგი ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას. შესაბამისად, პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, ოდენობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული უნდა იყოს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
აღნიშნული მსჯელობის საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ თითეული ხელშეკრულებისთვის გათვალისწინებული პირგასამტეხლო (ფიქსირებულ პირაგასამტეხლოსთან ერთად ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%, 1% ან 1,5%) არ არის გონივრული, იგი 10-ჯერ უნდა შემცირდეს და მოპასუხე ნ--–----------–---–ს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით: 19.06.2018 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 32,34 ლარის, 24.07.2018 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 6,47 ლარის, 30.07.2018 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 95,20 ლარის, 30.07.2018 წლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 23,51 ლარის გადახდა.
6.4. სს „თ----------ის“ მოთხოვნა მოპასუხეებს შორის 2018 წლის 21 ივნისს დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.
სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 524-ე მუხლის მიხედვით, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.
სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). მოჩვენებითად ჩაითვლება გარიგება თუკი ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა. ე.ი. გარეგნულად გამოხატეს ნება, იქცევიან ისე, თითქოს ნამდვილად სურთ ამ გარეგნულად გამოხატულის მიღწევა, სინამდვილეში არც ფიქრობენ ამ შედეგის დადგომაზე.
ჩუქების ხელშეკრულების შესაბამისი იურიდიული შედეგია, ის რომ მჩუქებელმა დასაჩუქრებულს უსასყიდლოდ გადასცეს მისი კუთვნილი ქონება. სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ნ--–----------–---–ი ჩუქების ხელშეკრულებით მიზნად არ ისახავდა მჩუქებლისა და დასაჩუქრებულის ნამდვილი ურთიერთობის დამყარებას, მისი ინტერესი იყო ის, რომ ამ გზით თავიდან აეცილებინა სს ”თ----------ის” წინაშე ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულება.
გარიგების მოჩვენებითობის სასარგებლოდ მეტყველებს ის გარემოებებიც, რომ დასაჩუქრებული არის ნ--–----------–---–ის მამა.
სასამართლო ზემოაღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით, მივიდა დასკვნამდე, რომ ნ--–----------–---–მა გააფორმა მოჩვენებითი გარიგება, რომელიც მიზნად არ ისახავდა იმ შედეგის დადგომას, რაც პირდაპირ ჩუქების ხელშეკრულების დანიშნულებიდან გამომდინარეობს. ამ გარიგებით შეიცვალა ქონების მესაკუთრე. ნ--–----------–---–ის მიერ ნების ცალმხრივი გამოვლენა უნდა ჩაითვალოს ბათილად, ვინაიდან მან ეს გარიგება გამოიყენა კანონსაწინააღმდეგო მიზნის მისაღწევად, კერძოდ, იმისათვის, რომ სამომავლოდ თავიდან აეცილებინა კრედიტორის სს ”თ----------ის” წინაშე, საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება.
მოცემულ შემთხვევაში, ჩუქების ხელშეკრულება წარმოადგენს მოჩვენებით გარიგებას, რომელიც მიზნად არ ისახავდა ქონების გადასვლას სხვის საკუთრებაში, არამედ დადებულია ვალდებულებისაგან თავის არიდების მიზნით, რაც სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის I-ლი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს მისი ბათილობის საფუძველს.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ნ--–----------–---–მა ცნო სარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ (კრედიტის ძირითადი თანხის, პროცენტის, მიუღებელი შემოსავლისა და დაზღვევის თანხის ნაწილში), მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 238,37 ლარი. ხოლო დარჩენილ ნაწილში დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოპასუხე ნ--–----------–---–ის მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 4,72 ლარის გადახდა.
გარდა ამისა, უძრავი ქონების ჩუქების ბათილად ცნობის ნაწილში ორივე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 100 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი ბაჟის სანაცვლოდ 50 ლარის გადახდა. ასევე უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების ხარჯის - 324,14 ლარის ანაზღაურება და 20 ლარის გადახდა სასამართლოს გარეშე ხარჯის (უძრავ ქონებაზე აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის) ასანაზღაურებლად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სსსკ-ის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,თ----------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე ნ--–----------–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის" სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 19 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა - 3926.30 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 3575.58 ლარი, პროცენტი - 309.86 ლარი, ჯარიმა - 32.34 ლარი და დაზღვევა - 8.52 ლარი.
3. მოპასუხე ნ--–----------–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის" სასარგებლოდ დაეკისროს 2019 წლის 19 აპრილიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 3575.58 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 15% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 44.69 ლარს.
4. მოპასუხე ნ--–----------–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის" სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 24 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა - 93.13 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 86.66 ლარი და ჯარიმა - 6.47 ლარი.
5. მოპასუხე ნ--–----------–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის" სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 30 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა - 1515.15 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 1419.95 ლარი და ჯარიმა - 95.20 ლარი.
6. მოპასუხე ნ--–----------–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის" სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 30 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა - 500 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 426.21 ლარი, პროცენტი 50.28 ლარი და ჯარიმა - 23.51 ლარი.
7. მოპასუხე ნ--–----------–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის" სასარგებლოდ დაეკისროს 2019 წლის 19 აპრილიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 426.21 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 12.78 ლარს.
8. ბათილად იქნეს ცნობილი 2018 წლის 21 ივნისის ნ--–----------–---–სა და ნ-----–-------------–---–ს შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება და გასხვისებულ ქონების წილზე, მდებარე: თბილისი, ხ---------------------, საკადასტრო კოდი: 0--------------- აღდგეს ნ--–----------–---–ის საკუთრების უფლება.
9. ნ--–----------–---–ს და ნ-----–-------------–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ სს „თ----------ის“ მიერ სახ. ბაჟის სახით გადახდილი - 100 ლარის, უზრუნველყოფის ბაჟის 50 ლარის, აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის - 20 ლარისა და საადვოკატო მომსახურების ხარჯის - სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით, დავის საგნის ღირებულების 4% - 324.14 ლარის გადახდა.
10. მოპასუხე ნ--–----------–---–ს მოსარჩელე სს „თ----------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 4.72 ლარის გადახდა;
11. მოსარჩელე სს „თ----------ს“ (ს/ნ 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი 01/05/2019 წელს, N3 საგადასახადო დავალებით (რეფერენსი 2---------) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 293.46 ლარიდან - 238.37 (ორასოცდათვრამეტი ლარი და 37 თეთრი) ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი (გადამხდელის ბანკი: სს „თ----------ი“, მიმღები - სახ. ხაზინა, სახაზინო კოდი: 300773150);
12. მოსარჩელე სს „თ----------ი“-ს მიერ სარჩელის აღძვრისას წინასწარ სახ. ბაჟის სახით გადახდილი 42.53 ლარი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად;
13. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) მეშვეობით.
14. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ივერი აბაშიძე