გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/4108-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მაკა ჭედია
სხდომის მდივანი კახა კომლაძე
მოსარჩელე სს „მ----------------------“
წარმომადგენელი გი----------------
მოპასუხე ო------------
დავის საგანი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე
ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ო------------სათვის მოსარჩელე სს „მ----------------------ს“ სასარგებლოდ სესხის ძირითადი თანხის 5 526.74 ლარის გადახდის დაკისრება.
1.2. მოპასუხე ო------------სათვის მოსარჩელე სს „მ----------------------ს“ სასარგებლოდ სარგებლის 2388 ლარის გადახდის დაკისრება.
2017 წლის 27 თებერვალს მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება NT-----------, რომლის თანახმად, მსესხებელს თვეში 5.4%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადაეცა სესხი 5900 ლარის ოდენობით.
მოპასუხე ვალდებული იყო სესხი დაეფარა 36 თვის განმავლობაში იმდაგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად.
სესხის უზრუნველყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტომობილი ბმვ X5.
2017 წლის 13 დეკემბერს ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მსესხებელმა მოსარჩელეს გადასცა ავტომობილი, ხოლო 2018 წლის 27 ივნისს მოსარჩელემ უზრუნველყო გირავნობის საგნის რეალიზაცია. ავტომანქანა გაიყიდა 3060 ლარად, რომლის გაქვითვაც ხელშეკრულების შესაბამისად განხორციელდა შემდეგნაირად: 234 ლარით სრულად გაიქვითა დარიცხული პირგასამტეხლო, 2568.26 ლარით დარიცხული სარგებელი და 257.74 ლარით შემცირდა სესხის ძირი თანხა.
გირავნობის საგნის რეალიზაციის დღისათვის მოპასუხეს სს „მ----------------------ს“ მიმართ ერიცხებოდა სესხის ძირითადი თანხა 5 784.48 ლარი, ავტომობილის რეალიზაციის შემდეგ კვლავ დარჩა დავალიანება სესხის ძირითადი თანხა 5 526.74 ლარის ოდენობით, რომელსაც ხელშეკრულების შესაბამისად ერიცხებოდა სარგებელი ყოველთვიურად 5.4%-ის ოდენობით. ავტომობილის რეალიზაციიდან 2018 წლის 27 ივნისიდან სარჩელის შეტანამდე 2019 წლის 27 თებერვლამდე პერიოდში გასულია სრული 08 თვე, დარიცხული სარგებელი შეადგენს 2388 ლარს.
სესხის დარჩენილი ნაწილის ნებაყოფლობით დაფარვის მოთხოვნით 2019 წლის 14 იანვარს წერილობითი შეტყობინება გაეგზავნა მოპასუხეს და მიეცა დამატებითი ვადა ვალდებულების შესასრულებელად, თუმცა მას შეტყობინება ვერ ჩაბარდა.
მსესხებელს 2019 წლის 27 თებერვლის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება ჯამში, 7 914.74 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა. გირავნობის საგნის მოსარჩელის მფლობელობაში გადაცემის შემდეგ, გაუარესდა მისი მდგომარეობა, რამაც მისი სარეალიზაციო ფასის შემცირება გამოიწვია. მოსარჩელის მიმართ არსებული ყველა ვალდებულება შეწყვეტილია გირავნობის საგნის კრედიტორისათვის გადაცემით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 27 თებერვალს შპს „მ-----------------------“ და ონ----------ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება NT------------ რომლის თანახმად, საკრედიტო ხაზის მაქსიმალური მოცულობაა 9000 ლარი. სესხის თითოეული ნაწილის გადაცემის შესახებ მხარეთა შორის შედგება საკრედიტო შეთანხმება, რომელიც ავტომატურად იქცევა ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად.
მხარეთა შორის 2017 წლის 09 აგვისტოს გაფორმებული საკრედიტო შეთანხმების თანახმად, გამსესხებელმა შპს “მ-----------------------“ მსესხებელზე გასცა სესხი 5900 ლარის ოდენობით, კრედიტის ვადა განისაზღვრა 36 თვე.
სესხი არის პროცენტიანი და სესხის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 5.4%-ს.
ხელშეკრულების თანახმად, სესხის დაბრუნება და მასზე დარიცხული სარგებლის გადახდა განხორციელდება 36 თვის განმავლობაში ეტაპობრივად, იმდაგვარად, რომ მსესხებელი ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავს სესხს და გადაიხდის სესხის სარგებელს. სესხისა და სარგებლის გადასახდელი ნაწილის (თანხის) ოდენობა და მათი გადახდის პერიოდულობა განსაზღვრულია ხელშეკრულების დანართი N1-ში მოცემული გადახდის გრაფიკით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება;
- შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ.
3.1.2. სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1. პუნქტის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად გირავნობის უფლებით დაიტვირთა მსესხებლის ო------------ს კუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, მარკა მოდელი ბმვ X5.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება.
3.1.3. ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი თოთხმეტი დღით გადააცილებს რომელიმე საკრედიტო შეთანხმებაზე თანდართული გადახდის გრაფიკით განსაზღვრულ გადახდის რომელიმე ეტაპის შესრულებას, გამსესხებელი უფლებამოსილია, ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება სესხის ნაწილში, რა დროსაც მსესხებლისათვის დამატებითი შეტყობინების წარდგენის გარეშეც, ამ უკანასკნელს უპირობოდ დაეკისრება გამსესხებლისათვის სესხის თითოეული ნაწილის გადახდა. ამასთანავე, მსესხებელს აგრეთვე ეკისრება სესხის თითოეული ნაწილის ვადაგადაცილების პერიოდში რიცხული სარგებლის გადახდაც.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება.
3.1.4. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 2018 წლის 27 ივნისს სს „მ-----------------------“ უზრუნველყო გირავნობის საგნის რეალიზაცია, 3060 ლარად, საიდანაც 234 ლარით დაიფარა დარიცხული პირგასამტეხლო, 2568.26 ლარით -დარიცხული სარგებელი და 257. 74 ლარით შემცირდა სესხის ძირითადი თანხა.
გადასახდელად დარჩენილი სესხის ძირითადი თანხა შეადგენს 5 526.74 ლარს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- 2018 წლის 27 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება.
- 2019 წლის 14 იანვრის წერილი.
- ცნობა დავალიანების შესახებ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარავად, მაშინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე. იგივე წესი ვრცელდება იმ ხარჯებსა და დანახარჯებზე, რაც წარმოიშვება გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, მე-400, 276-ე, 316-ე, 361-ე, 394-ე, მე-400, 625-ე, 403-ე, 54-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად, ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.
ზემოღნიშნული ნორმის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების დათქმულ დროს შესრულება კანონისმიერი პირობაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სს „მ-----------------------“ და მოპასუხე ონ----------ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, გამსესხებელმა სს „მ-----------------------“ იკისრა ვალდებულება გაეცა მსესხებლისთვის სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული სესხის თანხა 5900 ლარის ოდენობით, ხოლო მსესხებელმა იკისრა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, შეთანხმებულ ვადაში ნასესხები თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტის დაბრუნების ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილი ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ მხარეები შეთანხმდნენ განსხვავებულ წესზე, რა დროსაც მოთხოვნა არ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად და კრედიტორი კვლავაც იქნება უფლებამოსილი, მოითხოვოს სხვაობა ამონაგებ თანხასა (გირავნობის საგნის ღირებულებასა) და მოთხოვნის ოდენობას შორის, მოვალის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევით. კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეები ასეთ განსხვავებულ წესზე შეთანხმდნენ, სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-4 ნაწილით.
კრედიტორმა სს „მ-----------------------“ გამოიყენა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილება გირავნობის საგნის რეალიზაციის შესახებ. რეალიზაციის შედეგად სესხის ძირითადი თანხიდან დარჩენილი დავალიანებაა 5526. 74 ლარი, რომლის შესრულების ვადაც სასამართლოს მიერ სადავო სამართალურთიერთობის გადაწყვეტის დროისათვის დამდგარია. მოპასუხემ ვერ დაადასტურა, რომ გირავნობის საგნის რეალიზაციით სრულად მოხდა კრედიტორის მიმართ არსებული დავალიანების დაფარვა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოვალე ონ----------ს კრედიტორის სს „მ----------------------ს“ წინაშე ვალდებულება არა აქვს შესრულებული ჯეროვნად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, მას გადასახდელი აქვს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხა 5526.74 ლარი.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
მხარეებს შორის სადავოა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთის ოდენობა, ყოველთვიური 5.4%, რომელიც გადაუხდელ სესხის ძირითად თანხას ერიცხება ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ ფულადი ვალდებულების შესრულებამდე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთი ყოველთვიური 5.4. % (წლიური 64.8 პროცენტი) მეტად დიდია. იგი ბევრად აღემატება საქართველოს ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკების სტატისტიკური ანგარიშგების საფუძველზე გაანგარიშებულ წლიურ საბაზრო საპროცენტო განაკვეთს. სასამართლო პრაქტიკისათვის ფაქტობრივად უცნობია მხარეთა შეთანხმება სარგებლის მსგავს ოდენობაზე როგორც ბანკებთან, ასევე მიკროსაფინანსო ან ფიზიკურ პირებს შორის დადებულ ხელშეკრულებებში. შესაბამისად, მხარეთა მიერ შეთანხმებული პროცენტის ოდენობა ზემოთ მითითებულ წლიურ საბაზრო საპროცენტო განაკვეთს ზემოთ უნდა ჩაითვალოს ბათილად, მისი ამორალური ხასიათის გამო. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. უნდა ითქვას, რომ მითითებული ნორმით გარკვეულწილად შეზღუდულია ადამიანის ნების გამოვლენის აბსოლუტური თავისუფლება. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანს უფლება აქვს თვითონ განაგოს მისი ცხოვრება, იმოქმედოს ისე როგორც მას სურს, დადოს გარიგებები, რომლებიც მისთვის მისაღებია და იტვირთოს პასუხისმგებლობა იმ სახით, როგორც ამას თვითონ გადაწყვეტს. მას შეუძლია სახელმწიფოს ყოველგვარი ჩარევის გარეშე დაამყაროს ადამიანებთან მისთვის სასურველი ურთიერთობა, შესაბამისად, დადოს ისეთი სახის გარიგება, როგორც მისთვის მისაღებია, ამოირჩიოს კონტრაჰენტი, განსაზღვროს ხელშეკრულების პირობები და ა.შ. აღნიშნული უკავშირდება ნების გამოვლენის თავისუფლებას, რაც გარანტირებულია მთელი რიგი სამართლის ნორმებით. გარიგების დადების შემდეგ მხარეთა მიერ გამოხატული ნება მხარეთათვის გადაიქცევა სავალდებულოდ შესასრულებლად. მათი შემდგომი მოქმედებები კი იზღუდება მათ მიერ გარიგებაში გამოხატული ნების შესაბამისად. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სახელმწიფო მხარეთა მიერ ნების გამოვლენას გარიგებათა დადების დროს, აქცევს გარკვეულ ფარგლებში და მას სამართლებრივ ზღვარს უდებს. ამისი მაგალითია შემთხვევები, როდესაც კანონმდებლობა გარკვეული სახის გარიგებებს ბათილად მიიჩნევს. ამ ფარგლების გაცდენის შემთხვევაში მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება ნამდვილად არ შეიძლება ჩაითვალოს. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით ბათილი გარიგების ერთ-ერთ სახეს ამორალური გარიგება წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით, ამორალური გარიგება განმარტებულია, როგორც გარიგება, რომლებიც ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს. ზნეობის ნორმებში ყოველთვის იგულისხმება წესიერება, სამართლიანობა, კეთილსინდისიერება. სამართლიანობა გულისხმობს მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების თანაბრობის პრინციპის დაცვას. ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები ყოველთვის შესატყვისი უნდა იყოს მეორე მხარის ვალდებულებებთან. ამ თანაფარდობის დარღვევა ყოველთვის ბადებს გარიგების მონაწილეებზე სხვადასხვაგვარი ზეგავლენის, შეცდომაში შეყვანის, ან სხვაგვარი ზემოქმედების ვარაუდს, რაც ხშირად იწვევს უსამართლობისა ან უწესობის განცდას. როგორც აღვნიშნეთ, მხარეთა მიერ ვალდებულებების თანაბარი, სამართლიანი გადანაწილება გარიგების ნამდვილობის აუცილებელი პირობაა. მისი უგულვებელყოფა კი გარიგებათა ბათილობის საფუძველია. ეს პრინციპი მოქმედებდა და მოქმედებს საუკუნეების განმავლობაში ევროპის უმეტეს სახელმწიფოებში. მისი მოქმედება ყოველთვის მიმართული იყო სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა უსამართლო, არაკეთილსინდისიერი შედეგებისაგან დაცვისაკენ. (რომაული სამართლის მიხედვით ბათილად მიიჩნეოდა გარიგება, თუ გასაყიდი მიწის ღირებულება რეალური ღირებულების ნახევარი იყო, ასევე, ავსტრიისა და გერმანიის სამოქალაქო კოდექსების მიხედვით, მხარეებს ხელშეკრულების მოშლა შეეძლოთ, თუ მათ მიერ გაწეული სამსახური ორჯერ აღემატებოდა გადახდილ საფასურს და ა.შ.). ბევრი ქვეყანა ბათილად მიიჩნევს გარიგებებს თუ სახეზეა მხარეთა ვალდებულებათა დისპროპორცია და იგი დადებულია მეორე მხარის გონივრული განსჯის უუნარობით, ნების მნიშვნელოვანი სისუსტით, მძიმე მდგომარეობით და ა.შ (ავსტრიის, გერმანიის სამოქალაქო კოდექსი, შვეიცარიის კანონი ,,ვალდებულებითი სამართლის შესახებ’’ და ა.შ.). აღნიშნული საკითხის მსგავსი რეგულირება ქმნის ხელშეკრულების შედარებით სუსტი მხარის დაცვის წინაპირობებს მეორე მხარის ძალმომრეობისაგან. შესაბამისად, იგი უზრუნველყოფს სახელშეკრულებო სამართლიანობას მხარეთა შორის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი ამორალურ გარიგებებთან მიმართებაში შეიცავს მხოლოდ იმ დათქმას, რომ იგი არის გარიგება, რომელიც არღვევს ზნეობის ნორმებს. განსხვავებით გავლენის ბოროტად გამოყენების შედეგად ან იძულებით დადებული გარიგებებისაგან (სამოქალაქო კოდექსის 55-ე, 85-ე მუხლები), გარიგების ამორალურად მისაჩნევად აუცილებელი არ არის იმ გარემოებათა დადგენა-დადასტურება, რამაც განაპირობა ამ გარიგების დადება. საკმარისია, არსებობდეს დისპროპორცია ხელშეკრულების მხარეების მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შორის, რომ სასამართლომ იგი მიიჩნიოს ამორალურ გარიგებად. შესაბამისად, შეუძლებელია, გარიგების ამორალური ბუნების გამორიცხვა იმის გამო, რომ არ დგინდება ერთ მხარეზე მეორე მხარის მიერ განხორცილებული იძულების ფაქტი. სამოქალაქო კანონმდებლობა არ აკონკრეტებს, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს ამორალურ ქმედებად, მაგრამ იგი იცავს საზოგადოებას ზნეობის ნორმების საწინააღმდეგო ქმედებების განხორციელებისაგან. შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი მორალური ღირებულებების დაცვა კანონის საფუძველზე წარმოადგენს საზოგადოებაში არსებული შეხედულებებისა და სამართლის ნორმების ჰარმონიზაციის ნიმუშს. კანონის შესაბამისად, ზნეობის საწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება დაკავშირებულია შესაბამის სამართლებრივ შედეგებთან და იგი იწვევს ადამიანთა მიმართ მთელი რიგი მაიძულებელი ღონისძიებების გატარებას. ზნეობის ნორმის დაუცველობა განაპირობებს ადამიანთა მიერ გამოვლენილი ნების გაბათილებას. მისი საწინააღმდეგო შეთანხმებები არარაა და მათ არანაირი სამართლებრივი შედეგების დადგომა არ უკავშირდება. ხშირად საზოგადოების მიერ ამორალურად მიიჩნევა ისეთი შემთხვევები, როდესაც ხელშეკრულების მხარეები ერთმანეთს უწესებენ ბევრად უფრო მძიმე მოთხოვნებს, ვიდრე ეს მართებულად მიჩნეულია ყოველდღიურ ცხოვრებაში. მსგავსი მოთხოვნები არ გამომდინარეობენ საზოგადოებრივი ცხოვრების აუცილებლობიდან. პირიქით, ისინი გაუმართლებლად ლახავენ საზოგადოების წევრთა უფლებებსა და ინტერესებს, საფრთხეს უქმნიან ადამიანის მთელ რიგ ღირებულებებს. ასეთი სახის შემთხვევად შეიძლება ჩაითვალოს განუზომლად მაღალი საპროცენტო განაკვეთის დაკისრება. შეუძლებელია, წლიური 64.8 პროცენტიანი განაკვეთის არსებობა გონივრულად ჩაითვალოს. შესაბამისად, უნდა გაბათილდეს მხარეთა მიერ დათქმული საპროცენტო განაკვეთის ოდენობა, რომელიც ბევრად აღემატება საქართველოს ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკების სტატისტიკური ანგარიშგების საფუძველზე გაანგარიშებულ წლიურ საბაზრო საპროცენტო განაკვეთს.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად, კრედიტორის მიერ მსესხებლისაგან მიღებული 2568.26 ლარით, სრულად ანაზღაურებულია სს „მ----------------------ს“ მიერ, ნასესხები თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის მისაღები სარგებელიც.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 165.80 ლარის გადახდა, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „მ----------------------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. დაეკისროს მოპასუხე ონ----------ს მოსარჩელე სს „მ----------------------ს“ სასარგებლოდ სესხის ძირითადი თანხის - 5526.74 ლარის გადახდა;
1.2. მოთხოვნა სარგებლის 2388 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
2. დაეკისროს მოპასუხე ონ----------ს მოსარჩელე სს „მ----------------------ს“ სასარგებლოდ 165.80 ლარის გადახდა, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაკა ჭედია