გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/312-19 (180310019003120452)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 ნოემბერი, 2019 წელი ქ. მცხეთა
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა
სხდომის მდივანი - ნინო ჯანხოთელი
მოსარჩელე - მერაბ პაპიაშვილი
წარმომადგენლები: შალვა ფოთოლაშვილი, თამაზ ქაშიაშვილი
მოპასუხე - დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
წარმომადგენელი - თამარ მირზიაშვილი
მესამე პირები: დავით ციგროშვილი, ირაკლი წიკლაური, ნაირა კიკნაძე
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1.დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 07 ივნისის №50 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მლაშეში მდებარე მიწის ნაკვეთზე მერაბ პაპიაშვილისათვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში;
1.2.დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მლაშეში მდებარე მიწის ნაკვეთზე მერაბ პაპიაშვილისათვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 01 ივლისის №674 განკარგულების ბათილად ცნობა;
1.3.დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის დავალება გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მლაშეში მდებარე, 743 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
2.მოპასუხისა პოზიცია
2.1.მოპასუხე მხარემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი და ითხოვა მოსარჩელეს უარი ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
3.მესამე პირის პოზიცია
3.1.მესამე პირებიდან შესაგებელი წარმოადგინეს დავით ციგროშვილმა და ირაკლი წიკლაურმა, რომლებმაც ცნეს სარჩელი.
3.2.მესამე პირები ნაირა კიკნაძეს სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებულა, შესაბამისად, მისი პოზიცია სასამართლოსათვის უცნობია.
4.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1.მოსარჩელე მერაბ პაპიაშვილის, მესამე პირების დავით ციგროშვილის, ირაკლი წიკლაურის და ნაირა კიკნაძის სახელზე საჯარო რეესტრში თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულია დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მლაშეში მდებარე 5400 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზედ მდებარე შენობა-ნაგებობით (საკადასტრო კოდი N71.56.18.733).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, მესამე პირების შესაგებელი;
-23/03/2019 წელს მომზადებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 18);
-პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტება (იხ. 13.11.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
4.1.2. 2019 წლის 16 აპრილს მერაბ პაპიაშვილმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მლაშეში, 5400 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N71.56.18.733) მომიჯნავედ მდებარე 743 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით.
გამომდინარე იქედან, რომ მერაბ პაპიაშვილის მიერ მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არ იქნა წარდგენილი მითითებულ უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 01.05.2019 წლის N148876 მიმართვით მერაბ პაპიაშვილის შესახებ მასალები, მათ შორის, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და მერაბ პაპიაშვილის მიერ 2007 წლამდე და დღემდე 743 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტის თაობაზე გელა გელიაშვილის, მათე გოგიშვილისა და შმაგი გელიაშვილის ნოტარიალურად დამოწმებული განცხადება, განსახილველად გადაგზავნილი იქნა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი;
-23/03/2019 წელს მომზადებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 18);
-ადმინისტრაციული წარმოების მასალები (ს.ფ. 38-52);
-პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტება (იხ. 13.11.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
4.2.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1.დადგენილია, რომ მოსარჩელე მერაბ პაპიაშვილი სადავო, 743 კვ.მ. მიწის ნაკვეთს ფლობდა 2007 წლამდე და მფლობელობას დღემდე აგრძელებს მოსარჩელე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, მესამე პირების შესაგებელი;
-სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება (ს.ფ. 40);
-აზომვითი ნახაზი (ს.ფ. 45-47);
-ფოტო-სურათები (ს.ფ. 99-107, 171-174);
-ორთოფოტო (ს.ფ. 97-98);
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო რუკა (ს.ფ. 127-128);
-პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება (იხ. 13.11.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
4.2.2.დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 01.05.2019 წლის N148876 მიმართვით გადაგზავნილი მასალების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში განხორციელდა მიწის ადგილზე დათვალიერება და შედგა ადგილზე დათვალიერების ოქმი.
ოქმში აღინიშნა, რომ მიწის ნაკვეთი, რომლითაც დაინტერესებულია მოსარჩელე მხარე, არის ,,ნაწილობრივ შემოღობილი რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან, ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი დაფარულია ტყის ხეებით (ტირიფებით)’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, მოპასუხის შესაგებელი;
-მიმართვა (ს.ფ. 38);
-მიწის დათვალიერების ოქმი (ს.ფ. 55);
-პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტება (იხ. 13.11.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
4.2.3. 2019 წლის 07 ივნისს გაიმართა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომა, სადაც მე-7 საკითხად განიხილეს 743 კვ.მ. მიწის ნაკვეთის დათვალიერების ოქმი, მასში დაფიქსირებული გარემოებები, რის შედეგად კომისიამ მიიღო №50 საოქმო გადაწყვეტილება და 2019 წლის 01 ივლისს №674 განკარგულება საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე მერაბ პაპიაშცვილის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
აღნიშნული გადაწყვეტილებები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის გარეშე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი;
-მიწის დათვალიერების ოქმი (ს.ფ. 55);
-სადავო აქტები (ს.ფ. 15, 60);
-სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება (ს.ფ. 40);
-აზომვითი ნახაზი (ს.ფ. 45-47);
-ფოტო-სურათები (ს.ფ. 99-107, 171-174);
-ორთოფოტო (ს.ფ. 97-98);
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო რუკა (ს.ფ. 127-128);
-პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება (იხ. 13.11.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
სამოტივაციო ნაწილი
5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის მასალების გაცნობის, პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტების და მოწმეთა ჩვენების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
6.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
7.სამართლებრივი შეფასება
7.1.სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, ხოლო 23-ე მუხლის პირველი ნაწილით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
ვინაიდან, მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამის ნორმებთან, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.2.სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების კანონისმიერი პირობა რეგლამენტირებულია საქართველოს კანონმდებლობით, ესენია: ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა ეწინააღმდეგებოდეს კანონს და ბ) ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს უნდა აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავდნენ მის უფლებას. ერთ-ერთი ამ პირობის არარსებობისას წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილება გამოირიცხება.
აღნიშნული პირობების კონკრეტული გამოვლინებაა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლი, რომლითაც აღძრული სარჩელის საფუძველზე მოსარჩელეს შეუძლია მიაღწიოს იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას ან ძალადაკარგულად გამოცხადებას, რომელიც პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას და შესაბამისად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ იმ პირის ან პირების მიერ, რომელსაც ფაქტების მეშვეობით შეუძლია დაამტკიცოს, რომ მისი უფლებები და კანონიერი ინტერესები დარღვეული იქნა სადავო აქტით. სასამართლო მიუთითებს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დარღვევის არსებობა-არარსებობის საკითხის დადგენის მნიშვნელობაზე. კერძოდ, კანონიერი უფლების ან ინტერესის არსებობა გულისხმობს როგორც კანონით, ისე კანონქვემდებარე აქტით დაცულ უფლებებს და ინტერესებს, ანუ მხოლოდ მხარის რეალურ, ფაქტობრივ უფლებასა თუ ინტერესს და გამორიცხავს მორალურ ან თეორიულ საკითხებს. ასევე სახეზე უნდა იყოს პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანის მიყენების ფაქტი სამართლებრივად დაცულ უფლებებსა და ინტერესებზე.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარის მასალები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გადაგზავნილია 743 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე თვითნებურად დაკავების საფუძვლით, თანახმად, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტისა, რომლითაც ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთია, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
აღნიშნული ნორმა გამოხატავს თვითნებურად დაკავების ფაქტის რამოდენიმე შემთხვევას, რომელთაგან ერთ-ერთი დაინტერესებული პირის სასარგებლოდ უნდა დადასტურდეს საქმის განხილვით იმისათვის, რომ სარჩელი დაკმაყოფილდეს. მითითებულ შემთხვევათაგან მოსარჩელეთა მოთხოვნას შეესაბამება მითითებული ნორმის მეორე წინადადება, რომლითაც თვითნებურად დაკავებულ მიწად მიიჩნევა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე - 27.07.2007 წლამდე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე.
სარჩელის ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მხრიდან მისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა. შესაბამისად, სასამართლოსაგან შეფასების საგანია საკითხი მასზედ, მიადგა თუ არა ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული აქტებით პირდაპირი და უშუალო ზიანი მოსარჩელეს.
7.3.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით მუხლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის (თანასწორობის) პრინციპის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა საგამონაკლისოდ ადგენს მტკიცების ტვირთის განსხვავებულ სტანდარტს, რასაც ცხადყოფს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლითაც, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. კანონმდებლის მიერ მითითებული შინაარსით დებულების რეგლამენტაცია განპირობებულია იმით, რომ ადმინისტრაციულ ორგანოზე ვრცელდება მაღალი პასუხისმგებლობის სტანდარტი, სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.
ამ კუთხით კი სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლითაც რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი – უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
იმავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად იყენებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონს.
ყურადსაღებია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მნიშვნელოვანი განმარტება აღნიშნული კანონის შესახებ, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ განჩინებაში აღნიშნა, რომ ,,მფლობელობა არის ფაქტი და იმის მიხედვით, რა სამართლებრივ საფუძველს ემყარება მფლობელობა ერთმანეთისაგან გამიჯნავენ არამართლზომიერ და მართლზომიერ მფლობელობას. მართლზომიერ მფლობელად ითვლება ყველა პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას, მაშინ, როდესაც არამართლზომიერი მფლობელობის დროს ნივთზე ბატონობა ხორციელდება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ორივე შემთხვევაში სავალდებულოა, რომ პირი დაუფლებული იყოს ნივთს და ახორციელებდეს მასზე ფაქტობრივ ბატონობას’’.
კომისიამ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში განახორციელა მიწის ადგილზე დათვალიერება და შეადგინა ოქმი, რომელზე დაყრდნობით მოპასუხე მიიჩნევს, რომ არ დასტურდება მოსარჩელეთა მხრიდან სადავო მიწის ნაკვეთით სარგებლობის ფაქტი. სწორედ ეს გარემოება დაედო საფუძვლად სადავო აქტების მიღებას, თუმცა მითითებულ გარემოებას სასამართლო ვერ გაიზიარებს, რამეთუ საწინააღმდეგოა დადასტურებული საქმის განხილვით. კერძოდ, უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ დათვალიერების ოქმის შინაარსი არ გამორიცხვას მოსარჩელის უფლებას სადავო მიწის ნაკვეთზე, რამეთუ ოქმის თანახმად, მიწის ნაკვეთი ნაწილობრივ შემოღობილია რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან. ეს ფაქტი კი დასტურია იმისა, რომ მოსარჩელის თანასაკუთრებაში რეგისტრირებული და ასაღიარებელი მიწის ნაკვეთები ერთმანეთისაგან გამიჯნული არ არის, შესაბამისად, მოსარჩელეს შემხებლობა ჰქონდა და აქვს, როგორც მის თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან, ისე სადავო მიწასთან.
მოსარჩელის თანასაკუთრებაში რეგისტრირებული და ასაღიარებელი მიწის ნაკვეთების ერთობლივად შემოკავების ფაქტი დასტურდება ასევე საქმეზე წარმოდგენილი ორთოფოტოებით (ს.ფ. 97-98).
სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები და თვითმხილველი პირები, მათე გოგიშვილი, გია ნაცვლიშვილი და მიხა ჭაბუშანური, რომელთა ჩვენებების ერთობლივი შეფასებით დადასტურდა, რომ 2005 წელს და შემდგომ პერიოდში სადავო მიწის ნაკვეთს უვლიდა (ასუფთავებდა, თიბავდა) მოსარჩელე.
მსგავსი შინაარსის შემცველი ინფორმაცია დაადასტურეს მლაშეს მცხოვრებმა პირებმა გელა გელიაშვილმა და შმაგი გელიაშვილმა სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით. აგრეთვე, იმავე ხასიათის ინფორმაციის მატარებელია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 17.10.2000 წლის საკადასტრო რუკა, რომელზეც მოსარჩელის თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან ერთად დატანილია სადავო მიწის ნაკვეთი.
ყოველივე ზემოაღნიშნული მტკიცებულებები კი ერთობლიობაში არის დასტური იმისა, რომ სადავო მიწის ნაკვეთით 2007 წლამდე სარგებლობდა მოსარჩელე, რაც კომისიას არ შეუსწავლია.
7.4.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით; თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მთლიანად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს და კომისია დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს.
როგორც ზემოთ აღინიშნა, ის საფუძველი, რის გამოც მოსარჩელეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, არ არსებობს, შესაბამისად, სადავო გადაწყვეტილებები ბათილია, მიღებულია კანონის დარღვევით, რაც ნიშნავს იმას, რომ მოსარჩელე მხარისათვის დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად ბარიერის არარსებობის პირობებში, კომისიამ უნდა მიიღოს ახალი აქტი, რომლითაც მოსარჩელეს უღიარებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მლაშეში მდებარე 743 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი.
8.საპროცესო ხარჯები
8.1.დადგენილია, რომ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 100 ლარი. სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე, 39-ე და 53-ე მუხლებისა, აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლისა, მოპასუხე მხარეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის – 100 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე-23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.მერაბ პაპიაშვილის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
1.1.ბათილად იქნეს ცნობილი დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 07 ივნისის №50 საოქმო გადაწყვეტილება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მლაშეში მდებარე მიწის ნაკვეთზე მერაბ პაპიაშვილისათვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში;
1.2.ბათილად იქნეს ცნობილი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მლაშეში მდებარე მიწის ნაკვეთზე მერაბ პაპიაშვილისათვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 01 ივლისის №674 განკარგულება;
1.3.დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის დავალება გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მლაშეში მდებარე, 743 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ;
2.მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ანაზღაურება;
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის ქ. №7ა) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარების დღიდან, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №17).
მოსამართლე: მანუჩარ ცაცუა