გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.11.2019
საქმის ნომერი
330210119003082416
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
14.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/15986-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

11 ნოემბერი 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ივერი აბაშიძე

სხდომის მდივანი - გვანცა გიორგაძე

 

მოსარჩელე - შპს „კ---------------------------“

 

მოსარჩელის წარმომადგენლები: პ-------–---–---------------------–----

 

მოპასუხეები - ე---–----–-–---–ი, შპს „ო-------“

მოპასუხე ე---–----–-–---–ის წარმომადგენელი - ზ-------------–---ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს ე---–----–-–---–სა და შპს „ო-------ს“ მოსარჩელე შპს „მ-------------- მიკრო კრედიტის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირითადი თანხის 60000 ლარის, სარგებლის - 20357,25 ლარისა და პირგასამტეხლოს 9722 ლარის გადახდა;

1.2. თანხის ამოღების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს გირავნობით დატვირთული შემდეგი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები:

 

· სანომრე ნიშანი - B------, მარკა-მოდელი - ჰოვო ZZ3257N3847A, ფერი - თეთრი, გამოშვების წელი - 2012, საიდენტიფიკაციო ნომერი - L----------------, რეგისტრაციის მოწმობა: D--------, გაც. 29/11/2017 წელი;

 

· სანომრე ნიშანი - Z------, მარკა-მოდელი - HOWO ZZ3257N3847A, ფერი - თეთრი, გამოშვების წელი - 2011, საიდენტიფიკაციო ნომერი - L----------------, რეგისტრაციის მოწმობა: D--------, გაც. 29/11/2017 წელი.

 

1.3. იმ შემთხვევაში, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების დასაფარად, ან ვერ მოხდება გირავნობის საგნის მოძიება, აღსრულება მიექცეს ე---–----–-–---–ისა და შპს „ო-------ს“ საკუთრებაში არსებულ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე.

 

მოსარჩელემ სარჩელის საფუძვლად მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

 

2018 წლის 5 მარტს შპს „მ--------------------------------სა“ და ე---–----–-–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება და მოპასუხის სახელზე გაიცა სესხი 60000 ლარი, 12 თვის ვადით, თვეში 3% სარგებლის დარიცხვით. სესხის უზრუნველსაყოფად შპს „ო-------სთან“ გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება და გირავნობის უფლებით დაიტვირთა ორი სატრანსპორტო საშუალება. გარდა ამისა, შპს „ო-------სთან“ გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება.

 

ე---–----–-–---–მა თანხა მხოლოდ ერთხელ გადაიხადა, 2018 წლის 10 აპრილს 1835 ლარის ოდენობით და შემდგომში შეწყვიტა სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება. მისი დავალიანება შეადგენს: სესხის ძირითადი თანხა - 60000 ლარს, სარგებელი - 20357,25 ლარს, ხოლო პირგასამტეხლო - 48610 ლარს. პირგასამტეხლოს ოდენობას კრედიტორი თავისი ინიციატივით ამცირებს 80%-ით და ითხოვს მხოლოდ 9722 ლარის დაკისრებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია.

 

წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით მოპასუხე ე---–----–-–---–მა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სესხის ხელშეკრულებაზე არის მისი ხელმოწერა, რეალურად აღნიშნული ხელშეკრულებით მოხდა სხვა გარიგების დაფარვა. სესხის ხელშეკრულება იყო თვალთმაქცური და უნდა გაუქმებულიყო. რაც შეეხებოდა სალაროს გასავლის ორდერს, მასზე ხელმოწერა მოპასუხეს არ ეკუთვნოდა.

 

მოპასუხე შპს „ო-------ს“ წერილობით შესაგებელი არ წარმოუდგენია. იგი არც სასამართლო სხდომებზე გამოცხადებულა და სასამართლოსთვის უცნობია სარჩელთან დაკავშირებით მისი პოზიცია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. შპს „მ--------------------------------სა“ და მოპასუხე ე---–----–-–---–ს შორის 2018 წლის 5 მარტს დაიდო საკრედიტო და გირავნობის ხელშეკრულება, სადაც საკრედიტო თანხის მთლიანი მოცულობა განისაზღვრა 60000 ლარით, კრედიტის სარგებლობის ვადა - 12 თვით, თვიური საპროცენტო განაკვეთი - 3 %-ით.

 

ხელშეკრულებით შეთანხმდა ასევე პირგასამტეხლოს დარიცხვის პრინციპი ყოველ გადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0,2%

 

ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებდა კრედიტის გაცემის საკომისიოს - 2%-ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 05.03.2018 წლის საკრედიტო და გირავნობის ხელშეკრულება N--------------3;

 

3.1.2. საკრედიტო და გირავნობის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2018 წლის 6 მარტს შპს „მ--------------------------------სა და შპს „ო-------ს“ შორის დაიდო გირავნობის ორი ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებებით, სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობის უფლებით დაიტვირთა დამგირავებლის (შპს „ო-------ს“) საკუთრებაში არსებული შემდეგი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები:

· სანომრე ნიშანი - B------, მარკა-მოდელი - ჰოვო ZZ3257N3847A, ფერი - თეთრი, გამოშვების წელი - 2012, საიდენტიფიკაციო ნომერი - L----------------, რეგისტრაციის მოწმობა: D--------, გაც. 29/11/2017 წელი;

· სანომრე ნიშანი - Z------, მარკა-მოდელი - HOWO ZZ3257N3847A, ფერი - თეთრი, გამოშვების წელი - 2011, საიდენტიფიკაციო ნომერი - L----------------, რეგისტრაციის მოწმობა: D--------, გაც. 29/11/2017 წელი.

 

გირავნობის საგნების რეალიზაცია კრედიტორის მიერ არ განხორციელებულა და კვლავ შპს „ო-------ს სახელზეა რეგისტრირებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გირავნობის ხელშეკრულებები N----------------------------------;

- ცნობები შსს მომსახურების სააგენტოდან

 

3.1.3. საკრედიტო და გირავნობის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით შპს „მ--------------------------------სა“ და შპს „ო-------ს“ შორის 2018 წლის 5 მარტს დაიდო თავდებობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით თავდებმა შპს „ო-------მ“ იკისრა პასუხისმგებლობა, ძირითად მოვალესთან ერთად ან მის გარეშე შეასრულოს ის ვალდებულებები, რომლის მოთხოვნის უფლებაც შპს „მ--------------------------------სა“ და ე---–----–-–---–ს შორის 05.03.2018 წელს გაფორმებული საკრედიტო და გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორს გააჩნია ძირითადი მოვალის მიმართ.

 

თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 200000 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 05.03.2018. წლის თავდებობის ხელშეკრულება N---------------1.

 

3.1.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის საოქმო განჩინებით შპს „კ---------------------------“ ცნობილი იქნა შპს „მ--------------------------------ის“ უფლებამონაცვლედ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 10.10.2019 წლის სხდომის ოქმი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხე ე---–----–-–---–ი ვერ ადასტურებს, რომ საკრედიტო ხელშეკრულების დადებას არ მოჰყოლია მის სასარგებლოდ კრედიტის თანხის გაცემა.

 

მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს საკრედიტო ხელშეკრულებიდან, სადაც მსესხებლად მითითებული პირი სადავოდ ხდის კრედიტის თანხების მიღებას და მიუთითებს, რომ არსებობდა სხვა, უცხოური კომპანიის ვალდებულება, რის გამოც მან საკრედიტო ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. ხელშეკრულების გაფორმებისას იგი მხოლოდ ხელმოწერით შემოიფარგლა და თანხა მას რეალურად არ მიუღია.

 

სამოქალაქო საქმეში, რომელშიც სადავო იყო მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საკითხი , საკასაციო პალატამ შემდეგი განმარტება გააკეთა: „სსკ-ის 623-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არამხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხმებით, არამედ ხელშეკრულების საგნის - გვაროვნული ნივთის მსესხებლისთვის გადაცემის მომენტიდან წარმოშობა. შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (ხელშეკრულების დადება)“ (სუსგ Nას-1245-1168-2015, 20.05.2016წ). ასევე „სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს ცალმხრივ და რეალურ ხელშეკრულებას, ანუ იგი დადებულად მიიჩნევს და მხარეს დაბრუნების ვალდებულება წარმოეშობა გამსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან (Nას-361-343-2015, 14.12.2015).

 

აღსანიშნავია, რომ საკასაციო პალატა სადავოობის შემთხვევაში კრედიტის სახით გაცემული (გასესხებული) თანხის გადაცემის ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ დასაშვებ და საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევს წერილობით საბუთს, მაგალითად, სავალო საბუთი, გადარიცხვის ქვითარი, სალაროს გასავლის ორდერი (სუსგ №ას-398-371-2017, 06.06. 2017 წელი).

 

სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები არ შეიცავს მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს, ხოლო მხარეთა შორის მტკიცების განაწილების 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს), თანხის გაცემის მტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება. სადავოობის შემთხვევაში კი მტკიცების ტვირთზე გავლენას ახდენს, თუ წერილობითი ხელშეკრულება პირდაპირ შეიცავს დათქმას თანხის მსესხებლისთვის გადაცემის თაობაზე.

 

კონკრეტულ შემთხვევაში საკრედიტო ხელშეკრულების 3.10. პუნქტში აღნიშნულია შემდეგი: მისო მსესხებელზე გასცემს კრედიტს წინამდებარე ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ, საკრედიტო თანხის გაცემა ხდება მისოს სალაროდან, იმ პირობით, რომ მოცემულ პერიოდში გაფორმდება მსესხებლის საკრედიტო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად მისოსთვის მისაღები (გირავნობის, იპოთეკის, თავდებობის და სხვა სახის) ხელშეკრულებები. მსესხებლის მიერ ამ პუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობის ან ამ მოთხოვნათა შესრულებისთვის თავის არიდების შემთხვევაში მისოს აქვს უფლება არ გასცეს მსესხებელზე კრედიტი, მოითხოვოს გაცემული კრედიტის ვადაზე ადრე დაბრუნება და ცალმხრივად მოშალოს წინამდებარე ხელშეკრულება.

 

ამავე ხელშეკრულებით შეთანხმდა უზრუნველყოფის ის საშუალებები, რაზეც სამომავლოდ უნდა დადებულიყო გირავნობის ხელშეკრულებები.

 

ხელშეკრულების 3.10. პუნქტის პირობის შესაბამისად, საკრედიტო ხელშეკრულების დადების დღეს, 2018 წლის 5 მარტს მოსარჩელესა და შპს „ო-------ს“ შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, ხოლო მე-2 დღეს, გირავნობის ხელშეკრულებები. ამდენად, მსესხებლის მხრიდან შესრულებული იყო ყველა ის პირობა, რაც კრედიტორს ავალდებულებდა, გაეცა კრედიტის თანხა.

 

სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა წარმოადგინა სალაროს გასავლის ორდერი (დედანი მხარეს უკან დაუბრუნდა და საქმეში დარჩა სალაროს გასავლის ორდერის ასლი), საიდანაც დასტურდება, რომ კრედიტის გაცემის საკომისიოს თანხის გამოკლებით (2%-1200 ლარის), ე---–----–-–---–მა მიიღო კრედიტის თანხა - 58800 ლარი. უფრო მეტიც, სალაროს შემოსავლის ორდერით სოლიდარული თავდების შპს „ო-------ს“ დირექტორი მ----------------ე გადახდის გრაფიკის შესაბამისად იხდის პირველ შენატანს - 1835 ლარს (დედანი მხარეს უკან დაუბრუნდა და საქმეში დარჩა სალაროს შემოსავლის ორდერის ასლი).

 

ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მსესხებლის სახელზე რეალურად მოხდა კრედიტის თანხის გაცემა და გაცემა სალაროს გასავლის ორდერით განხორციელდა.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ე---–----–-–---–ის წარმომადგენლის განმარტებას სალაროს გასავლის ორდერზე ხელმოწერის არანამდვილობის შესახებ, ვინაიდან მოპასუხის პოზიცია არ არის დადასტურებული სათანადო მტკიცებულებებით, კერძოდ:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადსტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე ე---–----–-–---–ის წარმომადგენელი სადავოდ ხდიდა სალაროს გასავლის ორდერზე მისი მარწმუნებლის ხელმოწერის ნამდვილობას, რომლის დადასტურება მას შეეძლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სათანადო მტკიცებულების წარმოდგენით, რაც კონკრეტულ შემთხვევაში იქნებოდა ექსპერტის დასკვნა.

 

მითითებული ნორმის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ სასამართლოსგან დამოუკიდებლად უზრუნველყონ ექსპერტიზის ჩატარება. ასეთ შემთხვევაში ექსპერტის დასკვნა სასამართლოს უნდა წარედგინოს სასამართლოში საქმის აღძვრის ან საქმის მომზადების სტადიაზე. სარჩელის (შესაგებლის) წარდგენისას მხარეს უფლება აქვს, მოითხოვოს ვადა ექსპერტის დასკვნის წარმოსადგენად.

 

აღნიშნული უფლებით მოპასუხეს არ უსარგებლია. რაც შეეხება სასამართლოს ინიციატივით ექსპერტიზის დანიშვნა/არდანიშვნის საკითხთან დაკავშირებულ მოპასუხის პოზიციას, სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის გათავლისწინებით, ხელმოწერის არანამდვილობის საკითხის დადასტურება მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა.

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს შეეხოს ასევე მოპასუხე ე---–----–-–---–ის პოზიციას საკრედიტო ხელშეკრულების თვალთმაქცურობასთან დაკავშრებით.

 

თვალთმაქცური გარიგების ფაქტობრივ შემადგენლობას განსაზღვრავს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).

 

სასამართლო განმარტავს თვალთმაქცური გარიგების არსს და სამართლებრივი მახასიათებლებს, კერძოდ, საქმეში არსებული მასალებით უნდა დასტურდებოდეს თვალთმაქცური გარიგების დროს გამოვლენილი ნების თავისებურებები, რაც, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება სხვა გარიგების დაფარვის მიზნის არსებობაში. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მხარეებს სურთ, მიაღწიონ სხვა შედეგს და არა იმ შედეგს, რასაც იძლევა მათ მიერ გარეგნულად გამოხატული ნება. ამდენად, თვალთმაქცური გარიგების დროს უნდა დადასტურდეს გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ სხვა გარიგების დადების სურვილზე და ამ დაფარული გარიგებისათვის აუცილებელ ყველა წინაპირობის არსებობაზე. ამ შემთხვევაში გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები.

 

კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე გამორიცხავს თვალთმაქცური გარიგების დადების ფაქტს, ამასთან ვერც მოპასუხე ადასტურებს, თუ რა გარიგების დაფარვა უნდა მომხდარიყო საკრედიტო ხელშეკრულების დადებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკრედიტო და გირავნობის ხელშეკრულება;

- სალაროს გასავლის ორდერის ასლი;

- სალაროს შემოსავლის ორდერის ასლი;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2.2. დავალიანების შესახებ გაცემის დროისთვის, 2019 წლის 27 ივნისისთვის, საკრედიტო და გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ე---–----–-–---–ის დავალიანება შეადგენს: ძირითადი თანხა 60000 ლარს, დარიცხული პროცენტი - 20357,25 ლარს და პირგასამტეხლო - 48610 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა დავალიანების შესახებ;

- სალაროს შემოსავლის ორდერი;

- გადახდის გრაფიკი.

- ე---–----–-–---–ის სასესხო ამონაწერი

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. სამართლებრივი შეფასება

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ამავე კოდექსის 868-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სამოქალაქო კოდექსის 623-624-ე მუხლების, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, ფულადი ვალდებულების სპეციფიკიდან გამომდინარე, მხარეთა შორის სასესხო ვალდებულების წარმოშობის ფაქტი უნდა დადასტურდეს ისეთი სახის მტკიცებულებებით, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს მოვალისთვის თანხის გადაცემის ფაქტზე. სესხის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა და იგი დადებულად ითვლება მსესხებლისთვის თანხის ან გვაროვნული ნივთის გადაცემის მომენტიდან. ხოლო სესხის ხელშეკრულების არსიდან გამომდინარე, გასესხებული თანხის გადაცემის დამტკიცების მოვალეობა გამსესხებელს აქვს.

 

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „მ--------------------------------მა“ მსესხებლის ე---–----–-–---–ის სასარგებლოდ გასცა კრედიტი 60000 ლარი. მსესხებელმა მიიღო აღნიშნული თანხა, თუმცა საკრედიტო ვალდებულება მისი მხრიდან არ შესრულებულა, გადახდილია მხოლოდ ერთი თვის პროცენტი. ამდენად, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტის ძირითადი თანხისა და პროცენტის დაკისრების ნაწილში. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობა, მოსარჩელემ თავად შეამცირა იგი, 48610 ლარის ნაცვლად მოითხოვა 9722 ლარის დაკისრება. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის გონივრული ოდენობის და არ არსებობს მისი შემცირების საფუძველი.

 

5.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.

 

მოპასუხე შპს „ო-------ს“ პოზიცია თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების სოლიდარულად დაკისრების შესახებ სასამართლოსთვის უცნობია. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 201-ე მუხლის საფუძველზე თავდებობის ნაწილში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულად მიიჩნევა და შპს „ო-------ს“ ძირითად მსესხებელთან ერთად სოლიდარულად უნდა დაეკისროს დავალიანების ანაზღაურება.

 

5.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

 

ამავე კოდექსის 254-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოგირავნეს გირავნობის საგნიდან აქვს თავისი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება სხვა კრედიტორებთან შედარებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

გირავნობის ფარგლები განსაზღვრულია კანონით. გირავნობის საგნით უნდა დაიფაროს გირავნობით უზრუნველყოფილი მთლიანი მოთხოვნა. თუ გირავნობის საგნის ღირებულება არ იქნება საკმარისი, ასეთ შემთხვევაშიც მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება. სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილი დასაშვებად მიიჩნევს გირავნობის საგნის ღირებულების არასაკმარისობისას, მოთხოვნა გავრცელდეს გირავნობის გარდა სხვა ქონებაზეც, მაგრამ ამისთვის აუცილებელია, მხარეები ამაზე წინასწარ შეთანხმდნენ. აღნიშნულ წესზე მხარეები წინასწარ შეთანხმდნენ საკრედიტო და გირავნობის ხელშეკრულების 5.1.1. პუნქტით.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სარჩელით სასამართლოსთვის მომართვის დროისთვის დაგირავებული ნივთების რეალიზაცია მოსარჩელის მიერ არ განხორციელებულა.

 

ამდენად, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა გირავნობის საგნის რეალიზაციის შესახებ. ამასთან, თუკი გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების დასაფარად, ან ვერ მოხდება გირავნობის საგნის მოძიება, აღსრულება უნდა განხორციელდეს მოპასუხეთა სხვა ქონებაზეც.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ყ“ ქვეპუნქტის თანახმად მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 2702,37 ლარს. ვინაიდან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 2702,37 ლარის გადახდა.

 

7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე შპს „კ---------------------------“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხეებს ე---–----–-–---–სა და შპს „ო-------“-ს შპს „კ---------------------------“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სესხის ძირითადი თანხის 60 000 ლარის და სარგებლის 20357,25 ლარის გადახდა;

 

3. მოპასუხეებს ე---–----–-–---–სა და შპს „ო-------“-ს შპს „კ---------------------------“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებაზე დარიცხული შემცირებული პირგასამტეხლოს სახით - 9722 ლარის გადახდა;

 

4. მოპასუხეების ე---–----–-–---–ისა და შპს „ო-------“-ს მიერ შპს „კ---------------------------“-ს წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს გირავნობით დატვირთული შემდეგი ავტოსატრანსპორტო საშუალებები:

 

· სანომრე ნიშანი - B------, მარკა-მოდელი - ჰოვო ZZ3257N3847A, ფერი - თეთრი, გამოშვების წელი - 2012, საიდენტიფიკაციო ნომერი - L----------------, რეგისტრაციის მოწმობა: D--------, გაც. 29/11/2017 წელი;

 

· სანომრე ნიშანი - Z------, მარკა-მოდელი - HOWO ZZ3257N3847A, ფერი - თეთრი, გამოშვების წელი - 2011, საიდენტიფიკაციო ნომერი - L----------------, რეგისტრაციის მოწმობა: D--------, გაც. 29/11/2017 წელი.

 

5. თუ გირავნობით დატვირთული ქონებები არ იქნება საკმარისი მოსარჩელის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ან ვერ მოხდება გირავნობის საგნის მოძიება, აღსასრულებლად მიექცეს მოპასუხეების ე---–----–-–---–ისა და შპს „ო-------“-ს საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ქონება.

 

6. მოპასუხეებს ე---–----–-–---–ს და შპს „ო-------“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 2702,37 ლარი სარჩელის აღძვრისას გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით;

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ივერი აბაშიძე