გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.10.2019
საქმის ნომერი
190210016001628876
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
29.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2176-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29 ოქტომბერი 2019 წ. ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე სს "თ-----------ი"

წარმომადგენელი ნინო სურმავა

მოპასუხე ლ----- ჯ-----–--ა

დავის საგანი კრედიტის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნები

 

ლ----- ჯ-----–--ასათვის სს „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ 4573.6 ლარის დაკისრება:

 

სარჩელის საფუძვლები

 

2011 წლის 14 დეკემბერს სს „თიბისი ბანკსა“ და ლ----- ჯ-----–--ას შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება N 1085230-1446124, რომლის საფუძველზე მოპასუხემ მიიღო კრედიტი 4600 ლარის ოდენობით. კრედიტის სარგებელია წლიური 20%, დაბრუნების ვადა 2014 წლის 12 ოქტომბრამდე. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს ერთჯერად ჯარიმას 20 ლარს, რასაც ემატება ყოველდღიური პირგასამტეხლო სესხის ძირითადი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებულია გრაფიკით ყოველთვიური შენატანის გადახდით ყოველი თვის 10 რიცხვში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულია მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა. მოპასუხემ არ შეასრულა კრედიტის დაბრუნების ვალდებულება, პერიოდულად არღვევდა გრაფიკით დადგენილ გადახდის დროს, ბოლო გადახდა განახორციელა 2014 წლის დეკემბერში, რის შემდეგ კრედიტის დასაბრუნებლად თანხა არ გადაუხდია. მოპასუხის დავალიანებაა 2054.35 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 2054.35 ლარი, პროცენტი 519.25 ლარი, ჯარიმა 2000 ლარი, დაზღვევა- 17.48 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეს წერილობითი შესაგაბელი არ წარმოუდგენია. მას სარჩელის შინაარსი და სხდომის თარით ეცნობა საჯარო შეტყობინებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2011 წლის 14 დეკემბერს სს „თიბისი ბანკსა“ და ლ----- ჯ-----–--ას შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება N 1085230-1446124, რომლის საფუძველზე მოპასუხემ მიიღო კრედიტი 4600 ლარის ოდენობით. კრედიტის სარგებელია წლიური 20%, დაბრუნების ვადა 2014 წლის 12 ოქტომბრამდე. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს ერთჯერად ჯარიმას 20 ლარს, რასაც ემატება ყოველდღიური პირგასამტეხლო სესხის ძირითადი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებულია გრაფიკით ყოველთვიური შენატანის გადახდით ყოველი თვის 10 რიცხვში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულია მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა. ხელშეკრულების 2.9 პუნქტის მიხედვით, კრედიტის დაფარვა გათვალისწინებულია თანაბარწილად ისე, რომ თვეში გადასახდელი ძირითადი თანხის და მასზე დარიცხული სარგებლის ჯამმა შეადგინოს ერთიდაიგივე თანხა. გრაფიკით გათვალისწინებულია ჯამურად სარგებლის 1543.37 ლარის გახდა, ხოლო დაზღვევის საკომისიოს ჯამურად 55.56 ლარის გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 15-23. ტომი 1)

 

3.1.2. მოპასუხემ არ შეასრულა კრედიტის დაბრუნების ვალდებულება, პერიოდულად არღვევდა გრაფიკით დადგენილ გადახდის დროს, ბოლო შენატანი გადაიხადა 2014 წლის 3 დეკემბერს, რის შემდეგ კრედიტის დასაბრუნებლად თანხა არ გადაუხდია. ამ ჯამურად გადაიხადა ძირითადი თანხა 2545.65 ლარი, პროცენტი - 1757.65 ლარი, ჯარიმა 132.88 ლარი. მოპასუხის დავალიანებაა 2054.35 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 2054.35 ლარი, პროცენტი 519.25 ლარი, ჯარიმა 2000 ლარი, დაზღვევა- 17.48 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ. 24-25. ტომი 1)

- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 26. ტომი 1)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

მოპასუხეს სარჩელზე წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადდა. მისი ადგილსამყოფელი უცნობია, რის გამოც სსსკ 78-ე მუხლის საფუძველზე მას სარჩელის შინაარსი და სხდომის თარიღი ეცნობა საჯარო შეტყობინებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად, 1. თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. 2. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

ამ ნორმის საფუძველზე სასამართლო სხდომაზე მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამუცხადებლობის შემთხვევაში სარჩელში მითითებული გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. შესაბამისად, სსსკ 230-ე მუხლის საფუძველზე სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები საკრედიტო ხელშეკრულების დადების, ხელშეკრულების პირობების შეთანხმების და კრედიტის დაბრუნების ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ, დამტკიცებულად ითვლება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნილი სარგებლის დაკისრებაზე, რადგან მოპასუხეს გრაფიკით გათვალისწინებული პროცენტი სრულად აქვს გადახდილი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ პროცენტის გადახდევინების საფუძველი არ არსებობს, ხოლო მოსარჩელე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას არ ითხოვს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 868-ე, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 400-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე,6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ამავე კოდექსის 868-ემუხლის 2011 წლის 14 დეკემბერს მოქმედი რედაქციის მიხედვით, 1. მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. 2. თუ შეთანხმებით გათვალისწინებული ცვალებადი საპროცენტო განაკვეთისა და მისი სიდიდის განსაზღვრა შეეძლო კრედიტის გამცემს, იგი ვალდებულია ეს განსაზღვროს სამართლიანობის საფუძველზე; იგი ასევე მოვალეა საბაზრო საპროცენტო განაკვეთის გაზრდას ან შემცირებას შეუსაბამოს თავისი საპროცენტო განაკვეთი.3. პროცენტის ცვალებადობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის სადისკონტო განაკვეთს ან ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე დაფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთს. 4. საკრედიტო ხელშეკრულების დადებისას უნდა განისაზღვროს საპროცენტო განაკვეთის ზრდისა და შემცირების ზღვარი და ცვლილებათა მინიმალური შუალედი. 5. კრედიტის გამცემი მოვალეა მისაღები ფორმით შეატყობინოს მსესხებელს კრედიტისათვის საპროცენტო განაკვეთის შესახებ. 6. თუ წლიური საპროცენტო განაკვეთი არ არის მითითებული, მაშინ გამოიყენება მხოლოდ კანონით გათვალისწინებული წლიური პროცენტი. თუკი ხარჯების დაკისრება არ იყო გათვალისწინებული წლიური პროცენტის გამოთვლისას, მაშინ ეს ხარჯები არ ანაზღაურდება.

 

მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა 2011 წლის 14 დეკემბერს დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით წარმოიშვა, რომლის საფუძველზე მოპასუხემ მიიღო 4600 ლარი, რომლის სარგებელია წლიური 20%. ხელშეკრულებით შეთანხმებულია თანხის დაბრუნების გრაფიკი, რომლითაც განსაზღვრულია გადასახდელი ძირითადი თანხის, სარგებლის და სხვა ხარჯების ოდენობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ბანკის მიმართ ნაკისრი საკრედიტო ვალდებულება დადგენილ ვადაში შესრულებული არ არის, ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად, ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ”ა” პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ამავე კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლიდან გამომდინარე საკრედიტო ხელშეკრულება სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. ამ ნორმის მიხედვით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამდენად, საკრედიტო ხელშეკრულება ყოველთვის სარგებლიანი სესხის ხელშეკრულებაა და ამით განსხვავდება იგი სხვა სესხის ხელშეკრულებისაგან, სადაც სარგებელი მხოლოდ ორივე მხარის ნების, მათი შეთანხმების შემთხვევაში განისაზღვრება.

 

მოპასუხეს უნდა დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის დავალიანების გადახდა, რადგან მოპასუხემ ეს ვალდებულება სრულად არ შეასრულა, მან გადაიხადა კრედიტის თანხის ნაწილი 2545,65 ლარი, ხოლო გადასახდელია 2054,35 ლარი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხისათვის პროცენტის დაკისრების მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი საფუძვლების გამო.

 

ბანკსა და ლ----- ჯ-----–--ას შორის დაიდო ვადიანი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის შესრულების ვადა ამოიწურა 2014 წლის 12 ოქტომბერს. მოპასუხემ ამ ვადის გასვლის შემდეგადაც 2014 წლის დეკემბერში გადაიხადა თანხა. საბანკო ანგარიშიდან ამონაწერში მითითებულია, რომ ჯამურად გადასახდელია პროცენტის თანხა 1543.37 ლარი, ხოლო მოპასუხემ გადაიხადა პროცენტი 1757.65 ლარი. საკრედიტო ხელშეკრულების შემადგენელი კრედირის დაბრუნების გრაფიკის მიხედვით, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მოვალეს უნდა გადაეხადა პროცენტის ტანხა 1543,37 ლარი. ამდენად, მოპასუხემ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე მეტი პროცენტი.

 

ხელშეკრულების 9.11 პუნქტის მიხედვით, მსესხებლის მიერ ამ ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის შემთხვევაში ბანკს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება და მოითხოვოს მსესხებლის მიერ უკვე ათვისებული თანხის დაბრუნება მათზე დარიცხულ პროცენტებთან და სხვა გადასახდელებთან ერთად. ხელშეკრულების 3.1 მუხლის მიხედვით, კრედიტის ვადა ნიშნავს მსესხებლის მიერ ბანკის მიმართ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებისსრული ამოწურვის ვადას. 3.3 პუნქტის მიხედვით, კრედიტის ძირითადი თანხის და მასზე დარიცხული სარგებლის გადახდა ხდება წინამდებარე ხელშეკრულების 2.9 პუნქტში მითითებული გრაფიკის მიხედვით.

 

მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულება ძალაშია მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე, რის გამოც ძირითადი თანხის არასრულად გადახდის გამო სესხს ერიცხება პროცენტი ვალდებულების სრულ შესრულებამდე. სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულების ძალაში ყოფნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ მოვალის ვალდებულება ძალაშია იმ დრომდე, ვიდრე იგი კეთილსინდისიერად, ჯეროვნად და ზუსტად არ შეასრულებს ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის სამართლებრივად საფუძვლიან მოთხოვნას, ვიდრე ვალდებულება არ შეწყდება შესრულებით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ვალდებულების შესრულებამდე ხელშეკრულების ძალაში ყოფნა და ვალდებულების შესრულების ვადა ერთმანეთთან გაიგივებული არ უნდა იყოს. სამართლებრივი შედეგების მხრივ, ვალდებულების შესრულების ვადა არის ხელშეკრულების ძალაში ყოფნის დრო, მხარეთა მიერ შეთანხმებული ვადა, რომლის განმავლობაში მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს. ვალდებულების შერულების დრო არის დროის მონაკვეთი, რაც ვალდებულების შესრულებისათვის არის გათვალისწინებული. ამ შემთხვევაში ვალდებულების შესრულების დრო განსაზღვრულია გრაფიკით ყოველთვიურად თვის კონკრეტულ რიცხვში თანხის გადახდით. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების ვადაა დროის დენადი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც უნდა დასრულდეს ვალდებულების შესრულება.

 

ვალდებულების შესრულების დრო კრედიტორს ვალდებულების შესრულების მოთხოვნას წარმოუშობს, ხოლო მოვალეს – აღნიშნული ვალდებულების შესრულების მოვალეობას შეთანხმებულ დროში. ვალდებულების შესრულების ვადის გასვლამდე კრედიტორს უფლება არა აქვს მოითხოვოს ვალებულების შესრულება. დათქმულ დროს ვალდებულების შეუსრულებლობა მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებას იწვევს, ხოლო შესრულების მიუღებლობა – კრედიტორის მიერ შესრულების მიღების გადაგადაცილებას.

 

ვალდებულების შესრულების ვადა დროის იმ პერიოდს მოიცავს, რა ვადაშიც ვალდებულების სრულად უნდა შესრულდეს. შესაბამისად, მოვალე ვალდებულია, ამ ვადაში შეასრულოს ვალდებულება, ხოლო კრედიტორი უფლებამოსილი არ არის, ვადის ამოწურვამდე მოითხოვოს ვალდებულების შესრულება. შესაბამისად აღნიშნულ ვადაში მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადამცილებლად არ მიიჩნევა.

 

საკრედიტო ურთიერთობაში პროცენტი არის სარგებელი, რომელიც კრედიტორმა უპირობოდ უნდა მიიღოს და ძირითად თანხასთან ერთად პროცენტის გადახდა მოვალის მთავარი ვალდებულებაა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის სამართლებრივი ბუნება განსხვავებულია. სარგებელი ეს არის ნივთის (ამ შემთხვევაში ფულის სარგებლობის პროცენტი) გამოყენების შედეგად მსესხებლის მიერ მიღებული ან მისაღები შემოსავალი, ხოლო მიუღებელი შემოსავალი - ის ზიანი (დანაკარგია), რომელსაც კრედიტორი ვერ იღებს მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო. მიუღებლად განიხილება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში.

 

ბანკის მხრიდან კრედიტის გაცემის უმთავრესი ინტერესია დაიბრუნოს კრედიტი და მიიღოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი კრედიტის მოქმედების ვადაში. საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის დაბრუნების ვადა ამოიწურა 2014 წლის ოქტომბერში. მოპასუხემ კრედიტის დაბრუნება შეწყვიტა 2014 წლის დეკემბერში, ხოლო ამ ვადაში მან გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე მეტი პროცენტის თანხა. მოვალემ ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა, კრედიტი სრულად არ დააბრუნა, რაც მისთვის ზიანის გამომწვევი ქმედებაა. ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს მიუღებელი შემოსავალი. ბანკის განმარტებით, იგი მიუღებელი შემოსავლის ასანაზღაურებლად არ მოითხოვს სარჩელით მოთხოვნილ სარგებელს და მისი გადახდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებაა. სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი პროცენტის თანხა არის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდგომ პერიოდში გადასახდელი პროცენტი, რომლის საფუძველი ზიანის ანაზღაურება შეიძლება იყოს, რადგან სარგებელი არის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი სარგებელი.

 

248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამ ნორმით დადგენილი დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე, მოსარჩელე თავად განსაზღვრავს დავის საგანს, ხოლო დავის საგანია არა მარტო სასარჩელო მოთხოვნა, არამედ მისი მნიშვნელოვანი ალემენტია დავის ფაქტობრივი საფუძველი, საიდანაც მომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნა. დავის ფაქტობრივო საფუძველი არის ის მოვლენა, ქცევა, ხდომილება, რამაც გამოიწვია მოსარჩელის უფლების დარღვევა ან მისი ინტერესის ხელყოფა. მოსარჩელემ სადაო თანხის დაკისრების საფუძვლად არ მიუთითა მისი მიერ განცდილი ზიანი, ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული მატერიალური დანაკარგის ასანაზღაურებლად თანხის დაკისრება არ მოუთხოვია. მისი განმარტებით, მოითხოვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით ვალდებულების შესრულების დაკისრებას. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ფაქტობრივი საფუძვლით მოპასუხისათვის ვალდებულების დაკისრების საფუძველი არ არსებობს, რის გამოც სარგებლის დაკისრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს გადახდევინება კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს შემდეგი საფუძვლების გამო:

 

პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობითი ფორმით დადებული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამრთლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონი ითვალისწინებს სასამართლოს უფლებამოსილებას შეამციროს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც ნიშნავს ვალდებულების დარღვევის გარემოებების შეფასების შედეგად ამ საკითხის გადაწყვეტას. ტერმინი „შეუსაბამოდ მაღალი“ მიუთითებს კანონმდებლის ნებაზე, რომ შემცირებას შეიძლება დაექვემდებაროს ისეთი პირგასამტეხლო, რომლის ოდენობა აშკარად და თვალსაჩინოდ მაღალია სადაო ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგებთან და ვალდებულების შეუსრულებლობის ხასიათთან.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.

 

პირგასამტეხლოს გააჩნია სანქციის და პრევენციის ფუნქცია. ხელშეკრულებაში პირგასამტეხლოს განსაზღვრით, მიზნად დასახულია ერთგვარად მოვალეზე ზეწოლის მოხდენა, რათა ფულადი სანქციის დაკისრების შიშით თავიდან იქნას აცილებული მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევა, მოვალემ ფინანსური სანქციის შიშით მიიღოს ზომები ვალდებულების შესასრულებლად. ვალდებულების დარღვევის შემდეგ პირგასამტეხლოს პრევენციის მნიშვნელობა არა აქვს და მისი მიზანია მოვალისათვის ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრება, რა დროსაც პირგასამტეხლოს ასევე აქვს ზიანის მინიმალურად და სწრაფად ანაზღაურების ფუნქცია.

 

პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასების პროცესში ყურადღება უნდა მიექცეს ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობას, დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას, სავარაუდო ზიანს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სასამართლოს მინიჭებული აქვს სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევის საგამონაკლისო უფლება, რომლის მიზანია სამოქალაქო ურთიერთობის კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვა, მხარეთა უფლებრივი თანაზომიერების პრინციპი დაცვა. ნორმის მიზანია თუნდაც ვალდებულების დამრღვევი მხარის დაცვა გადაჭარბებული პასუხისმგებლობისაგან, რადგან ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ (მაგალითად ბანკმა) ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სასამართლო აღჭურვილია უფლებამოსილებით, შეამციროს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო და განსაზღვროს ყოველ კონკრეტულ სადაო ურთიერთობისათვის სამართლიანი და გონივრული პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლოს შემცირების მიზანი არ არის მოვალისათვის სიმბოლური პასუხისმგებლობის დაკისრება და კრედიტორის მართლზომიერი ინტერესების უგულებელყოფა. პირგასამტეხლოს შემცირების მიზანია მხარეთა მართლზომიერ ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვა და ვალდებულების დარღვევის გამო მოვალისათვის გონივრული პასუხისმგებლობის დაკისრება.

 

მოსარჩელე მოითხოვს პირგასამტეხლოს 2000 ლარის დაკისრებას, რაც უნდა შემცირდეს. რადგან მოვალემ მართალია ვალდებულება არ შეასრულა, მაგრამ მან გადაიხადა ხელშეკრულებით შეთანხმებულ სარგებელზე მეტი თანხა, გადაიხადა ძირითადი თანხის ნახევარზე მეტი. მიღებული კრედიტიდან დასაბრუნებელია 2054.35 ლარი. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბანკს უკვე მიღებული აქვს ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე მეტი სარგებლის თანხა, ასევე გაცემული კრედიტის ნახევარზე მეტი, რის გამოც დავალიანების ოდენობით პირგასმატეხლოს დაკისრება მოვალისათვის მკაცრი სანქცია იქნება. სასამართლოს მიაჩნია, რომ ვადის გადაცილების ხანგრძლივი პერიოდის გამო მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს 500 ლარის გადახდა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს თანხა უზრუნველყოფს ბანკის მიერ განცდილი მატერიალური დანაკარგის მინიმალურად ანაზღაურებას.

 

მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს დაზღვევის საკომისიოს 17.48 ლარის გადახდა, რადგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ეს ვალდებულება სრულად შესრულებული არ არის.

 

ამდენა, გადასახდელი თანხაა ძირითადი თანხა 2054,35 ლარი, პირგასამტეხლო 500 ლარი და დაზღვევის საკომისიო 17.48 ლარი., ჯამურად 2571.83 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის სარჩელის ფასია 4573.6 ლარი, საიდანაც მოპასუხეს დაეკისრა 2571.83 ლარის გადახდა (საერთო მოთხოვნის 56%). სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 137.73 ლარი, რომლის 56% არის 77.12 ლარი, რაც უნდა აუნაზღაურდეს მოსარჩელეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს „თ-----------ის“ სარჩელი;

 

1.1. ლ----- ჯ-----–--ას დაეკისროს სს „თ-----------ისათვის“ 2571.83 ლარის გადახდა;

1.2. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა 2001.77 ლარის დაკისრების ნაწილში;

 

2. ლ----- ჯ-----–--ას დაეკისროს სს „თ-----------ისათვის“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 77.12 ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი