გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 110310019003190748
N3/96-2019
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14.11.2019 წელი ქ. ზესტაფონი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე შოთა ნიკურაძე
სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი
მოსარჩელე: სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილება,წარმომადგენელი: ი---- გ----------–---–-;
მოპასუხე: მ---- ჩ-----;
დავის საგანი: უკანონოდ მიღებული ფულადი სოციალური დახმარების - 80ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე _ მ---- ჩ-----ს დაევალოს უკანონოდ მიღებული ფულადი სოციალური დახმარების 80 ლარის ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სარჩელის საფუძვლები:
მ---- ჩ-----ს ოჯახი, რომელიც შედგება ორი წევრისაგან - თვითონ მ---- ჩ----- და ზ----- გ-------- - 2018 წლის სექტემბრამდე რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და იღებდა საარსებო შემწეობის თანხას. ოჯახს მინიჭებული ჰქონდა საიდენტიფიკაციო კოდი 0-----------. სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილებისათვის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 17 სექტემბრის №04/49738 წერილით ცნობილი გახდა, ქ.ზესტაფონში, ა----–-----–-- პ------–- შ--------, N5----ში მცხოვრებ მ---- ჩ-----ს ოჯახის მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ - კერძოდ, 2018 წლის 1 ივლისს მოპასუხის ოჯახის წევრს - ზ----- გ--------ს შპს ,,ფრეგოს“ მიერ ჩაერიცხა 700 ლარი. მ---- ჩ-----ს ოჯახს ზედმეტად დაერიცხა ზ----------- წილი საარსებო შემწეობის თანხა 100 ლარი. აღნიშნულზე ეცნობა მოპასუხეს, რომელმაც განცხდებით მომართა სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონულ განყოფილებას და გამოხატა თანხმობა ზედმეტად მიღებული თანხის ეტაპობრივად გადახდის თაობაზე. მოპასუხემ 2019 წლის 8 აპრილს გადაიხადა მხოლოდ 20 ლარი, ხოლო გადასახდელი დარჩა 80 ლარი, რაც აღარ დაუბრუნებია.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მ---- ჩ-----ს გადაეგზავნა სარჩელი თანდართულ მასალებთან ერთად, რაც ჩაბარდა პირადად 2019 წლის 19 სექტემბერს. მოპასუხის მიერ შესაგებელი წარმოდგენილი არ ყოფილა, არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა, შესაბამისად, მისი პოზიცია სასამართლოსათვის უცნობია.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. მოპასუხის ოჯახი, რომელიც შედგება ორი წევრისაგან - თვითონ მ---- ჩ----- და ზ----- გ-------- - 2018 წლის სექტემბრამდე რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და იღებდა საარსებო შემწეობის თანხას. ოჯახს მინიჭებული ჰქონდა საიდენტიფიკაციო კოდი 0-----------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება;
- გადაწყვეტილება სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ და განცხადება;
3.2. სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილებისათვის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 17 სექტემბრის №04/49738 წერილით ცნობილი გახდა, ქ.ზესტაფონში, ა----–-----–-- პ------–- შ--------, N5----ში მცხოვრებ მ---- ჩ-----ს ოჯახის მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ - კერძოდ, 2018 წლის 1 ივლისს მოპასუხის ოჯახის წევრს - ზ----- გ--------ს შპს ,,ფრეგოს“ მიერ ჩაერიცხა 700 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება;
- 2018 წლის 17 სექტემბრის №04/49738 წერილი;
- ამონაწერი თანხის ჩარიცხვის შესახებ;
3.3. მ---- ჩ-----ს ოჯახზე ზედმეტად გადაცემულმა საარსებო შემწეობის თანხამ შეადგინა 100 ლარი ;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება;
- სმს ზესტაფონის რაიონული განყოფილების წერილები;
3.4. მოპასუხეს სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების მიერ ორჯერ გაეგზავნა წერილი ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის თანხის 100 ლარის უკან დაბრუნების შესახებ, რაც მოპასუხეს ჩაბარდა პირადად რეგისტრაციის მისამართზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება;
- 2018 წლის 11 დეკემბრის №04-06-03/2700 და 2019 წლის 17 იანვრის №04-06-03/235 მიმართვების ასლები;
- გზავნილის ჩაბარების საფოსტო დასტური;
3.5. მოპასუხე მ---- ჩ-----მ 2019 წლის 8 აპრილს გადაიხადა ზედმეტად მიღებული სოციალური დახმარების თანხის მხოლოდ ნაწილი, კერძოდ, 20 ლარი, ხოლო გადასახდელი დარჩა 80 ლარი, რაც აღარ დაუბრუნებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი;
- მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება;
3.6. ,,სოციალური დახმარების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებები (წევრის გარდაცვალება, დაბადება, ქორწინება, საზღვარგარეთ სამ თვეზე მეტი ვადით წასვლა და სხვა). აღნიშნული ვალდებულება მ---- ჩ-----ს მხრიდან არ შესრულება, რის გამოც ზედმეტად დაერიცხა 100 ლარი, ხოლო საქმის განხილვის დროისათვის, ზედმეტად დარიცხული თანხა შეადგენს 80 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი;
- მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილება;
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის №155 დადგენილება; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 385-ე და 394-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
განსახილველ შემთხვევაში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების მიერ სასამართლოში სარჩელი აღძრულია მოპასუხე - მ---- ჩ-----ს მიმართ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უსაფუძვლოდ მიღებული სოციალური დახმარების თანხის - 80 ლარის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.
6.3. ,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად, კანონმდებლობა სოციალური დახმარების შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.
,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, სოციალური დახმარების ერთ-ერთი სახეა საარსებო შემწეობა. ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 ქვეპუნქტის შესაბამისად, საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.
6.4. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N145 დადგენილებით დამტკიცდა „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების თანდართული წესი“. მითითებული წესის მე-3 მუხლით განისაზღვრა, რომ საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და საარსებო შემწეობის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტას. მე-5 მუხლი კი ადგენს, რომ საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილი საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე (შემდგომში – ღატაკი ოჯახი).
6.5. სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცდა ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ წესი. წესის მიზანია განსაზღვრული მეთოდოლოგიის გამოყენებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) ფორმირება, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დახმარებას და შეიძლება გახდნენ ამ დახმარების მიმღებნი. ამავე წესის მე-3 მუხლის თანახმად, მონაცემთა ბაზის ფორმირება ერთიანი სამართლებრივი პროცესია და მოიცავს: ა) მაძიებლის განაცხადის მიღებას და დამუშავებას; ბ) მაძიებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას; გ) სარეიტინგო ქულის მინიჭებას; დ) შესაბამის მონაცემთა დამუშავებას, ანალიზს, განახლებას და მონიტორინგს.
ამავე დადგენილების მე-4 მუხლის თანახმად, მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის მიმართვა შეუძლია ოჯახს, რომელიც მიიჩნევს, რომ თავისი სოციალურ-ეკონომიკური პირობების მიხედვით იმყოფება სოციალურად დაუცველ მდგომარეობაში, საჭიროებს დახმარებას და შეიძლება გახდეს ამ დახმარების მიმღები.
6.6. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სადაც განსაზღვრულია ოჯახის უფლება-მოვალეობანი განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა: ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში.
ამავე წესის მე-8 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ადგენს, რომ მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი დაცვის გაუმჯობესებისა და ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის მიზნით სააგენტო ქმნის ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზას”. მონაცემთა ბაზა მოიცავს ცნობებს ოჯახის და მისი თითოეული წევრის შესახებ, საცხოვრებელი ადგილის, განათლების და ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის თაობაზე, ასევე, ინფორმაციას, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ პირთა საარსებო შემწეობის გაცემის, შეჩერების, განახლების და შეწყვეტის შესახებ და სხვა ინფორმაციას, რაც უკავშირდება სააგენტოს მიერ პროგრამის ადმინისტრირებას. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მონაცემთა ბაზაში მიწოდებული ინფორმაციის სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ ინფორმაციის გამცემ ოჯახის წევრ(ებ)ს, შესაბამის ორგანოს თუ დაწესებულებას.
6.7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახს აკისრებს ვალდებულებას, რომ იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს წევრთა შემადგენლობაში ან/და ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაში ცვლილება ან ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა სააგენტოს აცნობოს ერთი თვის ვადაში.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების, ,,სოციალური დახმარების შესახებ’’ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილება ან ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში; ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მიზნებისათვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებად ითვლება მხოლოდ: ოჯახის წევრ(ებ)ის შემოსავლის გაზრდა/გაჩენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც როდესაც სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მიწოდებულ ხელზე აღებული ხელფასის (ყველა სხვა ანაზღაურების ჩათვლით) ოდენობას (საშუალოდ, ბოლო 4 თვეში ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) და „ოჯახის დეკლარაციის“ შესაბამის გრაფაში − „ხელფასი (ყველა სხვა სახის ანაზღაურების ჩათვლით)“ დაფიქსირებულ (საშუალოდ, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) ოდენობას შორის სხვაობა ტოლია ან ნაკლებია 175 ლარზე;
ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზი ცხადყოფს, რომ საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს ერთი თვისა;
6.8. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ---- ჩ-----ს ოჯახის წევრს - ზ----- გ--------ს 2018 წლის 1 ივლისს გამოუვლინდა შემოსავალი, კერძოდ, ანგარიშზე ჩაერიცხა 700 ლარი. აღსანიშნავია ისიც, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, რომ შემოსავალი არ მიუღიათ. ამდენად, მოპასუხემ არ შეასრულა მისი ოჯახის მიერ ნაკისრი ვალდებულება და არ აცნობა მოსარჩელეს, რომ შეიცვალა და გაუმჯობესდა მათი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა. აღნიშნულით კი დაარღვია, როგორც საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მოთხოვნები, ისე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესით“ გათვალისწინებული ვალდებულებები.
6.9. სასამართლო განმარტავს, რომ სააგენტოს უფლებამოსილება განსაზღვრულია „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით, კერძოდ, სააგენტო უფლებამოსილია: შეამოწმოს საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი (ოჯახის გაერთიანების ან გაყოფის, ოჯახის წევრთა სოციალური სტატუსის, დასაქმების, რაოდენობის და/ან ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სხვა არსებითი ცვლილებების გამოსავლენად) სააგენტოში დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად; არსებული/გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით, მიიღოს გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, შეჩერების, შეწყვეტის, ზედმეტად გაცემული შემწეობის უკან დაბრუნების ან/და შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ; ოჯახის მიერ საარსებო შემწეობის მიღებასთან და/ან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს საარსებო შემწეობა; შესაბამისი დაწესებულებების და/ან ორგანიზაციებისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემების გადამოწმების, საარსებო შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, გაანგარიშების, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტისათვის; ავტომატურად გადაუანგარიშოს დანიშნული საარსებო შემწეობა ოჯახს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე, წევრის დაბადების (ბავშვის შვილად აყვანის) შემთხვევაში, თუ ოჯახის ბოლო შეფასებიდან და ბავშვის დაბადებიდან (შვილად აყვანიდან) არ არის გასული 2 წელი.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სააგენტოსათვის ინფორმაციის შეუტყობინებლად მ---- ჩ-----ს ოჯახს ზედმეტად ჩაერიცხა სოციალური დახმარება 100 ლარი, საიდანაც მან 2019 წლის 8 აპრილს ნებაყოფლობით გადაიხადა 20 ლარი და დღეის მდგომარეობით გადასახდელი თანხა შეადგენს 80 ლარს. რაც ყველაზე საგულისხმოა, მოპასუხეს აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულები სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
6.10. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გარდა ადმინისტრაციული კანონმდებლობისა, გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები, რომელიც ასევე არეგულირებს მოცემულ ურთიერთობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.11.. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის მიხედვით, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნას მოთხოვილი.
აღნიშნული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს ან შემდგომში იშლება. ამასთან არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართულრთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი – ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.
6.12. უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება კიდევაც უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას.
შესაბამისად, ცალსახაა, რომ მ---- ჩ-----ს ანგარიშზე სოციალური შემწეობის თანხის ჩარიცხვა განხორციელდა სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რადგან აღარ არსებობდა უფლებამოსილი ორგანოს იმ ვალდებულების წარმოშობის საფუძველი, რომლის ძალითაც იგი ახდენდა მოპასუხის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელ ნორმებზე დაყრდნობით მოითხოვოს მოპასუხისთვის უსაფუძვლოდ ჩარიცხული თანხების უკან დაბრუნება.
6.13. ამდენად, მოპასუხემ მოსარჩელისგან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მიიღო 100 ლარი, საიდანაც დააბრუნა მხოლოდ 20 ლარი, ხოლო 80 ლარი კვლავ ექვემდებარება უკან დაბრუნებას, აღნიშნულით კი ზიანი მიადგა სახელმწიფო ბიუჯეტს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე მ---- ჩ-----ს უნდა დაევალოს უკანონოდ მიღებული ფულადი სოციალური დახმარების 80 ლარის ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ .
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე. შესაბამისად, მ---- ჩ----- უნდა გათავისუფლდეს სასამართლო ხარჯების გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე _ მ---- ჩ-----ს (პ.ნ 1----------) დაევალოს უკანონოდ მიღებული ფულადი სოციალური დახმარების 80 ლარის ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3. მხარეები განთავისუფლებულნი არისნ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.ქუთაისი, ნიპორტის ქ. №32) ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. ზესტაფონი წერეთლის ქუჩა №7).
მოსამართლე შოთა ნიკურაძე