განაჩენი

სისხლის სამართლის 14.11.2019
საქმის ნომერი
190100119002914129
თარიღი
14.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1-228-19

(№012230219008)

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

4 ნოემბერი 2019 წელი ქ.რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე მადონა მაისურაძე

სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე

 

პროკურორი: ანა ადეიშვილი,დაცვის მხარე:

 

ბრალდებული: ვ------–----------ი, დაბადებული 1----–-–---------–--ს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არ მქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული მისამართზე: ქ---------------------------–----------------, ფაქტობრივად მცხოვრები - ქ------------------------------------ში.

 

ადვოკატი: ნიკა გუჯაბიძე,თარჯიმანი: ეკატერინე ჩუბინიძე,კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სსკ-ის 111 120-ე მუხლის პირველი ნაწილი - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ;

 

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 23 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ.რუსთავში, კ-----------–---------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვ------–----------მა თავის დას, ს-----–-------------–---–ს, მარჯვენა მტევნის მეხუთე თითზე დანით მიაყენა ღია ჭრილობა, რამაც ს-----–-------------–---–ს ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება გამოიწვია.

 

ასევე, 2019 წლის 23 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ.რუსთავში, კ-----------–---------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვ------–----------ი მოკვლით - ყელის გამოჭრით დაემუქრა თავის დას, ს-----–--------------–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სასამართლოს დასკვნა, ვ------–----------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების: ს-----–-------------–---–ის, ზ--------–--–---–ის და ლ-–-----------–---–ის გამოკითხვის ოქმებს, ს-----–-------------–---–ის სამედიცინო დოკუმენტაციას, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი ქმედება და უდავოდ მიიჩნია საქმეში არსებული ყველა მტკიცებულებები, გარდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დაზარალებულის და მოწმე ლ-–-----------–---–ის ჩვენებისა. შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა და მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia).

 

დაზარალებულმა ს-----–-------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ბრალდებული მისი ძმაა, ხშირად სვამს ალკოჰოლურ სასმელს და ხდება აგრესიული. შემთხვევის დღეს საღამოს სახლში ნასვამ მდგომარეობაში დაბრუნდა და გაღიზიანებული იყო რადგან არ მიულოცეს 23 თებერვალი. იგი იგინებოდა, ჩხუბობდა, შემდეგ ვიაჩესლავმა ნივთების სროლა დაიწყო მაგიდიდან. მან მოუწოდა ძმას დაწყნარებულიყო, რაზეც იგი უფრო გაბრაზდა და დანას იქნევდა, ემუქრებოდა ყელს გამოგჭრიო. მას ძალიან შეეშინდა, დაიბნა და ხელი აიფარა ყელთან, ამ დროსაც დანა მოხვდა ხელში. შეამჩნია, რომ სისხლი მოდიოდა. შეშინებული ოთახში შევიდა და იქ იმალებოდა. დაურეკა თავის შვილს. თავს ცუდად გრძნობდა და ამის შემდეგ არ ახსოვს დეტალურად რა მოხდა. მსგავსი შემთხვევა ოჯახში ადრეც ჰქონიათ.

 

მოწმე ლ-–-----------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ სახლში სადაც მოხდა შემთხვევა, დაქირავებული აქვთ და ცხოვრობენ დედა, ბიძა და მისი მეუღლე. როდესაც დედას და ბიძას შორის კონფლიქტი მოხდა, სახლში არ იმყოფებოდა. მას დედამ დაურეკა და მისვლა სთხოვა. სახლში მისულმა ნახა, რომ სამზარეულო არეული იყო. დამტვრეული იყო საყოფაცხოვრებო ნივთები, ხოლო მაგიდა ამოყირავებული. დედამისი ოთახში იყო ჩაკეტილი. მან გამოძახა სასწრაფო და საპატრულო პოლიცია. როგორც დედისგან გაიგო, მას ჭრილობა ვიაჩესლავმა დანით მიაყენა.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის საჭიროა დადგინდეს, რომ პირმა სხვა ადამიანის ზემოქმედებით მიიღო ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულის ამსრულებელს გაცნობიერებული ჰქონდეს თავისი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი და უნდა უხელმძღვანელოს მას.

 

მოცემულ შემთხვევაში, 2019 წლის 20 სექტემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით: ს-----–-------------–---–ს 23.02.19 წელს დაესვა დიაგნოზი: მარჯვენა მტევნის ნაკვეთი ჭრილობა, რაც მიყენებულია რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის (მათ შორის) 120-ე მუხლით 151-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

იმისათვის, რომ ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, უნდა დადგინდეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ჰქონდა თუ არა დამნაშავის მხრიდან ადგილი სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას და გაუჩნდა თუ არა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, იმას ვისაც ემუქრებიან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის სიცოცხლე ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია როგორც სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული, ისე სიცოცხლისათვის საფრთხის შემქმნელი ქმედებები. სწორედ ასეთი ხასიათის დანაშაულია მუქარა. ქმედების მუქარით დაკვალიფიცირებისთვის საქმის გარემოებები უნდა შეფასდეს ერთობლიობაში, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს როგორც მუქარის განხორციელების ელემენტები, გამოყენებული საშუალება, ისე დამოკიდებულება ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის, წარსულში არსებული უთანხმოება და კონფლიქტის მიზეზი, საბოლოოდ უნდა შეფასდეს, იმ კონკრეტულ მომენტში გამოხატული აგრესიული მოქმედება, გამოიწვევდა თუ არა საფუძვლიან შიშს.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულ ვ------–----------ის საქართველოს სსკ-ის 111120-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ვ------–----------ის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო ისეთი ხასიათის დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ჩადენილი ქმედების ფარგლებს - არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

მითითებული ნორმის განმარტების შესაბამისად, სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის დანიშვნა უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას და თავის მხრივ სასჯელს აქვს როგორც ზოგადი ისე კერძო პრევენციის მიზანი. სასჯელის ზოგადი მიზანი მიმართულია საზოგადოებისკენ, მოქალაქეებს მიეწოდებათ ინფორმაცია, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პირი აგებს პასუხს და შესაძლოა სახელმწიფოს რეაქცია იყოს მკაცრიც, ხოლო კერძო პრევენციის მიზანს წარმოადგენს თავად მსჯავრდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, მისავე რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანია ასევე სამართლიანობის აღდგენა, რაც გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რამაც არ უნდა დატოვოს უსამართლობის განცდა დამნაშავისა და საზოგადოების თვალში; სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ბრალდებულმა გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და ამ ქმედებით გამოწვეული შედეგი, ოჯახში ძალადობა ძალადობრივი დანაშაულებიდან ერთ-ერთი მეტად გასაკიცხი ქმედებაა, ოჯახის წევრის მხრიდან შეურაცხყოფა და ფიზიკური ძალადობა უფრო მეტად თრგუნავს დაზარალებულს და უშლის მას ხელს განვითარებაში, იცხოვროს მშვიდ, სტაბილურ გარემოში და არ განეწყოს საზოგადოების მიმართ უნდობლობის გრძნობით. ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ჩადენილი ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ გადადგმული მკვეთრი და მყისიერი რეაგირების თვალსაზრისით. სასამართლოს შეფასებით, ყურადღება უნდა გამახვილდეს ასევე პრევენციული ღონისძიებების აუცილებლობაზე, დანაშაულის ჩადენის სიხშირეზე, უნდა შეფასდეს დამნაშავის სოციალური და ეკონომიური მდგომარეობა, ძალადობის ინტენსივობა და რაც მთავარია პირის დაინტერესება ქცევის გამოსწორების მიმართულებით. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით გატარებულმა ღონისძიებებმა არ უნდა გამოიწვიოს სხვა პირის უფლების დარღვევა - ამ კონკრეტულ შემთხვევაში პირის უფლება განესაზღვროს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ------–----------ს უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 111120-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით დაწესებული თავისუფლების აღკვეთა, თუმცა იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათს, არ არის ნასამართლევი, არ იმხილება სხვა რაიმე კანონდარღვევისთვის, ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, სასამართლოს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი მას უნდა ჩაეთვალოს პირობითად, ხოლო გამოსაცდელი ვადის განმავლობაში უკეთ უნდა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი და გამოწვეული შედეგი. ასევე, სავალდებულო სწავლების კურსის გავლის შემთხვევაში უნდა შეიცვალოს ძალადობრივ ქცევაზე დამოკიდებულება.

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:

 

ვ------–----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს.

 

საქმეზე ამოღებული დანა, უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ვ------–----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111120-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 111120-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად,საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად.

 

საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ვ------–----------ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

 

2. ვ------–----------ს სასჯელის მოხდის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს მოცემულ საქმეზე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2019 წლის 23 თებერვლიდან 2019 წლის 12 ივნისის ჩათვლით.

 

3. ვ------–----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

4. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, საქმეზე ამოღებული დანა, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით. (ინახება შსს რუსთვის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილებაში).

 

5. ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

7. ვ------–----------ს, საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაევალოს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა, რომლის უზრუნველყოფა დაევალოს პრობაციის ბიუროს.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ.მაისურაძე