გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020210119002882593 (2/270-19)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
02.10.2019 წ. ქ. ზუგდიდი
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ირაკლი აბშილავა
სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია
მოსარჩელე სს ,,ლი-------------"
წარმომადგენელი ლე-–---------–--ლი
მოპასუხე კა---------–---–--
წარმომადგენელი გო---------ა
მოპასუხე ნუ--------------ა
დავის საგანი: კრედიტის დაფარვა, თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
კა---------–---–--ს და ნუ--------------ას სს ,,ლი-------------ს" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 8629,84 ლარი (საიდანაც სესხის ძირია 4784,81 ლარი, პროცენტი 2250,03 ლარი, შემცირებული ჯარიმა 1595 ლარი).
ნუ--------------ას პასუხისმგებლობა შემოიფარგლოს 12095,458 ლარით.
2. მოპასუხის პოზიცია
კა---------–---–-- არ ცნობს სარჩელს. აღიარებს ძირითად დავალიანებას 4784,81 ლარის ოდენობით, პროცენტს 700 ლარს და ჯარიმის 10 %-ს.
ნუკრი კვარაცხელია სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სს ,,ლი------------სა" და კა---------–---–--ს შორის 09.12.2013 წ დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა კრედიტი 9000 ლარის ოდენობით.
წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 15,5 %-ით, კრედიტის ვადა 48 თვე.
კრედიტის დაბრუნება უნდა განხორციელებულიყო შეთანხმებული გრაფიკით დადგენილი წესით და ოდენობით (ყოველთვიური შენატანი 252,76 ლარი) .
გრაფიკის ყოველი დარღვევისთვის გათვალისწინებულია პირგასამტეხლო 10 ლარი, ვადაგადაცილებული თანხის 0,5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი
- მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 09.12.2013 წ
3.2. კა---------–---–--ს კრედიტის უზრუნველსაყოფად თავდებობის ხელშეკრულება დაიდო ნუ--------------ასთან.
მან იკისრა ვალდებულება სოლიდარულად და სრულად დაფაროს მსესხებლის დავალიანება.
თავდების მაქსიმალური პასუხისმგებლობა განისაზღვრა 12095,458 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი
- მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 09.12.2013 წ
-თავდებობის ხელშეკრულებები 09.12.2013 წ
3.3. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება დაირღვა 05.04.2016 წ და გადახდა არ ხორციელდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი
- მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
-ამონაწერი მსესხებლის ანგარიშიდან (გადახდების ისტორია)
3.4. 12.10.2018 წ მდგომარეობით მოპასუხეთა სოლიდარულმა დავალიანებამ შეადგინა 24116,52 ლარი, მათ შორის სესხის ძირი - 4784,81 ლარი, პროცენტი 2250,03 ლარი, ჯარიმა 17081,68 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი
- მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
-ცნობა დავალიანების შესახებ
-ამონაწერი მსესხებლის ანგარიშიდან (გადახდების ისტორია)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე, 131-ე, 208-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 401-ე, 403-ე, 411-ე, 417-ე, 418-ე, 463-ე, 464-ე, 623-ე, 867, 868-ე, 873-ე, 891-ე, 895-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოვალისაგან შესრულების მოთხოვნის უფლება კრედიტორს გააჩნია ვალდებულების ძალით, ხოლო 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კი, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველი არის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილია საბანკო კრედიტის და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებათა საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში სესხის ძირითადი თანხის ნაწილში მოპასუხემ ცნო სარჩელი, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
ბანკსა და მსესხებელს შორის პროცენტის განაკვეთი შეთანხმებულია. მის გაანგარიშებასთან დაკავშირებით წარმოდგენილია დასაბუთებული პრეტენზია, რასაც სასამართლოც იზიარებს და მოსარჩელეს პროცენტის გადახდას აკისრებს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში. საქმეში წარმოდგენილი ინფორმაციით ამ თანხამ შეადგინა 762,18 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე-103-ე მუხლის დანაწესებით მხარეები ინაწილებენ მტკიცების ტვირთს და თვითონ წარუდგენენ მტკიცებულებებს სასამართლოს. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
განსახილველ შემთხვევაში, მსესხებელთა მიმართ არსებობს ეს პირობები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ კრედიტის დაფარვის ვადის გადაცილება გამოწვეულია მოპასუხეთა და არა მოსარჩელის ბრალით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე და 418–ე მუხლების დანაწესებით, მოპასუხეებს აქვთ ასევე დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. გარდა ამისა, 411–ე მუხლის მიხედვით ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც ის მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ დაკარგა ის პროცენტი, რომელიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დამთავრებამდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე-464-ე მუხლებით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლი 895-ე მუხლით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
განსახილველ შემთხვევაში, თავდებობის ხელშეკრულებით მოპასუხეები სოლიდარულ მოვალეებს წარმოადგენენ, რის გამოც მათ სოლიდარულად უნდა აგონ პასუხი მსესხებლის მიერ ნაკისრ და შეუსრულებელ ვალდებულებაზე.
პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მოცემულ ვითარებაში, მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს, რომლის შეუსაბამოდ მიჩნევისათვის აუცილებელია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარკვეული გარემოებების ერთობლიობაში შეფასება. კერძოდ, როდის დაიდო ხელშეკრულება, რამდენია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა, რა პერიოდია გასული ხელშეკრულების დადებისა და მისი მოპასუხის მიერ დარღვევის შემდეგ, სცილდება თუ არა პირგასამტეხლო ძირითადი თანხის ოდენობას, რომელი პერიოდის მდგომარეობითაა მოთხოვნილი პირგასამტეხლო, მხედველობაშია მისაღები დავის საგნის მთლიანი მოცულობა და ა.შ.
პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. იგი ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, მოცემულ შემთხვევაში ასეთი შემცირება თვითონ მოსარჩელეს აქვს განხორციელებული და შესაბამისი თანხა 1595 ლარი, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილით თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ამ დანაწესების გათვალისწინებით სარჩელზე მთლიანად გადახდილი 308,90 ლარიდან 50 ლარი დარჩება სახ. ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე 208,90 ლარი მოსარჩელეს დაუბრუნდება სახ. ბიუჯეტიდან, ხოლო სარჩელის უძრუნველყოფაზე გადახდილი 50 ლარი და აკრძალვის რეგისტრაციის ბაჟი 80 ლარი მოპასუხეებს დაეკისრებათ მოსარჩელის სასარგებლოდ.
8. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 07.03.2019 წ განჩინებით სარჩელის ფასის 8629.84 ლარის ფარგლებში ყადაღა დაედო კა---------–---–--ს (პ/ნ 19001085377) და ნუ--------------ას (პ/ნ 19001078958), საბანკო ანგარიშებს საქართველოში რეგისტრირებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში, ყოველთვიურად საარსებო მინიმუმის (175 ლარის) გატანის შესაძლებლობის მიცემით. აღნიშნული აკრძალვა არ ვრცელდება სს ,,ლი-------------ს" სასარგებლოდ გაცემულ საგადახდო დავალებებზე.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1.სს ,,ლი-------------ს" სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. კა---------–---–--ს და ნუ--------------ას სს ,,ლი-------------ს" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სესხის ძირი 4784,81 ლარი, პროცენტი 762,18 ლარი, შემცირებული ჯარიმა 1595 ლარი.
3. მოსარჩელეს სახ. ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის (სს ,,ლი-------------" საგადახდო დავალება 5153372432, თარიღი 05.03.2018, მიმღების ბანკი სახ. ხაზინა, სახაზინო კოდი 300823150, თანხა 258,90) ნაწილი 208,90 ლარის ოდენობით.
4. კა---------–---–--ს და ნუ--------------ას სს ,,ლი-------------ს" სასარგებლოდ დაეკისროთ სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახ. ბაჟი 50 ლარიაკრძალვის რეგისტრაციის საფასური 80 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირაკლი აბშილავა