გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.10.2019
საქმის ნომერი
330210019002985074
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
23.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/10138-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაკა ჭედია

სხდომის მდივანი კახა კომლაძე

მოსარჩელე მა-–------------–---–-

წარმომადგენელი და------------------, ლე---------–---

მოპასუხე შპს „G--------“

წარმომადგენელი ნუ----------–-

დავის საგანი ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე

ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი

1.სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხე შპს „G--------“-ისათვის მოსარჩელე მა-–------------–---–-ს სასარგებლოდ 10 214.1 ლარის გადახდის დაკისრება.

 

მოსარჩელემ მოპასუხე შპს „G--------“-ს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2017 წლის 30 იანვრიდან - 2018 წლის 25 სექტემბრამდე პერიოდში მიაწოდა 19 694.58 ლარის ღირებულების საქონელი. კერძოდ, 2017 წლის 30 იანვარს -4412.7 ლარის ღირებულების საქონელი. 2017 წლის 1 თებერვალს - 936.6 ლარის საქონელი. 2017 წლის 03 თებერვალს - 520.8 ლარის ღირებულების საქონელი. 2017 წლის 13 თებერვალს - 1488.6 ლარის საქონელი. 2017 წლის 21 ივნისს - 2635.2 ლარის საქონელი. 2017 წლის 29 ივნისს - 3339 ლარის საქონელი. 2017 წლის 08 ივლისს - 300 ლარის საქონელი. 2017 წლის 12 ივლისს - 300 ლარის საქონელი. 2017 წლის 24 ივლისს - 210 ლარის საქონელი. 2017 წლის 28 ივლისს - 176.4 ლარის საქონელი. 2017 წლის 22 აგვისტოს - 1594.8 ლარის საქონელი. 2018 წლის 20 თებერვალს - 762 ლარის საქონელი. 2018 წლის 24 აგვისტოს - 1144.2 ლარის საქონელი. 2018 წლის 21 სექტემბერს - 1171.68 ლარის საქონელი. 2018 წლის 25 სექტემბერს - 702.6 ლარის საქონელი.

 

მიწოდებული საქონლის ღირებულებიდან მოპასუხემ გადაიხადა თანხის ნაწილი და დარჩენილი გადაუხდელი დავალიანება შეადგენს 10 214.10 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხის წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა. მან სადავოდ გახადა საქონლის მიწოდებისა და შესაბამისად დავალიანების არსებობის ფაქტი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეებს შორის 2017 წლის 30 იანვრიდან - 2018 წლის 25 სექტემბრამდე პერიოდში დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომელთა შესაბამისად, მოპასუხემ მოსარჩელისაგან შეიძინა ჯამში, 19 694.58 ლარის ღირებულების საქონელი, საიდანაც შპს „G--------“-ს გადასახდელად დარჩენილი აქვს 10 214.10 ლარი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

მტკიცების ტვირთზე მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.

 

მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

 

მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).

 

მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლის შეფასების საგანია.

 

ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის).

 

მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. იმავდროულად, ახსნა-განმარტება უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით [სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი].

 

მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისთვის სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშფაქტურის სამართლებრივ ბუნებაზე.

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანების 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის მიწოდებისას გამოყენებულ უნდა იქნეს სასაქონლო ზედნადები, გარდა სპეციალური დღგ-ს ანგარიშფაქტურის და ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურის მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა.

 

ამავე ბრძანების 25-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასაქონლო ზედნადები არის NII-01 დანართის შესაბამისად დადგენილი ფორმის დოკუმენტი. ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, ზედნადების შევსების თარიღი ემთხვევა საქონლის მიწოდების ან ტვირთის გაგზავნის თარიღს. ზედნადების პირველ ნაწილში აისახება ინფორმაცია გამყიდველისა და მყიდველის, გადამზიდველის ან/და დისტრიბუტორის რეკვიზიტის შესახებ.

 

ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ სასაქონლო ზედნადები წარმოადგენს აღრიცხვის დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება ქვეყნის შიგნით საქონლის მიწოდების ფაქტი და რომლის გარეშე აკრძალულია საქონლის ტრანსპორტირება, შენახვა და რეალიზაცია.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით,საგადასახადო ანგარიშფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა, რომლის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ამავე მუხლის 11 ნაწილის მიხედვით საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ შემთხვევებში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა შეიძლება გამოიწეროს და წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით (ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა), რომელიც არ არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი უფლებამოსილია ანგარიშ-ფაქტურა გამოწეროს და მიწოდებულ/მისაწოდებელი საქონლის ან გაწეული/გასაწევი მომსახურების მიმღებს წარუდგინოს მხოლოდ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია (გარდა საქონლის/მომსახურების გაცვლის(ბარტერული) ოპერაციის შემთხვევისა, როდესაც თითოეული ოპერაცია იბეგრება დღგ-ით) საქონლის/მომსახურების მიღების მოთხოვნისას მოთხოვნიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა გამოწეროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და წარუდგინოს იგი საქონლის/მომსახურების მიმღებს ამ მუხლის მე-2 ნაწილის პირობების დაცვით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სერვისი მოიცავს საქონლის და მომსახურების მიწოდების რთულ პროცესების ერთობლიობას, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ლოგიკური ჯაჭვით. აღნიშნულ პროცესებში მონაწილეობას იღებს, როგორც სასაქონლო ზედნადების, საგადასახადო ანგარიშ/ფაქტურის გამომწერი (გამყიდველი), ასევე მიმღები (მყიდველი) და შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი. ანგარიშ-ფაქტურის მყიდველის მიერ დადასტურებისას, უტყუარად ივარაუდება, რომ მან მიწოდებული საქონელი შეიძინა, მომსახურება მიიღო, ვინაიდან ანგარიშ-ფაქტურა იგზავნება უშუალოდ მყიდველთან და მის დადასტურებაზე ხელი არ მიუწვდება სხვა მესამე პირს. ანგარიშფაქტურის გამოწერისა და დადასტურებისას, მხარეები განსაზღვრავენ საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს. აღიარებენ საქონლის მიწოდებას/მომსახურებას და მის მიღებას.

 

მოსარჩელემ მოთხოვნის საფუძვლად წარმოადგინა სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომელთა თანახმად, დგინდება, რომ 2017 წლის 30 იანვარს მოსარჩელემ მოპასუხე შპს „G--------“-ს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მიაწოდა 4412.7 ლარის ღირებულების საქონელი. (სასაქონლო ზედნადები ელ -----------). აღნიშნული სასაქონლო ზედნადების საფუძველზე, გამოწერილია საგადასახადო ანგარიშფაქტურა ეა-3---------, რომელიც 2017 წლის 07 თებერვალს დადასტურებულია მყიდველის მიერ.

 

2017 წლის 1 თებერვალს - 936.6 ლარის საქონელი. (სასაქონლო ზედნადები ელ -0---------). ამ სასაქონლო ზედნადების საფუძველზე, გამოწერილია საგადასახადო ანგარიშფაქტურა ეა-3---------, რომელიც მყიდველმა დაადასტურა 2017 წლის 14 მარტს.

 

2017 წლის 03 თებერვალს - 520.8 ლარის ღირებულების საქონელი. (სასაქონლო ზედნადები ელ-0---------). ამ სასაქონლო ზედნადების საფუძველზე, გამოწერილია საგადასახადო ანგარიშფაქტურა ეა-3----------, რომელიც მყიდველმა დაადასტურა 2017 წლის 14 მარტს.

 

2017 წლის 13 თებერვალს - 1488.6 ლარის საქონელი. (სასაქონლო ზედნადები ელ - 0---------). ამ სასაქონლო ზედნადების საფუძველზე, გამოწერილია საგადასახადო ანგარიშფაქტურა ეა-3----------, რომელიც მყიდველმა დაადასტურა 2017 წლის 14 მარტს.

 

2017 წლის 21 ივნისს - 2635.2 ლარის საქონელი. (ელ-0---------). ამ სასაქონლო ზედნადების საფუძველზე, გამოწერილია საგადასახადო ანგარიშფაქტურა ეა-3----------, რომელიც მყიდველმა დაადასტურა 2017 წლის 03 ივლისს.

 

2017 წლის 29 ივნისს - 3339 ლარის საქონელი. (სასაქონლო ზედნადები ელ-0---------). ამ სასაქონლო ზედნადების საფუძველზე, გამოწერილია საგადასახადო ანგარიშფაქტურა ეა-3----------, რომელიც მყიდველმა დაადასტურა 2017 წლის 03 ივლისს.

 

2017 წლის 08 ივლისს - 300 ლარის საქონელი. (სასაქონლო ზედნადები ელ-0---------). ამ სასაქონლო ზედნადების საფუძველზე, გამოწერილია საგადასახადო ანგარიშფაქტურა ეა-3----------- რომელიც მყიდველმა დაადასტურა 2017 წლის 11 აგვისტოს.

 

2017 წლის 12 ივლისს - 300 ლარის საქონელი. (სასაქონლო ზედნადები ელ-0---------).

ამ საქონლის მიწოდების თაობაზე, გამოწერილია საგადასახადო ანგარიშფაქტურა ეა-3----------, რომელიც მყიდველმა დაადასტურა 2017 წლის 11 აგვისტოს.

 

2017 წლის 24 ივლისს - 210 ლარის საქონელი. (სასაქონლო ზედნადები ელ-0---------).

ამ სასაქონლო ზედნადების საფუძველზე, გამოწერილია საგადასახადო ანგარიშფაქტურა ეა-3----------, რომელიც მყიდველმა დაადასტურა 2017 წლის 11 აგვისტოს.

 

2017 წლის 28 ივლისს - 176.4 ლარის საქონელი. (სასაქონლო ზედნადები ელ-0---------). ამ სასაქონლო ზედნადების საფუძველზე, გამოწერილია საგადასახადო ანგარიშფაქტურა ეა-3----------, რომელიც მყიდველმა დაადასტურა 2017 წლის 11 აგვისტოს.

2017 წლის 22 აგვისტოს - 1594.8 ლარის საქონელი. (სასაქონლო ზედნადები ელ-0---------). ამ სასაქონლო ზედნადების საფუძველზე, გამოწერილია საგადასახადო ანგარიშფაქტურა ეა-3----------, რომელიც მყიდველმა დაადასტურა 2017 წლის 13 სექტემბერს.

 

2018 წლის 20 თებერვალს - 762 ლარის საქონელი. (სასაქონლო ზედნადები ელ-0---------). ამ სასაქონლო ზედნადების საფუძველზე, გამოწერილია საგადასახადო ანგარიშფაქტურა ეა-3----------, რომელიც მყიდველმა დაადასტურა 2018 წლის 08 მარტს.

 

2018 წლის 24 აგვისტოს - 1144.2 ლარის საქონელი. (სასაქონლო ზედნადები ელ-0---------). ამ სასაქონლო ზედნადების საფუძველზე, გამოწერილია საგადასახადო ანგარიშფაქტურა ეა------------, რომელიც მყიდველმა დაადასტურა 2018 წლის 11 სექტემბერს.

 

2018 წლის 21 სექტემბერს - 1171.68 ლარის საქონელი. (სასაქონლო ზედნადები ელ-0---------). ამ სასაქონლო ზედნადების საფუძველზე, გამოწერილია საგადასახადო ანგარიშფაქტურა ეა------------- რომელიც მყიდველმა დაადასტურა 2018 წლის 05 ოქტომბერს.

 

2018 წლის 25 სექტემბერს - 702.6 ლარის საქონელი. (სასაქონლო ზედნადები ელ-0---------). ამ სასაქონლო ზედნადების საფუძველზე, გამოწერილია საგადასახადო ანგარიშფაქტურა ეა-3----------, რომელიც მყიდველმა დაადასტურა 2018 წლის 05 ოქტომბერს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების არსებითი პირობებზე (საქონლის რაოდენობა, მისი სახეობა, ღირებულება) შეთანხმება მომხდარია სწორედ იმ დოკუმენტის საშუალებით რომლის დადასტურების შესაძლებლობა გააჩნდა მხოლოდ მყიდველს და შესაბამისად, ხელშეკრულების დადება, მის პირობებზე შეთანხმება დასტურდება კონკრეტული მტკიცებულებებით და დგინდება მყიდველისათვის შეთანხმებული ოდენობისა და ღირებულების საქონლის გადაცემა.

 

ამდენად, საქმეში წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებებითა და საგადასახადო ანგარიშფაქტურებით, დასტურდება, რომ მოპასუხემ მოსარჩელისაგან 2017 წლის 30 იანვრიდან - 2018 წლის 25 სექტემბრამდე, შეიძინა ჯამში, 19 694.58 ლარის ღირებულების საქონელი. (რაგბის ბურთი, კალათბურთის ბურთი, ფეხბურთის ბურთი, მოკრივის ხელთათმანები, სპინერი). მა-–------------–---–-ს მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა აღნიშნული საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებით, დადასტურებულია შპს „G--------“-ს მიერ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული, სასამართლოს აძლევს იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ მოპასუხის მიერ ანგარიშფაქტურის დადასტურება გულისხმობს, რომ მოპასუხემ მიიღო 19 694.58 ლარის ღირებულების საქონელი.

 

მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე დავალიანების არარსებობის დასადასტურებლად აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ მას არ შეუძენია მოსარჩელისაგან საქონელი, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია აღნიშნოს, რომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის პირობებში, რადგან საქმე ეხება ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულებას, რომლის განხორციელების შემდეგაც წყდება ვალდებულებითი ურთიერთობა (სკ მ. 427), სადავოობის შემთხვევაში ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებდა თანხის გადახდის ფაქტზე, მაგალითად, როგორიცაა თანხის გადარიცხვის ამსახველი დოკუმენტი ან სხვა. აღნიშნული გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან, რომლის მიხედვითაც, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილ ურთიერთობათა დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას. ამ მტკიცებულების წარდგენის ვალდებულება კი ცალსახად მოვალეს ეკისრება.

 

მოპასუხეს, არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, სადავო დავალიანების გადახდის ფაქტს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ მოპასუხე შპს „G--------“-ს ჯეროვნად არა აქვს შესრულებული ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ვალდებულება, რის გამოც მას უნდა დაეკისროს 10 214.10 ლარის გადახდა.

 

5. კანონები , რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 477-ე, 327-ე, 365-ე, 361-ე, მე-400, 427-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალიწინებული სხვა საფუძვლიდან. სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი. ხოლო, სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმა-პრინციპის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობები ყოველთვის გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ამგვარი ურთიერთობის მონაწილეთათვის არსებით მნიშვნელობას იძენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დროული და ჯეროვანი შესრულება. ვალდებულების დარღვევად მიიჩნევა ის მდგომარეობა, როდესაც კრედიტორი ვალდებულების შესრულებას დროის მკაცრად განსაზღვრულ მონაკვეთს უკავშირებს, ხოლო მოვალე ვალდებულებას ვადაში არ ასრულებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

ამავე კოდექსის 327-ე მუხლის მეორე ნაწილით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლის მიხედვით, თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოიშვა ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობა, მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე (საქონლის რაოდენობა, მისი სახეობა და ღირებულება).

 

დადგენილია, რომ გამყიდველმა შეასრულა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები. ბოლოს მყიდველს საქონელი მიაწოდა 2018 წლის 25 სექტემბერს. მოპასუხეს არ გადაუხდია მოსარჩელის მიერ მიწოდებული საქონლის ღირებულება 10 214.10 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელე მა-–------------–---–-ს წინაშე ვალდებულება არა აქვს შესრულებული ჯეროვნად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს შპს „G--------“ -ს ნასყიდობის ხელშეკრულებებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება არა აქვს შესრულებული ჯეროვნად, კერძოდ მას გადასახდელი აქვს დავალიანება 10 214.10 ლარი და მას უნდა დაეკისროს აღნიშნული თანხის გადახდა კრედიტორის სასარგებლოდ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. დასახელებული ნორმის მესამე ნაწილის მიხედვით კი, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ამ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა, რის გამოც მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1180 ლარის ოდენობით ანაზღაურების ვალდებულება უნდა დაეკისროს. მასვე უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 408.56 ლარის გადახდა იურიდიული მომსახურების ხარჯის ნაწილის ასანაზღაურებლად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 2591-ე 367-ე, 369-ე მუხლებით

გადაწყვიტა:

 

1. მა-–------------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1. დაეკისროს მოპასუხე შპს „G--------“ მოსარჩელე მა-–------------–---–-ს სასარგებლოდ 10 214.10 ლარის გადახდა.

 

2.დაეკისროს მოპასუხე შპს „G--------“ მოსარჩელე მა-–------------–---–-ს სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 1180 ლარის გადახდა.

 

2.1.დაეკისროს მოპასუხე შპს „G--------“ მოსარჩელე მა-–------------–---–-ს სასარგებლოდ 408.56 ლარის გადახდა იურიდიული მომსახურების ხარჯის ნაწილის ასანაზღაურებლად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაკა ჭედია