განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119003225703
საქმე N 1-993/19წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 ნოემბერი 2019 წელი ქ . ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - მი----–--------–-ძე
დაცვის მხარე
ბრალდებული: მა-–------------ა
მამის სახელი: შა-----
დაბადებული: 1--1--1--- წელი
პირადი ნომერი: 4----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრირებული მისამართზე: ჩხოროწყუს რაიონი, სოფელი ლე-----ე.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის პირველი ნაწილი.
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №0-----------
1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 23 სექტემბერს, დაახლოებით 12:30 საათზე, მა-–------------ა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში მდებარე N445/1 სასაზღვრო ნიშნის რაიონში შეეცადა, საინჟინრო ღობურის გადალახვის გზით, ფეხით, უკანონოდ გადაეკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც დაკავებული იქნა სასაზღვრო განმწესში მყოფი მესაზღვრე პოლიციელების მიერ.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა
2.1. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (2019 წლის 13 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
2.3. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ მა-–------------ა დაკავებული იქნა 2019 წლის 23 სექტემბერს, დაკავების ზუსტი დრო: 12:30სთ; დაკავების ადგილი: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში 445/ა სასაზღვრო ნიშნის რაიონში, სახელმწიფო საზღვართან დაახლოებით 20-25 მეტრში. მიმდებარე ტერიტორია; დაკავება მოხდა იძულებისა და წინააღმდეგობის გაწევის გარეშე; (იხ ოქმი ს.ფ. 8-15)
2.4. სასამართლო მიიჩნევს, რომ ერთმანეთთან შეთანხმებული უდავო მტკიცებულებებით (ოქმი დანაშაულის ჩადენის შესახებ ზეპირი ცნობის მიღების თაობაზე, ბრალდებულის დაკავებისა და ჩხრეკის ოქმი, მოწმეების - გოჩა ლეკაშვილის, მოწმე გოჩა ირემაძის, გოჩა ორდენაძის გამოკითხვის ოქმები, მა-–------------ას მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ გადაკვეთის ინფორმაცია და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციათა ერთობლიობა) დადასტურებულია მა-–------------ას მიერ 2019 წლის 23 სექტემბერს ფეხით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა;
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მა-–------------ამ, მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის პირველი ნაწილით რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებული ადასტურებს და აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასჯელის მიზანი არ არის პირის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება;
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ–ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში;
როგორც ზემოთ აღინიშნა, გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
სასჯელის დანიშვნისას და მისი სახის და მოცულობის განსაზღვრისას ბრალდებულის პიროვნულ მახასიათებლებთან ერთად მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მისი მატერიალური მდგომარეობა. ის აღიარებს და ინანიებს ჩადენილს;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე და ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, მა-–------------ას უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;
ამდენად, მა-–------------ას რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმის სახით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას; ჯარიმის მოცულობის განსაზღვრისას კი მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ზემოთაღნიშნული გარემოებები;
6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა
მოცემულ საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებას წარმოადგენს: მა-–------------ას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული, მისივე სახელზე გაცემული პირადობის N1-------- მოწმობა, რომელიც დალუქული ერთ პაკეტად ინახება საგამოძიებო ორგანოში; საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ის უნდა დაუბრუნდეს მფლობელს;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული მა-–------------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 200 (ორი ათასორასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს ს.ს.კ-ის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად მა-–------------ას პატიმრობაში ყოფნის პერიოდს - 2019 წლის 23 სექტემბრიდან 2019 წლის 27 სექტემბრამდე პერიოდის გათვალისწინებით, შეუმცირდეს ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი 200 (ორასი) ლარით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ მა-–------------ას მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 სექტემბრის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს კო----------ას (პ/ნ 4----------) დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,საქართველოს ბანკის’’ შესაბამის ანგარიშზე შეტანილი ფულადი თანხა 2000 (ორი ათას) ლარი (სალაროს შემოსავლის ორდერი N5/30436), დასტურის №ა 0-----) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში;
ნივთიერ მტკიცებულება - მა-–------------ას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული, მა-–------------ას სახელზე გაცემული პირადობის N1-------- მოწმობა, რომელიც დალუქული ერთ პაკეტად ინახება საგამოძიებო ორგანოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სააღსრულებო ბიუროს, საქართველოს შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო ბიუროს (მთავარი სამმართველო) საგამოძიებო სამმართველოს დასავლეთის საგამოძიებო განყოფილებას.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე