გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1678-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29.10.2019 წ ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე სს მ---------------------ი
წარმომადგენელი გ------- კაკუბავა
მოპასუხეები გ------- ა---–---ი
დავის საგანი: სესხის დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გ------- ა---–---ისათვის 6499,51 ლარის დაკისრება, საიდანაც ძირიტადი თანხაა 2900 ლარი, სარგებელი 1794,51 ლარი. პირგასამტეხლო 1655 ლარი, გირავნობის მოწმობის საფასური 100 ლარი, სააღსრულებო ხარჯი 100 ლარი.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
2017 წლის 3 ივნისს შპს „მ---------------------სა“ (რეორგანიზაციის შემდეგ გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად) და გ------- ა---–---ს შორის დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ მიიღო თანხა 2900 ლარი. სესხი გაიცა 36 თვის ვადით. სესხის სარგებელია თვეში 5%-ის დარიცხვა. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს 1-დან 5 კალენდარული დღით გადაცილებისათვის 12 ლარს, ხოლო მე-6 დღიდან გადაცილებისათვის დღეში 6 ლარს, მაგრამ არაუმეტეს სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიური 150%-ისა. სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომობილი “სუბარუ იმპრეზა” სარეგისტრაციო ნომერი Q--------.
მოპასუხემ დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მას არცერთი თვის ყოველთვიური შენატანი არ გადაუხდია. მოპასუხის და---–---ებაა:
ძირითადი თანხა 2900 ლარი.
სარგებელი - 2017 წლის 3 ივლისის და ყოველი მომდევნო 3 რიცხვისათვის სესხის დარჩენილი ნაწილის 5.3%, რაც შეადგენს ყოველთვიურად 150,80 ლარს. ვადაგაცილების დღიდან სარჩელის აღძვრამდე (03.05.2018წ) გასულია 11 თვე და 27 კალენდარული დღე, რა დროშიც გადაუხდელი სარგებელია 1794,51 ლარი.
პირგასამტეხლო – ყოველ ვაგადაცილებულ დღეზე 5 ლარი, 2017 წლის 3 ივლისიდან 2018 წლის 3 მაისამდე გასულ 331 ვაგადაცილებულ დღეში დარიცხულია 1655 ლარი.
2019 წლის 18 იანვარს მოპასუხეს გაეგზავნა წერილი დავალიანების გადახდის და დაგირავებული ავტომობილის დაბრუნების მოთხოვნით, რაც არ შესრულდა. 2018 წლის 23 მარტს დაგირავებულ ავტომობილზე გაიცა გირავნობის მოწმობა, ხოლო 2018 წლის 25 მარტს კერძო აღმასრულებელთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე დაიწო ავტომობილის ძებნა მისი რეალიზაციის მიზნით. გირავნობის მოწმობის მისაღებად გადახდილია 50 ლარი, ხოლო სააღსრულებო წარმოების ხარჯია 100 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე გ------- ა---–---მა წერილობითი შესაგებელი არ წარმოადგინა და არც სხდომაზე გამოცხადდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 3 ივნისს შპს „ე---------------სა (2018 წლის 25 დეკემბერიდან რეორგანიზაციის შემდეგ გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად) და გ------- ა---–---ს შორის დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ მიიღო თანხა 2900 ლარი. სესხი გაიცა 36 თვის ვადით. სესხის სარგებელია თვეში 5%-ის დარიცხვა. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს 1-დან 5 კალენდარული დღით გადაცილებისათვის 12 ლარს, ხოლო მე-6 დღიდან გადაცილებისათვის დღეში 6 ლარს, მაგრამ არაუმეტეს სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიური 150%-ისა. სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომობილი სუბარუ იმპრეზა სარეგისტრაციო ნომერი Q--------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 18-29. ტომი 1)
-ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ს.ფ. 52-53. ტომი 1)
3.1.2. მოპასუხემ დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მან არცერთი თვის ყოველთვიური შენატანი არ გადაიხადა. მოპასუხის დავალიანებაა:
ძირითადი თანხა 2900 ლარი.
სარგებელი - 2017 წლის 3 ივლისის და ყოველი მომდევნო 3 რიცხვისათვის სესხის დარჩენილი ნაწილის 5.3%, რაც შეადგენს ყოველთვიურად 150,80 ლარს. ვადაგაცილების დღიდან სარჩელის აღძვრამდე (03.05.2018წ) გასულია 11 თვე და 27 კალენდარული დღე, რა დროშიც გადაუხდელი სარგებელია 1794,51 ლარი.
პირგასამტეხლო – ყოველ ვაგადაცილებულ დღეზე 5 ლარი, 2017 წლის 3 ივლისიდან 2018 წლის 3 მაისამდე გასულ 331 ვაგადაცილებულ დღეში დარიცხულია 1655 ლარი.
2019 წლის 18 იანვარს მოპასუხეს გაეგზავნა წერილი დავალიანების გადახდის და დაგირავებული ავტომობილის გადაცემის მოთხოვნით, რაც არ შესრულდა. 2018 წლის 23 მარტს დაგირავებულ ავტომობილზე გაიცა გირავნობის მოწმობა, ხოლო 2018 წლის 25 მარტს სააღსრულებო ბიუროსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე დაიწო ავტომობილის ძებნა მისი რეალიზაციის მიზნით. გირავნობის მოწმობის მისაღებად გადახდილია 50 ლარი, ხოლო სააღსრულებო წარმოებსი ხარჯია 100 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წერილების ასლი (ს.ფ. 30),- გირავნობის მოწმობის ასლი, აღმასრულებლთან დადებული ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 31,36-4. ტომი 1)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მოპასუხეს უნდა დაეკისროს სესხის ხელშეკრულების შესრულება, ხოლო მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625–ე, 361-ე, 316-ე, 417–ე, 418-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 419-ე, 420-ე, 2811-ე მუხლის 1-ლი და მე-6 ნაწილები.
6. სამართლებრივი შეფასება
სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია 2017 წლის 3 ივნისს დადებული სესხის ხელშეკრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
ამავე კოდექსის 625–ე მუხლის თანახმად (2017 წლის 3 ივნისის მდგომარეობით მოქმედი რედაქიცა), 1. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი. 2. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100 პროცენტს, მათ შორის, სესხის ვადის გაგრძელების შემთხვევაში. ამ ნაწილის მიზნებისათვის სესხის ვადის გაგრძელებად მიიჩნევა არსებული სესხის დაფარვის შემდეგ ახალი სესხის გაცემა, თუ არსებული სესხის დაფარვიდან ახალი სესხის გაცემამდე 5 სამუშაო დღე არ გასულა. ამ ნაწილით დადგენილი წესი არ ვრცელდება ამ მუხლის მე-3 ნაწილზე, გარდა იმავე ნაწილით განსაზღვრული შემთხვევებისა. 3. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის (გარდა 1000 ლარამდე სესხისა) ხელშეკრულებაში მითითებული, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი, სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ხარჯების (გარდა სანოტარო წესით იპოთეკის დამოწმებასთან და იპოთეკის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯებისა) ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5-მაგი ოდენობის ერთ მეთორმეტედს, რომელიც ძალაშია ყოველი წლის 1 მარტიდან. ამ ნაწილის შესაბამისად, 1000 ლარამდე უზრუნველყოფილ სესხზე ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა. 4. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული პირობები არ ვრცელდება კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის და კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის მიერ დადებულ სესხის ხელშეკრულებებზე. 5. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სესხის გაცემის შემთხვევაში ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის, სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიურ 150 პროცენტს.
გ------- ა---–---ს და შპს „ე---------------ს“ შორის დადებული სესხის ხელშეკრულება სარგებლიანია, რის გამოც მოპასუხეს მიღებული თანხა უნდა დაებრუნებინა სარგებელთან ერთად ყოველთვიურად გრაფიკით დადგენილ ვადაში კონკრეტული თანხის გადახდით. ეს ვალდებულება მოპასუხემ არ შეასრულა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. გ------- ა---–---ს სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ეკისრება ძირითადი თანხის 2900 ლარის და ვალდებულების დარღვევიდან სარჩელის აღძვრამდე პერიოდის სარგებლის 1794,51 ლარის გადახდის ვალდებულება.
სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს გადახდევინება, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროთ ასევე პირგასამტეხლოს გადახდა, ხოლო პირგასმატეხლოს დაკისრების მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.
მხარეთა შეთანხმებით პირგასამტეხლო შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 6 ლარს, ხოლო სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეადგენს ყოველდღიურად 5 ლარს, ჯამურად მოთხოვნილია 1655 ლარი.
წერილობითი ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს ერთდროულად როგორც სესხის დაბრუნება, ისე პირგასამტეხლოს დაკისრება.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო არის შეთანხმება, რომლის საგანია მოვალის მიერ ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებასთან ერთად დამატებითი ფულადი ვალდებულების კისრება, რომლის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა ვალდებულების შეუსრულებლობის შემდეგ. პირგასამტეხლო წარმოადგენს ერთგვარ სანქციას მხარისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. ამასთანავე, იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა, რათა მოვალე ფინანსური სანქციის დაკისრების შიშით აიძულოს ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს შემდეგი საფუძვლების გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის განჩინება საქმე №ას-318-301-2017), პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევა სასამართლო კონტროლის სფეროში ექცევა, როგორც საჯარო წესრიგის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილისინდისიერების განმაპირობებელი ფაქტორი. საჯარო წესრიგის ცნება სამოქალაქო კოდექსში მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყოს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.
სასამართლო ასევე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, მხარეთა თანასწორობისა და უფლების განხორციელების კეთილსინდისიერების პრინციპების საფუძველზე გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. „სასამართლო შესაგებელი’’ და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახით პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობით დაკისრების მიზანშეწონილობა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 24 ივნისის განჩინება საქმე №ას-501-477-2013).
მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად, რაც პირგასამტეხლოს ნაწილში გონივრულობის და სამართლიანობის პრინციპების დაცვას მოითხოვს.
სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 2900 ლარი, პირგასამტეხლოს ასანაზღაურებლად მოთხოვნილია 1655 ლარი, რაც არის სესხის ძირითადი თანხის ნახევარზე მეტი. სასამართლოს მიაჩნია, რომ ვადის გადაცილების ხანგრძლივი დროის და ვალდებულების შეუსრულებლობის მიუხედავად მოთხოვნილი პირგასამტეხლო არაგონივრულად მაღალია. ყოველდღიურად 5 ლარი არის სესხის ძირითადი თანხის 0,173%, რაც წელიწადში 63,15%-ია.
418-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებია პირგასამტეხლო აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, თუმცა სესხის ხელშეკრულების შემთხვევაში დაცული უნდა იყოს 625-ე მუხლით დადგენილი ზღვრული პროცენტის წესი. სასამართლო აღნიშნავს, რომ ვალდებულების დარღვევის შემდეგ სანქციის ფუნქციასთან ერთად პირგასამტეხლო იძენს ზიანის მინიმალურად ანაზღაურების ფუნქციას. სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის ძირთადი თანხის 2900 ლარის პირობებში ყოველდღიური პირგასამტეხლო 5 ლარი მაღალი თანხაა და იგი უნდა განისაზღვროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1,5 ლარით, რაც 331 ვადაგადაცილებულ დღეში არის 496,5 ლარი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის საერთო ოდენობის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს ეს ოდენობა არის გონივრული თანხა, რადგან ამ ოდენობით თანხის დაკისრებით მოვალეს ეკისრება ისეთი სანქცია, რაც მას მეტისმეტად მძიმე ფინანსურ ტვირთს არ აკისრებს და ამასთან უზრუნველყოფს კრედიტორისათვის ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის მინიმალურად ანაზღაურებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს დაგირავებული ავტომობილის რეალიზაციის მიზნით დაწყებული იძულებითი აღსრულების ხარჯების ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2811-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, 1. მოგირავნეს უფლება აქვს, სასამართლოს გარეშე, სააღსრულებო დაწესებულებაში გირავნობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მოითხოვოს დაგირავებული „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების იძულების წესით მის მფლობელობაში გადაცემა. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მოგირავნე, რომელსაც ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მფლობელობაში გადაეცა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალება ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება, ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს მისი რეალიზაცია ან საკუთრებად დარეგისტრირება. ამ მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, მოგირავნისათვის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების იძულების წესით გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები დაეკისრება მოვალეს.
მხარეებს შორის დადებული სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება 2811-ე მუხლის მე-6 ნაწილისგან განსხვავებულ შეთანხმებას არ შეიცავს, რადგან ხელშეკრულების 6.8 პუნქტის მიხედვით, მოგირავნისათვის გირავნობის საგნის იძულებითი წესით გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები ეკისრება მსესხებელს/დამგირავებელს. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 2811-ე მუხლისა და სესხის და გირავნობის ხელშეკრულების მიხედვით, დაგირავებული ავტომობილის რეალიზაციის მიზნით მოსარჩელის მიერ გადახდილი აღსრულების საფასურის, ასევე გირავნობის მოწმობის გაცემისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მოპასუხეს.
ამდენად, მოპასუხის ვალდებულება შეადგენს სესხის ძირითად თანხას 2900 ლარი, სარგებელი 1794,51 ლარი, პირგასამტეხლო 496,5 ლარი, გირავნობის მოწმობის საფასურს 100 ლარს და დაგირავებული ავტომობილის იძულებით გადაცემის მიზნით გადახდილ აღსრულების საფასურს 100 ლარს, რაც ჯამურად შეადგენს 5391,01ლარს.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი გადახდება მოპასუხეს, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებისათვის დაკისრებული თანხა არის სასარჩელო მოთხოვნის 6499,51 ლარის 83%, შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 83%-ის მოსარჩელისათვის გადახდა, რაც შეადგენს 190,48 ლარის 83%-ს 158,09 ლარს.
8. სარჩელის უზრუნველყოფის საკითხი
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე,367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. სს „მ---------------------ი“ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. გ------- ა---–---ს დაეკისროს სს „მ---------------------ისათვის“ 5391,01 ლარის გადახდა;
1.3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს 1108,5 ლარის დაკისრების ნაწილში;
2. გ------- ა---–---ს დაეკისროს სს „მ---------------------ისათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 158,09 ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი