გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.11.2019
საქმის ნომერი
080210018002292478
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
20.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

080210018002292478

საქმე №2/373-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 ნოემბერი, 2019 წ. ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე

სხდომის მდივანი ნათია ხუნწარია

მოსარჩელე - კ---- დ---–----ე

წარმომადგენელი - ნ---- შ------–--ე, ნ----- ჩ-------ი

მოპასუხე- პ------–------ ი------

წარმომადგენელი - კ---- კ-------ე

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

გამოთხოვილ იქნეს პ------–------ ი------ს უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ღვინის 4 ცისტერნა(ავზი).

 

სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელემ 2016 წელს სს ,,წ---–-------სთან’’ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა 4 ცალი ღვინის ცისტერნა 38000 აშშ დოლარად, რომელიც 1 წლის წინ (2017წელს) მიჰყიდა მოპასუხეს იმავე ფასში და ცისტერნების გადაადგილებაც თავად მოახდინა საკუთარი სატრანსპორტო საშუალებით. მომსახურების ღირებულება ცალკე განისაზღვრა 4300 ლარით, რაზეც შედგენილია ხელშეკრულება. მოპასუხეს ერთი თვის ვადაში უნდა გადაეხადა შეთანხმებული ღირებულება, თუმცა მას ვალდებულება არ შეუსრულებია.

ამის გამო მიმართა შსს წყალტუბოს რაიონულ სამმართველოს, თუმცა მხარეთა გამოკითხვით არ დადგინდა დანაშაულის ნიშნები, რის გამოც აღძრა სარჩელი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

ვინაიდან მოსარჩელის კუთვნილი მოძრავი ნივთი იმყოფება მოპასუხის უკანონო მფლობელობაში, კ---- დ---–----ე ითხოვს მათ გამოთხოვას.

 

1.2. მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო 2018 წლის 11 მაისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდა.

 

2018 წლის 23 მაისს პ------–------ ი------მ საჩივრით მომართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მითითებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

 

საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და 2018 წლის 20 ივნისის საოქმო განჩინების საფუძველზე გაუქმდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე პ------–------ ი------მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, არ დაეთანხმა არცერთ ფაქტობრივ გარემოებას და დამატებით მიუთითა, რომ მოსარჩელეს გადაუხადა შეთანხმებულზე მეტი თანხა, რასაც ადასტურებს 2017 წლის 11 ნოემბრის ხელწერილიც.

ანალოგიური აქვს დაფიქსირებული ასევე პოლიციაში მოკვლეულ მასალებშიც.

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ მხარემ დაადასტურა, რომ სადავო ნივთი მის მფლობელობაშია, რადგან ღირებულება გადახდილი აქვს.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ფიზიკურმა პირმა კ---- დ---–----ემ სს ,,წ---–-------’’-დან შეიძინა 4 ცალი ღვინის ცისტერნა (ავზი). 1 ცალი 9500 აშშ დოლარად, სულ 4 ცალი-38000 აშშ დოლარად და ერთი წლის შემდეგ ამავე ფასად მიჰყიდა პ------–------ ი------ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნასყიდობის ხელშეკრულება (ს/ფ 14-17 ),- მხარეთა ახსნა-განმარტებები

 

3.2. ფიზიკურმა პირმა კ---- დ---–----ემ (დამკვეთი) და მ---------ი ს---–-------ემ, დ------ი ხ------ემ, ნ--------- კ-------ემ (შემსრულებლები) დადეს ერთჯერადი მომსახურების ხელშეკრულება და აიღეს ვალდებულება დახმარება გაეწიათ დამკვეთისთვის და უზრუნველეყოთ მოძრავი ავტომობილებით ღვინის ცისტერნების გადაადგილება. მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 4300 ლარით.

ვალდებულება შესრულდა და ცისტერნები ამჟამად იმყოფება მოპასუხე პ------–------ ი------ს მფლობელობაში წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ--------ში.

 

მტკიცებულება:

- ხელშეკრულება (ს/ფ 18-21),-მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.3. საქმეზე წარმოდგენილი ხელწერილის მიხედვით, გ------ი კ--------ემ განაცხადა, რომ პ------–------ ი------დან 2017 წლის 11 ნოემბრის ხელწერილით ნასესხები 3300 ლარი კ---- დ---–----ემ ნამდვილად დაუბრუნა ი------ს 2018 წლის 18 დეკემბერს. მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ხელწერილშიც საუბარია ამ თანხის დაბრუნებაზე.

 

მტკიცებულება:

-ხელწერილი (ს/ფ 105 ),-სარჩელი, მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება

 

3.4. საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოს რაიონული სამმართველოდან გამოთხოვილი მასალებიდან ირკვევა, რომ პ------–------ ი------მ 2017 წლის 14 ივლისს განცხადებით მიმართა შსს წყალტუბოს რაიონულ სამმართველოს და განაცხადა, რომ 5000 დოლარად შეიძინა 50ტონიანი 4 ავზი კ---- დ---–----ისგან სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, მაგრამ როდესაც მიიტანა ისინი თავისთან სოფ. გ--------ში, კ---- დ---–----ემ მას კიდევ მოსთხოვა 15000 აშშ დოლარი, რაზეც მან უთხრა, რომ ასეთი შეთანხმება არ ყოფილა და შეუძლია წაიღოს ავზები და დაუბრუნოს 5000 აშშ დოლარი, რაზეც ვერ შეთანხმდნენ. ანალოგიური აზრია გატარებული გამოკითხვის ოქმებშიც.

 

გამოკითხვის ოქმების მიხედვით, ცისტერნების თანხა გადახდილი არ ყოფილა სრულად. თუმცა რა თანხა უნდა ყოფილიყო გადახდილი, დაუზუსტებელია და მოსარჩელის მიერ მითითებულ თანხას არ ემთხვევა.

 

მტკიცებულება:

-გამოკითხვის ოქმები (ს/ფ- 145-149),3.5. მოწმე გ------ კ--------ის განმარტებით, კ---- დ---–----ეს იცნობს პ------–------ ი------დან. რომლიდანაც მან 2 წლის უკან იყიდა 4 ცალი ცისტერნა. ამჟამად ავზები იმყოფება პ------–------ ი------ს მფლობელობაში, გადაჭრილია და არ იყენებენ. თუმცა უნდა გამოეყენებიათ საბურავების გადასამუშავებლად, რომლიდანაც იღებენ დიზელს და აწვდიან სოფლის მოსახლეობას. იცის, რომ პ------–------მა(პ------) დაურეკა მ-----ის ერთხელ დასახმარებლად, რადგან კ---- ფულს ითხოვდა და არ აპირებდა უფულოდ წასვლას. თუმცა დარწმუნებულია, რომ პ------ ვალს არ შეირჩენდა. ცისტერნების მოტანის თანხა თუ ვინ გადაიხადა, ზუსტად არ იცის.

 

კ---- მოდიოდა ხოლმე ფულის მისაცემად, მისი თანდასწრებითაც მიუცია 500 დოლარი და 500 ლარი, სულ 3300 ლარი მისცა, რაც არ იყო ავზების თანხა. ადასტურებს მისი სახელით შედგენილი ხელწერილის შინაარსსაც.

 

3.6. დადგენილია, რომ პ------–------ ი------ს ავზების(ცისტერნების) ღირებულება მოსარჩელისთვის არ გადაუხდია და ცისტერნები იმყოფება მის მფლობელობაში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, მტკიცების ტვირთი აკისრია მხარეებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მოპასუხე მხარის განმარტება, რომ მან შეიძინა სადავო ცისტერნები და გადაიხადა კიდეც მისი ღირებულება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება (ხელშეკრულება, გადახდის ქვითარი, ხელწერილი) მოპასუხეს არ წარმოუდგენია. მას ასევე არ აღუძრავს შეგებებული სარჩელი შესაბამისი მოთხოვნით.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა მხარეთა მოსაზრებებს, მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 147-ე-148-ე, 168-ე, 178-ე, 170-172-ე, 477-ე 186-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 147- ე მუხლის თანახმად, ქონება ამ კოდექსის მიხედვით, არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის ფლობა, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს. 148-ე მუხლის შესაბამისად ნივთი შეიძლება იყოს მოძრავი ან უძრავი.

 

მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ნივთი მოძრავი ნივთია.

 

ამავე კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ კ---- დ---–----ემ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა 4 ცალი ცისტერნა (ავზი) სს ,,წ---–-------’’-სთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე 38000 აშშ დოლარად და ისინი იმყოფებოდა მის მფლობელობაში. ეს ფაქტი კი მოძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემას ადასტურებს.

 

დადგენილია, რომ სადავო ცისტერნები მოსარჩელის მიერ იქნა ტრანსპორტირებული მოპასუხესთან წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ--------ში და ამჟამადაც იმყოფება მოპასუხის მფლობელობაში. პ------–------ ი------ს შეთანხმებული თანხა (ცისტერნების ღირებულება) არ გადაუხდია კ---- დ---–----ისთვის.

 

6.2. სსკ-ის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე.

 

საქართველოს საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ (სუსგ ას-262-253-2012, 25.06.12წ.).

 

იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ცისტერნების მესაკუთრედ, სსკ-ის 158-ე მუხლის საფუძველზე, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე არ ივარაუდება. ნივთის მესაკუთრეს წარმოადგენს მოსარჩელე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხდვით - მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

დადგენილია, რომ სადავო ნივთი 2018 წლის დასაწყისიდან აღარ იმყოფება მესაკუთრის მფლობელობაში და ივარაუდება, რომ იგი ამ პერიოდიდან იმყოფება მოპასუხესთან.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით უტყუარად დგინდება, რომ სადავო მოძრავი ნივთი შეძენილია მოსარჩელის მიერ, წარმოადგენს მის საკუთრებას და კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფება მოპასუხესთან, ვინაიდან მას ნასყიდობის თანხა არ გადაუხდია და მოსარჩელეს აქვს უფლება გამოითხოვოს იგი უკანონო მფლობელობიდან.

 

6.4. ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არსებობს სსკ-ის 170-172-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა: (ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება), რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 120 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფისთვის გადახდილი 50 ლარის, საადვოკატო მომსახურების - 160-160 ლარის ანაზღაურება.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის განჩინების საფუძველზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხე პ------–------ ი------ს მფლობელობაში არსებულ სადავო ქონებას, ღვინის 4 ცისტერნას(ავზი) - უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან სარჩელი დაკმაყოფილდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 208-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. კ---- დ---–----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. გამოთხოვილ იქნეს პ------–------ ი------ს მფლობელობიდან მოსარჩელე კ---- დ---–----ის კუთვნილი ღვინის 4 ერთეული ცისტერნა (ავზი);

 

3. მოპასუხე - პ------–------ ი------ს კ---- დ---–----ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ სარჩელის აღძვრისათვის გადახდილი 120 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50 ლარის, ასევე წარმომადგენლების მომსახურებისათვის გაწეული 160-160 ლარის ანაზღაურება;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მანანა ნიკაჭაძე

მოსამართლე