განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/5351-17
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
1 ოქტომბერი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
გიორგი გარაშვილის მდივნობით
პროკურორ – მ--------–-----ის
სტაჟიორ-პროკურორ - ა----------ის
ბრალდებულ _ კ------- ხ-------–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
_ კ------- გ-------- ძე ხ-------–ის, დაბადებულის 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №------------- ნასამართლობის მქონის (დანაშაულის ჩადენის დროისათვის), უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების რეგისტრაციის მიხედვით: ქა----–--------------------–------–---ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ----–----–--------------–-------------ში, ამჟამად აღკვეთის ღონისძიების გარეშე მყოფის მიმართ, იმ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ------- ხ-------–მა ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა.
კ------- ხ-------–ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 აპრილის განაჩენით, კ------- ხ-------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 3 (სამი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
მიუხედავად აკრძალვისა, 2017 წლის 27 სექტემბერს, ქ------–--–--------------–---–-----------ზე, კ------- ხ-------–ი მართავდა „ტ----------ს მარკის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით „U--------“, რა დროსაც გამოვლენილ იქნა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ.
აქვე უნდა აღინიშნოს იმ ტექნიკური ხარვეზის შესახებ, რომელიც დაშვებულია ბრალდების შესახებ დადგენილებაში, კერძოდ, მითითებულ დადგენილებაში ბრალდების ფორმულირებაში აღნიშნულია, რომ კ------- ხ-------–ის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს განაჩენი გამოტანილია 2017 წლის 4 ივლისს, ხოლო საქმეში არსებული განაჩენის ასლით დგინდება, რომ აღნიშნული განაჩენი გამოტანილია 2017 წლის 4 აპრილს. შესაბამისად, აღნიშნული ცდომილება მიჩნეულ უნდა იქნეს ტექნიკურ ხარვეზად, რაც გავლენას ვერ მოახდენს ბრალდების არსზე და ქმედების კვალიფიკაციაზე.
ე.ი. კ------- ხ-------–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლოს დასკვნა კ------- ხ-------–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ კ------- ხ-------–ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 აპრილის განაჩენს, მოწმეების გამოკითხვის ოქმებს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ კ------- ხ-------–ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ კ------- ხ-------–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ხასიათსა და დამნაშავის პიროვნებას, კანონთან კონფლიქტის სიხშირეს, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:
სასჯელის დანიშვნის დროს აღსანიშნავია, რომ კ------- ხ-------–ს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 აპრილის განაჩენით, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი. ამავე განაჩენით, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები და მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინებით ცვლილება შევიდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 აპრილის განაჩენში და კ------- ხ-------–ის ქმედება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ხოლო სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად. შესაბამისად, ბრალდებულს განსახილველი დანაშაული ჩადენილი აქვს პირობითი მსჯავრის პირობებში, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში (2017 წლის 27 სექტემბერს) და სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის წარსულ ნასამართლობებს, ასევე იმას, რომ მან გამოსაცდელ ვადაში, განაჩენის გამოტანიდან რამდენიმე თვეში ჩაიდინა ახალი დანაშაული, რაც მეტყველებს კ------- ხ-------–ის არაკანონმორჩილებაზე. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მხრიდან დარღვევა არ გამოხატულა მომეტებული საშიშროების მქონე კანონსაწინააღმდეგო ქმედებით და მისი განმარტებით, გამომდინარეობდა სამსახურებრივი საქმიანობიდან (მუშაობდა ავტოსამრეცხაოში), რის გამოც სასამართლოს მის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება საჭიროდ არ მიაჩნია. რაც შეეხება არასაპატიმრო სასჯელებს - ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენება (ბრალდებულის განმარტებით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, უჭირს ფეხით გადაადგილება, რასთან დაკავშირებითაც საჭიროებს ოპერაციას და აპირებს საზღვარგარეთ გამგზავრებას), ამავე მიზეზით მიზანშეწონილი არ არის წინა განაჩენით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დამატება და განაჩენთა ერთობლიობის წესით მისი აღსრულება. მოცემულ პირობებში სასამართლოს ადეკვატურ სასჯელად მიაჩნია ჯარიმის დანიშვნა, რომლის გადახდის საშუალებაც მას აქვს საკუთარი შემოსავლით (არის თვითდასაქმებული), ხოლო ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის წარსულ ნასამართლობებს და საკმარისად არ მიაჩნია ჯარიმის მინიმალური თანხის დაკისრება, რაც გათვალისწინებულია ამ კატეგორიის დანაშაულისათვის (500 ლარის ოდენობით). ამასთან, ჩადენილი დანაშაულისადმი ბრალდებულის დამოკიდებულებისა (აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს) და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, კ------- ხ-------–ის მიმართ საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას სასჯელთა არა შეკრების, არამედ შთანთქმის პრინციპის გამოყენება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კ------- ხ-------–ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ------- ხ-------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს კ------- ხ-------–ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულმა სასჯელმა - ჯარიმამ 1000 (ათასი) ლარის ოდენობით შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ------- ხ-------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი