გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.11.2019
საქმის ნომერი
231210019002993489
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
04.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №231210019002993489 -2/104-19წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

,,04” ნოემბერი, 2019 წელი ქ. ბორჯომი

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლოს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლე - ლუიზა თოდუა

სხდომის მდივანი - სალომე გვარჯალაძე

მოსარჩელე - სს ,,ს----------–---------“

წარმომადგენლი - დ----------------

მოპასუხე - ა--------–-------

მოპასუხე - ა-–-----------------–---–-

მოპასუხე - ი------------–-–---–-

წარმომადგენელი - ნ--------–-----–---–-

დავის საგანი - საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი :

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ა--------–-------ს, ა-–-----------------–---–სა და ი------------–-–---–ს 2015 წლის 29 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს ,,ს----------–---------“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ - 4537.99 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 2702.68 ლარი, პროცენტი - 452.88 ლარი და პირგასამტეხლო - 1382.43 ლარი.

 

1.2. ა--------–-------ს, ა-–-----------------–---–სა და ი------------–-–---–ს სს ,,ს----------–---------“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურში სააპლიკაციო საფასური - 100 ლარი და ყადაღი რეგისტრაციის საფასური - 150 ლარი.

 

1.3. ა--------–-------ს, ა-–-----------------–---–სა და ი------------–-–---–ს სს ,,ს----------–---------“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 149.64 ლარი.

 

1.4. გადაწყვეტილება მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2015 წლის 29 ივლისს, სს ,,ს----------–--------სა“ და ა--------–-------ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N3------, რომლის თანახმადაც ა--------–------ის სასარგებლოდ გაიცა სესხი 8505 (რვა ათას ხუთას ხუთი) ლარის ოდენობით, წლიური 15% სარგებლის დარიცხვით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 36 თვით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0,5%-ის ოდენობით.

 

2015 წლის 29 ივლისის N3------ საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, სს ,,ს----------–--------სა“ და ა-–-----------------–---–ს შორის 2015 წლის 29 ივლისს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება.

 

ასევე 2015 წლის 29 ივლისის N3------ საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, სს ,,ს----------–--------სა“ და ი------------–-–---–ს შორის 2015 წლის 29 ივლისს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება.

 

აღნიშნული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების თანახმად, სოლიდარული თავდები პირის პასუხისმგებლობა განისაზღვრა 17 010 ლარით. სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით, სოლიდარულმა თავდებმა ივალდებულა ბანკის წინაშე ნაკისრი ფულადი ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულება.

 

სს ,,ს----------–---------“-ს მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულები იქნა სრულად - კერძოდ მსესხებელზე გაიცა კრედიტი. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და კონკრეტულ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა კრედიტის დაფარის გრაფიკით გათვალისწინებული ვადების დარღვევა ანუ მსესხებელი სხვადასხვა დროს არღვევდა გრაფიკს, რაც გამოიხატებოდა თანხის გადაუხდელობაში. 2019 წლის 29 იანვრის შემდეგ შეწყდა გადახდები.

 

ა--------–-------ს, ა-–-----------------–---–სა და ი------------–-–---–ს მიუხედავად ზეპირი და წერილობითი გაფრთხილებებისა, საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება არ შეუსრულებიათ სს ,,ს----------–---------“-ს სასარგებოდ. მათ მიერ დარღვეული იქნა გადახდის გრაფიკი, რის გამოც მოპასუხეებს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხებათ პირგასამტეხლო ბანკის სასარგებლოდ.

 

ფულადი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის მოპასუხეებს - ა--------–-------ს, ა-–-----------------–---–სა და ი------------–-–---–ს სს ,,ს----------–---------"-ს სასარგებლოდ ერიცხებათ დავალიანება 4537.99 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა -2702.68 ლარი, პროცენტი - 452.88 ლარი და პირგასამტეხლო - 1382.43 ლარი.

 

მითითებულ დავალიანებაზე სააპლიკაციო განცხადება შეტანილი იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროში გამარტივებული საქმის წარმოების სამსახურში, თუმცა მოპასუხის მხრიდან წარმოდგენილი იქნა პროტესტი. შესაბამისად აპლიკანტს (სს ,,ს----------–---------ს“) უარი ეთქვა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე. სს ,,ს----------–---------"-ს მიერ გადახდილი იქნა სააპლიკაციო საფასური 100 ლარი და ყადაღის რეგისტრაციის საფასური - 150 ლარი, რაც ბანკს არ უბრუნდება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ა--------–-------მ წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ ჰყავს მეუღლე, ოთხი შვილი, მოხუცებული ავადმყოფი მშობლები და გასათხოვარი მამიდა, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოცუალურად დაუცველ ოჯახთა ერთიან ბაზაში და ა--------–------- მათაც ეხმარება. ამის გამო მას ეკონომიურად ძალიან გაუჭირდა და სესხის დაფარვა გრაფიკის მიხედვით სრულად ვერ შეძლო, თუმცა მიუხედავად ამისა, ყოველთვიურად თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, თითქმის ნახევარ თანხას ყოველთვის იხდიდა. საბოლოოდ სასამართლო სხდომაზე ა--------–-------მ არ სცნო სარჩელი და განმარტა, რომ მას ბანკის მიმართ დავალიანება არ აქვს.

 

2.2. მოპასუხე ი------------–-–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და სასამართლო სხდომაზე მისმა წარმომადგენელმა ნ--------–-----–---–მა განმარტა, რომ სესხის გაცემა არ მომხდარა 2015 წელს, ამ დროს მოხდა სესხის რესტრუქტურიზაცია და ამის გამო მოპასუხე ი------------–-–---–- ვალდებული პირი არ არის, რადგან რესტრუქტურიზებული სესხი არ არის არსებითად ახალი სესხი.

 

2.3. მოპასუხე ა-–---------------–---–მა შესაგებელი არ წარმოადგინა და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა, შესაბამისად, სასამართლოსთვის უცნობია მისი პოზიცია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდაო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 29 ივლისს, სს ,,ს----------–--------სა“ და ა--------–-------ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N3------, რომლის თანახმადაც ა--------–------ის სასარგებლოდ გაიცა სესხი 8505 (რვა ათას ხუთას ხუთი) ლარის ოდენობით, წლიური 15% სარგებლის დარიცხვით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 36 თვით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0,5%-ის ოდენობით. კრედიტის მიზნობრიობა - საკრედიტო ვალდებულების რეფინანსირება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის განაცხადი (ს.ფ. 18);

- საკრედიტო ხელშეკრულება, კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 19-21);

- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 22-24).

 

3.1.2. 2015 წლის 29 ივლისის N3------ საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, სს ,,ს----------–--------სა“ და ა-–-----------------–---–ს შორის 2015 წლის 29 ივლისს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. სოლიდარული თავდები პირის პასუხისმგებლობა განისაზღვრა 17 010 ლარით. სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით, სოლიდარულმა თავდებმა ივალდებულა ბანკის წინაშე ნაკისრი ფულადი ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- განაცხადი სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ. 25);

- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 26-32).

 

3.1.3. 2015 წლის 29 ივლისის N3------ საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, სს ,,ს----------–--------სა“ და ი------------–-–---–ს შორის 2015 წლის 29 ივლისს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. სოლიდარული თავდები პირის პასუხისმგებლობა განისაზღვრა 17 010 ლარით. სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით, სოლიდარულმა თავდებმა ივალდებულა ბანკის წინაშე ნაკისრი ფულადი ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- განაცხადი სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ. 33);

- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 34-40).

 

3.1.4. სს ,,ს----------–---------“-ს მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულები იქნა სრულად - კერძოდ მსესხებელზე გაიცა კრედიტი, რომლითაც მოხდა არსებული საკრედიტო ვალდებულების რეფინანსირება. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და კონკრეტულ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ. 41-48);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2.1. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა კრედიტის დაფარის გრაფიკით გათვალისწინებული ვადების დარღვევა ანუ მსესხებელი სხვადასხვა დროს არღვევდა გრაფიკს, რაც გამოიხატებოდა თანხის გადაუხდელობაში. ა--------–-------ს, ა-–-----------------–---–სა და ი------------–-–---–ს მიუხედავად ზეპირი და წერილობითი გაფრთხილებებისა, საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება არ შეუსრულებიათ სს ,,ს----------–---------“-ს სასარგებოდ. მათ მიერ დარღვეული იქნა გადახდის გრაფიკი, რის გამოც მოპასუხეებს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხებოდათ პირგასამტეხლო ბანკის სასარგებლოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გაფრთხილების შეტყობინებები და ფოსტის უკუგზავნილები (ს.ფ. 50-57);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2.2. ფულადი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის მოპასუხეებს - ა--------–-------ს, ა-–-----------------–---–სა და ი------------–-–---–ს სს ,,ს----------–---------"-ს სასარგებლოდ ერიცხებათ დავალიანება 4537.99 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა -2702.68 ლარი, პროცენტი - 452.88 ლარი და პირგასამტეხლო - 1382.43 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 49);

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი (იხ. სხდომის ოქმი).

 

3.2.3. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეთა განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ მათ სს ,,ს----------–---------“-ს მიმართ საკრედიტო დავალიანება არ გააჩნიათ და ასევე ვინაიდან სესხი რესტრუქტურიზაციის და რეფინანსირებისთვისაა გაცემული, თავდები ვალდებულ პირს არ წარმოადგენს ბანკის წინაშე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, კანონმდებელმა ერთის მხრივ განსაზღვრა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტი, ხოლო მეორეს მხრივ დაადგინა მტკიცებულებათა დასაშვებობის კრიტერიუმები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომელთა საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტების არსებობის ვარაუდის შესახებ, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთ ვარაუდს გააქარწყლებენ - დაკისრებული აქვს მოპასუხეს. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე. ფაქტები, რომლებიც ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, უნდა დაამტკიცოს მოპასუხემ, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელე თავისუფალია ამ ფაქტების დამტკიცებისაგან. მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2015 წლის 29 ივლისს, სს ,,ს----------–--------სა“ და მოპასუხე ა--------–-------ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N3------, რომლის უზრუნველსაყოფად სს ,,ს----------–--------სა“ და ი------------–-–---–ს, ასევე სს ,,ს----------–--------სა“ და ა-–-----------------–---–ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. ანგარიშიდან ამონაწერით დადგენილია, რომ ა--------–------ის მიერ ხდებოდა სესხის და პროცენტის დაფარვა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას.

 

შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია სს ,,ს----------–---------“-ს წინაშე ა--------–------ის, ი------------–-–---–-სა და ა-–-----------------–---–-ს მხრიდან საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების არსებობა.

 

სასამართლოს ვერ გაიზიარებს ა--------–------ის მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ განმარტებას, რომ მას კრედიტის ძირი თანხა გადახდილი აქვს და დავალიანება არ გააჩნია ბანკის მიმართ, ვინაიდან ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება სასამართლოსათვის წარმოდგენილი არ არის. მეტიც, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით მხოლოდ სესხის ძირის დაფარვა ვერ ჩაითვლება ვალდებულების შესრულებად.

 

სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, კერძოდ, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

სარჩელზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ ი------------–-–---–მა და ა-–-----------------–---–მა 2015 წლის 29 ივლისს, ნებაყოფლობით მოაწერეს ხელი სოლიდარული თავდებობის შესახებ განცხადებებს და ხელშეკრულებებს, რომლის თანახმადაც, ბანკის მოთხოვნის სრულად და ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად, თავდებად დაუდგნენ ა--------–-------ს. მათი პასუხისმგელობა კი განისაზღვრა 17 010 ლარით.

 

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სოლიდარული პასუხისმგებლობისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია სესხის მიზნობრიობას, გაცემულია იგი რეფინანსირებისთვის თუ არა.

 

ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ი------------–-–---–-ს წარმომადგენლის ნ--------–-----–---–-ს განმარტებას, რომ ვინაიდან სესხი იყო რესტრუქტურიზებული, ი------------–-–---–- ბანკის მიმართ ვალდებულ პირს არ წარმოადგენდს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო თვლის, რომ სს „ს----------–---------“-ს სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-ე, 317-ე, 327-ე, 867-ე, 361-ე, 427-ე, 873-ე, 868-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 411-ე, 412-ე, 414-ე, 301-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მხარეთა შორის სადავო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

ამავე კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს, აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებელს - ა--------–------ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ სულ ცოტა ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის, მაშინ თუ ორ კვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

განსახილველ შემთხვევაში, 2015 წლის 29 ივლისს, ა--------–-------სა და სს ,, ს----------–--------ს“ შორის გაფორმებული იქნა საკრედიტო ხელშეკრულება N3------, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა სესხის სახით. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სს ,,ს----------–---------ს“ მიერ სრულად იქნა შესრულებული საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და ა--------–------ის სასარგებლოდ სესხის ფორმით გაცემული იქნა კრედიტი - 8505 ლარი, 36 თვის ვადით. მოპასუხე ვალდებული იყო აღნიშნული კრედიტი დაეფარა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად, მაგრამ მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა სესხის ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით ნაკისრი ვალდებულებები და მას ბანკის წინაშე ერიცხება დავალიანება. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე დავალიანების ძირითად თანხას წარმოადგენს 2702,68 ლარი, ამდენად ძირითადი თანხის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აწევს მოპასუხე მხარეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში, 2015 წლის 29 ივლისის ხელშეკრულების თანახმად, მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება საპროცენტო სარგებელზე (წლიური 15%-იანი სარგებელი) და არსებული მდგომარეობით საპროცენტო ვალი შეადგენს 452.88 ლარს.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის მოთხოვნის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეს აღნიშნული ხელშეკრულებებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც, პირგასამტეხლო, რომელიც ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.

 

ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას, გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

 

მართალია მოპასუხე მხარემ არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება, გრაფიკით გათვალისწინებული გადახდა არ შეუსრულებია ჯეროვნად, მაგრამ ეს არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას არ წარმოშობს. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო მაღალია და მისი დაკისრება მოვალეებისათვის მეტისმეტად მკაცრი სანქცია იქნება და მხოლოდ მოვალის დასჯისკენ მიმართული ქმედება იქნება.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 1382,43 ლარი, დავალიანების ძირითად თანხასთან - 2702,68 ლარი, შედარებით შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც უნდა შემცირდეს და მოპასუხეებს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროთ 300 ლარის გადახდა.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, კერძოდ, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

მოცემულ შემთხვევაში, სს ''ს----------–--------სა'' და ა--------–-------ს შორის 2015 წლის 29 ივლისს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოხდა სს ''ს----------–--------სა'' და მეორეს მხრივ ი------------–-–---–ს, ასევე სს ,,ს----------–--------სა“ და ა-–-----------------–---–ს შორის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების გაფორმება, რომლის საფუძველზე მოპასუხეებმა - ი------------–-–---–მა და ა-–-----------------–---–მა იკისრეს ვალდებულება მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში კრედიტის ძირითადი თანხის, საკომისიოს, პირგასამტეხლოს, სასამართლოს, აღსრულების და ამგვარი მოთხოვნებიდან გამომდინარე ნებისმიერი სხვა ხარჯის გადახდის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა - 17 010 ლარით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

აღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების შესაბამისად, თავდებებს ძირითად მსესხებელთან ერთად ეკისრებათ სოლიდარული პასუხისმგებლობა 2015 წლის 29 ივლისის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არსებული დავალიანების, კერძოდ, ძირითადი თანხის, დარიცხული საპროცენტო დავალიანების, პირგასამტეხლოს, სასამართლოს, აღსრულების და ამგვარი მოთხოვნებიდან გამომდინარე ნებისმიერი სხვა ხარჯის ოდენობით.

 

6.5. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხი

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელით მოთხოვნილი იქნა მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ მხარეთა შეთანხმებას შეიცავს 2015 წლის 29 ივლისის საბანკო საკრედიტო ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.2. პუნქტი და 2015 წლის 29 ივლისის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.2 პუნქტი, შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს , მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტის თანახმად, ფულადი გადახდევინების შესახებ სარჩელის აღძვრისას, დავის საგნის ფასი განისაზღვრება გადასახდელი თანხით.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის აღძვრისას სს ,,ს----------–---------’’-ს მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი - 149.64 ლარი. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად აღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხეებს: ა--------–-------ს, ი------------–-–---–სა და ა-–-----------------–---–ს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, მოსარჩელე სს ,,ს----------–---------“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯი, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 55.60 ლარის ოდენობით. ასევე სს ,,ს----------–--------ს“ უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 74.82 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები.

 

სს ,,ს----------–---------“-ს მიერ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურში შეტანილი იქნა განცხადება, რა დროსაც გადახდილი იქნა სააპლიკაციო საფასური 100 ლარის ოდენობით და ასევე ყადაღის რეგისტრაციის საფასური 150 ლარის ოდენობით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია აღნიშნული გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები ქვითრების სახით, შესაბამისად, მოპასუხეებს - ა--------–-------ს, ი------------–-–---–სა და ა-–-----------------–---–ს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სს ,,ს----------–---------“-ს მიერ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურში გადახდილი სააპლიკაციო და ყადაღის რეგისტრაციის საფასური - 250 ლარის ოდენობით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მოსარჩელე სს ,,ს----------–---------ს“ სარჩელი მოპასუხეების ა--------–------ის (პ/ნ-1----------), ი------------–-–---–-ს (პ/ნ-2----------) და ა-–-----------------–---–-ს (პ/ნ-0----------) მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. მოპასუხეებს ა--------–-------ს (პ/ნ-1----------), ი------------–-–---–ს (პ/ნ-2----------) და ა-–-----------------–---–ს (პ/ნ-0----------) სოლიდარულად მოსარჩელე სს ,,ს----------–---------ს“ (ს/ნ-2--------) სასარგებლოდ დაეკისროთ 3 455,56 ლარი, საიდანაც სესხი ძირი თანხაა - 2702,68 ლარი, პროცენტი 452.88 ლარი, პირგასამტეხლო 300 ლარი.

 

3. მოპასუხე ა--------–-------ს (პ/ნ-1----------), ი------------–-–---–ს (პ/ნ-2----------) და ა-–-----------------–---–ს (პ/ნ-0----------) სოლიდარულად მოსარჩელე სს ,,ს----------–---------ს“ (ს/ნ-2--------) სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი სააპლიკაციო და ყადაღის საფასურის სანაცვლოდ დაეკისროთ 250 ლარი.

 

4. მოპასუხე ა--------–-------ს (პ/ნ-1----------), ი------------–-–---–ს (პ/ნ-2----------) და ა-–-----------------–---–ს (პ/ნ-0----------) სოლიდარულად მოსარჩელე სს ,,ს----------–---------ს“ (ს/ნ-2--------) სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ დაეკისროს 55,60 ლარი.

 

5. მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით ზედმეტად გადახდილი თანხა 74.82 ლარი (საგადასახადო დავალება - 1--, რეფერენსი - 1--------, გადახდის თარიღი - 1---------წ.)

 

6. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის ქ. 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მომდევნო პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს ბორჯომის მაგისტრატი მოსამართლის აპარატის მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უარდეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლუიზა თოდუა